(ბიოგრაფიული ნატეხებიდან ზურაბ კიკნაძეზე, „რომელმან სიღრმე იხილა“)
– დაიშალეთ, ამხანაგო, დაიშალეთ!..
მხატვრულ-დოკუმენტური ნაწილის – „პრო დომო სუა“ – ერთ-ერთ ქვესათაურად შეარჩევდა ამ მოწოდებას, რომელსაც შესაძლოა, მართლაც სხვაგვარად გამოთქვამდა რეჟიმის ერთგული ებგური, საღამოს ქუჩების, ალბათ, თავგაბეზრებული დარაჯი, მაგრამ მსმენელი ამგვარად აღიქვამდა და მოისმენდა კიდეც ამ კლასიკურ – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით – ფრაზას…
ის დრამა, საიდანაც მოდიოდა ეს რემინისცენცია, ბევრისათვის სიმბოლურ ხატად ქცეულიყო იმისა, რაც ქვეყანაში მომხდარიყო და კვლავ და კვლავაც ხდებოდა, თუმც შედარებით მისუსტებულად… და კუდებიც არა წყდებოდა, არ იმალებოდა…
ენაკვიმატად როგორ შეიძლებოდა ეპასუხა ამ მოწოდებისათვის და ჰამლეტურად:
– რად არ მეშლება ეს სხეული, ეგრეთ მაგარი…
და კიდეც შეეპასუხებოდნენ ამგვარად, რაკიღა ის „დაიშალეთ“ არ ეხებოდა მარტოოდენ ჯგუფს ადამიანებისა, არამედ… თითოეულ ინდივიდსაც, რათა… დაშლილიყო…
კი მაგრამ… როგორ?
თუმც ებგური ამდენს აღარც ფიქრობდა და ვეღარც ფიქრობდა.
დაიშალეთ, ამხანაგო, დაიშალეთ!..
და ეს მაშინაც:
მარტოკაციც რომ მდგარიყო თავისთვის.
ზურაბ კიკნაძეს ისეთი განცდა დაეუფლებოდა დროის გადასახედიდან:
მამათა აჩრდილები დადიოდნენ იმ ხანის ქუჩებში და შურისგებას ელოდნენო.
ნეტა, რის იმედად?
მომრავლებით კი მომრავლებულიყვნენ:
ტელემაქენიც, ორესტენიც, ჰამლეტნიც.
სულიერად ადევნებულნი იმ აჩრდილებს:
ოდისევსებისაც, აგამემნონებისაც, მამა-ჰამლეტებისაც…
შურისგების მოლოდინის ნიშნად ესეც გადაიელვებდა ხოლმე:
კაცი ვინმე, ვერისუბნის ზემოდან დაღმართ ქუჩებზე ჩამომავალი, გამაყრუებელი ძახილით რომ ფარავდა თავის შიშსა და ძრწოლას.
რას ამბობდნენ და:
ჩადენილის გამოო, ცოდვამ უწიაო…
მისი გამყინავი ხმისა არამცთუ მოსმენა შეეძლებოდათ, არამედ… ხილვაც კი – ყინულის კრისტალებით მოკირწყლულ ჰაერში…
დაიშალეთ, ამხანაგო, დაიშალეთ!
ბევრს ეთქვა ზურაბ კიკნაძის თაობიდან, დაეწერა კიდეც:
ჩვენ ქუჩაში ვიზრდებოდითო.
ზურაბი ამ სიტყვებში სიმართლეს ხედავდა, მაგრამ… სანახევროდ.
ადამიანი შინაც და გარეთაც რომ იზრდება, ქალაქში სახლებია, სახლების შიგანი – ფართო და ვიწრო ქუჩები, მაგრამ ეს ხომ ქალაქი არ არის.
ქალაქს ქმნის ქუჩა და ქუჩაბანდები, შესახვევ-ჩასახვევები, ჩიხები, ბაღები, ხმაურიანი ტრანსპორტი, საყვირის ხმები, თუნდ ხრიგინა ტრამვაი, ნოსტალგიას რომ იწვევდა მისი თაობის ადამიანებში, ამვლელ-ჩამვლელები, მოსეირნენი და საქმიანად მიმავალნი, მოჩქარენი, გზაჯვარედინებზე არხეინად მდგომნი რაღაცის მოლოდინში.
ბინა, ოჯახი ტრადიციისათვის უნდა გაეიგივებინა.
ქუჩა – მარადმედინი მდინარისათვის.
ბინა გახლდათ რაღაც.
ქუჩა კი – ამ რაღაცის სხვა.
გრიგოლ რობაქიძის „სხვაი ჩემის“ ანალოგიით უნდა მოეძებნა ის საერთო ბინასა და ქუჩას შორის, რისი წყალობითაც მათ კიდეც უნდა შეევსოთ და კიდეც უნდა ეგულისხმათ ერთმანეთი.
მათ შორის გარდამავალი რა უნდა ყოფილიყო და:
ტფილისის ტიპური ეზო, „იტალიურს“ რომ დაარქმევდნენ.
აღარ ჩაუღრმავდებოდა სანტიმენტალურ-ნოსტალგიურ ფეისბუქურ ეპიგრაფს: თბილისი ურთიერთობააო, – და ამჯობინებდა დასთანხმებოდა თავის მეგობარს შოთა ჩანტლაძეს, რომელსაც ჯერ კიდევ 50-ანი წლების დასასრულს უნდა დაეწერა:
ქალაქი ჩემთვის წიგნია – სქელტანიანიო.
როგორ მოიხსენიებდა ამ პიროვნებას და:
ქალაქის ქუჩების დაუღალავ ვაგაბუნდად და ბაღებისა და სკვერების მოყვასად.
იმის ნაღვლიან გუნებას კი როგორ უნდა მიეჩნია თბილისად განსხეულებული ეს სქელტანიანი წიგნი, თუ არა:
ეპოქალურად, თუმც საკითხავად – მოსაწყენად.
მაგრამ როგორც ჭეშმარიტ ურბანისტს შეჰფეროდა:
დილიდან საღამომდე უნდა ეკითხა და ეკითხა.
შერიგებულიყო და მარჯვედაც მორგებოდა ქალაქს, მაგრამ ხსოვნას უნდა შეენახა მშობლიური აკეთისა და ბჟოლიეთის სანახები, სადაც უნდა გაზრდილიყო თბილისში გადმოსახლებამდე.
ჯერ კიდევ უნდა მდგარიყო ვერისა და ვაკის გასაყარზე კედლებჩამოტყავებული სახლი წარწერიან დაფითურთ:
– აქ ცხოვრობდა პოეტი შოთა ჩანტლაძე.
და თუ როდემდე იდგებოდა, ეს ეცოდინებოდა მხოლოდ დეველოპერს, რომლის ოცნებაშიც მის ადგილას უკვე ცათამბჯენი აღმართულიყო.
– მე ღმერთმა მომისაჯა ამ წიგნის ყოველდღე კითხვა, – ამას რომ წერდა შოთა ჩანტლაძე, სიკვდილამდე კიდეც კეთილსინდისიერად უნდა მოეხადა ეს სასჯელი.
და თუ მისჯილი ექნებოდა ქალაქის კითხვა, ზურაბ კიკნაძის ვარაუდით:
აწ უკვე ახალი დროის ფერშეცვლილ, გაკეთებულ ქალაქსაც წაიკითხავდა და… უთუოდ უნდა მონატრებოდა თავისი ბავშვობის, სიყრმისა და სიჭაბუკის ქალაქის განუყრელი არსება – „მოარული ქუჩა“, როგორც შეერქმია მისთვის, რომლისთვისაც მას – ზურაბის თვალში: ჩვენი დროის ემილ ვერჰარენს – სიყვარულით, გულისტკივილითა სინანულით მიეძღვნა „რეკვიემი“:
ეძღვნება სახელურიან ტრამვაისო, –
რომლის ერთ მონაკვეთსაც მისი უმცროსი მეგობარი სულისშემძვრელ სტრიქონებად მოიხსენიებდა:
და გარბოდა ტრამვაი, გატანჯული გარბოდა და დაიგმენდა შესახვევში – და მოუნდებოდა დაღლილს, გადმოსულიყო ლიანდაგებიდან და წამოწოლილიყო კამეჩივით, მაგრამ ვალად ედებოდა, მდგარიყო ფეხზე გათენებამდე და ეთვლიმა ასე. და კიდეც იდგებოდა ფეხზე გათენებამდე, ჩათვლემდა და დაესიზმრებოდა ის დღე, როდესაც პირველად შეაყენებდნენ ლიანდაგებზე – ძლიერი, სველი და ფერადი ფარდებით.
ის დღე, როდესაც შენ პირველად გიხილა ქალაქმა
ლიანდაგებზე ამაყად მქროლი,
რომელიც ყურადღებას არ აქცევდა ვრცელ აღტაცებას
და ქედმაღალი იყურებოდა მაღლა და პირდაპირ,
შენ გეზმანება დიდი ქალაქი,
ბევრი ხალხი და დიდი მოძრაობა.
ეს „მოარული ქუჩა“, ეს „გიგანტური ხრტილოვანი ცხოველი“ ტრაგიკული არსება გახლდათ, რადგანაც მისდაუნებურად, მაგრამ მისი ბორბლების მსხვერპლნი უნდა გამხდარიყვნენ ადამიანები და ამას უნდა გაეწვალებინა სიზმრებშიც და ცხადშიც. და ედარდა თავისი უნებლიე დანაშაული.
და როგორ სწვდებოდა შოთა ჩანტლაძე ტრამვაის ყველაზე მძაფრ, გაუნელებელ დარდსა და კიდევ ათასგვარ განცდებს და:
გინდა, გინდა, ძალიან გინდა ლიანდაგებიდან ამოსხლტე უცებ, შეასკდე ბოძს და თვითმკვლელობით დაამთავრო სიცოცხლე შენიო.
სასტიკი კი გახლდათ რკინის ეს ხრტილოვანი ცხოველი, მაგრამ:
ქალაქისათვის ქუჩასავით აუცილებელი ატრიბუტი, რომელსაც ჩვენი ურბანისტი ვერ უნდა შელეოდა, თუმც მისი გადადგომა უნდა ეწინასწარმეტყველა:
ნუ დარდობ, ძმობილო, შენ მალე გადმოგაბრძანებ ლიანდაგებიდანო…
და სიცოცხლე რომ დასცლოდა შოთა ჩანტლაძეს, თუ არადა თავისი მეტაფიზიკური არსებობიდან გადმომზირალს უთუოდ უნდა მოესაკლისა სახელურიანი ტრამვაი, მისი ხრჭიალიც კი მონატრებოდა და… მისი სახლის ადგილას აღმართული მრავალსართულიანი ცათამბჯენის უმაღლეს სართულზე ვრცელი აპარტამენტებისათვის ისევ და ისევ თავისი ერთი ბეწო ოთახი ემჯობინებინა.
მიიკარგებოდა შოთა ჩანტლაძის სახება და ამოიზიდებოდა სარგის კაკაბაძისა, იმხანად შერისხული ისტორიკოსისა – იმ უპერსპექტივობის ხანაში, ამ სიტყვათშეთანხმების ხსენება ძალაუნებურად რომ მიადევნებინებდა:
ანკი როდის ყოფილა ჩვენი დღე და მოსწრება პერსპექტიულიო?..
შერისხულ ისტორიკოსს კი ახლო ვერადან ზემელისაკენ გზაზე უნდა აეხსნა ზურაბისათვის ისტორიული ხედის ცნება თუ კატეგორია, რომელიც ამ ხანაში დავიწყებულიყო, თუკი ოდესმე ჰქონოდა ვინმეს ამის შეგნება.
იმხანად მეტეხის პლატოზე, ტაძრის გვერდით, ვახტანგ გორგასლის ძეგლის დასადგმელად რომ ამზადებდნენ ადგილს და იერს უცვლიდნენ იქაურობას, სწორედ ამასთან დაკავშირებით უნდა ეთქვა მისთვის ისტორიკოსს:
თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ისტორიულ ხედსა და მის შენარჩუნებას თაობიდან თაობამდე.
რას ირწმუნებოდა და:
თაობების მზერაში ერთი და იგივე ხედი უნდა ჩანდესო;
ხედი არ უნდა იცვლებოდეს ყველა თაობაშიო;
ტრადიციული, ხანგრძლივ-უცვლელი ხედი აერთიანებს განცალკევებულ, ერთმანეთთან დაუკავშირებელ ხდომილებებს, რომლებიც არა სადღაც აბსტრაქტულ სივრცეში, არამედ ყოველთვის კონკრეტულ ადგილას ხდებაო.
და ზურაბ კიკნაძეს დროის გადასახედიდან სხვა რა შეიძლებოდა ეთქვა, თუ არა:
შეუძლებელია მაშინ, იმ ასაკში ამ აზრს არ აღვეფრთოვანებინეო.
ესეც ისტორია:
ხდომილებათა დროისა და ადგილთა ერთიანობა, უამისოდ ყველაფერი დაკარგული რომ არის.
რასაც წლების შემდგომ ქრონოტოპის – დროისა და სივრცის ერთიანობის – ცნების სახელით შეიტყობდა, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო, ეს განცდა, სარგის კაკაბაძის მიერ შთაგონებულ-ჩანერგილი.
ამ განცდით შენარჩუნებულიყო, რამდენადაც შესაძლებელი გახლდათ, ქალაქთა შორის უქალაქესში – შტეფან ცვაიგს როგორც ეწოდებინა პარიზისათვის – ისტორიული ხედი.
გასაგები იყო, რაც აღაშფოთებდა თბილისის მკვიდრს, როდესაც მთის ნგრევისა თუ ქალაქის ძველუბანში „დეველოპური“ მშენებლობის მოწმე ხდებოდა.
ყოველ თაობას თავისი ხედი რომ ექნებოდა, ცხადია მტკივნეულად უნდა განეცადა მისი ნგრევა, გაუჩინარება.
ინდუსტრიული ეპოქა აჩქარებდა ამ პროცესს, ტოტალურსა და აუცდენელს ხდიდა.
დაე, ისიც გვცოდნოდა თუ გაგვეთვალისწინებინა:
ხედი ინდივიდუალურიც რომ არის.
ხოლო სახელურიანი ტრამვაი ძვირფასი რომ გახლდათ პოეტისათვის და, ცხადია, არამარტო მისთვის, ამ თაობის ადამიანები გაუნელებელ ნოსტალგიას ამიტომაც განიცდიდნენ მისი გაუჩინარების გამო და თვით ისინიც, ზურაბ კიკნაძეს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომელთაც მისგან აუნაზღაურებელი ზიანი მისდგომოდათ.
თუ შორს წავიდოდით ხსოვნის სიღრმეში:
ეტლის ბორბლებისა და ცხენთა ფლოქვების ცემის რიტმული ხმაც მოგვესმოდა.
ზურაბის ღრმა ბავშვობაში, როდესაც ოლღას ქუჩის სამშობიაროდან მისი ახალშობილი ძმა დედასთან ერთად უნდა გამოეყვანა გიორგი კიკნაძეს, ეტლში მათთან ერთად ესეც უნდა მჯდარიყო.
და ეტლი იქნებოდა, ტრამვაი, ავტომობილი თუ ტროლეიბუსი:
ესენი მხოლოდ ტრანსპორტად არ უნდა მიგვეჩნია, მათ ნიმუშად ვიღებდით, როგორც პლასტებს ქალაქის ერთმანეთის მონაცვლე მიკროისტორიისა.
ადამიანის, როგორც ისტორიული არსების, მოთხოვნილებას, დაენახა ქვეყნის ადგილები წინა თაობის თვალით, რა გამოკვებავდა და:
ალექსანდრე როინაშვილისა და დიმიტრი ერმაკოვის ძვირფასი ფოტოსურათები.
თვალს ვერ ვაშორებდით იმ ფოტოებსაც, რომელთაც თითქოს ისტორიულ-შემეცნებითი ღირებულება არ გააჩნდათ, მაგრამ ინახავდნენ ერთი შეხედვით უმნიშვნელო შენობებს ან თუნდ უღიმღამო ლანდშაფტს, მშენებარე სახლების ტერიტორიას.
აჭარბებდა ვითომ?
მაგრამ რომელიმე შენობის აცვენილი აგური – გალაკტიონ ტაბიძისეული სიტყვათშეთანხმებისა არ იყოს – უფრო შთამბეჭდავი ეჩვენებოდა, ვიდრე წარსულის თუნდ მრთელად შემორჩენილი სასახლე.
თვალს ვერ მოაშორებდა ფოტოზე რომელიღაც აგურის შენობის მზით განათებულ კუთხეს თუნდ იმ უიმედო და შესაძლოა განწირული გრძნობითაც, რომ:
ვერც ვერასოდეს რომ ვერ მიაგნებდა მის ადგილსამყოფელს რეალურ სივრცეში.
მთელს მის შეგნებულ არსებობას კი თან სდევდა სურვილი:
იმავე თვალით შეეხედა თბილისისათვის, მისი შენობებისა და ქუჩებისათვის, როგორითაც გიორგი კიკნაძე ხედავდა მაშინდელ ტფილისსა და მის ლანდშაფტს:
იმ „ვაკეებს სემინარიისა“, სადაც უნდა ესწავლა და… ვასილ ბარნოვს მისი საკლასო ნაწერისათვის წაეწერა:
– მარჯვედ გიჭირავს კალამი.
სახლს არაგვის 13 ნომერში, სადაც მშობლებთან ერთად იცხოვრებდა.
მიხაილ ლორის-მელიქოვის – შემდგომ ლადო გუდიაშვილის ქუჩის – პირველ ნომერს, უკვე აღარარსებულ შენობას, სადაც ახალგაზრდა ფედერალისტებს „მებრძოლთა ხმის“ რედაქცია უნდა ჰქონოდათ.
და თუ უფრო შორსაც ჩააღწევდა დროის სიღრმეში:
ზარანს, სოფელს ხარაგაულის თავზე, სადაც ბავშვობას გაატარებდა გიორგი კიკნაძე ოთხ ძმასთან ერთად.
ზურაბი კი მხოლოდ ოთხჯერ ესტუმრებოდა იქაურობას, არაფერი რომ არ შეცვლილიყო – იგივე ეზო, იგივე ბორცვი ეზოს ზემოთ, სადაც ეკლესიის ნანგრევები დარჩენილიყო, წყარო და სხვა სანახები, ოღონდ… სახლი აღარ იდგებოდა, გაიყიდებოდა, დაიშლებოდა და სხვა სოფელში აიწყობოდა, იქიდანაც სხვაგან უნდა გადანაცვლებულიყო და საბოლოოდ დაკარგულიყო კიდეც მისი კვალი.
და ბოლოს დარჩენილიყო მამის თვალით დანახული ბინა, საიდანაც უკანასკნელად გავიდოდა, მრავალი წელი დარჩებოდა ასე უცვლელად და თუ რამ შეიცვლებოდა, ვიზიონერული მზერა აღადგენდა.
და უკანასკნელად იმ კედელს, სადაც 1938 წლის 18 მარტს უნდა მიეყენებინათ.
და მის უკანასკნელ გაფიქრებას:
ამას კი ვერავითარი ვიზიონერობა ვერ განჭვრეტდა, მაგრამ უნდა დარჩენილიყო ზურაბის განუშორებელი ფიქრისა და წარმოსახვის საგნად.
დაიშალეთ, ამხანაგო, დაიშალეთ!..
ეს განუშორებელი ფიქრიც და წარმოსახვაც უნდა დაშლილიყო რეჟიმის ერთგული ებგურის მოთხოვნით, რაკიღა მამების მოლოდინსა თუ აჩრდილებს ასდევდნენ ახალი დროის ტელემაქეებიც, ორესტეებიც, ჰამლეტებიც, ფიქრში შურისგებაც რომ იკვანძებოდა და… გაფაციცებით ამიტომაც აკვირდებოდნენ რეჟიმის მსახურნი მათ მიმოსვლასაც, ერთად თავშეყრასაც და მარტოდმარტო გარინდებასაც…
გაკვანძვით კი იკვანძებოდა შურისგება, მაგრამ… ღირდა კი ამ განცდითა და სწრაფვით ცხოვრება?
ვისთვის – ცხოვრების მიზნადაც გადაიქცეოდა.
ვისთვის კი…
აგერ ეს ჩანაწერი, „ჰამლეტის ტრაგედიად“ სახელდებული, გარეგნულად ლიტერატურულ-ფილოსოფიური განსჯის ნიმუში, ინტენსიური ფიქრისა და დაკვირვების უაღრესად დაწურული ნაყოფი, თუმც რაკიღა მოგვეხსენება გარეგნული და სულიერი ბიოგრაფია მისი ავტორისა, ადვილად ვხვდებით, რარიგად უნდა გამოტანჯულიყო ეს ნაყოფი გულსა და გონებაში.
ჰამლეტ-შვილის აწმყოში უნდა გამოჩენილიყო ჰამლეტ-მამა, მისი აჩრდილი.
და… რას ნიშნავდა ჰამლეტ-შვილისათვის ჰამლეტ-მამის აჩრდილის გამოცხადება?
უილიამ შექსპირის ტრაგედიის ფურცლებზე თუ რასაც ნიშნავდა, პირდაპირაც ეწერებოდა, ასე რომ ამოსაცნობი და მისახვედრი არც არაფერი გაგვიხდებოდა, მაგრამ ზურაბ კიკნაძეს ეჭვი უნდა გასჩენოდა, როდესაც ამ მოვლენის განზოგადებას შეეცდებოდა ახალი დროჟამის ჭოგრიტით:
ნუთუ მხოლოდ იმას, თავისი სიკვდილის საიდუმლო რომ გამოუცხადოს და შური აძიებინოსო?
ამ ჭოგრიტში:
მამა-წარსული (მამის წარსული) იჭრებოდა შვილ-აწმყოში (შვილის აწმყოში).
მამის აჩრდილს – წარსულს – სურდა დაემყარებინა თავისი დიქტატი აწმყოში, შვილში, მაგრამ…
მაგრამ ის, რომ:
იმისი ყავლი გასულიყო.
ამ ყავლგასულობას რა გამოხატავდა და:
თვითონ აჩრდილი თავისი ეფემერული არსებობით.
თუ სადმე შეიძლებოდა თქმულიყო, ზურაბ კიკნაძის დაბეჯითებით, სწორედ აქ უნდა თქმულიყო:
მომავალი უნდა გათავისუფლდეს წარსულისაგანო.
ჰამლეტს ტვირთად აწვებოდა წარსული.
მას სურდა, გაეთავისუფლებინა თავისი მომავალი ამ წარსულისაგან, მაგრამ ვერ ახერხებდა:
მთელი ტრაგედიაც ესააო, –
ასე განგვიმარტავდა პერსონაჟის თავგადასავლისა და პიესის არსსაც.
და ამ თვალთახედვით:
ჰამლეტისათვის უცხოდ მიიჩნევდა შურისგებას:
ეს სულისკვეთება წარსულს ეკუთვნოდა, –
მაგრამ დრამის ისტორიას მისგან დაჟინებით უნდა მოეთხოვა, სხვისი წარსულით ეცხოვრა თავის აწმყოშიც და მომავალშიც.
და ძალაუნებურად უნდა წამოჰგონებოდა ვერგილიუსის პოემის – „ენეიდა“ – მთავარი გმირი:
ის ენეასი, ზურგზე მოკიდებული მამით რომ გარბოდა ილიონის ნანგრევებიდან ახალი სამშობლოს ასაშენებლად.
გახსოვთ გივი მარგველაშვილის მძაფრი დრამატიზმით განმსჭვალული ლექსი:
„ჰამლეტად ყოფნა თუ არყოფნა?“
დიადი წიგნის სახელგანთქმულ პერსონაჟს რომ ეხმო ლირიკული გმირი თავისი ძველი ტრაგედიის ძველ სიუჟეტში და მიენიშნებინა იქაურობის სიღრმეში მდგარი აჩრდილისაკენ:
იგი ამბობს, რომ მამაა შენი, გაესაუბრეო!..
შინაგან ჭიდილს ჰამლეტი რომ გაუმწვავებდა და წააქეზებდა შურის საძიებლად, ამას კი ენა რომ დაებმოდა და ფერიც გაუქრებოდა, უკვდავი პერსონაჟი მის გამხნევებას ამგვარად შეეცდებოდა:
ეგებ, ფიქრობ, საფუძველი არ არსებობს შურისძიების? ჩემს სიუჟეტში ჩნდებიან მხოლოდ სულები მოკლულ მამებისა, რომელთა გამოც მუდამ საჭიროა შურისგებაო!..
ლირიკულ გმირს კი რა აყოვნებდა და:
დრო დამდგარიყო ისეთი, ვეღარ შეძლებდი ჩვენს სამყაროში შურისძიებას.
თუმც… ყოფითი სამყარო თუ ხელს აგაღებინებდა სამაგიეროს მიზღვაზე მკვლელებისათვის, ხომ არსებობდა წიგნის სამყარო და, დაე, იქ გეძია შური, ლექსით იქნებოდა თუ ტრაგედიით…
დაე, ამასაც ჰამლეტისათვის მიებაძა და ნაწარმოებში აღესრულებინა შურისგება.
მაგრამ ლირიკულ გმირს ესეც რომ აფიქრებდა?
და საგონებელში უნდა ჩავარდნილიყო:
ვიყო ჰამლეტი თუ არ ვიყო, რა გზას დავადგეო?
ეს საგონებელი მოეწეოდა ზურაბ კიკნაძესაც, თორემ სხვაგვარად მთელი არსებით ხომ არ ჩაიძირებოდა იმ დროებაში, საიდანაც მარცვალ-მარცვალ უნდა გამოეკრიბა მამის პიროვნული თვისებანიც და ბიოგრაფიული რეალიებიც…
მაგრამ… თანდათან უნდა განეცადა მამის აჩრდილის ეფემერულობაც და შურისძიების მოთხოვნის ყავლგასულობაც, რაკიღა სხვისი წარსულით ვერ იცხოვრებდა თავის აწმყოსა და მომავალში.
ამ ტვირთს ვერ გაუძლებდა და… არც მიიჩნევდა აუცილებლობად, თორემ მხრებზე ხომ მაინც შეიგდებდა და მანამ ატარებდა, სანამ შეძლებდა.
ენეასს მამა უნდა მოეკიდებინა ზურგზე და ისე გაქცეულიყო ახალი სამშობლოს ასაშენებლად.
თვითონ ზურაბი მამის აჩრდილს თუ მოიკიდებდა და რატომაც არა, მაგრამ:
ყავლგასულობას რა ეშველებოდა!..
ამ განცდით, ამ განწყობით როგორ გინდოდა ძებნა იმ ახალი სამშობლოსი, რომელიც ეფემერულობის მეტს ვერც ვერას დაგპირდებოდა?!.
ვიყო ჰამლეტი თუ არ ვიყოო? – გულს შეაწყდებოდა გივი მარგველაშვილის ლირიკული გმირი.
ზურაბ კიკნაძეს უკვე გადაეტანა ეს შინაგანი ჭიდილი, როდესაც „ამარგი (ალუდას ნახტომი)“ იკვროდა წიგნად, სხვადასხვა დროის ჩანაწერები ერთიანდებოდა და ერთ კომპოზიციურ ხერხემალზე აესხმოდა.
ამიტომაც აღარ აისახებოდა ყოყმანი, შინაგანი ჭიდილი, სულიერი მიმოწყდომა მის ფურცლებზე.
არამედ:
გამოთხოვება შურისგების განცდასთან.
***
დაიშალეთ, ამხანაგო, დაიშალეთ! – თავისას მოითხოვდა და მკაცრადაც მოითხოვდა პოლიტიკური რეჟიმი.
და ვეღარ იგებდი:
რად არ გეშლებოდა ეს სხეული, ეგრეთ მაგარი, რად არ გადნებოდა და ცის ნამად რად არ იქცეოდა…
Rostom Chkheidze – The Father’s Shadow, Ephemeral(Biographical fragments on Zurab Kiknadze, He Who Beheld the Depth)
Rostom Chkheidze offers biographical fragments about the prominent Georgian scholar Zurab Kiknadze, who left a profound mark on the history of Georgian scholarship and culture. The text also discusses Kiknadze’s friendship with the well-known Georgian poet Shota Chantladze, presenting their portraits through the prism of the era.
The text also reflects the Tbilisi of the 1950s:
“A city is created by its streets and backstreets, its alleys and hidden turns, its courtyards, its noisy transport, the sound of horns, even the rattling tram that evoked nostalgia in people of his generation; by its passers-by, its strollers, its busy crowds, its hurried figures, those standing leisurely at crossroads, waiting for something.”
This is the city the author shows us—the Tbilisi of noisy traffic, narrow lanes, gardens, and the people who shaped—and still shape—its everyday life.









