„ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“…
გალაკტიონი
I ნაწილი
კულისების სარკმელში
ვერიკო
ქალბატონ სესილიას ჩემი ჩანახატები წავუკითხე და გამოვემშვიდობე. ეზოში მიმავალს მომაძახა – ვერიკო რას გეტყვის, გეხვეწები, დამირეკე!
მე უკვე ფიქრის გორაზე ვარ, ქალბატონი ვერიკოს მისაღებ ოთახში. ვუთხარი, რატომაც მივედი; მისდამი მიძღვნილი ჩანახატები მინდოდა, რომ წამეკითხა; ისიც ვუთხარი, ქალბატონ სესილიასთან ვიყავი და ჩანახატები მასაც წავუკითხე.
- რაო სესილიამ?
- მოეწონა-მეთქი,-ვუთხარი სახეგაბრწყინებულმა.
- აბა, გისმენ!
ჩემი ყურადღება მისმა თვალებმა მიიპყრო… როგორ უბრწყინავს – გავიფიქრე და ქეთევან მაღალაშვილის მიერ შესრულებულ პორტრეტს ავხედე. პოეტის ნათქვამი გამახსენდა – „ანჯაფარიძის ზვიადო ქალო“. მერე ჩემ წინ მჯდომ ქალბატონ ვერიკოს დავაკვირდი.
„ნუ მიყურებ!“ – თქვა და სახე ამარიდა.
სიჩუმე ჩამოვარდა. თმაზე ხელი მძიმედ გადაისვა. თითქოს ცხოვრებამ რამდენიმე წამში გაირბინა. ქვემოდან ამომხედა და თითები მაგიდაზე აათამაშა…
***
შემოდგომის თბილი დილაა. სასაფლაოზე გამეფებულ მყუდროებას მანქანის ხმა არღვევს. ქალბატონი ვერიკო შვილთან მიიჩქარის. უკან ნელი ნაბიჯებით ბრუნდება. ხელში ვარდის ტოტი უჭირავს. გაკვირვებული ვუახლოვდები.
- რამაზმა მაჩუქა – ყვავილს ეალერსება.
რა სხვანაირია განმარტოებული ვერიკო…
სესილიას ელისაბედი
ბავშვობაში ყოველ არდადეგებზე ჩავდიოდი ქუთაისიდან თბილისში დეიდასთან, რომელიც თან მყვებოდა; ყველგან დამატარებდა. თეატრი განსაკუთრებით უყვარდა და ლამის ყოველ დღე ვსტუმრობდით ხან რომელ და ხან რომელ სცენას. სადღაც 11-12 წლისა ვიქნებოდი, მათ სახლში პირველად რომ ვნახე თეატრის დღესთან დაკავშირებით გამოსული მრავალგვერდიანი გაზეთი. იმ მრავალ გვერდთა შორის ვიპოვე სესილია თაყაიშვილის ელისაბედის ფოტოც სპექტაკლიდან – „მარიამ სტიუარტი“; გაშმაგებულ ელისაბედს შანდალი ეჭირა ხელში და მზად იყო, თავისი გამოსახულებისთვის მოესროლა სარკეში. ამ დღემ, ამ გაზეთმა, ამ ფოტომ რაღაც წარმოუდგენელი ძვრა მოახდინა ჩემში. ცხოვრება თავის დინებას კი გაჰყვა, მაგრამ ქვეცნობიერში, სადღაც ჩაილექა სესილიასეული ელისაბედის სიძულვილით სავსე სახე-სარკე.
წლების მერე, როცა ისტორიულ პიესაზე – „ბიზანტიის დედოფალი“ ვმუშაობდი, ისევ ამოტივტივდა სესილიას ელისაბედი. მისეული სახე მებლანდებოდა ყოველ წამს, როცა ვწერდი, როგორ დაუპირისპირდა ანა დალასინა – იმპერატორ ალექსი კომნენოსის დედა და როგორ გამოუცხადა ომი ბიზანტიის დედოფალს – მართა-მარიამ ბაგრატიონს…
წლებმა ვერ გაანელა სესილია თაყაიშვილისეული ელისაბედის გავლენა.
P. S. ერთ დღეს მხატვარ გოგი გეგეჭკორს დავურეკე და ვკითხე, ხომ არ ჰქონდა სესილია თაყაიშვილის სურათი მარიამ სტიუარტიდან. ჩემს თხოვნას უცნაური პაუზა მოჰყვა… ეს წუთია დავასრულე სესილიას ელისაბედის ხატვა; ჯერ ხელიც არ მომიწერია სურათზეო და… ფოტო გადმომიგზავნა…
ჩემი უფროსი მეგობარი…
ბატონი გიგა ლორთქიფანიძის ოჯახთან ვმეგობრობდი და დღესაც ვმეგობრობ.
საღამოს დამირეკავდა –
- როგორ უსინდისოდ დამივიწყე?!
მოვახტებოდი მანქანას და გავრბოდი. უსაინტერესოესი პიროვნება.
კარს ქეთინო გააღებდა.
– ვინ არის, ქეთინო?- ომახიანი ხმით.
– გიგა, რამზესი მოვიდა…
ერთხელაც რომ მივედი, ქეთინოს დაავიწყდა ტრადიციული ფრაზა და მეც ვდგავარ კართან და ფეხს არ ვიცვლი.
-შემოდი!
– ვერ შემოვალ!
***
მახსოვს, ჩემს ბავშვობაში მარჯანიშვილის თეატრში ერთი თვით ადრე იყო გაყიდული ბილეთები სპექტაკლზე „მე ვხედავ მზეს“; გული დამწყდა. რას იფიქრებდა ის პატარა რეზიკო, რომ გაიზრდებოდა და ამ სპექტაკლის რეჟისორისა და მწერლის – ნოდარ დუმბაძის ოჯახის, მისი შვილების ახლობელი გახდებოდა.
რეჟისორი მედეა კუჭუხიძე
რეჟისორმა მედეა კუჭუხიძემ ჯერ მარჯანიშვილის თეატრში დადგა ჩემი პირველი პიესა – „საპოვნელა“ (1995 წ.), შემდეგ კი – რუსთაველის თეატრში – „შორაპნელი ქალბატონები“ (1998 წ.) და ასე შემიძღვა იმ სამყაროში, თეატრი რომ ჰქვია.
დღესაც ახლო მეგობრები ვართ და არაერთ საინტერესო ამბავზედაც ვფიქრობთ… ვნახოთ.
სურათზე მედეა ჩემს ოჯახშია სტუმრად; საინტერესო საღამოც გამოგვივიდა; მედეა იმ სავარძელში ზის, რომელშიაც მისი პედაგოგი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ქართული სასცენო მეტყველების კათედრის დამაარსებელი, პროფესორი მალიკო მრევლიშვილი. მედეამ ძალიან საინტერესო სტატიაც მიუძღვნა თავის მასწავლებელს. საერთოდ, უნდა არსებობდეს მადლიერების გრძნობა და ამ გრძნობას გაფრთხილება სჭირდება!
შანსი
იმ საღამოს „ჩემი საპოვნელა“ უნდა ეთამაშათ მარჯანიშვილში.
აგვიანებდა მსახიობი მიშა გომიაშვილი, რომელიც მეორე მოქმედებაში უნდა შესულიყო. არადა, მაყურებლით იყო გადაჭედილი დარბაზი;
იძულებულნი იყვნენ, სპექტაკლი დაეწყოთ. სოფიკოს არ გაუმხილეს, რადგან სცენაზე იდგა უკვე. შევამჩნიე, რომ რეჟისორი მედეა კუჭუხიძე, რომელიც, ზოგადად, წარმოუდგენლად გაწონასწორებული ქალბატონია, ღელავდა. ბოლოს მე მომიბრუნდა:
– რეზო, ტექსტი ხომ გახსოვს?
– მახსოვს!
– გრიმი გაუკეთეთ! რეზო შევა სპექტაკლში გომიაშვილის მაგიერ!
სხვა გამოსავალი არც არსებობდა – კაცი მსახიობის ჭაჭანება არ იყო თეატრში და რომც ყოფილიყო, მერე რა?
იმერულად გამოვიდე თავპატიჟი, თუმცა გულში ვოცნებობდი, გომიაშვილი არ მოსულიყო. რა შანსი მივარდებოდა?
.ბოლოს „დამითანხმეს“ და საგრიმიოროსკენ წავედი; ატყდა შეძახილი:
-მოვიდა! მოვიდა!
საერთო სიხარულს მეც შეუერთდი. რა მექნა?
ამ პიესაში გავბედე და შემოვიყვანე ექსპრეზიდენტის მომხრე – ქალბატონი ლიზიკო, რომელსაც ბრწყინვალედ თამაშობდა მსახიობი მაია ტატიშვილი; ლიზიკო პიესაში თავად ამბობდა – „ხომ მეძახით ზვიადისტკას…“
ინგრეოდა ტაშით იქაურობა სოფიკოს მათიკო კეზევაძისა და მაიას ზვიადისტკა ლიზიკოს დუეტის დროს.
ლიზიკოს სახეს ისეთი სიყვარულით ვწერდი, რომ მაპატიეს. თუმცა, გაზეთმა „იბერია სპექტრმა“ გამაკრიტიკა, მაგრამ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. პრესისა და ტელევიზიის ყურადღება არ დამკლებია…
ფოტო იური მეჩითოვისგან!
ვახშმად
ჩემი მონოპიესა – „მარტოობის ბინადარი“ რეჟისორმა ნანა მჭედლიძემ ფიქრის გორაზე დადგა თეატრში „ვერიკო“. მთავარ როლს სოფიკო ჭიაურელი ასრულებდა; სპექტაკლს ერთ საღამოს ქალბატონი ლიანა ასათიანიც დაესწრო. შემაქო. მე სოფიკოს „გადავაბრალე“ წარმატება. ქალბატონმა ლიანამ საჩვენებელი თითი ოდნავ მაღლა ასწია – ტექსტი! ტექსტი! ტექსტი! – სამჯერ გამიმეორა ხმამაღლა და ხელკავი გამომდო.
იმავე საღამოს სოფიკო ჭიაურელთან და ნანა მჭედლიძესთან ერთად მიმიწვია სახლში ვახშამზე.
როგორი დიასახლისი ყოფილა –
ხელთათმანები მოირგო. მჭადებიც დააცხო. თვალსა და ხელს შუა მშვენიერი სუფრა გააწყო.
გაოცება შემატყო და ისე გამიღიმა, მხოლოდ მას რომ შეეძლო…
საოცარი შეხვედრა იყო. საინტერესოზე მეტი. აღარც დაღლა გვახსოვდა არც ერთს.
იმ საღამოს რატომღაც სიკო დოლიძის ფილმი ამეკვიატა – „ეთერის სიმღერა“.
თუმცა, რაღა „რატომღაც“?
9 წლის ვიყავი, ფილმი რომ გამოვიდა. ერთი ფანტასტიკური კინოკადრი ჩარჩა ჩემს ცნობიერში საოცარი სიცხადით – გვიანი შემოდგომა. ყვითელი ფოთლები. ხეივანი. ორადგილიანი ეტლი არაამქვეყნიური სილამაზის ახალგაზრდა ქალბატონებით – მედეა ჯაფარიძითა და ლიანა ასათიანით;
სხვა არც არაფერი მახსოვს იმ ფილმიდან.
მახსოვს მხოლოდ ის, როგორი გაოცებით უყურებდა ნახევარი საუკუნით ადრე თვალებგაფართოებული პატარა რეზიკო ქუთაისის კინოთეატრ „დამკვრელში“ ორ ულამაზეს ქალბატონს…
ერთ-ერთი მათგანთან ვახშმად ვიყავი იმ საღამოს…
კოტე მახარაძის რჩევა
20O1 წლის 22 ოქტომბერი; ფიქრის გორა. თეატრი „ვერიკო“. ჩემი მონოპიესის – „მარტოობის ბინადრის“ პრემიერაა. ჭკუაზე არა ვარ.
პრემიერამდე ორი საათით ადრე „დავიშმოტკე“ – „ბლეიზერი“, ნაცრისფერი შარვალი, „ინსპექტორები“; რასაკვირველია, „დავიდუხე“; მოვახტი მანქანას და მივადექი თეატრის ეზოს. იქვე, კუთხეში, მარტოდმარტო იჯდა ბატონი კოტე; გამომხედა:
-ნერვიულობ?
ნირწამხდარმა ვუპასუხე:
-ცოტ-ცოტა!
მივუახლოვდი და როგორც მაშინ იყო მიღებული, გადავკოცნე. შეწუხდა ბატონი კოტე:
- რა არის, ამდენი სუნამო რომ დაგისხამს?
ახლა მე შევწუხდი – ნეტა რა უნდა ამ კაცს-მეთქი. გამომხედა და მითხრა:
-კაცს სისუფთავის სუნი უნდა ასდიოდეს და არა – სუნამოსიო!
რას მეუბნებოდა ბებიაჩემი ელიჩკა? რას გვიჩიჩინებენ დღეს? აგერ, ნახეთ, ამ კორონა ვირუსმა რამდენი კარგი საქმეც გააკეთოს და ეს ზედმეტი კოცნა-პროშნა მოვიშოროთ; როგორც ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი, აკადემიკოსი რამაზ ლაღიძე მეუბნებოდა:
– უარყოფითში დაინახე დადებითი!
ნათელი წინაა!
„წარმოდგენის ყურებისას საოცარი გრძნობა დამეუფლა. არ მინდოდა, რომ სპექტაკლი დამთავრებულიყო. გენიალურია სოფიკო. მთლიანად სპექტაკლიც არაჩვეულებრივია, ძალიან ღრმა, ძალზე თანამედროვე. ამავე დროს მასში რაღაც ქადაგებაც დავინახე. სულის ზეიმია. ამდენი განსაცდელის მიუხედავად, ადამიანი სულით არ უნდა დაეცეს. ჩვენც აუცილებლად უნდა გავუძლოთ გაჭირვებას; ნათელი წინაა!“
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II.
(ჩანაწერი შთაბეჭდილების წიგნიდან – თეატრი „ვერიკო“. მონოპიესა „მარტოობის ბინადარი“; 2002 წელი)
გემრიელი ქუთაისი
თამაზ ჭილაძე – მწერალი, დრამატურგი – ქუთაისი ოდითგან კულტურული ტრადიციების მექა იყო; მათ შორის – თეატრალური ტრადიციების; ვისურვებდი, ასე დარჩეს მომავალშიც. ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლი – „იადონას თეატრი“ სწორედ იმ განწყობას მიქმნის, რომელსაც გემრიელი ქუთაისი ჰქვია. აქ ჩნდება შესანიშნავი სცენური სახეები; აქ არტისტიცაა, განწყობაც, თეატრიცა და ქუთაისიც.
ქალი მარაოთი
ქუთაისი ზაფხულობით საფრანგეთის ცნობილ ქალაქ კანს ემსგავსებოდა. თბილისიდან გასტროლებზე ცნობილი მსახიობები ჩამოდიოდნენ სხვადასხვა თეატრიდან – ოპერისა და ბალეტის, რუსთაველის, მარჯანიშვილის, მუსკომედიის… სუხიშვილებიც სტუმრობდნენ ქალაქს შიგა და შიგ. ახალი ქართული ფილმების პრემიერებიც იმართებოდა.
ქუთაისი იმ დღეებში სხვა ფერის ხდებოდა, თითქოს. საღებავაქერცლილი ღია ფანჯრებიდან უფრო გამალებითა და მონდომებით უკრავდნენ ბაფთიან გიტარებზე ქუთაისელებიც. „ბაღის კიდე“ ნელ-ნელა ივსებოდა მაშინდელი „ვარსკვლავებით“.
ერთ ასეთ ზაფხულს ვნახე სწორედ, სრულიად შემთხვევით, სერგო ზაქარიაძის „ოიდიპოსიც“. სპექტაკლს სამი შემსრულებელი ჰყავდა – 12.00 საათზე ოიდიპოსს ეროსი მანჯგალაძე ასრულებდა; 15.00-ზე – სერგო ზაქარიაზე და 20.00-ზე – აკაკი ხორავა.
იმ დღეს ქუთაისში ცხელოდა. თეატრის წინ უიმედოდ, მაგრამ ჯიუტად ვიდექი, მეგობრებთან ერთად. შეუძლებელს „ვეჭიდებოდით“ – შეპარვა გვინდოდა შენობაში. სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოჩნდა თეატრის წინ უცნობი, სიმპათიური ქალბატონი – მარაოთი ხელში, თუმცა, ის სულაც არ ჰგავდა პიკასოსეულ ქალს მარაოთი… ტალღასავით გადაიარა ხმამ – ფატი გოკიელი! ფატი გოკიელი! რუსთაველის თეატრის მაშინდელი დირექტორის – დოდო ანთაძის მეუღლე აღმოჩნდა უცნობი. ქალბატონი შეჩერდა. თითქოს ისვენებსო. შეჯგუფებულ ბავშვებს ღიმილით გადმოგვხედა და ხელით მანიშნა, მასთან მივსულიყავი. მკლავზე დამეყრდნო და გვარი მკითხა. ესიამოვნა, კლდიაშვილი რომ აღმოვჩნდი. მკითხა, სპექტაკლზე ხომ არ მინდოდა დასწრება. მორცხვად დავეთანხმე და ქალთან ერთად ავუყევი მესხიშვილის თეატრის პატარა აღმართს. ყურებჩამოყრილსა და გაოცებულ მეგობრებს ნიშნისმოგებით დავუქნიე შორიდან ხელი. ასე აღმოვჩნდი არა თუ სპექტაკლზე, რეჟისორის ლოჟაშიც კი. სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე შემოვარდა ლოჟაში აღელვებული მამაკაცი; მაყურებელთა დარბაზს აკვირდებოდა დაჟინებით; თან შიგა და შიგ ხმადაბლა გაიძახდა – „Браво, Кутаиси!“ სწორედ ეს უცნობი აღმოჩნდა დოდო ალექსიძე.
ფატი გოკიელმა ჩემი თავი წარუდგინა რეჟისორს –
– დოდო, გაიცანი! ეს ყმაწვილი კლდიაშვილია!
-Правда?- ისე თქვა, ზედაც არც შემოუხედავს ჩემთვის. მხოლოდ მაყურებლით გადაჭედილი დარბაზით ტკბებოდა.
ასე ვნახე სერგო ზაქარიაძე რუსთაველის თეატრის სპექტაკლში – „ოიდიპოს მეფე“ და ასე უცნაურად გავიცანი რეჟისორი – დოდო ალექსიძე…
ასეა, ხანდახან „სახსოვარი“ მოულოდნელად მოდის და სამუდამოდ რჩება ჩვენთან…
დაუვიწყარი შეხვედრა
ქალბატონ ნინო რამიშვილთან ჩემი მოულოდნელი შეხვედრა მოსკოვში შედგა; მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალზე საქართველოს წარმომადგენლობის სასტუმროში გვერდი-გვერდ ნომრებში ვცხოვრობდით. ფესტივალის საკონცერტო პროგრამაში, რა თქმა უნდა, „სუხიშვილებიც“ მონაწილეობდნენ.
ჩემი მეუღლე – ირინა ხელმძღვანელობდა საქართველოს დელეგაციას და მეც ჩავედი მოსკოვში; ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. არ იცით, გორკის სახელობის პარკში – საქართველოს პავილიონთან – რა ხდებოდა.
მხატვრული ფილმი – „ნატვრის ხე“ ახალი გამოსული იყო და მოსკოვური პრემიერაც ჩავლილი გახლდათ. ლიკა ქავჟარაძე სადაც გამოჩნდებოდა, თაყვანისმცემელთა უსაშველოდ დიდი რიგი დგებოდა.
დილით სასტუმრო იცლებოდა. მხოლოდ მე და ქალბატონი ნინო ვსაუზმობდით ერთად სასტუმროს კაფეში.
ამ დროს თენგიზი რეპეტიციებს ატარებდა; არც ჩემს მეუღლეს ეცალა ჩემთვის. „მოცლილები“ მხოლოდ ქალბატონი ნინო და მე ვიყავით.
ქალბატონ ნინოს მანქანა ემსახურებოდა და ხან იუსიპოვის მამულში ვიყავით რესტორანში და ხან – სად. ამასობაში კარგადაც გამიცნო; გაიგო, რომელი „ოპერიდან“ ვიყავი.
ქალბატონი ნინო და ბატონი ილიკო ახალგაზრდობიდან ახლობლობდნენ ირინას ბებიასა და ბაბუასთან.
ჩემი გვარი და ზოგადად კლდიაშვილობა მუდამ მშველის და აქაც მიშველა; ერთი სიტყვით, ავეწყვეთ.
ქალბატონი ნინო თან მუდამ დაატარებდა უცნაურ, პატარა რკინის თერმოსს ყავით, რომელიც მაშინ „უცხო ხილი“ იყო ჩემთვის.
ერთხელაც მიამბო, რომ ცხელი ყავის გარეშე ვერ ძლებდა და ფრენისას ასე ჩახუტებული დაჰქონდა მუდამ თერმოსი.
ფესტივალის დასრულების შემდეგ, თქვენ წარმოიდგინეთ, ქალბატონმა ნინომ მაჩუქა თერმოსი. შევწუხდი, მაგრამ იმერლობა არ გამომივიდა.
ერთხელაც დასავლეთში მივდიოდი მარტო ჩემი მანქანით; რიკოთს რომ გავცდი, პატარა სასაუზმესთან ცივი წყალი ავიღე და ყავა გავიკეთე.
ნაცნობი შემხვდა, ვისაუბრეთ.
თერმოსი და ცივი ყავა ქუთაისს რომ გავცდი, მაშინ გამახსენდა; გული დამწყდა. უკან ღამით გამოვიარე და იქაურობა დაკეტილი დამხვდა.
ექვსი თვის შემდეგ ისევ მოვხვდი იმ სასაუზმესთან; მეპატრონეს უიმედოდ ვკითხე:
- თერმოსი დამრჩა და ხომ არ გინახავთ-მეთქი.
კლიენტს ელაპარაკებოდა, არც შემოუხედავს, ისე მითხრა:
- ნახე, იმ თაროზე თუ დევსო და რას ვხედავ – თ ე რ მ ო ს ი! ჩემი თერმოსი!
Top of Form
სტეინბეკზე
მადლიანი ქალბატონი ყოფილა ნელი შენგელაიას დედა. რატომ? ამ ჩანახატს თუ წაიკითხავთ, თავად მიხვდებით. მოხდა ისე, რომ ელდართან და ნელისთან დილაუთენია მივედი ნელის დედის გარდაცვალების სამძიმარზე; იმდენად ადრე იყო, ნელი გაოცდა; ქუთაისში გავრბოდი საქმეზე. რას ვხედავ, ბუბა კიკაბიძე ჩემსავით უთენია არ მისულა? მორიდებულად მივესალმე, დიდი ნაცნობობა არ გვქონდა. ბუბამ დაბრძანდიო და მეკითხება – სტეინბეკის „ტორტილა ფლეტი“ წაკითხული გაქვსო? გამიკვირდა, რა დროს სტეინბეკია.
-არა-მეთქი,- სუსტი ხმით შევაპარე. ბუბამ გააგრძელა – წაიკითხე და შევხვდეთო. დანელიას და მე გვინდა ფილმი გადავიღოთ და შენ გამოგივაო. გავიფიქრე, ამ კაცს აშკარად ვეშლები. მიმიხვდა, მისებურად გამიღიმა და მობილურის ტელეფონიც ჩამაწერინა. ნელიმ დაუპატიჟებელ სტუმრებს ყავაც შემოგვთავაზა და ელდარიც შემოგვიერთდა. მოკლედ, გადავიფიქრე ქუთაისში წასვლა. ჩავუჯექი სტეინბეკის შემოქმედებას; მისი „რუსული დღიური“, რომ იტყვიან, „დავღეჭე“. ნობელიანტი მწერლის სტუმრობა საქართველოში ხომ კიდევ ცალკე თემაა და თანაც ორჯერ ჩამობრძანდა მეგობართან ერთად. პირველად – მე რომ დავიბადე, იმ წელს. ნეტა,ზოგიერთი ამერიკელი ჭკუას რომ გვარიგებს, წაკითხული თუ აქვთ სტეინბეკი? მათმა კლასიკოსმა, ამ გენიოსმა ნობელიანტმა მწერალმა – „მეორე სამოთხე“ რომ უწოდა საქართველოს. მოკლედ, გავხდი სტეინბეკისტი. სტეინბეკი კალიფორნიიდანაა; მე – საქართველოდან. სტეინბეკი მონტერიეს ერთ-ერთ უბანზე, ტორტილა ფლეტელებზე გვიყვება მოთხრობაში. მე კიდევ ქუთაისიდან ვარ; მისი ერთ-ერთი კოლორიტული უბნიდან – საფიჩხიიდან და ჩემს მოთხრობებში საფიჩხიელებზე ვყვები; ეტყობა, ამიტომაც უფრო „გავუგე“ სტეინბეკს. ისე შემიყვარდა მისი გმირები „ტორტილა ფლეტიდან“ – პილონი, დორა უილიამსი, ძაღლი პიხარიტო და სხვები. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს მანქანას მოვაჯექი და თავი ტრადიციულად საფიჩხიაზე ამოვყავი – ჩემი მეგობრის – ემზარ ცუცქირიძის ოჯახში. წერის დროს თან მყვებოდნენ; ვიყავი მეორე სართულზე გაჭიმული ძვირადღირებულ „ტულპანის სპალნაში“ – მე მგონი, სწორად ვამბობ. დავდიოდი წყალწითელაზე საბანაოდ. მოკლედ, ბუბას ჩამოწოდებული იდეით დავწერე პიესა და დავარქვი „პილონი“ – მოთხრობის მთავარი გმირის სახელი. საფიჩხიელ ჟორჟიკას, ტორტილაში ჟორჟს რომ ეძახდნენ (ეს უკვე ჩემი მოგონილი გმირია), ვფიქრობ, მომიწონებდა სტეინბეკი. იცით, რატომ? სტეინბეკი თვითონ წერს, მონტერიეში ბევრი უცხოელი რომ ცხოვრობდა – პაისანოებს ეძახდნენ. ჰოდა, მეც მოვიგონე, მეორე მსოფლიო ომში ჟორჟიკა რომ გაიწვიეს, „პლენში“ მოხვდა, იქიდან „დაითესა“ და საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქში ამოყო თავი. გერმანელები რომ შევიდნენ საფრანგეთში, ჟორჟიკა შეახტა გემს და აღმოჩნდა ამერიკაში. ქალს დანატრებულმა, მონტერიეს უბნის საროსკიპოშიც კი ამოყო თავი და საროსკიპოს მეპატრონე დორაია (ასე ეძახდა დორა უილიამს ჟორჟიკა) გადაირია და თავიც კი შეაყვარა.
გამიგრძელდა; ვურეკავ ბუბას. არ იღებს, პიესას ვუტრიალებდი, მაინც ნედლი მეჩვენება. კვლავ დაჟინებით ვცდილობ დავუკავშირდე ბუბას; სამწუხაროდ, უშედეგოდ. ამ დროს ახალგაზრდა რეჟისორი – ირაკლი გოგია მესტუმრა – პიესა ხომ არ გაქვთო. გავხედე და ვუპასუხე – მაქვს მეთქი. ვიფიქრე, ბედი კარზე მომადგა და ხელს ვერ ვკრავ-მეთქი. პირველად დაიდგა ფოთის თეატრში (რეჟ ირ. გოგია) და თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზედაც იყო მიწვეული. პიესა დადგა სტუ-ის თეატრმაც (რეჟ. ნ. ბუცხრიკიძე); ანტალიის ფესტივალზე იყო მიწვეული და პრიზებიც აკრიფა. თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა მოხსენება გააკეთა თსუ-ში ამერიკანისტიკის საერთაშორისო კონფერენციაზე. პიესა ითარგმნა ინგლისურ ენაზე. 2017 წელს „პილონი“ წაკითხული იყო ამერიკელი მსახიობების მიერ ნიუ-იორკში გამართული ფესტივალის ფარგლებში – „თანამედროვე ქართული დრამატურგია“. ამას წინ ჩემდა ჭირად წავიკითხე, რომ სახლი მანჰეტენზე, სადაც ნობელიანტი ჯონ სტეინბეკი ცხოვრობდა, სახელმწიფოს გაუყიდია – იქაური წესისა და კანონის თანახმად. ბარემ ერთი ამბავიც – რამდენიმე წლის წინ მობილურზე ზარია; ანტალიაში დასასვენებლად ჩასული ჩემი მეგობრები მირეკავდნენ და ტაშის ხმა მასმენინებდნენ. ერთმა ამიხსნა, შენი პიესა – „პილონი“ დასრულდა, გეპეის თეატრია ჩამოსული და გესმის ტაშის ხმა?
მესმოდა ტაშის ხმა! როგორ არ მესმოდა.
სიკეთე გადამდებია
ყველაფერში ნიჭიერი სოფიკო ჭიაურელი. სურათი გადაღებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, სადაც წლების განმავლობაში ვატარებდი შეხვედრების ციკლს -„საუბრები ტექნიკურ უნივერსიტეტში“; არ იცით, რა ხდებოდა ყოველ პარასკევს, ლექციების შემდეგ. ბიბლიოთეკა 14.00 საათზე გადაჭედილი იყო ნახევრად მშიერი სტუდენტებით. მათ აჰყვა პროფესურაც; უფრო მეტიც, სხვა უნივერსიტეტებიდანაც მოდიოდნენ სტუდენტები. მწერალ გურამ დოჩანაშვილის მეუღლე, ეს სულით უძვირფასესი ქალბატონი, დღესაც რომ მხვდება, შემომჩივლებს – „რეზო, როგორი სასიამოვნო და საინტერესო შეხვედრების მოწმენი ვიყავით; აღადგინე!“
რატომ გიამბობთ? ეს შეხვედრები იმართებოდა უმძიმეს წლებში; მადლობა უნდა გადავუხადო პრესასა და ტელევიზიებს; ვერ გამოვარჩევ.
ადამიანმა სიკეთე უნდა გასცეს; თუ არ გაეცი, ვერც ვერაფერს მიიღებ. უნდა დაიხარჯო, თორემ ჩაკაფსულდები. უნივერსიტეტებში მქონია ამგვარი შეხვედრები, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც ისე მოხდა, ორჯერ მომიწია ზედიზედ; ჯერ მომავალ ჟურნალისტებს შევხვდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – პროფესორ მარინე ვეკუას მიწვევით და შემდეგ ახმეტელის თეატრთან არსებულ ახალგაზრდულ კლუბში აღმოვჩნდი.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა ირაკლი გოგიამ
დამირეკა და ასე მითხრა – თქვენ რომ პარასკევობით შეხვედრებს აწყობდით ტექნიკურ უნივერსიტეტში, იმ ტიპის შეხვედრა იქნება გლდანის რაიონის ახალგაზრდებთან; თქვენი პიესაც – „იმერული რეკვიემი“ ნანახი აქვთ.
მოკლედ, დათესე და მოიმკი!!! აი, ამის საუკეთესო მაგალითი სოფიკო ჭიაურელია; მთელი ცხოვრება გასცემდა; სახლი თეატრად გადააქცია, სულიერებას ემსახურებოდა, მარტო ბატონი კოტეს სპექტაკლები რად ღირდა; ეს ყველაფერი ჩემთვის მაგალითი იყო. უნდა გავცეთ და თანაც – უანგაროდ, რაც შეიძლება მეტი სიკეთე და ის ყოველთვის გადამდები იქნება. კოსმოსში ყველაფერი აღნუსხულია და არ დაიშურებს დადებითი ფანტომების გამოგზავნას. მითუმეტეს, როდესაც ქვეყანაში სრული ნორმოზია ანუ პათოლოგია ნორმად იქცა.
მეთანხმებით?!
იმერეთში მივდივართ იმერული ამბებით!
თბილისური ანშლაგები. გორის კომედიის ფესტივალი. მერე – ქუთაისი.
თვალებიდან არ ამომდის სიმონეთელი ლენიას სახე, უთენია ძროხებს რომ გავდენიდით მთაში და სამწყემსურში გამოშტერებამდე რომ მივიდოდით საღამომდე. უბნის ძროხები კი დინჯად ძოვდნენ ბალახს. ლენია უთქმელი ქალი იყო, ხანდახან თუ ამოიღებდა ხმას. ერთხელ მითხრა:
– რეზიკო, იმ მთის იქით წ ი ნ წ კ ი ლ ა ა! –
საჩვენებელი თითი კი მთას დაუმიზნა და დაამატა: – წინწკილაზე გიჟებია!
ეს იყო და ეს. გავიდა დაახლოებით 60 წელი და დავწერე პიესა „იმერული რეკვიემი“ წინწკილას ბინადრებზე. აცხონოს ღმერთმა ჩემი უსაყვარლესი ლენიას სული. ნათელი დღეებისთვის მიყვარს ჩემი სოფელი – სიმონეთი.
ჩემი პიესით – „იმერული რეკვიემი“ ქუთაისის თეატრის მოყვარულებს მესხიშვილის თეატრში წინწკილას ბინადრებზე მოვუყევი ამბები; მინდა, ისევე შეიყვარონ ისინი, როგორც მე მიყვარს; ადამიანები, რომლებიც თავიანთი მიამიტობით ზოგჯერ ზღაპრის გმირებსაც კი მაგონებენ.
უცნაური „მაწყევარი“
1995 წელია. „მარჯანიშვილში“ დაიდგა ჩემი პიესა – „საპოვნელა“.
ჩემმა მეგობარმა – მაია ბოკუჩავამ მიუტანა წასაკითხად ბატონ ოთარ მეღვინეთუხუცესს პიესა. მესამე დღეს დამიბარეს და რეჟისორი მედეა კუჭუხიძე გამაცნეს.
გაიმართა პრემიერა. მოკლედ, მაყურებელი „მოასკდა“ თეატრს.
სოფიკო ჭიაურელი დიდი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ თეატრს.
ერთ დღესაც თეატრის ფოიეში შემხვდა გურანდა გაბუნია და ხმამაღლა მომმართა:
– შენ ჩაგდევი თეთრ კუბოში!
– მე მეუბნებით, ქალბატონო?
– დიახ, შენ, ვაჟბატონო! – და გამშორდა.
ვიფიქრე, ეს რა მაგრად არის-მეთქი.
იმ დღის მერე რომ დავინახავდი ჩემს „მაწყევარს“, თვალს ვარიდებდი.
გავიდა წლები; მე და ირინა სტუმრად მივდიოდით ჩემი მეუღლის ნათლიის – ზაზა კახიანის ოჯახში; მარჯანიშვილის მოედანზე, სადარბაზოდან გამოვიდნენ ამ დროს ბატონი ოთარი და გურანდა.
-ი რ ი ნ კ ა, ასე გვიან – კახიანებთან?
აუ, – ვიფიქრე,- ეს ქალი კუდიანია, ამას ვის გადავეყარე-მეთქი.
ორივემ სიყვარული აუხსნა ირინას; მალიკო მრევლიშვილზე ისაუბრეს დიდი პატივისცემით.
იმ დღის მერე შევრიგდით და დავმეგობრდით კიდეც მე და გურანდა.
– ჩაგდევი თეთრ კუბოში!- დღესაც ჩამესმის, თ უ მ ც ა საათივით კი ამეწყო საქმე მისი დაწყევლის შემდეგ; ორ წელიწადში ჩემი მეორე პიესაც დაიდგა „მარჯანიშვილში“ – „იადონას თეატრი“.
მერე, რომ გავუშინაურდი, ვეხვეწებოდი კიდეც გურანდას, დამწყევლე-მეთქი.
პასუხი:
– Оставь!
მსახიობ ლია სულიაშვილს
ქალბატონო ლია, თქვენ გასაოცარ მწვერვალს მიაღწიეთ! როგორც ერთ დროს ჩემი პიესიდან თქვენ მიერ ბრწყინვალედ განსახიერებული იადონა იტყოდა – „დიდი ძალა აქვს თეატრს!“ მარტო ფინალური სცენა რად ღირდა, მძიმე ფარდას რომ მოიგდებდით მხრებზე ისე, როგორც მესხეთის თეატრის ტვირთი მოგაქვთ ღირსეულად ამდენი წელია.
გილოცავთ გორის კომედიის ფესტივალზე წარმატებულ გამოსვლას. იცით, როგორ მიყვარხართ! არ ვკარგავ იმედს, კიდევ გვექნება შემოქმედებითი შეხვედრა. რაც შეეხება ახალციხელ მაყურებელს, არასდროს დამავიწყდება მათი დამოკიდებულება ჩემ მიმართ და ფრაზა – „საიდან, ბატონო რეზო, ამდენი სევდა და იუმორი“?
დღესაც ჩამესმის!
ჩაუქრობელი ვარსკვლავი
ლიკა ქავჟარაძის დედა – დალი ფალავანდიშვილი და მე ერთ ლაბორატორიაში ვმუშაობდით, გვერდი-გვერდ; საზიარო ჭურჭელიც კი ერთი გვქონდა. ქიმიკოსები გამიგებენ. უკეთილშობილესი პიროვნება და თავისი თაობის ულამაზესი გოგო იყო.
სკოლიდან დაბრუნებულ ლიკას რა უნდა ეჭამა და რა უნდა ემეცადინა, რომელი ნაწარმოები უნდა დაეკრა, ის ვიცოდი. ყრუ არ ვიყავი – ქალაქის ტელეფონი იქვე იდგა, სადაც ექსპერიმენტს ვატარებდით. აი, ლიკას ბებია, ქალბატონი ლია ციციშვილი, ულამაზესი ქალბატონი, მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი თაობის ბრწყინვალე წარმომადგენელი გახლდათ. ბედნიერი კაცი ვარ, რადგან ქართველი ქიმიკოსების ელიტის უდიდესი ნაწილი იმხანად ამ ინსტიტუტში მუშაობდა. ყოველ დილით ქალბატონი ლიას სიყვარულით სავსე, ღიმილიანი მოსალმება დღესაც მახსოვს. ლიკას ყველა წარმატება, მისი პირველი გამოჩენა ეკრანზე ფილმში – „როცა აყვავდა ნუში“ ჩემ თვალწინ დაიწყო.
მგონი, არ ვცდები – ნატო ვაჩნაძის, მედეა ჯაფარიძის, დოდო ჭიჭინაძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავას ხაზს აგრძელებდა ქართული კინოს ჩაუქრობელი ვარსკვლავი ლიკა ქავჟარაძე.
ნანი
1969 წლის 21 ივლისი – ბათუმი, სასტუმრო „ინტურისტი“.
ამბავი „სამ სერიად“;
პირველი სერია – 1969 წელი, ბათუმის ბულვარში, საზაფხულო საკონცერტო დარბაზში „ორერას“ კონცერტები იმართებოდა, მგონი, მთელი თვე. „ორერას“ წევრები ცხოვრობდნენ „ინტურისტში“. პრაქტიკაზე ვიყავი მეც ბათუმში; ახალი შესრულებული მქონდა 20 წელი. „ინტურისტში“ ვცხოვრობდი. ნანი ღიმილით მესალმებოდა, როგორც ყველას. ერთ მშვენიერ დღეს ხმა დაირხა – ჩარკვიანების აგარაკზე ნანის დაბადების დღეს უხდიანო. ნანი სასტუმროდან ამალით გამოვიდა; მარტო ვდგავარ – რას აკეთებო,-მკითხა; მხრები ავიჩეჩე. მიმითითა, იქვე მდგომ მანქანაში ჩაჯექიო – ასე აღმოვჩნდი ნანის დაბადების დღეზე – თუ კარგად მახსოვს და არ მეშლება, 28 წელი შეუსრულდა – ასე ითქვა.
იმ ზაფხულს, აგვისტოში კი უკვე ნანის წყალობით პოლონეთში აღმოვჩნდი .
როგორ?
მეორე სერია – ბათუმიდან რომ ჩამოვედი, აგვისტოში, პოლონეთში უნდა გავმგზავრებულიყავი და კომკავშირის ცეკაში მითხრეს, ჯგუფიდან ამოგიღესო. როგორია? შეურაცხყოფილი გამოვედი ცკ-ს ეზოდან და ნანი შემხვდა, გამიღიმა. შემამჩნია უხასიათოდ ყოფნა, მიზეზი მკითხა. აქ დამელოდეო და ოც წუთში ჯგუფში ჩამსვეს.
მესამე სერია – პოლონეთიდან რომ ჩამოვედი, ნანისთვის საჩუქარი მინდოდა მიმერთმია – მზის სათვალე. როგორღაც მოვახერხე; გამიღიმა და მითხრა – დიდი მადლობა, ძალიან მომწონს, მაგრამ ეგ სათვალე ჩემი და შენი სახელით იმ გოგონას აჩუქე, ვინც მოგწონს! შევუსრულე. გოგონა იქვე, მოშორებით მელოდებოდა. ნანის გამოვემშვიდობე და გოგონას მივუახლოვდი; სათვალე სახეზე მოვარგე – ნანი ბრეგვაძემ გაჩუქა-მეთქი და ბედნიერები გავუყევით ბარნოვის ქუჩას .
გაგრძელება: I ნაწილი | II ნაწილი | III ნაწილი | IV ნაწილი
Leave a Reply