დავით ანდრიაძე - მთავარი რედაქტორი

რედაქტორისაგან

, , , ,

დღევანდელი სამყარო რაღაც უცნაურად გადაიტვირთა და დამძიმდა. ქაოსშიცაა.

აქვს ამას თავისი ლოგიკა – ხომ გინდა გაუძლო ამდენი ტიპისა და ჯურის კაცს – 21-ე საუკუნის ადამიანს?

წვიმად მოსვლის რომანტიკა დასრულებულია! სადღა ნახავთ „ღრუბელთ ყელ-ყურის“ მძივობა სურდეს ვინმეს?

რეალისტთა რომანტიკაც დასრულდა. სადღაა რეალობა? გაითქვიფა  ვირტუალურ სამყაროში.

ადამიანი დაიბნა და გაიბნა. დაიღალა კიდეც, ალბათ, საცოდავი.

არადა, სხვა ამბიციითაა დაბადებული.

ნაწილი ცდილობს, არ იყოს ბოლო…

ნაწილს –  ლიდერობის ჭია კლავს (საშიში ხალხი).

არსებობს კიდევ ერთი კატეგორიაც –  იმისთვის რომ დაიბადნენ, ან  რიგის ბოლოს არ მოხვდნენ და ან – ლიდერებად იქცნენ. ორივეს აერთიანებენ საკუთარ თავში.

აუტსაიდერი ჰქვია ამ ხალხს.

და ასეთი უამრავია ჩვენ შორისაც და ჩვენ ირგვლივაც.

ვიღაცას ჰგონია, რომ უიღბლოები არიან აუტსაიდერები. სულ ტყუილად. აგერ, ტრამპზეც კი წერენ – აუტსაიდერია – ანუ დაბადებული ლიდერობისა და ბოლოში არ მოხვედრის შიშის განცდითო.

რეალურად, ვინ უფრო საშიში ხალხია? აუტსაიდერები (რომლებიც ლიდერობის ამბიციასაც მოიაზრებენ თავიანთ თავში), თუ ლიდერები?

აგერ, თეოდორ ადორნო წერდა – სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაულების გარდა, არ არსებობს აუტსაიდერობაზე სასიკვდილო ცოდვაო.

სასიკვდილეა თუ სასიკვდილო აუტსაიდერი, ეს ცალკე კამათისა და განსჯის თემაა.

ცოდვიანები რომ ყოფილან, ცხადია.

ჰოდა, ყველაზე საშიშიც ის ერია, სადაც მოჭარბებულად „წამოიჩიტებიან“ აუტსაიდერები.

მაჰათმა განდი ზუსტად ასე ხსნიდა ინდოეთის დაუსრულებელ უბედურებას – „ბრიტანელი ლიდერია, ინდოელი კი – აუტსაიდერი საკუთარ ქვეყანაში.“

აგაშენა ღმერთმა – თურმე, რატომ ვტრიალებთ და ვბზრიალებთ მუდამ კავკასიური წრის გარშემო?

რატომ ვერ გავდივართ ამ მოჯადოებული წრიდან?

თურმე, ყველგან აუტსაიდერები მოჭარბებულან – კულტურაშიც. კულტურის შემფასებლებშიც. კულტურის დამფასებლებშიც.

აუტსაიდერობა სენივით მოგვდებია.

ამიტომ ვეღარ წავსულვართ წინაც.

ცოდვა ტრიალებს ქართულ კულტურაში – აუტსაიდერთა მომაკვდინებელი ცოდვა…

თეატრსაც შემოჰპარვიან ალაგ-ალაგ. გაბღენძილან (მიძინებულ ლიდერს წამოუყვია მათში თავი); გაშლილან და გაფართოებულან. მძიმე-მძიმე საუბარიც უსწავლიათ, რომ ვერ ამოვიცნოთ აუტსაიდერი მათში. ლაქუციც გაუუმჯობესებიათ. ქაქუციც.

მოკლედ, სახიფათო ხალხია – ინდოეთისკენ „გვიბიძგებენ“.

არადა, რა სჯობს ნისლიან ალბიონს?

აგერ, ნოვალისი წერდა – არათუ ინგლისი, ყველა ინგლისელიც კუნძულიაო…

ჰოდა, „შევეფაროთ“ ლიდერთა კუნძულს…

ასე უკეთესია…

აუტსაიდერობა ნიკოტინივითაა – კლავს!

აუტსაიდერობა მავნებელია ჩვენი ტვინისათვის!

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…