ახლახან აზერბაიჯანის პროფესიული მუსიკალური ხელოვნებისა და ეროვნული ოპერის დამაარსებლის, გამოჩენილი კომპოზიტორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის – უზეირ ჰაჯიბეკოვის (1885-1948) 140 წლის იუბილე აღინიშნა. იგი არაერთ ქართველ ხელოვანთან მეგობრობდა და გამორჩეულად უყვარდა საქართველო. ამ სიყვარულს საფუძველი ჩაეყარა გორის ამიერკავკასიის პედაგოგიურ სემინარიაში, სადაც ჰაჯიბეკოვმა დაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო. მისი მეგობარი – დიმიტრი არაყიშვილი წერდა: „ძნელი წარმოსადგენია სხვა კომპოზიტორი, რომელიც ასე ღრმად შეიგრძნობდა თავისი ხალხის მუსიკას. მის შემოქმედებას უსმენ და აზერბაიჯანული ხალხური მუსიკის მთელ შემადგენლობას გრძნობ. სწორედ აზერბაიჯანული ხალხური მუსიკა იყო მისი შთაგონების წყარო“.
სწორედ ჰაჯიბეკოვის ინიციატივით გაიმართა ბაქოში დიმიტრი არაყიშვილის საღამო. შესრულდა ნაწყვეტები ოპერიდან – „შოთა რუსთველი“, სიმფონიური ნაწარმოებიდან – „ჯარის ჰიმნი“, სიმფონიური ცეკვები და არაერთი რომანსი. კომპოზიტორის თაოსნობით ჩატარდა, საქართველოდან მოწვეული არტისტების მონაწილეობით, ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ ლექციებიც ბაქოს კონსერვატორიაში.
ჰაჯიბეკოვი ქართველთაგან განსაკუთრებით მეგობრობდა დრამატურგთან და მწერალთან – ივანე (ვანო) გიგოშვილთან, რომელმაც პირველმა თარგმნა ქართულად კომპოზიტორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები – „არშინ მალ ალანი“.
ბატონი ივანე თავის მემუარებში არაერთხელ იგონებდა ჰაჯიბეკოვს. წერდა:
„1916 წელს აზერბაიჯანელი კომპოზიტორის – უზეირ ჰაჯიბეკოვის ოპერეტა – „არშინ მალ ალანის“ შესრულების დროს მსახიობი შ. გომელაური მომიახლოვდა და მითხრა: „ვანო, შენ კარგად იცი აზერბაიჯანული; მოდი, ველიმ და თელლიმ ქართულად ისაუბრონ. „არშინ მალ ალანი“ თარგმნე ქართულად“.
გიგოშვილმა თარგმანი სამ თვეში დაასრულა და ჟურნალის – „თეატრი და ცხოვრება“ რედაქტორს – ი. იმედაშვილს წარუდგინა. ბატონ იოსებს თარგმანი მოსწონებია და ნაწარმოების დადგმა ურჩევია. ამისთვის ავტორის თანხმობა იყო საჭირო და ი. გიგოშვილი ბაქოში გამგზავრებულა ბატონ უზეირთან.
მემუარებიდან ირკვევა, რომ ჰაჯიბეკოვს თარგმანი მოსწონებია, ხელი ჩამოურთმევია გიგოშვილისთვის და სიამოვნებით მიუცია თანხმობა. კომპოზიტორს ი. გიგოშვილისთვის სუვენირად საკუთარი ფოტოც გადაუცია.
თბილისში დაბრუნებისთანავე ი. გიგოშვილს ი. იმედაშვილისთვის კომპოზიტორის ფოტოსურათი და წერილობითი თანხმობა მიუტანია „არშინ მალ ალანის“ ქართული თარგმანის გამოქვეყნებაზე.
1916 წლის 28 აგვისტოს, ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ 35-ე ნომრის მე-9 გვერდზე, გამოქვეყნდა კიდეც კომპოზიტორის ფოტო და მოკლე ინფორმაცია ჰაჯიბეკოვის შესახებ.
ჟურნალის შემდგომი ნომრებიდან ირკვევა, რომ გიგოშვილმა აზერბაიჯანელი კომპოზიტორის კიდევ ერთი ნაწარმოები – „ეს თუ არა ის“ თარგმნა.
საქართველოს თეატრის, კინოსა და მუსიკის მუზეუმში, რომელიც ამჟამად ხელოვნების სასახლეა, ინახება უზეირ ჰაჯიბეკოვის მიერ გიგოშვილისთვის გამოგზავნილი საფოსტო ბარათიც, რომელიც 1930 წლით თარიღდება; წერილი რუსულად არის დაწერილი.
ტექსტიდან ირკვევა, რომ კომპოზიტორმა საფოსტო ბარათი გიგოშვილის წერილის საპასუხოდ გამოგზავნა და გადაუხდელ ჰონორარებს უკავშირდება:
„ძვირფასო ამხანაგო გიგოშვილო, მივიღე თქვენი წერილი. გმადლობთ დეტალური ინფორმაციისა და ჰონორარის ოდენობისთვის. თქვენი წერილი ჩემი ზეპირი განმარტებით აზდრამკომს წარვუდგინე. იქ მითხრეს, რომ თუ საქდრამკომი არ მიიღებს ზომებს, მაშინ ეს თანხა ბაქოში საქდრამკომის შემდეგი ჰონორარიდან ჩამომეჭრება. მალე შვებულებაში წავალ და 10 სექტემბერს ბაქოში დავბრუნდები.
პატივისცემით, ჰაჯიბეკოვი“.
ხელოვნების სასახლის არქივში ინახება ი. გიგოშვილის მემუარებიც დიდი აზერბაიჯანელი კომპოზიტორის შესახებ. ქართველ დრამატურგს 1958 წელს 12 გვერდიან რვეულში ჩაუწერია:
„უზეირ ჰაჯიბეკოვი აზერბაიჯანელი ხალხის ღირსეული შვილია. ის ბაქოში 1948 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა. ამ მემუარების დაწერა მისი გარდაცვალებიდან მეათე წლისთავს ემთხვევა.“
აქვე აღნიშნავს გიგოშვილი, რომ „ჰაჯიბეკოვი აღჯაბადიში დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. მან ბავშვობა შუშაში გაატარა. შუშა გამორჩეული მუსიკოსებისა და შემსრულებლების სამშობლოდ ითვლება. მამამისის სამსახურეობრივი მოვალეობით უზეირის ოჯახი საქართველოში გადავიდა საცხოვრებლად. პატარა უზეირი გორში დასახლდა და სამასწავლებლო სემინარიაში ჩაირიცხა. ქართველი ხალხისთვის პატივია, რომ ამ გამორჩეულმა პიროვნებამ, რომელიც მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის სიამაყეა, პირველი განათლება საქართველოში მიიღო. ის ნამდვილი ხალხური კომპოზიტორი იყო.“
გიგოშვილმა თავის ჩანაწერებში ოპერა „ლეილი და მეჯნუნიც“ გაიხსენა:
„მან შეისწავლა რუსული კლასიკური მუსიკა, დასავლეთ ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები და ამით გააუმჯობესა საკომპოზიტორო უნარები. მან დაწერა პირველი აზერბაიჯანული ოპერა „ლეილა და მეჯნუნი“. ნაწარმოები ბაქოში 1908 წელს დაიდგა. ის იყო აზერბაიჯანელი ხალხის სიამაყე, ისევე როგორც ჩვენთვისაა ზაქარია ფალიაშვილი.
უნდა აღინიშნოს, რომ ჰაჯიბეკოვმა თითქმის ყველა მუსიკალურ ჟანრში ნაწარმოებები ერთი და იმავე ოსტატობით დაწერა, რაც მისი დიდი ნიჭის ნათელი დასტურია“.
გიგოშვილმა ჩანაწერებში ისიც მოიგონა, რომ მან ჰაჯიბეკოვის ორი ნაწარმოები თარგმნა ქართულად:
„არშინ მალ ალანი“ დაიწერა 1913 წელს. ეს ნაწარმოები გამოირჩევა მდიდარი მელოდიურობით და ამიტომ დიდი ხანია გასცდა აზერბაიჯანის საზღვრებს.
მინდა აღვნიშნო, რომ ნაწარმოებების „ეს თუ არა ის“ და „არშინ მალ ალანის“ ქართული თარგმანი პირადად მე მეკუთვნის და, რა თქმა უნდა, კომპოზიტორის სხვა შესანიშნავ ნაწარმოებებთან ერთად, ისინი ყოველთვის ჩემი საყვარელი მუსიკალური ნაწარმოებები იყო. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ნაწარმოებების ლიბრეტოების ავტორიც ჰაჯიბეკოვი იყო“.
გიგოშვილმა აზერბაიჯანელი კომპოზიტორის პუბლიცისტური საქმიანობაც მოიგონა:
„როგორც საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი, ჰაჯიბეკოვი ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერ უსამართლობასა და ჩაგვრას ხალხში. ის უსურვებდა ხალხს თავისუფლებას, სიყვარულსა და ნათელ მომავალს. ეს ნათლად აისახა მის შემოქმედებაში. ის მთელი ძალითა და ენერგიით ემსახურებოდა მშობლიურ ხალხსა და სამშობლოს.
მისი დამსახურება სამშობლოსა და ხალხის წინაშე იმდენად დიდია, რომ მისი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ყველას გულში, ვინც ოდნავ მაინც იცნობს მის შემოქმედებასა და მაღალ მუსიკალურ ნიჭს“.
გიგოშვილი არ ცდებოდა შეფასებებში, ცხადია!
უზეირ ჰაჯიბეკოვის სახელს აზერბაიჯანში უკავშირდება პირველი საოპერო დასი და თეატრი, სახელმწიფო კაპელა, ეროვნული ინსტრუმენტების ორკესტრი თუ მუსიკალური სკოლა.
კომპოზიტორს სიცოცხლის ბოლომდე უყვარდა საქართველო; განსაკუთრებით კი – გორი; სამოგზაუროდ წასული მეუღლისადმი – მალეიკასადმიც (წიგნში „უზეირი და მალეიკა. წერილებით დაწერილი რომანი“) მიუწერია, „როცა გორს გაივლი, ქედი მოუხარე ამ ქალაქს ჩემ ნაცვლად!“.
ასეთი ქედისმოხრა მხოლოდ დიდ სიყვარულს შეუძლია; ისეთს, როგორიც უზეირ ჰაჯიბეკოვს – დიდ აზერბაიჯანელ კომპოზიტორს შეეძლო!
თარგმანი: გულნარა საფაროვა
Jamila Babaeva – “Bow Your Head to This City!”
The article is dedicated to the memory of Uzeyir Hajibeyov (1885–1948), the founder of Azerbaijan’s professional musical art and national opera, an outstanding composer, pedagogue, and public figure, whose 140th anniversary was recently celebrated. He was friends with many Georgian artists and had a special love for Georgia. This affection began during his studies at the Transcaucasian Pedagogical Seminary in Gori, where he received his primary musical education.









