როსტომ ჩხეიძე სტატია

განახლების ხანის თვალსაწიერი

, , ,

(მესამე წიგნი ჩვენი დრამატურგიის ქრესტომათიისა)

კონდრატე კლდიაშვილის კომედიას რომ გაეცნობით:

„იმერელი ხალხის ცხოვრებისაგან“, –

უთუოდ ის ფიქრი და განცდა გაგიჩნდებათ:

დავით კლდიაშვილის სტილისტიკა გაუგრძელებიაო.

საერთო თემატიკა – გაჭირვებულ იმერელ აზნაურთა ყოფა, ქალის გათხოვების მძიმე საზრუნავი ხელმოკლე ოჯახისათვის და მაჭანკლის მოძიების აუცილებლობა – და ნაღვლიანი იუმორი ანკი სხვა რა შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ, მაგრამ…

ეს პიესა გაცილებით ადრეა დაწერილი – გამოქვეყნებული „ცისკრის“ ფურცლებზე 1870 წელს – ვიდრე დავით კლდიაშვილი სალიტერატურო ასპარეზზე გამოვიდოდა.

თავის დროზე ამ კომედიას არც პოპულარობა მოაკლდებოდა და… კიდეც უნდა გამქრალიყო სამწერლო-სახელოვნო მიმოქცევიდან არამცთუ ეს პიესა, არამედ მისი ავტორიც, საგანგებო ძიებას რომ დაისაჭიროებდნენ:

თამარ შარაბიძე და თამარ ციციშვილი, –

„ქართული დრამატურგიის ქრესტომათიის“ მესამე წიგნისათვის რომ გაამზადებდნენ იმერელთა ცხოვრების ამ სევდიან და სახალისო ეპიზოდს.

ვინაობის ძიება შესაძლოა დამსგავსებოდა ნემსის ძებნას თივის ზვინში, რომ არა:

ელგუჯა თავბერიძის მეხსიერება, გონებაში რომ უნდა წამოტივტივებოდა ის გვარ-სახელი, აკაკი წერეთლის თანაკლასელთა სიის გაცნობისას რომ მოხვდებოდა თვალში.

კონდრ. კლდიაშვილი – ასე აღნიშნულიყო საკლასო სიაში და ელგუჯას მაშინ უნდა გაეფიქრა:

ალბათ კონდრატე თუ ერქმეოდაო.

ეს იქნებოდა და ეს.

და კომედიის არსებობას რომ შეიტყობდა, უკვე ეცოდინებოდა, საიდან დასდგომოდა კვალს მისი ვინაობის გამოსარკვევად:

მერაბ კეზევაძესთან ერთად რომ შეუდგებოდა ქვიშის გაცრას ოქროს მარცვლების საპოვნელად ქუთაისის ცენტრალურ არქივში.

ზვინი კი ზვინად რჩებოდა, მაგრამ ხელმოსაჭიდი არსებობდა და:

დავიწყებაში ჩაძირული კაცის ბიოგრაფიული ქარგა უამრავი დოკუმენტის გადასინჯვის შემდგომ საკმაოდ დეტალურად უნდა გამომზეურებულიყო.

ამ გამომზეურების ისტორია კარგი თემაა დეტექტიური ნოველისათვის, ამჯერად კი საკმარისია ითქვას, რომ:

„იმერელი ხალხის ცხოვრებისაგან“ თავის ავტორიანად სრულფასოვნად წარუდგებოდა მკითხველს ქრესტომათიის მესამე ტომში.

ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის პიესები არაერთხელ გამოქვეყნებულა, მაგრამ შემდგენლები აუცილებლად მიიჩნევდნენ ამ ნიმუშების შეტანასაც ნაცნობი და უცნობი ტექსტების მესამე წიგნში, რადგანაც უამისოდ დაირღვეოდა ქრესტომათიის შედგენის პრინციპი. თვითეულის ბიოგრაფიაც და შემოქმედებაც ცხადია განიხილებოდა მათი დრამატურგიული მოღვაწეობის აქცენტით.

ილია ჭავჭავაძისა განმეორდებოდა:

ჯერ პიესები – „გლეხთა განთავისუფლების პირველდროების სცენები“ და „მაჭანკალი“.

და მერე დრამატული პოემები – „ქართვლის დედა“ და „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“.

ილიას პოემებიდან ცენზურა ყველაზე ძალიან „ქართვლის დედას“ რომ დააზიანებდა, პავლე ინგოროყვას უნდა აღედგინა ცენზურის მიერ დამახინჯებული ადგილები, მათ შორის – სათაურიც და ქვესათაურიც, და ეს ყოველივე ავტორის ნამდვილი ნების კვალობაზე, ქრესტომათიაში ეს აღდგენილი  პუბლიკაცია რომ მოხვდებოდა.

რაც შეეხება „რამდენიმე სურათს ანუ ეპიზოდს ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, თუ არ განმეორდებოდა, ემჯობინებოდა, რაკიღა პოემა დაღდასმულია იმჟამინდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონიუნქტურით. ამის გამო იქნებოდა, ამ ეპიკურ ნიმუშს რომ შეველეოდი  ელგუჯა თავბერიძესთან ერთად, როდესაც:

არ შევიტანდი ილია ჭავჭავაძის ლექსებისა და პოემების რჩეულის 2012 წლის გამოცემაში, ქუთაისის საგამომცემლო ცენტრი რომ მოამზადებდა.

თუ  ილია დრამატურგობაზე არა სდებდა თავს და  რამდენიმე თუ ამოირჩეოდა, ისიც არა პირწმინდად პიესა, არამედ ამ ჟანრს რომ ჩამოჰგავდა, სამაგიეროდ:

აკაკი წერეთლის დრამატურგიული ნაღვაწიდან შესარჩევი გახდებოდა ის პიესები, ყველაზე ხშირად რომ დადგმულან სცენაზე და არც პოპულარობა მოჰკლებოდათ.

„პატარა კახი“, „მედია“, „თამარ ცბიერი“, „ბუტიაობა“ და „კუდურ-ხანუმი“.

„საქართველოს მოამბის“ 1863 წლის  მე-11 ნომერში რომ გაეცნობოდნენ შემდგენლები ვოდევილს:

„ლოტო“, –

რომლის ავტორადაც მიწერილიყო :

ს. აბაშიძე, –

გაახსენდებოდათ, რომ:

სამსონ აბაშიძე გახლდათ მეორე თერგდალეული, რომლის პოლემიკური წერილიც: „რამდენიმე სიტყვა ზემოური იმერლის გორისელის სტატიაზედ“ – დაიბეჭდებოდა 1862 წლის „ცისკრის“ ფურცლებზე, მაგრამ მოსაძებნი გახლდათ მტკიცებულება:

ეს ვოდევილი კრიტიკოსსა და პუბლიცისტს სამსონ აბაშიძეს ეკუთვნოდა თუ მის მოგვარსახელეს.

და ხანგრძლივი ძიების შემდგომ დადასტურებისათვის უნდა მიეკვლიათ სოლომონ ხუციშვილის წინასიტყვაობაში, რომელიც დაერთვოდა სამსონ აბაშიძის პუბლიცისტურ თხზულებათა კრებულს „ნაწერები“.

როდესაც ახსენებდნენ:

დავით ერისთავის „სამშობლოს“, –

დაურთავდნენ:

სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ ქართულ ლიტერატურაში სხვა ავტორთა მიერ პატრიოტულ-ისტორიული დრამების – ორიგინალურისა თუ გადმოკეთებულის – მთელი სერიის შექმნასო.

და მწერლის ბიოგრაფიასთან ერთად როგორ არ წარმოედგინათ ის საზოგადოებრივი აღტაცებაც, რაც მის დადგმას მოჰყოლოდა.

ხოლო პეტრე უმიკაშვილი, –

დღესაც ცნობილი, როგორც საუკეთესო ფოლკლორისტი, პუბლიცისტი, ლიტერატორი და პედაგოგი, –

თავის დროზე დიდად მოწონებული ყოფილა დრამატურგადაც, მერე დავიწყებას რომ მისცემოდა.

ქრესტომათიისათვის შეირჩეოდა მისი პიესა, იმჟამად საკმაოდ გახმაურებული:

„სამზადისი“, –

რომელიც რას მიეძღვნებოდა და:

გიორგი ერისთავის მიერ ქართული თეატრის დაარსებას, უშუალოდ კი იმ რეპეტიციას, რომელიც წინ უძღოდა მისი კომედიის – „გაყრა“ – საჯაროდ წარმოდგენას 1850 წლის 2 იანვარს.

დრამატურგს ზეპირგადმოცემების წყალობით შეეგროვებინა საკმაო მასალა, რათა გაეთვალსაჩინოებინა ის რეალობა და მათ შორის წინააღმდეგობანიც, რაც წინ უძღოდა პირველ სპექტაკლს და არ მოაკლდებოდა რეპეტიციებს.

პერსონაჟები დრამატურგს თავიანთი გვარ-სახელებითვე გამოეყვანა:

გიორგი ერისთავი თუ დიმიტრი ყიფიანი თუ პლატონ იოსელიანი თუ რაფიელ ერისთავი თუ ქეთევან ორბელიანი თუ ტასო გაგარინა თუ ილია ორბელიანი თუ ვახტანგ ორბელიანი თუ მიხაილ ვორონცოვი თუ…

პეტრე უმიკაშვილის მიერ შეგროვებულ და შესაფერისადაც წარმოდგენილ მასალას დოკუმენტური მნიშვნელობა ენიჭება და შემდგენელნიც საგანგებოდ აღნიშნავდნენ:

„სამზადისი“ სიზუსტით რომ ასახავდა თეატრის დაარსების ისტორიას.

პიესის ისტორიულ მნიშვნელობას კი გამოჰკვეთდნენ იმ თვალსაზრისითაც, დიალოგებში რომ ჩართულიყო იმ ეპოქისათვის ნიშანდობლივი რეალიები:

ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „განგვეღო კარი გაზაფხულისა“, რომელიც იმედს აღუძრავდა დადგმის მონაწილეებს;

გიორგი ერისთავის მიერ გამოთქმული ახალი კომედიის დაწერის სურვილი;

ბატონიშვილი მარიამის დამოკიდებულება თეატრისა და ევროპული ჩაცმულობის მიმართ;

ქართველ მსახიობთა მოძებნის სიძნელე;

თეატრის საქმის ხელშეწყობა ევროპაში;

პლატონ იოსელიანის გეგმა „გაყრის“ წინასიტყვაობის დაწერისა;

რაფიელ ერისთავის გვარის ისტორია;

დიმიტრი ყიფიანის წარმომავლობა;

ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებით გამოწვეული დარდი;

ილია ორბელიანის კავშირი დაღესტანთან…

იქ კიდევ – წარმოდგენა რომ გვექმნებოდა მესტვირის რეპერტუარზე, დაკვრასთან ერთად ექსპრომტად რომ თხზავდა ლექსებს ყველა თემაზე.

იქ კიდევ – მესალამურის რომანტიკული სიმღერების რეპერტუარი.

იქ კიდევ – მესანთურეები და მედუდუკენი.

იქ კიდევ – სახალხო მომღერალი სათარა ტატოს ლექსზე შექმნილ სიმღერას რომ შეასრულებდა…

„სამზადისი“  პეტრე უმიკაშვილისა პოლიტიკური თეატრის კლასიკური ნიმუშია და თუკი ოდესმე გვექნება ამ ყაიდის თეატრიც, ეს პიესა ხელიდან არ გაიშვება, ჯერ ისედაც რომ არ არის მისავიწყებელი.

მესამე ტომში თავმოყრილი ნაცნობი და უცნობი პიესების ზოგად დახასიათებასთან ერთად თამარ შარაბიძესა და თამარ ციციშვილს ის გარემოებაც საგანგებოდ უნდა აღენიშნათ:

70-80-იანი წლების დრამატურგია რომ მიეკუთვნებოდა ქართული თეატრის აღორძინების ხანას, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის თაოსნობით უამრავი სასიკეთო რამ რომ უნდა მომხდარიყო:

განახლებულიყო მუდმივმოქმედი დასი, შექმნილიყო თეატრალური საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ამჟამინდელ რუსთაველის გამზირზე აგებულიყო თეატრის შენობა, თეატრალური საქმიანობა გაშლილიყო საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიჰქცეოდა რეპერტუარს – მასში დამკვიდრებულიყო უცხოური კლასიკური დრამატურგიის ნიმუშებიც, ხოლო ეროვნულ ნაკადში კომედია-ვოდევილები გმირულ-რომანტიკულ და რეალისტურ-კომედიურ მიმართულებებს ჩაენაცვლებინა, რასაც უნდა გაეორმაგებინა მაყურებლის ინტერესი, და კვლავ ექცია ქართული სცენა – ილია ჭავჭავაძის სიტყვები რომ მოეშველიებინათ:

გრძნობათა გამოფხიზლების სასწრაფო და პირდაპირი ზემოქმედების უმთავრეს საშუალებად, ქართველი ხალხის მწვრთნელად და გამზრდელად, სულისა და გულის ამამაღლებლად.

ჩვენი დრამატურგიის ამ ნიმუშებს, ამ კრებულში თავმოყრილთ, ხელშესახებად უნდა აერეკლა  ეს  დიდი  გამოცოცხლება ქართულ თეატრალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

და სულ უფრო კანთიელი ხდება ის კედლები დიდი ნაგებობისა, „ქართული დრამატურგიის ქრესტომათიის“ პირველი ტომის მყარი საძირკველი უკვე ხელშესახებად რომ მიგვანიშნებდა.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…