დავით ანდრიაძე ესე

ბასილის ჩაქუჩი

, , ,

I ნაკვეთი

ბასილის ჩაქუჩიდან როდენის ფარგლამდე

იაკობ ბურკხარდტი წერდა, ისტორია ის სფეროა, რომლის დაწყებაც არასოდეს არაა შესაძლებელი სულ მთლად თავიდანო. და ვერც ქართული ქანდაკების ისტორიას დავიწყებთ „სულ მთლად თავიდან“. უნდა მოვნიშნოთ რაღაც სიმბოლური დრო, ადგილი და ადამიანი, ვისაც მივაწერთ ამ სათავესთან ყოფნას ანდა ვისაც წარმოვიდგენთ ამ სათავესთან. ასეთი შეიძლება იყოს ნახევრადანონიმი „ჩაქუჩიანი კაცი“, ვისზეც თავის დროზე მშვენიერი ესე დაგვიტოვა გერონტი ქიქოძემ.

მაშ, ასე: იყო ოდესღაც ასეთი კაცი საქართველოში – ბასილ ხურციძე. კაცი იგი საკვირველი – ზარზმისა და ჭულების მაშენებელი. ქვითხუროდ მოიხსენიებს ბასილის ტბელი აბუსერიძე.

ჭულების მონასტრის მძიმე, გაცრეცილ კედელზეც შემორჩა ერთი ბარელიეფი – ჩაქუჩიანი ბასილ ხურციძე.

ჩაქუჩი უცნაური სიმბოლოა – განსხეულების სიმბოლო. ჩაქუჩით ქმნიდა თავის საოცრებებს ბასილი. ქანდაკნი და ნაქანდაკარნი მისნი დღესაც შემორჩენია ქვაბლიანისა და ზარზმის ხეობებს. მერე რამდენი სახე მიიღო ბასილმა და რამდენი ქანდაკი შეემატა მთელ საქართველოს. რამდენს დაემტვრა ის ჩაქუჩი და რამდენს დაუმტვრიეს. ბასილი ჯიუტი კაცია და ახალ ჩაქუჩსაც პოულობს ან ძალით, ან – ნებით.

მოქანდაკენი „მოძალადენიც“ არიან ხშირად. მოძალადენიცა და „დაფარულებიც“ (თუ „შეფარულებიც“) – უჩინმაჩინის ქუდს იხურავენ თითქოს და ქრებიან. კაცმა არ იცის, ბასილი რამდენ ხანს ივლის იმ ქუდით. ფაქტი ერთია, აუცილებლად გამოჩნდება საჭირო დროს საჭირო ადგილზე – აი, ისე,  რევოლუციებისა და გარდარეული ქარტეხილების ეპოქაში რომ „შემოვარდა“ უცებ იაკობ ნიკოლაძე –  მე-20 საუკუნის დასაწყისის უპირველესი ბასილი – უჩინმაჩინის ქუდმაც რომ ვეღარ დამალა მისი ქოჩორი. ეპოქამ (და ხელისუფლებამ) დანიშნა იაკობი საქართველოს უმთავრეს მოქანდაკედ. იყო  დრო, როცა ნიკოლაძე  ერთადერთი  მოქანდაკე  იყო  ჩვენში. ამიტომაც ამბობდა თურმე, საქართველოში ერთი პატრიარქია და ერთი მოქანდაკეო. იმთავით სენილიური ტიპაჟი იყო იაკობი და ეგებ  „პატრიარქობაც“ ამიტომ შეიფერა! აი, გრიგოლ რობაქიძე კი იტყვის, თბილისი ნამდვილი უდაბნოა მოქანდაკისათვის. გასაკვირია ის ჟინი, რომლითაც ნიკოლაძე ინთებაო ამ უდაბნოში.

 ჩაქუჩისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ფარგალი კი ნამდვილად იქცა იაკობის  სიმბოლოდ. აი, ის ფარგალი, როდენმა რომ უწყალობა ერთ დროს – ვინ იცის, რის ნიშნად თუ სიმბოლოდ. ნიკოლაძემ ზუსტად იგრძნო, ფარგლით რომ წრე იხაზება და თავის მოწაფეს – კოტე მერაბიშვილს გადაულოცა როდენისეული ხელშენახები სიმბოლო. აქ შეიკრა ამ ფარგლის წრეც და წრეც გაწყდა – როდენისეული ფარგალი ახლა კოტე მერაბიშვილის შვილის – მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილის მემორიალურ ატელიეშია. იქიდან ვინღა გამოიტანს? დაასრულა მოხაზვა როდენის ფარგალმა თითქოს. თუმცა, დასაწყისი უდავოდ იყო ბასილისეული. არადა, ბასილის არსებობაზე, იქნებ, არც არაფერი გაეგონა ნიკოლაძეს. სამაგიეროდ, იცოდა და იცნობდა სერაფიმე პოლოლიკაშვილსა და ალექსანდრე თარხნიშვილს. პირველ მოქანდაკედ (და კარგა ხანობს -ერთადერთად) მაინც იაკობი დარჩა! დრომ გამოცადა  ნიკოლაძე და ისტორიამაც  უპირველეს ქართველ მოქანდაკედ შემოიტოვა. არა Primus inter pares, არამედ უპირველესად.

                                                                     ***

მახლას, 1905 წელი სისხლიანი იყო კაცობრიობის ისტორიაში. პარიზში იყო მაშინ სწორედ ჩვენი იაკობიც – როდენის სახელოსნოში. ამ წელს გამოაქანდაკა „ქარშიც“.  სულ რაღაც 29 წლისა გახლდათ იაკობი. აი, მაშინ მოხადა, ალბათ, ბასილმა უჩინმაჩინის ქუდი იაკობს – თალხებში გახვეული ქალია რევოლუციის ქარი. შვილმკვდარი მსოფლიოს მთელი სევდაა ამ ქანდაკში. უფრო დიდი სევდისა და ქარიშხლის მოლოდინში გატრუნული დედამიწის სიმბოლოა. როგორი ძუნწი ყოფილა როდენი, რომ ამ ქანდაკის მნახველმა მხოლოდ ფარგალი „გამოიმეტა“ შეგირდისთვის. ფაქტია, იმ „ქარმა“ შვა სწორედ „მწუხარე საქართველოც“, დღემდე რომ ვერ მოიშორა ის წუხილი და სევდა.  დღევანდელივით მაშინაც მაისი ყოფილა 5. 1913 წელი. 5 წლის გარდაცვლილია ილია. მთაწმინდაზე შეკრებილან ნარჩევი ქართველები. იაკობიც იქაა.  მისი „მწუხარე საქართველო“ უნდა იხილონ პირველად ამ დღეს. აკაკი გამოდის სიტყვით – „მთელი საქართველო იგლოვს და სტირის თავის დაუვიწყარი შვილის დაკარგვას. იდეის მხრივ დიდია ეს ქანდაკება და ამას ახლავ თქვენის თვალით ნახავთ“ და ათრთოლებული ხელებით ხსნის საბურველს ძეგლს. გმინვა და ოხვრა მოეფინაო ბებერი მთაწმინდის შეფენილ კალთებს, პრესაში წერდნენ მერე. ბრინჯაოში ჩამკვდარა თითქოს მგლოვიარე ქალი. დაფნის ის ტოტი ჩაუხუტებია გულში, ილიას გვირგვინად რომ უნდა ჩამოწნულიყო და ვერ კი მოასწრო.  ასეთია მწუხარე საქართველო, იმ დაფნას რომ ვერ შელევია და მაინც უფრთხილდება. ინახავს. თავს დაჰკანკალებს. „შემდეგი ილიასთვის“ გადაუმალავს უბეში. ამ „მწუხარე საქართველოს“ ცნობიერად ყველა ის კაცი სძულს, ილიას რომ კლავს. ამიტომ „დასაჯა“ იაკობმა ლენინიც. „ისკრის“ პერიოდში გამოაქანდაკა. თითქოს ამით ხარკი გადაუხადა საბჭოთა ქვეყანას. პარტიას. არადა, მონღოლოიდური თვალებით მომზირალი ლენინი სულაც არ იყო „ბეგარა“. პირიქით. მთელი მისი გაუკუღმართებული ცხოვრება ჩანდა ამ თვალების „ისკრაში“, ცეცხლად დანთება რომ არასდროს ეწერა. როგორ განსხვავდება ეს „ისკრა“ ჩახრუხაძისეული ოდნავ მოდუნებული და ჩაფიქრებული მზერისაგან. 65 წლისაა ამ ქანდაკზე მუშაობის დროს იაკობი. არადა, 100 წლისას ჰგავს – წლებისგან კი არ მოტეხილა, ფიქრი დამძიმებია თავადაც თავისი ჩახრუხაძის მსგავსად თვალებში. პოეტის მზერა სულაც არ მიჰპყრობია ცას. პირიქით. იცის, ჩახრუხაძემ, რომ მიწაა პოეტის საქმე დედამიწაზე და ეს განწყობაა მის თვალებშიც. მოსე გოგიბერიძე წუხდა მერე – შოთა რუსთაველის სახებად  ივარგებდა და რაღა ჩახრუხაძე დაარქვაო ამ ქანდაკს. ვინ იცის. ვინ იცის, რატომ „ამჯობინა“ რუსთაველს ჩახრუხაძე, რომაული თავსაბურავი რომ დაუხურავს შემთხვევით ან გააზრებულად. არადა, რაღაცით გურულ გლეხკაცსაც ჩამოჰგავს საუკუნეებში ჩაკარგული პოეტი, იაკობმა რომ „იპოვა“ და „დაგვიბრუნა“.

მოქნილი კაცი იყო იაკობი – შეეძლო, ეპოქას მორგებოდა და ერთი „გაუფასურებული“ მენშევიკის ბიუსტიდან ორი ბოლშევიკი გამოეძერწა.

ვალტერ ბენიამინი წერდა, კარგი მწერალი იმაზე მეტს არ ლაპარაკობს, რასაც ფიქრობს; წარმოთქმა არა მხოლოდ სამეტყველო აქტია, არამედ აზრის განხორციელებაცო. ნიკოლაძესთანაც  სწორედ ეს „წარმო-თქმაა“ არსებითი – ფორმის არტიკულაცია, როგორც  ემოციური აზრის განხორციელება. აზრის გამოსახულება და და გამოსახულების აზრი! იაკობის სტიქია ცეზურის უნატიფესი განცდაა. პულსი. პაუზა. პლასტიკური ნოტის შეყოვნება.  ტემპის   შენელება. ძერწვის, როგორც ფრაზირების რიტმი. მასალის ზედაპირის სუნთქვა.  ჩრდილ-სინათლის სონორისტიკა. ქანდაკების ნივთიერების ჩქამის მიყურადება.

მხატვრულად თვითკმარი ატმოსფეროს, როგორც  ინსტრუმენტული „სიდიდის“ მოხელთება დაისახა ნიკოლაძემ ქანდაკების პრაქსისისა და პოიესისის საგნად.  ატმოსფეროა ის ლინზა, რომელშიც უნდა გარდატეხოს ადამიანური სხეული; სხეული, როგორც ქანდაკების საზომი.

ჰაერის  გამოძერწვა – აი, ნიკოლაძის საჯილდაო ქვა! იაკობსაც შეეძლო ქანდაკების წარმოდგენა  და რეპრეზენტაცია რაღაც  პროტოსკულპტურული ფორმით;  თუმცა მერარდო როსოს დარადაც არ უქცევია ქანდაკება ლანდად  და მოჩვენებად.

ერთი მცირე რეტროსპექცია: ლუვრში, მირაბოს ცნობილი ბიუსტის ჭვრეტისას მიაგნებს როდენი ქანდაკების ერთ  საიდუმლოს – თუ როგორ ახერხებს გუდონი, „დაუსწრებლად“ იმ პუბლიკუმის მოდელირებას, ორატორის სიტყვა რომ აუტაცია.  დაუსწრებლის დასწრება! გამოსახვის მეთოდად აქცევს  როდენი  ამ  სიტუაციას, „ბალზაკის“  ძერწვას როცა შეუდგება. მწერლის გარემომცველი ატმოსფერო – აი, როდენისეული  „ბალზაკის“ ნარატივი! ნიკოლაძე „სკულპტურული“ ატმოსფეროს  იდეასაც როდენისგან  აიტაცებს და თავის ტალღაზე გადააწყობს.  ატმოსფეროს  შედედებისა და  შემჭიდროების იშვიათ ტეხნეს ფლობდა იაკობი.

ეს იყო პლასტიკური გეშტალტისა და მისი  ტაქტილური ინტონირების იშვიათი „ხელება“. მას შეეძლო, დაეჭირა  განწყობილება, როცა  „რაღაც“ ესენცია უკვე აღარაა მატერია, მაგრამ ჯერაც არაა სული. აი, რა მიზნებს ისახავდა ნიკოლაძისეული პლასტიკური ლირიკა –  ვირტუალური სულისმიერი ინსტრუმენტის მომართვასა და დომინანტურ სიმებზე შეხებას. დიახაც, ატმოსფეროს მოხელთებით აღწევდა მთავარ სასწაულს ნიკოლაძე – ფორმის ლოგოსისა და ეიდოსის  აკორდიკას!

სულ რაღაც 74 წელი იბრუნა როდენის ფარგალმა მე-20 საუკუნის დასაწყისის ბასილის ირგვლივ. მაგრამ საუკუნეების წყვეტის შემდეგ რევოლუციას  კიდევ ერთი რჩეული ბასილი  „მოჰყვა“ – რაღაც ბესტიალური მზერით, ლომივით ფაფარაშლილი, ქაოსური, დაბნეული და ერთგვარად გზააბნეული ნიკოლოზ კანდელაკი – კაცი, რომელიც აჩქარებული სიდინჯით მიუყვებოდა ბედისწერას მუდამ. კულაშიდან ჩამოსვლაც დააგვიანა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიამდე. 1911 წელს, 22 წლისა,  დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის გარიცხეს. რას აპროტესტებდა 1911 წელს, ამას ვეღარ გავიგებთ. ყოველთვის იცოდა, ცხოვრება რომ „უდაბნოა ურწყული“, მაგრამ გარე-გარს სიარულივით არაფერი ეჯავრებოდა. ამიტომ იარა ამდენი და ასე თავგზააბნეული გზებით, ბოლოს რომ პირველ მსოფლიო ომში ამოაყოფინა თავი. ამ ომმაც თავისი ქნა, ალბათ. თავისი „გაიტანა“. ნიკოლოზ კანდელაკის ცხოვრებაშიც „უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები“. იქნებ, იმ ტკივილის დასავიწყებლად აიღო ხელში სწორედ „ბასილის ჩაქუჩი“ კანდელაკმა და ქვას მიადგა. 32 წლისა იყო მაშინ. 32 წლისა – უკვე ქრისტეს ასაკს უახლოვდებოდა. ხელში შემოლეული წლებისა და უხვად ნანახი სისხლის გარდა არაფერი ჰქონდა სანუგეშებელი. მაგრამ შიგნით, შიგნით ხომ ბასილს ეძინა?  ამიტომ მიაგნო „ჩაქუჩს“… მიაგნო და მიადგა, რომ დარდი ქვისთვის გაეტანებინა. „გაატანა“ და „გაატარა“ კიდეც. რა იქნებოდა ქართული ქანდაკება ამ „შიგ მიჰკარგ-მოჰკარგული“ სახე-ხატების გარეშე?  თუგინდ, „იმერელ მაღაროელად“ გადანათლული „კოლხის“ გარეშე? მაღალი ყვრიმალები. შრომისაგან დაკუნთული კისერი. გოროზი, ხვეული, დაბალზე შეკრეჭილი თმები. უხეში და მამაკაცური ნაკვთები. მოძრავი ფორმები. რაღაც ნაღდი, გლეხური და ბრუტალურიც იგრძნობა და არამაღაროულად გალანტურიც. რაღაც იუნგერისეული  „მუშის გეშტალტიც“ იგრძნობა მასში და მიწის სუნიც მოჰყვება ქანდაკს. წვიმისგან ამოსუნთქული, გვალვაგადავლილი მიწის სურნელი. კანდელაკმა ზუსტად იცოდა, როდის უნდა „განეძარცვა“ პერსონა. ვინ „აიტანდა“ ამ „სიშიშვლეს“ და ვინ – „ვერა“.  აბა,  ამიერკავკასიის ჯარების  სარდალი – ტოლბუხინი როგორი სანახავი იქნებოდა „მოშიშვლებული ბიუსტით“? მარშლის  მოშვებული კუნთები რა აზრებს აშლიდა? სად გამოჩნდებოდა მის სიშიშვლეში საბჭოთა მილიტარისტის ვნება და ცეცხლი? მამაკაცურ ვნებასა და ცეცხლს ვინღა ჩივის. არსად!  ამიტომ „ჩააცვა“ საგულდაგულოდ ფიოდორ ივანიჩს კანდელაკმა. გამოაწყო. ჩინ-მედლებით გადაუხუნძლა მარშლის კიტელი!

დამალა, რომ მხედართმთავრებს ვნება არ დაჰყვებათ, განსხვავებით არტისტებისგან (ისე, თბილისში გაუჩაღებია ტოლბუხინს მღელვარე რომანი გრიბოედოვის თეატრის ერთ ლამაზმანთან). თორემ, აგერ, აკაკი ხორავა – ქართული საბჭოთა თეატრის „მარშალი“ როგორ მოუშილიფებია. განუძარცვავს. და როგორი შთამბეჭდავია  ენერგიული კონტრაპოსტით დაჭედილი ეს  ჰეროიკულ-რომანტიკული „სიშიშვლე“ – ვნებააშლილი მავრის მზერა რომ დაჰყვება თან. 53 წლის არის მავრი – შუა ასაკის მთელი სიმშვენიერე და ძალაა მასში. დასტური, რომ სწორედ ესაა აკმეს ასაკი – ადამიანის ფიზიკური და სულიერი სრულყოფილების დრო თუ დროება, თუ ხანა. და რა იქნებოდა ეს მავრი, შემოსილი, სტალინური პრემიის არაერთგზისი ლაურეატის ჩინ-მედლებით „ჩამოძონძილი“? არც არაფერი. ოოო, როგორი მკაცრი ესთეტია. როგორი ფრთხილია და როგორი ზუსტი კანდელაკი. როგორ გრძნობს რა დუღს შიგნით. რა იხარშება ადამიანში. აგერ, სტალინი. მზერა აქაც მონღოლოიდურია. ეტყობა, ეს იყო მე-20 საუკუნის დასაწყისის „ბასილთა“ ფარული მინიშნება. სასჯელიც. მაგრამ როგორი სასტიკია კანდელაკისეული სტალინი, 1939 წელს რომ გამოუქანდაკებია. ჯერ კიდევ არ დამდგარა მეორე მსოფლიო ომი. ჯერ კიდევ არ შემდგარა მითი თუ რეალობა სტალინისეულ ფარსა და მახვილზე. ამიტომ მისი მზერა აფთრისეულია. ახლადჩავლილია რეპრესიები. პილატეს ხელებიც დაბანილია. კიტელის საყელო ჩანს მხოლოდ. იმ კიტელის, სასტიკ სხეულს რომ მალავს. საყელო თითქოს „გადარჩენის“ გზაცაა.

ცალთვალა მეფისა და მხატვრის პარალელია. არ ჩანს კიტელი და არც ჩინ-მედალი არ გამოჩნდება. ფიქრი აღარ არის საჭირო, რა დაჰკიდოს იმ გაბოროტებულ გულ-მკერდზე და რა – არა. კანდელაკის არტისტულ ნატურაში ნაკლებია „კომპოზიტორის“ ნება. ნებაცა და ტეხნეც.

 და არც  საკუთრივ  პორტრეტული კომპოზიცია ეხერხება. სამაგიეროდ,  ზუსტად გრძნობს, როდის უნდა დაადგას თავი კლასიკურ, პროფილირებულ  „პლინტუსს“ და როდის უნდა გაუშალოს მხარ-ბეჭი. სად გადაჭრას ბიუსტი და ვის „გადააჭრას“ თავი კანდელაკისეულ „ეშაფოტზე“. ამის უფლებაც ჰქონდა, რადგან თავად თავი არასდროს მოსჭრია, როგორც მოქანდაკეს. პორტრეტით  ამოიწურება კანდელაკის ამპლუა.  A la მატვეევის მანერაში დაძერწილი ორიოდე ნიუ შკოლარულ ეგზერსისებად  შემორჩება მის პორტფოლიოს. გავა დრო და ელგუჯა ამაშუკელი გაიხსენებს, თუ როგორ უჭირდა  მის ძვირფას  მასწავლებელს ნინო დუმბაძის figura serpentinata-ს დაყენება – ხან აქეთ გაექცეოდა კომპოზიცია, ხან – იქითო.

აი, მძლეოსანი მამრის ფიგურა კი მყარად დააყენა ორივე ფეხზე კანდელაკმა.  და ეს კომპოზიციაც  ამაშუკელს  გადაულოცა  საკურსო ნაშრომად. სხვათა შორის, 1965 წელს  რუსთაველის პრემიის პირველ ლაურეატად    ამაშუკელს  გამოარჩევს ხელისუფლება;   გავა კიდევ  5 წელი და კანდელაკსაც  წარადგენენ ამ პრემიაზე, მაგრამ…  სიკვდილის შემდეგაც  ვერ გაიმეტებენ მისთვის ჯილდოს.

ფილიპე მახარაძის ოზურგეთულ ძეგლს თუ არ ჩავთვლით, არც ერთი ოფიციალური მონუმენტი არ დაუდგამს კანდელაკს.  სამაგიეროდ, კერძო დაკვეთები არ ელეოდა.  ვინ იცის, კანდელაკის  „არაჩვეულებრივი გამოფენა“ თბილისის რამდენ სასაფლაოზეა განფენილი – რამდენი ანონიმური ბიუსტის მიღმა დგას ჩვენი ნიკო ( იგივე  კოლია) კანდელაკი. ეგ კი არა, ჭირისუფლები ხელწერილითაც უდასტურებდნენ, თურმე, განსვენებულთან მსგავსებას („თვალები ჰგავს, ცხვირი ჰგავს. ესე იგი, ჰგავს“).

ნიკოლაძე და კანდელაკი ანტაგონისტები იყვნენ. მათი დიალოგი (არც პირდაპირი და არც ფიგურალური გაგებით) ვერ შედგა. არადა მათი პირადი შუღლიც კი, ამ გადასახედიდან, საგულისხმოა და მიმზიდველი. მათზე გაიარა ქართული ქანდაკების ისტორიამაც და პლასტიკისა და სკულპტურის სამამულო მასშტაბის „ოპოზიციამაც“. მოქანდაკე –  ეს სიტყვა მათ საამაყოდ აქციეს საქართველოში! მერე წამოვიდნენ და წამოვიდნენ „ახალი ბასილები“ – ნიკოლაძისეული და კანდელაკისეული მეთოდებით. ხაზებით. სირბილეებით. სიმკვრივეებით.  ტექტონიკური  და ატექტონიკური რიტმებით. სიმეტრიებითა და ასიმეტრიებით. „საოცრებებიც“ მოხდა – თითქმის სასწაულად რომ „შერაცხეს“ მაშინ – პირველი ქალი მოქანდაკეები „გამოჩნდნენ“ – ნინო წერეთელი და თამარ აბაკელია – ორი უცნაური და უცნაური ბედისწერის ქალი. ორივე ადრე წავიდა ამქვეყნიდან.

ნინო წერეთელზე ამბობდნენ, საოცარი ძალა ჰქონდაო ამ სიფრიფანა ქალს. ძალას ვინ „დაეძებს“? შარვლითაც ჩნდებოდაო ყველგან. ეჰ, ასეთი დროც იყო – შარვალი უკვირდათ ქალის და როგორ გინდოდა, ამ ეპოქაში მოქანდაკედ დამკვიდრებულიყავი? შეძლო წერეთლის ქალმა მაინც – ზოგადად, წერეთლებს ბევრი რამე „შეუძლიათ“ ქანდაკებაში. ნინოსეული რბილი ფორმები, ჩვენამდე  მოღწეული ჩრდილ-სინათლის ნიკოლაძისეული ვიბრაციები დასტურია იმისა, რომ ქალი-მოქანდაკე რეალობაა. უდავო რეალობა. მით უფრო, რომ ქალებს სხვა ინტუიციაც დაჰყვებათ თან – წინჭვრეტის, განჭვრეტისა თუ წინასწარმეტყველებისა. მაშ, სხვა რა არის ნინოსეული მაიაკოვსკის პორტრეტი, თუ არა პოეტის წინასწარ ნაგრძნობი ტრაგიკული აღსასრული? იქნებ, საკუთარი ტრაგიკული აღსასრულიც იგრძნო? იქნებ, იმასაც ხედავდა, რა ბედი ელოდათ საკუთრივ მის ქანდაკთ – მიმოფანტულთა და გადაკარგულთ?

პირველ ქართველ მოქანდაკე ქალთა შორის თამარ აბაკელიაცაა,  ქართველ ვერა მუხინას რომ ეძახდნენ. მაგრამ მაინცდამაინც არაა სიმართლე. ვერ მოასწრო „მუხინობა“. თუმცა, რაც მოასწრო, დაუფასეს. ან რატომ არ დაუფასებდნენ თუნდაც  „იმელის“ შენობისთვის გამოძერწილ ფრიზებს? აგერ, იმჟამინდელი „საბჭოთა ხელოვნებაც“ წერდა – საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცებისთვის ბრძოლის გზასა და საქართველოს სოციალისტური მშენებლობის სურათებს გამოხატავსო აბაკელიას ფრიზები. კომპოზიციური თხრობის (ახლა ნარატივს რომ ვეძახით)  ოსტატი ჩანსო ამ ნაძერწში. თუმცა, ბერიასთან ერთად გადაღებული მოკრძალებული ფოტოები უფრო თუა ამ დაფასების დასტური, თორემ ჩინ-მედლები და წოდებები არავის გამოუმეტებია ამ ტრაგიკული ქალისთვის, ჯერ კიდევ ახალგაზრდა  ბედისწერას უაზროდ რომ უნდა შეეწირა მალე. ვის პირდაპირ იწირავდა და ვის – გადატანითი მნიშვნელობით ის ეპოქა – სოცრეალიზმის ხანას რომ ვეძახით;  „დიდი სტილის“ ხანას.

ისე, იაკობ ნიკოლაძის ნიჭიერი მოწაფეები, ნამდვილი ოსტატები უმეტესწილად კარგად „ერგებოდნენ“ და ირგებდნენ კიდეც ამ ეპოქას; ჩამოთვლაც კი საკმარისია მათი – ვალენტინ (ვალიკო) თოფურიძე, კოტე მერაბიშვილი, შოთა მიქატაძე –  ეს სამი ანგაჟირებული აკადემისტი. მეოთხეც იყო – სილოვან კაკაბაძე, 1941 წელს სტალინური პრემიის პირველ ლაურეატთა – მანიზერის, მერკუროვის, ტომსკის, მუხინას კამპანიაში რომ აღმოჩნდა. მრისხანე ბელადის თბილისში დადგმული ძეგლისთვის დაადგეს თავზე დაფნა.  არადა,  სტალინის ძეგლთაგან ყველაზე გამორჩეული ბათუმში აღმართული ძეგლი ყოფილა, ვალიკო თოფურიძისა.

თოფურიძის ლენინი ხომ  მთელი კავშირის მასშტაბით იყო თითით საჩვენებელი (აბა, მარტო მისი ლენინი კი არ იშვერდა თითებს?)! არადა, რამდენი ლენინი და სტალინი კეთდებოდა იმხანად? მარტო 1938-41 წლებში  ქარხანაში  „მონუმენტსკულპტურა“  ჩამოისხა: სტალინი – 2647 ფიგურა და 4096 ბიუსტი; ლენინის 4298 ფიგურა და 5058 ბიუსტი; და ამ სტატისტიკის მიღმა corps social –  კოლექტიური სხეულის რამხელა ტოტალიტარული  „შიში და ცახცახია“!

„პიროვნების კულტმა“ „ნაგვის კულტი“ დაგვიტოვა. ნაგვად ქცევას გადაურჩა ჭიათურის თეატრის ფრონტონზე  წამოჭიმული „გამარჯვება“ –  გასაბჭოებული ნიკეს ეს ექსტატიური ფიგურა! რას იზამ – ანგაჟირებულობის ნაკლიცა და სპეციფიკაც  ესაა – საუკეთესოებსაც კი  დაუნდობლად „ჩამოწერს“  და განდევნის კულტურიდან. არადა, იყო დრო, როცა თოფურიძე მართლაც „სანიმუშოდ“ იქცეოდა სტალინური (და პოსტსტალინური) შიშის ატმოსფეროში. მეტიც, იმდენად გაითავისა ტოტალური ეჭვიანობისა და  ცოცხალი სულის სისხლიანი დევნის  ატმოსფერო, რომ  თავად იქცა სისტემის „ნამდვილ წევრად“ – თავად უბერავდა სულს ამ ატმოსფეროს, თავად კვებავდა და  ამართლებდა. თოფურიძის ნამუშევრებში ლამის  „ორგანულადაც“  კი იყო მოდელირებული შიშის ატმოსფერო; პირველადი ატმოსფერო, სადაც აღარ იყო დარჩენილი ადგილი ეროსისადმი (თანატოსისადმი – რამდენიც გნებავთ!); იმ ეროსისადმი, როგორც მგრძნობელობის მეორე სახელისადმი, 1930-იან წლებში  გამოძერწილ ქალთა პორტრეტებში რომ „ჩაქვავდა“. თუნდაც, „რენას“ შიშველი ფიგურა გავიხსენოთ, იმ რენასი, ბოლომდე რომ დარჩა მოქანდაკის „მუზად“ და  თოფურიძის სააკადემიო საქმეთა მწარმოებლად. კიდევ კარგი, სიცოცხლის ბოლოს ისევ მოიცალა თავისთვის  და  1980 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ქალის ისეთი პორტრეტი დაგვიტოვა, ყველა დროს რომ გაუძლებს და დაგარწმუნებს, მხოლოდ ლენინ-სტალინი რომ არ ყოფილან თოფურიძის მუზები.

კოტე მერაბიშვილს მაინც უფრო „სწყალობდა ბედი“. მისეული ბელადები თუ  საბჭოთა ნომენკლატურული პერსონები  მონუმენტალისტის გამოუცდელი თვალხელით შესრულებულმა და  დაუვიწყარ 1937 წელს აღმართულმა შოთა რუსთაველის  ძეგლმა გადაჩრდილა. საარაკო მამა-შვილობა ჰქონდათ კოტე და მერაბ მერაბიშვილებს. პოლიტიკურ და მილიტარულ მამლუქთა გაძეგლება დაებედა ორთავეს. თავადაც მამლუქები იყვნენ -სოცრეალიზმის რესპექტაბელური მამლუქი-აკადემიკოსები. პატარა მერაბიშვილის ქანდაკთაგანაც ჯერჯერობით, ორი დიდი რუსის – ალექსანდრ  გრიბოედოვისა და პეტრე ბაგრატიონის ძეგლები შემორჩა ხსოვნის ადგილებს.  ფრთხილი კაცი იყო. თავის კბილა მოქანდაკეთაგან  სულ განზე იდგა და მამის ჩრდილს ეფარებოდა. და  რას წარმოიდგენდა, რომ საქართველოში ოდესმე გრიბოედოვსაც აითვალწუნებდნენ და გენერალ  ბაგრატიონსაც (ისე,  „ბაგრატიონი“  კოტეს ნახელავი იყო და ვაჟიშვილს მიაწერა „ავტორობა“). მამა-შვილი მერაბიშვილი ვერც სერგო ორჯონიკიძის, თავისთავად, პატიოსნად შესრულებული ძეგლის ბედისწერას განჭვრეტდნენ. სამაგიეროდ, სამარადჟამოდ გადარჩა 1937 წელს დადგმული „რუსთაველი“ კოტე მერაბიშვილისა – ერთ დროს ლავრენტი ბერიას ფავორიტი მოქანდაკის ქრესტომათიული ნამუშევარი!

 შოთა მიქატაძესაც  „გვიან გაახსენდა“ თავისი სიამოვნებისთვის ქანდაკების გაკეთება. რას ვიზამთ? სოცრეალიზმი სხვისთვის ითხოვდა ყველასა და ყველაფერს. კიდევ კარგი, სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე მაინც მოასწრო მიქატაძემ თავისი „შემოდგომის გაზაფხულის“ დასრულება – მაიოლისეული „ქართველი პომონა“ გამოძერწა – გაზაფხულივით უხვი და ნოყიერი. ნაყოფიერიც, ალბათ. მთელი ცხოვრება „ავლებდა“ ხელს ამ „გაზაფხულს“. ელაციცებოდა. ქმნიდა. უფრთხილდებოდა. უბრუნდებოდა. ტოვებდა. მაინც ვერ იმეტებდა და ბოლოს სწორედ ამ „გაზაფხულმა“ დატოვა მისი სახელიც. თუმცა, არის კიდევ ერთი ქანდაკი – პატარა ჯუნას სახე გამოუთლია მარმარილოში მამას, ალექსანდრე სევერუსის რომაულ პორტრეტსაც რომ ჩამოჰგავს. სულ რაღაც 7 წლის ბიჭის, რომლის ცარიელ თვალებშიც საყვარელი შვილის გასავლელი ცხოვრების მთელი ტრაგიზმია ჩატეული.  არადა, მამამ, ალბათ, ვერც გააცნობიერა, რას თლიდა მისი ხელიდან ბასილის ჩაქუჩი. რას უწინასწარმეტყველებდა ეს სიცარიელე ამ პატარა ბიჭს, დროულ ასაკში  მთელი ქვეყნის სამუდამო მეკვლე პაჭუდ (გურამ პატარაიას „კუჩხი ბედინერი“) რომ იქცა;  თბილისის ქუჩებს კი შემორჩა ქანდაკებები, რომელთა ავტორობაც ჯუნა მიქატაძეს მიეწერება. სპორტის სასახლის „მზეჭაბუკიდან“ ჭავჭავაძის პროსპექტის „გალაკტიონამდე“ გზა არც ისე დიდია – სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრი.  არადა, რა დიდია სხვაობა მათ ენებს შორის. ანტიკურობის რიმეიკიდან როდენის „ბალზაკის“ ალუზიამდე ვინ იცის, რამდენი „კილომეტრია“; მოქანდაკე მგრძნობიარე და დელიკატურია მსოფლიო  ქანდაკების ციტატურობის მიმართ და ეს სულაც არ არის დანაშაული. იქნებ, საბჭოური ქანდაკების კანცელარიული „სტილიდან“ გამოსვლისთვის სწორედ ეს არც თუ ისე მოკრძალებული ციტატურობა იყო გამოსავალიცა და თავისებური კულტურული კონტრაბანდაც.

ზოგიერთს კონტრაბანდა არც სჭირდებოდა. ბორის ციბაძე იყო ასეთი! მისი „ბარათაშვილია“ ამის დასტური –  დასტური იმისა, რომ ნამდვილი ბასილი იყო ციბაძე და მისი საჭრეთელი განსაკუთრებულად ჭრიდა – ასეთი ბარათაშვილი ვერავინ „იპოვა“ ვერც მანამდე და ვერც – მერე. ევროპეისტი იყო ტატო, აბა, რა. ერთ-ერთი პირველი ევროპეისტი. ევროპული ფრაკით გააკეთა ციბაძემ. თავი ოდნავ დაუხრია პოეტს. თვალები მოუხუჭავს. თითქოს, ეშინია, გაახილოს. უფრთხის იმას, რაც თვალახელილს დახვდება. იძულებითი თუ ნებაყოფლობითი  სიბრმავეა და „უტყვობაა“ მისი „ბედი მდევარი“. თითები კი, ბარათაშვილის თითები, პიანისტისას მიაგავს. არავითარი სტილიზაცია! არავითარი გამოგონილი პოეტურობა!  ბორის ციბაძე – ქართული ქანდაკების ეს „უსახელო სახელი“ – რომანტიკოსი პოეტის ელეგანტურ ფიგურას ძერწავს და ზომიერი მონომენტალური ჩაღრმავებით სავსე სახეს წარმოგვიდგენს; ზედმეტი პოზიორული იმიჯის გარეშე გვაჯერებს ბარათაშვილის „სწორედ ასეთი“ ხატის ნამდვილობაში.

ასე შემოდიოდა ჩვენში დროული პლასტიკური ხატები, ხანდახან „ზედროულშიც“ რომ გადადიოდა. და ასე შემორჩნენ დღემდე ბიძინა ავალიშვილი „გალაკტიონით“ (ბრმა ჰომეროსს რომ ჰგავს),  თეიმურაზ ასათიანი „სპარტაკ ბაღაშვილით“, ფარნაოზ მზარეულიშვილი „ვაჟა-ფშაველას პორტრეტით“, ზაქრო კრაწაშვილი „სერგო ზაქარიაძით“, ეთერ კაკაბაძე „ნანას პორტრეტით“.

აი, გურამ კორძახია კი სადიპლომო ნამუშევრით დარჩა ისტორიას. მაიაკოვსკის ფიგურით. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი პოეტი ნერვიულად მოდის ჩვენკენ. ჯიქურ. იძულებული ხარ, დაიხიო და გზა დაუთმო. რაღაცით გაშინებს მისი ძალა. ძალა და ვნება. ვნება და სიმტკიცე. სიმტკიცე და ტრაგიზმი. გაჩერებულია პოეტი და მაინც მოდის. იმ ნაბიჯსაც კი გრძნობ. მთავარი ესაა – მაიაკოვსკი ახლა, ამ წამს, ამ რეალობაშიც მოდის. ბასილის ხელდასხმულთ შეეძლოთ ასე მხოლოდ. არადა, როგორი ცოტანი იყვნენ და მათგანაც რამდენმა გაუძლო გზას ბასილის ჩაქუჩიდან როდენის ფარგლამდე.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…