ქართულ სცენაზე დიდი ხანია არ დადგმულა ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“, რომელიც, უნებლიეთ, ყოველთვის ს. ახმეტელის სპექტაკლთან ასოცირდება. ამჯერად ვიხილეთ ამ ისტორიული პიესის თანამედროვე ადაპტაცია, რომელიც საათნახევარი გრძელდება და კლასიკურ დადგმასთან საერთო არაფერი აქვს. რა თქმა უნდა, ფაბულის შემოკლებასთან ერთად დაიკარგა გმირთა სრულყოფილი ხასიათები, რაც რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის ერთგვარი ჩანაფიქრიცაა. მის ექსპერიმენტებს კარგა ხანია შევეჩვიეთ, თუმცა, გასაკვირია, რომ რეჟისორის ნებას ბოლომდე მიჰყვა პიესის ადაპტაციის ავტორი, გამოცდილი მთარგმნელი – მანანა ანთაძეც.
ცხადია, მისასალმებელია კლასიკური პიესის გათანამედროვება და რეალურ ცხოვრებაზე მორგება, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს მხატვრული დონის დაკნინების ხარჯზე.
პროგრამაში ვკითხულობთ: „ყაჩაღები (სათაურს ბრჭყალები არ აქვს – გ.მ.) ეს არის სპექტაკლი ადამიანებზე (მძიმე აკლია – გ.მ.) რომლებიც სიმართლის ძიებაში კარგავენ საკუთარ თავს, მორალს, საკუთარ იდენტობას. მიდიან თვითლიკვიდაციამდე, მაგრამ მაინც იბრძვიან იმისათვის (კვლავ მძიმე აკლია – გ.მ.) რომ აღადგინონ სამართლიანობა დედამიწაზე და მთელ სამყაროში. მსოფლიო მეორედ მოსვლის ზღვარზეა, ჩვენ კი გვინდა ვისაუბროთ თანამედროვე გმირზე, ამ გმირის აუცილებლობაზე. თანამედროვე ლიდერზე რომელიც, ნებისმიერ წინააღმდეგობას გადალახავს და აუცილებლად გაიმარჯვებს, სიმართლისთვის, სიყვარულისთვის.“
გამოდის, გრანდიოზული ამოცანა დაუსახავს დამდგმელ ჯგუფს! მსოფლიოს ხსნა დაუგეგმავს და ამისთვის სპეციალურ „რეცეპტს“ გვთავაზობს.
სამწუხაროდ, სცენაზე ამ დაპირების საპირისპიროს ვხედავთ. არც გმირია და არც სიმართლისთვის იბრძვის ვინმე. მაშ, როგორ ვიხსნათ მსოფლიო მეორედ მოსვლისგან?! რა თქმა უნდა, პასუხი არ არის! სამაგიეროდ, თვალნათლივ ჩანს ყაჩაღთა ბანდა, რომელიც საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვის; „მსოფლიოს გადარჩენაზე“ არავინ ფიქრობს; მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის მიდის ბრძოლა (კარლი მამის ქონების დაბრუნებას ცდილობს). ასეთი ბანალური ისტორიის „მსოფლიო პრობლემად“ გასაღება კი, ცოტა არ იყოს, უცნაურია.
სცენოგრაფიაც (გ. უსტიაშვილი) საკმაოდ ბუნდოვანია. თითქმის ცარიელ სცენაზე მცირე ინვენტარს ვხედავთ. თუმცა ტყისა და ყაჩაღების სცენებში რაღაც გაუგებარი დანადგარი ჩნდება, რომელიც, რატომღაც, ტყის სიმბოლოდ უნდა აღვიქვათ. იგი არარეალურად გამოიყურება და ხელსაც კი უშლის გმირთა ბუნებრივ მოძრაობებს. არც მოვლენებისა და ხასიათების განვითარება ხდება. მუქი ფერის კოსტიუმები რაღაცით ფაშისტთა ან ბოლშევიკთა ჩაცმულობის ასოციაციას იწვევს და სტურუას სპექტაკლებსაც მოგვაგონებს. შავი ფერის დომინაცია ხაზს უსვამს ტრაგიკულ მოვლენებს და იმ კრიმინალურ გარემოს, რომელშიც გმირებს უწევთ ცხოვრება. სპექტაკლი მიმდინარეობს ნახევრად ჩაბნელებულ გარემოში; მოქმედების დრო გაურკვეველია (ვითომ განზოგადებული); მკრთალია გმირთა სახეები; არც მთავარი სათქმელი იკვეთება; ორივე მხარე უბედურია და დასაღუპად განწირული (ეს თემა თავის დროზე რ. სტურუას სპექტაკლში – „ღალატი“ იყო წარმოდგენილი).
ფინალში, კარლისა და ამალიას დაპირისპირებისას, ხელოვნურად არის შემოტანილი „რუსული რულეტკის“ გათამაშება. რეჟისორი ამ გზით ცდილობს გმირთა შორის არსებული ემოციური სტრესისა თუ სხვა შინაგანი განცდების გადაფარვას.
ქორეოგრაფ კოტე ფურცელაძის სასცენო მოძრაობა საკმაოდ გაჭიანურებული და ერთფეროვანია.
მივყვეთ სპექტაკლს. საორკესტრო ორმოში თეთრ პერანგში მდგარ ფრანცს (შ. მირიანაშვილი) ხელში წიგნი უჭირავს (უნდა ვიგულისხმოთ შილერის ნაწარმოები), სულს უბერავს და ხელიდან უვარდება. შეწუხებულია და ნერვიულობს. ალბათ, ეს მის სულიერ აღელვებას უნდა გამოხატავდეს. შემდგომ გაზეთს იღებს და რაღაცას ხაზავს. წერს და ინახავს. სცენის სიღრმეში დებს ქაღალდს, რომელსაც მისი მეგობრები იღებენ და კითხულობენ. მთელი ეს სცენა პანტომიმას ჰგავს და საკმაოდ დიდხანს გრძელდება. შემდეგ ფრანცი ყვირის – მამა! იგი, თითქოს, შეშფოთებულია თავისი ძმის – კარლის წერილით.
ფრანცი ინტრიგას აგდებს და შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად მამის რეაქციას ელოდება; მიზანს აღწევს და თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას აგრძელებს.
საორკესტრო ორმო ფრანცის იდუმალი (ბნელეთის) სამყაროა და ძმას ძირს უთხრის. სპექტაკლის ფინალში იმ წიგნის ფურცლების გაფანტვა, რომელიც დასაწყისშიც ეპყრა ხელთ კარლს, სიმბოლურად უნდა მიუთითებდეს გმირთა მიერ სამართლიანობისთვის დაწყებული ბრძოლის კრახით დამთავრებას.
ასევე სიმბოლურია ამალიას თეთრი კაბა – წრფელი სიყვარულისა და თავდადების ნიშანი. ფინალის შავი კაბა კი ქალის მორალური კრახისა და იმედგაცრუების მანიშნებელია, თუმცა მსახიობში მსგავს გარდასახვებს ვერ ვხედავთ.
ცხადია, რეჟისორს სურს გვითხრას, რომ ძალადობით დემოკრატია და თავისუფლება ვერ მოიპოვება. სპექტაკლში ვხედავთ პარალელსაც გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველოსთანაც – სამოქალაქო ომთან.
მთავარი გმირი ცდილობს, მამაზე ზეწოლა მოახდინოს ცინიზმით, სიცრუითა და მზაკვრული ჩანაფიქრით. მოხუცი მოორი – ვალერი კორშიას შესრულებით – გულუბრყვილო ადამიანია; თითქოს ვერც წარმოუდგენია კარლის ავკაცობა, მაგრამ შვილის ღალატით შეშფოთებულია.
სქემატურია ვალერი კორშიას პერსონაჟი; იგი თავის გრძნობებსა და მოქმედებებში ბოლომდე ვერ გარკვეულა. მაყურებელი გმირის შინაგან ცვალებადობას უნდა ხედავდეს. არადა, მოხუცი მოორი აბსოლუტურად არათანმიმდევრულია, თუმცა ორიგინალ პიესაში მამა უდიდეს ტრაგიკულ ტრანსფორმაციას განიცდის. იგი გვიან ხვდება ფრანცის მზაკვრობას და შვილის ღალატით განადგურებული კვდება. სასცენო ვერსიაში კი მაყურებელი ვერანაირ შინაგან გარდატეხას ვერ ხედავს – ის ჯერ ადვილად თმობს უფროს შვილს, შემდეგ კი ფრანცს ისტერიკულად სთხოვს მის დაბრუნებას.
შ. მირიანაშვილის ფრანცი მოუთმენლად და ნერვიულად ელოდება მამის რეაქციასა და გადაწყვეტილებას. მიზნის მიღწევის შემდეგ კი თავის წერილს ხევს და თავდაჯერებულად, თამამად აცხადებს – ყველას გავანადგურებ, ვინც წინ გადამეღობება! გმირი ორმოში უჩინარდება, რაც ისე აღიქმება, როგორც ქვესკნელში ჩასვლა. ამ სცენაში ინტრიგა უკვე იკვეთება და ფრანცის სახის კონტურებიც ილანდება.
ოჯახური ინტრიგა კარლისა და მისი მეგობრების სცენით გრძელდება. ისინი ინდივიდუალურ პიროვნებებს ვერ გამოხატავენ და საერთო მასად აღიქმებიან. კარლი (პაატა ინაური) მამის წერილში ძმის ხელს ამოიცნობს და ქაღალდი ხელიდან უემოციოდ უვარდება; მეგობრები კი ირონიულად აფასებენ მოსმენილს. ამბობენ – დიდ საქმეს მოვკიდეთ ხელი და ბოჰემის ტყეში წავიდეთო. არადა, სინამდვილეში ვალების გასტუმრებას ერიდებიან. ისინი ტირანიის წინააღმდეგ რაზმის შექმნას მოითხოვენ და მეთაურად კარლს ასახელებენ; შესძახებენ კიდეც – ინ ტირანოს! კარლი კი დაღონებულია – ჯავრობს, რომ საყვარელმა მამამ გაწირა. თუმცა სამხედრო სალამს აძლევს ყველას და დარბაზისკენ მიბრუნებული მტკიცედ წარმოთქვამს – შემომფიცეთ!
თუმცა, რა გამოდის? სად ჩანს აქ „ტირანია“ და მის წინააღმდეგ ბრძოლა? პისტოლეტებითა და დანებით გართობაში? მათ გადაწყვეტილებაში სამართლებრივი ბრძოლის ან საზოგადოებრივი ცხოვრების შეცვლის არავითარი სურვილი არ ჩანს. ვხედავთ მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის მებრძოლ ბანდას. არადა, ამაზე წერდა შილერი?! ვფიქრობ, რომ – არა!
სპექტაკლში ფრანცი მუსულმანივით თვითგვემას ეწევა. ამალიას (ანუკა გრიგოლია) მიმართ ირონიულადაა განწყობილი (რატომ, გაუგებარია). შაკო მირიანაშვილის პერსონაჟს ყალბი მანერულობა ეტყობა; მისი ხასიათი არ ვითარდება და ნიღაბივით ერთფეროვანია.
ირონიულად ჟღერს ფრანცის მუქარა მაყურებლისადმი – ჩემს სამეფოში მხოლოდ ცუდ ამბებს გაგაგებინებთ და შიში იქნებაო; ამის დასტურად საკუთარი ხელებით დამხრჩვალ მამასაც აგდებს ორმოში (თავადაც ხომ ამ ბნელი ორმოს ბინადარია). კარლის გარემოცვაც არანაკლებ კრიმინალურია – მთელი საგრაფო დაუხოცავთ ბავშვებიანად; კარლიც ვითომ დამწუხრებულია ამ ამბით – თითქოს თავს იდანაშაულებს მათ გაბოროტებაში.
პაატა ინაური ყოველგვარი შეფასებისა და განცდის გარეშე კითხულობს ტექსტს. თანაც დაჟინებით ამბობს – ჩვენ ტირანებს ვხოცავთო, რაც სრულ დისონანსშია ბანდის ქმედებასთან. უადგილო და გაუგებარია კარლის ზმანება-მონოლოგებიც. სპექტაკლში სრულიად ზედმეტია დაჩეხილი მეგობრების მოლანდება და მათთვის დასმული კითხვა – რა დაგემართათ?
პ. ინაურში არ ჩანს შინაგანი ძალა არც ღმერთისა უარყოფისას, როცა ამბობს – ღმერთი მე ვარ და იგი თქვენშიაო.
პიესაში კარლი არ არის უბრალო ბოროტმოქმედი; ის რომანტიკული, ფეთქებადი და იდეალისტი ამბოხებულია; კაცი განიცდის საკუთარ სისასტიკეს. თუმცა სპექტაკლში კარლი ასეთი სულაც არ არის.
პაატა ინაურის პერსონაჟი თავიდანვე ბოროტმოქმედია და მხოლოდ ძმისადმი შურისძიება ამოძრავებს. მისთვის არაფერია მორალი და სიმართლისთვის ბრძოლის სურვილი. ამიტომაც ერთფეროვანი და სწორხაზოვანია. კარლ მოორში არავითარი გარდატეხა არ მიმდინარეობს და საბოლოოდ დამნაშავედ ყალიბდება. მისი თანამზრახველებიც არ გამოირჩევიან ინდივიდუალურობით და მოორის დამჯერ მასად წარმოგვიდგებიან. ამიტომაც მაყურებელი გულგრილია ირაკლი ჩხიკვაძის გრიმის თვითმკვლელობისადმი თუ ბაჩო ჩაჩიბაიას შპილბერგის მიერ ბანდის უფროსობის ხელში ჩაგდების სურვილისადმი…
ფრიდრიხ შილერის პიესაში – „ყაჩაღები“ თითოეული პერსონაჟი მკაფიო იდეურ და ტრაგიკულ ფუნქციას ასრულებს. შპილბერგი (ბაჩო ჩაჩიბაია) რაზმის მანიპულატორი და ბოროტი გონებაა; მისი ყველაზე ბოროტი, შურიანი და ამორალური წევრია. სწორედ ის უბიძგებს კარლ მოორს, გახდეს ყაჩაღების მეთაური, თუმცა თავად სურს ლიდერობა. შპილბერგი მოქმედებს არა იდეალისტური პროტესტის (როგორც კარლი), არამედ სუფთა ბოროტების, ძარცვის, სისასტიკისა და პირადი გამორჩენის გამო. მას არ გააჩნია სინდისის ქენჯნა. კარლის მიმართ შური ღალატისკენ უბიძგებს, რაც საბოლოოდ მისი სიკვდილით სრულდება.
რაცმანი (ჯაბა კილაძე) სადისტი მაროდიორია; გრიმი (ირაკლი ჩხიკვაძე) – ბრმა შემსრულებელი და შპილბერგის იდეოლოგიური თანამებრძოლია – პრაგმატული და დაუნდობელი ყაჩაღი. მან კარლის „კეთილშობილური ყაჩაღობის“ იდეა ჩვეულებრივ სისხლისღვრად და მაროდიორობად აქცია. კარლ მოორის ერთგული და მორჩილი თანამებრძოლია. იგი არ გამოირჩევა შპილბერგის მსგავსი სადისტური მიდრეკილებებით; უფრო ჯარისკაცური ტიპაჟია და ბრმად მიჰყვება მეთაურის ბრძანებებს. ის რაზმის იმ ბირთვს ეკუთვნის, რომლისთვისაც კარლი უპირობო ავტორიტეტია.
როლერი (როლანდ ოქროპირიძე) კარლის ერთ-ერთი ყველაზე ახლო და საყვარელი მეგობარია რაზმში. ენერგიული, მამაცი და ერთგული პერსონაჟია. კარლი საკუთარ სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებს და ქალაქს ცეცხლს უკიდებს სიკვდილმისჯილი მეგობრის გადასარჩენად.
შვარცი (ნოდარ ძოწენიძე) არ არის შპილბერგივით პირწავარდნილი ბოროტმოქმედი; ის უფრო გარემოებების მსხვერპლია – ყაჩაღურ ცხოვრებაში ჩაითრია ტალღამ. სწორედ შვარცი ატყობინებს კარლს მნიშვნელოვან ამბებსაც (მაგალითად, მამის სავარაუდო სიკვდილს).
ამალია (ანუკა გრიგოლია) სიწმინდის, ერთგულებისა და თავდადების სიმბოლოა. მიუხედავად იმისა, რომ კარლი გაუჩინარდა და ყაჩაღად მიიჩნევენ, ქალს სულით ხორცამდე უყვარს; მტკიცე უარს ეუბნება ბოროტ ფრანცსაც ცოლობაზე, მიუხედავად მუქარისა და ძალადობისა. ამალიას ტრაგიკული ბედი აქვს – უკან დაბრუნებული მიჯნური ფიცის გამო ვეღარ ტოვებს ყაჩაღებს; ქალი, რომელსაც კარლის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია, მამაკაცს სთხოვს, რომ მოკლას და მიჯნურის ხელით ასრულებს სიცოცხლეს.
ასეთია ასლამაზიშვილისეული შილერი – ცოტა უცნაური ამბებით, ყაჩაღებით, განწყობებითა და იდეალებით. თუმცა, ძნელი სათქმელია, სად სრულდება აქ შილერი და სად იწყება თანამედროვე „ყაჩაღთა“ ბედი და უბედობა!









