ზაზა მიქაშავიძე

ზაზა მიქაშავიძე – 70

, , ,

გახსენება

 „…რამდენი ადამიანი წავიდა,.. რამდენი ძვირ­ფასი აჩრდილი დარჩა ამ ფარდის იქით. რამდენი სევდა, სიყვარული, გაცრუებული იმედი სამუდამოდ მიიმალა ამ ფარდის იქით, ოცნება რამდენი… ეჰ. რამდენმა დატოვა გულში სევდა…” (რეზო გაბრიაძე „ჩვენი პატარა ქალაქი“).

ზაზა მიქაშავიძე – მსახიობი და რეჟისორი, თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე. მიხეილ თუმანიშვილი წერდა – „მე გადავწყვიტე ჩემს ბავშვებთან ერთად ამეშენებინა თეატრი, რათა არსებულიყო კარი, რომელსაც ჩემი გასაღები მოერგებოდა. და ჩვენ დავიწყეთ თეატრის „თამაში“ ეს იყო „მე-11 აუდიტორიის თეატრი“. სწორედ ამ აუდიტორიის წარმომადგენელი გახლდათ ბატონი ზაზა მიქაშავიძე, მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე, მისი მუდმივი თანამოაზრე და ერთგული მეგობარი. სწორედ ამიტომაც, მიხეილ თუმანიშვილმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპექტაკლის („ჩვენი პატარა ქალაქი“) „გასაღები“ ზაზა მიქაშავიძეს გადასცა, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ბოლომდე უფრთხილდებოდა ამ დანატოვარს, მაგრამ… „ისევ ძველებურად მშვენიერია ჩვენი სასაფლაო გორაზე. ისევ გადაივლის მის თავზე გაზაფხულის ქაფივით ღრუბელი, ისევ ჩაუდგება მიმოზებს ზაფხულის მხურვალე მზე, აინთება ვარსკვლავები და ნაზი მთვარე გადაავლებს სუსტ სხივებს კიპაროსებს და მარმარილოს ქვებს…“ (რეზო გაბრიაძე „ჩვენი პატარა ქალაქი“).

ეს დანატოვარი „გასაღები“ ახლა თუმანიშვილის თეატრის ხელშია და მხოლოდ ამ თეატრს შეუძლია გამოაღოს დროებით მიხურული კარი, რომლის მიღმაც უკვე ზაზა მიქაშავიძის ხსოვნაა. მეიმედება, რომ თუმანიშვილის თეატრი ამ სპექტაკლის („ჩვენი პატარა ქალაქი“) აღდგენით მის ავტორებს ღირსეულ პატივს მიაგებს და ეს აღდგენა ეროსი მანჯგალაძის, მიხეილ თუმანიშვილისა და ზაზა მიქაშავიძის მარადიულ ხსოვნას მიეძღვნება და სწორედ ეს იქნება თანამედროვეობასთან დიალოგის ერთ-ერთი მთავარი აქტი, რადგან – „…არი კი ვინმე ამ ქვეყანაზე, ვისაც ამქვეყანაზევე ესმოდეს, ყოველ წამში რა არის სიცოცხლე? შეიგრძნობდეს მას. ოო… მიწავ რა წარმტაცი ხარ, ოო… სიცოცხლევ შენ იმდენად მშვენიერი ხარ, რომ შეუძლებელია ადამიანმა იცოდეს შენი ფასი…“ (რეზო გაბრიაძე; „ჩვენი პატარა ქალაქი“). თუმანიშვილის თეატრმა კი ნამდვილად იცის ტკივილისა და სიცოცხლის გაგრძელების ფასიც და მნიშვნელობაც!

იოანე (ვანო) ხუციშვილი
მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

IN MEMORIAM

Ioane (Vakho) Khutsishvili – Zaza Mikashavidze – 70 (a remembrance)

The artistic director of the Mikheil Tumanishvili Theater, the director Vano Khutsishvili remembers the untimely deceased actor – Zaza Mikashavidze, who stood at the head of this theater and for years expressed its nature and convictions.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…