გიორგი ცქიტიშვილი რეცენზია

ვინ არის მაიორი კოხი?!

, , ,

სასამართლო პროცესი, თავისი გარეგნული ფორმით, ერთგვარ პერფორმანსს არ გაგონებთ?.. თითქოს, რაღაც საიდუმლო საკულტო რიტუალს ასრულებენ, ისე არიან საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულნი მონაწილენი. კარგად დააკვირდით მოსამართლეებს!.. გრძელ მანტიებში გახვეულებს თავზე უცნაური (შეიძლება ითქვას, სულელური!..) წოწოლა, მაღალი, სასაცილო ფოჩებით დასრულებული ქუდები ახურავთ… არადა, ძალზე სერიოზული გამომეტყველება აქვთ. ხუმრობა საქმე ხომ არ არის?!.. ადამიანთა ბედს წყვეტენ, მათ მომავალს განსაზღვრავენ…

ვერ ვიტყვი, რომ ფერდინანდ ფონ შირახის[1] ნაწარმოები (რომლის ქართულ ენაზე თარგმანიც დავით კაკაბაძეს ეკუთვნის) განსაკუთრებულია. მასში ვერც ორიგინალურ, მოულოდნელ დრამატურგიულ სვლებსა თუ მიგნებებს აღმოაჩენთ; არც სიღრმისეული, მრავალმნიშვნელოვანი ქვეტექსტებითაა მდიდარი; ვერც მოქმედ პირთა ხასიათების ოსტატური ძერწვითაა გამორჩეული; თუმცა, მაყურებელს მაინც აინტერესებს. მით უფრო, რომ სპექტაკლზე მისულთ თამაშის უცნაურ პირობას სთავაზობენ. სწორედ მათ, დარბაზში მყოფებმა უნდა გამოუტანონ საბოლოო  განაჩენი ბრალდებულს… მაყურებელი სულგანაბული, მთელი არსით ერთვება წარმოდგენის მსვლელობაში.

თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი „ტერორი“ ორჯერ ვნახე. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მაყურებელი იდეალურად იქცეოდა; მობილურები ისევ რეკავდა. ანთებული ეკრანებიც ციცინათელებივით ბჟუტავდა მაყურებელთა ჩაბნელებულ დარბაზში. თუმცა, ყველაფერი შედარებითია; სხვა დროს უარესიც გვინახავს.

სპექტაკლი რეჟისორმა თემო კუპრავამ დადგა (მასვე ეკუთვნის მუსიკალური გაფორმება); მხატვარი ანკა კალატოზიშვილია; ვიდეოპროექცია დათა დვალიშვილისაა. დარბაზში შესულნი, თითქოს, პირდაპირ სასამართლო პროცესზე ვხვდებით. სცენის წინ აღებულია პარტერის 5 თუ 6 რიგი და კიდევ უფრო ჩართულნი ვართ მოვლენებში. მოსამართლე (ეკა ჩხეიძე) თავიდანვე ღიმილით გვაუწყებს, რომ სწორედ ჩვენ, მაყურებელთა დარბაზში მყოფნი ვართ ის ნაფიცი მსაჯულნი, ვინც განაჩენი უნდა გამოიტანოს.

სცენა სასამართლო დარბაზს წარმოადგენს. თეთრი ფერი სჭარბობს. ერთი შეხედვით, ის სიწმინდის, სისპეტაკის, შეურყვნელობის, პირველქმნილობის სიმბოლოა, თუმცა, საავადმყოფოს პალატისათვის დამახასიათებელი სტერილური უფერულობაც იგრძნობა. სითეთრე გადაჰკრავს მაგიდასა თუ სვეტებსაც (ანტიკური ხანის ცრუ დეკორაციად რომ აღიქმება). ამდენად, დამდგმელისა და სცენოგრაფის ორმაგი, ირონიული დამოკიდებულება თავიდანვე თვალშისაცემია. არის კი თანამედროვე სასამართლო დარბაზი სამართლიანობის სიმბოლო?!.. თუ ისიც დასნეულებულია?!..

სცენაზე ორი მხარეა. ერთს მოსამართლე, პროკურორი (ანუ – ბრალმდებელი) წარმოადგენს; მეორეს კი – ბრალდებული (ანუ განსასჯელის საბრალდებო სკამზე მყოფი) და მისი უფლებების დამცველი – იგივე ვექილი, თუ ადვოკატი. მოსამართლე თავშეკავებულია; ძირითადად გვერდიდან აკვირდება მოვლენებს. თუმცა, „აბეზარი“ ადვოკატის წინააღმდეგ სასტიკად ირონიულია. ე. ჩხეიძის სცენური პერსონაჟი არცერთ ეპიზოდში არ კარგავს თვითკონტროლს; მიუხედავად მწვავე, კონფლიქტური სიტუაციებისა, იგი ინარჩუნებს თავშეკავებას, ავლენს უკიდეგანო მოთმინების, წონასწორობის უნარს; არც ხმას უწევს. მისი მომაკვდინებელი იარაღი სიმშვიდე და ირონიაა. მსახიობი ბოლომდე ინარჩუნებს ზომიერების გრძნობას; არსად აჭარბებს და ყოველ წუთს ორგანული, დამაჯერებელია.

ბრალმდებელს ორი შემსრულებელი ჰყავს. ნატალია გაბისონია ძალზე კირკიტა, ყველა წვრილმანის სკრუპულოზურად მჩხრეკავი პროკურორის სცენურ სახეს ქმნის. არის წუთები, როცა გაღიზიანებს, ნერვებს გიშლის მისი ხმის ინტონაციაც კი. მსახიობი უდავოდ ახერხებს ამას. რაღაც მომენტში, ის ბრალდებულისა და მისი დამცველის მიმართ აშკარად ცინიკურიც კია. იგივე როლს ანუკი ბუბუტეიშვილი სულ სხვაგვარად ასახიერებს. იგი ზედმიწევნით მკაცრია, სერიოზული. ცდილობს, ყველა ნიუანსი გაიაზროს, გააანალიზოს. გარეგნულად უფრო თავშეკავებულია. ზედმეტის უფლებას არც საკუთარ თავს აძლევს და არც სხვას აბედვინებს. მას ბოლომდე სჯერა საკუთარი პოზიციის.

მგრძნობიარე და ემოციურია ნინი კვირიკაშვილის მიერ განსახიერებული ადვოკატი. ქალს ყველაფერი გულთან მიაქვს. ლამის საკუთარი კანიდან ძვრება, რომ თავისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობა დაამტკიცოს. მაყურებელს  ეჭვი უჩნდება, რომ ამგვარი საქციელი, ცოტა არ იყოს, ზედმეტიც კია ადვოკატისგან. თითქოს მოსწონს კიდეც მას ბრალდებული.

ამავე როლში უფრო ცივი, გაწონასწორებული და რაციონალურია ნინი ნოზაძე. ის რუტინული გულმოდგინებით მიუყვება სასამართლოს სხდომის მსვლელობას; ცდილობს,  ხელთ არსებული ყველა არგუმენტი საქმის საბოლოოდ მოსაგებად გამოიყენოს. მოქმედებს ისე, როგორც საქმის ზედმიწევნით კარგად მცოდნე ადამიანს მოეთხოვება.

ვფიქრობ, დამდგმელმა რეჟისორმა რთული და თანამედროვე ქართულ თეატრში არცთუ ისე პოპულარული გზა აირჩია – საკუთარი ჩანაფიქრის მაყურებლამდე მისატანად მსახიობი გამოიყენა. ამიტომაც გამოჩნდა არაერთი საინტერესო აქტიორული ნამუშევარი სპექტაკლში. არც ის არის შემთხვევითი, რომ მოსამართლე, პროკურორი და ადვოკატი ქალები არიან. რეჟისორმა ააღორძინა ქართული თეატრის ერთი ტრადიციაც – როლზე ორი შემსრულებელი აიყვანა. ამასთან,  მსახიობები მექანიკურად კი არ იმეორებენ სცენური გმირის ხასიათის ერთსა და იმავე მონახაზს, არამედ, საკუთარი ინდივიდუალური მონაცემებიდან გამომდინარე, განსხვავებულ მხატვრულ  სახეებს ქმნიან. ჩემი აზრით, ეს უდავოდ მისასალმებელი, მხარდასაჭერი მოვლენაა და თეატრში ჯანსაღი კონკურენციის პრეცედენტს შექმნის. თანაც, აქცენტი ახალი თაობაზე კეთდება.

სპექტაკლში განსასჯელის სკამზეა სამხედრო მფრინავი, მაიორი კოხი (პაატა ინაური). მსახიობი გვიჩვენებს ადამიანს, რომელიც თითქოს თავის თავშია ჩაღრმავებული. ის, განუწყვეტლივ ფიქრობს ჩადენილ საქციელზე. მის გვერდით ვექილი და დაცვაა (ირიკო აბულაძე და გიორგი სირბილაძე). გეჩვენება, რომ ბრალდებული ყურადღებას არ აქცევს, რა  ხდება ირგვლივ. ალბათ, სასამართლო პროცესის მსვლელობასაც ფრაგმენტულად, ნაწყვეტ-ნაწყვეტ აღიქვამს. არადა, ჩვენ თვალწინ დიდი ვნებათაღელვაა, ბრალმდებელსა და ადვოკატს ნამდვილი ორთაბრძოლა გაუმართავთ…

მაინც რა ჩაიდინა ასეთი ამ კაცმა, რომელიც ჩვენ, მაყურებელმა უნდა განვსაჯოთ – ან გავამართლოთ, ან ციხეში დავტოვოთ… როგორც ირკვევა, მან სამხედრო ავიაგამანადგურებლით ჩამოაგდო სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელშიც 164 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა დაიღუპა!.. ამავე დროს ვიგებთ, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავის ეკიპაჟი ტერორისტებს ჰყავდათ მძევლად აყვანილი. მათ თვითმფრინავი მიჰყავდათ ფეხბურთის სტადიონისკენ, სადაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო მატჩი უნდა გამართულიყო. წინასწარი მონაცემებით, იქ 70 000 ადამიანი იმყოფებოდა… ტერორისტების მიზანიც სწორედ თვითმფრინავის სტადიონზე ჩამოგდება იყო. მოწმის, ავიაციის უფროსი ლეიტენანტის, ლაუტერბახის (ალეკო მახარობლიშვილი) დაკითხვისას, მომხდარი ჩვენ თვალწინ ცოცხლდება. მეტი დაძაბულობა შემოაქვს ვიზუალურ ეფექტს. მონიტორზე ვხედავთ უამრავი ნათურით გაჩახჩახებულ სტადიონს და მისკენ მიმავალ თვითმფრინავს, რომელსაც ტერორისტები მართავენ…

ალეკო მახარობლიშვილი მორიგე-დისპეტჩერის როლს ასახიერებს; მსახიობი ზედმიწევნით ორგანული, დამაჯერებელია. მისი საუბრის მანერაში, მიხრა-მოხვრაში, სახის გამომეტყველებაში, შეფასებებში, არცერთი წუთით არ შეინიშნება ოდნავი სიყალბეც კი. აკვირდები ამ მოქმედ პირს და გგონია, რომ ის რეალური ცხოვრებიდანაა სცენაზე შემოსული. სასამართლო პროცესი რუტინულად გრძელდება. მდივანი (ელენე ჭავჭავაძე) თავის ჩვეულ საქმიანობას ეწევა. შენ კი ზიხარ მაყურებელთა დარბაზში და ფიქრობ, რა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. დამნაშავეა მაიორი კოხი თუ – არა…

მოგვიანებით აღმოაჩენ, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობას, ჩვენთან ერთად, კიდევ ერთი მოქმედი პირი აკვირდება – თვითმფრინავში დაღუპული ერთ-ერთი მგზავრის, ვინმე მაიზერის ქვრივი (თეა ალფაიძე). ქალის მოთმინებას წერტილი მაშინ ესმება, როცა გამოითქმება მოსაზრება, რომ სამხედრო მფრინავმა 70 000 ადამიანი გადაარჩინა…

მსახიობი გვიჩვენებს ქალს, რომელმაც ქმრის სახით საყვარელი ადამიანი დაკარგა; დედას, რომლის შვილებიც მაიორმა კოხმა დააობლა… ისეთი ემოციურია როლში მსახიობი, რომ შიში გიპყრობს, ცუდად არ გახდეს.

იგივე როლში ბევრად უფრო თავშეკავებულია ანუკი ეზიაშვილი. თუმცა, მისი თამაშიც ძალიან ემოციურია. აშკარად იგრძნობა, რომ ქვრივს შიგნით მთელი არსება უდუღს. საკუთარ თავს ებრძვის.

სულისშემძვრელად გაისმის ფრაზა – როგორ მოიქცეოდით იმ შემთხვევაში, თვითმფრინავში რომ თქვენი ახლობლები ყოფილიყვნენ?! მეუღლე, შვილები… რაღაც მომენტში, ეს სიტყვები გვაფხიზლებს, თორემ უკვე მზად ვიყავით, მაიორის საქციელი მართებულად შეგვეფასებინა. მართლაც, ეს ხომ უბრალო არითმეტიკა არ არის?!.. ციფრები… რიცხვები… 164 ადამიანის სიცოცხლე არად ჩასაგდებია, რადგან მეორე მხარეს 70 000-ზეა საუბარი?!.. თანაც, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბრძანა, თვითმფრინავი არ ჩამოაგდოთო… გამოდის, რომ მაიორი კოხი ბრძანებას არ დაემორჩილა… საომარ ვითარებაში ასეთი გადაწყვეტილებისთვის სამხედრო პირს ულაპარაკოდ დახვრეტით დასჯიდნენ…

სასამართლოს მსვლელობის პროცესში კიდევ ერთი ფაქტი ამოტივტივდა – თურმე, შესაძლებელი იყო მაყურებლის სტადიონიდან სასწრაფო ევაკუირება. თუმცა, ხელისუფლებამ ეს რატომღაც არ გააკეთა. ამავე დროს, ორივე გამანადგურებელს თავდაცვის მინისტრმა უბრძანა, თვითმფრინავი არ ჩამოეგდოთ. მაინც, რასთან გვაქვს საქმე?!.. როგორც ირკვევა, ფრენების მართვის ცენტრში ყველა დარწმუნებული იყო, რომ სამხედრო ავიაგამანადგურებლები თვითმფრინავს სტადიონამდე არ მიუშვებდნენ. უფროსი ლეიტენანტი ლაუტერბახი სასამართლო პროცესზე ერთადერთხელ გამოდის წყობიდან; კბილებში გამოცრის – მაიორი კოხის ადგილას მეც ანალოგიურად მოვიქცეოდიო… ე.ი. გამოდის, რომ ყველამ  ყველაფერი იცოდა წინასწარ…

მაიორი კოხი დაწვრილებით გვიამბობს საკუთარ განცდებზე – როგორ აცნობეს ფრენების ცენტრიდან, რომ თვითმფრინავისთვის ცეცხლი არ გაეხსნათ; როგორ ჩამოვარდა აუდიოკავშირის ეთერში გულისგამაწვრილებელი პაუზა… სიჩუმე… თვითმფრინავი სტადიონს უახლოვდებოდა… მაიორმა უკანასკნელ წამს საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და ისე იმოქმედა, როგორც საომარ ვითარებაში…

პროცესი დასასრულს უახლოვდება. დაძაბულობა კულმინაციას აღწევს. ზიხარ ჩაბნელებულ დარბაზში საგონებელში ჩავარდნილი და ფიქრობ, კენჭისყრისას რომელი ბარათი აწიო – თეთრი (ბრალდებული უდანაშაულოა) თუ – წითელი (დამნაშავეა).  აცნობიერებ, რომ ყველაფერი ერთგვარი პირობითობაა, თამაშია… მაგრამ, შინაგანად მაინც გაწუხებს რაღაც. რომელია ერთადერთი და უტყუარი, მართებული, სამართლიანი გადაწყვეტილება?.. გულწრფელად გითხრათ, პირველი სპექტაკლის ბოლოს წითელი ბარათი ავწიე; ანუ კოხი დამნაშავედ ვცანი. თუმცა, როდესაც ხმები დათვალეს, მაყურებელთა დარბაზის ხმათა უმრავლესობით მაიორი ადამიანებმა გაამართლეს.

სცენის სიღრმიდან  მაიორი კოხი შემობრუნდა ჩვენკენ და დაჟინებით მოგვაშტერდა. მას სულაც არ ჰქონდა უზომოდ ბედნიერი, გახარებული ადამიანის მზერა. უფრო  იმ კაცს ჰგავდა, რომელმაც არ იცის, როგორ გააგრძელოს ცხოვრება მძიმე ცოდვით; იმ დღეს მაიზერის ქვრივის მზერამაც შემძრა – საყვედურით, სიძულვილითა და ბრალდებით იყო აღსავსე…

მეორე წარმოდგენის ფინალში, მიუხედავად იმისა, რომ ძველებურად ვფიქრობდი, თვითონაც არ ვიცი რატომ, თეთრი ბარათი ავწიე… შედეგი განმეორდა. კოხი კვლავ უდანაშაულოდ ცნო მაყურებელმა… როგორც მოგვიანებით გავიაზრე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, ჩემდაუნებურად, უმრავლესობის გავლენის ქვეშ ვექცეოდი… მასამ მაჯობა.

თურმე, რეჟისორს ფინალის ორი ვერსია ჰქონია მომზადებული – სამხედრო მფრინავის გამართლებისა და დამნაშავედ ცნობის. როგორც გავიგე, აქამდე ნათამაშები ყველა სპექტაკლი მაიორის გამართლებით დასრულდა. ალბათ, ესეც საგულისხმო ფაქტია. წარმოდგენის დამთავრების შემდეგ თეატრიდან გამოსული დიდხანს ფიქრობ, მაინც ვინაა მართალი?!.. შენ თუ მაყურებელთა უმრავლესობა?!.. და სადაა ის, ჭეშმარიტება რომ ეწოდება?!.. რატომ მიაჩნია ქართულ საზოგადოებას მაიორი უდანაშაულოდ?!.. და ოდესმე, მარჯანიშვილის თეატრს თუ მოუწევს სპექტაკლ „ტერორის“ მეორე ფინალის თამაში?!..

ნამდვილად არ ვიცი, რატომ ავიჩემე; იქნებ, სულაც, ჩემი ახირებაა, მაგრამ არ გეჩვენებათ, რომ სასამართლო პროცესი კოსტიუმირებულ კარნავალს ჰგავს?!.. რა ვიცი, მე კი რატომღაც მასკარადს მივამსგავსე…


[1]გერმანელი ადვოკატი და მწერალი (დაიბადა 1964 წელს). მოთხრობების პირველი კრებული 2009 წელს გამოსცა. პროზაული ნაწარმოებების გარდა ავტორია პიესების. მათ შორისაა: «ტერორი» (2015წ.) და «ღმერთი» (2020წ.).

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…