გურამ ბათიაშვილი სტატია

სხივოსანთა და  უგვანოთა გვერდით

, , ,

II

 დაუვიწყარია ვახტანგ ქართველიშვილი  და გულსაკლავი – მისი  ბედი. ეს რომანტიკული ბუნების პიროვნება თეატრალურ  ხელოვნებაზე უაღრესად იყო  შეყვარებული,  ჩინებული  პროფესიონალი – ძალიან კარგად წერდა.  მისი გულუბრყვილობა, მიმნდობი ბუნება   კარგად გამოიყენა   ო.ე-მ,  როცა ჟურნალ  „საბჭოთა ხელოვნებას“ რედაქტორობდა – მიხ. თუმანიშვილის შემოქმედების განმაქიქებელი  კრიტიკული წერილი დაუკვეთა და დაბეჭდა კიდეც. მოგვიანებით  ვახტანგი ამას ძალიან განიცდიდა. ჩინებულად წერდა-მეთქი, აღვნიშნე. ასევე კარგად საუბრობდა თეატრზე  და  საქართველოს ტელევიზიამ სწორედ თეატრის საკითხებზე  გადაცემებისათვის მიიწვია. ასე მგონია, სწორედ ამით დაიწყო  მისი პროფესიული იავარქმნა. მოგეხსენებათ, ტელევიზია პოპულარობის სათავეა. უკვე მეზობლებიც  სხვანაირად ესალმებოდნენ, ჰონორარსაც მეტს იღებდა, ვიდრე ჟურნალ-გაზეთები მისცემდნენ. ამან განაპირობა ის, რომ ამ ნიჭიერმა კაცმა წერაზე ხელი აიღო. აღარაფერს წერდა.  სპექტაკლზე რეცენზიას თუ    ვთხოვდი, ინტერვიუ გავაკეთოთ, შეკითხვები მომეცით და ჩემი პასუხები ჩაიწერეთო. 

მოგვიანებით, ადამიანი, რომელსაც პოლიტიკასთან არა-რა საერთო არ ჰქონია, ერთ-ერთი  პოლიტიკური ლიდერის მოთაყვანე გახდა  და ქართულმა თეატრმცოდნეობამ დაკარგა  შესანიშნავი პროფესიონალი. 

***

მაოცებდა პროფესორ  ნათელა ურუშაძის პუნქტუალობა: როდესაც ამა თუ იმ სპექტაკლსა ან  საკითხზე სტატიის დაწერას შევთავაზებდი, თუ თემა მისთვის საინტერესო აღმოჩნდებოდა,  მზერაგაბრწყინებული მეტყოდა: 

-კი, ბატონო გურამ, მე თქვენ მაგ სტატიას მოგართმევთ ოცდასამში (ე.ი. სამი-ოთხი კვირის შემდეგ), სამშაბათს – საათს დახედავდა, დაფიქრდებოდა – სამ საათზე ლექცია მიმთავრდება, ესე იგი, სამიდან ოთხის ნახევრამდე. 

და სამი-ოთხი კვირის შემდეგ   დათქმულ დროს ათი წუთიც კი არ გადასცდებოდა – რედაქციაში მობრძანდებოდა სტატიით ხელში. იშვიათად, რომ სტუდენტი გამოეგზავნა.  

უმეტესად კი თავად იყო იდეის ავტორი – თავად გვთავაზობდა ამა თუ იმ საკითხზე სტატიას, ან სტატიების სერიას. და ჟურნალიც მუდამ ყაბულს იყო – ასეთი ავტორები ხომ სანთლით უნდა ეძებო. 

***

ქართული თეატრალური ლიტერატურა არცთუ მდიდარი გახლავთ მემუარული  ჟანრის ნაწარმოებებით; არადა, ჩვენს თეატრში იყვნენ და არიან ხელოვანნი,  რომელთა ცხოვრების გზა, შემოქმედებითი ბიოგრაფია, დაკვირვებანი, უთუოდ საინტერესო უნდა ყოფილიყო მკითხველისათვის. პირველი ავთო ვარსიმაშვილი გახლდათ – მან ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდამ, მაგრამ უკვე რამდენიმე სპექტაკლის ავტორმა, ჟურნალში დაბეჭდა თავისი ჩანაწერები, რომელმაც მითქმა-მოთქმა  გამოიწვია.  ავტორის ზოგიერთ  მოსაზრებას არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ამას არა-რა მნიშვნელობა არა ჰქონდა – ეს ამ ნიჭიერი ახალგაზრდა კაცის ჩანაწერები იყო და არა – ჩემი. შემდგომმა წლებმა დაადასტურა, რომ ავთო ვარსიმაშვილი კალმის კაციც არის – არა მხოლოდ   საინტერესო სპექტაკლები შექმნა, ბევრი პიესა    გადმოაქართულა და წარმატებითაც განახორციელა.  

 დიდებული ქართველი რეჟისორის ვახტანგ ტაბლიაშვილის ბრწყინვალედ დაწერილმა „რეჟისორის   მოგონებებმა“ წაკითხვისთანავე ამაფორიაქა. პატიოსანი,  ქართული თეატრის ისტორიული ამოცანის კარგად მცოდნე პიროვნების დაწერილი წიგნი იყო. ბატონ ვახტანგს არ ეწადა „მოგონებების“ დაბეჭდვა: არქივს ჩავაბარებ, ჩემი გარდაცვალებიდან ოცი წლის შემდეგ გახსნან და თუ საჭიროდ ჩათვლიან, დაბეჭდონო. 

„მოგონებებში“ გულახდილად იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ მოექცა ქართული თეატრის რამდენიმე კორიფე თავის მასწავლებელს – გენიალურ კოტე მარჯანიშვილს; ბ-ნ ვახტანგს   წიგნის დაბეჭდვა სწორედ  ამის გამო არ ეწადა – ამ  კორიფეთა განაწყენებას ერიდებოდა. 

მეტისმეტი სითამამე (თუ თავხედობა არა!) გამოვიჩინე, რისკი გავწიე და ბატონ  ვახტანგთან  (რომელმაც ჩემი მუდარის შემდეგ დედანი ორიოდ დღით მათხოვა), შეუთანხმებლად,  „მოგონებები“ სარედაქციო კოლეგიის სამ წევრს წავაკითხე: ბ-ნ დიმიტრი ჯანელიძეს, ბ-ნ დოდო ალექსიძეს და ბ-ნ გიგა ლორთქიფანიძეს (იგი ჯერ კიდევ არ იყო სთს თავმჯდომარე);  სამივემ მიზანშეწონილად მიიჩნია წიგნის ჟურნალში დაბეჭდვა.  ჩემი თხოვნით, პატარ-პატარა რეცენზიებიც კი დაწერეს. 

ახლა საჭირო იყო ბ-ნი ვახტანგის დაყოლიება, რომ „მოგონებები“ ჟურნალში დაბეჭდილიყო.  ვიცოდი, დ. ჯანელიძის, დ. ალექსიძის და გ. ლორთქიფანიძის რეცენზიები ჩემი პოზიციის გამყარებაშიც დამეხმარებოდა.  რასაკვირველია, ბ-ნმა ვახტანგმა ჩემი შეთავაზება იუარა, რეცენზიები  რომ    დავუდე წინ,  ძლიერ აღელდა. 

-ეს როგორ, წიგნი დიმიტრიმაც წაიკითხა, დოდომაც და გიგამაც!– შესძახა  თითქმის აღშფოთებულმა.. 

 მაგრამ რეცენზიებს რომ გაეცნო, დამშვიდდა და  ძალიან ესიამოვნა.  

ჩემთვის ძალიან ძვირფასია ის სიტყვები, რომლითაც  „მოგონებების“ წიგნად გამოცემის წინასიტყვაობაში ბ-ნმა ვახტანგმა წიგნის სამზეოზე გამოტანისათვის მადლობა გადამიხადა.        

მოგვიანებით დავბეჭდეთ  ბ-ნი ვახტანგის მეორე წიგნი, რომელშიც ძირითადად მოსკოვში სტუდენტობის წლებსა და იქ მიღებულ თეატრალურ შთაბეჭდილებებზე წერს. ასევე დავბეჭდეთ  გოგი ხარაბაძის, კოტე მახარაძის, გიგა ჯაფარიძის საინტერესო  წიგნები. გოგის დაწერილი ჰქონდა; კოტესაც. ჩვენთან დაბეჭდეს. აი, გიგა ჯაფარიძეს კი, რომელმაც მთელი ცხოვრება სახალხო თეატრს შეალია,  ვაგულიანებდი – უნდა დაწეროთ, როგორ ცხოვრობდით, როგორ ქმნიდით პერიფერიაში-მეთქი. ასევე იყო ბ-ნ მიხეილ ვაშაძესთან. ბ-ნმა მიშამ არა მხოლოდ ჭიათურის – ამ თეატრალური ქალაქის ცხოვრება აღწერა კარგად,   საბჭოეთის ზეობისას, ემიგრაციაში – საფრანგეთში ძმასთან სტუმრობის პერიპეტიებიც. ბ-ნი მიშა ჩინებული ქართველი ინტელიგენტი გახლდათ. დღესაც თვალწინ მიდგას ასეთი სურათი: დილის ათ საათზე მივდივარ რედაქციაში; დერეფნის ბოლოში, ფანჯარასთან  დგას ბ-ნი მიშა,   თავს უხერხულად ვგრძნობ, რომ ამ ხნის კაცმა მომასწრო; ის მამშვიდებს, შევდივართ  ოთახში და  იწყება მოგონებათა რედაქტირება.  

დიდებულ ქართველ მოაზროვნესა და მოღვაწეს – აკაკი ბაქრაძეს  დიდ პატივს ვცემდი. მას ცხოვრების მეტი ნაწილი თეატრსა და  კინოში ჰქონდა გატარებული და  მჯეროდა, საინტერესო წიგნს დაწერდა. არ ვეშვებოდი, სახლშიც კი გადავდიოდი – ჩემს მეზობლად ცხოვრობდა; შეისმინა. დაწერა   „ნიღბების სამყაროში“ და 1993 წელს დავიწყეთ  ბეჭდვა. ურთულესი დრო იყო ქვეყანაში; ისეთ მცირე ჰონორარს გავცემდით იმ დროს, კაკო ჰონორარის ასაღებად რომ მოდიოდა, თვალს ვარიდებდი – მრცხვენოდა; ის კი არაფერს იმჩნევდა – მომნახავდა  და მისთვის დამახასიათებელი კეთილგანწყობით  მუსაიფს გამიბამდა. ამით ცდილობდა ჩემი მდგომარეობის შემსუბუქებას.

ჩინებული თეატრმცოდნე, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ვასილ კიკნაძე ძალიან კარგი მოუბარი გახლდათ. ამა თუ იმ ამბავს ისე სახიერად გვიამბობდა, თხრობისას პიროვნებას ისე დახატავდა, ჩავძახოდი,  ყველაფერი ეს თუ არ დაწერე, მომავლის წინაშე  დიდ ცოდვას ჩაიდენ-მეთქი.  ვასო კი უდროობას იმიზეზებდა. მასთან „მოლაპარაკება“ კარგა ხანს გაგრძელდა.  მდგომარეობის გაიოლების მიზნით,  ვასოს მოგონებების დაწერის   ასეთი  ფორმა შევთავაზე: ერთიანი, გაბმული მოგონება კი არ დაწერო, ცალკეული ამბები, შემთხვევები, შეხვედრები  გაიხსენე; ჩვენ კი ნომერ-ნომერ ვბეჭდოთ-მეთქი. ამით მეწადა,  ამოცანა გამეიოლებინა: სულ სხვაა, გაიხსენო  ცალკეული შეხვედრები, ესა თუ ის ამბავი და სხვაა, შეუდგე მემუარების წერას. თუმცა, საბოლოოდ, წიგნი მაინც მემუარების სახეს იღებს. ვასომ დაწერა თავისი საუკეთესო წიგნი   „გამოთხოვება მოგონებებთან“ – ქართული თეატრის ბევრი, ძალიან დიდი მოღვაწეა გაცოცხლებული ამ წიგნში. ამიტომაც ყოველთვის ინტერესით წაიკითხავენ.  

თენგიზ ჯანელიძე, ალეკო შალუტაშვილი, ვასო კიკნაძე და ნოდარ გურაბანიძე განუყრელი მეგობრები იყვნენ. თ. ჯანელიძე და ალ. შალუტაშვილი ადრე  წავიდნენ ამქვეყნიდან. ვასომ რომ წიგნის წერა დაიწყო,  ჩვენ კი – ბეჭდვა, ნოდარის ჯერიც დადგა.

ნოდარი დიდებული თეატრალური მოღვაწე იყო – განათლებული, ბევრისმნახველი –  საინტერესო ცხოვრება ჰქონდა გავლილი და ძლიერ მეწადა ახლა მისთვის „შემება ეჟვანი,“ მაგრამ ვფრთხილობდი, რადგან ვხედავდი,  ამგვარ ცდას  ალმაცერად უყურებდა („მემუარების წერა?  აჰ, არა, სასაცილოა!“), მაგრამ ვასოს მოგონებების გაცნობის კვალდაკვალ აზრი ეცვლებოდა.  თუმცა, რამდენჯერაც დავუწყე ამ თემაზე საუბარი, თავი ძალიან შორს დაიჭირა. იმხანად ჯანმრთელობამაც უმტყუნა, ამასაც იმიზეზებდა: ერთ დილას ტენისის სათამაშოდ რომ მიდიოდა,  ქუჩაშიც კი წაქცეულა. 

ბოლოს ნოდარიც „გატყდა“, თუმცა, პირობა  ჩამომართვა: დაწერის კვალდაკვალ კი არა, წიგნს მთლიანად რომ დავამთავრებ, ბეჭდვა მერე დავიწყოთო. მივხვდი, რატომაც ეწადა ტრადიციული გზით სვლა: ფრთხილი კაცია, ფაქტის, თარიღის სიზუსტის ათასგზის შემმოწმებელი. მის პირობას, ცხადია,  დავთანხმდი და რამდენიმე თვე – ლამის წელიწადი, ველოდი წიგნის დამთავრებას. 

ერთი ნიშანდობლივი და გასათვალისწინებელი გარემოება:  წიგნის წერის დაწყებიდან სამიოდე თვის შემდეგ,   ჯანმრთელობაგაუარესებული ნოდარი მირეკავს და მხნედ მეუბნება: 

– ეს რა სიკეთე მიყავი, გურამ, რაც ამ წიგნის წერა დავიწყე, გამოვმჯობინდი – ინტერესი, წერის  ჟინი  გაუჩნდა და თავი უკეთ იგრძნო. 

***

საერთოდ, იოსებ  იმედაშვილიდან მოყოლებული, „თეატრი და ცხოვრება“ ლაღი ცხოვრებით არასოდეს ყოფილა  განებივრებული. ჩვენი ყოველი ავტორი კეთილშობილ ადამიანად მესახება – შეეძლოთ, თავიანთი ნაწერები სხვა ჟურნალში, გაზეთში მიეტანათ, იქ მეტ ჰონორარსაც მიიღებდნენ, მაგრამ ჩვენს მცირე ჰონორარს ამჯობინებდნენ.  ამიტომ  ყოველი მათგანისადმი პატივისცემით ვარ განმსჭვალული, ყოველ ავტორს ვუმადლი. რომ არა მათი პროფესიონალიზმი, ქართული თეატრის დიდი სიყვარული,  ჩვენ ვერას გავხდებოდით. 

ბარემ აქვე გავიხსენებ ჩემი ცხოვრების ერთ დაუვიწყარ დღეს: ისრაელში პირველად 1988 წელს ჩავედი. ისრაელის  პარლამენტის წევრის – ეფრაიმ გურის შემწეობით  შევძელი ჩამეტარებინა საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა  საღამოები: კოტე მახარაძე კითხულობდა ჯემალ აჯიაშვილის ისტორიულ ესსეს ქართულ-ებრაულ ურთიერთობაზე, იმართებოდა სოფიკო ჭიაურელის შემოქმედებით საღამოები, კოტე და სოფიკო თამაშობდნენ სცენებს სპექტაკლებიდან.  

დიდი პატივით მიგვიღეს. მოხიბლული ვიყავი ამ  ქვეყნით (მერე პატარა  წიგნიც   კი დავწერე – „მზე ღრუბლებში“); ერთ  მშვენიერ დღეს დეიდაშვილს, რომელიც 1972 წ. გადავიდა ისრაელში, იმ ვილაში მივყავდი, სადაც ჩამომხდარნი ვიყავით. 

– გურამ, ხელფასი რამდენი გაქვს? – მკითხა მოულოდნელად. 

უნდა მეთქვა რამდენიც მქონდა, მაგრამ უცებ ენას კბილი დავაჭირე: თუ მე ამას ჩემს ხელფასს ზუსტად ვეტყვი, გადაირევა, ისედაც იმას ჩამძახის, რას უყურებ იქ, რატომ არ მოდიხარ აქეთო და… მაგრამ არც ამჯერად  გავამხელ, რამდენგზის „გავზარდე“ ჩემი ხელფასი, მანქანის სავარძელში კარგად გავიმართე და ამაყად ვთქვი: 

– ხუთას დოლარზე ცოტა მეტი! 

აჰა, ნახეთ, რა ბიჭი ვარ, რამოდენა ხელფასი მაქვს-მეთქი. 

– რა?!- იყვირა ჩემმა დეიდაშვილმა.  არ ვაჭარბებ, ჩემმა დეიდაშვილმა იყვირა – ამხელა კაცი ხუთას დოლარს უზიხარ?! 

მე რომ მისთვის ჩემი ხელფასი ზუსტად მეთქვა, ალბათ, მანქანიდან მომისროდა. კი, ნამდვილად ასე იქნებოდა! 

მაგრამ მომდევნო წლებში ხელფასი კიდევ უფრო რომ შემიმცირდა. თეატრალური საზოგადოება ღვთის ანაბარად დარჩა; თავისივე შენობის ოთახებს აქირავებდა და იმით ინარჩუნებდა სიცოცხლეს, ჟურნალსაც სცემდა და ხანდახან გასაჭირში ჩავარდნილ მსახიობსა თუ რეჟისორს ეხმარებოდა. 

ჟურნალის თანამშრომლების ხელფასი? სამსახურში ყოველდღე რომ ევლოთ, ხელფასი ტრანსპორტის ხარჯადაც კი არ ეყოფოდათ.  

***

საბჭოების  წლებში თეატრალური საზოგადოება, თავისი საწარმოო კომბინატის გამოისობით, ფინანსურად ერთობ ძლიერი იყო. აქ, როგორც იტყვიან, ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა, ნამდვილი   შემოქმედებითი ორგანიზაცია გახლდათ. ცალკე დრამატურგთა, ცალკე მსახიობთა, რეჟისორთა, სცენოგრაფთა საკრებულო. თვე არ გავიდოდა, სცენოგრაფთა გამოფენა არ მოწყობილიყო – არა მხოლოდ ქართველთა, საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიდან, უცხოეთიდან ჩამოსული  სცენოგრაფებისა. ამ სისტემის შექმნას, გარდა თეატრალური საზოგადოების კარგი ფინანსური მდგომარეობისა,  ხელს ისიც უწყობდა, რომ 70-იან წლებში ქართულ სცენოგრაფიაში დიდებული შემოქმედნი მოვიდნენ, სცენოგრაფთა სექციას ჩინებული გოგი გუნია ხელმძღვანელობდა – ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა თავისი კოლეგების შემოქმედების პოპულარიზაციას. მაშინ  ყველანი ახალგაზრდები იყვნენ. გამოხდა ხანი და ბევრი მათგანი უცხოეთის თეატრებშიც კი გახლდათ მიწვეული. 

1994 წლის ზამთარში მსოფლიოს ებრაელთა კონგრესზე  ვაშინგტონში ვიყავი. მაშინ როგორ ვიფიქრებდი, რომ ნიუ-იორკში მრავალგზის მომიწევდა ჩასვლა. ამიტომ გადავწყვიტე,  აქვე ვარ და ნიუ-იორკის უნახავად ამერიკიდან არ  წავალ-მეთქი. წავედი. პირველსავე დღეს თოვლიან  ნიუ-იორკში სასიამოვნო ამბის მონაწილე გავხდი: მანჰეტენის ერთ-ერთი თეატრი დოსტოევსკის „დანაშაულს და სასჯელს“ დგამდა. სპექტაკლის სცენოგრაფად დიდებული გოგი მესხიშვილი მიეწვიათ. თეატრმა იმისათვის, რომ სპექტაკლისადმი ფართო საზოგადოების ყურადღება მიექცია და ფინანსებიც მიეზიდა,   სპექტაკლის  ესკიზების გამოფენა მოაწყო. გოგიმ გამოფენაზე მიმიწვია; მისი ესკიზების შემხედველი, გამოფენაზე მოსული ხალხი აღფრთოვანებას ვერ ფარავდა. მე კი გახარებული ვიყავი: გოგი ხომ ჩვენი იყო, ჩვენი თეატრალური სამყაროდან აფრენილი შემოქმედი, რომლის ნამუშევრები არა მხოლოდ გიგა ლორთქიფანიძის, რობერტ სტურუასა და თემურ ჩხეიძის სპექტაკლებს ამშვენებდა, ჩვენი – „მსახიობთა სახლის“ საგამოფენო დარბაზშიც (გვქონდა ასეთი დარბაზი – „მსახიობის სახლის“ ეზოშივე იდგა) გამოიფინებოდა ხოლმე.  

ახლა „მეგობრობის თეატრი“ ვიკითხოთ! 70-80-იან წლებში თითქმის არ დარჩენილა საბჭოთა კავშირში შექმნილი ასე თუ ისე მნიშვნელოვანი სპექტაკლი, რომელიც თბილისში არ ეჩვენებინოთ. აქ, ჩვენთან თამაშობდნენ სპექტაკლებს მოსკოვის, პეტერბურგის, რიგის, პანევეჟისის, დიუსელდორფისა თუ სხვა ქალაქების ჩინებული თეატრები. თუ ადრე მოსკოვში დავდიოდით პრემიერების სანახავად, ახლა ეს თეატრები ჩვენი სტუმრები იყვნენ.  

ერთი სიტყვით, ის მინდა ვთქვა, რომ თეატრალური საზოგადოების მეოხებით, თბილისი ლამის საბჭოეთის თეატრალურ ცენტრად იქცა. ერთხელ  შევესწარი გიგა ლორთქიფანიძისა და სომხეთის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარის, ცნობილი რეჟისორის – ჰრაჩია ყაფლანიანის საუბარს. ჰრაჩია ამბობდა: 

– როცა რაიმეს დავდგამ, თუ კარგი გამოვიდა, ევროპის, ამერიკის სომხობა ცდილობს სპექტაკლს პოპულარიზაცია გაუწიოს; გვიწვევენ იქ, სადაც ცხოვრობენ – ევროპისა თუ ამერიკის ქალაქებში, მაგრამ ვიდრე ამერიკაში ან ევროპაში წავიდოდეთ, აქ, თბილისში ჩამოგვაქვს სპექტაკლი.   თბილისის მაყურებელი საუკეთესოა. თუ სპექტაკლმა თბილისში გაიმარჯვა, მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში გაიმარჯვებს. 

თეატრალური საზოგადოების სვებედნიერ ხანაზე ორიოდ სიტყვით იმიტომ გიამბეთ, რომ მეთქვა: 80-იანი წლების ბოლოს შესაძლებლად მივიჩნიე  იოსებ იმედაშვილის „თეატრი და ცხოვრების“ აღდგენა. ერთ მშვენიერ დღეს ბატონ გიგა ლორთქიფანიძეს – თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარეს ჟურნალის ბიოგრაფია ვუამბე: 1910 წელს იოსებ იმედაშვილმა შექმნა  „თეატრი და ცხოვრება“, 1926 წელს  ჟურნალი დახურეს, 1956 წელს შალვა დადიანმა აღადგინა, მაგრამ, ცხადია, ბოლშევიკთა  მიერ შერისხული ჟურნალის სახელს ვერც ახსენებდა. ამიტომ მოიგონეს   „თეატრალური მოამბე“ – საქართველოს თეატრალური საზოგადოების საინფორმაციო ბიულეტენი. გამოდიოდა კვარტალში ერთხელ, ოციოდე გვერდი. 1968 წელს ერემია ქარელიშვილის წინადადებითა და ირაკლი აბაშიძის დიდი ავტორიტეტით, დოდო ანთაძემ გაზარდა ფორმათა რაოდენობა; 1974 წელს დოდო ალექსიძემ კიდევ უფრო გაზარდა ფორმატი, გაუმჯობესდა პოლიგრაფიული დონე.

ბატონი გიგა არა მხოლოდ ეროვნული სულისკვეთების პიროვნება გახლდათ, ძალიან ნიჭიერიც იყო.  სათქმელს უცებ მიმიხვდა, შემაწყვეტინა კიდეც. 

– ძალიან კარგია, დავიწყოთ – ჟურნალს დავუბრუნოთ ძველი სახელი! 

და თუ იგი რამეს მოინდომებდა, აღარც აყოვნებდა – მიზნის მისაღწევად არაფერს შეეპუებოდა – გულდაგულ იბრძოდა.  ათიოდე დღის შემდეგ  მეუბნება: 

– მე ვესაუბრე ხალხს – რეჟისორებს, მსახიობებს, სცენოგრაფებს. ჟურნალზე დადებითი აზრის არიან. ჟურნალს არა მარტო ძველი სახელი უნდა დავუბრუნოთ, პერიოდულობაც  უნდა შევუცვალოთ. ახალი წლიდან ჟურნალი თვეში ერთხელ უნდა გამოვიდეს. 

ეს გადატრიალების ტოლფასი იყო. ყოველთვიური ქართული თეატრალური ჟურნალი! 

– ქაღალდი?- ვიკითხე. იმ წლებში საბეჭდი ქაღალდი ლიმიტირებული გახლდათ. 

– თუ სხვა არაფერი შეგიშლის ხელს, ქაღალდს ვიშოვი.

მართლაც არ გაუჭირდა; ან როგორ უნდა გასჭირვებოდა:  დეპუტატი ხომ იყო? რამდენიმე თვით ადრე საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრიც გახდა და მის სიტყვას  ანგარიშს უწევდნენ. 

გადაწყდა: 1991 წლის იანვრიდან „თეატრალური მოამბე“  აღარ იქნება, გაცოცხლდება  ჟურნალი  „თეატრი და ცხოვრება“, გამოვა თვეში ერთხელ, თაბახთა რაოდენობაც იზრდება. 

ამას კი სხვაგვარი მომზადება სჭირდებოდა. ჟურნალს სახე უნდა ეცვალა. საქმის მიფუჩეჩება არ იქნებოდა. მალე ახალგაზრდა თეატრმცოდნეებიც მივიღეთ და საქმე წინ წავიდა.

***

მწარედ დამამახსოვრდა ჩვენი პოლიტიკური აზროვნების სიბეცის ერთი ფაქტი: 1989 წ.  ნოემბერში  ავტობუსებით  უამრავი ხალხი რომ წაასხეს სამხრეთ ოსეთში, აქაოდა, ოსებს ჭკუა უნდა ვასწავლოთო.  იმ დღეს მოხდა საშინელი რამ – ქართველობა ცხინვალში არ შეუშვეს – სეპარატისტებს  კი  ჩვენი წინდაუხედავი ქმედებით,  ერთიანობა, ძალთა კონსოლიდაცია ვაიძულეთ  და ბრძოლის ჟინი გავუღვივეთ; „მტერზე“ გამარჯვების სიხარულიც მივანიჭეთ.  ცხინვალში წასვლას სხვებთან ერთად მეც ვაპირებდი.  დილას მივედი კიდეც სპორტის სასახლესთან, სადაც   უამრავი  ავტობუსი  ხალხით  ივსებოდა.  ამ აქციის მართებულობაში ეჭვი მეპარებოდა.  ბოლო  მომენტში   გამგზავრება გადავიფიქრე. ავტობუსიდან ჩამოვხტი და შინ დავბრუნდი. ფაქტობრივად, იმ დღეს დავკარგეთ სამხრეთ ოსეთი.   იმან, ვისაც მოვლენების ასე განვითარება ეწადა, ეს  სიტუაცია  გონივრულად გამოიყენა. ცოტა ადრე თუ ცოტა გვიან, იყო ემბარგო, რომელიც  მოსკოვს გამოვუცხადეთ (!) – რუსეთის დასჯის მიზნით,  უარი ვთქვით იქიდან გამოგზავნილ სხვადასხვა სახის მომარაგებაზე  და მოსახლეობა კიდევ უფრო  მძიმე დღეში ჩავარდა. 

საყოველთაოდ ცნობილია, რაც მოხდა 1990 წ.  ოქტომბრის უზენაესი საბჭოს არჩევნებისას -გაიმარჯვა „მრგვალმა მაგიდამ“; რამდენიმე ხანში კი – 9 აპრილს – ზვიად გამსახურდიამ      უზენაესი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს იყო ძალიან მოულოდნელი, თავისი მნიშვნელობით, ფანტასტიკური  მნიშვნელობის ნაბიჯი, რომელმაც რადიკალურად შეცვალა სიტუაცია. მე ვესწრებოდი უზენაესი საბჭოს ამ სხდომას, სიტყვაც კი წარმოვთქვი, მაგრამ უნდა ვაღიარო: მაშინ ჯერ კიდევ მთელი სიგრძე-სიგანით არ მქონდა გაცნობიერებული ამ აქტის მნიშვნელობა – გადადგმული ნაბიჯის არსი მერე და მერე გაცნობიერდა. 

როგორც ჩანს, კრემლი კარგად ხედავდა უახლოეს მომავალს – სსრკ-ს   დღეები დათვლილი იყო  და შეიმუშავა იმპერიის მოდერნიზების გეგმა: საბჭოთა კავშირი მოძველდა, თავისი თავი ამოწურა  და  სამოკავშირეო   ხელშეკრულებას მოვაწეროთო ხელი. საქართველო კი უკვე სრულიად სხვა – დამოუკიდებლობის გზას ადგა; მართალია, სამოკავშირეო ხელშეკრულება სწორედ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ერთობას გულისხმობდა და  დემოკრატიზაციის ურყეობას აღიარებდა, მაგრამ საქართველომ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზეც  უარი თქვა. რასაკვირველია,  მოსკოვი პოზიციას იოლად არ დათმობდა – მიანიშნებდნენ კიდეც საქართველოს  ავტონომიურ რესპუბლიკებში მოსალოდნელ გართულებებზე.  სამხრეთ ოსეთში მდგომარეობა მართლაც  დაიძაბა – ყაჩაღობა, სროლა ლამის ყოველდღიური გახდა. ქართველთა მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. ლამის იქ – ცხინვალსა და შემოგარენში მოსახლე  ქართველებს, თავიანთ სახლებშიც  აღარ უშვებდნენ; გამოაძევეს  ქართული თეატრი.  ყოველდღე იღვრებოდა სისხლი და საკავშირო პრესა ყველაფერში დამნაშავედ ქართველობას აცხადებდა: ქართველი „ბოევიკები“ არბევენო მშვიდობიან ოსებს. არადა, საბჭოეთის ცენტრით,  „ადამონ  ნიხასით“ წახალისებული ოსი  „ბოევიკები“ დაუფარავად აწიოკებდნენ ქართველობას და სამაჩაბლოს დატოვებას აიძულებდნენ. ცხადია, ეს იყო პასუხი სამოკავშირეო  ხელშეკრულებაზე უარის თქმისა; მიუხედავად მიხ. გორბაჩოვის არაერთი ცდისა, ზვიად გამსახურდია  მაინც განზე გადგა – იგი თავის გზას მისდევდა.  

*** 

 სთს თავმჯდომარემ – გიგა ლორთქიფანიძემ განიზრახა რუსული პრესის, რადიო- ტელევიზიის დეზინფორმაციას  საბჭოეთის გულში – მოსკოვში დაჰპირისპირებოდა; გადაწყვიტა, იქ გამართულიყო ქართველ და რუს თეატრალურ მოღვაწეთა შეხვედრა,  რომელზეც  რუს კოლეგებს რეალურ სურათს წარმოუდგენდნენ.  

ამ დროს რუსეთის თს  თავმჯდომარე გახლდათ  სსრ კავშირის სახალხო არტისტი, სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი,  სკკპ ცეკას წევრი, დიდებული მსახიობი მიხეილ  ულიანოვი. გ. ლორთქიფანიძე მიხ. ულიანოვს შეუთანხმდა, რომ 1991 წ. 4 აპრილს მოსკოვში თეატრალური საზოგადოების შენობაში გაიმართებოდა ქართველ და  რუს თეატრალურ მოღვაწეთა შეხვედრა. საამისოდ  მოსკოვს გაემგზავრნენ თავად ბ-ნი გიგა, აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე,  რეჟისორები – რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, საოპერო მომღერლები: მედეა ამირანაშვილი, ლამარა ჭყონია, თეატრალური ინსტიტუტის რექტორი – ეთერ გუგუშვილი, სომხური თეატრის მთ. რეჟისორი – მიხ. გრიგორიანი, ალ. გრიბოედოვის სახ. თეატრის მსახიობი  – ვალენტინა სიომინა,  მოზარდმაყურებელთა რუსული თეატრის მსახიობი  – ტატიანა ალიოშკინა, ცხინვალის ქართული თეატრის მსახიობი –  თამარ ხიზანიშვილი, მწერალი, დრამატურგი,  „თეატრი და ცხოვრების“ რედაქტორი – გურამ ბათიაშვილი. 

რუსეთის მხრიდან შეხვედრაზე იყვნენ მიხ. ულიანოვი, ჟურნალ „ტეატრალნაია ჟიზნის“ რედაქტორი – ოლეგ პივოვაროვი, სსრკ სახალხო არტისტები – ლევ დუროვი, მარკ ზახაროვი, ვლადისლავ სტრჟელჩიკი, რომელიც ამავე დროს რუსეთის თს  ლენინგრადის განყოფილების ხელმძღვანელიც  გახლდათ,   თს  მდივნები, ცნობილი თეატრალური კრიტიკოსები – ვერა ფეონოვა და  ანატოლი   სმელიანსკი. 

 მოულოდნელი გახლდათ ცხინვალის თეატრის ოსური დასის მსახიობის – ლუდმილა გოლოვანოვასა და ახალგაზრდა მსახიობის ( გვარი ვერ დავაფიქსირე) იქ დახვედრა. 

სხდომის  დაწყებამდე  გ. ლორთქიფანიძე და მიხ. ულიანოვი შეკამათდნენ. მიხ. ულიანოვს არ ეწადა შეხვედრაზე პრესა, ტელევიზია ყოფილიყო. მეგობრულად ვისაუბროთ, ერთმანეთს ჩვენი გულისტკივილი გავუზიაროთო. გ. ლორთქიფანიძემ კი კატეგორიულად მოითხოვა, პრესა დაეშვათ შეხვედრაზე – ჩვენ გვწადია, რუსეთს სიმართლე გავაგებინოთ და თუ ეგენი თავთავიანთ მკითხველს, მაყურებელს არ   გადასცემენ  ჩვენს ნაამბობს, თავად ხომ მაინც ეცოდინებათო. კამათი მალე ამოიწურა – მიხ. ულიანოვი გ. ლორთქიფანიძეს დაყაბულდა. 

შეხვედრის   დასაწყისშივე   გ. ლორთქიფანიძე  გააღიზიანა მიხ.ულიანოვის შესავალ სიტყვაში გაჟღერებულმა  „ველიკოდერჟავნულმა“ ტენდენციამ დიდი, ერთიანი  სამშობლოს, „ჩვენი საერთო სახლის“ თაობაზე: ჩვენ-ჩვენი კაიუტები კი არა, გემი უნდა გადავარჩინოთო.  თავს მოერია. მაგრამ  მერე, როცა თავად დაიწყო საუბარი, ისტორიულ მიმოხილვას აკეთებდა იმაზე,   თუ საიდან, როგორ დამკვიდრდნენ ოსები  სამაჩაბლოში და რა უფლება უნდა ჰქონოდათ მათ ამ მიწაზე; ოსმა მსახიობებმა ისეთი წივილ-კივილი ატეხეს, ისეთი ტრაგიზმით აღვსილი სცენები გაითამაშეს იმაზე, საუკუნეების განმავლობაში, თუ როგორ ჩაგრავდნენ და ჩაგრავენ   ქართველები, დღესაც  კი როგორ ართმევენ ქონებას, უვარდებიან სახლებში,  დასცინიან, აბუჩად იგდებენ, რეჟისორ მარკ ზახაროვს ლამის ცრემლები წამოსცვივდა. 

ჟურნალ „თეატრი  და ცხოვრების“ ფურცლებზე მკითხველს ვრცლად ვუამბე იმ შეხვედრის თაობაზე. ამ ჩანაწერებისათვის ჟურნალის ის ნომერი მოვიძიე; რეპორტაჟს გადავხედე და  უმეტესი  ჩვენგანისათვის   ნაცნობი სენი  იქაც დამხვდა:  რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ამ ნაკლზე – პროცესების ემოციებით  მართვა, პოპულიზმი, ვიღაცის წინაშე  თავმოწონება   იმ ჩინებულმა რუსმა კრიტიკოსებმა (ვერა ფეონოვა, ანატოლი სმელიანსკი)  მოკრძალებით მიგვითითეს.  ლიბერალური ფასეულობების ერთგულებიდან   გამომდინარე, ისინი  იმპერიასთან ბრძოლის სრულიად განსხვავებული  გზით სვლას გვირჩევდნენ და სამაგალითოდ ბალტიისპირელებს გვისახელებდნენ, მაგრამ… 

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…