თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის 2024 წლის საერთაშორისო პროგრამა იმთავითვე უდიდეს ინტერესს იწვევდა. უცხოური სპექტაკლების ჩამონათვალი, რომელთაც განვიხილავთ სტატიაში, სულ სამი წარმოდგენისგან შედგებოდა. სამივე რეჟისორი – რობერტ უილსონი, ეიმუნტას ნეკროშუსი და და აკრამ ჰანი მსოფლიო თეატრის ყველაზე ცნობილ ხელოვანთა შორის არიან. ეიმუნტას ნეკროშუსის და აკრამ ჰანის შემოქმედებას თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წლების განმავლობაში აცნობდა ჩვენს მაყურებელს. რაც შეეხება რობერტ უილსონის „ქარიშხალს“, რომელიც ამერიკელმა რეჟისორმა ბულგარეთის ივან ვაზოვის სახელობის ნაციონალურ თეატრში დადგა, მოუთმენლად ელოდა მაყურებელი, რადგანაც გარდა იმისა, რომ ცნობილი ხელოვანის დადგმა თავისთავად დიდ ინტერესს იწვევდა, იყო კიდევ ერთი გარემოება: 2015 წელს თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილი „ქარიშხალი“ სილვიო პურკარეტეს დადგმით და რაგოჟ ბუჰაგიარის სცენოგრაფიით. ფესტივალზე წარმოდგენილი შექსპირის ამ პიესის დადგმები, თუ შეიძლება ასე ითქვას, სრულად ანტიპოდურია. პურკარეტეს თავდაყირა წარმოსახული ტრაგიკომიკური „ქარიშხლის“ საპირწონედ რობერ უილსონმა ნამდვილი ზღაპარი შემოგვთავაზა, აი ისეთი, ბავშვებიც რომ სიამოვნებით ნახავენ დიდებთან ერთად. პურკარეტეს სპექტაკლი 2015 წლის ფესტივალის პროგრამის ნაწილი იყო; სპეციალისტებსაც და მაყურებელსაც კარგად გვახსოვს ის ძალზედ შთამბეჭდავი წარმოდგენა.
მიღებული აზრია, რომ „ქარიშხალი“ გენიალური დრამატურგის ბოლო პიესაა, რიგით ოცდამეჩვიდმეტე. „ქარიშხალს“ შექსპირის ანდერძსაც უწოდებენ.
„ქარიშხლის“ მთავარი გმირი პროსპერო ჯადოქრობას თავს ანებებს. პიესაში მისი ხელისშეწყობით ხდება შეყვარებულების – მირანდასა და ფერდინანდის ქორწინება. ფაქტობრივად, პროსპერო უარს ამბობს შურისძიებაზე და გრძნეულთა რიგებიდან მარტოსულ მონანულ მოხუცად რჩება. ვფიქრობ, სწორედ ესაა ის ანდერძი, რომელიც შექსპირმა დაგვიტოვა: სხვისი, თუნდაც შვილისა და მტრის შვილის სიყვარულისთვის პირადული გრძნობების დათმობა, ანუ პერსონაჟის სულიერი ამაღლება და მიტევება – უპირველესი ქრისტიანული პოსტულატი.
რობერტ უილსონის დადგმით „ქარიშხლის“ პერსონაჟები მართლა საბავშვო წიგნის ილუსტრაციებიდან გადმოსულებს ჰგვანან. გრძელთმიანი პროსპერო გრძელი ხიფთანით ნოსტარდამუსის პორტრეტს გვაგონებდა, მირანდა – მშვენიერ პრინცესას, არიელი კი ნამდვილ ფრთიან ანგელოზად იყო წარმოსახული. განსაკუთრებით საინტერესო იყო კანიბალი – ტრუსში გამოწყობილი შიშველი, ნახევრად ჩაკუზული და მაყურებლისკენ მომართული თმაგაწეწილი ფიგურა, რომლის სხეულიც პერსონაჟის არსს გამოხატავდა, არაჩვეულებრივი პლასტიკით გამოირჩეოდა და უცილობლად ემთხვეოდა პიესისეულ ვნებებსა და გრძნობათა ბუნებას. ივან ვაზოვის სახელობის ნაციონალურ თეატრის მსახიობების არტისტულობა ეჭვს არ იწვევს. სწორედ აღორძინების პერიოდის კოსტიუმებში გამოწყობილი მათი სხეულებით იქმნებოდა რობერტ უილსონის წარმოდგენაში ის ესთეტიკური მიზანსცენები, რომლებიც ზღაპრულ ფეერიას ქმნიდნენ ფაქტობრივად ცარიელ სცენაზე. საშინელი ქარიშხლის სცენას სიყვარულის რომანტიკული ეპიზოდები ენაცვლებოდა, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას კი – ერთი ფთილა ღრუბელი დღისით. და მაინც, რობერტ უილსონის წარმოდგენის უმთავრესი გამომსახველობითი საშუალება, რა თქმა უნდა, განათებაა – სრულიად უნიკალური სოფიტებითა და პროჟექტორებით შექმნილი ფერთა გამის ცვალებადობა თუ გეომეტრიული ფიგურების კომპოზიციები. ამგვარი განათების პარტიტურა რობერტ უილსონის სრულიად უნიკალურ სააზროვნო სივრცეს წარმოსახავდა, სადაც კვამლში მოფარფატე პერსონაჟები იკარგებოდნენ.
თბილისის საერთაშორისო ფესტივალი სპექტაკლების გარდა უაღრესად საინტერესო ღონისძიებებს გვთავაზობდა. რობერტ უილსონს უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა მაყურებელთან და პროფესიონალებთან, სადაც სათეატრო ხელოვნების უმნიშვნელოვანეს გამოწვევებზე იყო საუბარი. რაც შეეხება აწ გარდაცვლილ ეიმუნატას ნეკროშუსს, მისი მაღალი რანგის სათეატრო ხელოვნების ერთგვარად არსში წვდომის საუკეთესო საშუალება დამატებით დიმიტრი მატვეევის ფოტოგამოფენა იყო სახელწოდებით „ ნეკროშუსის თეატრი: ფარდის ორივე მხარე“.
ნეკროშუსის შემოქმედებას თბილისელი მაყურებელი კარგად იცნობს. საბჭოთა კავშირის დროიდან მისი სპექტაკლები პერიოდულად ჩამოჰქონდათ ჩვენს ქალაქში. მენო ფორტასი ლიეტუვას თეატრია, სადაც ნეკროშუსმა თავისი ბოლო დადგმა – „შიმშილის არტისტი“ განახორციელა ფრანც კაფკას ნაწარმოებების მიხედვით. უნდა ითქვას, რომ ნეკროშუსის დადგმული სპექტაკლები, რომლებიც თბილისელ მაყურებელს უნახავს, ტრაგედიები ან დრამებია, ისიც ტრაგიკულ კონტექსტში წარმოსახული. კაფკას სამყარო სრულიად უნიკალურია, სადაც პატარა ადამიანების სევდა მსოფლიო მასშტაბის ტრაგედიებად ტრანსფორმირდება. ტრაგიკული გმირები გარდაიქმნებიან იმგვარ პერსონაჟებად, რომლებიც ყველა ინტელექტუალისთვის ერთნაირად ახლობელია და – შიშისმომგვრელიც.
პერსონაჟთან თვითიდენტიფიკაციის, მის ადგილზე საკუთარი თავის წარმოსახვის მექანიზმის ამუშავებისას იოზეფ კ-ს თუ გრეგორი ზამზას ადგილზე ყოფნა ბევრად უარესიც კია, ვიდრე ნებისმიერი ტრაგიკული პერსონაჟის, რომელიც რომელიმე ცნობილი ტრაგიკოსის პიესაში იღუპება. კაფკას გმირები არასდროს იბრძვიან მაღალი იდეალებისთვის; საერთოდაც, მათ სულაც არ უნდათ ბრძოლა, რადგანაც უბრალო ობივატელები არიან. მათი იდეალური ყოფა მინიმალური სიმშვიდეა, რასაც ისინი ვერასდროს აღწევენ იმ სრულიად გულცივსა და აბსურდულ გარემოში, სადაც მათ ცხოვრება უხდებათ. სპექტაკლში სულ ოთხი მსახიობი მონაწილეობს: შიმშილის არტისტი – ვიქტორია კუოდაიტე, ვიგანდას ვადეიშა, ვაიდას ვილიუს და გენადი ვირკოვსკი. სამი შლაპიანი მამაკაცი და ერთი თხელი, ქერა ქალი. ხელებში სხვადასხვა ზომის აპლიკაციისთვის გამზადებული ქაღალდის კუჭების ამონაჭერები უჭირავთ, შიმშილის არტისტი კი დაფაზე ქართულად წერს მენიუს.
საცირკო ნომრები და შეძახილები ცირკში მოღვაწე შიმშილის არტისტისა და მისი გუნდის სასცენო ცხოვრებას ერთი შეხედვით სახალისოსაც კი ხდის. „ტექსტში საკმაოდ ბევრია იმპროვიზაცია; სავსეა ირონიით , ხოლო უამრავი დეტალი მაესტროს ცხოვრებას უკავშირდება . ნეკროშიუსის თანახმად, საუკეთესო წამალი შემოქმედებით კრიზისის დროს არის მუშაობა და თვითირონია.“ ეს ნეკროშუსის ბოლო სპექტაკლზე ფესტივალის მიერ გამოქვეყნებული ანონსის ნაწილია. სცენის სიღრმეში მიხატული კედლის ფონზე, რომელზეც ასევე რამდენიმე კარი და საკიდიცაა, ცარიელ სივრცეში პერსონაჟების სრბოლა, რომელიც აქტიური და მხიარულიც კია, კაფკასეული უკიდურესი ტრაგიზმით მთავრდება: ცირკის შოუს ნაწილად ქცეული და ლომის გალიაში საჩვენებლად შესახლებული შიმშილის არტისტი, რომელიც ერთგულად ასრულებდა თავის ფუნქციას – ყველას დასანახად პატიოსნად შიმშილობდა, კვდება და მის სიკვდილს ვერავინ ამჩნევს. ხანგრძლივი დროის შემდეგ, როცა მისი სიკვდილი გაცხადდება, ამაზე არავინ იდარდებს და გალიაში სხვა არსების, სავარაუდოდ, ლომის შეყვანაც დაიგეგმება. სამყაროდან ადამიანის უკვალოდ გაქრობა ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და კაფკასეული ტრაგიკული აბსურდის სრულად შესატყვისია.
„ჯუნგლების ახალი წიგნი“, აკრამ ჰანის პროდუქცია. ანიმაციის მხატვარი – ადამ სმიტი (იესთ ქალჩარი), ვიდეოდიზაინის პროდიუსერი – ნიკ ჰილელი (იესთ ქალჩარი); ანიმატორები – ნაამან აზარი, ნატაშა სეტნერი, ედსონ ბაზარინი; კრეატიული პარტნიორი / ქოუჩი – მავინ ქო .
მოცეკვავეები: მაია ბალამ მეიონგი, ბი ბიდოტი, ფერგას კლევი, ჰარი თეადორა ფოსტერი, ფლიპო ფრანზესე, ჯასპერ ნარვაეზი, მაქს რეველი, მეტიუ სანდიფორდი, ელპიდა შკოროუ, იან მიკაელა ვილანუევა და ლანი იამანაკა.
აკრამ ჰანის ახალი საცეკვაო-თეატრალური პროდუქცია რედიარდ კიპლინგის საყოველთაოდ საყვარელ კლასიკურ მოთხრობას ეფუძნება. მაუგლის ამბავი – კლიმატური ცვლილებების შედეგად იძულებით გადაადგილებული ადამიანების – ეკოემიგრანტების თვალითაა დანახული და სრულიად ახალი სახითაა წარმოდგენილი აკრამ ჰანის და მისი გუნდის მიერ.
ორიგინალური მუსიკა, 10 საერთაშორისო მოცეკვავე, ანიმაცია და ვიზუალური მხარე; ახალი ჯუნგლების წიგნი არის შესანიშნავი და ცოცხალი თხრობა სხვებთან დაკავშირების იმ აუცილებელი ლტოლვის შესახებ, რომელიც ჩვენ შინაგანად გაგვაჩნია: ამბავი ჩვენ გარშემო ბუნებრივ სამყაროს მიმართ პატივისცემისა და კავშირის მნიშვნელობის შესახებ“- ეს ვრცელი ამონარიდი ფესტივალის საერთაშორისო პროგრამის ელექტრონული ვერსიიდანაა. სამწუხაროდ, ბუკლეტის ბეჭდური ვერსია ვეღარ იბეჭდება ფესტივალზე ფინანსური პრობლემების გამო. ასე ვრცლად აკრამ სპექტაკლის თანაავტორების სიის წარმოდგენა ერთ მიზანს ისახავდა – აღმენიშნა სპექტაკლის შემქმნელების ღვაწლი, სრულიად აუწონავი, რადგანაც ეს სპექტაკლი ნამდვილად არის თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი წარმოდგენა, შოუ, ფანტასმაგორია.
„ჯუნგლების ახალი წიგნი“ ყველასთვის საყვარელი რადიარდ კიპლინგის „ჯუნგლების წიგნის“ აკრამ ჰანისეული ვერსიაა. თუმცა ნობელიანტი კიპლინგის ნაწარმოებს მაინც ყველა მაუგლის უწოდებს, ყველასთვის საყვარელი გმირის სახელს. გამომცემლები ამ წიგნის მკითხველებად 11-12 წლის ასაკის ბავშვებს ასახელებენ. საბავშვო ლიტერატურის სასცენო ინტერპრეტაციამ დიდებისთვის ერთხელ უკვე მოახდინა ჩემზე სრულიად წარუშლელი შთაბეჭდილება: თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე 2013 წელს რუმინელი რეჟისორის, სილვიო პურკარეტეს „გულივერი“ იყო წარმოდგენილი – სიურრეალისტური ფანტასმაგორია და ჯონათან სვიფტის თავისუფალი ინტერპრეტაცია. კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე, რომ საბავშვო ზღაპარი ტრაგიკულად შეიძლება იყოს წარმოდგენილი და შეძრული დატოვოს მაყურებელი.
აკრამ ჰანის კომპანია ქორეოგრაფიული თეატრია და ცხადია, რომ სპექტაკლის უპირველესი გამომსახველობითი საშუალება სწორედ ცეკვაა. მგლების ხროვად თუ მაიმუნების გუნდად გარდასახული მსახიობები სინქრონული და არასინქრონული მოძრაობებით ქმნიან ეპიზოდის შესაბამისად ამა თუ იმ ფრაგმენტის გამომსახველ ცეკვებს. არაჩვეულებრივი გოგონა – მაუგლი (სპექტაკლში ასეა), პანთერასავით მოძრავი ბაგირა და დათვის პლასტიკას მიმსგავსებული ბალუს მოძრაობები. რა თქმა უნდა, უაღრესად შთამბეჭდავია არაჩვეულებრივი ქორეოგრაფიული მიზანსცენებით შეთხზული ჯუნგლების ყოფა. მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია იმ სინთეზის, რომლითაც წარმოდგენა იქმნება. „ახალი ჯუნგლების წიგნი“ რადიარდ კიპლინგის თხზულების თავისუფალი ინტერპრეტაციაა.
ნუ დავივიწყებთ, რომ სპექტაკლის ავტორი წარმოშობით ბანგლადეშიდან არის და როგორც ინდური ეთნოსის წარმომადგენელს, რწმენისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, განსაკუთრებულად ფაქიზი და მგრძნობიარე დამოკიდებულება აქვს ბუნებასთან, ჯუნგლებთან განსაკუთრებით. თავად კიპლინგის შემთხვევაც ამის მსგავსია, ოღონდ პირიქით – ინგლისელი მწერალი ინდოეთში დაიბადა და გაიზარდა და რეალურად ასევე სიმბიოზურია მისი ბუნების აღქმა და სამყაროსთან დამოკიდებულება. სპექტაკლის მოქმედება ახალი წარღვნით დაქცეულ სამყაროში ხდება. გლობალური დათბობის შედეგია თუ აპოკალიფსური წინასწარმეტყველება? იქნებ, აკრამ ჰანი ასე ხედავს ადამიანებს და ცხოველებს შორის უსიყვარულობით დაქცეულ ქვეყანას? სპექტაკლი ამ სათქმელისთვის დაიდგა და სწორედ სიყვარულია ის, რისკენაც ავტორები მაყურებლებს მოუწოდებენ.
და რა დაანგრია წარღვნამ? ნიუ-იორკის ცათამბჯენები, ეიფელის კოშკი, ბიგ ბენი და ვასილი ნეტარის გუმბათებიც კი მოჩანს სცენის უკანა ფონზე. ადამიანები და მაუგლიც მათ შორის სხვადასხვა ტივებზე არიან განთავსებულები. ეს ტივები „ტიტანიკის“ ნამსხვრევებს გვაგონებს. ადამიანებისა და ცხოველების განწირული ტექსტი კი, რომელიც ფონოგრამიდან ისმის, მეტ იდუმალებას მატებს წარმოდგენას მუსიკასთან ერთად. ვიდეოინსტალაცია არ არის ახალი ხერხი სათეატრო ხელოვნებაში, მაგრამ ამ სპექტაკლში კინემატოგრაფიული ორმაგი ექსპოზიციის პრინციპია გამოყენებული, ოღონდ სივრცეში განფენილის, სცენის სიღრმის გათვალისწინებით. უკანა ფონის ვიდეონსტალაციას პორტალიდან ჭერამდე აღმართული ტიულის ფარდა ავსებს. ამ ფარდის ინსტალირება კი ანიმაციით ხდება, სადაც წვიმა, სპილოების ჯოგის გარბენა თუ ფრინველთა გადაფრენა ულამაზეს სახილველს ქმნის.
ანიმაცია, რომელიც ასევე არ არის სიახლე, ამ სინთეზში საოცარ ეფექტს ქმნის. ცხოველებსა და ფრინველებზე ნადირობა, უფრო ზუსტად კი – მკვლელობა, რასაც ადამიანები ჩადიან, გასროლილი ისარი თუ გავარდნილი თოფი ის იარაღია, რაც წარმოდგენაში ტრაგიკულ ვითარებას ქმნის. უაღრესად შთამბეჭდავი იყო ძერას მკვლელობა. ტიულის ფარდაზე ბუმბულები იფრქვევა. ჩიტის სხეული ძირს ვარდება, ფრინველების გუნდი სივრცეში მოკლულს აიტაცებს და სიღრმისკენ მიფრინავს… მართლა ძნელია ამ სპექტაკლში ვინმეს უპირატესობაზე ლაპარაკი. ეს საოცარი სახილველი, ტრაგიკული ზღაპარი, უმაღლესი რანგის შოუ თანაბარი კომპონენტებით შექმნილი სინთეზური სანახაობაა, რომელიც სიკეთისა და სიყვარულისკენ მოგვიწოდებს ბუნების ყველა შვილს, ადამიანებით დაწყებული… და ტრაგედიის ხილვით მიღწეული ჭეშმარიტი კათარსისი, რომელიც მაყურებელმა განიცადა.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის წლევანდელი საერთაშორისო პროგრამა მაღალი რანგის სპექტაკლებისგან შედგებოდა. გულდასაწყვეტი ერთი გარემოებაა – სამწუხაროდ, ბიუჯეტის სიმწირის გამო უცხოეთიდან ჩამოტანილი სპექტაკლების რაოდენობა ძალიან შემცირებულია…
Section – Fiesta
Lela Tsifuria – Dreamlike and tragic shows at the Tbilisi International Theatre Festival.
The letter concerns the XVI Tbilisi International Theater Festival, which took place from September 17 to October 4. The author reviews three plays by three world-famous directors – Robert Wilson’s “The Tempest”, Aymuntas Necroshus’ “The Starving Artist”, and Akram Khan’s “The New Jungle Book”. The letter also talks about the events that took place within the framework of the festival. Among them, the author singles out Robert Wilson’s undoubtedly interesting meeting with the Georgian audience and the conversation about the challenges of modern theater.