ამბები ჩემზე… ცოტ-ცოტა თქვენზეც – IV

, , ,

IV ნაწილი

წარსულის ხმები

მაუკა

(მალიკო მრევლიშვილი)

გიორგუნამ  „მაუკა“ შეარქვა დიდ ბებიას. თავადაც ისე მოეწონა ეს სახელი, რომ მერე სახლში ყველა ასე მივმართავდით. ისეთი ქალი იყო, დღემდე წელში ვსწორდებით  მის ხსენებაზე მექანიკურად. პროფესორი მალიკო მრევლიშვილი თეატრალური ინსტიტუტის მეტყველების პედაგოგი, ქართული სასცენო მეტყველების კათედრის დამაარსებელი გახლდათ. ჩემი პირველი ნოველებიც მას წავუკითხე. დიდი გამბედაობა გახლდათ ჩემი მხრიდან. სავარძელში, როგორც ყოველთვის, ღრმად იჯდა მაუკა და ისე დაჟინებით მისმენდა, ცოტა აკანკალებული ხმით დავიწყე ისტორიების კითხვა მალიკოსა და მის მეგობრებზე. შევამჩნიე, შიგა და შიგ იღიმებოდა და უფრო გავთამამდი. მერე ისე გამამხნევა და შემაგულიანა, ერთბაშად გავიშალე მხრებში. სუბიექტურობას ვერ დავაბრალებდი – პირიქით. ამიტომ იმ დღიდან აღარც წერის შემშინებია და აღარც – სცენის. ან კი რაღა იყო საშიში, როცა მალიკო მრევლიშვილმა მომიწონა. მით უფრო, რომ მაუკას მერე მისმა ორმა უახლოესმა მეგობარმა – სესილია თაყაიშვილმა და ვერიკო ანჯაფარიძემაც დამიკრეს ტაში. თან სამივე ისეთი ქალბატონი იყო, აზრს მარტო მე კი არა, მთელი ქვეყანა ეკითხებოდა. ერთ საღამოს მე და ირინამ ჩაიზე დავპატიჟეთ ორივე – ვერიკოცა და სესილიაც და რამდენი რამ გაიხსენეს. იმ საღამოს გავიგე, რომ ბავშვობის მეგობრებს – ვერიკოსა და მალიკოს პასპორტის აღებისას ერთად „მოუპარავთ“ ერთი წელი. მერე ქუთაისსა და ბავშვობასაც გადასწვდნენ – წმინდა ნინოს გიმნაზიაში სწავლობდნენ ერთად. არ წყდებოდა სიცილ-ხარხარი. სწორედ იმ საღამოს ვკითხე ქალბატონ   ვერიკოს, რამდენი სეზონი გადიოდა „მარიამ სტიუარტი“ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე-მეთქი. ერთი წელიო,-მითხრა.

გავიკვირვე.

– შემჭამა სესილიამ. ტაში არ წყდებოდა ელისაბედის გამოჩენაზე და მოვხსენიო,-გააგრძელა ღიმილით.

– არ დაუჯერო, თუ გიყვარდე,-აღარ დაასრულებინა სესილიამ.

კაცმა არ იცის, რომლისთვის არ უნდა დამეჯერებინა იმ საღამოს – ვერიკოსთვის თუ სესილიასთვის, მაგრამ „მარიამ სტიუარტს“ რომ არც სცენაზე დაჰყვა ბედი, ეს უდავოა…

***        

იმ დილით მოგვიანებით ადგა ქალბატონი მალიკო; სამზარეულოში შევიდა და რძიანი ყავა გაიმზადა. რა აუტანელი სიჩუმეა, – გაიფიქრა; თავი თითებს დააყრდნო; კარგა ხანს იყო ჩაფიქრებული. ყავაც გაუცივდა და საუზმე აღარ დაასრულა. მისაღებ ოთახში გავიდა. მზიან ფანჯარასთან სავარძელში ჩაჯდა და კედელზე ჩამოკიდებულ მეგობრების სურათებს გააყოლა თვალი: დიდი მასწავლებელი – მარჯანიშვილი, ვერიკო, უშანგი, ნატო, აკაკი; იქეთ ლადო გუდიაშვილისა და ელიჩკა ახვლედიანის სახსოვარი ნამუშევრები ჩანდა; რობერტ სტურუას (უფროსი) სვანური პეიზაჟიც იწონებდა კედლიდან თავს და – მეუღლის პორტრეტიც. ის ღამე მოაგონდა, რუსთაველის თეატრის დაწვის ამბავი რომ გააგებინეს. ტელეფონის ზარის ხმამ გამოაფხიზლა. ყურმილი ფრთხილად დადო და ახალი გაზეთები შემოიტანა; სათითაოდ გადაფურცლა.

– ო, სერგო კლდიაშვილის იუბილე ყოფილა – ჩაილაპარაკა. წერილი ბოლომდე ჩაიკითხა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. უამრავი რამ მოაგონდა… გადაწყვიტა, თავადაც მიელოცა მწერლისთვის და ფურცელი მოიმარჯვა –

 „ჩემო ძვირფასო, ბატონო სერგო!

ტკბილად მოსაგონარია შენი მეზობლობა და მეგობრობა ჩემი ოჯახისათვის. ჩიქოვანებიდან რომ ბრუნდებოდი, ჩვენს კარებს გულგრილად არ ჩაუვლიდი. იყო ნარდის თამაში და ღამისთევა. იცოცხლე, ჩემო კეთილო და გვაჩუქე რაიმე შენებური.

მეგობრული სალმით,

მალიკო მრევლიშვილი“

ვერც წერილის წერამ დაამშვიდა. აფორიაქება ვერ მოიშორა; საღამოს ნუგზარ ბაგრატიონის სატელევიზიო სპექტაკლის – „იოჰან სებასტიან ბახის“ (გურამ დოჩანაშვილის მიხედვით) პრემიერა იყო ჩანიშნული ტელევიზიით. ქალბატონი მალიკოც თამაშობდა ამ სპექტაკლში, საკმაოდ სოლიდურ ასაკში. ამიტომ ღელავდა ასე. ხმაამოუღებლად უყურა თავის სავარძელში ჩაფლულმა სპექტაკლს.  ტელეფონის ზარები არ შეწყვეტილა იმ საღამოს.  ნუგზარ ბაგრატიონმაც არ დააყოვნა –

– „ნუგზარ, მე მინდოდა, დამესწრო… არა. მე გიხდი მადლობას ამ წუთებისთვის. თურმე, რამდენს ვახსოვარ კიდევ. კარგი, თუ გიყვარდე… მომავალი გვიჩვენებს… კარგად იყავი, შვილო!“

სავარძელში დიდხანს იჯდა ისევ მაუკა. მომავალზე თუ ფიქრობდა…

ვიხსენებ მარიკა ბარათაშვილს

1952 წელი იდგა. ხუთი წლის ვიყავი. წყალტუბოში ბებიას მეგობარი გვესტუმრა და დიდი მაგიდა მისაღებ ოთხში უამრავი ფურცლით აავსო. უცნაური ქალბატონი  თავისთანაც მიხმობდა ხშირად; კალთაში მისვამდა; თავზე მეფერებოდა და ერთად „ვაგრძელებდით“ წერას. მაშინ რა ვიცოდი, რომ ჩვენს სახლში კინოფილმ „ჭრიჭინას“ სცენარს წერდა ბებიას მეგობარი – ცნობილი პოეტი და დრამატურგი – მარიკა ბარათაშვილი.

გავიდა დრო და თეატრალურ რადიოგადაცემაში, რომელიც ბაბუას განსაკუთრებით უყვარდა, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი – „მარინე“ – იგივე „ჭრიჭინა“ გადმოსცეს. მაყურებლის ტაშის ხმა და სიცილი გასდევდა წარმოდგენას. იმ დღეს მეორედ „გადავიკვეთე“  მარიკა ბარათაშვილთან.

მერე კიდევ 42 წელი გავიდა და ისევ მარჯანიშვილის თეატრში ჩემი პიესა – „საპოვნელა“ დაიდგა. მუსიკალურად გივი გაჩეჩილაძემ გააფორმა სპექტაკლი, რომელსაც თემად  გენიალური არჩილ კერესელიძის „საპოვნელა“ გასდევდა… ის „საპოვნელა“, რომლის ტექსტის ავტორი, სწორედ ბებიაჩემის სტუმარი და მეგობარი – მარიკა ბარათაშვილი იყო.

ნიჭიერად გაკეთებული არანჟირება  მაყურებელს თითქოს ფარდის გახსნამდე ამზადებდა. ვგიჟდებოდი ამ მომენტზე –   პუბლიკის დაძაბული მზერა; რაღაცის მოლოდინში სულგანაბული დარბაზი. მთელი წარმოდგენის მანძილზე არ წყდებოდა ტაში და სიცილი, რომელიც ბოლოს არნახულ ოვაციებში გადადიოდა.  

დღემდე მგონია, რომ იქ, წყალტუბოში, დიდ, მრგვალ მაგიდასთან რაღაც მადლი გადმოვიდა ჩემზე ქალბატონი მარიკასგან; რას წარმოიდგენდა მაშინ ის პატარა რეზიკო, რომ ლამის ნახევარი საუკუნის მერე  თავადაც დაწერდა პიესას და მას „საპოვნელას“ დაარქმევდა…

რაც მინახავს და განმიცდია

(ქალბატონ ნათელა ურუშაძის მოგონება)

იყო ასეთი სცენა ჩემს ცხოვრებაში – ქალბატონი ნათელა ურუშაძე გავაგიჟე; წყალსა და მის ხასიათზე, ანომალიურ თვისებებზე ვესაუბრე; მერე პერიოდულ სისტემასაც გადავწვდი და იქაური წესრიგი ავუხსენი; ვუამბე, როგორ იქცევიან სისტემაში გაერთიანებული ოჯახები – ე.წ. „კლანები“.

დრო ბევრი გვქონდა; ქუთაისში ვიყავით მიწვეულები; ჩვენი საუბარი ქალაქის მთავარ მოედანზე შედგა – ზაირას კაფეში.

თბილისში დაბრუნებულს  ერთ საღამოს ქალბატონმა ნათელამ  დამირეკა და მთხოვა – რეზო, მოიტანე პერიოდული სისტემა და გავაგრძელოთ ჩვენი დაწყებული საუბარი! ასეც მოვიქეცი; მაგიდაზე გავშალე პერიოდული სისტემა და დავიწყე; ატომის აღნაგობასაც გადავწვდი. არ იცით, რა ინტერესით მისმენდა; გადავწყვიტეთ, საერთო ნაშრომიც დაგვეწერა, მაგრამ… თან გემრიელ გემრიელ-გემრიელ ყავასაც მიმზადებდა – ე.წ. ხსნადს“. წინასწარმეტყველიც იყო. ერთ-ერთ სატელევიზიო  ინტერვიუში ბრძანა – კვდება რეზო, ისე უნდა სცენაზე ყოფნაო და წლების შემდეგ მართლაც ასე მოხდა; ჩემს პიესაში – ზარატუსტრას  ჟამი“ (ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;  რეჟ. ირაკლი გოგია) მე ვკითხულობდი ზარიდოშთის, ზარატუსტრასა და მომავლის რჩეულის ქადაგებებს. კარგი სპექტაკლი იყო და 2009 წელს თეატრალურმა საზოგადოებამ წლის საუკეთესო სპექტაკლადაც დაასახელა.

ქალბატონ ნათელასთან კიდევ ერთი სატელევიზიო ინტერვიუ მახსოვს

მაშინაც გამიხსენა – რეზო კლდიაშვილი იმაზე წერს, რაც უნახავს და განუცდია; ის სჭირდება ქართულ თეატრს. ამიტომაც იდგმება ასე წარმატებით რეზოს პიესები ქართულ თეატრებში და ამიტომაც თამაშობენ ამ სპექტაკლებში საქართველოში ყველაზე ცნობილი მსახიობებიო…

ასეთი იყო ნათელა ურუშაძის „განაჩენი“… მისი სურვილიც, რომ მეწერა…

მეც ვწერ და თქვენამდე ის მომაქვს, რაც მინახავს და განმიცდია; რაც ჩემია და ჩემეულია…

ქალბატონ ნათელასაც ძალიან გაახარებდა ეს.

ევგენი ხარაძე მირეკავს!

ჩემი მასწავლებლის – აკადემიკოს რამაზ ლაღიძის გარდაცვალებიდან ხუთი წლის თავზე გამოვაქვეყნე წერილი – „ბატონი რამაზ ლაღიძე“, რომელიც, რასაკვირველია, მის მეუღლეს  – ქალბატონ მზია ახმეტელს მივართვი. წერილი პარიზშიაც გადაიგზავნა ბატონი რამაზის ძმების – ჯვანშერისა და თორნიკეს ოჯახებში; საუბარია მიტროფანე ლაღიძის შვილებზე.

წერილი იღბლიანი აღმოჩნდა; ბევრმა დამირეკა. ის წაუკითხავს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს ევგენი ხარაძესაც და ქალბატონი მზიასთვის დაურეკავს;  ჩემი ტელეფონის ნომერი უთხოვია. მე ხომ ეს ამბავი არ ვიცოდი? ერთ დღესაც ტელეფონი რეკავს;  ყურმილს ვიღებ და ევგენი ხარაძის ხმით ვიღაც მკითხულობს

  • ბატონ რევაზს სთხოვეთ!
  • რას ღადაობ?!

პაუზა…

  • ევგენი გაწუხებთ, ხარაძე; ბატონი რევაზ კლდიაშვილი ბრძანდებით?
  • შანსი არაა! კარგი, ნუ გაახურე! რომელი ხარ?

პაუზა…

– ბატონო რევაზ, ქალბატონი მზია ახმეტელის ნებართვით გირეკავთ!

– ბატონოოო!

და ბატონი ევგენი არ ბრაზდება. ბოლომდე მეუბნება, რატომაც დამირეკა.

ჩემს ბოდიშებს რა ფასი ჰქონდა. დანარჩენი არ მკითხოთ.

კორძაძეების სტუმარი

ფბ-ზე სურათი გამოჩნდა – ორი დიდი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსები – ნიკო მუსხელიშვილი და ილია ვეკუა. დიდხანს დავცქეროდი მათ სახეებს და ბავშვობის მოგონებებში გადავვარდი. მოქმედება  ჩემს უბანში ვითარდება – საფიჩხიაზე. იმ დღეს ბებიამ მითხრა – „რეზიკო, დღეს  მარტო წახვალ გაკვეთილზე; მგონი, წნევა მაქვს!“ სიხარულისგან ცხვირის ნესტოები დამებერა. ცოტა ხნის შემდეგ  ხელი წავავლე  ვიოლინოს და ეზოდან საქმიანად გავედი. საკრავი ჩემი კლასელის – ჯონი ჯიბლაძის სადარბაზოში მივაყუდე.  ჯონიმ, თითქოს დიდ საიდუმლოს მანდობდა, ფრთხილად ჩამჩურჩულა – კორძაძეებთან ილია ვეკუაა სტუმრად და ეს მანქანა მას ელოდებაო. ამასობაში მეზობლის სადარბაზოს კარიც გაიღო და უფრო აფორიაქდა ჯონი –

– ე, ე, ხედავ ყველაზე მაღალ კაცს? ილია ვეკუაა! 

ქარიანი ამინდი იყო და ილია ვეკუას მეუღლე აფრიალებულ კაბას ხან ერთი ხელით „აკავებდა“, ხან – მეორით. გამოემშვიდობნენ ერთმანეთს სტუდენტობის მეგობრები. მოღიმარი ილია ვეკუა   მძიმედ ჩაჯდა მანქანაში. მისი მეგობარი კი, ჩვენი საფიჩხიელი მეზობელი – ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი, მათემატიკოსი შურა კორძაძე თავის მეუღლესთან ერთად მანამდე იდგა სადარბაზოს კართან, სანამ ვეკუას მანქანა თვალს არ მიეფარა. წლები გავიდა. ერთ დღეს   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მოვხვდი. უამრავი ადამიანი ირეოდა. ვიკითხე, რა ხდებოდა. მითხრეს – ილია ვეკუა უნდა გამოასვენონო. რამდენიმე წუთში ის ქალბატონიც დავინახე, კაბა რომ უფრიალებდა კორძაძეების სადარბაზოსთან – უკიდურესად მგლოვიარე იყო და დაპატარავებულიც კი მომეჩვენა. დღემდე არ ამომდის ის სცენა თვალებიდან. იმ დღის მერეც გავიდა დრო და ჩემმა მეგობარმა – რამაზ ლომინაძემ ცოლად მარინა ვეკუა შეირთო. ასე გავხდი  ვეკუების ოჯახის უახლოესი ადამიანი სამუდამოდ. პირადად დავუმეგობრდი ქალბატონ თამარს – „მადამ ვეკუას“; რეებს აღარ მიყვებოდა – მისგან გავიგე, როგორ ააშენა ილია ვეკუამ ციმბირში ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტი; როგორ უღალატეს; როგორ დაბრუნდა სამშობლოში. მძიმე დრო გახლდათ – 90-ანები – არც შუქი იყო, არც – ტრანსპორტი; გარეთაც აუტანლად ციოდა. მარინასგან მალულად, ჭიქა კონიაკის გადაკვრით „ვებრძოდით“ მე და ქალბატონი თამარი სიცივეს. ისევ გავიდა დრო და ჩემს ოჯახში  ტელეფონის ზარის ხმა გაისმა; ქალბატონმა თამარმა შემზარავი ხმით მითხრა – „რეზო, ჟიული მოკლეს აფხაზეთში. ჟიული!“ დღესაც ჩამესმის ეს ხმა. ჟიული შარტავა რომ არა, ჩვენი ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი არც იარსებებდა; მუდამ გვერდით გვედგა. ჩემს არქივში ინახება აკადემიკოს ილია ვეკუას  „მიმართვა ახალგაზრდა მეცნიერებს“.

რას წარმოიდგენდა ჩემი კლასელი – ჯონი ჯიბლაძე, ვეკუების ოჯახის ასეთი ახლობელი თუ გავხდებოდი.

ნილს ბორი და კახელი გლეხი!


ახალგაზრდა ფიზიკოსმა – დათო ხუციშვილმა, რომელიც წარმოშობით კახეთიდან არის, მიამბო – „ჩემი ოჯახის წევრებისგან ვიცი, რომ აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის მოწვევით თბილისში კონფერენციაზე  იმყოფებოდა პროფესორი ნილს ბორი, რომელიც, ტრადიციულად, კახეთშიც მიიწვიეს. მანქანას, რომელშიც ელეფთერ ანდრონიკაშვილი და ნილს ბორი ისხდნენ, საბურავმა „უმტყუნა“, თურმე. კახელი კაცის ეზოსთან მომხდარა ეს „ტრაგედია“. გლეხს დახმარება სთხოვეს  და უთხრეს, ცნობილი ფიზიკოსი გვყავს სტუმრადო. კახელმა კახურად უპასუხა:

 – თქვენც ერთი, ნილს ბორი არ გყავდეთ სტუმრადო!

გაოცდნენ:

  • შენ რა იცი ნილს ბორი?!
  • გეპეიში რომ ვაბარებდი, ეგ შემხვდა და მაგან ჩამჭრაო!

ბორს უთარგმნეს  კახელის ამბავი“…

ნანა ღვინეფაძე

1995 წლის 7 თებერვალი იყო. მარჯანიშვილის თეატრში ჩემი პირველი პიესის – „საპოვნელას“ პრემიერა იწყებოდა; დარბაზში შევიხედე; ცნობილი თეატრმცოდნე, პოეტი და მთარგმნელი – ნანა ღვინეფაძე მიღიმოდა შორიდან; მასთან სიმონეთი, ღვინეფაძეების უბანი, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი და სხვა უამრავი სიკეთე მაკავშირებდა. ნანა სწრაფად მომიახლოვდა, კონვერტი გამომიწოდა და სპექტაკლის დაწყების ზარის ხმაც გაისმა;  კონვერტში ლექსი აღმოჩნდა – ჩემდამი მოძღვნილი… „საპოვნელას“ პრემიერამდე ნანას საოცრად საინტერესო საღამო იყო ილია ვეკუას სახელობის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში – ნანას ლექსები და თარგმანები…  ამ კლუბს უამრავი საინტერესო ადამიანი ახსოვს; უამრავი სახე, სახელი და ისტორია… ეს ადამიანები გვიფერადებდნენ იმ საუკეთესო წლებს, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდობა ერქვა.

ქალბატონი ნათელა ახვლედიანი

თბილისი. უკვე ოჯახი მყავს. ჩემი მეგობრების – ნუნუკა და მარინა შაქარაშვილების დედა – ქალბატონი ნათელა ახვლედიანი, რომელიც გურიის უკანასკნელი მთავრისა და მეფის არმიის გენერლის – ნესტორ გარდაფხაძის შთამომავალია იყო გაიგო, რომ რეზო კლდიაშვილი იქვე – მარინასა და ნუკრი შავგულიძის მახლობლად ცხოვრობს.

მაისის თვეა. მარინასა და ნუკრის ეზოში აფეთქებულ ვარდები დაკრიფა და ჩემი სადარბაზოს კარზე დარეკა ზარი . ვარდებით ხელში კართან იდგა  დარბაისელი ქალბატონი – ნათელა ახვლედიანი:

 – გავიგე, თქვენ ელენე და გიორგი კლდიაშვილების ოჯახის შთამომავალი ბრძანდებით; მიიღეთ ჩემგან ეს ვარდები; ჩემი დაკრეფილია!

-შ ე მ ო ბ რ ძ ა ნ დ ი თ!

მორიდებული უარი მივიღე. დინჯად ჩაუყვა კიბეებს. დიდხანს ვიდექი გაუნძრევლად.

დანარჩენი მოთხრობაში – „სამხატვრო გამოფენაზე“ ჩემს წიგნში – „საფიჩხიელი პაგანინი“.
ქალბატონი ნათელა ახვლედიანი ლადო გუდიაშვილსაც დაუხატავს; დიდი მხატვრის მუზადაც იქცა მისი სილამაზე… (1)

კობიძეების ნათელა

ჩემს ბავშვობაში ქუთაისში აღდგომას გავდიოდით საფიჩხიის სასაფლაოზე. როგორც წესი, ბაბუა ერთ კვერცხს მომაწოდებდა და მთხოვდა, ქიმიკოს საბა კლდიაშვილის საფლავზე გადამეგორებინა. ეტყობოდა, მისი ნათესავებიდან ქუთაისში აღარავინ ცხოვრობდა – ჩვენ გარდა. ასე შემოვიდა ჩემს ცნობიერებაში ქიმია და ქიმიკოსი საბა კლდიაშვილი. მეშვიდე კლასის ბოლოს ქიმიაში „გავიჭედე“ და ბებიამ ჩვენს მეზობლად მიმიყვანა კობიძეების ნათელასთან, რომელსაც ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. მასწავლებლად იყო დაბადებული, მაგრამ სკოლაში მასწავლებლის ადგილს ვერ ეღირსა და ქარხნის ლაბორატორიაში მუშაობდა წამყვან ქიმიკოსად. მაისის თვე იყო; ბებიამ მომკიდა ხელი და კობიძეების ეზოს ჭიშკარი შევაღეთ. გამოეფინნენ კობიძეები; მიეგებნენ ბებიას, არ იცით, როგორი სიყვარულით. კობიძეების მაისის ვაშლი ნახევრად შეწითლებული იყო. ხის ძირში ქვის მრგვალი მაგიდა იდგა; ბებიამ ჩემი ქიმიის წიგნი მაგიდაზე დადო; მასპინძლებს სტუმრობის მიზეზიც მოახსენა. და დაიწყო ამ მაისის ვაშლის ხის ძირში ჩემი ქიმიით „მოწამვლა“. მოკლედ, კობიძეების ნათელამ გამიხსნა ტვინი. მისი ახსნის მეთოდებს დღესაც ვიყენებ. თუ რამეს მივაღწიე, ამ შესანიშნავი პიროვნების, მოსიყვარულე ადამიანის, კობიძეების ნათელას დამსახურებაა; სამწუხაროდ, არაა დიდი ხანი, რაც გარდაიცვალა. ულაპარაკოდ ნათელშია!

საბა კლდიაშვილმა, ნათელა კობიძემ და აკადემიკოსმა რამაზ ლაღიძემ დიდი როლი შეასრულეს ჩემს ცხოვრებაში – ქიმია შემაყვარეს და მეც ვცდილობ, გამტარის როლი შევასრულო.

დაგვიანებული მადლობა!

ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორმა – ბატონმა გიზო გელეიშვილმა დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში; თუმცა, თავად ამის შესახებ არც კი იცის. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ორგანული სინთეზის ლაბორატორიის ასპირანტი ვიყავი. ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი – ბატონი გიორგი ციციშვილი. აკადემიკოსები და თავიანთი  დარგის  საუკეთესო მეცნიერები ქიმიაში ლაბორატორიის ხელმძღვანელები გახლდნენ; ხომ წარმოგიდგენიათ? ბედნიერება იყო ახალგაზრდისთვის იქ სწავლა და შრომა. გაცხოველებული  სამეცნიერო მუშაობა მიმდინარეობდა ლაბორატორიებში. რამდენიმე დღის ასპირანტი ვიყავი და ჩემმა პროფესორმა – აკადემიკოსმა რამაზ  ლაღიძემ  მითხრა, სემინარს უნდა დავესწროთო. სააქტო დარბაზში ტევა არ იყო. აკადემიკოსები და ლაბორატორიის ხელმძღვანელები წინა რიგში იყვნენ ჩამწკრივებულები. წარმოსადეგი გარეგნობის  ახალგაზრდა – კომპლექსნაერთების ქიმიის ლაბორატორიიდან – დადგა გრძელ მაგიდასთან და დაიწყო სემინარი. რთულ ფორმულებს სწრაფად წერდა დაფაზე და ისე  გატაცებით ჰყვებოდა თავის სამუშაოზე, თითქოს სულ არ აინტერესებდა, დარბაზში ვინ იჯდა და ვინ უსმენდა;  „დაცურავდა“. კითხვებს დამაჯერებლად პასუხობდა. მე კი გულში ვფიქრობდი:

  • ეგეთი უნდა გამოვიდე!

ცხადია, შემთხვევით არ ჩავუყვანივარ ჩემს პროფესორს ახალგაზრდა მეცნიერის სემინარზე. დარწმუნებული ვარ, არაერთხელ ჰქონდა მისთვის მოსმენილი მანამდეც. უბრალოდ, კლასი უნდოდა, რომ ეჩვენებინა ჩემთვის და მაჩვენა კიდეც. გავიდა წლები და მეც ვისწავლე „ცურვა“.

დაგვიანებული  მადლობა ბატონ გიზო გელეიშვილს.

მაგარინაშა

სტუდენტობისას ჩემს მეგობარს – ამურ ფურცხვანიძეს მივაკითხე სამედიცინო ინსტიტუტში პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან, ლექცია ჰქონდა:

  • შემოდი, შემოდი. მაგარი ნაშა გვიკითხავს ორგანულ ქიმიას და მერე წავიდეთო, მართლაც „მაგარი ნაშა“ შემოვიდა გადაჭედილ აუდიტორიაში.

– ვინაა?- გადავულაპარაკე ამურის და მანაც კბილებში გამოსცრა:

– მანანა გედევანიშვილი.

მონუსხული ვუსმენდი; მრავალატომიან სპირტებს ხსნიდა. მერე ცხოვრება  ისე წავიდა,  მანანა ჩემთვის ახლობელი გახდა; კოლეგები ვიყავით. გავიდა წლები და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორმა, პროფესორმა ზაზა კახიანმა ქიმიის კათედრის გამგედ მიმიწვია. მანანას შევთავაზე ბიოორგანული ქიმია წაეკითხა; უარი მითხრა; მიტოვებული ჰქონდა ლექციების კითხვა. სამაგიეროდ, საინტერესო რჩევები, ლაბორატორიულები მომცა და თავისი არქივის საინტერესო მასალებიც გადმომცა. აკადემიკოს ვლადიმერ ასათიანის მოწაფე იყო.

ის ლექცია კი დაუვიწყარი იყო.

ზარატუსტრა ქართველ გერმანისტებთან

ჩემი პიესის – „ზარატუსტრას ჟამი“  ავტორისეული პირველი წაკითხვა   2003 წლის 3 ნოემბერს გაიმართა; გაიხსენეთ, რა პერიოდია… რა ხდებოდა თბილისის ქუჩებსა და პარლამენტთან…

ამ დროს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის გოეთეს საერთაშორისო საზოგადოებისა და მისი თავმჯდომარის – მანანა პაიჭაძის ინიციატივით გაიმართა სემინარი,  რომელსაც  უძღვებოდა  ცნობილი გერმანისტი, პროფესორი ნოდარ კაკაბაძე.

აი, ასე დავიწყე იმ დღეს ჩემი და ჩემი პიესის წარდგენა, რომელსაც  გერმანისტების ელიტა და სტუდენტობა ესწრებოდა –

რეზო კლდიაშვილი: იდეა იმისა, რომ ზარატუსტრას შევჭიდებოდი, დღევანდელობამ, დრომ მიკარნახა და კიდევ იმ ფაქტმა, რომ შემთხვევით ხელში ჩამივარდა ქართველი ინკოგნიტო ავტორების (3+1) რომანი – ტექსტი „მომავლის რჩეული“, სადაც ისტორიული ზარიდოშთის გაგებაზეცაა საუბარი. როგორც ნიცშემ დაამყნო თავის დროზე საკუთარი შეხედულებები ისტორიულ ზარატუსტრას, ისე შევეცადე მეც, მომავლის რჩეულის სახით გადმომეცა მისი აზრები. იქნებ, მკრეხელურადაც მოგეჩვენოთ ჩემი განაცხადი, მაგრამ ხელოვანი თავისუფალია და თავისი იდეების გასატარებლად ყველაფერი შეუძლია, რომ იღონოს.

ჩემი ზარატუსტრა ვერ იტანს სუსტ ადამიანს და პიროვნებას უმღერის.  ნიცშეს თავისი წიგნის  ქვესათაურად აქვს ასეთი რებუსი – „წიგნი ყველასა და არავისთვის“; მე შევეცადე, ჩემი გასაღებით შევსულიყავი ამ სამყაროში. მიყვარს ნიცშე, ზარატუსტრა და მათი ცოცხალი თანამგზავრი მინდა, რომ ვიყო.

დიდი პატივისცემით უნდა გავიხსენო ერეკლე ტატიშვილი, რომელმაც ჯერ კიდევ როდის გაბედა „ზარატუსტრას“ თარგმნა  და დაისაჯა კიდეც. ამ პიესით მინდა, ზარატუსტრას ცეცხლი და შეგონებები მივიტანო ხალხთან; მისი  თანამგზავრი გავხადო და აზრის თეატრი შევთავაზო მაყურებელს.

P.S. ნოდარ კაკაბაძე:  შენი ზარატუსტრა ბრძენი და ამავე დროს ადამიანურია, ხალხში გადის, ესაუბრება მათ. მისთვის უცხო არაა ადამიანური გრძნობები.

მისი უდიდებულესობა – მაყურებელი!

კონსტანტინე ჭარხალაშვილიქუთაისში, სპექტაკლის შემდეგ, მოურიდებლად ავვარდი სცენაზე. არ შემეძლო, სოფიკო ჭიაურელისთვის არ მეთქვა, რასაც ვგრძნობდი იმ წუთში. ეს გრძნობა მთელი ცხოვრება გამყვა. ენა დამება, ავბლუკუნდი. სოფიკო მოთმინებით მისმენდა. ვიღაცამ კულისებიდან დაუძახა. მადროვეო,- მკაცრად უპასუხა. ბოლომდე მისმინა და მე უკვე შეყვარებული ვიყავი მასზე მეცხრე კლასელივით. ასეთი ადამიანები არ უნდა შორდებოდნენ ამ წუთისოფელს“.

კოტე ჭარხალაშვილი იმ დღეს იგონებს, ჩემი პიესის – „საპოვნელა“ ქუთაისური პრემიერა რომ შედგა. 28 წლის მერეც ახსოვს 1995 წლის მარტის ის დღე და განუმეორებელი სოფიკო…

მეამაყები, ხულიგანა

ხულიგანა – მიშიკო ქორქია, ჩემი მოწაფე გახლდათ; ქიმიას ვასწავლიდი 53-ე სკოლაში. გაკვეთილზე ერთხელ წამომცდა, უშაქრო ჩაიზეც შეიძლება კარგი დროს გატარება- მეთქი და კლასში სიცილი ატყდა. არ დავიბენი – დღეს გეპატიჟებით მთელ კლასს ჩემთან სახლში, გმირთა მოედანზე, უშაქრო ჩაიზე-მეთქი და გამახსენდა, ჩემი მეუღლის ბაბუის პანაშვიდები რომ იყო.

ვერაზე ხმა გავარდა, ბავშვები ქიმიის მასწავლებელთან არიან დაპატიჟებულები უშაქრო ჩაიზეო. ირინამ ერთი კი მითხრა, სანამ რამეს იტყვი, გაიაზრე და ისე თქვიო. მოკლედ, ყველაფერი მომიწესრიგა და დამტოვა. საღამოს მობრძანდნენ დაპატიჟებული სტუმრები. ერთმა-ორმა მურაბაც მოიტანა და იქვე დავდე, შემოსასვლელში. იმ დღესაც „პარადი“ ხულიგანას მიჰყავდა. მშვენივრად მოკალათდნენ სავარძლებში. ნახცომ დაკუჭულ თორმეტფურცლიან რვეულში გადაწერილი თავისი ლექსებიც მოიტანა.

გოგოებმა უშაქრო ჩაი მოამზადეს. გიორგი ფოფხაძემ და ბიჭებმა ჩაი ჩამოარიგეს; ხულიგანამ ბრძანა – ნახცომ  ლექსები წაგვიკითხოსო.

ნახცოც არ გაპრანჭულა და გატაცებით დაიწყო კითხვა. ხულიგანამ სთხოვა, მე რომ მიყვარს – „ზამთარი“ – ის წაიკითხეო.

ნახცომ გულმოდგინედ დაიწყო რვეულის გადაფურცვლა; ვერ მოძებნა და „გაჭირვებული“ სახით უთხრა – ზეპირად ვიტყვიო.

ხულიგანამ გამაფრთხილა – რეზო მასწ, მაგარი ლექსია, მოუსმინეთ!

ნახცოს იმ დღეს ჩემთან დარჩა თავისი ლექსების რვეული; ისე გულდაგულ შევინახე, დღემდე ვეძებ; რა ვიცოდი, ასეთი განთქმული პოეტი თუ დადგებოდა მისგან?

მოკლედ, არნახული დრო გავატარეთ; ჩემი არტისტული ნიჭიც გამოვამჟღავნე – თითოეული მათგანი განვასახიერე გაკვეთილზე.  სიცილით იხოცებოდნენ.

მერე სიგარეტიც „გააძვრეს“ აივანზე, მაგრამ არ შევიმჩნიე. გიგა ღუღუნიშვილმა „მარლბოროს“ ღერი  შემომთავაზა მოკრძალებით; ვიუარე. მშობლები მორიდებით მირეკავდნენ.

სასწაულიც „ჩაიდინეს“ იმ საღამოს ბავშვებმა – წასვლამდე სახლი ისე დაალაგეს, რომ მეორე დღეს შინ დაბრუნებული ჩემი მეუღლე  გაოცებული დარჩა.

ამ ამბის მერე არც ისე დიდი დრო გავიდა; 21 წლის ხულიგანა აფხაზეთის ომში წავიდა და აღარც დაბრუნებულა.

14 აგვისტო მისი დაბადების დღეა; წელს 52 წელი შეუსრულდებოდა.

მეამაყები, ხულიგანა!

საბა კლდიაშვილზე

ქუთაისი. 60-ანი წლები. ტელევიზორები აქა-იქ ციმციმებდა ოჯახებში. ერთ საღამოს დოდო აბაშიძეც გამოჩნდა ეკრანზე და კლდიაშვილებზე თქვა – უზომოდ მიყვარსო. იმ დროს „ბაში-აჩუკი“ ახალი გამოსული იყო ეკრანებზე და დოდო აბაშიძის პოპულარობაც პიკს აღწევდა.

კლდიაშვილებისადმი მსახიობის სიყვარული სულაც არ იყო შემთხვევითი – მსახიობის ბაბუა, გრიგოლ კლდიაშვილი ინჟინერი გახლდათ; ბებია – ეფრო ყიფიანი-კლდიაშვილისა (დიმიტრი ყიფიანის ძმისწული) კი პირველი მსახიობი ქალი, რომელსაც სცენაზე პარტნიორობას აკაკი წერეთელი უწევდა.  მარჯორი და ოლივერ  უორდროპებს ქუთაისში სწორედ გრიგოლ და ეფრო კლდიაშვილების ოჯახი უწევდა მასპინძლობას.

კლდიაშვილების თერთმეტშვილიან ოჯახში მერვე იყო ალექსანდრე (საბა), რომელმაც ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა ოდესის უნივერსიტეტში – ქიმიის მიმართულებით; მოკლე ხანში   უნივერსიტეტის რექტორის – პროფესორ ვასილ პეტრიაშვილისა და პროფესორ პეტრე მელიქიშვილის რეკომენდაციით,  საბა კლდიაშვილი ჯერ ბერლინის უნივერსიტეტში აღმოჩნდა – პროფესორ ემილ ფიშერის ლაბორატორიაში, შემდეგ კი – გეტინგენის უნივერსიტეტში.  სამწუხაროდ, უნიჭიერესი ქიმიკოსის სიცოცხლე 32 წლის ასაკში შეეწირა ებრაელების დარბევას ოდესაში.  საბა კლდიაშვილის დაკრძალვა სახალხო გლოვად ქცეულა მთელ საქართველოში.  1905 წლის 20 ნოემბერს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა – „იმ დღეს მთელი ქუთაისი დაკეტილი იყო. არ დარჩენილა არც ერთი დაწესებულება, საზოგადოება, ხელოსნები, მასწავლებლები, მოსწავლეები, მოხუცნი, რომელთაც კუბო გვირგვინით არ შეემკოთ“… ეფროს სურვილი იყო, სიმონეთში საბას სახელზე ბიბლიოთეკა დაეარსებინა, მაგრამ ვერ შეძლო. საუკუნის შემდეგ ვუამბე ეს ამბავი დავით კლდიაშვილის სახელობის ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის დირექტორს – გია ქასრაშვილს. შევთავაზე, სკოლის ბიბლიოთეკისთვის მიენიჭებინათ საბა კლდიაშვილის სახელი. წიგნებიც გავაგზავნე. მერე ამ კლდიაშვილთა პირდაპირი შთამომავალი – ზაზა აბაშიძეც ეწვია სიმონეთს და საბა კლდიაშვილის სახელობის ბიბლიოთეკაც მოინახულა. ასე აღსრულდა საუკუნის შემდეგ ეფრო კლდიაშვილის ოცნება – ბიბლიოთეკით უკვდავეყო თავისი გამორჩეული შვილი – ადამიანისა და ადამიანობისათვის შეწირული საბა კლდიაშვილი.

საბას კლდიაშვილს  მივუძღვენი მონოგრაფია/სახელმძღვანელო – „ბიოორგანული ქიმია“ და რაც მთავარია, სემინარების ციკლი – „წყალი და მისი ხასიათი“. მახარებდა, ჩემს სტუდენტებს თავიანთ სკოლებში რომ მიჰქონდათ, ქვეყნის მასშტაბით,  „ამბები“ წყალზე.

მუზეუმის ქალიშვილი

რუსუდან გოცირიძე – იგივე „მუზეუმის ქალიშვილი“ დავპატიჟე ფიქრის გორაზე თეატრ „ვერიკოში“ ჩემს მონოპიესაზე – „მარტოობის ბინადარი“. რუსუდანი დიდი პატივით მივიღეთ, სპექტაკლის დასრულების შემდეგ გამოვაცხადებინე, რომ წარმოდგენას ესწრებოდა დავით კლდიაშვილის შვილიშვილი. „პაკლონის“ შემდეგ სოფიკოც მოეფერა კლასიკოსის შთამომავალს; დიდი სიყვარული მახსოვდა რუსუდანისა და მისი დედისგან – უკეთილშობილესი ნუცა კლდიაშვილისგან, რომელიც მამის მუზეუმის დამაარსებელიც გახლდათ. ამ ფორმით გამოვხატე ჩემი მადლობა იმ წლების მიმართ, რომელსაც ჩემი და სიმონეთის ურთიერთობა ჰქვია; არც ის არის შემთხვევითი, ჩემი მოთხრობების წიგნში რომ გაჩნდა ჩანახატი – „სოფლის მამიდა”; ასე ეძახდნენ დავითის ქალიშვილს – ნუცა კლდიაშვილს სიმონეთლები… აი, „მუზეუმის ქალიშვილი“ კი მე შევარქვი რუსუდანს ბავშვობაში.

არაფერი

ცხოვრება გაძაღლდა და არაფერმა კიდევ უფრო მეტად იცვალა ფერი; რომ იტყვიან, ფრთები გაშალა. არაფრები არაფრობაში ვცხოვრობთ და არ ვიმჩნევთ! როგორია? ამასობაში ეს ერბოსავით ქვეყანა თვალსა და ხელს შუა გვადნება. არაფერმა არაფრობაში ფეხი ისე მოიკიდა, „ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა – ქალამნად“. გაჩნდნენ ერთმანეთის მსგავსი არაფრის მთქმელი სახეები – არაფრის მთქმელი სიტყვა-პასუხით. არაფერსა და არაფრებს სად დაემალები, როცა არაფერსა და არაფრობაში ვიხარშებით?

ერთ ამბავს გიამბობთ – არ წვიმდა; უფრო სწორად, ცრიდა. ეკლესიაში შევირბინე გასვენებაში; იქიდან გამოსული ერთ ნაცნობს გამოვესაუბრე. იქვე  სხვა ახლობლებმაც  მიხმეს თავისკენ; ამასობაში „საზოგადოება“ შეტორტმანდა და დაიძაბა. ჩემი თანამოსაუბრეც აორთქლდა უცებ. სიტყვა შემაშრა. ზურგით ვიდექი და რომ მოვიხედე, დავინახე, ჩინოვნიკი მძიმედ გადმოდიოდა შავი ჯიპიდან; დაცვამ დამდუღრულივით ქოლგაც გაშალა; შეეშინდა, პატრონი არ დანამულიყო. სცენა თითქოს სტურუას დადგმული იყო – გია ყანჩელის მუსიკის თანხლებით. რას ვხედავ, ერთი რიგითი „არაფერი“ გავარდა და ლამის შეუხტა „იმ“ ქოლგის ქვეშ მომავალ „არაფერს“, რომელმაც რიგითი „არაფერი“ უმალ მოიშორა უკმაყოფილო სახით, მკერდიც ჩამოიფერთხა და მოღიმარი სახით გააგრძელა ტრიუმფალური სვლა. ჩემ გვერდით მდგომმა დარბაისელმა ქალბატონმა ქოლგა მუშკეტერივით გააძრო, მოიმარჯვა და „იმ“ „არაფრისკენ“ გაეშურა. დაცვას კვლავ დაებერა ნესტოები.

  • ქ ა ლ ბ ა ტ ო ნ ო! – შევძახე.

მოგეხსენებათ, მიზანი განაპირობებს ქცევას. აქ მთავარი არ არის, რა მოიმოქმედა იმ ქალბატონმა; არც ჩინოვნიკის ქცევას გავუღიზიანებივარ. ეგეთები გვინახავს? მადარდებს, იმ რიგით „არაფრებს“ რა ეშველებათ, რომლებსაც მტვერივით „ჩამოიფერთხავენ“… არადა, თავისას მაინც რომ არ იშლიან?

აბა, დროებით!

ლე-შატელიეს პრინციპი

ცნობილი მეცნიერის – ლე-შატელიეს პრინციპზე მინდა მოგახსენოთ – „თუ რაიმე ფაქტორი არღვევს წონასწორობას, სისტემაში აღიძვრება ისეთი პროცესი, რომელიც წონასწორობის ამ დამრღვევი ფაქტორის მოქმედების შემცირების მიმართულებით წარიმართება“. გასაგები რომ იყოს, ლე-შატელიეს პრინციპი კი არ სპობს დამრღვევ ფაქტორს, არამედ  ამცირებს მას. აი, ცხრა წელი ნაციონალური მოძრაობა უკიდეგანოდ თავხედობდა. ბოლოს მაინც გამოჩნდა ძალა, გნებავთ, პიროვნება, რომელმაც დაარღვია ეს უკიდეგანო თავხედობა. ეს რეალობაა და ვერ შემეწინააღმდეგებით. ლე-შატელიეს პრინციპი ყველგან მუშაობს: ოჯახში, ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში, ლაბორატორიებში, ინსტიტუტებში, დეპარტამენტებში. და თუ ვინმეს ვისმეს დაჩაგვრა, ძალადობა, შანტაჟი განუზრახავს, წ ა გ ე ბ უ ლ ი ა!!! დამეთანხმეთ, სადაც ჰიტლერი გაჩნდა, იქ, იმავე ბუნებამ მისი მახრჩობელა სტალინიც დაბადა. კოსმოსს არ სძინავს და დადებით ფანტომებს ვერ და არ უგზავნის ტუტუცებს, ჯალათებს, მკვლელებს. ის კი არა და ყოველი ნათქვამი სიტყვა ბუმერანგივით უკან გვიბრუნდება. ნიშნის მოგებით არ ვწერ, ვის უნდა ჩავუდგე ჯიბრში? უფრო გაფრთხილების მიზნით – „ქართული ფაშიზმი“, რომელიც თავისი ბუნებით „წუნკალიცაა“, ჩვენ თვალწინ გამოკრისტალდა და აღარ უნდა განმეორდეს!

P.S. წლებია, ჩემი პიესის – „იმერული რეკვიემი“ – მთავარი გმირი – შურა ექთანი ფინალურ სცენაში სვამს კითხვას – რატომ გამიუპატიურეთ ქვეყანა?!

ნაწყვეტი თეა ფირცხალავას მოგონებიდან

როგორც დათბება, როგორც დათბება,
და მზე ჩატკბება შემკულ დაისში,
უნდა აღსრულდეს რაც მენატრება
უნდა გავფრინდე ჩემს ქუთაისში…“

ირაკლი აბაშიძე


რეზო კლდიაშვილი ჩემი მეგობარია; დიდი ხნის წინ გავიცანი ქუთაისში. 13 წლისა ვიყავი მაშინ;  ბებიასთან ერთად ჩავედი ჩემს უსაყვარლეს ქალაქში, სადაც ფილმის – „ჩემი მეგობარი ნოდარი“ – გადაღებები მიმდინარეობდა…

სადაც არ უნდა შევხვდე რეზოს, საუბრის მთავარი თემა მუდამ ქუთაისი და ჩვენი ბავშვობაა. ყოველთვის ვიგონებთ ბებიაჩემსაც, სასტუმროს „კართან“ მომხდურ ჩემს ქუთაისელ „კავალრებს“ ქოლგააღმართული რომ იგერიებდა…

რეზო სუფთა და დიდი გულის ადამიანია; ქუთაისის სიყვარულშიაც „სუფთაა“;
იქ გატარებულ ბავშვობასა და საუკეთესო წლებს იხსენებს  ყოველ მეორე წინადადებაში და თუკი დრო გამოუჩნდა, ისევ იქ გარბის;  გარბის, რომ ის განიცადოს, რაზეც ირაკლი აბაშიძე წერდა –

„…ვნახო, ბინდბუნდში როგორ გაქრება
მთები, ზეცამდე შემართულები
მერე რიონზე აკიაფდება
ჩემი ბავშვობის ელნათურები.“

ახალ ბინაში რომ გადავედით, რეზო სახლში გვეწვია მე და მურაზს და თავისი წიგნი – „საფიჩხიელი პაგანინი“ გვაჩუქა. თითქმის იმავე დღეს დავასრულე კითხვა; ვერ მოვწყდი.

მინდოდა, წარმოსახვითი პაგანინის ვირტუოზულად შესრულებული მუსიკის ფონზე „მომესმინა“ ნაღდი ქუთაისური აქცენტით მოყოლილი ქუთაისური ამბები; საფიჩხიელის თვალით „დამეთვალიერებინა“ ხელახლა იმერეთი და „იმერული ესკიზები“; ან „გამეცნო“ რეზოს ლიტერატურული გმირები, უცნაური ზედმეტსახელებით, რომლებზეც  უზადო იუმორით „მიყვებოდა“ ჩემი მეგობარი… მხოლოდ ქუთაისელები რომ ყოფილიყვნენ რეზოს გმირები, კიდევ „გადავიტანდი“… მან არც კაბირია დაივიწყა და არც – კენედის მკვლელობა; თან ისე „მომიყვა“ მათი ამბავი, უმალ თვალწინ დამიდგა, როგორ შევიდა ნახევრადმძინარე ელიჩკა კენედის დედის მდგომარეობაში და როგორ დაიტირა სრულიად ქუთაისმა ამერიკის პრეზიდენტი ნოემბრის მიწურულს… იმ დღეს  „საფიჩხიელ პაგანინთან“ ერთად მოვიარე საფიჩხია და მთელი იმერეთი;  გავიცანი საოცარი ხალხი; მათთან ერთად ვიცხოვრე, მოვილხინე და ვიდარდე… რეზომ იცის, რომ იოტისოდენასაც არ ვამატებ… იცის, როგორ მიყვარს მისი ქუთაისი, მისი სიმონეთი, მისი საფიჩხია და სრულიად იმერეთი… „ხე ნაყოფით იცნობაო“; ჰოდა, რეზოშიც იცნობა დიდი დავით კლდიაშვილის გენი და ნაყოფი, ქუთაისის ჩამტკბარი მზე…

საქორწილო „საჩუქარი“

ცოლს რომ ვირთავდი, მიხეილ ჯავახიშვილის შვილიშვილმა – რამაზ შიშნიაშვილმა მითხრა – ჩემი მანქანით უნდა „მოგემსახუროო“. უარს რატომ ვიტყოდი ასეთ საქორწილო „საჩუქარზე“?  მაყრიონს მისი „გასისინებული“ შავი „ვოლგით“ მივუძღვებოდით. რამაზმა რესტორან „ისინდთან“ ყველას დასანახად გამოგვიღო მანქანის კარი მეფე-დედოფალს და ელეგანტურად აგვიძღვა კიბეებისკენ.  გარეგნობით რამაზი ავ თვალს არ ენახებოდა. მთელ თბილისში იყო ცნობილი და მისი გამოჩენა ქორწილში ერთგვარ მოულოდნელობად იქცა; თითქოს ჰაერში ჩამოეკიდა კითხვა   – საიდან რამაზი? არადა, ჩემი დეიდაშვილის მეუღლის – ელიზბარ ლომინაძის განუყრელი მეგობარი იყო და მე, როგორც უმცროს მეგობარს, ორივე მანებივრებდა.

ანუკა

ქალიშვილი რომ შემეძინა, დედამ შვებით ამოისუნთქა; დამშვიდდა, რომ მის რეზიკოს სიბერეში პატრონი ეყოლებოდა. ვცდილობ, საპატრონო არ ვიყო, მაგრამ დედამ  ხომ იმედიანად  დატოვა ეს წუთისოფელი?

უნდა ვაღიარო, რომ ყოველმხრივ მართალი აღმოჩნდა დედაჩემი. ანუკა შვებაცაა, სიმშვიდეცა და იმედიც, თუმცა, „კონკურენტებიც“ გამიჩნდნენ… 

რაც დრო გადის, უფრო ვხვდები, რა მითხრა დედაჩემმა გარდაცვალების წინ –  არ მეცოდები, ისეთ ირინასთან და ანუკასთან გტოვებო… ისე, ისიც მითხრა – გახსოვდეს ქალბატონ მედეა კუჭუხიძისა და სოფიკოს ამაგიო.

მეც მახსოვს!

თითქოს დაუჯერებელი  ამბავი

საღამოა. მე და ჩემი მეუღლე ტაქსიში ჩავსხედით; მძღოლს ვურჩიე, გმირთა მოედანზე როგორ მივეყვანეთ. ეწყინა, რას მასწავლიო და მორალი წამიკითხა თავის პროფესიონალიზმზე; აღარ დაასრულა. ბოლოს გამეჭიმა:

– საფიჩხიელი ვარო!

– მეც საფიჩხიელი ვარ!- გულწრფელად ვუპასუხე.

– სად ცხოვრობდი?

ავუხსენი.

 -ორივე სახლი რამ გაგაყიდვინა? არ ხარ კარგი საფიჩხიელი; ყველა საფიჩხიელი საფიჩხიის სასაფლაოზე უნდა დავსაფლავდეთ!

წითელზე შეაჩერა.

 – დავეტევით?

– დაგვატევენ! შენ თუ საფიჩხიელი ხარ, ხოსიას სახლი გეცოდინება; მე კიდევ „კინოპრაკატთან“ შესახვევში ვცხოვრობ!

– ხოსია ჩემი კლასელია!

– შენ მამაჩემიც გეცოდინება! – და ამაყად წარმოთქვა.

 – ცნობილი კაცია!

– გაფიცებ ყველაფერს, თუ იცნობდი, არ დამიმალო; ისიც გეცოდინება,  ციხიდან რომ გადმოხტა და მამამისის სილიან მანქანას დაახტა!

– ვაა, რა მაგარი სცენაა! – აღმომხდა.

– ძელენძოს იცნობდი?

– ერთ სკოლაში ვსწავლობდით!

– აბა, ამ კაცს თუ იცნობ, კლიენტს დარჩა! – წიგნი გამიძრო. ჩემმა ცოლმა იკითხა, რა წიგნიაო -„საფიჩხიელი პაგანინი“!- დამასწრო საფიჩხიელმა ტაქსის მძღოლმა…

ოფიციალურად გ ა ვ შ ტ ე რ დ ი თ!

ბოშა

სტუდენტობისას ბათუმში ბოშა ქალი ამედევნა, სახელი მითხარიო; არ გავუჩერდი და შორიდან მივაძახე:

  • რ ე ზ ო!

ხმა დამადევნა:

  • ეზო, ლოდე ეიმსა და ვაციას!!! 

მთავარი, რაც მელოდა ცხოვრებაში, ის სიტყვა აღარ დამადევნა. დიდხანს კი მიყურებდა.

დასაწყისი: I ნაწილი | II ნაწილი | III ნაწილი | IV ნაწილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…