დავით ანდრიაძე

რედაქტორისგან

, , ,

კარგა ხნის წინ მხატვართა ჯგუფთან ერთად მომიწია იტალიაში მოგზაურობა.

სექტემბრის თვეს ზაფხულის ხვატი უკვე „გადაეყლაპა“.

მოკლედ, იდეალური დრო იდგა მოგზაურობისთვის… თან იტალიაში მოგზაურობისთვის… თან ჩემისთანა კაცისთვის და თან – მხატვრებთან ერთად…

ბევრი გაოცება მოყვა ამ მოგზაურობას და კიდევ უფრო ბევრ-მეტი – აღტაცება…

მაგრამ ერთი უცნაური რამ კი აღმოვაჩინე – მხატვრები, მოხვედრილნი ვატიკანში, უცებ ჩამოიშალნენ. აღიგზნენ. შეშფოთდნენ. შეშინდნენ და სადღაც 15-20 წუთში ლამის სირბილით დატოვეს იქაურობა…

ზოგიერთს თავი ასტკივდა. ზოგიერთს – გული… ზოგიერთი შეიპყრო შიშმა… კულტურის შიშმა… ნამდვილი კულტურისა და ნამდვილი მხატვრობის წინ დგომამ გააშიშვლა ყველაფერი…

იმ დღეს დავრწმუნდი, რომ მხატვრები მაინც პატიოსანი ხალხია! გაბედეს და თვალები დახუჭეს. მზერა ვერ გაუსწორეს მიქელანჯელოს…

ამასაც გაბედვა უნდა… დიდი გაბედვა – თან…

აგერ ახლა, ლამის რამდენიმე დღის წინ თბილისს თავად ეახლა დიდი კულტურა. დიდი თეატრალური კულტურა – რობერტ უილსონის სახით…

რა გინდა, რომ ქნა?

ჩამოვიდა და ისეთი „ქარიშხალი“ ჩამოიყოლა, წესით, იმ პატიოსანი მხატვრებივით უნდა გაენადგურებინა მის ხილვას არაერთი თავმომწონე თეატრალი ჩვენში…

აანთო. დაანთო. სული შეუბერა. ღრუბელი გადაყარ-გადმოყარა უილსონმა შემზარავად კოსმოსური ხმებით, თავი დაგვიქნია; ესაა თეატრიო – ცოტა ირონიული ღიმილით გადმოგვხედა და წავიდა თავის დიდ ქვეყანაში…

უილსონს ან მის დიდ ქვეყანას რა უჭირთ?

მშვენივრად არიან „განათებულ-დალაგებულები“, მაგრამ ამის მერე ჩვენ რაღა ვქნათ?

სადღაა ის „ქარიშხალი“, თან რომ გაიყოლა იმ დალოცვილმა ოკეანის გაღმა…

ხომ სჯობდა, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დიდ სცენას არ ეხილა დიდი რობერტი?…

ხომ სჯობდა?

მე შენ გეტყვი და თეატრალები მხატვრებივით „მორცხვები“ არიან და გარეთ გავიდოდნენ…

თუ გავიდოდნენ, მხოლოდ იმის სათქმელად, „რა უთქვამს, რა მოუჩმახავს“ ამ რობერტსო?

რას ვიზამთ?

ყველას თავისი დიდი რობერტი ჰყავს და ყველას თავისი დიდი რობერტი უყვარს…

არადა, ეს დალოცვილი მიქელანჯელოც რომ ერთია?..

P.S. დალახვროს ღმერთმა და ამ ამბებმა ჩვენი ერთი ყოჩაღი „თეატროლოგის“ კაზუსი გამახსენა – მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯო, თურმე, მიქელანჯელო ბუონაროტი ეგონა…

რას ვერჩით? „თეატროლოგია“… მხატვრობასთან რა ესაქმება?

მთავარია, „რობერტები“ არ აერიოს ერთმანეთში…

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…