I ნაწილი
თეატრს აქვს ერთი საიდუმლო, თითქმის მაგნიტური ჯადო – მას შეუძლია მწერლის მედიტაციიდან გამოხმობა და იმ პირობით სივრცეში შეტყუება, რომელშიც სიტყვამ ხორცი უნდა შეისხას. როდესაც ბუნების უზენაესი მესაიდუმლე, ღმერთსა და სამყაროსთან პირისპირ მოსაუბრე მთის მოაზროვნე და ენის უბადლო დემიურგი, ვაჟა-ფშაველა, თავის ეგზისტენციალურ განმარტოებას ტოვებს და საკუთარ თავს სცენაზე სცდის, ეს მხოლოდ ჟანრობრივი ექსპერიმენტი ან ეპოქის მოთხოვნისადმი ხარკი აღარაა. საქმე გვაქვს იმის დამოწმებასთან, რომ თეატრალური ხელოვნების მეტაფიზიკა იმთავითვე ატარებს სამყაროს გათამაშების, მისი ტრაგიკული კოლიზიების სხეულებრივად განცდისა და გარდაქმნის კოსმიურ ჟინს. კაცი, რომლისთვისაც სამყარო სულიერი დრამით იყო სავსე, სცენურ სივრცეშიც ხედავდა იმ ცოცხალ საკურთხეველს, რომელშიც პოეტური ონტოლოგია, მითოსური მეხსიერება და ადამიანური ტრაგედია ერთად იყრის თავს. მართალია, ასაკის გამო ვაჟას უშუალო მონაწილეობა არ მიუღია ქართული თეატრის აღდგენაში, არც შემდეგ გამოუჩენია ინიციატივა ან სურვილი თეატრის პატრონობისა, არც რეჟისორის მისია უტვირთავს, როგორც ვ. კიკნაძე წერს: „სპეციალურად არ უკვლევია თეატრის პრობლემები და თითქოს ნაკლებადაც ფიქრობდა ხელოვნების ამ დარგზე, მაგრამ მთელი მისი შემოქმედება ეს არის თავისებური, უდიდესი მასშტაბის თეატრი, სადაც ტრაგიკული ნიღბების გათამაშება ხდება“ (კიკნაძე 1983: 142). აქ მოქმედებენ არა უბრალოდ პერსონაჟები, არამედ ტრაგიკული ნიღბები, რომლებიც ეგზისტენციალურ კოლიზიებს ათამაშებენ სამყაროსა და ინდივიდის დაპირისპირების ფონზე. მისი პოეზია თავადვეა გაჯერებული დრამატიზმით, სადაც ბუნების სტიქიები და ადამიანის სულიერი ბრძოლა სცენურ მოქმედებად გარდაისახება.
ისტორიული წამი
ვაჟას ბიოგრაფიაში არსებობს ერთი უნიკალური ეპიზოდი მსახიობად მოვლენისა. იოსებ გრიშაშვილისა და მაკო საფაროვას მოგონებები ინახავს ამ ისტორიულ წამს: ვაჟა-ფშაველამ სცენაზე განასახიერა ხინჩლა ლაფაჩის როლი პიესაში „ხევსურთა ქორწილი“ (გრიშაშვილი 1960: 50). საინტერესოა ამ მოვლენის კულუარული მხარე: იდეა, რომ „მთების მგოსანი“ სცენაზე გამოსულიყო, გენიალურ ვასო აბაშიძეს ეკუთვნოდა. ეს არ იყო მხოლოდ თეატრალური ექსპერიმენტი; ეს იყო მცდელობა, სცენასა და რეალურ ცხოვრებას შორის ზღვარი წაშლილიყო. მაკო საფაროვას მოგონებები ფარდას ხდის ერთ მეტად საინტერესო პარადოქსს: ვაჟა-ფშაველა, რომლის პოეტური სამყარო თვისობრივად უაღრესად დრამატული და სცენურია, უშუალოდ სცენაზე მსახიობის ამპლუაში, სრულიად უმწეო აღმოჩნდა: „დიდ პოეტს ძლიერ უყვარდა თეატრი, ხშირად ჩამოაგდებდა მუსაიფს სასცენო ხელოვნებაზე, ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის თეატრის მნიშვნელობაზე და ჩვენი თეატრის უმწეო მდგომარეობაზე. ყველა ჩვენ მსახიობთაგან მეგობრულ განწყობილებაში იყო და ჩამოვიდოდა თუ არა თბილისში, წარმოდგენებს არ დააკლდებოდა… ჩემმა ქმარმა ვაჟა-ფშაველას თეატრისადმი ასეთი სიყვარულით ისარგებლა და ერთხელ, როცა მგოსანი ამ საკითხზე გატაცებული ბაასობდა, დიპლომატიურად შეაპარა:
– ჰოდა, კაცო, მაგრე რომ გიყვარს თეატრი, მოდი, ერთხელ დაგვეხმარე, შემწეობა გაუწიე ჩვენს საქმეს, რა გიშავს!
– დიდი სიამოვნებით – უპასუხა ვაჟამ – თუკი რამ შემიძლია, მითხარი და გავაკეთებ!
– აი, ჩვენ ამ ახლო ხანში უნდა დავდგათ პიესა „ხევსურთა ქორწილი“. შენ ხომ გიყვარს მთიელები და ეს პიესა სწორედ მთიელთა ცხოვრებიდან არის აღებული. მოდი, გაბედე და ამ პიესაში შენ ნეფე ითამაშე, ჩემი ცოლი კიდევ პატარძალს ითამაშებს, შენც ისიამოვნებ და ჩვენც შემოსავალს შეგვმატებ, რას იტყვი, ჰა!
– დიდი სიამოვნებით, თუ ამისთანა პატარძალი მეყოლება, იქნებ გავბედო თამაში, მაგრამ შენ სკანდალისტი ხარ და ჩხუბი არ ამიტეხო. თუ ქორწილის დროს სულმა წამძლია და პატარძალს ვაკოცე – ღიმილით უპასუხა ვაჟამ.
ამნაირად, მგოსნის სცენაზე გამოსვლა გადაწყდა… დიდებულმა მგოსანმა სუსტად შეასრულა ნაკისრი როლი. მეტად სუსტი იყო სიმღერის დროს. ამ პიესაში სასიმღერო ჰქონდა. ერთი სიტყვიდან მეორემდე ისე აჭიანურებდა, რომ ხალხმა კინაღამ დაიძინა. მერე ვასომ ჩუმად ჩაულაპარაკა: ჩქარა, კაცო, ხმა ამოიღე, თორემ ხალხს ჩაეძინაო… დიდი მგოსანი ძალიან სუსტი მსახიობი აღმოჩნდა. მაგრამ, ჩვენ მაინც მიზანს მივაღწიეთ: იმ დღეს ვაჟას წყალობით ძალიან კარგი შემოსავალი გვქონდა“ (საფაროვა 1947: 137-138).
არც თავად ვაჟა დარჩენილა კმაყოფილი თავისი სამსახიობო დებიუტით და ამის შემდეგ ის სცენაზე, როგორც მსახიობი, აღარ დამდგარა, თუმცა მონაწილეობდა დივერტისმენტებსა და ლიტერატურულ საღამოებში. მაყურებელი ყოველთვის აღტაცებით უსმენდა მის ლექსებს და ოვაციებსაც უმართავდა.
***
პირველი წერილობითი ცნობა, რომელიც ვაჟა-ფშაველას დივერტისმენტში მონაწილეობას ადასტურებს 1886 წლის 27 მაისით თარიღდება. გაზეთ „ივერიაში“ (N112, 1886) დაიბეჭდა განცხადება, რომ პარასკევს, 30 მაისს გაიმართებოდა წარმოდგენა, ალ. ყაზბეგის „არსენა“, ხოლო დივერტისმენტში „სხვათა შორის მონაწილეობას მიიღებენ“ ბატონები ვაჟა-ფშაველა, მოხევე და სხვანი.
თეატრი – სულისჩამდგმელი ერისა
ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში არ გვხვდება წერილები თეატრის შესახებ, თუმცა მისი პოეტური ონტოლოგია ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ სცენა მისთვის ერის სულიერი გადარჩენის საძირკველი იყო. პოეტის აზრით, თეატრი ხელოვნების ტაძარია, სულისჩამდგმელი ერისა, რომლის გარეშეც ერი ვერ ერობს. ნატო გაბუნიასადმი მიძღვნილ ლექსში ვკითხულობთ:
„სულის ჩამდგმელი ერისა,
ხელოვნებისა ტაძარი,
ურომლოდ ერი ვერ ერობს
და არც გრძნობა აქვს მაგარი.“
ნატო გაბუნიასადმი მიძღვნილი ეს სტრიქონები წარმოადგენს თეატრის ფუნქციის უნიკალურ ფორმულირებას: თეატრი არის ადგილი, სადაც ეთნოსი იქცევა ერად, სადაც კოლექტიური გრძნობა ყალიბდება და მტკიცდება. ვაჟას ურთიერთობა თეატრალურ ელიტასთან პიროვნული პატივისცემითა და შემოქმედებითი სოლიდარობით იყო გამსჭვალული. მისი აქტივობა ამ მიმართულებით ქრონოლოგიურად ასე გამოიყურება:
1889 წლის ჟურნალ „თეატრის“ პირველ ნომერში დაბეჭდა ლექსი „ქართულ ტრუპპას“;
1892 წლის 15 იანვარს მონაწილეობა მიუღია ელისაბედ ჩერქეზიშვილის საბენეფისოდ გამართულ საღამოზე ქართულ თეატრში;
1909 წელს დაწერა ლექსი „სახსოვარი“, მიძღვნილი ნატო გაბუნიასადმი;
1913 წელს წერს ლექსს „ვლ. მესხიშვილის საიუბილეოდ“;
განსაკუთრებით საგულისხმოა 1913 წლის წერილი დრამატული საზოგადოებისადმი, რომელშიც ვაჟა, როგორც ერის სინდისი, მზაობას გამოთქვამს ლექსით მიესალმოს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის იუბილეს: „დიდად გმადლობთ ყურადღებისათვის, ამიტომ გაცნობებთ: პატივცემულ მსახიობ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის იუბილეის დროს ლექსს წავიკითხავ. პატივისცემით ვაჟა-ფშაველა“ (ჭრელაშვილი 2003: 55).
1914 წელს პოეტს დაუწერია ლექსი „კოტე ყიფიანის საიუბილეოდ“; 1915 წელს – „არად მიღირს“, მიძღვნილი ისევ ნატო გაბუნიასადმი (გეწაძე 1991: 170-193).
მცირე დრამატურგია
რადგან ვაჟა-ფშაველას ინტერესთა სფეროში მოქცეული იყო ქართული თეატრი, ბუნებრივია, ეს გზა დრამატურგიაზეც გადიოდა. „1889 წელს ვაჟა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდა თეატრალურ საზოგადოებას. სწორედ მათი წაბიძგებით ამავე წელს ზედიზედ დაწერა და გამოაქვეყნა „მცირე ზომის პიესები“ (ხარნაული 1987: 148). თუმცა, ეს პიესები უფრო საკითხავი ხასიათისაა (lesedrama), ვიდრე – სცენისათვის განკუთვნილი. ისიც ითქვა, რომ „ავტორს არ უცდია ამ სცენებში რაიმე ღრმა პრობლემის ან თემის გაშუქება“ (ქართული… 1974: 486). მიუხედავად იმისა, რომ ვაჟას ინტერესი თეატრისადმი გულწრფელი იყო, მისი მცირე პიესები ქართული თეატრის რეპერტუარში ორგანულად ვერ დამკვიდრდა. თუკი ტრადიციული საბჭოთა კრიტიკა მიიჩნევდა, რომ ავტორს ამ სცენებში „ღრმა პრობლემების გაშუქება“ არც კი უცდია.
დღეს ეს პიესები უკვე განიხილება, როგორც ვაჟას დიდი პოემების ერთგვარი დრამატული „ესკიზები“, რომლებშიც კიაფობს პოეტისათვის დამახასიათებელი ეგზისტენციალური კოლიზიები. ფაქტია, რომ ვაჟა-ფშაველას მცირე დრამატურგია დარჩა ქართული მწერლობის იმ ნაწილად, რომელიც თეატრალურმა პრაქტიკამ სრულფასოვნად ვერ აითვისა.
ზოგიერთის აზრით, „ვაჟა-ფშაველამ, როგორც დრამატურგმა, მხოლოდ ერთი პიესა მოგვცა – ეს გახლავთ „მოკვეთილი“ (გურული 1961: 3). ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებას, რომელიც სრულ უცოდინარობაზეა აგებული, ხშირად იმეორებენ თანამედროვე თეატროლოგებიც. სინამდვილეში ვაჟა-ფშაველა ავტორია შემდეგი პიესებისა:
- „სცენა მთაში“ (ხევსურების ცხოვრებიდამ);
- „სცენები“ (ფშავლების ცხოვრებიდამ);
- „სცენები“ (სცენა ხევსურეთში, ბარში);
- „მოკვეთილი“ – დრამა 5 მოქმედებად (ფშავლების ცხოვრებიდან);
- „ტყის კომედია“;
და ორიც დაუმთავრებელი:
- „ბიურო ფშავში“;
- „გული-ბედკრული“.
მასვე ეკუთვნის თარგმანები:
- ბედნიერი დღე“ – ნაწყვეტი ა. ოსტროვსკისა და ნ. სოლოვიოვის პიესისა (А. Н. Островский, Н. Я. Соловьев, „Счастливый день“, Сцены из жизни уездного захолустья в трех действиях) (იხ. ვაჟა-ფშაველა 1961; ვაჟა-ფშაველა 1936; ვაჟა-ფშაველა 1972);
- შილერის „ორლეანელი ქალი“ – დრამატული პოემა შილერისა.
სამსონ ფირცხალავა იგონებს: „ვაჟა-ფშაველას მძიმე მდგომარეობას რომ ვხედავდი, მინდოდა, რითიმე დავხმარებოდი. ერთხელ ვურჩიე, შილერის ტრაგედია „ორლეანელი ქალი“ გადმოეთარგმნა და წარმოედგინა გამგეობაში… ვაჟამ მოკლე დროში შეასრულა თარგმანი და მოუტანა გამგეობას, რომელმაც ილია ჭავჭავაძეს გადასცა გასასინჯად. ილიამ არაფერი დასკვნა არ წარმოადგინა და წიგნი გამოუცემელი დარჩა… ვურჩიე დრამატულ საზოგადოების გამგეობას, 1904 წლის სეზონი „ორლეანელი ქალის“ წარმოდგენით დაეწყო. გამგეობა დამეთანხმა და მაშინვე მივწერე ვაჟას: ძმაო ვაჟა, როგორც კი მიიღო ეს წერილი, დაუყონებლივ აფრინე შენი „ორლეანელი ქალი“. მაგ პიესით გაიხსნება სეზონი 23 ოქტომბერს, ამიტომ ახლავე უნდა შევუდგეთ მზადებას. მერე საზოგადოებასაც გამოვაცემინებთ“. ვაჟასგან პასუხი ვერ მივიღე. წერილი გავუმეორე, სხვამაც მისწერა, ხოლო შედეგი არ მოყვა რატომღაც და შილერის პიესის ქართულ სცენაზე წარმოდგენა არ მოხერხდა“ (ხუციშვილი 1966: 239-240).
ალექსანდრე ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედებითი დიალოგი შეუდრეკელი სულის გაცოცხლების ორი განსხვავებული გზაა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ავტორი მთიელის შეუდრეკელ სულს აცოცხლებს, ყაზბეგთან სიუჟეტი ხშირად სასიყვარულო ფონზე იშლება (გაჩეჩილაძე 1963: 303) და გარეგნული დინამიკით ხასიათდება. ვაჟასთან სიყვარული მხოლოდ ამოსავალი წერტილია. მთავარი აქცენტი გადატანილია ხასიათების ფსიქოლოგიასა და კონფლიქტის ფართო პლანზე „და, რაც მთავარია, როგორც ვაჟას პოემებში, ასევე „მოკვეთილშიც“ პიროვნება იღვიძებს, ცოცხლდება „ეგოს“ უსაზღვრო მასშტაბი თავისი სიდიადითა და წინააღმდეგობრიობით. „მოკვეთილი“ ფსიქოლოგიური დრამაა, რომელიც ადამიანის სულიერი სამყაროს მოძრაობაში … სიღრმით იხედება“ (გაჩეჩილაძე 1963: 305). ვაჟა-ფშაველამ „მოკვეთილით“ ქართულ თეატრს მისცა ის, რაც მანამდე აკლდა — ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური დაძაბულობა. პიესა გასცდა უბრალო „საკითხავ“ ჩარჩოებს და იქცა ცხოველმყოფელ სცენურ მასალად.
„ეთერიდან“ „მოკვეთილამდე“
ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ვაჟა-ფშაველას შემოქმედების კავშირი სცენასთან არა „მოკვეთილის“ პრემიერით, არამედ გაცილებით ადრე, 1895 წელს, რუსეთის იმპერიის დედაქალაქში, პეტერბურგში დაიწყო. ეს იყო ეპოქისათვის პოპულარული ჟანრი – „ცოცხალი სურათები“, რომელშიც ლიტერატურული სიუჟეტი მსახიობთა სტატიკური, მონუმენტური პოზებითა და ფერწერული დეკორაციით ცოცხლდებოდა. 1895 წლის 25 იანვარს პეტერბურგში „ქართულ საღამოზე“ წარმოუდგენიათ ვაჟას „ეთერის“ ცოცხალი სურათები. ლიტერატურის მუზეუმში დაცულია სამსონ ფირცხალავას მოგონება (N10735-6, რვ. 2), რომელშიც ვკითხულობთ: „ერთხელ დავდგით ცოცხალი სურათები ვაჟა-ფშაველას პოემიდან („ეთერი“), რომლის ესკიზები დაგვიხატა გამოჩენილმა მხატვარმა და მოქანდაკემ მ. მიკეშინმა (უკრაინელი იყო). ნახატები საუკეთესოდ იყო შესრულებული, მაგრამ სახეები ძალიან წააგავდა უკრაინელებისას“. ქართველების მიერ გამართულ საღამოს პეტერბურგში გამოეხმაურა გაზეთ „ნოვოსტის“ კორესპონდენტი ვინმე Nemo (სავარაუდოდ იგივე ალექსანდრე ამფითეატროვი) (ხუციშვილი 1961: 245). პეტერბურგის გაზეთის ცნობა გადმობეჭდა თბილისის გაზეთმა „ნოვოე ობოზრენიე“ (N3814, 1895).
გარდა ამისა, 1895 წლის ჟურნალ „კვალში“ დაიბეჭდა სტუდენტ ვ. თოფურიას წერილი „ქართული საღამო პეტერბურგში“: „სულ ბოლოს დადგმულ იქნენ ცოცხალი სურათები ჩვენი ნიჭიერი პოეტი ვაჟა-ფშაველას პოემიდან „ეთერი“. სურათები დადგეს მხატვარმა-აკადემიკოსმა მიკეშინმა და სტუდენტმა რერიხმა “ (თოფურია 1895: 3).
1961 წელს გაზ. „ვეჩერნი ტბილისში“ დაიბეჭდა ს. ლეკიშვილის წერილი „ვაჟა-ფშაველას „ეთერი“ პეტერბურგში“, რომელშიც ამ საღამოს დეტალებს იხსენებს.
როგორც ვხედავთ, პეტერბურგში გამართულმა „ქართულმა საღამომ“ დიდი გამოხმაურება პოვა იმდროინდელ პრესაში. ეს იყო ეროვნული თვითმყოფადობის დემონსტრირება იმპერიის ცენტრში. თავად ფაქტი, რომ ვაჟას სცენური ბიოგრაფია არა პროფესიული თეატრის კედლებში, არამედ სახვითი ხელოვნებისა და ლიტერატურის სინთეზით დაიწყო, შემთხვევითი არ არის. ვაჟას პოეზია თავისი ბუნებით პლასტიკურია – ის ითხოვს ვიზუალიზაციას, მონუმენტურობასა და ფერწერულ სიღრმეს – ეს ყოველივე შემდგომში „მოკვეთილის“ დადგმებში უკვე დრამატულ მოქმედებაში გადაიზარდა.








