ეკა თხილავა ესე

ელეონორას წვიმები

, , ,

„და ისე სწრაფად დაეშვა წვიმა,
თითქოს ღრუბლებზე ფეხი დაუსხლტა“.
თამაზ ჭილაძე
„სუნი საზოგადოდ მდედრის“

რა უცნაური რამეა წვიმა – ცის სუნით სავსე.

ცაც უცნაური რამეა – არის და არც არის თითქოს.

ვხედავთ და ვერც ვხედავთ კონკრეტულსა და აბსტრაქტულს შორის გადაჭედილს.

მაგრამ როგორც კი კითხვის ქვეშ დგება მისი ყოფნა-არყოფნა, წვიმის წყლით გვაფხიზლებს მყისიერად.

ბავშვობიდან ასე გვაფრთხილებდნენ – შორს არისო ცა; ან სულაც – არ არისო; მოლანდება და მირაჟიაო.

თითქოს წასვლას ვაპირებდით იქ. ან ფრენა შეგვეძლო, რომ გავპარულიყავით შინიდან.

მაინც ჯიუტად გვაფრთხილებდნენ, რომ გაენელებინათ ქვეცნობიერში შეფუთული ფარული სწრაფვა საბჭოთა პრაგმატულობაშემოძალებულ ბავშვებში.

თითქოს რაღაცას აშავებდა ცა.

და მასზე ფიქრიც იყო რაღაც სახიფათო. არასაბჭოური.

არადა, რას უზამ ფიქრს?

მაინც „მოდიოდა“ ჩვენამდე –

ისეთი ახლობელი ხდებოდა; ახლობელი და მშობლიური –  წვიმით და წვიმად ჩვენამდე ჩამოღწეული, თან რომ ჩამოჰქონდა რაღაც შორეული. ზეციური. არადედამიწური. დიდი. სახიფათო.

ასე აფერადებდა ბავშვის განაცრისფერებულ ყოფას მაშინ წვიმა.

მერე გავიზარდეთ და დაპატარავდა ცაც. უფრო მოგვიახლოვდა და ქალის სურნელიც მოჰყვა წვიმას. მიწასაც.

ქალშიც განსხეულდა და  გამომხმარ ან წყლისგან გაჟღენთილ ბელტებშიც. წვეთებად გადაიარა მდედრისა და მიწის ფენებში.

ცის ნაწილად იქცა ქალი… სხვათა შორის, საბჭოთა ქალიც (რა იცის წვიმამ პარტიული კუთვნილება ან რეჟიმი?)

მასაც ის სუნი აუვიდა – „სუნი საზოგადოდ მდედრის“.

და წვიმისგან შეიკრა სამკუთხედი – მიწა, ქალი და ცა.

რჩეულ ქალებში ოქროს წვიმაც ეცემა – ნახევრადღმერთებად რომ იქცევიან და ახალ დედამიწას ქმნიან; ახალ და უცნაურ სამკუთხედებს.

ერთხელაც, შორეულ და ასე ახლობელ 1858 წლის 3 ოქტომბერს იტალიაში, სარდინიის სამეფოში დაშვებულა ოქროს წვიმა და „ღვთაებრივი“ ელეონორა დუზე დაბადებულა.

მეტსახელიც  მის ოქროს წვიმიანობაში დაბადებას მიანიშნებდა, ალბათ, და მასაც ის სურნელი ასდიოდა უთუოდ – „სუნი, საზოგადოდ მდედრის, სუნი საზოგადოდ ქალის“.

ასე იქცა ელეონორა დუზე იტალიის უეცარ, მოულოდნელ და უსაშველო ბედნიერებად, რომელიც თავადაც ოქროს წვიმად გარდაისახა სამუდამოდ…

უკანასკნელი წვიმა

პიტსბურგში საშინლად წვიმდა იმ დღეს. საბედისწეროდ. საიდანღაც, გაუფრთხილებლად „ჩამოიზიდა“ გაზაფხულის ციდან.

აპრილის თვისთვის უცნაურად ციოდა კიდეც.

მძღოლმა წარმოდგენამდე დიდი ხნით ადრე მიიყვანა ქალი  შეცდომით თეატრში.

გაუსაძლის წვიმაში მარტო დარჩენილი ელეონორა დუზე – დიდი არტისტი, თეატრის დაკეტილი კარის წინ იდგა დიდხანს. გაწუწული. სველი. აწურული.

უცნაური და საბედისწერო განწყობა იყო – იტალიიდან შორს, ამერიკაში, გასტროლებზე ჩასული დუზე თეატრის დახურულ კართან…

თითქოს გაწირეს. გაიმეტეს. არ შეიფარა თეატრმა უკანასკნელ წამს. მანაც მიატოვა, როგორც ყველამ ყოველთვის – ყველა დროს.

იმ დღის გადმოსახედიდან სპექტაკლსაც სულისშემძვრელად ერქვა – „დახურული კარი“…

ყველაფერი საბედისწეროდ ემთხვეოდა თითქოს ერთმანეთს.

მაინც ითამაშა ნირწამხდარმა და ძალაგამოცლილმა ქალმა ბოლომდე.

მაშინ ყველაზე მძაფრად ასდიოდა წვიმისა და ცის სურნელი; სიკვდილისაც და მიწისაც.

გაუძლო!

აბა, რის ელეონორა დუზე იყო?

ბოლო სცენაში შესძახა კიდეც – „მარტო, მარტო!“- და ფარდაც დაეშვა…

მარტოობაც მისი თანმდევი იყო მთელი სიცოცხლე და უკანასკნელი სიტყვებიც ეს აღმოჩნდა სცენაზე.

მიხვდა, რომ ოქროს წვიმა იმის დასაბრუნებლად მოვიდა, რაც 65 წლით ადრე მისცა – სიცოცხლის.

მეორე დღეს პნევმონია დაუდგინდა.

არც იყო გასაკვირი. მუდამ სუსტი ფილტვები ჰქონდა დუზეს. დედისგან გენეტიკურად ერგო.

1924 წლის 21 აპრილს გარდაიცვალა.

უკვე აღარც წვიმდა.

თითქოს სიცოცხლე იქ დაასრულა – თეატრის კართან ატუზულმა. წვიმისგან გაბჯენილმა.

უკანასკნელად მხოლოდ ორიოდ სიტყვა ამოუთქვამს – „წასვლის დროა“!

***

 „როცა წვიმს, მუდამ რაღაც გახსენდებაო“ – რიუ მურაკამი წერდა.

ნეტა, რას იგონებდა უკანასკნელი წვიმისას ელეონორა დუზე თავისი საყვარელი იტალიიდან შორს?

ვინ აგონდებოდა ოქროს წვიმასა და თეატრს შორის გაჩხირულს?

ვინ ედარდებოდა?

იქნებ, ერთადერთი ქალიშვილი?

იქნებ, ჭლექისგან შეჭმული დედა?

ან, იქნებ, ის საბედისწერო მექალთანე, პოეტი დ’ანუნციო, მისი ცხოვრების ყველაზე დიდ წვიმად რომ იქცა!

ვინ იცის!

ცხადი ერთია, დ’ანუნციომ გულით დაიტირა თავისი დიდი სიყვარული ბოლოს.

ელოდა, როდის „დაბრუნდებოდა“ იტალიაში მისი ღვთაებრივი ელეონორა ამერიკიდან.

სამკვირიანი ლოდინი გაუსაძლისად გაიჭიმა.

ამერიკამ ღირსეულად დაიტირა მსოფლიო ლეგენდა – ვარდებითა და შროშანებით იყო სავსე ნიუ-იორკის წმინდა ვინსენტ ფერერის დომინიკურ ეკლესია. ათასობით ამერიკელი და იტალიელი ემიგრანტი მიაწყდა ოთხდღიან პანაშვიდს; უზარმაზარი რიგების გასაკონტროლებლად სპეციალური საშვებიც კი დაუშვა მთავრობამ. უამრავ გვირგვინთა შორის ორი გამოირჩეოდა თურმე – იტალიის მეფის, ვიქტორ ემანუელ III-ისა და ბენიტო მუსოლინის;

წარწერაც ჰქონია მუსოლინის გვირგვინს – „იტალიის პირველ ქალიშვილს“…

თუმცა, რატომ მხოლოდ იტალიის? დუზე მსოფლიოს ნაწილი იყო უპირველესად.

1 მაისს ლაინერი „დუილიო“, ელეონორა დუზეს ცხედრით, ამერიკისკენ დაიძრა.

ხალხი უხმოდ დახვდა არტისტს იტალიაში.

შემაძრწუნებელი სიჩუმე იდგა ყველგან.

ეს მეტი იყო, ვიდრე მხურვალე ტაში და ოვაცია.

მატარებლით მოატარეს სხვადასხვა მხარე.

დ’ანუნციო მგლოვიარეთა შორის იდგა; როგორც იქნა, უერთგულა. აღარავისზე გაცვალა.

უკანასკნელი წირვა რომში გაიმართა – რესპუბლიკის მოედანზე – სანტა მარია დელი ანჯელის და დეი მარტირის ცნობილ ბაზილიკაში.

იცოდა დუზემ… გრძნობდა, რომ ოქროს წვიმასთან დაბრუნების დრო ახლოვდებოდა…

იცოდა და ამიტომ დაიბარა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, აზოლოში დაეკრძალათ – სანტ’ანას პატარა სასაფლაოზე… „ასი ჰორიზონტის ქალაქში“!

უყვარდა თავადაც ჰორიზონტები დუზეს; ადგილი, საიდანაც უცნაური ცისარტყელები ჩნდება მუდამ ცაზე წვიმების შემდეგ…

1924 წლის 12 მაისს დასრულდა ელეონორას ამბავი დედამიწაზე –

უცნაური ამბავი დიდ ქალსა და უდიდეს არტისტზე!

ბავშვობის წვიმები

ჩეხოვი წერდა – ბავშვობაში ბავშვობა არ მქონდაო.

სულ სხვანი არიან ბავშვობაგამოტოვებული ადამიანები – უფრო მარტოსულები, გულადებიც, გულჩათხრობილები, პირად ცხოვრებაშიც მარადიული ტანჯვისთვის განწირულები.

დიდობაწამოწეულებს უჭირთ ტვირთის თრევა  ბავშვობისას.

ჭიანჭველებს ჰგვანან, 50-ჯერ დიდი ტვირთი რომ უნდა ზიდონ მუდამ.

ამ „თრევაში“  იბადება მათი საერთო ქცევა, ხასიათი, მრწამსი.

გაზრდილებს  გამოტოვებული და გასავლელი დრო აწამებთ.

მუდამ ეჩქარებათ. მუდამ ეშინიათ, არ დააგვიანონ. არ გამორჩეთ. არ ჩამორჩნენ.

ელეონორა დუზესაც ეშინოდა.

მისი ბავშვობის წვიმები არ იყო იოლი.

დაბადების „ოქროს წვიმა“ ლომბარდიის ქალაქ ვიგევანოს მოკრძალებულ სასტუმროში – „ოქროს ქვემეხში“ წამოეწია.

სიმბოლოები უცნაურად სდევდა ელას ცხოვრებას თან.

არც „ოქროს ქვემეხი“ იყო გამონაკლისი –

გოგოს მომავალსაც წინასწარმეტყველებდა და ქვემეხივით შორს გავარდნილ მის სახელსაც.

ოქროს წვიმის სინონიმადაც იქცა თითქოს.

ყველა ტვირთი  უცნაური სიდარბაისლით ზიდა ბავშვობიდანვე.

ელას მამა კი – ალექსანდრო ვინჩენცო დუზე – ვერ აღმოჩნდა შვილივით კარგი „მზიდავი“ – ვერ „აწია“ თავისი მამის – სომხური წარმოშობის  უნიჭიერესი არტისტის – გარიბალდის თეატრის დამფუძნებლის – ლუიჯი დუზეს (დუზიანი) სახელი;

მაგრამ ვერც მის კვალს შეელია – თავისი პატარა და ღარიბი დასით დღენიადაგ მოგზაურობდა  მთელ იტალიაში. მეუღლეც – გლეხური წარმოშობის ანჟელიკა კაპელეტოც თან ახლდა მუდამ.

არც ქალი გამოირჩეოდა დიდად სამსახიობო ტალანტით – დაქორწინების შემდეგღა აღმოჩნდა სცენაზე.

უჭირდათ.

შიოდათ.

სწყუროდათ.

შემთხვევითი ფიზიკური სამუშაოებითაც ირჩენდნენ თავს.

არ აღმოჩნდა ანჟელიკა ასეთი სიღატაკისთვის მზად – ჭლექით დაავადდა.

საავადმყოფოებსა და იაფფასიან პანსიონებს აფარებდა თავს.

ნესტმა, ცივმა ღამეებმა და სტრესმა გამოჭამა მისი სხეული.

ელაც უდედოდ იზრდებოდა კულისებში, ფაქტობრივად. მუდამ შიოდა თან. სპექტაკლებისას, ნავთის დასაზოგად, ჩაბნელებულ ოთახში ტოვებდნენ მარტო. იმ დროიდან სიცოცხლის ბოლომდე ეშინოდა სიბნელის, მარტოობისა და ვირთხების.

4 წლისას პირველი როლიც მისცა მამამ – ვიქტორ ჰიუგოს „საბრალონში“ კოზეტას როლი შეასრულა. უზომოდ გამხდარი და ფერმკრთალი ზედგამოჭრილი იყო სპექტაკლისთვის. წარმოდგენის წინ კოზეტასთან მსგავსებისთვის კიდევ უფრო აშიმშილებდნენ. წვივებსაც უჩქმეტდნენ როლში ასატირებლად.  მაშინ მიხვდა  პატარა ელა სწორედ, რომ თეატრისთვის წამება და ნამდვილი გრძნობებით განცდაა საჭირო.

მიხვდა, მაგრამ ისიც იგრძნო, რომ მაზოხისტური განცდით ეძახდა თეატრიც და ლუიჯი დუზეს სისხლიც!

მაწანწალურმა ცხოვრებამ სკოლისკენაც მოუჭრა გზები გოგოს. სულ სამიოდ კლასის განათლებაღა მოახერხა. დანარჩენი ცხოვრებამ ასწავლა. ის სამი კლასიც ხან სად და ხან სად დადიოდა.  ბოშასაც ამიტომ ეძახდნენ კლასელები. არ იღებდნენ. წარმოდგენა არ ჰქონდათ, ვის ჰკრავდნენ ხელს.

ამასობაში   სხვა როლებიც „წამოეწია“; 12 წლისამ ავადმყოფი დედა ჩაანაცვლა ყველა სპექტაკლში. გადაიქანცა. მერე იგონებდა – თითქოს სხვა დადიოდა ჩემი ფეხებითო.

მის ბავშვურ ფეხებს მართლა უნდა გასჭირვებოდა ასეთი ტვირთი.

უძლებდა.

ემოციების მართვაც ისწავლა; ერთი წლის შემდეგ, ვერონაში, შუა სპექტაკლისას მიუტანეს დედის გარდაცვალების დეპეშა. მაშინაც გაუძლო – ცრემლების გარეშე დაასრულა სპექტაკლი. მერე იტირა დიდხანს და ბავშვურად.

იმ დღიდან ახალი ელა დაიბადა – ობოლი გოგო, რომელიც სიმინდის პურით იკლავდა შიმშილს.

არასდროს ყოფილა განსაკუთრებით ლამაზი, მაგრამ არნახული თვალები ჰქონდა – დიდი, ტრაგიკული და მეტყველი. შავი კულულებიც გამოარჩევდა ბევრისგან.

14 წლისამ ჯულიეტას როლი შეასრულა ვერონას არენაზე და პირველად აალაპარაკა იტალია ფერმკრთალ გოგონაზე, რომელიც არასდროს იყენებდა მაკიაჟსა და გრიმს. დაუჯერებლად ბუნებრივი იყო როლში. 

თუმცა, ბოლომდე მაინც ვერავინ აცნობიერებდა მაშინ, რომ მათ თვალწინ დიდებული ელეონორა დუზე იბადებოდა.

მამის დასის დაშლის შემდეგ ვენეციელ მსახიობთან – ლუიჯი პეძანისთან აღმოჩნდა.

კიდევ უფრო რთული დრო დაუდგა;

წელში გასატეხი.

სიდუხჭირეს ისიც დაერთო, რომ არც მისი არტისტული ტალანტის სჯეროდათ; ხშირად უყვიროდა ლუიჯი – „შენგან მსახიობი არასდროს დადგება“!

ამასაც გაუძლო ელამ.

ყველა წვიმა გადაიარა და მაინც გამოადარებინა თავის ცხოვრებას – იმ უხიაგი ლუიჯი პეძანის დამ  –  ჯაჩინტამ დაინახა გოგოს ნიჭი და თავის დასში აიყვანა; აიყვანა და სასწაულიც მოხდა – გაზეთები ყოველდღე წერდნენ უნიჭიერეს ელეონორა დუზეზე; წერდნენ, რომ არასდროს ენახათ ასეთი სათუთი ოფელია, ასეთი სევდიანი დეზდემონა, ასეთი ტრაგიკული ტერეზა რაკენი…

ასე დაიბადა ობოლი ელასგან დიდი ელეონორა დუზე!

და ასე დაიწყო გზა ახალი ოქროს წვიმებისაკენ!

წვიმა – სახელად სარა

„ჩვენს სამყაროში მართალი ისაა, ვინც გადარჩება“ – ასე ფიქრობდა ჩარლზ ბუკოვსკი.

მე-19 საუკუნეს ბევრი „გადარჩენილი“ ჰყავდა“ – მძიმე და გაუსაძლისი მეოცე საუკუნისთვის ემზადებოდა სამყარო თითქოს…

გადარჩენილები მართლები იყვნენ – მართლები ღვთისა და კაცის წინაშე.

ელეონორა დუზეც გადაურჩა სამყაროს. ისიც მართალი აღმოჩნდა.

მაგრამ მაინც ბოლომდე კლავდა კიდევ ერთი „გადარჩენილის“ – სარა ბერნარის სახელ-გვარი.

არც სარა ჩამორჩებოდა.

14 წლით უფროსი ფრანგი ქალი ფრთხილად და შეპარვით უთვალთვალებდა მისგან სრულიად განსხვავებულ არტისტს;  იტალიელის ნაოჭებიც აკვირვებდა და ჭაღარა თმებიც… აღიზიანებდა კიდეც.

ელეონორამ ტურინში ნახა პირველად სარა ბერნარი სცენაზე – „ქალი კამელიებით“ ჩამოიტანეს ფრანგებმა. ვერ დამალა აღფრთოვანება ქალმა; ცახცახებდა. ხმადაბლა და დაჟინებით იმეორებდა – „აი, ვინ დააჩოქებს ბრბოს ხელოვნების წინაშე“.

იგრძნო, რა უსაშველოდ დიდი იყო სარა. მიუწვდომელიც.

ბერნარმაც შეამჩნია აკანკალებული იტალიელი პარტერის წინა რიგებში. მერე იგონებდა, „ტიპური იტალიელი იყო აბურდული შავი თმით; უბრალო, მაგრამ გასაოცრად მეტყველი სახით“.

იმ წამიდან დაიწყო ფარული კონკურენცია;

აღფრთოვანება;

თეთრი თუ შავი შური.

სარამაც იხილა ელეონორა საფრანგეთში იმავე სპექტაკლში – „ქალი კამელიებით“. ვერც მან შეიკავა თავი აღფრთოვანებულმა – „ბრავო!“ – ხმამაღალი შეძახილი გაისმა არტისტის ლოჟიდან. ისიც ცახცახებდა. ისიც ვერ ფარავდა ემოციებს.

განსხვავდებოდა ელეონორა სარასგან – პაუზებით საუბრობდა. ხმადაბლა. მაგრამ მთელ თეატრს კვეთდა მაინც მისი ხმა. ბოლო იარუსამდე აღწევდა. ხელებიც გასაოცარი ჰქონდა – თითქოს პატრონზე მეტნი იყვნენ – ცალკე არტისტები.  ისე თამაშობდა ჯულიეტას ჭაღარათმიანიც, ყველას ავიწყდებოდა მისი ასაკი. ვერავინ ამჩნევდა მის ნაოჭებსაც.

ორივემ იცოდა ერთმანეთის ფასი; მაგრამ სარას მაინც სურვილი კლავდა, ყოფილიყო ელეონორასავით დიდი და ელეონორა ოცნებობდა, ყოფილიყო სარასავით უსასრულო!

მერე წერდნენ კრიტიკოსები – „სარა დიდებულია, მაგრამ ის მუდამ საკუთარი თავით ტკბება. ელეონორა ნაკლებად შთამბეჭდავია, მაგრამ მისი პერსონაჟები ყოველთვის განსხვავებულია“.

ფრანგული შარმი და იტალიური ეშხი აღმოჩნდა იმ ეპოქის თეატრის ორი მთავარი სვეტი;

სვეტი თუ – ნიშანი.

ორივე ერთმანეთის მიყოლებით წავიდა დედამიწიდანაც –

სარა – 1923 წელს!

ელეონორა – 1924-ში.

და დასრულდა დიდი ეპოქა სამყაროში; სამყარო – სახელად სარა ბერნარი და ელეონორა დუზე!

თეატრის ორი საბედისწერო ქალი! ოქროს წვიმების ორი ბინადარი!

წვიმების სეზონი

30 წლისა უკვე მსოფლიოში ცნობილ არტისტად ითვლებოდა ელეონორა დუზე.

როლი როლს ენაცვლებოდა. სცენა – სცენას; სპექტაკლი – სპექტაკლს. მარგარიტა გოტიე – ადრიანა ლეკუვრერს; ჯულიეტა – კლეოპატრას; ნორა – რებეკას; ჰედა გაბლერი – მაგდას…

ელეონორა არასდროს იყო ერთფეროვანი – მუდამ სხვადასხვა. მუდამ ემოციებით დაზვინული. მუდამ ახალი. ნამდვილი. ზუსტი.

მაყურებელი ვერასდროს რჩებოდა გულგრილი.

ტურნეებით მთელმა მსოფლიომაც გაიცნო.

შორეულ და საბედისწერო ამერიკაში, სადაც უნდა აღსრულებულიყო კიდეც წლების მერე, პირველად 1893 წელს აღმოჩნდა. დააფრთხო ცივმა და ვეება ქვეყანამ მზიანი იტალიის მერე. არც ნიუ-იორკი აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც ელოდა; იგონებდა – „უზარმაზარი ქალაქი, სავსე ეტლებით, მაღაზიებით, გულის გამაწვრილებელი რეკლამებით. არც ერთი ღიმილიანი ცოცხალი არსება ირგვლივ (ეტყობა, ჯერ კიდევ არ არსებობდა ცნობილი „ამერიკული ღიმილი“; ალბათ, ამიტომაც აქციეს მერე ღიმილი „ბრენდად“); არაფერი, რაც თვალს ან სულს დაამშვიდებს“.

ვერ გაუძლო; ფაქტობრივად, გამოიქცა უკან.

ევროპა იყო მისი სახლი.

„ყვითელი ეშმაკის ქალაქის“ მერე იქ პოვა შვება.

საფრანგეთი უყვარდა განსაკუთრებით – თეატრის მექა.

იქ რთული იყო და შესაბამისად, ყველაზე სასიამოვნოდ დასაძლევიც.

მოხდა ასეთი ფაქტიც – პარიზში სცენაზე გასულმა შეამჩნია, რომ მაყურებელი იცინოდა და საუბრობდა. თითქოს ვერც შეამჩნიეს ქალი. ელეონორა უსიტყვოდ გაბრუნდა სცენიდან და მხოლოდ მაშინ დაბრუნდა, როდესაც გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოვარდა დარბაზში.

მსოფლიო თეატრის დედაქალაქი უცნაურად შერცხვა იმ დღეს, თუმცა აღიარა დიდი არტისტი.

ბერლინშიც ნახევარსაათიანი ოვაციებით გააცილეს სცენიდან; ასეთი არაფერი ახსოვდა ლესინგის თეატრს.

ელეონორა დუზეს ფეხებთან აღმოჩნდა ლონდონიც; ახალგაზრდა ჯეიმს ჯოისი ამაოდ ცდილობდა, თურმე, პირადად გამოეხატა თავისი აღფრთოვანება. არ მიიღო ქალმა თავის საგრიმიოროში მხოლოდ ერთი მიზეზით – „ხელოვნების ტაძარი წმინდა უნდა იყოს“.

კაცმა არ იცის, ჯოისი რით დაარღვევდა მის „სიწმინდეს“, მაგრამ დუზე ყველას არიდებდა თავს. არ უყვარდა არც ზედმეტი კომპლიმენტები და სპექტაკლის მერეც ისე იყო „გამოწურული“, არავის ნახვა და მოსმენა აღარ სურდა.

ბოლომდე იწვოდა.

ბოლომდე ნადგურდებოდა.

ბოლომდე იცლებოდა ვნებებისგან.

სამაგიეროდ, ჯოისივით, თავადაც შეეძლო, საათობით ეწვალა, რომ საყვარელი ადამიანი ეხილა. იბსენი უყვარდა განსაკუთრებით. ან კი რა გასაკვირი იყო? იბსენზეც იდგა მისი უსაშველო წარმატება სწორედ. ამიტომაც სურდა, მადლობა ეთქვა. ოსლოში გასტროლებზე ჩასული საათზე დიდხანს იდგა ყინვაში დრამატურგის სახლის წინ.

არც ის მიიღეს. თითქოს სამაგიეროს უხდიდა ბედისწერა თავისი მკაცრი, უკარება ხასიათის გამო.

არადა, იბსენი ავად იყო. არავის ნახვა სურდა. მალე გარდაიცვალა კიდეც. ამიტომ ერთმანეთს ვეღარასდროს შეხვდნენ;

ვერ ასრულდა ელეონორას ოცნება.

სამაგიეროდ, ტაშს უკრავდნენ მეფეები და პრეზიდენტები.

საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის მე-7 პრეზიდენტსაც –  ფრანსუა-ფელიქს ფორესაც დაუხრია თავი მის წინაშე.

აღფრთოვანებულა არტისტით. არადა, უდიდესი ფრანგი მსახიობებით განებივრებულს აღარც ეგონა, ალბათ, თუ ვინმე კიდევ გააკვირვებდა.

დუზემ მაინც მოახერხა. გააოცა ისიც – ბოდიშიც მოიხადა კეკლუცად  ქალმა მაყურებლის წინაშე უცხო ენაზე საუბრის გამო.

ფორემ იქით გაიოცა, თურმე – „როგორ, ქალბატონო? თქვენ ფრანგულად არ საუბრობდით“?

იქნებ, არც ტყუოდა ფორე;

ელეონორა იმდენად მეტყველი იყო, იტალიური ენაც ყველასთვის გასაგები ხდებოდა მართლა; გასაგები და მშობლიური. მშობლიური და ახლო.

ქართველთაგან კოტე მარჯანიშვილს უნახავს ცოცხლად, თურმე, სცენაზე დიდი არტისტი.

„მე ერთი მილიონთაგანი ვარ, რომელნიც სამუდამოდ მასზე შეყვარებულები დარჩნენო“ – წერდა. იგონებდა, როგორ შეძრა არტისტის პირველმა ხილვამ მილანში. მერე ორჯერ პარიზში გადაიკვეთა მათი გზები და ერთხელაც – რუსეთში. ყოველი „გადაკვეთა“ პირველ სიყვარულთან შეხვედრის დარი ყოფილა.

„მთელი ტანით მეტყველებდა დუზე“ – დიდი კოტე მარჯანიშვილი ხედავდა ასე.

და ასე ზუსტად არც არავის უთქვამს – ტანით მეტყველი არტისტი იყო უპირველესად ელეონორა – მარტოსული ქალი, რომლისთვისაც სახლი და თეატრი იქცა ორ მთავარ თავშესაფრად. დაღლილი ხან ერთს აფარებდა თავს, ხან – მეორეს.

დაბადებიდან დაუსრულებელი ხეტიალისაგან გადაქანცული ხშირად ოცნებობდა ალპებში, მშვიდ გარემოში საყვარელ ადამიანთან ერთად პატარა და მყუდრო სახლში დასახლებაზე.

ასეთი ადამიანი არა და არ გამოჩნდა!

ყველა წავიდა!

ყველამ მიატოვა.

თითქოს მარადიული მარტოობისთვის იყო დაბადებული.

ისე ტანჯავდა ეს გრძნობა, როგორც შორეულ ბავშვობაში, როცა სიცივისა და შიშისგან აკანკალებული ბნელ ოთახში ელოდა თეატრიდან დაბრუნებულ ავადმყოფ დედას.

იმ დედას, პირველი რომ გაქრა მისი ცხოვრებიდან და კიდევ უფრო დაამძიმა ელეონორას წვიმების სეზონი!

სიყვარულის წვიმები

„მიყვარდა, როგორც დიკენსის გმირებს“.

გალაკტიონი

ელეონორა დუზესაც დიკენსის გმირებივით უყვარდა.

დიდ ადამიანებს სჩვევიათ ასე – ბოლომდე და გაგიჟებით სიყვარული.

ბოლოს ნებდებიან მაინც. მარცხდებიან.

ელეონორა ამითაც განსხვავდებოდა სარა ბერნარისგან;

ფრანგ არტისტს არასდროს უყვარდა გულით – გონი იყო უპირველესი.

დუზეს – პირიქით.

ამიტომ მარცხდებოდა მუდამ.

23 წლისა დაქორწინდა არც თუ ისე ცნობილ არტისტზე – ტებალდო მარკეტიზე – იგივე კეკიზე.

ჩეზარე როსის თეატრალურ დასში მუშაობისას შეხვდნენ ერთმანეთს.

რამდენიმე წელიწადი იყვნენ ერთად.

ქალიშვილიც შეეძინათ – ენრიკეტა.

სამხრეთ ამერიკაში გასტროლებისას ყველაფერი დასრულდა.

ელეონორა გაიქცა, ფაქტობრივად; სხვა არჩევანი არც ჰქონდა – ერთ მხარეს იდგა ლამის ტირანი ქმარი  და მეორე მხარეს – თეატრი და თავისუფლება. არჩევანი თეატრს ერგო. ტრავმა მთელი სიცოცხლე გაჰყვა. შიშიც – რომ ქორწინება ბორკილია.

ამოისუნთქა.

საკუთარი თეატრალური დასიც შექმნა 1886 წელს; უკვე სხვა წვიმების სეზონების დრო იდგა.

ახალ სეზონებს ახალი სიყვარულიც მოჰყვა – იტალიელი პოეტი და კომპოზიტორი, ვერდის მეგობარი და მისი ოპერების ლიბრეტოების ავტორი – არიგო ბოიტო.

პირველი შეხვედრა 1884 წლის 14 მაისს შედგა მილანის ერთ-ერთ რესტორანში; ბოიტო ლამის შეიშალა  დუზეს თამაშით.

36 საათში პირველი წერილიც მისწერა –

„სინიორა, თქვენ წახვედით და ძაფი გაწყდა…“

იმ დღიდან ასობით წერილი დაიწერა – ტკივილიანი და ვნებიანი. საქმიანი და ემოციებით სავსე. 700-ზე მეტმა კონვერტმა მოაღწია ჩვენამდე.

არც ძაფი ჩაწყდა მათ შორის ბოლომდე არასდროს;  ბოიტოს გარდაცვალებამდე – 1918 წლამდე გაგრძელდა.

„წმინდანს“ ეძახდა ქალი; არც იყო გასაკვირი –

ერთადერთი აღმოჩნდა არიგო, მასზე რომ ზრუნავდა, ფიქრობდა, იბრძოდა. მარტო არ ტოვებდა. უყვარდა.

ელეონორასთვის საბედისწერო აღმოჩნდა შეხვედრა; ქალი ნამდვილ პიგმალიონად იქცა – კლასიკის წაკითხვასა და უცხო ენების შესწავლას აიძულებდა მას ბოიტო. ისიც დაჰყვა. მიჰყვა. აენთო. ისწავლა. იწვალა. შეიცვალა. გემოვნებაც დაეხვეწა.

თუმცა,   ცეცხლზე გადიოდა მათი ურთიერთობა მუდამ – წლების მანძილზე (1884-1898) უახლოვდებოდნენ და შორდებოდნენ ერთმანეთს;

არიგოსთან ერთად შეიცვალა წვიმების სეზონი – ახალი სპექტაკლები; ახალი თარგმანები სპეციალურად ელეონორასთვის; ახალი მწვერვალები.

ბოიტო თავშეკავებული და რაციონალური კაცი იყო. დუზე – მგზნებარე და ემოციური; ვერ უძლებდნენ ხშირად და დიდი ხნით ერთმანეთს. მაგრამ უერთმანეთობაც არ შეეძლოთ. ბოიტო თეატრისთვის თავის დანებებასაც სთხოვდა ელეონორას. ეჭვიანობდა სცენაზე, სადაც მუდამ პირველი იყო დუზე – კაცზე ბევრად მეტი!

წარმოუდგენელი ამბავია.

შეუძლებელი.

თეატრზე მეტად მხოლოდ ერთხელ უყვარდა დუზეს. ერთადერთხელ და მისი სახელი გაბრიელე დ’ანუნციო  იყო;

ელეონორა 24 წელს ითვლიდა მასთან პირველი შეხვედრისას; გაბრიელე – 19-ს.

ქალს მსოფლიო იცნობდა უკვე. დ’ანუნციოს წინ ჰქონდა ყველაფერი.

პათოლოგიური იყო ურთიერთობა.

დაძაბული.

სიგიჟის ზღვრამდეც მივიდა არაერთხელ ელეონორა. მარადიულმა ღალატმა გამოცალა. დაღალა. დატანჯა. მაინც ვერ ელეოდა; კვლავ ერთად დგამდნენ გაბრიელეს დრამებს: „გაზაფხულის დილის სიზმარი“, „ჯოკონდა“, „ფრანჩესკა და რიმინი“, „მკვდარი ქალაქი“ და „იორიოს ასული“.  ელეონორა აფინანსებდა უმეტესწილად სპექტაკლებს.

დ’ანუნციო არავის ჰგავდა – ფუფუნება უყვარდა. ათ ჩემოდანს დაათრევდა ყოველი მოგზაურობისას. დღეში სამჯერ მაინც იცვლიდა პერანგებს. ფერადი ჰალსტუხებითა და ტყავის ხელთათმანებით ცნობდნენ ყველგან.

დაბალი და უშნო იყო; ქალებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა მაინც. არაერთხელ მოხვდა დუელშიც, მაგრამ არასდროს ეკარებოდა ტყვია. ბედი მხოლოდ ქალებში არ სწყალობდა.

ელეონორა რიგითი მსხვერპლი არ აღმოჩნდა მისთვის. უყვარდა კიდეც, ცხადია. მაგრამ ერთგულება არ გამოსდიოდა.

თუმცა, ქალისთვის მაინც თეატრი აღმოჩნდა უპირველესი –  სარა ბერნარისა და ირმა გრამატიკასთვის მისთვის განკუთვნილ როლებზე დამტკიცება ვერ აპატია მხოლოდ; სარა სხვა ტკივილი იყო თან. ვერ მოინელა. მშვიდობითო მისწერა გაბრიელეს და გამწარებულმა კაცის სახსენებელიც კი შეიძულა იმ დღიდან. ქალებზე გადაიტანა ვნება – ფლორენციაში გადასახლდა ახალგაზრდა ფემინისტ ქალთან – ლინა პოლეტისთან ერთად. ჭორებისგან თავის დასაღწევად თეატრიც მიატოვა რამდენიმე წლით.

მერე უძღები შვილივით დაუბრუნდა ისევ სცენას სამუდამოდ.

მიხვდა, რომ მისი ვნებაც თეატრი იყო და ერთგულების სავანეც.

სხვა არც არაფერი სჭირდებოდა.

დ’ანუნციო მაინც ვერ დაივიწყა ბოლომდე; ვერ შეელია; წერდა – „ვპატიობ, რომ გამომიყენა, გამანადგურა, დამამცირა. ყველაფერს ვპატიობ, რადგან მიყვარდა“.

ყველაზე რთული, სასტიკი, უსასრულო და მძიმე აღმოჩნდა გაბრიელეს წვიმების სეზონი. მოუნელებელიც.

უცნაური რამეა სიყვარული – ერთგულებასა და ღალატზე მაღლა რომ დგას…

შეუცნობელია მისი გზებიც – უსასრულოდ მტანჯველი.

დ’ანუნციოსა და დუზეს სიყვარულიც ამის ნიშანია.

ისიც ნიშანია, „წვიმა ფიჭვების ტყვეში“ რომ მიუძღვნა ელეონორას გაბრიელემ.

იწინასწარმეტყველა ქალის სიკვდილი ლექსში, ფაქტობრივად.

იგრძნო.

შეძრა.

თითქოს დაინახა, როგორ იდგა აწურული და აწეწილი ელეონორა დუზე პიტსბურგის თეატრის დაკეტილი კარის წინ და როგორ ელოდა ოქროს წვიმას! თავის აღსასრულს!

ვინ იცის, იქნებ, ამიტომაც იკითხა ლექსში გაბრიელემ –

„სად ვართ ჩვენ? ვინ იცის, სად ვართ?“

და, იქნებ, მართლა თავის გარყვნილ დ’ანუნციოზე ფიქრობდა უკანასკნელ წამს ელეონორა დუზეც?

ვერაფრით მოინელა გაბრიელემ ქალი. გაუგებარი გრძნობა იყო მისთვის, მაგრამ ვერ მოერია თავს.

სინდისიც ქენჯნიდა. ვერ ივიწყებდა. მისი ბიუსტიც დაიდგა სახლში. იქნებ, ელაპარაკებოდა და უბოდიშებდა კიდეც.

რაღა დროს?

ელეონორა დუზე მონტე-გრაპას მთის მოპირდაპირე მხარეს, აზოლოს პატარა, მშვიდსა და წყნარ სასაფლაოზე განისვენებდა.

წვიმების სეზონზე განსაკუთრებით ლამაზი ყოფილა, თურმე, აზოლო და იქ ცისარტყელებიც სხვაგვარი სცოდნია!

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…