ლუდვიგ ვიტგენშტაინი თარგმანი

კულტურა და ღირებულება

, , , ,

II ნაწილი

(ფრაგმენტები)

1932-1934

მახსოვს შთაბეჭდილება კარგი არქიტექტურისაგან: ის აზრის გამომხატველია. და გინდება ჟესტით უპასუხო.

სახე სხეულის სულია.

ხელოვნებაში რაიმეს თქმა ძნელია, ანუ არაფერს ვამბობთ.

ყოველი მხატვარი სხვების გავლენას განიცდის და ამას თავის ნამუშევრებში აჩვენებს; მაგრამ ჩვენ მაინც ვიღებთ მისგან მისი პიროვნების გამოხატულებას. სხვებისგან გადმოღებული მხოლოდ ნიჟარაა. ჩვენ უნდა შევნიშნოთ გავლენები, მაგრამ სულიერად ისინი ვერ გამოგვკვებავენ.

1933

თუ ვინმე იტყვის, დავუშვათ: „ა-ს თვალები ბ-ს თვალებზე მშვენიერია“, მაშინ მომინდება დავაზუსტო, რომ სიტყვა „მშვენიერის“ გამოყენება სულაც არ ესადაგება იმ ზოგადს, როგორც გვესმის ეს სიტყვა. უფრო მეტად, საქმე გვაქვს სიტყვათა თამაშთან, თანაც არც ისე საინტერესოსთან. საიდან გამომდინარეობს ეს? მაქვს თუ არა მე, გარკვეული შემჭიდროებული განსაზღვრება სიტყვისა „მშვენიერი“? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ შეიძლება სულაც არ მომინდეს თვალების სილამაზის შედარება ცხვირის ფორმების სილამაზესთან.

[…]

თუ ვიტყვი, რომ ა-ს მშვენიერი თვალები აქვს, შეიძლება მკითხონ: რა არის მის თვალებში ასეთი მშვენიერი; შეიძლება, მივუგო: ნუშისებრი ფორმა, გრძელი წამწამები და თხელი ქუთუთოები.

მაგრამ ამ ყოველივეს რა საერთო აქვს იმ გოტიკურ ტაძართან, რომელიც ასევე მშვენივრად მიმაჩნია? შემიძლია, რომ ვთქვა: ორივენი ჩემზე მსგავს შთაბეჭდილებას ახდენენ? რა იქნება, თუ ვიტყვი: მათი საერთო ისაა, რომ ორივე შემთხვევაში ჩემი ხელი მათ გამოსახვას ესწრაფვის? ეს იქნება, ყოველი შემთხვევისთვის, მშვენიერის ვიწრო განსაზღვრება.

ხშირად, შეიძლება ითქვას: გაიგეთ, რა მიზეზებია, რის გამოც რაიმეს კეთილად ან მშვენივრად მიიჩნევთ, და მაშინ ნათელი გახდება თქვენთვის სიტყვა „მშვენიერის“ გრამატიკა.

1934

თუ ვიტყვი: „ეს ერთადერთია, რისი დანახვაც შეიძლება“, ჩემ წინ მივუთითებ. თუ მივუთითებ გვერდით ან ზურგისკენ – იმაზე, რასაც ვერ ვხედავ, – მითითება ჩემთვის აზრს დაკარგავს. ეს ნიშნავს, რომ მითითება შენს წინ არაფერს არ ეწინააღმდეგება.

1939-1940

თუ ხელოვნება მოწოდებულია „გრძნობის გასაღვიძებლად“, მაშინ გრძნობათა ორგანოებით ხელოვნების აღქმა შეიძლება სწორედ ასეთი გრძნობებია?

დღეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ სწავლულებმა ისინი უნდა გაწვრთნან, ხოლო პოეტებმა, მუსიკოსებმა, და ა.შ. – გაართონ. რომ ამ უკანასკნელთაც არანაკლები წვრთნა ძალუძთ, ამას არ ფიქრობენ.

როიალზე დაკვრა – თითების ცეკვა.

შექსპირი, შესაძლოა მავანმა თქვას, რომ ადამიანურ გრძნობათა ცეკვას ხატავს. ამ მიზეზით, ის იძულებულია იყოს ობიექტური, სხვანაირად ვერ მოახერხებდა ვნებათა ამგვარი ცეკვის დახატვას, მხოლოდ იმსჯელებდა მასზე. მაგრამ ის ჩვენ გვაჩვენებს ვნებებს ცეკვაში, ნატურალიზმის გარეშე. (ეს აზრი მივიღე პაულ ენგელმანიდან.)

თვით დიად ხელოვნებასაც მართებს ჰქონდეს რაღაც „სტილური“, თუნდაც ამას „მოდა“ ეძახონ.

ყოველი დიდი ხელოვნების უკან გარეული მხეცია, რომელიც გაწვრთნეს.

ყოველი დიდი ხელოვნება პრიმიტიულ ადამიანურ მოთხოვნილებებს ეფუძნება.

მასწავლებელი, რომელიც ღირსეულ, თუნდაც გასაოცარ, შედეგებს აჩვენებს, მაინც ვერ ჩაითვლება კარგ პედაგოგად, რამდენადაც სავსებით შესაძლებელია, რომ სანამ მოწაფეები მისი გავლენის ქვეშ არიან, გარკვეულ დონეს აღწევდეს მათი უნარების განუვითარებლად, ასე რომ, როგორც კი მასწავლებელი წავა, მოწაფეები ისევ დაბლა დაეშვებიან. […] (როცა მალერი თავად დირიჟორობდა, მისი ცალკეული წარმოდგენები ბრწყინვალე იყო; მაგრამ როგორც კი პულტთან ადგილს სხვას უთმობდა, ორკესტრი იშლებოდა.)

მუსიკის მიზანი „გრძნობის“ მოტანაა.

არა გრძნობადი, არამედ გრძნობადზე გამარჯვება იმსახურებს აღტაცებას, და აქცევს ცხოვრებას ცხოვრების ღირსად. სიმამაცეა, და არა ჭკუა, და არც შთაგონება, – მარცვალი, საიდანაც უზარმაზარი ხე ამოიზრდება. […] მაგრამ ვინმეს სიმამაცის აღიარებით თავად როდი ხდები მამაცი.

შეიძლება ითქვას: გენია ნიჭის სიმამაცეა.

სცადე იყო საყვარელი, მაგრამ არა აღფრთოვანების საგანი.

როგორი ძნელია ნახო ის, რაც თვალწინაა.

არ შეიძლება უარს ამბობდე თავგანწირვაზე და მაინც ლაპარაკობდე სიმართლეს.

სწორი სტილით წერა რელსებზე ვაგონის სწორად დაყენებას ჰგავს.

1941

(ჩემი სტილი ცუდ მუსიკალურ კომპოზიციას ჰგავს.)

არავითარ შემთხვევაში ბოდიში არ მოიხადოთ, არაფერი დამალოთ, თქვით ისე, როგორც არის – მაგრამ უნდა ხედავდეთ სინათლეს, რომელიც ფაქტებს ახლებურად ეცემა.

პოეტი მუდამ უნდა ეკითხებოდეს თავის თავს: სიმართლეა, რასაც ვწერ? მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს: ხდება თუ არა ეს სინამდვილეში?

მართალია ის, რომ ძველი მასალა უნდა შევაგროვოთ. მაგრამ ახალი შენობისთვის.

ვბერდებით, პრობლემები კი თითებშუა გვიძვრება, როგორც სიყმაწვილეში. არა მხოლოდ ვერ ვიჭერთ მათ, არამედ ვეღარც ვაკავებთ.

ბევრად მეტს ნუ მოითხოვთ და ნუ შეშინდებით, რომ რაც გჭირდებათ – არარად იქცევა.

ვაგნერის მოტივებს შეიძლება დაერქვას მუსიკალური, პროზაული წინადადებები. და ისეთი მოვლენის წინაშე, როგორიც „რიტმული პროზაა“, ეს მოტივები შეიძლება გადავიდეს მელოდიურ ფორმაში, მაგრამ იმის გარეშე, რომ მათ მელოდია შვან.

ვაგნერიანული დრამაც არ არის დრამა, არამედ სიტუაციების დაკავშირება, ასხმა, როგორც ძაფზე. და ეს ძაფი ხელოვნურია, მოტივები და სიტუაციები არ არის შთაგონებით ნაკარნახევი.

სხვების მაგალითებით არ აღფრთოვანდე, – მხოლოდ ბუნების მაგალითებით!

დრამის პერსონაჟები ჩვენში აღვიძებენ თანაგრძნობას; მათ, ვისაც ჰქვიათ ჩვენი ნაცნობები, ხშირად ისინი არიან, ვინც ჩვენ გვიყვარს ან დასანახად ვერ ვიტანთ. „ფაუსტის“ მეორე ნაწილის პერსონაჟები არანაირ სიმპათიას არ იწვევენ! ჩვენ კი არ ვგრძნობთ, არამედ თითქოს ვიცით ისინი. ისინი აზრებად ჩანან და არა – ადამიანებად.

1942

მათემატიკოსი (პასკალი), რომელსაც აღაფრთოვანებდა თეორემის სილამაზე რიცხვთა თეორიიდან, როგორ აღტაცებაში მოვიდოდა ბუნების სილამაზეებით. საოცარია, ამბობს ის, როგორი თვისებები აქვთ რიცხვებს. როგორ აღფრთოვანებას გამოიწვევდა მასში კრისტალის კუთხეების სილამაზე.

თუკი თქვენ უკვე ვიღაც გყვარობთ, არანაირი მსხვერპლი ზედმეტი არ არის, მაგრამ ნებისმიერი მსხვერპლი ზედმეტია, თუკი სიყვარულის ყიდვა გსურთ.

რაც საყვარელია, მშვენიერი ვერ არის.

არქიტექტურა ჟესტია. მაგრამ სხეულის ყველა გააზრებული მოძრაობა ჟესტი როდია. არამედ მხოლოდ იმ მცირე დოზით, რა დოზითაც ნებისმიერი ფუნქციონალური შენობა არქიტექტურაა.

ვიღაცამ ორთქლის ძრავის მექანიზმი გამოიგონა ისე, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა მის გამოყენებაზე ძრავისთვის.

იქ სადაც გენია სუსტია, ვხედავთ ნიჭს.

1944

თუკი სიცოცხლეში გარშემორტყმული ვართ სიკვდილით, ჩვენს ჯანსაღ ცნობიერებაში გარშემორტყმული ვართ შეშლილობით.

გინდოდეს იაზროვნო ერთია, გქონდეს აზროვნების ნიჭი მეორეა.

რევოლუციონერი ხდება ის, ვისაც საკუთარი თავის რევოლუციონიზირება შეუძლია.

1946

შექსპირს შედარებები, როგორც ასეთი, ცუდი აქვს. და მაინც, თუკი ისინი კარგია – მე კი არ ვიცი, ისინი კარგია თუ არა, – თავის თავში კანონებივით უნდა იყვნენ. შესაძლოა ჟღერა ანიჭებს მათ დამაჯერებლობას და ჭეშმარიტებას.

სავსებით დასაშვებია, რომ შექსპირთან მნიშვნელოვანია სიმსუბუქე, წინააღმდეგობა; და თუ ნამდვილი აღფრთოვანება გსურთ დაგეუფლოთ, მაშინ ის უნდა მიიღოთ, როგორიც არის, ბუნებისა და პეიზაჟის მსგავსად. თუკი მართალს ვამბობ, მაშინ სწორედ, რომ მისი ნაწარმოებების სტილია მთლიანად არსებითი და გამამართლებელი.

ის, რასაც მასთან ვერ ვიგებ, შესაძლოა იმ ფაქტით აიხსნას, რომ მისი კითხვა ჩემთვის მძიმეა. განსხვავებით თვალწარმტაცი პეიზაჟის ჭვრეტისგან.

ვიღაცამ შეიძლება მთელი ცხოვრება პატარა ქვეყანაში მოგზაურობას მიუძღვნას, და ეგონოს, რომ მის საზღვრებს მიღმა არაფერია.

ჩაღრმავებისთვის შორს წასვლა საჭირო არაა. ამის გაკეთება სახლის გვერდით ბაღშიც შეიძლება.

შესანიშნავია ის, რომ მონიჭებული გვაქვს ვიაზროვნოთ ცივილიზაციის შესახებ – სახლებზე, ქუჩებზე, მანქანებზე და ა.შ.  – როგორც იმაზე, რაც აცალკევებს ადამიანს თავის ფესვებთან, მარადიულთან, მთასთან. ჩვენი ცივილიზებული გარემო, თვით ხეები და მცენარეებიც კი, იაფფასიანად გვეჩვენება, ცელოფანში გახვეულად, იზოლირებულად – დიადისაგან, ღვთაებრივისგან. ეს თავბრუდამხვევი სურათია, რომელიც თავში გვაქვს.

როგორც ვიყენებთ სიტყვა „ღმერთს“, აჩვენებს არა იმას, ვის ვგულისხმობთ, არამედ რას ვგულისხმობთ.

ხარებთან ბრძოლაში ხარი ტრაგიკული გმირია. ჯერ კარგავს გონებას ტკივილისაგან, მერე კი კვდება ნელი და მტანჯველი სიკვდილით.

გმირი სიკვდილს თვალებში უყურებს, მაგრამ ნამდვილ სიკვდილს და არა მის ხატს. კრიზისის დროს ღირსეული თავის ჭერა არ ნიშნავს გმირის თამაშს, როგორც თეატრში, არამედ უფრო მეტად ნიშნავს იმას, რომ გქონდეს სიმამაცე – სიკვდილს თვალებში შეაცქერდე.

მსახიობს მრავალი როლის თამაში შეუძლია, მაგრამ ბოლოს მაინც თვითონ მოკვდება.

თემას, სახის მსგავსად, აქვს სახება.

ფროიდიანული ფანტასტიკური ფსევდოახსნები (თუნდაც ბრწყინვალენი) დათვურ სამსახურს უწევს საზოგადოებას.

(ყოველ მეორე სულელს ავადმყოფობის სიმპტომების თავისი „ახსნა“ აქვს.)

შემეძლო ასეც მეთქვა: დამახინჯება მუსიკაში. როგორც სახის მიმართ – დარდისგან დამახინჯება.

ცხოვრების ფუნდამენტური დაუცველობა. საფრთხე ყველგანაა, საითაც არ გაიხედავ.

ვუჩვენებ მოწაფეებს ფრაგმენტებს უსაზღვრო პეიზაჟიდან, რომელშიც ისინი ორიენტირებს ვერ აგნებენ.

1947

ყველა წმინდანის ხათრით, ნუ შეგეშინდებათ თქვათ სისულელე. უბრალოდ, დაუთმეთ ყურადღება.

ბუნების სასწაული. შეიძლება ითქვას: ხელოვნება ჩვენთვის ბუნების სასწაულს ერთვის. ხელოვნება ეფუძნება ბუნების სასწაულის ცნებას. (ყვავილი კოკორს შლის. რა არის მასში შესანიშნავი? ჩვენ ვამბობთ: „შეხედეთ, რა სილამაზეა!“)

ვიღაცის ოცნება მომავლის ფილოსოფიის, ხელოვნების, მეცნიერების შესახებ, წმინდა შემთხვევითობის წყალობით სინამდვილედ იქცევა. ის ოცნებობს თავისი სამყაროს გაგრძელებაზე, შეიძლება ითქვას თავისი სურვილის ასრულებაზე და არა სინამდვილეზე.

ბრიყვული და ნაივური ამერიკული ფილმი მთელი თავისი სიბრიყვის წყალობით შეიძლება ჭკუის მასწავლებელი იყოს. ცნობილი და სერიოზული ბრიტანული ფილმი შეიძლება არაფერს არ გვასწავლიდეს. ხშირად, მე ბრიყვული ამერიკული ფილმებისაგან ვსწავლობ.

ღირს კი ძალისხმევად, რასაც ვაკეთებ? დიახ, ღირს, მხოლოდ – თუკი ზეციური შუქი დაჰნათის.

თუკი ჩემს დაწერილს ღირებულება აქვს, როგორ შეიძლება ვინმემ ეს ღირებულება წამართვას? თუ ზეციდან შუქი არ მახლავს, ესე იგი უბრალოდ ვხელოსნობ.

ზოგჯერ ჭვრეტ იდეებს ისე, როგორც ასტრონომი – ვარსკვლავებს, შორიდან. (ყოველი შემთხვევისთვის, ასე ჩანს.)

ლექსებს ვერ ვწერ, ხოლო პროზაში გაწაფული ვარ გარკვეულ დონეზე. ჩემს სტილს კონკრეტული ზღვარი აქვს, და შემიძლია გადავლახო ის არა იმაზე მეტად, რომ დავწერო ლექსი. ასეთია ჩემი ინსტრუმენტარია; მხოლოდ ამას ვფლობ. როგორც, ვინმეს რომ ეთქვა: ამ თამაშში მე მხოლოდ ოსტატობის ამა და ამ დონეს შეიძლება მივაღწიო.

რაც ცუდი წინადადება ჩანს, შეიძლება კარგის მშობელი გახდეს.

„გემოვნების“ თვისებას არ შეუძლია ახალი ორგანიზმის შექმნა, ის მხოლოდ აუმჯობესებს არსებულს. გემოვნება ასუსტებს და აძლიერებს კავშირებს, მაგრამ არ ქმნის ორიგინალურ მექანიზმს.

გემოვნება ასწორებს, მაგრამ არ შობს.

გემოვნება რაღაცას მისაღებად აქცევს.

(ამიტომაც ვფიქრობ, რომ დიდ შემოქმედს გემოვნება არ სჭირდება: ახალშობილი სამყაროში ფორმირებული შემოდის.)

ლაქირება ზოგჯერ გემოვნების საკითხია, ზოგჯერ – არა.

მე მაქვს გემოვნება.

ყველაზე დახვეწილ გემოვნებას არაფერი აქვს საერთო შემოქმედებით შესაძლებლობებთან.

გემოვნება შთაბეჭდილების დახვეწაა, მაგრამ შთაბეჭდილება იღებს, და არ იმორჩილებს.

ვერ განვსჯი, მხოლოდ გემოვნება მაქვს თუ ორიგინალურიც ვარ. პირველს მკვეთრად ვხედავ, მაგრამ მეორეს საერთოდ ვერ ვხედავ, ან – მხოლოდ ბუნდოვნად. და შეიძლება ასეც უნდა იყოს: ხედავ მხოლოდ იმას, რაც გაქვს, არა იმას, რაც ხარ. ის, ვინც არ იტყუება, უკვე საკმარისად ორიგინალურია. რადგან საბოლოოდ, ორიგინალობა, რომლისკენ სწრაფვაც ღირს, ვერ იქნება ფოკუსი ან იდიოსინკრეზია, როგორც არ უნდა მოიხსენიონ ის.

რეალურად, ორიგინალობის მარცვალი ისაა, რომ არ გინდოდეს იმად ყოფნა, რაც არ ხარ. ამაზე ბევრს უმსჯელია ძველად.

გემოვნებას შეუძლია აღგაფრთოვანოს, მაგრამ ვერ დაგიმორჩილებს.

ბედისწერა ბუნების კანონის ანტითეზაა. ბუნების კანონს ზომავენ და იყენებენ, ბედისწერას მსგავსი არ ეხება.

წიგნი სიცოცხლით სავსეა – არა ადამიანივით, არამედ ჭიანჭველის ბუდესავით.

აზრები ნელა ამოდიან ზედაპირზე, ბუშტუკებივით.

ზოგჯერ გეჩვენება, თითქოს აზრს ხედავ, იდეას, როგორც გადღაბნილ ლაქას ჰორიზონტზე; ზოგჯერ ის სასწაულის სიჩქარით გიახლოვდება.

ღმერთმა მისცა ფილოსოფოსს უნარი ენახა ის, რაც ყველას თვალწინ აქვს.

თარგმანი – ვალერი ოთხოზორია

Ludwig Wittgenstein – Culture and Value; Part II

(Translated by Valeri Otkhozoria)

The journal offers a Georgian translation of the notes of the great 20th-century Austrian-British philosopher Ludwig Wittgenstein, which remain unparalleled to this day. The notes characteristically reveal the essence of the thinker’s sharp and paradoxical mode of thought.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…