ეკა თხილავა - ესე

„უსმინეთ“ ლენინს!

, , ,

ანუ დიადი „მოსმენების“ 105 წელი…

ნეტა, რას იტყოდა ის „ცხონებული“, იმ „დიდებულ წამს“ (როცა ზარ-ზეიმით „თქვლეფდა“ პეტერბურგის ქუჩებს –  თანამოაზრეებთან ერთად) რომ გაეგო,  ზუსტად 105 წელიწადში – 2022 წლის 17 ოქტომბერს, სახსენებელი აღარ იქნებოდა არა თუ მეფის, არამედ – თავად მისიც…   ბელადის სახელსაც ქუჩა-ქუჩა ათრევდნენ ტალახში ისე, როგორც დემნა გვასალიამ ატარა „წუმპე-წუმპე“ თავისი მოდელები აგერ, ახლახან…

ილიჩი ამას, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა… ან, ვინ იცის, ხედავდა თავის აღსასრულს და აშინებდა…

მახსოვს, მამაჩემი ამბობდა, 3 საათი ვიდექი რიგში, მავზოლეუმში რომ მენახაო… არადა, ერმიტაჟში, თურმე, 33 წუთით ნაკლებ დროში მომხვდარა…

სამი საათი – ცივ, გაყინულ, დათოვლილ მოსკოვში… მავზოლეუმის წინ… მდუმარედ იდგა ასობით ადამიანი.

აი, ეს არ იყო ილუზორული მოვლენა…

იდგნენ და ელოდნენ…

ვინ იცის, რას… რას ელოდნენ და რა ხვდებოდათ მარმარილოს იმ უზარმაზარ აკლდამაში…

აგერ, რას წერდა 1970 წელს ერთი ჩვენებური ცნობილი ქართველი პოეტი, ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატი, დღეს რომ ქვეყნის ყველაზე „პოპულარულ“ პანთეონში განისვენებს –

„ახლა მოსკოვში ყინავს და ოცდაათი გრადუსია.

ცა ფეხად ჩამოდის და უხარიათ ნაძვებს…

გარეთ გამოსულა ქვეყანაზე რაც კი რუსია,

რუსი ყინვის ამტანი და ჭირის გამძლე.

წითელ მოედანზე რიგია უსაშველო,

კრემლის საათი თორმეტჯერ რეკავს.

მაღალ მილიციელს შეჰყინვია ულვაშები.

ხელებს იორთქლავს და ადგილზე ცეკვავს…“

ლექსზე რა მოგახსენოთ, მაგრამ „ისტორია“ მასში ჩანს – ა, ბატონო, ხეებსაც უხაროდათ, თურმე, მაშინ… ახლა, ალბათ, ნაძვებმაც მოიწყინეს და – ყველასგან მიტოვებულმა ილიჩმაც…

არც 105 წლის იუბილეს მიულოცავენ ხვალ, ცხადია…

არ ცხელა „გვამისთვის“ რუსეთს… არც ისე ყინვისა და ჭირის ამტანი აღმოჩნდა, ბევრს რომ ეგონა, საბედნიეროდ…

რაც კი რუსია, დღესაც ისევ „გარეთაა“ გამოსული… ოღონდ – საზღვარს გარეთ…

ამასაც ვერ წარმოიდგენდნენ ვერც ილიჩი და ვერც – ის ჩვენი ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატი…

მილიციელებსაც აღარ ეცეკვებათ და მხოლოდ ულვაშებიღა შეჰყინვიათ…

არადა, ამ ჩვენი მგოსნის პოეტურ მოწოდებას – „უსმინეთ ლენინს!“ მთლად თვითგადარჩენის ინსტინქტით დაწერილსაც ვერ დავარქმევთ… ისეთ დროსაა ლექსად ნათქვამი, აღარც სტალინია, აღარც ხრუშჩოვი და სულმნათი ბრეჟნევია სათავეში –  გენსეკის კარიკატურა უფრო რომაა… და რას უნდა „შეეშინებინა“ მაშინ ასე მგოსანი? იქნებ, ახალი პრემიის მოლოდინმა გაახსენა, ვისთვის უნდა „ესმინა“, რომ გაემარჯვა…

მამა, ბელადი, ბრძენი… „გამარჯვება გრიგალებში გამოვლენილი“ – არ მოგესმათ… ესეც მოწოდებაა… მოწოდებაა მათთვის, „ვისაც ერთხელაც არ გვინახავს დიდი ლენინი“…

ნეტა, თავად მგოსანს თუ სჯეროდა, რომ „ლენინი მოჩანს ყველა მხრიდან…“

ისე, რომ ჩავუფიქრდეთ, თავად მართლა „კარგადაც“ მოუსმენია და „კარგადაც“ გამოუყენებია ლენინის შეგონებები – უკანასკნელი გზის ჩათვლით…

მისთვისაც ჩაფიქრდა მთაწმინდა…

ასეა, ზუსტად 105 წლის წინ დაიწყო ეს დიადი „მოსმენები“…

რას ვიზამთ? ოქტომბრის დიდი სოციალისტური რევოლუცია საფუძველშივე ილუზორულად ხიბლავდა და კლავდა…

კლავდა და ხიბლავდა…

ერთ-ერთ დახვრეტილ პარტიულზე უკითხავს სტალინს, როგორ შეხვდაო თავის აღსასრულს და გაჰკვირვებია, როცა გაიგო, რომ, თურმე, ღელავდა სიკვდილის წინ ტყვიას მიშვერილი მარქსისტი…

მეგონა, უფრო ღირსეულად მოკვდებოდა პარტიისთვისო – ჩაფიქრებულა.

აი, ილუზორული იმედგაცრუების ერთი საუკეთესო მაგალითიც…

ნეტა, სტალინს როგორი წარმოედგინა პარტიისთვის ღირსეული სიკვდილი? ან, სიკვდილი, საერთოდ… არადა, მაშინ ეგონათ, რომ უკვდავებას დაუდეს სათავე 105 წლის წინ…

მათთვისაც ილუზორული აღმოჩნდა ისტორია! ისტორია, თორემ კომუნიზმის „არსებობის“ დღესაც კი  ბევრს სჯერა…

არც „ავრორა“ გაუსვრიათ და ესეც ილუზია იყოო, მერე გაამხილეს…

ჩემი ისტორიის სკოლის სახელმძღვანელოში ოქტომბრის დიადი რევოლუციის პარაგრაფს თან ახლდა  რუსი მხატვრის – ბორის კუსტოდიევის ნამუშევარი – „ბოლშევიკი“…

ნამდვილი რუსი „მუჟიკი“ – წვერგაუპარსავი და თვალებაღგზნებული, გადაქცეულა გულივერად ლილიპუტების ქვეყანაში და პატრონივით „გადიდებული“ წითელი დროშით მიარღვევს ათასობით ადამიანს… იქ, ქვემოთ, უამრავი იქნება გარდაცვლილი… ისე ვერ გაივლის ამ ვიწრო ქუჩებს „გულივერი“ – მრავალნი მოჰყვებიან მისი ჩექმის ქვეშ…. გაისრისებიან… არაა რევოლუციისთვის ერთმნიშვნელოვნად საამო სურათი… არადა, ჩვენ გვასწავლეს, რევოლუციაა ეს კაციო… ანუ, ჩვენებური იორამი – ჯიბეში ყუმბარებით – 70 წელიწადში რომ თავისივე ნაღმზე აფეთქდა…

თუმცა… 30 წელზე მეტია, ჩვენში მაინც ისმის იმ „ავრორას“ ხმა, რომელსაც, თურმე, არც კი გაუსვრია…

აქ კი მაინც ელიან…

უსმენენ…

სჯერათ…

სხვათა შორის, 1917 წელს მალევიჩმაც დახატა „ ქრისტიანის თავი“ – ხორბლისფერ-მზისფერ-სისხლისფერი… რა ტრაგიკულია უკან მიმოფანტული გლეხობა – წითელი ფერი რომ შავით შესცვლია რაღაც დიდი საშინელების მოლოდინში…  მალევიჩმაც იგრძნო კუსტოდიევივით… ისიც დააფრთხო დიადმა „სიწითლემ“ და გლეხობის მიღმა ჯვარზე გაკრული უამრავი ქრისტე გამოსახა შავ ფერში იმ ცაზე, სადაც უკვე სიჭრელე მთლიანად „შეჭმულია“ და ჯვარცმულია მთელი სამყაროც…

ამ „ჯვარცმის“ დღე ახლოვდება – 2022 წლის 17 ოქტომბერი…

ნეტა, ვინ „უსმენს“ ახლა ლენინს? ან რა ფერია ახლა გლეხის თავი და სად არის ცა, რომელზეც ოდესღაც ქრისტე გააკრეს?

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…