„ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“…
გალაკტიონი
III ნაწილი
გაბნეული ფრაგმენტები
სიბორეა „სვანური პეიზაჟიდან“
2023 წლის 24 სექტემბერს განუმეორებელმა რობიკო სტურუამაც მომილოცა დაბადების დღე –
„ძვირფასო რეზო!
გილოცავ! მთელ შენს არაჩვეულებრივ ოჯახს ბედნიერებასა და სიხარულს ვუსურვებ!
შენ კი გისურვებ, რომ შენი პიესებით „გაიჭედოს“ ქართული თეატრი!
მრავალჟამიერ!“
***
ჰო, არ ვიცი, რა მოხდა იმ დღეს –
2022 წლის 31 დეკემბერს მისაღებ ოთახში ვიჯექი განმარტოებით. რობიკოს მამის, არაჩვეულებრივი მხატვრის – რობერტ სტურუას – „სვანურ პეიზაჟზე“ ისე გამიქვავდა მზერა, თითქოს 70 წელზე მეტია იქ არ კიდია ეს სურათი; ირინას ბაბუისთვის – პოკო მურღულიასთვის უჩუქებია ავტორს.
იმ დღეს რაღაც „სხვა“ დავინახე „სვანურ პეიზაჟში“. თითქოს „ჩაირთო“ რაღაც და პიესის წერა დავიწყე იუდას დედაზე; არადა, მანამდეც დიდხანს, სადღაც 7-8 წელი ვფიქრობდი სიბორეაზე. 9 იანვარს დავასრულე პიესა. ჟურნალ „თეატრის“ მთავარმა რედაქტორმა, ჩემმა მეგობარმა – დავით ანდრიაძემ ერთ-ერთმა პირველმა წაიკითხა „სიბორეა“ და დაბეჭდა კიდეც.
დღეს კი – 2023 წლის 24 სექტემბერს – რობიკომ მომილოცა დაბადების დღე თავისი ავტოპორტრეტით; რა იცი, რა ხდება, იქნებ, სწორედ მან გ ა დ მ ო მ ხ ე დ ო ს! რობერტ სტურუა უმცროსმა „დაასრულოს“ ის, რაც რობერტ სტურუა უფროსის „სვანური პეიზაჟით“ დაიწყო…
ძია დოდო
ყველას თავისი ძია დოდო ჰყავდა. მეც ჩემი მყავდა!
მგონი, სწორად მიმიხვდით – მოსიარულე თეატრზე, რეჟისორ დოდო ალექსიძეზე მოგახსენებთ; კაცზე, ყველგან რომ ზეიმი დაჰყვებოდა თან და თავადაც ზეიმი იყო. ჩვენც – მისი შვილების – ალიკას, გოგისა და ნინას მეგობრებიც ვიყავით ამ ზეიმის თანამონაწილენი.
საღამოობით გავრბოდით ალექსიძეების ოჯახში. გაიღებოდა კარი ქუჩიშვილის ქუჩაზე და შემოვიდოდნენ გასტონ ბუაჩიძე, რისმაგ გორდეზიანი – მეუღლეებთან ერთად, პიკო ნიჟარაძე და ციცინო ციციშვილი…. მოკლედ, ვინ – არა.
დეიდა თამარი, ეს ღვთისნიერი ქალბატონი, მუდამ მოღიმარი სახით უძლებდა წარმოუდგენელ სტუმრიანობას; მაგიდის თავში იჯდა და წელში გამოყვანილი პატარა ჭიქით სვამდა ჩაის.
ყველას კარისკენ გაგვირბოდა თვალი; ვგრძნობდით, ჩვენი ძია დოდოს თეატრიდან დაბრუნების დრო როდის ახლოვდებოდა; პირველი მახარობელი მუდამ დამხმარე ქალი იყო – დუსია; რამდენიმე წამში ძია დოდოც შემოჰყვებოდა „მახარობელს“ მისაღებ ოთახში; კართან შეჩერდებოდა; გულხელდაკრეფილი და თავდახრილი კმაყოფილი ამოგვხედავდა აპლოდისმენტების ფონზე.
პირველი სცენა შვილიშვილების ატაცებით იწყებოდა და ისინიც რიგში იდგნენ.
ღმერთო, როგორი ბედნიერები ვიყავით დიდიან-პატარიანად…
კიდევ მინდა, უამრავი რამ დავწერო, მაგრამ ძია დოდოს ხმა ჩამესმის – „Хватит, Резушка, испортишь!“
მეც დავუჯერებ.
ვასაძის „ნათლული“
თეატრში ჩემი შორეული „ნაოსნობა“ დიდი ხნის წინ დაიწყო – ჯერ კიდევ ქუთაისში – სკოლაში სწავლისას. ბაბუაჩემის ახალგაზრდობის მეგობარი – აკაკი ვასაძე დანიშნეს იმ პერიოდში მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. ბატონი აკაკი არც თუ ისე იშვიათად მოდიოდა ჩვენს ოჯახში საღამოობით, სპექტაკლის შემდეგ. თუ სტუმარი ჰყავდა თბილისიდან, ისიც აუცილებლად მოჰყავდა თან. კინორეჟისორ დავით რონდელისა და მისი მეუღლის სტუმრობაც კარგად მახსოვს. გაიწყობოდა სუფრა ბებიაჩემის სახელგანთქმული „ლისტის“ ნაპოლეონით ან „ბურჟუიკაში“ გამომცხვარი კექსითა და გენიალური იმერული ხაჭაპურით. გვიან ღამემდე გრძელდებოდა მუსაიფი.
ბატონი აკაკის ძმისშვილი – ოლეგ ვასაძე ჩემი თანატოლი იყო და მათ ეზოშიც ხშირად ვიმყოფებოდით. ეზო რიონის ხეობას გადაჰყურებდა. იმ პერიოდში ქუთაისს ხშირად სტუმრობდა ბატონი აკაკის შვილიშვილიც – კაკული ვასაძე; ჩვენზე უფროსი კი იყო, მაგრამ ყურადღებას მაინც გვითმობდა. მე-6 კლასში რომ ვიყავი, მესხიშვილის თეატრის რეჟისორმა – თამაზ მესხმა მოსწავლეთა სასახლეში დადგა ლიუბიმოვას „თეთრა“. ბატონმა აკაკიმ მთავარ როლზე ჩემი დანიშვნა მოუწონა თავის ახალგაზრდა კოლეგას. ასე აღმოვჩნდი პირველად სცენაზე და ელიჩკა ბებიას ნალოლიავები, თეთრი ბიჭი წამებულ აფროამერიკელ ბავშვად გადავიქეცი. პრემიერის დღეს ლოჟაში ისხდნენ ბატონი აკაკი, ბებია და ბაბუა. პარტერი საფიჩხიელი მეზობლებით იყო სავსე. ფინალური სცენა განსაკუთრებით კარგად გამომივიდა – ნაცემ-ნაგვემმა და ნაწამებმა მონოლოგი წარმოვთქვი ჩემს უკუღმართ ბედზე და მომაკვდავი ძალიან ბუნებრივადაც გავიშხლართე იატაკზე. ჩემი საცოდაობით სულშეძრულმა მაყურებელმა ხმამაღლა ამოიგმინა. ერთმა საფიჩხიელმა მეზობელმა კი თავი ვერ შეიკავა და პარტერიდან იყვირა აღშფოთებულმა – რა უქნეს ჩვენს რეზიკოს! თუმცა, ყველაზე მთავარი იმ დღეს მაინც ის იყო, რომ ბატონი აკაკი ხელებგაშლილი მომიახლოვდა სცენაზე; თავისი გამორჩეული ხმით მითხრა – „შენ ნამდვილი ოტელო ხარ, რეზიკო“ და ბაბუას გადახედა – „არ მეთანხმები გიორგი“? ბაბუამ ჩვეული სიდარბაისლით გაუღიმა. დღემდე ვერ ვივიწყებ ბებიაჩემის იმდღევანდელ აღფრთოვანებულ სახეს – სიამაყისა და ნერვიულობისგან შეუჩერებლად რომ იფრიალებდა „ვეერს“…
ასე იქცა აკაკი ვასაძე ჩემს სასცენო „ნათლიად“ ქუთაისში. მართალია, ოტელო დღემდე ვერ ვითამაშე, მაგრამ თეატრი კი იქცა ჩემი „შორეული მოგზაურობის“ მარადიულ ნაწილად და მგონი, არც ცუდი „ნათლული“ გამოვდექი… აი, ბატონო, როგორ მავიწყდებოდა, 2023 წლის 10 დეკემბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში კონკურსი გაიმართა – „ქართული დრამატურგია – ქართული თეატრის საფუძველი“ – სცენური კითხვა. შერჩეული იქნა ჩემი პიესა – „ნორმოზი“ (დეტექტივი); რეჟისორის თხოვნით, პიესის კითხვაში მივიღე მონაწილეობა და 65 წლის შემდეგ მსახიობებთან ერთად დავდექი მესხიშვილის თეატრის სცენაზე. სხვათა შორის, გავიმარჯვეთ ნომინაციაშიც – „წლის საუკეთესო პიესა“.
დარწმუნებული ვარ, იქ, ზეცაში, ჩემს „ნათლიას“ გაუხარდებოდა…
პრეზიდენტის „საპოვნელა“
დავესწარი სპექტაკლს – „საპოვნელა“. ეს არის შესანიშნავი პიროვნების, მოქალაქისა და მოღვაწის – რეზო კლდიაშვილის პირველი პიესა. მე მას ვიცნობ ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის პრეზიდენტად ყოფნის დროიდან. ძალიან გავიხარე, რომ მისი პირველი ნაბიჯი დიდად წარმატებული გამოდგა. შთაბეჭდილება ისეთია, რომ თვით ჩვენი ცხოვრება იწყებს ასახვას მხატვრულ სფეროში, თეატრის სცენაზე; ამ ასახვას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის დრამა კომედიური ხერხებით, რეჟისორის – მედეა კუჭუხიძისა და მსახიობთა ბრწყინვალე გააზრებითა და შესრულებით. თეატრი ღრმა მადლიერების გრძნობით დავტოვე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე; „საქართველოს რესპუბლიკა“. 1995 წელი
„ქვემორე ხელის მომწერნი“
ამას წინ ჩემს არქივში ერთ დაკარგულ ფურცელს გადავაწყდი. ვერც ავხსნი, როგორ იმოქმედა. ჟიული შარტავა, მე, სანდრო მრევლიშვილი და ზაზა აბზიანიძე ვართ „ქვემორე ხელის მომწერნი“. 1992 წლის 13 ივლისის საღამო იყო – 90-ნების ტიპური, ფერგაცლილი დღე, რომელსაც სულ არ ჰგავდა სანდროს ოჯახის ატმოსფერო – სილაღე, სითბო, მანანას გასაოცარი მასპინძლობა… ჟიული შარტავა უცნაურად ბედნიერი ჩანდა; საბედისწეროდ ბედნიერიო, ჩვენში რომ იტყვიან, აი, ისეთი. ხუმრობდა, იგონებდა, იცინოდა. ჩვენც მივყევით სუფრის ლაღობაში და ისიც მოგვყვა. სანდრო თამადობდა. ზაზა ისეთ ისტორიებს ჰყვებოდა, „მშვიდად“ მოსმენა ძნელი იყო. თქვენი მონა-მორჩილის ამბების „სკივრსაც“ ისეთი ეპიზოდები „ამოჰყვა“, სუფრასთან სიმშვიდე ვერა და ვერ დადგა. ამასობაში 14 ივლისიც დაგვათენდა. მოკლედ, საღამო განსაკუთრებული გამოდგა. დასავიწყებლად ვერ გავიმეტეთ და დაშლის წინ ფურცელ/კალამი ვთხოვეთ მანანას. ჯერ ჟიულიმ შეინახა „ის საღამო“ თავისი უზადო, გაკრული ხელწერით ფურცელზე; მერე – მე; მერე – სანდრომ და ბოლოს ზაზაც „შემოუერთდა“ „ზემოგამოთქმულ აზრებს“. ფურცლის დასაკუთრებასა და იმ საღამოს არქივარიუსობას ვინ დამასწრებდა? ასე აღმოჩნდა ჩემს არქივშიც. მერე, ზუსტად ერთ თვეში – 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთის ომი დაიწყო და კიდევ მერე – ზუსტად ერთ წელსა და 2 თვეში – 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემისა და ჟიული შარტავას წამებით აღსასრულის დღე დადგა… მკვლელს, ჟიულის გაუტეხლობით აღფრთოვანებულს, ასანთის დანახშირებული ღერით მიუწერია სიგარეტის კოლოფზე უცნაური სახელი კაცისა, რომლის გმირობამ შეძრა… ესეც შეეძლო ამ რჩეულ კაცს – მისივე მკვლელშიც „დაებადა“ ადამიანი…
არადა, ამ ფურცელზე არც 90-ნების სიმძიმეა არეკლილი და არც ის საფრთხე, კარზე რომ იყო, თურმე, მომდგარი… ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, სულ სხვანაირად ბედნიერები ვიყავით 1992 წლის 13 ივლისის საღამოს! საბედისწეროდ ბედნიერნი. ერთი წლის მერე კი უკვე სოხუმიდან დამირეკა ჟიულიმ. არ მომეწონა მისი გაბზარული, დაღლილი ხმა. ჩამქრალი მომეჩვენა. აღარც ლაღი და რიხიანი ჩანდა. ფეხების ტკივილი მოიმიზეზა. სიარულისგან ისიც დაღლოდა და ჩაჰქრობოდა. მეორე დილით ცნობილ ექიმს – პროფესორ ნოდარ ბოხუას გავენდე. ვუთხარი ჟიულის ამბავი. არც დაფიქრებულა – იმავე დღეს ჩაჯდა უყოყმანოდ მატარებელში და ომში ჩართული აფხაზეთისკენ გაემგზავრა. ასეც უყვარდათ ჟიული… თავგანწირვით. მისი სოხუმის ტელეფონის ნომერი ყველა ჩვენს მეგობარსა და ახლობელს გავანდე და ვთხოვე, გაემხნევებინათ. მერე თავად დამირეკა და ღიმილით მიამბო, როგორ გაუჩერებლად და ერთმანეთის მიყოლებით უხსნიდნენ სიყვარულს საღამოობით სოფიკო, კოტე, მარიკა და გიგა ლორთქიფანიძეები, დოდო ჭიჭინაძე… შენს ხელწერას ჰგავს ერთბაშად ამდენი სიყვარულის თავს დატყდომაო,- მითხრა.
- მაგრამ ხომ სიყვარულით გირეკავენ-მეთქი – „ვიმართლე“ თავი.
თურმე, უკანასკნელად მესმოდა იმ საღამოს მისი ხმა. რამდენიმე დღეში მეხუთე ხელმომწერიც გაჩნდა – ვიღაც გადამთიელმა სიგარეტის კოლოფზე ასანთის ჩამწვარი ღერით „ჟიული“ დაწერა…
განსაკუთრებული შანსი
თბილისის გაუსაძლის საცობებს თავისი ნათელი მხარეც აქვს – თუ თანამგზავრი საინტერესო ადამიანია, დრო წარმოუდგენლად სწრაფად გადის… იმ დღესაც მე და ჩემს შვილიშვილს – ქეთევან კალანდიას – თბილისმა განსაკუთრებული შანსი მოგვცა! საცობში რჩეულ თანამგზავრთან – აკადემიკოს მზექალა შანიძესთან ერთად აღმოვჩნდით და დიდხანსაც ვისაუბრეთ. ქალბატონმა მზექალამ გაიგო, რომ ქეთი არდადეგებზე იყო ჩამოსული პეკინიდან; საუბრის თემაც იმწამსვე განისაზღვრა – ჩინური ენის ტონალობასაც კი შეეხნენ და ენობრივ ნიუანსებში „ჩაიძირნენ“. სიმართლე გითხრათ, ვინერვიულე. გამომშვიდობებისას ქალბატონმა მზექალამ ქეთის გაუღიმა და უთხრა – „მე და შენი დიდი ბებია – ნანა მურღულია – ერთ დროს გოგოები ვიყავით“. განსაკუთრებული „გოგო“ სადარბაზოში მალე გაუჩინარდა. მანქანა დავძარი; ქეთევანი ჯერ ჩუმად იყო; მერე მომიბრუნდა და მკითხა – „ვინ იყო, ბაბუ“?
გამეღიმა – „ეგ არის, ბაბუ, თუ არის!“
ერლომ ახვლედიანი
კეთილი და თბილი ურთიერთობა გვქონდა. ერთი ორჯერ სადილადაც იყო ჩვენს ოჯახში – ქალიშვილთან ერთად. თუმცა, ყველაზე დაუვიწყარი მაინც ის საღამოებია, ერლომთან რომ ვიყავით სახლში და ვსაუბრობდით ახალგაზრდების გარემოცვაში.
ერთხელ ქარმა დაუბერა და შევძახე – „ერლომ, სახლი გადაიხარა!“
თავისებურად მოჭუტა თვალები; იუმორს მიმიხვდა.
სახლს, კედლებს, მორთულობას რა მნიშვნელობა ჰქონდა? მთავარი ამ კედლებში ერლომ ახვლედიანი და ის სულიერი სიმდიდრე იყო, ასე უანგაროდ რომ გასცემდა. ამიტომ დატოვა ასეთი ამოუვსებელი სიცარიელე… ამიტომ შევიცვალეთ ერლომის გარეშე ასე. გამომეტყველებაც კი სხვაგვარი გაგვიხდა.
საშობაო სტუმრობა ოტიასთან
ოტია იოსელიანმა სხვანაირი იცოდა მასპინძლობაცა და – სტუმრობაც. არაერთხელ ვყოფილვარ, ოჯახთან ერთად, მასთან წყალტუბოში და ისიც არაერთხელ გვესტუმრა თბილისში. ურთულეს 90-ან წლებში ტრადიციულ შეხვედრაზეც მივიწვიე სტუდენტებთან – „საუბრები ტექნიკურ უნივერსიტეტში“; საღამოს, ტრადიციისამებრ, ჩემთან ვისხედით ვახშამზე; დილამდე ვისაუბრეთ. თუმცა, ჩემი ოჯახისთვის მაინც ის რამდენიმე შობის ღამეა დაუვიწყარი, წყალტუბოში რომ შევხვდით ოტიას კარ-მიდამოში, მის მაგიდასთან, მწერლის თამადობით. ირინას მოსმენა უყვარდა განსაკუთრებით – რა გემრიელად იცის ამბების მოყოლაო, – იღიმებოდა. თავის გამოხდილ არაყს დინჯად მისხამდა; თან დააყოლებდა – ამ არყით ყველას არ ვუმასპინძლდებიო. ბედნიერ შობას ვითენებდით! მაინც სულ სხვა იყო შობის ღამე ოტიასთან ერთად და იმ არაყსაც სულ სხვა გემო ჰქონდა!
პატრონი
ჩემი სიდედრი – ნანა მურღულია ისტორიკოსი იყო და საინტერესო მონოგრაფიის ავტორიც გახლდათ ყივჩაღებზე; ერთ საღამოს ვთხოვე – ისტორიული პიესა მინდა, დავწერო და ვინმე მაგარი კაცი, საინტერესო ბიოგრაფიით, მირჩიე-მეთქი.
XVII საუკუნეში ირანში მოღვაწე წარმოშობით ქართველ ხოსრო მირზაზე – იგივე როსტომ ხანზე შევჩერდით; მამამისს – დაუთ-ხანს ხარჭისაგან – წავკისელი გლეხის ქალისაგან ჰყავდა როსტომი და უკვე მომწონდა ეს ამბავი.
გიორგი სააკაძის წყალობითა და ხელის წაკვრით ისე წარიმართა როსტომ ხანის ცხოვრება ირანში, რომ ისპაანის მოურავი გახდა; ძმები უნდილაძეები – ეს ძლიერი კლანი – ჩამოიშორა და ტახტზე დასვა შაჰის შვილიშვილი – შაჰ-სეფი, რომელსაც ბებია შალიკაშვილის ქალი ჰყავდა. შაფ-სეფი, თურმე, როსტომ ხანს მამას უწოდებდა.
რა აკლდა ირანში მოღვაწე ხოსრო-მირზას? მთელი ცხოვრება ოცნებობდა ქართლში მეფობაზე; აისრულა კიდეც – 62 წლის ასაკში ქართლის ტახტს დაეუფლა.
თუმცა, ნაბიჭვრის კომპლექსი არასდროს ასვენებდა.
სწორედ აქედან – ქართლში გამეფებიდან იწყება ჩემი პიესაც;
ხოსრო-მირზას ქართველებისგან უამრავი სიურპრიზი ელოდა…
92 წლის ასაკში აღესრულა. უახლოესი გარემოცვის ღალატის მსხვერპლი გახდა გამოცდილი პოლიტიკოსი.
პიესას როსტომ-ხანზე „პატრონი“ დავარქვი. მგონი, მოვახერხე, მკითხველისთვის გამეცნო ქართლის მეფეთ-მეფე; ასე უწოდებდა თავის თავს ქართლის პატრონი.
„ბიზანტიის დედოფალი“ რედაქტორის თვალით
2019 წელს კორნელი კეკელიძის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოსცა ჩემი პიესა – „ბიზანტიის დედოფალი“. წიგნის რედაქტორი გახლავთ ისტორიკოსი – ზაზა აბაშიძე, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:
რედაქტორისაგან
„… მაღალი და ტანადი, როგორც კვიპაროსი, თეთრი, როგორც თოვლი, პირსახე გაზაფხულის ვარდივით გაფურჩქვნილი… წამწამები გრძელი და განსაცვიფრებელი, თვალები ცისფერი… სილამაზე და მომაჯადოებელი მიმზიდველობა, ზნის სანდომიანობა; ყველაფერი ეს აღემატება ფერწერასა და ხელოვნებას, არც მსგავსი რამ ქანდაკებაა“ – ამ სიტყვებით აღწერს ანა კომნენოსი ბიზანტიის დედოფალ მარიამს – მართა-მარიამ ბაგრატიონს, ბაგრატ IV-ის ასულს, გიორგი II-ის დას, დავით IV აღმაშენებლის მამიდას. ეს დიდებული ქართველი ქალი უნდა გამხდარიყო და დღეს, რეზო კლდიაშვილის წყალობით, გახდა კიდეც, ლიტერატურული ნაწარმოების გმირი. ვერ ვიტყვით, რომ ქართული ან ბერძნული ისტორიოგრაფია დუმდა ან ჯეროვან ყურადღებას არ აქცევდა ბიზანტიელთა ორგზის დედოფლის უაღრესად საინტერესო, მღელვარე, დრამატულ ცხოვრებას, მაგრამ სულ სხვაა ისტორიული პირის გაცოცხლება ლიტერატურაში, დრამატურგიაში!
სულ პატარა იყო საქართველოს მეფის ასული, როცა ბიზანტიაში პირველად მოხვდა. იმპერიაში ის დედოფალ თეოდორას მოთხოვნით ჩაიყვანეს „აღსაზრდელად“; პრაქტიკულად – მძევლად, მაგრამ თეოდორა მალევე გარდაიცვალა და მართა სამშობლოში დაბრუნდა. გავა რამდენიმე წელი და მძევალი პრინცესა ბიზანტიის დედოფლად გადაიქცევა. მისი ქორწინება მიხეილ VII დუკაზე XI საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს ან 70-იანი წლების დასაწყისში უნდა მომხდარიყო… ეს საკმაოდ რთული პერიოდია ბიზანტიის ისტორიაში. ბრძოლა, შფოთი, ინტრიგები… მიხეილ დუკას ტახტზე ცვლის ნიკიფორე ბოტანიატი და არა მარტო ტახტზე, არამედ მართა-მარიამის სარეცელზეც. წმინდა პრაგმატული მოსაზრებით, მარიამი თანხმდება მეორე ქორწინებაზე; შვილისთვის ტახტის მემკვიდრეობის შენარჩუნება სურს! ტყუვდება. კომნენოსებს უკავშირდება და ნიკიფორეს წინააღმდეგ შეთქმულების ერთ-ერთი ორგანიზატორი ხდება. მოგვიანებით ამ ამბებს უკვე მოჰყვება ალექსი კომნენოსის წინააღმდეგ შეთქმულება, მონაზვნად აღკვეცა და შვილის – კონსტანტინე დუკას გარდაცვალება. მოკლედ, ესაა მართლაც დრამატიზმითა და ტრაგიზმით, გამარჯვებებითა და მარცხით აღნიშნული ცხოვრება ნამდვილად ძლიერი ქალისა, რომელსაც ისეთ ეპოქაში მოუხდა ცხოვრება, რომ ამ დროის პერიპეტიებში გარკვევა შეიძლება, ისტორიკოსსაც გაუჭირდეს. რეზო კლდიაშვილი ჩასწვდა ამ ეპოქას, მართა-მარიამის დროინდელი ბიზანტიის იმპერიის კარის ცხოვრებასა და ინტრიგებს, ტახტის გარშემო ბრძოლას და საინტერესოდ წარმოგვიდგინა ბიზანტიის დედოფლებს შორის გარეგნობითა და ქცევის ნორმებით გამორჩეული დედოფლის სახე; დედოფლისა, რომელიც ქველმოქმედებითაც იყო ცნობილი და დიდად შეეწეოდა უცხოეთში არსებულ ქართულ სავანეებს. წინამდებარე გამოცემა პირველი შემთხვევაა, როდესაც დრამატურგიული ნაწარმოები ილუსტრირებულია ხელნაწერი მემკვიდრეობის გამოყენებით. ხელნაწერების ნაწილი წარმოადგენს მართა-მარიამის მოღვაწეობის ეპოქის ქმნილებებს, გიორგი და ექვთიმე ათონელების მიერ თარგმნილ ხელნაწერებსა თუ მათ გამოსახულებებს. განსაკუთრებით საინტერესოა დედოფალ მართა-მარიამის შესახებ გაკეთებული ანდერძ-მინაწერები. ხელნაწერი მემკვიდრეობა გამოცემის მეშვეობით პირველად წარდგება თეატრითა და დრამატურგიით დაინტერესებული აუდიტორიის წინაშე და განსხვავებულ იერს შესძენს პიესის მთავარ გმირს, უმნიშვნელოვანეს ისტორიულ პირს ბიზანტიის დედოფალ მართა-მარიამს. ვფიქრობ, ეს პიესა რეზო კლდიაშვილის კიდევ ერთი გამარჯვებაა და ახლა უკვე უნდა ველოდოთ მართა-მარიამის სცენაზე გაცოცხლებასაც.
ზაზა კახიანი
ბატონი ზაზა კახიანის ახლობლები, მისი გარდაცვალებით გაღარიბებულნი, დღესაც დიდი მონატრებით ვიხსენებთ და თავს ბედნიერად მივიჩნევთ, მის ირგვლივ, მის ოჯახში რომ ვტრიალებდით. ძალიან ბევრი მოსაგონარი დაგვიტოვა, მაგრამ მისი არტისტული ბუნებიდან და განსწავლულობიდან გამომდინარე, რუს მსახიობ ინოკენტი სმოკტუნოვსკისთან მისი პირველი შეხვედრა მომწონს და თქვენც მინდა გაგიზიაროთ. პარიზში მიფრინავდა, თვითმფრინავში ინოკენტი სმოკტუნოვსკის წარუდგინეს: „Профессор Заал Николаевич Кахиани“. იმპერიის განებივრებულმა ვარსკვლავმა ყოველგვარი მორიდების გარეშე გამომწვევად უპასუხა: „Откуда грузину знать, кто такой Инокенти Смоктуновский, они кроме вина и застолья ничего не знают“. ბატონმა ზაზამ სმოკტუნოვსკის ეს ფრაზა უპასუხოდ დატოვა, გულში რას გაიფიქრებდა, ეს გასაგები უნდა იყოს. თვითმფრინავში გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ და ერთად იმგზავრეს მოსკოვიდან პარიზამდე; ღვთის მადლით, დროის დეფიციტი ნამდვილად არ ექნებოდათ. სალიერიდან ჰამლეტამდე კინოში ან თეატრში თუ რაიმე უთამაშია სმოკტუნოვსკის, ყველაფერი პირწმინდად გაურჩევია ბატონ ზაზას; ერთი სიტყვით, განშორებისას სმოკტუნოვსკის უთხოვია: „Заал Николаевич, я очень прошу, мое хамство и невежество не распространяйте на весь русский народ“.
ასეთი იყო ზაზა კახიანი.
ქალბატონი
მოწამეთა. ტაძარში სანთელს ვანთებ. იქვე სიმპათიური ქალბატონი დგას – თეთრი, კოპლებიანი კაბით; რაღაც არაამქვეყნიური მზერით შესცქერის წმინდანებს.
ჩემს მზერას თითქოს გრძნობს; მიღიმის და ტაძრიდან გადის.
გარეთ ისეთი სიმშვიდეა, მხოლოდ მოწამეთამ რომ იცის; როგორც ყოველთვის, რკინის მოაჯირს ვეყრდნობი და ულამაზეს ხეობაში გაწოლილ წყალწითელას ვაყოლებ თვალს.
ის ქალბატონიც, კოპლებიანი კაბით, რკინის მოაჯირთან დგას და ისიც წყალწითელას ხეობას აკვირდება; მერე მოულოდნელად ბრუნდება ჩემკენ და ღიმილით, დაბალი ხმით მეუბნება:
– თქვენ გაყიდით თქვენს მანქანას და ახალი მანქანით უცხოეთში წაბრძანდებით დასასვენებლად!
ვიბნევი, მაგრამ არ ვიმჩნევ; ღიმილით ვპასუხობ მეც:
– გაყიდვა კი არა, ვინმეს რომ ვაჩუქო, არ იჩუქებს!
– მე მითქვამს! – ჩაიღიმა კვლავ უცნობმა.
ამასობაში დიდი ხნის უნახავი ჩემი მეგობარიც დავლანდე. უცნობი ქალბატონი სწორედ მან გამაცნო:
– არ იცნობ ქალბატონ ლელას?
უცნაურად შევიშმუშნე. გვარი არ უთქვამს.
ერთად სადილობა შევთავაზე ჩემს მეგობარს, ქალბატონ ლელასა და მის თანმხლებ დათოს, რომელიც მალე ჩემი მეგობარიც გახდა.
რიონისპირას დავსხედით რესტორანში. არანაირი გაუცხოება. თითქოს დიდი ხნის მეგობრებთან ერთად ვსაუბრობ.
ქალბატონის მობილურზე ამერიკიდან შემოდის ზარი.
-აუცილებლად უნდა წახვიდე, დამიჯერე! – ისევ თბილად იღიმება ქალბატონი. რა საყვარელი გოგოა – ჩაილაპარაკა და მობილური გათიშა.
შეუმჩნევლად გავდივარ თანხის გადასახდელად, მაგრამ სულ ტყუილად; დამასწრეს; ქალბატონს რომ ახალგაზრდა კაცი ახლავს, მან გადაიხადაო – მეუბნება რესტორნის თანამშრომელი.
შევწუხდი და საყვედური იმერულად შევაპარე დათოს.
ჩემმა მოწამეთამ განსაკუთრებულ მეგობრებს შემახვედრა იმ დღეს.
უცნაური ამბებიც დაიწყო მალე – მანქანა ვიყიდე; ფული ჩავუთვალე ძველ მეპატრონეს და გავაცილე; არ ვიცი, რა ძალამ მიკარნახა, რომ კიბეებზე ჩავძახე – მანქანა მყავს გასაყიდი და იქნებ, ვინმეს უთხრათ!
ერთ-ერთმა ქვემოდან ამომძახა – ჩემი ძმისთვის ვეძებ, თუ შევთანხმდებით! ცხვირის ნესტოები დამებერა; ხელი წავავლე მანქანის გასაღებს და ეზოში ჩავირბინე. გულში კი გამკრა, გამერეცხა მაინც-მეთქი. ჩუმად ვემუდარე ჩემს „ოპელს“, არ ეღალატა. არც უღალატია. მოკლედ, მოეწონათ და მე რომ ფული ჩავუთვალე, იქიდან გადმომითვალეს უკან, რაც მეკუთვნოდა. ჰოდა, უცხოეთშიც წავედი ცოლ-შვილთან და მეგობრებთან ერთად.
მეტს აღარ გვაგრძელებ; არ დაგღლით… მოწამეთაში დაწყებული მეგობრობა კი, ცხადია, გრძელდება. მობილურზე ჯერ დათო მპასუხობს მუდამ – „გადავცემ მობილურს ქალბატოს“! და რამდენიმე წამში ქალბატონ ლელა კაკულიას ხმაც გაისმის: რ ე ზ ი კ ო!
აკადემიკოსი ნიკოლოზ ლანდია
სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საუკეთესო პროფესურა მასწავლიდა და არანაკლები დოცენტურა გვყავდა ლაბორატორიებში. წლების შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა აკადემიკოს ნიკოლოზ ლანდიას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა. სტუდენტობისას ბატონი ნიკოლოზი „პროცესებსა და აპარატებს“ მიკითხავდა, არაჩვეულებრივი ლექციები ჰქონდა, მაგრამ საგანი ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, რთული აღმოჩნდა. რა მექნა? თავი გადავდე და გამოცდისთვის მოვემზადე, რადგან ლანდიასთან მოუმზადლად მისვლა წარმოუდგენელი იყო; ან როგორ უნდა გამებედა? ბილეთს ვუპასუხე; გამართული ოთხი, ვფიქრობ, მეკუთვნოდა. რა გვარი ხარ და საიდან ხარო – მკითხა ბატონმა ნიკოლოზმა და კალამი მოიმარჯვა; ქუთაისიდან-მეთქი, პაუზა. და რას ვხედავ – უწყისში ხუთი ჩამიწერა. სწორედ საიუბილეო სხდომაზე გავიგე ათეული წლის მერე, რომ წარმოშობით ეს დიდი მეცნიერი ქუთაისიდან ყოფილა, მთავარმა მომხსენებელმა ბრძანა; გამიხარდა და მივხვდი ჩემი ხუთიანი საიდან იყო.
ლადო ნამდვილად იქ იყო!
დათო მაღრაძეს მოვუსმინე „იმედზე“ – წინანდლიდან დაბრუნდა; ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულში ლადო ასათიანის დღე აღინიშნა – 2023 წელს 105 წელი შეუსრულდებოდა.
სურათზე თქვენ ხედავთ 30 წლის წინანდელ კადრებს – თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტები კითხულობენ ლადოს ლექსებს.
იმ წელს ჩვენ აღვნიშნეთ პოეტის 75-ე წელი.
საღამოს ჩემი მოწვევით ესწრებოდნენ ლადოს ოჯახის წევრები – მეუღლე – ქალბატონი ანა ვაჩნაძე, შვილი – მანანა ასათიანი ქალიშვილებთან და შვილიშვილთან – გიორგისთან ერთად, პოეტის და – მედეა ასათიანი, ლადოს ოჯახის უახლოესი მეგობარი – მსახიობი დოდო ჭიჭინაძე, მსახიობი თათია ხაინდრავა, ჟიული შარტავა, რომელმაც სპონტანურად წაიკითხა სტუდენტებთან „ბასიანის ბრძოლა“, ფილოლოგი თამაზ კვაჭანტირაძე, პროფესორი დიტო წვერავა და, რასაკვირველია, ჩემი კათედრის წევრები.
ქვეყანაში არა სინათლე, არა – გაზი, არა – ტრანსპორტი; უმძიმესი 90-იანები; მხოლოდ ქიმიის დიდი სალექციო აუდიტორია იყო განათებული; უფრო სწორად, გაბრწყინებული და ეტყობა, ამან ათქმევინა ქალბატონ ანა ვაჩნაძეს ხმამაღლა – რეზო, გენაცვალე, ლადო აქ არის!
„მევიოლინე“ რეზიკო
ამას წინ ქუთაისში ვიმყოფებოდი ზაქარია ფალიაშვილის დეიდაშვილების – ვანო ვარლამიშვილისა და საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი მხატვრის – ვარლას (იგივე ფელიქს ვარლამიშვილი) ოჯახში;
გამოგიტყდებით, დაუვიწყარი საღამო გამოგვივიდა ქალბატონ ნატო ვარლამიშვილთან.
ვახშმობისას მაგიდაზე ზაქარიას, ვანოსა და ვარლას ხელშენავლები ნივთებიც ელაგა.
რამდენ ისტორიას, ამბავსა თუ დიდებულ ადამიანთა ყოველდღიურ ვნებათაღელვას ინახავს ჩემი ქუთაისი.
აგერ, თუნდაც პავლიკა თუმანიშვილი – ახლაც თითქოს ყურებში ჩამესმის კათოლიკეების უბნიდან მის მიერ შესრულებული საორღანო მუსიკის ხმა.
მე ხომ გასული საუკუნის 60-ან წლებში ვიოლინოზე დაკვრას „ვეუფლებოდი“; სხვათა შორის, გიორგი (ჟორა) ჩილინგარიშვილის კლასში; თქვენ წარმოიდგინეთ, კონსერვატორიის პროფესორმა – ლუარსაბ იაშვილმაც კი მოგვისმინა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის რამდენიმე ნიჭიერ ქუთაისელ მოსწავლეს.
მოსმენამდე სიქა გამაძრო რეპეტიტორმა; ბებიამ იცოდა, რასაც აკეთებდა; ბატონ ლუარსაბს თან ახლდნენ მეუღლე და უმცროსი ქალიშვილი – ნანა იაშვილი, რომელიც იმ დროისთვის უფროს დებზე არანაკლებ ცნობილი იყო უკვე; საჩვენებელი კონცერტის მეორე განყოფილება სწორედ მას დაეთმო მთლიანად.
ასე რომ, რაღაც საინტერესო მევიოლინე რეზოსაც აქვს თავის ბიოგრაფიაში. მით უფრო, რომ ჩემი „სამუსიკო“ თავგადასავლები ამით არ დასრულებულა.
ერთი ისტორიაც უნდა გავიხსენო –
მეოთხე კლასელი ვიყავი. გაჭირვებულ დღეზე დაბადებულს მასწავლებელმა დღიურში „იგივე“ ჩამიწერა ისევ. ბებიას „Опиать“ („იგივე“) უკვე ყურებში მესმოდა და მოწყენილი მივუყვებოდი კიბეებს, რომელზეც მუსიკალური ტექნიკუმის გოგოები სიცილ-კისკისით ჩამორბოდნენ; ერთ-ერთი შემთხვევით დამეჯახა და წავიქეცი.
შეშფოთდნენ; ერთმა მეორეს გასძახა:
– მაყვალა, წყალი! წყალი!
მაყვალაც მალე გაჩნდა წყლით სავსე ჭიქით; დამამშვიდეს; მომეფერნენ და გადარჩენილ-მოსულიერებული ბებიას ჩამაბარეს.
ახლა არ იკითხავთ, ვინ იყო ჩემი „მხსნელი“ მაყვალა?!
სწორადაც მიხვდით! დიდი მომღერალი – მაყვალა ქასრაშვილი!
ქალი გამხმარი ხელით
ქუთაისი. ბაღის კიდე.
ბებია – ვიოლინოთი ხელში და მე – ასე, 9-10 წლისა. შორიახლო მივყვები ბებიას; თითქოს სულ არ ვიცი, ვისია ვიოლინო.
მუსიკალური სასწავლებლისკენ მივდივართ.
მაღალი, ხმელი ქალი მიესალმა ბებიას; მიიკითხ-მოიკითხეს ერთმანეთი; ვამჩნევ, რომ უცნობს მარჯვენა ხელზე პრობლემა აქვს. დაგვშორდა თუ არა, ბებიას ვკითხე, რა სჭირდა ხელზე ქალს. არ მოინდომა ახსნა და სხვა რამეზე გადაიტანა საუბარი. არ მოვეშვი და იძულებული გახდა, გაენდო საიდუმლო – ჩვენი სოფლის – ოფჩის ღვთისმშობლის ეკლესიაში ჩემი გამზრდელი ბაბუა – კირილე მსახურობდა მღვდლად.
რევოლუცია რომ მოხდა, ფეხის ხმას აყოლილი ახალგაზრდები სოფლის ეკლესიას შეესივნენ და სახურავიდან ჯვარი ჩამოაგდეს; იმასაც გაჰყვიროდნენ, მღვდლებს წვერი უნდა გავპარსოთ და ანაფორები შემოვახიოთო. განსაკუთრებით ერთი ახალგაზრდა გოგო და ბიჭი აქტიურობდნენ, თურმე.
იმ საღამოს ბაბუა გარდაიცვალა – ძილში გაიპარა.
ეს ქალბატონი, ახლა რომ შეგვხვდა, იმ გოგოს შვილია, ეკლესიიდან ჯვარი რომ ჩამოაგდო; როგორც დაინახე, მარჯვენა გაუხმა.
აი, იმ ბიჭის შთამომავლებში კი ქალებმა ვერ გაიხარეს – ამოწყდნენ და პრობლემები დღესაც გრძელდება მათ ოჯახებში.
ბებიამ თვალებში ჩამხედა და თითქოს გამაფრთხილა – რეზიკო, გახსოვდეს, სიტყვაც ტყვიასავით არის!
ამ „მუსაიფით“ მივადექით მუსიკალურ სასწავლებელს.
როგორ ვიქნებოდი იმ დღეს გაკვეთილზე, ხომ წარმოგიდგენიათ?!
ხოსიას საჩუქარი
1959 წლის 24 სექტემბერი იდგა. ჩემი დაბადების დღისთვის ბებიამ და ბაბუამ ეზო განსაკუთრებით მორთეს -13 წელი მისრულდებოდა. ჩვენს სამეზობლოსა და იმის იქითაც ხმა დაირხა, „კაი რეზოს“ მამამისმა „პინპოკის“ მაგიდა უყიდაო; ზოგიერთებს წაუჭორავიათ, ელიჩკასა და გიორგის გულის მოსაგებადო; რას ვიზამთ? ენას ძვალი არა აქვს! ხომ მოგეხსენებათ, „დაჩაგრულს“ რამდენი მოსარჩლე ჰყავს.
ამ „პინპოკის“ მაგიდასაც თავისი დანიშნულება ჰქონდა. ბებია ჩემს მეგობრებს სრულ კომფორტს უქმნიდა, ჩვენს ეზოში რომ ეთამაშათ; მამაჩემის მიმართაც კმაყოფილებას გამოთქვამდა.
პატარა საქმე იყო? სიტუაციას აკონტროლებდა; აკვირდებოდა, მის რეზიკოს ვისთან ჰქონდა საქმე და რა „ხალხში“. ელიჩკა ბებოს კექსითა და ლისტის ნაპოლეონით გამასპინძლება ეგემრიელებოდათ ჩემს მეგობრებს. ხილი კიდევ „ოხრად“ გვქონდა და კომპოტს რა გამოგვილევდა.
საერთოდ, ჩემს მეგობრებს მშობლები აფრთხილებდნენ, „კაი რეზოს“ ბებიასთან ზრდილობიანად რომ უნდა მოქცეულიყვნენ.
ჰოდა, იმ დღესაც ჩემი კლასელი – იგერი ჯანელიძე – იგივე ხოსია – დავლანდე ჭიშკარში წიგნით ხელში; თავზე ხელი გადაისვა, კიბეები ჩამოირბინა; დარიგებულივით ბებიას მოწიწებით მიესალმა და წიგნი გადმომცა წარწერით –
„სახ. რ ე ზ ო ს იგერისაგან დაბადების დღის აღსანიშნავად“ – ილია ჭავჭავაძე; ტომი VII. „წერილები სახალხო მეურნეობის ს ა კ ი თ ხ ე ბ ზ ე“. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია.
წერტილი!
ვერჩით რამეს იგერის – ხოსიად წოდებულს?
ხოსიას გარდაცვალებიდან კარგა ხნის შემდეგ მის აშენებულ სასტუმროში მოვხვდი ქუთაისში; ლუქსში მომათავსეს დიდი პატივით. ხოსიას ქალიშვილი და მეუღლე მმასპინძლობდნენ. ფიციც დამადებინეს – ქუთაისში სტუმრობისას აუცილებლად მათ სასტუმროში უნდა გამეთენებინა ყოველთვის ღამე.
არაფერი; ესა ვართ. ამ სიყვარულსა და ურთიერთობებს უნდა გავუფრთხილდეთ.
„კაი რეზოს“ კი მეძახდნენ, მაგრამ მეც ისეთივე რეზო ვიყავი, როგორ ყველა სხვა რ ე ზ ო!
ჩემი პარიზელი ბაბუა
ამბავს, რომელიც უნდა გიამბოთ, ჩემი შვილიშვილი ვერც მიხვდება და ეს ბედნიერებაა. გიორგი ბაბუას რომ გადმოახედა და დაანახა, მისი რეზიკოს შვილიშვილი მეგობრებს როგორ ესაუბრება აზიასა თუ ევროპაში, აღმა თუ დაღმა, გაუხარდებოდა…
***
გასული საუკუნის სამოციანი წლებია და ჩვენს ოჯახში – საფიჩხიაზე, დეპეშა მოვიდა, არც მეტი და არც ნაკლები, პარიზიდან. ბაბუას ბიძაშვილი და ბავშვობის მეგობარი – დიტო კლდიაშვილი აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას. ხატზე შემიძლია დავიფიცო, ჩემები არ ამხელდნენ, ნაცნობი თუ ჰყავდათ თბილისს იქით. არაფერი რომ არ ვთქვათ ბებიას ნათესავებზე სოფელი ობჩიდან.
„იმათ“ ერთი ორი დღე გვაცადეს და ეზოში ტყავის გრძელპალტოიანი, ხმელ-ხმელი კაციც გამოჩნდა – „დობრი“ სახით; დიტოს ჩამოსვლამდე სამ დღეში ერთხელ გვსტუმრობდა. ბებია თვალით მანიშნებდა და მეც „ვორთქლდებოდი“. მეზობლები შეგვიწუხდნენ – ლოტოს ვეღარ თამაშობდნენ და თანაც ინტერესი კლავდათ, რა ხდებოდა კლდიაშვილებთან. ერთ საღამოს საუბრისას – ანუ „დაკითხვისას“ – ბებია სტუმრისთვის ვაშლს თლიდა ალესილი დანით და ისე ნერვიულობდა, ცერა თითი ლამის გააყოლა ვაშლის კანს. აღელვების ნიადაგზე ბაბუას ცხვირიდან სისხლის წასკდომაც აღარ იყო იშვიათი.
მოკლედ, საფიჩხიაზე ხმა დაირხა, კლდიაშვილებთან პარიზიდან ნათესავი ჩამოდისო.
რამეს დამალავ?
დადგა ის ჩვენი ცოდვით სავსე დღეც; დიტომ თბილისში მოისიყვარულა დედმამიშვილები და მშობლიურ ქუთაისში ჩამოვიდა.
მატარებლის სადგურზე ვდგავართ; შორიახლოს ის ხმელ-ხმელი კაციც ჩანს.
ბოლოს და ბოლოს, ვაგონი ბაქანზე ჩამოდგა და ფანჯრიდან საშუალოზე დაბალი, ყვითელი კაცი გამოჩნდა – დამფრთხალი თვალებით.
დიტო 1924 წელს შეახტა გემს სტამბულისკენ და გაქრა. როგორი დამთხვევაა – ზუსტად საუკუნის მერე ვიგონებ ამ ამბავს; რამდენიმე დღეა, რაც 2024 წელი დადგა.
ჩვენი პარიზელი სტუმარი მატარებლის კიბეებზე დინჯად ჩამოვიდა და თვალი ბაბუისკენ გაექცა; იცნეს ერთმანეთი და კარგა ხანს გარინდულნი იდგნენ პირისპირ. ბებიამ ცრემლები შეიშრო.
პრობლემა – დიტოს ჩემოდანი ჩვენი მეზობლის დაფეხვილ „მოსკვიჩშზე“ დიდი აღმოჩნდა; თან მანქანა ლამის იმ ხნოვანებისა იყო, ნიკოლოზ მეორე რომ შორტებით თამაშობდა „ცარსკოე სელოში“.
ხმელ-ხმელმა კაცმა თვალით ანიშნა ჯიმშერს, მოგვშველებოდა.
დამფრთხალმა ჯიმშერმა კი მოგვხედა, მაგრამ ურიცკის ქუჩაზე, ხაზაროვის ბაღთან, აღმართზე მანქანის რადიატორში წყალი ადუღდა.
ბებიამ კვამლი რომ დაინახა, შეჰკივლა:
– პაჟარია! პაჟარი!
ყველა გადმოვხტით მანქანიდან. ხასიათდაკარგული ჯიმშერი ბებიას დამშვიდებას ცდილობდა.
იქვე, ხაზაროვის ბაღთან ჩემი იადონა და ვანიჩკა ცხოვრობდნენ; მათი ეზოდან მივურბენინე წყალი ჯიმშერს და წვალებ-წვალებით მივაღწიეთ სახლამდე; თუმცა მანამდე, ოსტროვსკის ქუჩის დასაწყისში, კიდევ ერთხელ უღალატა ჯიმშერს მანქანამ და კიდევ ერთხელ მოისმა ბებიას კულტურული შეკივლება დაბალ ტონალობაში. გაოგნებული კითხულობდა – ვინ გაგვთვალაო?
მეორე დღეს უბანში, სკოლაში ყველა მეკითხებოდა, რა ჩამოგიტანა პარიზიდან ბაბუაშენმაო. მე მშრალად და ამაყად ვპასუხობდი:
– პომპიდუს ხელით გათლილი ფანქარი!