აჰა, მიიწურა უკვე „ზაფხულის ღამის სიზმარი“.
გვიანი შემოდგომა უტევს თბილისს. ცოტა ტალახიანიც; მუხრან მაჭავარიანის იმ ლექსივით „გარონიება“ რომ არ მოგინდება რუსთაველზე, აი, ისეთი!
თეატრალური სეზონიც ეს-ეს არის, შედის ძალაში –
ხრჭიალებს. ხმაურობს. თუხთუხებს.
მთავარია, ისმის, ისმის „ეს ხმა ტკბილი“.
რაა ამ „სიტკბოს“ მიღმა – ეს უკვე სხვა ამბავია.
შექსპირისეული „ზაფხულის ღამის სიზმარივით“ „ელვარე და ლომფერი“ ყოველთვის ყველა ვერ იქნება.
რთული რამეა, ზოგადად, სიზმარი.
მეტად რთული.
ზოგი თეატრი გვიან შემოდგომაზეც იქ არის ჩარჩენილი.
მაყურებელიც „ხელს უწყობს“ –
ტაშით ათამამებს. ალაღებს. ამბიციებს უჩენს.
არადა, მატყუარა სიზმარია ტაში –
ნიჭიერად დადგმულ შექსპირსაც უკრავენ და – კიტა ბუაჩიძესაც.
არა, ბატონ კიტას კი არაფერს ვერჩით, მაგრამ შექსპირის საპირწონედ ხომ ვერ გამოდგება „შავი წიგნის“ ავტორი?
„შავ წიგნად“ ექცეს დღე ჩვენს რჩეულ მტრებს!
ტაში კი „ტყუის“ – გემოვნებიან და უგემოვნო მაყურებელს ორად ყოფს.
რას ვიზამთ?
უყვარს ქართველს ტაში.
ახალი მოდაცაა – დეველოპერსა და კლერკს, ინფლუენსერსა და ვექილსაც თანაბარი ტაშით აცილებენ იმქვეყნად!
რაც მთავარია, ქალაქის კოლორიტებს აყოლებენ იმ სევდიან გზაზე მხურვალე აპლოდისმენტებს.
კაცი-კოლორიტიც ხომ, ინფლუენსერივით, პროფესიად იქცა ჩვენში? თანაც, სარფიან პროფესიადაც, სხვათა შორის!
ადრე მხოლოდ არტისტებს აცილებდნენ ტაშით; ისიც – დიდ არტისტებს; გამონაკლისებს!
თუმცა, ჩვენში დღეს ხომ ყველა ადამიანი არტისტია? თან – დიდი არტისტი!
ამასაც არა უშავს; მთავარია, ცოცხლებს დავუკრათ სწორად ტაში. მიცვალებულებს შევეშვათ.
სჯობს, ცოცხლები შევაგულიანოთ სწორად – ყველა ნაცრისფერ, საშუალო ან მთლად უნიჭო კაცს „გენიალური“ და „მაესტრო“ არ ვეძახოთ;
ერთ საცერში არ გამოვცრათ ყველა და ყველაფერი, თორემ „შავ წიგნში“ მოხვედრა ისტორიისგან არ აგვცდება!
უფრთხილდით კიტა ბუაჩიძეს!
ფრთხილად! წინ შექსპირია!
მუხრანით დავასრულოთ ისევ – მაგისთანა „დრამატურგი… ტყუილია!“








