დავით ანდრიაძე ესე

ბასილის ჩაქუჩი – II

, , ,

II ნაკვეთი

ვერტიკალური ამბები

1504 წელს დაუწერია პომპონიუს გაურიკს  „ტრაქტატი ქანდაკების შესახებ“.

მწერალი სიტყვით ზემოქმედებს, მოქანდაკე კი – საქმით, საგნითო – იტყვის რენესანსის ეპოქის ეს მივიწყებული თეორეტიკოსი და დაამატებს: პირველი მათგანი მარტოოდენ მოგვითხრობს, მეორე კი აკეთებს და გვიჩვენებსო…

ქანდაკებას მართლაც არ უყვარს „ლიტერატურა“, უფრო  ზუსტად, თხრობა.

ეს დიადი ხელოვნება მაინც გულისხმობს თავისებურ ნარატივს;  თუნდაც „დიდ ნარატივს“… არა იმდენად ამბის, რამდენადაც ისტორიის თხრობას!

ერთი ასეთი ამბავი „ცხენის ისტორიაა“.

იოსიფ ბროდსკისა არ იყოს, XX საუკუნე შესაძლოა, მართლა პირველი საუკუნეა, ცხენზე ამხედრებული ადამიანის ძეგლს გაოცებით რომ შეხედა.

ავტომობილების საუკუნემ ბევრი რამ გადააფასა და შეცვალა…

გაუფასურებისა და გაფეტიშების წინააღმდეგობრივ გზას დაადგა ხელოვნებაც და ამბავი წამოწია წინ…

მაგრამ მოქანდაკენი მაინც ვერსად „გაექცნენ“ ცხენებს – აჭიხვინებულებს, ვნებააშლილებს, დამცხრალებს, ზოზინებს, ულაგამოებს, ლაგამიანებს…

შეუცვლელია და შეუცნობია ხშირად გზანი ქანდაკისანი –

ქართული ქანდაკისანიც, ცხადია, გასული საუკუნის 60-ან წლებში რომ უცებ შეიცვალა გეზიცა და ვექტორიც და ნომენკლატურული მუზებიდან ისტორიულ მუზებზე გადავიდა. შეეფარა. შეიყვარა. მიითვისა კიდეც. ქვეტექსტები დაუდო და სიმბოლოებიც გამოიხმო.

ყველაფერი მაინც 1958 წელს დაიწყო.

საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებამ ვახტანგ გორგასლის ძეგლზე კონკურსი გამოაცხადა და „ცხენთა შეჯიბრებაზე“ მართლა სასწაული მოხდა – პუბლიკუმს ყველა ვახტანგი ცხენზე ამხედრებული დახვდა!

გოგი ოჩიაური  მესამე ადგილს დასჯერდა მაშინ…

მონუმენტალისტ მოქანდაკეთა ნომენკლატურულ რეესტრშიც მუდამ მესამედ მოიხსენიებოდა.

არადა, მონუმენტალისტობის ამპლუას არასოდეს ამოჰფარებია თაობის  უპირველესი ქართველი მოქანდაკე.

წმინდა წერილისა არ იყოს, „ესრეთ იყვნენ წინანი უკანა და უკანანი წინა“…

დინჯად დაელოდა თავის დროს…

გიორგი ოჩიაურის  „რეკვიემი“  საუკუნის  ძეგლიცაა  და  საუკუნის  ქანდაკებაც…

რთული ბედი ეწერა ამ ქმნილებას – ჯერ ვაკის პარკში დაიდგა – დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის ძეგლად „გაამწესეს“,  მერე კი,  საქართველოს განსაბჭოების პერიპეტიებს შესწირეს…

ბოლოს და ბოლოს, ახალი მილენიუმის  დამდეგს, იძულებით ქართლში გაასახლეს ეს შედევრი – გორის ციხესთან დაიდო ბინა ქვის ბლოკებზე წრიულად  ჩამომჯდარი რვა მებრძოლის აღალმამ – დროისაგან სხეულდალეწილები და სახედაკარგულები რომ შესცქერიან ერთურთს…

ესაა გრანდიოზული სკულპტურული მისტერია!

სპექტაკულირების ცალკე საგანია მეომართა ნუმინოზური ზურგები… ანდრეზული ძალით დატენილი და დიადი საიდუმლოს დამტევი. საკრალური – ზეკაცური ბედისწერის სტიგმატებით…

რუდოლფ ოტტო „ნუმინოზურს“, როგორც ასეთს, „სავსებით სხვის“ რეპრეზენტაციად მიიჩნევდა.

და გოგი ოჩიაურიც სწორედ ამ „სავსებით სხვას“ გვაზიარებს; „სხვას“, რაღაც  შემაშფოთებელი და იმავდროულად, მომაჯადოებელ საიდუმლოს  რომ გვიმხელს…

დიახ, ამ საოცარ აღალმებში სინერგეტულად თანაარსებობენ MISTERIUM TREMENDUM და MISTERIUM FASCINANS…

ფასცინატურობა საერთოდაა გოგი ოჩიაურისეული ქანდაკების ჯადოცა და ხიბლიც…

ესაა გამუდმებული (რომ არა ვთქვა – მარადიული) შეძახილიცა და, გნებავთ, ყიჟინაც…

„მდუმარე ყიჟინა“ – ეს ოქსიმორონი, რომელიც ყოველდღიურობაშიც ეგზომ შვენოდა ამ დიდ კაცსა და კაი ყმას…

უცნაური „შიში და ცახცახი“ ეუფლება სახიჩარი მეომრების  ზურგთა შემხედვარე ადამიანს…

კარლ-გუსტავ იუნგი თვლიდა, რომ ნუმინოზურთან შეხვედრის გარეშე რელიგიური გამოცდილება არ არსებობს.

გოგი ოჩიაური გვარწმუნებს, რომ ნუმინოზურთან მიახლების თვინიერ  ესთეტიკური გამოცდილებაც  ნაკლოვანია…

  ზის ახლა  გორის ციხის ძირში საქართველოს ისტორიასავით დამარცხებული და დაუმარცხებელი რვა მეომარი – დარდისგან დამუნჯებული ტრაგიკული გმირი, დაჩეხილი ტორსებითა და დანაწევრებული კიდურებით… ცხენებიც რომ დაუკარგავთ თუ დაღუპვიათ ბრძოლის ველებზე…

მაგრამ ერთი „კაი ყმა“  ხომ მაინც დაჯირითობს ვნებააშლილი ცხენით სადღაც; ხომ დაგელაობს?!

ვინ იცის, რა იმედები ჰქონდა 1989 წელს გიორგი ოჩიაურს… ვინ იცის, ვინ არის იმ კაი ყმის პროტოტიპი. თუმცა, ფარული შიში მაინც იგრძნობა ნამუშევარში.

ცხენი ოთხ ფეხზე დგას; თითქოს უნდა, რომ მყარად იგრძნოს მიწა… ისეთი შეგრძნებაა, ეშინია, არ გამოეცალოს საყრდენი… მეომრის მახვილიც უცნაურადაა აღმართული – საბედისწეროდ – ვერ გაიგებ, რა ტრაექტორიით უნდა მოიქნიოს კაი ყმამ იგი – საკუთარი თავისკენ, ცხენისკენ თუ თვალისგან უხილავი მტრისკენ…

ვინ იცის… განა კაი ყმობა კაი მეომრობასაც ნიშნავს და განა კაი ყმობა მუდამ გამარჯვების მომასწავებელია?

ასეთი ამბები გიორგი ოჩიაურს შეეძლო „მოეყოლა“ მხოლოდ… ქანდაკების ენით მოეთხრო!

აი, მანამდე კი „მელიტასა“ თუ „მეუღლის პორტრეტში“  ჩვენში  მანამდე არნახული პორტრეტული გეშტალტი შემოიტანა; მანამდე უცნობი პოეტური ტონუსი… „სველი“ და „მშრალი“  ნაძერწის  პაუზებში  ფრაზირებული ფორმის მკაცრი უბრალოება.

ერთხელ – ო, როგორ მიყვარს თქვენი  „ნანა კანდელაკი“, როგორი რენესანსული სიმშვიდე მოდის-მეთქი მისგან; დეზიდერიო და სეტინიანოსა და ფრანჩესკო ლაურანასეული სიმშვიდე…

და პასუხად: დრო და საშუალება რომ მქონოდა, მთელი ცხოვრება ერთ პორტრეტს გამოვძერწავდიო… დავიჯერე!

გოგი ოჩიაურისეული „ქალები“ პირველყოფილნი  არიან მუდამ – ევას შთამომავალნი!

არანაირი სამკაული… არანაირი სიკეკლუცე… მხოლოდ ქალი – ევას საწყისითა და დარდით… სამოთხის დაკარგვით სინდისშეწუხებული და სინდისთავისუფალი ქალი – მარადისობადაკარგული და მარადისობადაბრუნებული…

სამაგიეროდ, როგორი დაგუბებული ვნებაა  ქალის ოჩიაურისეულ ერთ  „ტორსში“, რომლის დარიც მთელ ქართულ ქანდაკებაში არ მეგულება.

როგორი ავხორცობა და სიწმინდე… სიშიშვლე და დაფარულობა…  საიდუმლო და სიცხადე … და რა ნაღდია ყველა ის ამბავი, ოჩიაური რომ ჰყვება…

სისტემური მოქანდაკე იყო გოგი ოჩიაური. ორგანულად გრძნობდა არაორგანული მატერიის ბირთვულ აღნაგობასა და ქანდაკების ნივთიერებას; მის კონსისტენციას…

ოჩიაური მრგვალი ქანდაკების სისტემურ ევოლუციასაც გრძნობს და პერიოდულობის გენეზისსაც განიცდის.

საოცარია, როგორ ანაყოფიერებს მოქანდაკე  მატერიის ერთი შეხედვით უსიცოცხლო ბუნებას გონითი ენერგიით?!

გოგი ოჩიაურმა იცოდა, რომ მატერიის მინერალური სუბსტანცია არ ცნობს უხეშ ფორმას:

და ეს ფორმა „ბაიათურ“ (როგორც თავად ეძახდა) მელოდიამდე არასოდეს  დაუხურდავებია.

სძაგდა მანერული ღვარჭნილობაცა და  მდაბიური სტილიზაციაც.

„გაჭიფხვნილი“ (როგორც გურამ ასათიანი იტყოდა) ფორმა მის არცერთ ოპუსში არ მოიძევება.

მოკლედ, გოგი ოჩიაურს არასოდეს „უძალადია“ ფორმაზე.

ფორმის იმანენტური გრძნობა და ამ ფორმის ზომიერი ტრანსცენდირება – აი, ოჩიაურის მეთოდის ამოსავალი პუნქტი!

                                                                    ***

როდენისეული კუნთების ჰეგემონიას ბრანკუზი „ბიფშტექსს“ ეძახდა.

ამ „ბიფშტექსმა“ არაერთი ქართველი მოქანდაკეც შეაცდინა.

კუნთებით თამაში და კულტურიზმი, როგორც ნარცისული აპლომბი გოგი ოჩიაურისთვის  უცხოა და მიუღებელი.

სამაგიეროდ, როგორი სკულპტურული სანახაობაა, თუ  მატერიის უმწიკვლოება რაოდენი კრძალვითა და (დათმი)ნებით ელოდება რჩეული მხევლის დამყოლ ხასიათს?!

ქანდაკების მისტერიალური ეთოსი საქორწინო სარეცლის გაზიარებას უდრის.

ეს მისტერია იგრძნობა გოგი ოჩიაურთან, რაღაცით წაწლობასაც რომ ჩამოჰგავს – შენს გვერდითაა, მის გახშირებულ სუნთქვას გრძნობ  და… მაინც არ ეკარები!

ამ დიდი მოქანდაკის თავშეკავებულობაც აქედან ხომ არ მოდის?!

მატერიით მოჯადოება და აღსრულებული ფორმით განჯადოება – ესეც ოჩიაურის მეთოდის მეორე პარაგრაფი!

მძიმე ხელი უნდა ჰქონდეს მოქანდაკეს. მძიმე, ოღონდ, არა – მკვდარი!

„როგორი მკვდარი ხელი აქვსო“ – ერთხელ თენგიზ მირზაშვილმა მითხრა ერთი ხანობა „ქართული ურბანული  ქანდაკების ფუძემდებლად“ შერაცხულ მონუმენტალისტზე.

მძიმე ვერდიქტია! ძნელად გამოესარჩლები!

ქანდაკებას არც ზედმეტი ტემპერამენტი შვენის… და არც ვირტუოზობაა მოქანდაკის საქმე!

კრიმანჭულივით ჩახვეული ინტონაციებიც ვერაა მაინცდამაინც საქანდაკო კილო-კავი!

მთავარი მაინც ხელია… არაგახელებული ხელი! გამოძერწილი ხელი სხვა საქმეა.

ერთ ქანდაკებად ღირს გოგი ოჩიაურისეული „ვაჟა-ფშაველას“ ხელი. ასეთი ხელის გამოძერწვას სხვა ხელის უფლება უნდა. მოქანდაკის ხელისუფლება!

„ხელისუფლების მოქანდაკე“ კიდევ სხვა პროტაგონისტია – „ხელმწიფის ნავში“ ჯდომა ეამაყება.

***

მურმან ლებანიძეს რომ დავესესხო, ელგუჯა ამაშუკელს ცხოვრებაში „ეგვიპტური მკლავები ჰქონდა – ხორციანი!“

მერე აღმოჩნდა, რომ „ხან ქუსლი ჰქონდა მას უმწეო და ხანაც – მკლავი“ (ლია სტურუა).

ქანდაკება სივრცემ უნდა დაასრულოსო – ხშირად უთქვამს ჩემთვის…

და მართლაც, სივრცემ დაასრულა  „ვახტანგ გორგასალი“ მეტეხთან. და არათუ დაასრულა, სივრცემ გარკვეული გაგებით, „შეასრულა“ კიდეც…

თავიდანვე დიდი „ფსონი დაიდო“ მასზე და „მოქანდაკის ხელისუფლებას“ ამიტომაც სძლია „ხელისუფლების მოქანდაკის“ ანგაჟირებულმა იმიჯმა.

აი, „გორგასალი“ კი გადარჩა.

დროს გადაურჩა.

„ამაშუკელის გორგასალი“!

ეს ორი სახელი ლამის ისტორიულად ჩაერითმა ერთმანეთს.

მართლაც არაფერია ქვის ამბებზე სულისშემძვრელი, სულჩადგმული და დამაჯერებელი, თუ მას  ნამდვილი ბასილის ხელი აქვს შევლებული.

 ამაშუკელმა ყველას დაასწრო, მოეყოლა ვახტანგ გორგასლის სიცოცხლისა და სიკვდილის ამბავი და დაეტოვებინა მისი ერთადერთი მონუმენტური ნარატივი.

გორგასლის ჯიუტი  ცხენი თავჩახრილი დგას მეტეხის ტაძართან. თითქოს პატრონის უზარმაზარ სხეულს დაუღლია. პერსეპოლისის დარიოს I-ის აპადანის კაპიტელის ხარს მიუგავს სწორკუთხოვანი თავი.

მიწის ზანზარსაც გრძნობ… და სულაც არ არის ეს ტრაგიკული ცხენი, ბუცეფალივით მისი სახელი რომ ვერ მოიტანა ჩვენამდე ისტორიამ, მეფეზე ნაკლებღირებული და ნაკლებმნიშვნელოვანი…

მთავარი ისაა, რომ ცხენიცა და მხედარიც ერთი ჯიშისანი არიან!

1967 წლის 25 აპრილამდე, როგორი უსახური უნდა ყოფილიყო უგორგასლო მეტეხი, რომლის მოშთობასა და მთავრობის სასახლის კომპლექსის გაშენებასაც ასე ეშურებოდა „წყეული ბერია“.

ვერაფრით ჰყვებოდა მეტეხის ტაძარი საკუთარ ისტორიას … და, ალბათ, ვერც ვერასდროს მოჰყვებოდა, ელგუჯა ამაშუკელი რომ არ „გამოსჩენოდა“ მხსნელად… თურმე ვინ „აკლდა“ ამ სივრცეს, ისტორიულ ადგილად რომ ქცეულიყო!

გორგასლის სიმშვიდე შემაწუხებელიც კია… გორგასალი და მშვიდი? მაგრამ ამ სიმშვიდეშია სწორედ ისტორიისა და ისტორიულ პერსონათა პარადოქსიც…

ამაშუკელმა ჩვენი თვალი თავიდანვე  მიაჩვია   არქაულ სტილიზაციასა  და  აბსტრაქტულ ტექტონიკას. გული კი – ვერა!

ამაშუკელის ქანდაკებას ხმა არა აქვს. და ეს „უხმობა“ მოქანდაკემ ისევ სათავისოდ მოიხმო.  შეიძლება არ გვატყვევებდეს, მაგრამ ჩვენ ასეთს ვიღებთ მისეულ გორგასალს… ასე ჩუმს. ასე  წყნარს… და ოდნავ  ხმაურიანსაც. სივრცითი მონოტონურობის მთელი თეზა და ანტითეზაა მასში, გორგასლის აწეულ მარჯვენაში – გამარჯვების, მისალმების, დამშვიდობების, დაფუძნების, აღსრულების სიმბოლო რომაა ერთად.

ამაშუკელს მოულოდნელი და პათეტიკისგან დაცლილი სენტიმენტებიც სჩვევია; ცრემლებიც… ვინ იცის, რისია ეს ცრემლები – გულწრფელობისა თუ ტრაგიზმის…  აი, ფიროსმანი, გორგასლის გადაღმა რომ დაჩოქილა  – გულზე ბატკანმიხუტებული. გადაღმა  მხარეს მეფეა მსხვერპლშეწირული; გამოღმა – ფიროსმანი – სამსხვერპლოზე ჩვენივე ხელით მიყვანილი. ორივე განწირულია და ორივე შეწირული.

ამაშუკელისეულ სამკუთხედს  ადრეული „ქართლის დედა“ ჰკრავს – 1958 წელს დადგმული მონუმენტი, თითქმის 40 წლის შემდეგ, განახლებული საავტორო რედაქციისას, მოქანდაკისავე ხელით რომ „შეიწირა“ და „ქართლის დედი(ს)ნაცვლად“ მოგვევლინა.

„ქართლის დედინაცვალი“!

იმ „ძველი“, ავთენტური  „ქართლის დედის“ კვალი (თუ ლანდი) მაინც ახსოვს თაბორის ქედის სივრცეს,  მასკულინური ფორმებით, ხმლითა და სასმისით ბევრი დავისა და განსჯის დედად რომ  იქცა.  არ განსჯიანო მშობელს, მით უფრო მთელი ქვეყნისას, მაგრამ… მაინც იქცა სადავო და „სადავიდარაბო დედად“, ცრემლები რომ ვერ მოგვადინა ვერაფრით… „ცრემლებზე ბოდიში“… იქნებ, გიგანტური მასკულინური ტვინია ამ უცრემლობის მიზეზი…  იქნებ, ღვინის ფიალასა და ხმალშია დამალული არიადნეს აბურდული ძაფის თავი? იქნებ, უბრალოდ, არასენტიმენტალურ ქანდაკთ არ ვცნობთ ან რბილი, მღერადი, კანტილენური ხაზები უფრო გვიზიდავს?

აი, ის ხაზები, მერაბ ბერძენიშვილმა ასე რომ შეგვაჩვია…

„ამაშუკელის გორგასლამდე“ 2 წლით ადრე, 1965 წელს გამოჩნდა პირველად მისი „გურამიშვილი“.

„სანთელივით ცად აწვდილი დავითი“ ჯერაც ახალგაზრდაა; და სიბერეში შენარბენიც… ხელში ჯერ კიდევ დაუწერელი „დავითიანი“ მიუხუტებია – ანუ ეს არის ერთგვარი სიზმარ-ხატება პოეტისა; მისტიკა, ასე ხშირად რომ ისედაც ეცხადებოდა დავითს… თითქოს წინასწარ იხილა მან საკუთარი ბედი და ბედისწერა. გრძელი და დახვეული გზა. არაერთხელ დაცემა და გაცოცხლება.

საკუთარი ფერტილურობაც  თითქოს წინასწარ განჭვრიტა.

იგრძნო, რომ „საწუთრომ ბერწოვნება მოახვედრა თავში კომბლად“ და შემოგვავედრა თავისი ობოლი – „ბრძენსა კაცსა ვეხვეწები, ეს ობოლი მამინათლოს“…

დაინახა… ბევრი რამ დაინახა ბერძენიშვილმაც – მიქელინოსეული დანტეს ფრესკულ ხატში განჭვრიტა პოეტის არქეტიპი და მისი ანდროგინულად ნატიფი ხატი დაგვიკანონა „გოტიკური“ პროპორციებითა და ელეგანტური სილუეტით…

უდავოა, აბსოლუტურად არაფერია გურამიშვილში თითქოს ქართული და მაინც აბსოლუტურად ქართველია…

ესეც პარადოქსი… ბერძენიშვილისეული ქანდაკის პარადოქსი…

სამაგიეროდ, ბიჭვინთაში 1968 წელს დადგმული „მედეაა“ ფეხის თხემამდე კოლხი.  ძლიერია, ქალური და სასტიკი! არაბუნებრივად სქელი ნაწნავი შხამიანი გველებივით ჩამოუშვია მხრებზე; ხელებიც არაპროპორციულად დიდი აქვს. უზარმაზარი. თითქოს მცირეწლოვანი, შეშინებული შვილების დასაფარად, დასამალად თუ შესაფარად სჭირდებოდა ისინი. ხელი აქ ხელზე მეტია… წაგებული, დამარცხებული, შვილებდახოცილი დედის იარაღია; იარაღი, რომელმაც ბავშვები ვერ დაიცვა და ვერ გადაარჩინა… ქალის სახეზე არეკლილია, რომ იასონი მედეასთვის მეასეხარისხოვანია უკვე, მაგრამ რაღა დროს?

სხვათა შორის, სააკაძესა და მედეას აერთიანებთ ეს ტკივილი – მშობლის ტანჯვა… ორივეს უნდა ჰქონოდა განცდა, რომ თავადაც გამოუტანეს განაჩენი შვილებს. მედეას ეს ტვირთი სასჯელადაც ხომ აჰკიდეს ბერძნებმა?

პაატას მოჭრილი თავიც ახსენებდა თავს სააკაძეს, ცხადია…

მაგრამ ბერძენიშვილისეული დიდი მოურავი მამობის ინსტინქტისა და მშობლის ცოდვებისგან სრულიად „თავისუფალია“… თვალებში კავკასიური არწივის მზერა აქვთ ჩამდგარი მხედარსაც და ცხენსაც. ორივე ერთმანეთს ჰგავს და ორივე ოსტატს მიმსგავსებია, ნებსით თუ უნებლიედ.

ვინ იცის, რამდენი  „კადავერული სისხლი“ ჩქეფს  ქართლელი კონდოტიერის ბრინჯაოს Cavallo-ში: სულ ცოტა, ვეროკიოდან ჟირარდონამდე?!

„სააკაძის“ ექსტაზისი  სულ სხვაა …

და თურმე, რა ძნელია, დაიმორჩილო და  ერთ სივრცულ ხატში გაამთლიანო ეს ამდენი „კუნთების თამაში“… ამდენი „აკენწლილი“ ფორმა… ამდენი გაფანტული რაკურსი… და ბოლოს, ერთ, გრაფიკულად მელიზმატურ სილუეტამდე დაიყვანო! 

ჯერ „მედეაში“ და მერე „სააკაძეში“ თითქოსდა, პლატონისეული „თუმოსი“ იღვიძებს. ესაა ადამიანური სულის მრისხანე, ნებელობითი და პასიონარული ენერგია, რის საფუძველზეც ორივე პროტაგონისტი საკუთარი ბედისწერის ავტორიც ხდება და სირცხვილისა და დანაშაულის კულტურათა მიჯნებზე მდგომ სუბიექტადაც წარმოჩინდება. ძნელი სათქმელია, „თუმოსის“ ამბივალენტური ბუნებიდან, რომელი მძლავრობს მათში –  სიმამაცით გამოხატული  ნათელი საწყისი თუ  მრისხანებაში, ფრუსტაციასა თუ ძალაუფლების  წყურვილში გამოვლენილი ბნელი სუბსტანცია.

ყველა ჟანრი კარგია, გარდა მოსაწყენისო…

ბერძენიშვილის არც ერთი ქანდაკება, „შემდგარიცა“ და „შეუმდგარიც“, არაა მოსაწყენი და ერთფეროვანი. მისი ყველა ოპუსი პლასტიკური ენერგიის „სასპენსისებრ“ ეფექტზეა გათვლილი;  ემოციურად  ყველაზე ნაყოფიერი მომენტის რეპრეზენტაციაზე…

სხვა საქმეა, რომ არც ერთი მონუმენტი არ დგას „თავის ადგილზე“.

ბერძენიშვილთან პლასტიკური მოძრაობის მოტივებიც ეკლექტურია და უკეთეს შემთხვევაში, კომბინირებული: ხან, ბერძნულია, ხან გოტიკური, ხანაც – ბაროკალური.

 სპორადული  და დაუსრულებელი მოძრაობებია მისი სტიქია!

მუსიკალურ ტერმინს თუ მოვიმხრობთ, ესაა ერთგვარი „რუბატოს“ ტექნიკა… როდენი უნდა იყო, ამგვარი „მოპარული“ სივრცე რომ აამეტყველო… დადუმებით ააჟღერო!

როდენი ვახსენე და, თავის დროზე, საფრანგეთში უთქვამთ, ასეთ მოქანდაკეს  ცალობით კი არა, ტონობით უნდა შეუკვეთოსო ერმა ქანდაკნი…

 ბერძენიშვილს მართლაც  რომ ტონობით უკვეთდა მონუმენტებს  საბჭოთა  საქართველო.

ბოლო ამბიციური პროექტი დიდგორის მემორიალი იყო. მარტოოდენ  ჰენრი მურისეულ ვიტალურ ფორმებს  მიმოფანტავს მოქანდაკე   „ძლევაი საკვირველის“ ისტორიულ ტოპოსში. აი, თავად დავით მეფის  ცხენოსან ფიგურას კი მონუმენტური „კულტურიზმის“ ამ  საჭოჭმანო ნიმუშს, სადიდგორედ  ვერ „გაიმეტებს“ – ისევ სატახტო ქალაქში დადგამს.

ვერა და ვერ გახდა ერთ დროს ტრიუმფატორი მაესტრო  რევოლუციური  ხელისუფლების მოქანდაკე – ჯერ იყო და საქვეყნოდ აუფეთქეს გრანდიოზული ქუთაისური მემორიალი; მერე კი  „დავით აღმაშენებელი“ დიღმის ველზე გადაუსახლეს… ისე, არც გამიკვირდება, მარსის ველზე – „ეინალიონის მოედანზეც“ რომ ამოჰყოს თავი.

მთელი ცხოვრება  ჯარასავით კი იტრიალა.

ავადსახსენებელი 9 აპრილიც დაიტირა. „modello“-ც მოამზადა – სენსაციური სახე-ნიღაბი; მაგრამ მისი გაძეგლებისთვის აღარ უბრძოლია. ალბერტო  ჯაკომეტის სიურრეალისტური “table”-ის  აპროპრიაცია მაინც და მაინც არც გაუხმაურებია – რიგით ოპუსად შემოიტოვა. ან იქნებ, სულაც გული უგრძნობდა, რომ ვინმე ამ რებუსსაც ამოხსნიდა.

იყო დრო, როცა ბერძენიშვილი   ელეგანტურად ნიღბავდა ყბადაღებულ კოლონიურ ნარატივს და  ფონს ნაციონალური დისკურსით გადიოდა. ე.წ. გამარჯვების   მემორიალებში რეპრეზენტირებულ მილიტარისტულ პოზას მოხდენილად ჩაანაცვლებდა პოზიციონალობათა  ნიღბებით. ამგვარი „სუნელი“ კვაზიესთეტ პუბლიკუმსაც იზიდავდა და კოლონიურ მმართველებსაც აბრუებდა. მერე და მერე, ამგვარ კონფორმიზმსაც გაუვიდა ყავლი.

***

პავლე ინგოროყვასეული ლეგენდარული „კავკასიონის“ 1924 წლის 1-2 ნომერში ვან-დიკის ფსევდონიმით,  იაკობ ნიკოლაძისადმი მიძღვნილი  წერილი დაიბეჭდა.

„ევროპის ქანდაკება – მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისი ისევ ძველი ტოგით დადის. მიქელანჯელოს და საერთოდ რენესანსის გიგანტური ფიგურების ჩრდილში ახალი ქანდაკება ვეღარ ჰპოულობდა ახალი ხელოვნების ფორმულას“ –  წერდა ვახტანგ კოტეტიშვილი.

„ძველი ტოგა“ უფრო რესპექტაბელური აღმოჩნდა ბერძენიშვილისთვის. ძველი ტოგა და „ქართველი მიქელანჯელოს“  იმიჯი!

მახლას, რითაც დაიწყო, იმითვე დაასრულა: რუსთაველით…

კუს ტბის სანახებში, სიცოცხლეშივე „გაწყობილი“ სახლ-მუზეუმის ეზოშიღა დააბინავა სათაყვანებელი პოეტის წლობით ნალოლიავები ფიგურა – ელეგანტური, იმპოზანტური და არტისტული…

მოგწონსო?- ერთხელ მაცილებდა და მაშინ მკითხა.

მომწონს-მეთქი – გული არ გავუტეხე..

 ეჰ,  მაინც  ბებრული  ხელითაა  ეს გაკეთებულიო – დანანებით  თქვა და ხელი ჩაიქნია.

ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა გამოდგა.

                                                                        ***

„მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს  ერთმანეთის მონება“ – ეს რუსთველია!

„ერთმანეთის მონებისა“ რა მოგახსენოთ და,  ამ სამმა „გმირმა მნათობმა“  – გოგი ოჩიაურმა, ელგუჯა ამაშუკელმა და მერაბ ბერძენიშვილმა (თუნდაც,  ერთმანეთის ჯიბრით) შექმნეს  ქართული ქანდაკების კულტურალური  „ველი“.

გონივრულად გადაინაწილეს (და შეისაკუთრეს)  მოქანდაკის ხელისუფლება საქართველოში.

დიდძალი  სიმბოლური კაპიტალი დააგროვეს.

შეავსეს და ხუთამდე დაამრგვალეს  „ქართული საქანდაკო ხელოვნების კანონი“.

„ჰამბურგის ანგარიშით“, ჯერჯერობით ასეა…

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…