მიტოვებული ნაწერიდან...

მიტოვებული ნაწერიდან…

, , ,
  • „მაგრამ შენ ვერ წახვალ ფეხშიშველი…
  • იესოს შეეძლო…
  • იპოვა, ვის შეადაროს თავი!
  • მთელი ჩემი ცხოვრება სწორედ მას ვადარებ თავს…
  • მაგრამ იქ თბილოდა… იქ იყო კარგი…
  • და ჯვარზეც გააკრეს…“

გოდოს მოლოდინი

დაბადებული უფეხსაცმლოდ

სადაც თბილა და კარგია, მუდამ საშიშია… ძალიან საშიში…

სადაც ბევრი სიტყვაა, იქ  არც  არაფერია. სიცარიელეა. ხმოვანგამოცლილი სიტყვების გროვაა მხოლოდ.

სადაც ბევრი ფერია, იქაც უფეროა ყველაფერი და სითეთრე ჭამს სამყაროს…

და სადაც ადამიანია, იქ გოლგოთაცაა მუდამ… გოლგოთა აუცილებელია, რადგან უთუოდ გამოჩნდება სადმე ვინმე, ვისაც მაინც და მაინც ფეხშიშველას მოუნდება გავლა და უნდა დაისაჯოს…

დაისაჯოს დანარჩენ ფეხსაცმლიანთა სახელით!

„ფეხსაცმლიანობა“ სენია! „ფეხშიშველობა“ – განაჩენი…

ასეთები – საშიშ სითბოს რომ არ გაურბიან, არც უხმოვნო სიტყვებთან თამაშს ერიდებიან, არც თეთრი ფერისგან შეჭმასა და არც ფეხშიშველობას, იშვიათად „შემოეხეტებიან“ დედამიწაზე…

საუკუნეში ერთხელ ან ორჯერ. ორჯერ ან სამჯერ… სამჯერ ან ოთხჯერ.

და რაც უფრო ბერდება დედამიწა, მით უფრო გაურბიან „ფეხშიშველები“ აქაურობასა და აქაურ საშიშ სითბოს… აქაურ გოლგოთას…

არადა, აგერ, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში რამდენი გოლგოთა იყო დედამიწაზე…

1906 წლის 13 აპრილს ირლანდიაშიც „შემოეხეტა“ ერთი ასეთი „ფეხშიშველი“…

ირლანდია ისედაც „ამოვარდნაა“ დედამიწაზე – ფეიებით „დასახლებულ“ ადგილებში დღემდე არ იშენებენ სახლებს, „ადგილობრივები“ რომ არ შეაწუხონ… ალქაჯებისა და ჭინკების არსებობის ახლაც სჯერათ… სჯერათ და ხედავენ. ხედავენ და უფრთხილდებიან…

ასეთ უცნაურ ადგილში „შემოხეტებული“ კიდევ უფრო უცნაური იქნებოდა, ცხადია…

დაბადებაც ახსოვდა… საკუთარი დაბადება… იხსენებდა – „შუქი დავინახე და იმ წამს დავიყვირე, როცა „იესომ კვლავ შეღაღადა ხელახლა და განუტევა სული (მათე; 27:50).“

ქრისტეს „შეღაღადება“ გამოჰყვა იმ ქვეყნიდან ერთადერთ ხმად დედამიწაზე…

მძიმე ტვირთია.

ამიტომაც ეძებდა მთელი ცხოვრება გოლგოთას.

ამიტომ „გაურბოდა“ „ფეხსაცმელებს“.

ამიტომ ეძებდა მუდამ მამას, როგორც იმედს, თავშესაფარს, მკაცრი დედისგან გაქცევის, თავდაცვის გზას ბავშვობიდან…

ამიტომ დატანჯა ხანგრძლივმა დეპრესიამ მშობლის გარდაცვალების მერე… მისი ხმაც კიდევ ერთ გოლგოთად ექცა, როგორც დიდი მამის ნაწილი… დიდი მამის  მოსაგონარი დედამიწაზე… და კიდევ უფრო დამძიმდა. ერთგვარ მიზანთროპად იქცა… „ვფიქრობ, მამაჩემი იყო უკანასკნელი, ვისაც ვესაუბრე. დედაც ასეთად იქცა – აღარასდროს ლაპარაკობდა მამას გარდაცვალების მერე“ („მიტოვებული ნაწერიდან“)….

ასე გაერთიანდა დედისა და შვილის სიჩუმე… 

კიდევ უფრო „გაჩუმდა“ შვილიც იმ დღიდან; იქნებ, შეეშინდა, „მამათა“ ხმა არ გაეცა? ადამიანთათვის ხელმისაწვდომი არ გაეხადა…

„წინასწარმეტყველი“

ისრაელის დიდი წინასწარმეტყველი, მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული სამუელი იყო; კაცი, რომელიც მსაჯულთა, რუთის, მეფეთა პირველი და მეორე ბიბლიური წიგნების ავტორად მიიჩნევა.

როგორც ჩანს, „სამუელობა“ თავისთავად გულისხმობს სიტყვასთან ჭიდილს…

სამუელ ბეკეტიც მთელი სიცოცხლე ებრძოდა ბგერებს… თანხმოვნებს. ხმოვნებს. ამბოხებდა და აომებდა.

ასე იქცა დიდ წინასწარმეტყველად ისიც!

წინასწარმეტყველად სიტყვათა გაცვეთისა!

გოლგოთის დასასრულისა!

მოლოდინის გაქრობისა!

ხმათა დაკარგვისა!

იმ ადამიანთა დაცემისა, რომელნიც „ძჳრსა იტყოდეს ღმრთისათჳს“ (I მეფ. 3.13).

მიზანთროპობა ერთგვარი საშველიც კი იყო ამ გზაზე.

„ვერავინ მოგისმენს, ამაზე ხშირად ვფიქრობდი იქ, შორს. მთებში. არა, ნუ სულელობ! წადი შენი გზით. ჩემი სხეული უჩემოდ ისედაც ყველაფერს გააკეთებს“ („მიტოვებული ნაწერიდან“) …

ასე „დადიოდნენ“ ბეკეტი და მისი სხეული 83 წელი „ფეხშიშველნი“. ოღონდ ერთი მიმართულებით. ერთი ხმის გარშემო. ერთი შუქურასკენ…

რაღაც მშვიდად ქარტეხილიანი იყო. მშვიდად ბობოქარი. მშვიდად ირონიული. მშვიდად უვნებოც.  ვნება თითქოს შეგნებულად წარეხოცა კიდეც „ცოდვილი სხეულისთვის“…

იქნებ, ამიტომ ამტკიცებდა, „მოულოდნელი სიბრაზე ყველაზე ცუდია; თითქოს ქარიშხალი ცოცხლდება ჩემში“(„მიტოვებული ნაწერიდან“)…

მთელი ცხოვრება კლავდა ამ ქარიშხლებს საკუთარ თავში და გარბოდა…

გარბოდა გადარჩენისთვის.

დაბადებისთვის.

სიკვდილისთვის.

ღმერთისთვის.

უღმერთობისთვის.

სიტყვისთვის.

უსიტყვობისთვის.

გარბოდა ყველასგან – მამის გარდა…

გარბოდა დედისგანაც („ცოტა ხნით შესვენება დედაჩემისგან“ –„მიტოვებული ნაწერიდან“)…

გარბოდა ყველა სიყვარულისგან; იქნებ, გარბოდა, რომ დაეცვა ისინი საკუთარი წყეული ვნებისგან. წყეული ტანჯვისგან. წყეული ჯოჯოხეთისგან….

წყეული წინასწარმეტყველებისგან…

წყეული კითხვებისგან –

  • „როგორ გავუძლო კიდევ ერთ დღეს?
  • როგორ ვუძლებ საერთოდ ყოველ მომდევნო დღეს?
  • და კიდევ… მოვკალი თუ არა მე მამა?
  • და მერე – მოვკალი თუ არა მე ვინმე“? („მიტოვებული ნაწერიდან“)

ვინ მოკლა მამა?

ვინ გაუყენა გოლგოთის გზას?

ან ვინ აღმართა ის ჯვარი, მამა რომ უნდა გააკრან?

იქნებ, ბეკეტმაც… იქნებ, ისიც მიდიოდა იმ გზაზე მაშინ… იქნებ, მას სთხოვა სწორედ მამამ წყალი?

იქნებ, სწორედ იმ წამს მოწყდა იერუსალიმს და შუქი დაინახა, როცა უკანასკნელად გაისმა მამის შეძრწუნებული ხმა…

ბეკეტს სჯეროდა, რომ იქ იყო.

არა, ბეკეტმა იცოდა, რომ იქ იყო და ელოდა…

ელოდა, რომ აპატიებდა.

შეუნდობდა.

წინასწარმეტყველთა ხვედრი ეს არის – ხედავდე და ვერაფერს შვრებოდე. გტკიოდეს და ვერ იმსუბუქებდე ტანჯვას…

ბეკეტიც ხედავდა.

ხედავდა და იტანჯებოდა…

იტანჯებოდა, რადგან აღარ იცოდა სად იყო სამუელ ბეკეტი? ან იყო თუ არა საერთოდ?

„დიახ, იყო დრო, როცა მავიწყდებოდა არა მარტო ის, ვინ ვარ მე, არამედ ისიც, რომ მე ვარსებობ. დამავიწყდა ჩემი ყოფნა“ („გოდოს მოლოდინში“)…

გამოცარიელებული

ბეკეტს უცნაური ბედი ჰქონდა –

ნგრევა სდევდა თან.

თითქოს უკან დაჰყვებოდა. დასდევდა მასაც და მის აწურულ, თხელ, ცოტა არ იყოს, უსუსურ სხეულს (მერე რა, რომ კრიკეტის საუკეთესო მოთამაშედ ითვლებოდა ადგილობრივ სამეფო სკოლაში… იმ სკოლაში, სადაც თავის დროზე კიდევ ერთი „შემოხეტებული“ – ოსკარ უაილდიც სწავლობდა და, იქნებ, კრიკეტსაც კი თამაშობდა სამუელივით…).

არც პირადი ცხოვრება ლაგდებოდა.

ცალმხრივი აღმოჩნდა სიყვარული ეტნა მაკკარტისადმი, რომელთან ერთადაც ტრინიტის კოლეჯში სწავლობდა… მერე იყო ბიძაშვილი – პეგი სინკლერი, რომელიც პარიზში გადასვლისთანავე მიატოვა. 1933 წელს  ტუბერკულოზით გარდაიცვალა სინკლერი და ბეკეტის სხეული კიდევ უფრო „გამოცარიელდა“… კიდევ უფრო დაიქანცა ტკივილისა და თვითგანსჯისგან…

„გამოცარიელებაც“ თანმდევი იყო მისთვის… ჟილ დელიოზმა შეამჩნია ეს პირველმა…

წინ კიდევ უფრო დიდი საფრთხე ელოდა ბეკეტს; დიდი ნგრევა, რომელიც მაცდურად იყო შეფუთული ჯეიმს ჯოისის სახელით…

ახალგაზრდა არშემდგარი პოეტისა და მწერლისათვის ჯოისი რაღაც მიუწვდომელი იყო… უსაშველოდ დიდი ავტორიტეტი… იდეალი… მაგრამ სულ მალე თავისთავად გადაიკვეთა მათი გზები… 1930 წელს სამუელი, სრულიად მოულოდნელად, მის გარემოცვაში აღმოჩნდა სწორედ. მწერალმა, რომელსაც მხედველობა ღალატობდა, მაინც და მაინც ბეკეტი შეარჩია თავისი რომანის ჩასაწერად… ბედი უცნაურ თამაშს ეთამაშებოდა ორთავეს… თამაშის დასასრული კი საბედისწერო აღმოჩნდა…

არადა, დასაწყისში ყველაფერი სხვაგვარად ჩანდა – ბეკეტი ხშირად სტუმრობდა ჯოისს; ეთაყვანებოდა; ჯეიმსივით ეწეოდა სიგარეტს; მხოლოდ მის საყვარელ სასმელს სვამდა. მეტიც, იცვამდა ისეთ ფეხსაცმელს, როგორსაც ჯოისი… ნებისმიერ უხერხულობასა და დაცინვას იტანდა, ოღონდ ახლოს ყოფილიყო მასთან…

მაგრამ „სხვისი ფეხსაცმლის“ მორგება, ალბათ, ყველაზე საბედისწერო შეცდომაა „უფეხსაცმლოდ“ დაბადებულთათვის…

არც ბეკეტი იყო გამონაკლისი.  1930 წელს გაიცნო მან ჯოისის ქალიშვილი – ლუჩია – სახელგანთქმული მოცეკვავე, მხატვარი, ინტელექტუალი, გამორჩეული გარეგნობის ახალგაზრდა ქალი, რომელიც ოთხ ენაზე ლაპარაკობდა… ვნება, რომლისაც ასე ეშინოდა ბეკეტს, დამანგრეველი აღმოჩნდა ორთავესთვის…

სამუელი, როგორც ყოველთვის, გაიქცა…

გაქცევა წინასწარმეტყველებისგან.

გაქცევა შიშისგან.

აუცილებელი გაქცევა ქალისგან, რომლის ცოლად შერთვასაც სთხოვენ…

ცოლის მოსაყვანად კი ბეკეტი არასდროს ყოფილა მზად.

არასდროს!

იდეაც ისე აშინებდა, რომ ჯოისების სახლიდან გააქცია.

ლუჩია 1934 წელს  შეიშალა ჭკუიდან… ვერც კარლ იუნგმა შეძლო მისი შველა… ახალგაზრდა ქალი ძირითადად კლინიკებში ცხოვრობდა. ჯეიმს ჯოისი სიცოცხლის ბოლომდე ეძებდა შვილისთვის საუკეთესო ექიმებს; საჩუქრებს უგზავნიდა და უმეტესწილად ქალიშვილთან ერთად იყო კლინიკებში… მაგრამ შვილი არც ერთხელ (არც ერთხელ!) მოუნახულებია დედას…

ლუჩია 75 წლისა აღესრულა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 1982 წელს…

ბეკეტმა მთელი სიცოცხლე ზიდა ეს უცნაური ცოდვა თუ სინდისის წუხილი… სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ლუჩიასთან მიმოწერა მთლიანად გაანადგურა…

რა იყო იმ ფურცლებზე?

რა დარდი?

რა ტკივილი?

რა ცოდვა?

რა შიში?

რა დაგვიმალა?

ფაქტია, ერთ სურათს ვერ შეელია მხოლოდ – ულამაზესი ლუჩია, ჯერ კიდევ ბავშვი, თავდავიწყებით ცეკვავს და თვალებში ღმერთი უციმციმებს…

თამაშის დასასრულს ეს მზერა ყველა ადამიანთან მოდის, ალბათ…

თამაშის იარაღი

ბეკეტი მოთამაშე იყო.

ფრთხილი მოთამაშე. ინტუიციას არასდროს ენდობოდა თითქოს. ამ თამაშში მთავარი იარაღი მისი სიტყვა იყო; ნაწერი, რომელიც დიდხანს არავინ მიიღო.

იქნებ, არ იყო მაშინდელი მსოფლიო მზად ბეკეტისთვის? ან მისი ენისთვის… სტილისთვის… ხედვისთვის… სიტყვათა შეთანხმებისთვის… ან, იქნებ, ღმერთო შეგცოდე და, ირლანდიელობაც „უშლიდა“ ხელს…

ცხადი ერთია, არც მისი ლექსები (1930), არც კრიტიკული წერილები, მოთხრობები სერიოზულად არავის აღუქვამს.

ბეკეტი ჯავრობდა.

ბრაზობდა კიდეც.

ეჭვიც ეპარებოდა უკვე საკუთარ შესაძლებლობებში. კიდევ უფრო დეპრესიული და მიზანთროპი ხდებოდა.

„ეძებე სიტყვებიო“ –  ყვიროდა    თავგანწირული.

არადა, რაღა ძებნა უნდოდა? თავზე საყრელად ჰქონდა სიტყვები… მაგრამ თითქოს ჯიბრზე შეუწყრა ინგლისური ენა. დასაჯა.

„ლამაზი სიტყვა ინგლისური ყურისთვის“  სულაც არ აღმოჩნდა ბედნიერების მომტანი ბეკეტისთვის… არ აღმოჩნდა და სემუელმა ფრანგულში „იპოვა შვება“…

სხვათა შორის, ყოველთვის, როცა რთულდებოდა გზები, საფრანგეთი შველოდა ისედაც. იქ გარბოდა – პარიზში. ქაოსში. აბსურდში. თამაშში. სიცოცხლეში, სადაც ყოფნა-არყოფნა ზღვარზე გადის… სადაც მოლოდინი ღიმილის მომგვრელია და პროვინციული ყოფისა და ოფლის სუნი ასდის… სადაც არც სიკვდილია დაბადება და არც დაბადება – სიკვდილი. სადაც ფერიების არავის სჯერა. არც ჭინკებისა და ეშმაკების…

იქ მიხვდა ბეკეტი, რაზე უნდა ეწერა და რატომ… ფაქტობრივად, ფრანგული ვნების სრული ირონიული ანტონიმია დაიბადა პარიზში…

ფრანგულ ენას არასდროს უღალატია სამუელისთვის – არც ერთხელ!  ბეკეტი თავად თარგმნიდა ინგლისურად საკუთარ პიესებს… ვინ იცის, იქნებ, ასე სჯიდა იმ ენას, რომელმაც არაფრად ჩააგდო; არ მიიღო და არც უპატრონა ბეკეტს. 

საფრანგეთმა აჩუქა სამუელს სიუზან დეშევო-დიუმენილიც – ფრანგი პიანისტი, რომელიც 6 წლით უფროსი იყო ბეკეტზე; დედის ფუნქციაც შეითავსა ქალმა და საყვარლისაც; თან – მზრუნველი დედის –  დარბოდა გამომცემლებთან, ამშვიდებდა სამუელს, აჭმევდა, ასმევდა, ზრუნავდა მასზე, მკურნალობდა…

პარიზი იქცა მათი პირველი შეხვედრის ადგილად მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე.

სიუზანი გონიერი ქალი იყო – იცოდა, როგორ „შეენარჩუნებინა“ „ხელჩართულ ჭიდილში“ ბეკეტი; მით უფრო, რომ კონკურენციას ერთი მხრივ უწევდა მსოფლიოში უმდიდრესი ქალი – პეგი გუგენჰაიმი და მეორე მხრივ – ბარბარა  ბრეი – ინგლისელი კრიტიკოსი და მთარგმნელი.

ცდუნება დიდი იყო; არჩევანი ბეკეტს მუდამ უჭირდა… გუგენჰაიმის „შელევა“ ყველაზე მარტივი იყო; მაგრამ ბარბარა გონიერი, განსაკუთრებული ქალი იყო; სამუელს დათმობაზე არც უფიქრია – საფრანგეთში  სიუზანთან ცხოვრობდა, ინგლისში – ბარბარასთან… თუმცა 1961 წლის იანვარში ბეკეტი არჩევანის პირისპირ დადგა – ბრეიმ პარიზში გადაწყვიტა საცხოვრებლად გადასვლა; ერთ მხარეს იდგა სიუზანი, რომელიც აერთიანებდა ქალსა და დედას; მეორე მხარეს – ბარბარა – ინტელექტუალი ქალი; მამაკაცის პასუხი მოულოდნელიც იყო და შოკისმომგვრელიც ორივე ქალისთვის  – ურთიერთობის 20 წლისთავზე სამუელმა ცოლობა სთხოვა სიუზანს და მარტში დაქორწინდნენ კიდეც; თუმცა, სიცოცხლის ბოლომდე არ გაუწყვეტია ურთიერთობა არც ბარბარასთან, რომელიც მაინც „ვერ შეელია“ მწერალს… ვერსად წავიდა მისგან…

ისევ „დაიბადა“ ბეკეტისეული ახალი კითხვაც –

„ყველანი კმაყოფილები ვართ… რაღა ვაკეთოთ ახლა, როცა ყველანი კმაყოფილები ვართ?“ („გოდოს მოლოდინში“)

ძებნიდნენ მაინც გასაკეთებელს…

თამაშში ხან ერთი ქალი თამაშობდა მთავარ როლს, ხან – მეორე, მაგრამ ბეკეტი არასდროს შელევია სიუზანს – ყველაზე მზრუნველ ქალს, რომელსაც არასდროს  მოუთხოვია მისგან ქორწინება და რომელთან ურთიერთობაც დაუვიწყარი ერთგვარი ექსტრემით დაიწყო მეორე მსოფლიო ომისას, როცა ანტიფაშისტური ორგანიზაციის წევრები სოფელ-სოფელ თივის ზვინებში ემალებოდნენ ფაშისტებს…

რაღაც აბსურდულსა და ფანტასმაგორიულ სამყაროში აღმოჩნდა ორივე… იქნებ, სწორედ მაშინ, თივის ზვინებში ღამეების თენებისას დარწმუნდა სამუელი, რომ  აბსურდის განცდას აუცილებლობის განცდაც უნდა ახლდეს…

იქნებ, იმასაც მიხვდა, რომ თამაშის დასასრული მუდამ სასტიკია… სასტიკი და – უიღბლოც… ესაა თამაშის ფილოსოფიაც და ესაა უიღბლობის ფილოსოფიაც – დასასრული…

ბეკეტის ფილოსოფიაც ესაა – თამაშში შეყვანა თამაშის დასრულების შემდეგ…

დასაწყისი ისედაც ვიცით – „გამოჩნდა შუქი“…

შიში

1969 წელს ბეკეტების ოჯახში გამომცემლის დეპეშა მოვიდა… გაფითრებულმა  სიუზანმა ორად ორი სიტყვა  წარმოთქვა მისი წაკითხვისას – „ეს კატასტროფაა“!

„კატასტროფა“ ნობელის პრემია აღმოჩნდა…

ქალმა საფრთხე იგრძნო – „ნობელი“ მათ განმარტოებულ, მშვიდ და ძლივს დალაგებულ ცხოვრებას უქმნიდა საფრთხეს…

ბეკეტი ან თავადაც შეშინდა, ან სიუზანის შიშს შეუშინდა; მადლობა გადაუხადა შვედეთის აკადემიას პატივისთვის და  დაჯილდოების ცერემონიაზე საერთოდ არ წავიდა – პორტუგალიაში დაემალა გაშმაგებულ გულშემატკივრებს…

რამდენი ავარა, გიჟი, რევოლუციონერი, რომანტიკოსი და მეამბოხე შეუფარებია, ალბათ, პორტუგალიას, მაგრამ ნობელიანტი მხოლოდ ერთი „გადამალა“ თავისი ლურჯი და მოლივლივე კალთების ქვეშ… სხვათა შორის, ერთ-ერთმა ფრანგმა მკითხველმა წერილიც გაუგზავნა და ბოდიშის მოხდაც მოითხოვა მწერლისგან უაზრო ლოდინისთვის… ბეკეტს მისი გვარი უფრო მოეწონებოდა, ალბათ… მკითხველი ვინმე ჟაკ გოდო გახლდათ… სამუელის მოლოდინისგან გადაღლილი გოდო…

სიჩუმე

რაც დრო გადიოდა, უფრო იშვიათად წერდა სამუელი. დაიღალა. ან, პირიქით, დაასვენა საკუთარი თავისგან სიტყვა, ასე რომ გადაქანცა და თავადაც დაისვენა სიტყვისგან…

პარიზის ბინაში გამოიკეტა თავის სიუზანთან ერთად. რაგბის უყურებდა ხშირად. ძველსა და საყვარელ წიგნებს ხელახლა კითხულობდა – ემშვიდობებოდა თითქოს… ნაოჭი ნაოჭზე ემატებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ემფიზემა აწუხებდა და უკრძალავდნენ, უამრავს ეწეოდა (ან კი როგორ შეიძლებოდა, ბეკეტისთვის აეკრძალათ რამე?)…

დრო ისე გაიწელა, ისე გაუფასურდა, რომ 80-ს გადაცილებული სამუელი დაიღალა.

ალბათ, უკვე სიკვდილზეც ოცნებობდა – სიკვდილზე სიუზანამდე, რადგან, სავარაუდოდ, არაფრის ისე არ უნდა შეშინებოდა მაშინ, როგორც  ცოლის სიკვდილის…

მისი ცხოვრების თამაშში ყველაზე დრამატული და სასტიკი 1989 წლის ივლისი იყო – 89 წლის სიუზანმა დაასწრო – პირველი წავიდა; იქნებ, იმიტომ, რომ სამუელის გარეშე ვერ წარმოედგინა სამყარო ან იქნებ, იმიტომაც, რომ გაემარტივებინა სიკვდილი ქმრისთვის…

დაავადებული ბეკეტი პარიზის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ ჰოსპისში გადავიდა. ვეღარც ლაპარაკობდა… ან, რომც შესძლებოდა, რაღა ჰქონდა სალაპარაკო? ან ვისთან უნდა ელაპარაკა?

ზუსტად ხუთ თვეში სიუზანის გარდაცვალებიდან – 1989 წლის 22 დეკემბერს, როცა მთელი საფრანგეთი ემზადებოდა შობისთვის, ჰოსპისში გამოკეტილმა მდუმარე მწერალმა უცნაური შუქი დაინახა; ეს მისი შობის ვარსკვლავი იყო… ის ვარსკვლავი, დაბადებისას რომ დაკარგა…

P.S. სადა ხარ, სამუელ ბეკეტ? სად მიგიყვანა ხმამ?

Section – A legend

Eka ThkilavaFrom an abandoned letter

Eka Tkhilava’s essay – “From an Abandoned Letter” is a recollection of the legendary Irish playwright and writer – Samuel Beckett; The author “follows” Beckett’s path; the alterations that he went through for 83 years; The writer notes that Beckett and his body always walked in the same direction. around one voice. One towards the lighthouse… “Something was calm and windy. Quietly storming. Quietly ironic. calm and harmless. The passion seems to have been consciously destroyed for the sake of the “sinful body”…

The life mistakes and achievements of the great playwright are highlighted in the portrait; Paradoxes, fears, successes, failures and the finale of his life, which was as sad and “silent” as Beckett himself…

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…