ზაზა აბზიანიძის სტატია

საბედისწერო ლტოლვა

, , ,

(ალექსანდრე ყაზბეგის „რომანი“ თეატრთან)

 ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიიდან ვიცით, რომ ჯერ კიდევ 14 წლის ყმაწვილს ილია ჭავჭავაძისათვის უჩვენებია თავისი პირველი პიესა – „აღმზრდელნი“. თვითონ რომ ვერ მივიდოდა ილიასთან, ცხადია; მშობლებს  (სატირული პიესის პროტოტიპებს) „დრამატურგიული დებიუტი“ რომ არ მოსწონდათ – ესეც ცხადია. ახლა ვიმარჩიელოთ: თავმოყვარეობას პატივმოყვარეობამ სძლია და დიდი მწერლისაგან „გზის დალოცვას“ ელოდნენ, თუ რომელიმე ნათესავმა გამოიჩინა ინიციატივა?!

თუ ინიციატორები მაინც მშობლები იყვნენ, ნეტავ, სცოდნოდათ ამ ნეტარ აღმზრდელთ, რა დათვურ სამსახურს უწევდნენ მართლაც ზეგარდმო ნიჭით ცხებულ შვილს თავიანთი „პროტექტორობით“: ჯერ იყო და ივანე კერესელიძეს (ერთხანს ქართულში რომ ამეცადინებდა სანდროს) „ცისკარში“ (1859 #11) დააბეჭდვინეს ბიძამისის სანდროსადმი მიძღვნილი ყოვლად უნიჭო ლექსი და ორი წლის შემდეგ  – ასევე გაუწაფავი ლექსი თავად სანდროსი – „ნანა მიხეილ გიორგის ძე ყაზბეგზე“ („ცისკარი“, 1861, #12).

ოჯახური პატივმოყვარეობა დაკმაყოფილებულია, ეფექტი  კი, როგორც ყოველთვის – ჩანაფიქრის საპირისპირო! იმდროინდელი პატარა ტფილისის მცირერიცხოვანი ქართველი მკითხველი ხომ ყველაფერს იმახსოვრებს;  ყველა ახალ სახელს თავისი პირველი წარმატება-წარუმატებლობის ელფერი ახლავს და, საფიქრებელია, „საქართველოს კარებში დიდებით შემოსვლაში“ ალექსანდრე ყაზბეგს არც ეს უწიფარი დებიუტი დახმარებია და არც ილიასთან მიტანილი „აღმზრდელნი“. პირიქით თუ იქნებოდა…

 ვახტანგ კოტეტიშვილი ამ „დებიუტიდან“ ათი წლის შემდგომ  სურათს ასე აღწერდა: „მაშასადამე, ალ. ყაზბეგი 1879 წელს სტოვებს ხევს, იქაურ საქმიანობას, და ტფილისში გადმოდის ახალი, სულ სხვა ცხოვრების დასაწყებად. პრაქტიკულ ცხოვრების გზაზე ალ. ყაზბეგი სასტიკად დამარცხდა. იდეალისტურმა გატაცებამ, რეალურ „კეთილდღეობას“ საფუძველი გამოაცალა და მამის სავსე ოჯახი ვალებში დაილია.  მაგრამ ალ. ყაზბეგს რომ ამისთვის ყურადღება მიექცია, მაშინ ხომ მთელი მისი ბიოგრაფია ასეთი აღარ იქნებოდა. ეს დაუდევრობა არის, რომ დროშასავით წინ უძღვის მის პოეტურ ცხოვრებას და კერა ჩამქრალი, ვალებში გაყიდული, ქართულ სცენაზე თავ-დავიწყებით და იშვიათ ექსტაზში უვლიდა ჩეჩნურს – ხანჯლებით“.

***

თეატრი – საბედისწერო ლტოლვა:  თბილისში იყო ერთი ადგილი, რომელიც ამ გამოუსწორებელ მეოცნებეს ანდამატივით იზიდავდა და ეს თეატრი გახლდათ.  მიუხედავად  იმისა, რომ მთელი მისი „რომანი თეატრთან“ ნებისმიერ სხვას გამოაფხიზლებდა, ყაზბეგი მთვარეულივით მიუყვებოდა ერთხელ და სამუდამოდ არჩეულ გეზს და არ იყო ქვეყნად ძალა, რომელსაც შეეძლო, თეატრისადმი მისი საბედისწერო ლტოლვა გაენელებინა…

ყაზბეგის თანამედროვეთა მოგონებებიდან გვახსოვს, როგორ ახალისებს პროვინციული ყოფის ერთფეროვნებას სანდროს „მონოსპექტაკლები“, როგორ უყვარს ეს მომენტალური გარდასახვანი: უბირი მწყემსიდან ან მედუქნიდან – ბრწყინვალე არისტოკრატამდე და როგორ ტკბება მოხდენილი ეფექტით. რაღაცას მსგავსს უთუოდ თეატრის არენიდანაც ელოდა: დაუოკებელი წარმოსახვის პატრონს, ეტყობა, ნეტარების წუთებს ჰგვრიდა კოლოსალური ემოციური მუხტის სცენაზე გახარჯვა.

ამიტომ, ერთი შეხედვით, თბილისში ახალჩამოსული სანდრო ყაზბეგისათვის თეატრი ნამდვილი ხსნა იყო – როგორც დამწყები დრამატურგისათვის;  როგორც არტისტული ნატურისათვის, რომელიც ფარვანასავით ილტვის სცენის განათებული წრისაკენ.  უცხო სოციუმში მოხვედრილი ადამიანისათვის, რომელსაც ადაპტაციის პროცესში რჩევა და დახმარება სჭირდება, თეატრი, თავისი ბოჰემური სიტუაციით – სანატრელი ასპარეზია!

აქ არის ერთადერთი „მაგრამ“  – ყურადღების ცენტრში აღმოჩენილი ახალბედა ვინმეს პოტენციური კონკურენტი არ უნდა იყოს. ღვთის მადლით, ეს პრობლემა მსახიობ „მოხევის“ (ყაზბეგის სასცენო ფსევდონიმი იყო) პირველივე სპექტაკლის შემდეგ მოიხსნა.          

დაიწყო „თბილისის დრამატული დასის“ ყოველდღიურობა – თავისი რეპეტიციებით, პრემიერებით, ბენეფისებით, გასტროლებით, პატარ-პატარა ინტრიგებით („აუცილებელი კომპონენტი“ – თუკი ეს მართლა თეატრია!) და ალექსანდრე ყაზბეგმა უკვე იგემა ის მაცთუნებელი „კულისების მტვერი“, რომლის გარეშეც უკვე ვეღარც კი წარმოედგინა  ცხოვრება…

მალემრწმენ მოხევეს აბედნიერებდა მაყურებელთა ტაში (მეტწილად დივერტისმენტებში ვირტუოზულად შესრულებული „ლეკურისათვის“), მაგრამ, მეტწილად, იმავ მაყურებელთა და განსაკუთრებით კი, რეცენზენტთა ცინიზმი უბრალოდ ანადგურებდა! მიუხედავად ამისა, განებივრებული ბავშვის სიჯიუტით, იგი ისე ჩააფრინდა „საყვარელ სცენას“, რომ თავისი სამსახიობიო კარიერის დასასრულს დაემსგავსა რომაული კოლიზეუმის მაყურებელთაგან ათვალისწუნებულ, სასიკვდილოდ განწირულ გლადიატორს… 

***

იოსებ გრიშაშვილი:  „ა. ყაზბეგი 1880 წლამდე უჩინარი ადამიანი იყო. იგი მაშინ გამოჩნდა ჩვენს საზოგადო ასპარეზზე, როცა ერთი მუჭა მოწინავე ქართველი ინტელიგენცია მუდმივი ქართული თეატრის საფუძვლის ჩაყრაზე ოცნებობდა. ეს მოხდა 1879 წელს. მუდმივი დასის სეზონი გაიხსნა შემოდგომაზე ბარბარე ჯორჯაძის პიესით  „რას ვეძებდი, რა ვიპოვე!“, ხოლო ალექსანდე ყაზბეგს 1880 წლის დასაწყისში ვხედავთ ქართულ სცენაზე“.

***

დრამატული ისტორიები.  ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიის ამ ეტაპზე ძველი თეატრალი, გიორგი თუმანიშვილი ჰყვებოდა: „ყაზბეგს მე გავეცანი 1879 წელს… ამ წელს საქართველოს ცხოვრებაში ადგილი ჰქონდა ღირსშესანიშნავ მოვლენას: ჩამოყალიბდა მუდმივი ქართული დრამატული დასი… რეპერტუარი კი, შეიძლება ითქვას, სრულებით არ იყო. ერისთავისა და ანტონოვის პიესებმა ყველას საკმაოდ მოაბეზრა თავი, ახლები კი თითზე ჩამოსათვლელი იყო… სწორედ ამ მომენტში დავით ერისთავმა, როგორც თვითონ ირწმუნებოდა, გამონახა პროვიდენციალური არსება, რომელსაც შეეძლებოდა ქართული თეატრის გადარჩენა. ამასთან, მან დაასახელა უცნობი ალ. ყაზბეგი. ყაზბეგს, როგორც გადმოსცემდა დავით ერისთავი, ჰქონდა 25-მდე თარგმნილი პიესა ქართულ ენაზე. გავიგე რა ამის შესახებ, გაშმაგებით დავუწყე ძებნა მოგზავნილ კეთილმომქმედს. ბევრი ძებნის შემდეგ კეთილმომქმედი ნახული იქნა რომელიღაც ნომრებში ჩუღურეთში… ეს იყო გამხდარი და ფერმიხდილი ახალგაზრდა, მაგრამ მეტად სიმპათიური, ლამაზი ფიზიონომიით. მან განაცხადა, რომ მართლაც ბევრი თარგმნა, არც კი ახსოვს სახელდობრ რამდენი. მაგრამ მას ყველაფერი უწესრიგოთ  აქვს. ამასთან მან გამოთქვა თავისი მზადყოფნა გასამრჯელოს გარეშე ემსახუროს ქართულ თეატრს, რითაც კი შეუძლია და ამხანაგობის სრულ განკარგულებაში გადასცა ხუთმოქმედებიანი დრამა „ცხოვრების მეგობარი“… ვთვლიდი მას შინაარსის მიხედვით სრულიად შესაბამისად ქართული ცხოვრებისათვის და აღტაცებული ვიყავი, როდესაც მივიღე დიდი რვეული, სუფთად დაწერილი თვით ყაზბეგის მიერ. მე შევპირდი, მიმეცა ის გადასაწერად და დამებრუნებინა ორი-სამი დღის შემდეგ. ქართულმა რეპერტუარმა ყაზბეგისაგან სერიოზული დახმარება მიიღო. ის კიდეც თარგმნიდა, კიდეც გადმოაკეთებდა და კიდეც წერდა ორიგინალურ პიესებს“.

***

 ალექსანდრე ყაზბეგი ამ ისტორიას გიორგი თუმანიშვილისაგან ერთობ განსხვავებული ტონალობით მოგვითხრობს: „ლაპარაკი იყო რეპერტუარის უქონლობის გამო. ესევე იყო მიზეზი, რომ თითო-ოროლა სპექტაკლებიც დიდი გაჭირვებით იმართებოდა, რადგანაც ერისთავისა და ანტონოვის თხზულებათ თავი საკმაოდ მოეძულებინა საზოგადოებისათვის. მე წავედი შინა და შეუდექ პიესების წერას, თარგმნას და გადმოკეთებას. მოკლე ხანში შევადგინე ოცდაერთი პიესა და თბილისისაკენ გამოვწიე, დარწმუნებულმა, რომ ქართულ თეატრზედ მზრუნველი საზოგადოება სიამოვნებით მიიღებს ჩემს შრომას.                               

წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც მადლობის მაგიერ ცხვირწინ ფრუტუნი დამიწყეს და მასხრად ამიგდეს, როდესაც ერთს კრებაზედ დრამატულს საზოგადოების მმართველობას შევატყობინე ჩემის შრომის შესახებ. „რამდენი პიესა? როგორ, რა სთქვი?!“ განუწყვეტლივ მესმოდა აქეთ-იქით მსხდომებისაგან და მას თან დაჰყვებოდა უზრუნველი ხარხარი“.

***     

დიახ, აქ უკვე ნეტარ მშობლებს ვეღარაფერს გადააბრალებდი – სანდრო, თავისივე ინიციატივით, სავსე ხურჯინით მიადგა „დრამატულ კომიტეტს“ და სტეფანწმინდიდან წამოღებული „ნობათი“ – თერთმეტი „დრამაკომედია“ (ზაქარია ჭიჭინაძის ნეოლოგიზმია!) გადმოულაგა მაგიდაზე: „მათ განიხილეს პიესები, მაგრამ სასცენოდ არც ერთი არ მოიწონეს და ხელნაწერები უკან დაუბრუნეს, – იგონებდა ზაქარია, – ალ. ყაზბეგს დიდად ეწყინა, ამბობდა: აქ თუ მტრობა არ არის, ნუთუ თერთმეტ პიესაში ერთი პიესა მაინც არ აღმოჩნდა ღირებული: ეს მე არ მჯერაო!“

წარმოდგენაც კი გიჭირს ამ სურათის: ამპარტავანი ახალგაზრდა მოხევე, დაზაფრული როგორ დგას მაგიდასთან და დასტა-დასტად როგორ ალაგებს იმ თავის ხურჯინში დაწუნებულ პიესებს…

ქვეყნად ვერავინ და ვერაფერი დაარწმუნებდა ალექსანდრე ყაზბეგს, რომ მისი ავტორიტეტული შემფასებელნი ტენდენციურნი არ იყვნენ; ზუსტად ისევე, როგორც იმათ ვერ გადაარწმუნებდი, რომ კიდევ ერთ ახირებულ გრაფომანს გადააწყდნენ.     

განამწარებ ალექსანდრე ყაზბეგს კი ეს სიტყვები აღმოხდა: დავდიოდი ჩემს დედაქალაქში, ჩემს მოძმეთ შორის, ჩემს საყვარელთ შორის, რომელთაც ელტვოდა, ისე განუსაზღვრელად ეახლოებოდა მთელი ჩემი არსება და ამ ყოველს ჩემთა შორის დავდიოდი მარტო, განცალკევებული, როგორც გზადაკარგული უდაბნოსა შინა!

 ქვის გული უნდა ჰქონდეს კაცს, რომ ამგვარ აღსარებაზე ცრემლი არ მოადგეს.  

***

ცრემლისმომგვრელი ისტორია: საბედნიეროდ, მაინც გამოჩნდა ერთი ღვთისნიერი არსება, რომელსაც გული აუჩუყა ამ დიდი, გაბუტული ბავშვის ყურებამ. რაღა თქმა უნდა, ქალი იყო – მაკო საფაროვა-აბაშიძისა: „გარეგნული შეხედულება ისეთი ჰქონდა სანდროს, რომ სილამაზით იმასთან ჩვენს დასში ვერავინ მოვიდოდა, – იგონებდა მაკო საფაროვა, – ტანადი, დიდრონი, მომცინარე, ჟუჟუნა თვალები, მშვენიერი ტუჩ-კბილი, ჩაცმული ხომ ისე იყო, რომ ჩვენს ღარიბ სცენას თავის დღეში არ ჰყოლია ისეთი მორთული არტისტი თვით წარმოდგენის დროსაც. ამასთანავე წრეს გადასული ზრდილობიანი იყო. აი, ასეთი იყო გარეგნულადა ახალგაზრდა სანდრო, როდესაც ერთხელ, ჩემი ავადმყოფობის დროს, ჩემმა ქმარმა, ვასო აბაშიძემ შემოიყვანა ჩემთან საწოლ ოთახში და თან დაუმატა: – ეს არის სანდრო ყაზბეგი, რომელსაც ჩვენთან ერთად უნდა მუშაობა ქართულ თეატრში და, აბა, შენ იცი, როგორ შეუწყობ ხელსო… მე, ცოტა არ იყოს, ავიმრიზე, რომ ლოგინში მწოლარეს თავს დამაყენა ასეთი ფრანტი, მაგრამ შემდეგ, როცა შინაურულად გავიცანი, დილით საღამომდე ჩვენსა იყო ხოლმე, მიზიდავდა აუარებელ ხილს და ყოველის ღონით ცდილობდა ჩქარა მოვღონიერებულიყავ, რადგანაც უნდოდა, ჩემთვის წაეკითხა თავისი პიესა, არ მახსოვს, „აღმზრდელები“ თუ „ცხოვრების თანამოგზაური“, ამ ორში ერთი. როდესაც წამიკითხა, არ ვიცი პიესის შინაარსმა თუ ჩემი ორგანიზმის სისუსტემ, ისე იმოქმედა ჩემზე, რომ ისტერიკა მომივიდა. სანდრო წამოხტა აღტაცებული, ცრემლები გადმოსცვივდა, თან ტიროდა და თან იძახოდა: – ღმერთო ჩემო, აი, როდის ვიგრძენ მე პირველი ბედნიერება, ჩემმა პიესამ ტირილი გამოიწვიაო“.

***

მაკო საფაროვა მარტო ამ ერთი გულსაკლავი მიზანსცენისათვის სამუდამოდ ეყვარებოდათ ალექსანდრე ყაზბეგის თაყვანისმცემელთ; ეყვარებოდათ ქალური გუმანის გამო, რომელმაც უკარნახა, რომ ამ მოკრძალებულ, თეატრალთაგან განაწყენებულ ახალგაზრდა კაცს, მომხიბლავს, მაგრამ რაღაც ტრაგიკული ნაჭდევით დათრგუნულს, სწორედ იმ წამს სჭირდებოდა თანაგრძნობა და გამხნევება, მთლად რომ არ დაეკარგა რწმენა – თავის თავისაც და ზოგადად – ადამიანებისაც; პიესა როგორი იყო და რა ერქვა – ამას უკვე აღარც ჰქონდა მნიშვნელობა. ცრემლისმომგვრელი კი იყო ეს ყველაფერი…

***

ბიოგრაფიული ქრონიკიდან: 1880 წ. მაისის 13 – თბილისის საზაფხულო თეატრის შენობაში იმართება მაკო საფაროვას ბენეფისი. ქართული დრამატიული დასი პირველად წარმოადგენს ა. მოჩხუბარიძის ოთხმოქმედებიან დრამასერთი უბედურთაგანი.

ერთი უბედურთაგანი: ახლა მოვუსმინოთ, როგორ იხსენებს მართლაც რომ ერთი უბედურთაგანი იმ საღამოს და ოთხმოქმედებიან დრამას,  რომლის „სცენისშემდგომი გაგრძელება“ სულ უფრო და უფრო ემსგავსება ტრაგედიას: „…პიესის გათავების შემდეგ საზოგადოებამ კიდევ რამდენჯერმე გამომიწვია ტაშის ცემით. გამომიწვია და ამით გათავდა ჩემი სიამოვნება, რადგან ამ გვარის მიღებით ჩემი მოწინააღმდეგენი კიდევ უფრო გააბრაზა და განაზრახა ლიტერატურაში, გაზეთების საშუალობით, გამოელაშქრათ ჩემზედ. მე ჯერ კიდევ კულისებს უკან ვიდეგ და ანგარიში ვერ მიმეცა ჩემის თავისთვის, როდესაც ერთბაშად გამოვფხიზლდი სცენის მოსამსახურეების ბრახა-ბრუხზედ… მარტოკა, სრულიად ობლად, დარჩენილი ვიდექი მე… გულს რაღაცამ მოუჭირა, ვიგრძენ სიმარტოვე და ამოოხვრასთან ერთად გავწიე შინისკენ“.               

***

როგორ ჰგავს ყაზბეგის ეს შინდაბრუნება საიუბილეო საღამოს დამთავრების შემდეგ (ოპერის თეატრში, 1958 წლის 29 დეკემბერს) ელბაქიძის დაღმართზე სახლისაკენ ეულად მიმავალ, მხრებჩამოყრილ გალაკტიონს… როგორ ჰგავს ერთმანეთს ეს ორი უცნაური, მარტოსული და იჭვნეული პოეტი. რა გასაკვირია, რომ სწორედ  გალაკტიონთან ამოვიკითხავთ ყაზბეგის სულიერი სამყაროს იშვიათად ფაქიზ ჩანახატს: „არცერთს მის თანამედროვეთაგანს არ განუცდია ის შემაშფოთებელი სიცოცხლის დრამა, რომელიც წილად ხვდა ალექსანდრე ყაზბეგს, ნახევრად შეშლილს, ნახევრად წმინდანს. არავის უტარებია ისე, როგორც მას, ეკლის გვირგვინი, რომლის წვეტები ჩხვლეტენ მის გაფითრებულს, მაღალ, გონიერ შუბლს“.  

და მართლაც, ალბათ არსად ისე მწარედ და მტკივნეულად არ უგრძნია ყაზბეგს გალაკტიონის ნახსენები „ეკლის გვირგვინის წვეტების“ ჩხვლეტა, როგორ იმ „საბედისწერო სატრფოსაგან“, თეატრი რომ ერქვა…

საზაფხულო თეატრის „დრამებს“ დავუბრუნდეთ: 13 მაისს რომ იწინასწარმეტყველა ყაზბეგმა თეატრალური რეცენზენტების „გამოლაშქრება“, 16-ში აუხდა!

 ბიოგრაფიული ქრონიკიდან: 1880 წ. მაისის 16. გაზეთიდროება (# 103) ბეჭდავს  მიმოხილვას – „საფაროვას ქალის ბენეფისი, სადაცმიმოხილვის ავტორი წერს:…ესრედ წოდებული დრამა მოჩხუბარიძისა, ესრედ წოდებული-მეთქი, რადგან ნამდვილად მოჩხუბარიძის პიესაში არავითარი დრამა არ მოიპოვება. თუ იყო რაიმე დრამატიული ნინოს ცხოვრებაში, ავტორმა დამალა ანტრაქტებში. და იქვე რეცენზენტი დასძენს:აქტიორებმა როლები კარგად იცოდნენ უფ. მოხევის გარდა.

*** 

1880 წ. ივლისის 2გაზ.დროება (# 139)დამსწრის ხელმოწერით ბეჭდავს რეცენზიას 29 ივნისს არწრუნის თეტრში დადგმულ ა. ყაზბეგის ნათარგმნ ვოდევილზე –  ორი ქორწილი ერთად.

რეცენზენტი სპექტაკლის გარჩევისას იწუნებს პიესის ენას და შენიშნავს, რომ იგი დაწერილია ქართული სიტყვებით და რუსული ფრაზებით… და ამის დასამტკიცებლად მოყავს შესაფერისი ადგილები.

***

1880 წ. ივლისის 3დამსწრის რეცენზიით წონასწორობადაკარგული ა. ყაზბეგიდროების რედაქციაში აგზავნის საპასუხო წერილს, რომელშიც შეურაცხმყოფელი ეპითეტებით ამკობს რეცენზენტს. წერილს ამთავრებს ასე:თქვენ ან ცილისწამებით გინდათ დაამციროთ ჩემი შრომა, ან და მოხევის ხანჯლების ტრიალს და მისი თვალების ბრიალს უხუმროდ შეუშინებიხართ და თქვენ თითონაც აღარ გაგეგებათ რას წერთ, და იქვე იშველიებს ი. ჭავჭავაძის სიტყვებს:                     

                     გვიან თუ მალე,

                       დღესა თუ ხვალე,

                       რაც ენას ვცოდეთ, ის გასწორდება,

                       მაგრამ კი თქვენი

                       მრუდე საქმენი

                       ისევ და ისევ მრუდედ დარჩება.

1880 წ. ივლისის 6 –  გაზ.დროება (# 143) აქვეყნებს ა. ყაზბეგის (მოჩხუბარიძის ხელმოწერით) საპასუხო წერილს – ბ. რედაქტორო და ურთავს შემდეგ შენიშვნას:ვბეჭდავთ ამ პილპილმოყრილ წერილს მოჩხუბარიძისას იმის გამო, რომ ქართულად მხოლოდ ერთი გაზეთი გვაქვს და არ გვინდა რომ მიფერება დაგვწამოს ვინმემ.

 როგორც ეტყობა მოჩხუბარიძეს თავისი ფსევდონიმის თვისება იმიტომ გამოუჩენია, რომ ენა დაუწუნეს. ჩვენ მოვთხოვეთ მოჩხუბარიძეს მისი პიესა. გვინდოდა დოკუმენტით დაგვემტკიცებინა მისი ტყუილი გაცხარება და დაგვერწმუნებინა, რომ ძალიან შეგვეცოდა მოჩხუბარიძე… თორემ უფრო მძიმე შეცდომას უჩვენებდით მის პიესაში, ვიდრე ჩვენს რეცენზიაში იყო ნათქვამი. მოჩხუბარიძემ არ მოგვცა. ამ ერთისდოკუმენტის უქონლობის გამო მეორეს მივმართეთ, აი, ამ წერილს: ხელმეორედ გადავიკითხეთ და ენის გამალაზათიანებელს ალაგებს ხაზი გავუსვით. გირჩევთ, თქვენც გადაიკითხოთ დროის გასატარებლად.

***           

ესეც „მთარგმნელობითი დებიუტი“! ორიგინალურ პიესას რაც შეეხება, თეატრალური კრიტიკის შემოტევებით დაბნეულმა ავტორმა „ერთი უბედურთაგანი“ ხუთჯერ გადააკეთა და, საბოლოოდ, 1881 წლის 1 თებერვალს დრამა წარმოადგინა უკვე როგორც ორმოქმედებიანი კომედია. ამ დადგმას „დროება“ (1881 წ. # 25) კიდევ უფრო სარკასტული რეცენზიით გამოეხმაურა, რასაც წყობიდან გამოსული ყაზბეგის გაღიზიანებული პასუხი მოჰყვა.  ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ასეთი „ნაცნობობის“ შემდეგ სწორედ „დროება“ შეიფარებდა ამ აძაგრულ მოხევეს, მაგრამ სწორედ ასე მოხდა.

***   

ალექსანდე ყაზბეგი „დროებაში“. სოსიკო მელიქიშვილის თვალით: გაზეთ „დროების“ თანამშრომელი სოსიკო მელიქიშვილი (ამასთანავე, რედაქტორის, სერგეი მესხის ცოლის ძმაც გახლდათ) იგონებდა: „მე ძალიან დაახლოებული ვიყავი და მეგობრულად ვიცნობდი სანდრო ყაზბეგს როგორც ახალგაზრდობაში, ისე უკანასკნელ დროს. 1880 წლებში სანდრო ყაზბეგი იდგა პლეხანოვის ქუჩაზე, სომხების ეკლესიის გვერდით, ზარაფიშვილის სახლებში, სადაც საცხოვრებელი ნომრები იყო გამართული. აქ სანდროს ერთი ნომერი ეჭირა. მე და ასიკო ცაგარელი, ჩვენი დრამატურგი, თითქმის ყოველდღე დავდიოთ სანდროსთან. სანდრო გვიკითხავდა თავის ლექსებს. ასიკო უქებდა, მე კი ვუწუნებდი, არ უვარგოდა ლექსი, ხორკლიანი იყო, არ იყო ლექსად შეკრული, არც რითმი, არც აზრი. გზაში ვეტყოდი ასიკოს: „ბიჭო, არა გრცხვენიან, იმ უხეირო ლექსებს უწონებ?“ ასიკო მეტყოდა: „სანდროს ერთი სპილოს ძვლის ხანჯალი აქვს, ოქროს ჩუქურთმიანი, მინდა, ის დავცანცლოვო“.

***

„არსენა“:  1881 წლის დამლევს, ალექსანდრე ყაზბეგი სულ ორი კვირის განმავლობაში დაწერს სამმოქმედებიან დრამას „არსენა“  („ყაჩაღი  არსენა“), რომელსაც საეტაპო მნიშვნელობა ექნება მისი, როგორც დრამატურგის, კარიერისათვის.

1882 წლის 1 იანვარს „ყაჩაღი  არსენა“ საბენეფისოდ  წარმოადგინეს; იმავდროულად  ილიას   „ივერიაში“ ქვეყნდება; „დროება“ იუწყება, რომ – „საზოგადოებამ მობენეფისე დაასაჩუქრა მრავალის ტაშით და ძვირფასი ნივთებით.“ პიესამ თბილისელი თეატრალების ყურადღება მიიპყრო და მალევე  თვით ივანე მაჩაბელი გამოეხმაურა რეცენზიით „ივერიის“ 1882 წლის პირველ ნომერში.

კვლავ  „დროება“: „ჩვენ არ შეგვიძლიან მადლობა არ განვუცხადოთ ამ ახალ მწერალს, როგორც „ელგუჯასათვის“, ისე დრამა „არსენასთვის“. მოჩხუბარიძემ დაამტკიცა ამ თავის თხზულებებით,  რომ   ის   კარგად   იცნობს   კაცის   გულს   და   შეუსწავლია   იმისი მოძრაობა“. აქვე ეწერა, რომ პიესა „ერთს უპირველეს ადგილს დაიჭერს ჩვენს რეპერტუარში“.

სტეფანე ჭრელაშვილმა, ყაზბეგის ერთგულმა გულშემატკივარმა, თავის რეცენზიაში („იმედი“, #1) „არსენა“ დავით ერისთავის „სამშობლოს“ შეადარა და ამ გაბედული პარალელით საკუთარი თავის რწმენა შემატა ნირწამხდარ ავტორს. სხვათა შორის, უნდა ითქვას, ყაზბეგის ამ პიესას მართლაც ხანგრძლივი და საკმაოდ წარმატებული სცენური სიცოცხლე ჰქონდა.

მაგრამ, აი – ქუთაისიდან გაზეთ „შრომის“ კორესპონდენტი იუწყებოდა: „არსენაზედ“ უსუსტესი პიესა არ არის ჩვენს რეპერტუარში“.

უნდა ითქვას, რომ ეს ქუთაისში გამომავალი გაზეთი იქცა მთავარ ტრიბუნად ილია ხონელისა და დავით კეზელისათვის ალექსანდრე ყაზბეგის ლიტერატურულსა თუ თეატრალურ საქმიანობაზე საქილიკოდ. ამ დუეტს ავქსენტი ცაგარელიც „წაეშველა“: ქართული ბომონდის ნებიერი „ასიკო“, „ხანუმას“ ავტორი…

***

 მტრების ბანაკი: „მაშინდელი ცნობილი ლიტერატორები: დავით კეზელი („ზოილი“, „სოსლანი“), ილია ბახტაძე („ხონელი“), ვალერიან გუნია („ვალიკო – ია“), იონა მეუნარგია („ლელო“), და სხვები ერთპირად ყაზბეგის წინააღმდეგ იყვნენ განწყობილნი“ (იოსებ გრიშაშვილი).

***

ბიოგრაფიული ქრონიკიდან: 1882.  იანვრის 5გაზ.დროება (# 2) აქვეყნებს ლელოს (იონა მეუნარგიას) ვრცელ ფელეტონს სათაურით – „თეატრალური ქრონიკა, რომელიც იწყება მოჩხუბარიძის მოხსენიებით:მას აქეთ, რაც ბატ. მოჩხუბარიძემდროების თეატრალურ რეცენზენტებს (დროებაშივე) ენის წაგრძელება გვითხრა,  ჩვენ პირველათაა, რომ  თეატრალური ქრონიკას ხელს ვკიდებთ. იმ ხანათ ისე მოხთა, რომ სიტყვა ჩამოგვართვა ბატ. ემბემ, რომელიც თეატრალურ საქმეში ძლიერ განვითარებულია და ჩვენ ენა დავიმოკლეთ.

ავტორის რეაქცია: „რამდენად მიიღო საზოგადოებამ ეს პიესა („არსენა“), რა ღირსება და გავლენა იქონია, ეგ თვითონ წარმოდგენაზე დამსწრე საზოგადოებამ იცის და მე არც მინდა, იმაზე ლაპარაკი, მაგრამ რომ სრულის სიჩუმით გვერდი ავუქციოთ იმ ვითომდა კრიტიკოს რეცენზენტებს… არ შემიძლიან… იმისათვის, რომ დაგანახოთ რამდენათ სხვადასხვა რიგათ ესმისთ და ხედავენ ერთსა და იგივეს?“.

***

1882. იანვრის 6გაზ.დროება (# 3) ლელოს (იონა მეუნარგიას) საპასუხოდ აქვეყნებს ა. მოჩხუბარიძისწერილს რედაქტორთან, რომელშიც აღნიშნავს:ამ ბ. ლელოს წერილმა მე იქამდინ მასიამოვნა და იმედი მომცა შემდეგისათვისაც, რომ მე ეხლაც არ დავიზარებ კიდევ რამდენიმე რჩევა მივცე… ეს რჩევა გახლავს შემდეგი: თქვენი რეცენზიები არ ვარგა და გირჩევთ ისევ გონიერად ენა დაიმოკლოთ.

***

წრეში მომწყვდეული მგელი:  ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიის ერთი ყველაზე გულისშემაღონებელი სფერო  მისი განუწყვეტელი ბატალიებია ჟურნალისტებთან, პუბლიცისტებთან, კრიტიკოსებთან: ,,ბატონი ხონელ-ბნელოები, ილო-ტილოები… ვანო მჭედლიშვილი, დავით კეზელი… და სხვანი.“ ამ ჩამონათვალში (და ეს მართლაც დამაფიქრებელია!) დავით კეზელი (სოსლანი) და ილია ხონელი (ბახტაძე) „დროების“ რედაქციაში ალექსანდრე ყაზბეგის გვერდიგვერდ მუშაობდნენ (ეს სოსიკო მელიქიშვილის მოგონებებიდან ვიცით). აი, როგორ მოახერხა „მოჩხუბარიძემ“ თანამშრომლები მოსისხლე მტრებად გადაექცია – ეს ცალკე კვლევის საგანია. და, არც თუ უინტერესო….          

საფიქრებელია, რომ „სიტყვიერ დუელებში“, რომლებიც კოლეგათა ნებისმიერ წრეში იმართება ხოლმე, მისთვის უცხო სოციუმში მოხვედრილ, გულფიცხ, სიდინჯესა და ფსიქოლოგიურ ტაქტიკას მოკლებულ ყაზბეგს ზღვარსგადაცდენილი სიცხარე შეჰქონდა პოლემიკაში და ესოდენ მხსნელი იუმორით ვერ ანეიტრალებდა გარდაუვალ კონფლიქტს… ამ ლოგიკით, ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ ვერბალური შეხლა-შემოხლა გასცდა ლიტერატურისა თუ თეატრის პრობლემათა ფარგლებს და მოკამათეებს შორის პიროვნული (შესაძლოა, უპატიებელი) წყენის  კედელი აღმართა. ახლა უკვე ყოველი მომდევო პოლემიკა აათმაგებდა მოკამათეთა ურთიერთსიძულვილს და გამორიცხავდა ნებისმიერ კომპრომისს.     

სხვანაირად, უბრალოდ, ვერ ავხსნით ჩვეულებრივ სიტუაციებში სრულიად პოზიტიურ  ადამიანთა მიერ კოლეგის ისეთ „კონსოლიდირებულ“ დევნას, როცა ყაზბეგი სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა მონადირეთა წრეში მომწყვდეულ, განწირულ მგელს.

***

 რას ფიქრობს  ეს ალყაშემორტყმულიმგელი: „საკვირველ ბედზედა ვარ გაჩენილი, ღმერთმან იცოდეს!.. არ ვიცი, რა ვარსკვლავი მიშუქებდა ამ დღეს, რომელი იმ ღმერთთაგანი თანაგრძნობის და რომელი უთანაგრძნობის სხივთა ჰფენდა ჩემს მომავალს… უეჭველად უნდა აღიჭურვონ ჩემს წინააღმდეგ სხვა და სხვა ხარისხის და ღირსების გმირნი, ჩემზედ უნდა სცადონ თავიანთი ჭკუა-მახვილობის მჭრელობა, თავიანთი ხუმარ-მასხარობის ფხიანობა და ყველა… სცდილობს, უეჭველად თავის მოვალეობად ჰხდის… ცოცხალი მიწაში ჩამფლას, თუნდაც თავისი მოქმედების მიზეზად საბუთიც არა ჰქონდეს!…“

***

თეატრის კულტი – ილია ჭავჭავაძე: „ხომ იცი თეატრი რა დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემულ ხალხისათვის. მაგის მეტი ნაციონალობის ნიშანწყალი ჯერჯერობით ჩვენ არა გვაქვს-რა! ეგ ერთი ადგილია, საცა ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს. ესეც საკმაოა, რომ კაცმა თავი გამოიდოს, თორემ თეატრს ხომ სხვაც ბევრი სიკეთე მოსდევს“. და კიდევ: „ჩვენი თეატრი, რაც უნდა იყოს, ჩვენის ეროვნების საჯარო ნიშანია. ეს ყველა ქართველს უნდა ახსოვდეს, თუ თავისი ქვეყნის ბედზე გულაცრუებული და გულ-აყრილი არ არის“.

***

კოტე ყიფიანი, თავის მხრივ, ილიას მიერ ნაგულისხმევ „ბევრ სხვა სიკეთეს“ ჩამოთვლის: „…თეატრი არის ხალხის სასწავლებელი უმაღლესი სკოლა, რომელიც ცხოველის სურათებით ელაპარაკება ადამიანის სულსა და გულსა. თეატრი, ამისთანა თვისებით ადამიანის გუნებაზედ უფრო ძლიერად ჰმოქმედებს, ვიდრე სხვა რამე საშუალება, ადამიანის ჭკუით გამოგონილი. უკეთესი შემაქცევარი, უკეთესი დროის გასართობელი, სულსა და გულის ამამაღლებლი, უკეთესი მსაჯული ადამიანის ნაკლოვანებისა, უკეთესი გამამხნევებელი ჩვენს ცხოვრებაში სხვა ისეთი არა არის რა – თეატრის მეტი!“

***     

 არ არის გასაკვირი, რომ სწორედ იმ დროიდან, რაც ქართული თეატრის აღორძინების პროცესში ილია და აკაკი ჩაერთვნენ, თეატრი კულტურის კერიდან, ნელინელ, საკულტო კერად გადაიქცა. ეს მხოლოდ სიტყვათთამაში არ არის; მართლაც ასე იყო და ამის ყველაზე მკაფიო ილუსტრაცია გახლდათ პრემიერა 1882 წლის 20 იანვარს დავით ერისთავის ისტორიული პიესისა – „სამშობლო“, რომელმაც ეროვნული მანიფესტაციის ხასიათი მიიღო. „სამშობლო“ ორიგინალური პიესა არ იყო:

დავით ერისთავმა გადმოაქართულა ფრანგი დრამატურგის – ვიქტორიენ სარდუს დრამა „ფლანდრია“; ამასთანავე პიესას ეროვნული კოლორიტი შესძინა და მაყურებელს წინაპართაგან სამშობლოსათვის თავდადების მაგალითად დაუსახა.

***  

„XIX ს. 80-იან წლებში თეატრის არსებობამ ისტორიულ-პატრიოტული ნაწარმოებების შემდგომი ზრდა განაპირობა. დაიდგა: აკაკი წერეთლის „პატარა კახი“, ალექსანდრე ყაზბეგის „ქეთევან წამებული“, ანტონ ფურცელაძის „დიდი მოურავი“. კოტე მესხის „რუსთაველი“ და „თამარ ბატონიშვილი“. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად დავით ერისთავის „სამშობლოს“; სცენიდან პირველად გაისმა სამშობლოსთვის თავგანწირვის მოწოდება! მაყურებელმა დაინახა გმირი და რწმენა ესახებოდა სვიმონ ლიონიძის ამ სიტყვებზე: „ქართველები ეგრე მალე არ ამოიწყვიტებიან!.. ქართველები აგრე ადვილად როდი დასთმობენ თავის სამშობლოს!.. ბევრი ამისთანა შავი დღე უნახავს საქართველოს, მაგრამ ისევ და ისე ფეხზე დამდგარა, ისევ გამობრუნებულა, ისევ ისე ამაღლებულა!..~ ამიტომაც, შეთქმულთა მიერ ბრძოლის წინ აღსრულებული ლოცვის ხილვისას, ი. მეუნარგიას გადმოცემით, „საზოგადოება ფეხზე წამოდგა და ისე მოისმინა ეს ლოცვა“ (გუბაზ მეგრელიძე).

***     

მაყურებელთა პატრიოტული ზეატაცება და განსაკუთრებით კი – სცენაზე ეროვნული დროშის ფრიალი ადგილობრივ ხელისუფლებას რომ არ მოეწონებოდა, ცხადზე ცხადია; აკრძალეს კიდეც სპექტაკლი. მაგრამ შეშფოთდა „ცენტრიც“,  განებივრებული „პოლიტიკურ რომანტიზმთან“ კარგა ხნის წინ გამოთხოვებული ქართველობის ლოიალობით. ინიციატივა „გამაფრთხილებელი სიგნალისა“ იმჟამინდელი რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ პუბლიცისტს, გაზეთ „მოსკოვსკიე ვედომოსტის“ რედაქტორს – მიხეილ კატკოვს ეკუთვნოდა. ისიც გავიხსენოთ, რომ კატკოვი ამასთანავე რუსეთის საიმპერატორო კართან დაახლოებული პირი იყო და „საიდუმლო მრჩევლის“ ტიტულს ატარებდა.

 „…ვედომოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ყველაზე უფრო შეურაცხმყოფელი იყო ფრაზა, რომ „აჯობებს, გაჭირვებულმა ქართველებმა ის თავისი ეროვნული დროშები სცენიდან მოაშორონ და გოდფრუას ცირკს მიჰყიდონო“.

რა რეაქცია იქნებოდა ამ „სილის გაწვნაზე“ საქართველოში, ადვილი წარმოსადგენია. გასცეს კიდეც საკადრისი პასუხი კატკოვის პასკვილს ილია ჭავჭავაძემ („კატკოვის პასუხად“) და აკაკი წერეთელმა („ვერ ხედავთ?“). 

***

მოჩხუბარიძე,  ამასობაში, გზადაგზა იგერიებს ოპონენტებს, ფანატიკური გატაცებით განაგრძობს  წერას და სცენაზე თამაშს. აქ, სცენაზე, იგი უკვე „ა. მოხევის“ ფსევდონიმითაა ცნობილი და ისედაც მგრძნობიარე ნატურა, ავადმყოფურად განიცდის, როდესაც თეატრალური რეცენზენტები ყოვლად უდიერად იხსენიებენ მის გვარს; ყოველი მსახიობისათვის ესოდენ ნანატრ აპლოდისმენტებსა და საქებარ სიტყვებს კი პრესაში, როგორც წესი,  მხოლოდ მოცეკვავის ამპლუაში იმსახურებს –

„გუშინ ხომ არ დაწყებულა! შორიდან მოდის! ეს არის ხალხი, რომელსაც პირად მტრად მივაჩნივარ, რადგანაც მათ ყბედობას ყბედობითვე არ შევპასუხებივარ, თავი არ გამიყადრებია, ისინი ვერ შეურიგდებიან ამას, მაგრამ საზოგადოება  დაინახავს ჩემს  სინდისიერს  წადილს  სამსახურისას  და  თანაც  იგრძნობს, დაუფასებელის და გენიოსის ნიჭის ნაწარმოებებს ვერ ვაძლევ, მიხვდება, რომ ვაძლევ ყველაფერს, რაც მაქვს, და რისი მიცემის საშუალება და მდგომარეობა გამაჩნია, დამაცადეთ, მე მხოლოდ ვიწყებ. ხალხი გონიერია და დღეს თუ ხვალ, უეჭველად დაინახავს კეთილსინდისიერ შრომას, უფრო მეტად, ვიდრე დღევანდელი კრიტიკოსები, რომელთა მოქმედება ტალახის, ლაფის, ღვარძლის, შურისა და სრულის უმეცრებისაგან შედგენილა. პირველის მოქმედების შემდეგ მე ხალხი მიწვევდა და მიკრავდა ტაშს, დარბაზი აღტაცებულის ძახილით მეგებებოდა, ქვეყნის გულშემატკივარნი იქ იმყოფებოდნენ!“.

***

თუ გვინდა, ბოლომდე გავერკვეთ, სინამდვილეში რა ხდებოდა ყაზბეგის გარშემო, „ქართული სცენის ტრფიალთ“ მოვუსმინოთ:

მაკო საფაროვ-აბაშიძისა: (ყაზბეგს) „განსაკუთრებით უყვარდა სცენა, მაგრამ, როგორც მსახიობი, ძალიან სუსტი იყო სანდრო. ხანდახან ვეტყოდი ხოლმე: სანდრო, მე რომ შენს ადგილას ვიყო, სცენას დავანებებდი თავს და წერას მივყოფდი ხელსა-მეთქი. ეს იყო მისი მკვლელი აზრი: ძალიან სწყინდა, არტისტობას რომ ვუწუნებდი“.

იოსებ გრიშაშვილი:  „ყაზბეგს არავითარი ამპლუა არ გააჩნდა: იგი თამაშობდა ახალგაზრდას და ხნიერსაც, გმირსა და ფუქსავატსაც, ფრანტსა და გლეხს. მას უთამაშნია სამოცდაათი როლი ერთმანეთის საწინააღმდეგო, სხვადასხვა ტიპისა და ხასიათისა… მას უმღერია ვასო აბაშიძესთან ერთად ლიკაშევიჩის პარტია ოპერეტაში („მეჯლისი იტალიელებით“), მაგრამ ყველგან შინაურულად, პერსონაჟების შინაგანი ბუნების გაუცნობლად, ნაჩქარევად, ერთი სიტყვით, ძველი რეცენზენტის ტერმინი რომ ვიხმარო, „ანსამბლს ხელს უწყობდა“ და, როგორც აქტიორს, თვალსაჩინო კვალი არ დაუტოვებია ქართული თეატრის ისტორიაში. მართლაც, ყაზბეგი თუ მკრთალი იყო, როგორც მსახიობი, სამაგიეროდ, განსაცვიფრებელი ყოფილა როგორც მოცეკვავე. ძველად ქართული წარმოდგენა ცეკვით უნდა დამთავრებულიყო: ლეკური, ჩაჩნური, აფხაზური… აი, ამ ცეკვების პირველი ორგანიზატორი და შემსრულებელი იყო ჩვენი დიდი ბელეტრისტი. სამი რამ იყო განსაცვიფრებელი ალექსანდრე ყაზბეგში: ლოველას გენერალ ჯამბარაშვილის როლის შესრულება პიესა „ეხლანდელ სიყვარულში“, ჩაჩნური ცეკვა და დიდი ბელეტრისტის ნიჭი. თითქოს ეს სამი რამ საკმაო უნდა ყოფილიყო ქართველი საზოგადოებისათვის, რათა პატივისცემით მოქცეოდნენ ამ პროზის ფენომენს და აბუჩად არ აეგდოთ მისი სცენისადმი მისწრაფება“.

 თეატრის მაგნეტიზმი – ესაა ერთადერთი ახსნა ალექსანდრე ყაზბეგის სცენისადმი დაუოკებელი ლტოლვისა. „თეატრის მაგნეტიზმი“ იმდენად სპეციფიკური ფენომენია, რომ აშკარად იმსახურებს საგანგებოდ მივუბრუნდეთ: „თეატრი! ვერავითარი მონათხრობი, ან, გნებავთ, მოჰემისა თუ ბულგაკოვის რომანები ბოლომდე ვერ აგიხსნიან, მაინც რა ხდება აქ?! შენი თვალით უნდა ნახო. ის, რაც  მე ვნახე, მართლაცდა კიდევ ერთი რომანის თემა იყო და ნამდვილად ვნანობ, პროზაიკოსი რომ  არა ვარ“. ამ, ჩემსავე ადრინდელ ტექსტს, აქ ისიც უნდა დავუმატო, რომ, როგორც ჩანს, ყაზბეგის დროინდელი ეპოქიდან გასული საუკუნე-ნახევრის განმავლობაში ქვეყანაზე ყველაფერი შეიცვალა – გარდა თეატრისა. ამას ლამაზი ფრაზისათვის არ ვწერ – მართლა ასე ვფიქრობ, ისევ და ისევ ყაზბეგის თანამედროვე თეატრალების აქ ციტირებული მოგონებებიდან გამომდინარე.

 ყაზბეგის ფენომენი ვახტანგ კოტეტიშვილის თვალით: „ასე იცხოვრა და შემოქმედების ცეცხლით დაიფერფლა ადამიანი, რომელსაც სულ რომ არაფერო დაეწერა, მხოლოდ ბიოგრაფია შეინახავდა მკაცრი ისტორიის ხსოვნაში. ხოლო რაც დაწერა, ეს იყო და არის ქართული გზნების, ფანტასტიკის და ტკივილების დაუშრეტელი აუზი, ეროვნული რომანტიკა, გმირობის აპოლოგია, და ადამიანურის, ნამდვილ ადამიანურის დაკარგვის გამო აგოდებული სული. ეს არის მოცემული იმ საზღვრებ გადალახულ შემოქმედებით, რომელიც გვიტაცებს და გვაოცებს კიდეც“.

ასე, სულ რამდენიმე სიტყვითა და განსაცვიფრებელი სიზუსტით ჩამოაყალიბა ვახტანგ კოტეტიშვილმა, რომელიც „გრაალის მცველის“ თავდადებით იცავდა დიდი მწერლის ღირსებასა და მის დანატოვარს, „ყაზბეგის ფენომენი“.

 ისე,  მგონია, „ტკივილების დაუშრეტელი აუზის“ ხსენებისას, ალექსანდრე ყაზბეგის თაყვანისმცემელნი უსათუოდ გაიხსენებენ კოლეგათაგან გარიყული, სიმარტოვის უდაბნოში გზადაკარგული „მოხევის“ ცრემლებს…

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…