„ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“…
გალაკტიონი
II ნაწილი
ჯადოსნური ხმა
„მშობლების სახლი“
„და მეკარგება მშობლების სახლი –
აუტანელი და საყვარელი“…
ოთარ ჭილაძე
რამდენ ადამიანს იცნობთ, თეატრი რომ დაბადებამდე დაებედა?
მეც გამონაკლისი ვარ!
მამაჩემმა სწორედ ქუთაისის თეატრიდან მოიტაცა 1946 წლის ცხელი ზაფხულის საღამოს დედაჩემი, რომელსაც ჩითის კაბა ეცვა, თურმე და მეგობარ გოგონებთან ერთად ჩამოდიოდა ვიწრო კიბეებზე. ბაბუაჩემის (მამაჩემის მამის) მერსედესივით გაწყობილი ეტლით მოიტაცეს დედა, რომელიც მაშინაც ულამაზესი ყოფილა (ყველა დედასავით ულამაზესი კი არა, მართლა ულამაზესი). ალბათ, მოსწონდა კიდეც მამაჩემი – რომელზეც ნახევარი ქალაქი იყო, თურმე, შეყვარებული, თორემ არავის მოატაცებინებდა თავს ასე უბრალოდ.
ახსოვს ჩემს ქალაქს მათი უცნაური, საბედისწერო სიყვარული, რომელსაც ერთი მოვლენა ნამდვილად მოჰყვა – 1947 წლის 24 სექტემბერს მე დავიბადე.
დავიბადე და თეატრიც ჩემს ბედისწერად იქცა.
ჩემს მშობლებსაც ბევრი რამ „დაჰყვათ“ და გაჰყვათ იმ სიყვარულისგან.
ისიც მახსოვს, ოდნავ შეზარხოშებული მამაჩემი როგორ უმღეროდა, ამალასთან ერთად, სერენადებს დედაჩემს. „კვნესოდა“ კლარნეტი და თავისებურად „ტრუბაც“ „თანაუგრძნობდა“ ჩვენი სახლის მძიმედ დახურული დარაბების წინ მდგომ მამაჩემს. (ესეც ჩემი უცნაური ბედისწერაა – შეყვარებული მამის სერენადებს შევსწრებოდი)…
ყველა სიყვარულს ერთი დასასრული არა აქვს; ჩემი მშობლების სიყვარულის საწყისიცა და ბოლოც მე აღმოვჩნდი. მათი მოგონებების ერთგვარ „სახლად“ ვიქეცი; მანამდე გიორგუნაც „ინახავდა“ მათ წარსულს – საათობით ელაპარაკებოდა მამაჩემს ქალაქის ტელეფონზე და თავიანთი საიდუმლოებებიც ჰქონდათ, ალბათ. იქნებ, მან უფრო მეტიც კი იცოდა ჩემს მშობლებზე.
ახლა მე ვინახავ ძველ მოგონებებს – მათ ტკივილს, სიყვარულსა და იმ ცოტა სევდიან, ულამაზეს სერენადებს, რომელსაც შუაღამემდე ელოდნენ ჩვენი ყვინთვამორეული მეზობლები; ელოდნენ, როდის გამოჩნდებოდა მამა დამკვრელებით. იქნებ, გადმოცემით ჯერ კიდევ ახსოვთ საფიჩხიელებსა და ქუთაისს ეს უცნაური სიყვარული, რომელიც ჩემი მოთხრობის – „სერენადა“ ისტორიადაც იქცა და შევიდა წიგნში – „საფიჩხიელი პაგანინი“…
ბაბუ
ჩემი ბაბუა – გიორგი კლდიაშვილი იმერეთის კეთილშობილი აზნაურ გახლდათ. სკოლას ვამთავრებდი, რომ გავიგე, გარდაიცვალაო… გავშრი. დიდი ამაგი ჰქონდა ჩემზე.
მისიანები გასული საუკუნის ოციან წლებში შეახტნენ ბათუმში გემს და გეზი აიღეს ჯერ სტამბულისკენ, შემდეგ კი – ევროპისკენ. ბაბუამ არ მიატოვა სამშობლო; ცოლ-შვილი ზოგიერთმა ბოლშევიკებს მიუგდო და დღეს გმირებად არიან მონათლულები; არავის განვიკითხავ. ფაქტს ვაფიქსირებ. ვაფასებ ბაბუას ნაბიჯს, სამშობლო და ოჯახი რომ არ მიატოვა. ბედად, გადაურჩა იმ რეპრესიას, იმერეთის თავად-აზნაურობა რომ მოხვეტეს და შორაპანში – ვაგონებში ამოხოცეს. 37-ში მეგობარმა და მეზობელმა დაასმინა და ციმბირში გადაასახლეს; დღესაც ვხედავ იმ გამრუდებული გენეტიკის შთამომავლების თარეშს; ამ რამდენიმე თვის წინ საკუთარ თავზეც გამოვცადე ასეთი ღალატის „გემო“; მეც, ბაბუასავით, „ახლობელმა“ დამიპირა „ჩაშვება“; ჩემმა სიმართლემ გადამარჩინა. თქვენ რა გგონიათ, ვესალმები? განუსჯელი ისიც არ დარჩება, ბაბუას „მეგობრის“ უდანაშაულო ოჯახივით…
ბაბუა, ღვთის მადლით, ციმბირიდანაც დაუბრუნდა ოჯახს. წიგნი, პენსნე, მუსაიფი, დახვეწილი იუმორი ამშვენებდა. „ამერიკის ხმას“ უსმენდა; ახშობდნენ და ნერვიულობდა. მეგობრობდა აკაკი ვასაძესთან, ვასილ ამაშუკელთან, დავით რონდელთან, დავით ჩიკვაიძესთან – დიპლომატ საშა ჩიკვაიძის მამასთან, ჩიტოლია ჩხეიძესთან. სტუმარი არ გვაკლდა. რასაკვირველია, გვსტუმრობდნენ დავით კლდიაშვილის შვილებიც – ნუცა, ქეთევანი, სერგო კლდიაშვილები და დავითის დისშვილები: ვანო, აბესალო, ბაბო, ვალერია ღვინეფაძეები. როგორი სიყვარულით ხვდებოდნენ სიმონეთელ და ოფჩელ ნათესავებსა თუ ახლობლებს. ბებიასა და ბაბუას გიმნაზიის მეგობრებს თბილისიდან ჩამოჰყავდათ თავიანთი შვილიშვილები ჩვენთან – ქუთაისში სტუმრად, უკანასკნელი მოჰიკანები რომ გაეცნოთ და იხსენებდნენ თავიანთ სიყმაწვილეს. ამიტომაც არ გამჭირვებია, სტუდენტი რომ გავხდი, თბილისთან ადაპტირება.
ბაბუაჩემი და ბებია – ელიჩკა კირილოვნა რომ გაგაცნოთ, ერთ ამბავს გიამბობთ – რა აღმოხდა გიორგი ბაბუას ერთხელ ჩემზე და როგორ ვუმტკიცებ იმ დღიდან მოყოლებული, რომ შეცდა. სიმართლე გითხრათ, არაფრით გამორჩეული ბავშვი ვიყავი; როგორც ყველა, ისე – მეც. მწარედ მახსოვს ბებია მომწვანო რვეულით ხელში, გამრავლების ტაბულას ხშირად-ხშირად მამეორებინებდა და პასუხამდე თუ გავშეშდებოდი, ნერვიულობისგან ტუჩებს იჭამდა.
- აბა, რეზიკო, шесть раза семь! არ იჩქარო, დაუკვირდი!
ხანგრძლივი დუმილის ფონზე ტუჩებს ისე ამოძრავებდა, მკარნახობდა, მაგრამ…
– сорок два! Сорок два!
მკითხველი რომ არ დავაბნიო, მოქმედება ვითარდება მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების მიწურულს. იმ ხანად საფიჩხიაზე, ჩვენს ქუჩაზე, მხოლოდ ორ ოჯახს ჰქონდა ტელეფონი – ჩვენ და ქუჩის დასაწყისში – ქავთარაძეებს. არ ვამხელდი, მშობელთა კრება რომ იყო დანიშნული, მაგრამ დამრიგებელმა დარეკა. ბებია, ჩემდა ჭირად, სტუმარს აცილებდა და ბაბუამ, რომელიც თავს არ იკლავდა მაინცდამაინც ტელეფონთან ურთიერთობით, ყურმილი აიღო და მშობელთა კრებაზე „მიპატიჟებას“ დასთანხმდა. მეორე დღეს მოგვიანებით კარი გაიღო და ბაბუა მისაღებ ოთახში შეშლილი სახით შემოვიდა. – გიორგი, გენაცვალე, რატომ დაგაგვიანდა? ვინერვიულე!- ბებიამ „ლისტის“ ნაპოლეონს ზემოდან ნაფხვენები მოაყარა და გვერდულად გახედა.
– სანერვიულოდ გვაქვს საქმე, ჩემო ელიჩკა, სანერვიულოდ!
– რა მოხდა?!
– რეზიკოს მშობელთა კრებაზე ვიყავი!
– დ ა ვ ი ღ უ პ ე თ, საიდან გაიგე ?!
– ამბროლაძე – ხუთოსანი… და ჩემი შვილიშვილი – სამოსანი!
– оставь, ради бога, როგორ გეკადრება. ლევიძეების ანეტამ ისე აქო, ავტობუსში ადგილი დამითმო რეზიკომო!- თვალებით მანიშნა, გავცლოდი იქაურობას.
– არ მეცადინეობს, არ კითხულობს!
– რეზიკო ცოტა გვიანი ბავშვია, თუმცა, წელს ბევრად უკეთესია,რა შედარებაა. უიმედობა მტრისას იყოს. ახლავე ვახშამს გაგიწყობ. რა გვაქვს სანერვიულო, თუ გიყვარდე.
– დავიძინებ, ჩემო ელიჩკა!
– დაიძინე, გენაცვალე!
ბაბუა კიბეებს აუყვა. შეჩერდა და მოაჯირს დაეყრდნო –
– ჩვენი რეზიკოსგან არაფერი გამოვა! ტყუილად ვიკლავთ თავს!
ჰაველი და რეზიკო
თორმეტი წლის ვარ. ვსადილობთ. ბებიას ვუთხარი, წყალი მოეტანა ჩემთვის. ის იყო, წამოდგომა დააპირა, ბაბუამ მაგიდას დაარტყა ხელი და მკაცრად მითხრა – შენ არ ისადილებ! ბებიამ თავისებურად დაიწყო რეზიკოს გამართლება; ბაბუა თავისას არ იშლიდა:
– როგორ აკადრე ბებიას წყალი მომიტანეო!
-კარგი, გიორგი, გენაცვალე,-გამოსცრა ბებიამ.
მეც ავდექი და დავტოვე სასადილო ოთახი.
ამას წინათ ფბ-ზე ჰაველის წუხილს გადავეყარე – „პრეზიდენტობის მეოთხე წელს ვიგრძენი, რომ თანამდებობა მრყვნიდა, რადგან მდივან ქალს წყლის მოტანა ვთხოვე“.
ბაბუას იმ მკაცრმა ფრაზამ ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა – თითქოს არაფერი…
მონოსპექტაკლების ჯადოქარი…
მონოპიესებით განებივრებულები არა ვართ დრამატურგიაში; მითხრეს, ძნელი დასაწერიაო; არადა, ლამარა ალექსანდროვნას გაკვეთილებზე – რუსულს გვასწავლიდა – ფაქტობრივად, მონოსპექტაკლებს ვესწრებოდი მუდამ.
ერთხელ სოფიკო ჭიაურელს გავუმხილე, მონოპიესის დაწერა რომ მინდოდა და ჩემი სათქმელიც მოვუყევი; ქაღალდზე გადაიტანეო – მირჩია. მეც ასე მოვიქეცი და „მივართვი“. ისეთი ლამარა ალექსანდროვნა მყავდა, ისეთი „მონოსპექტაკლები“ მქონდა ნანახი, დაწერა არ გამჭირვებია; წერის დროს თითქოს რუსულის მასწავლებელიც ჩემთან იყო – ზეციდან მამხნევებდა.
მონოპიესას – „მარტოობის ბინადარი“ – დიდი წარმატება მოჰყვა; ლამარა ალექსანდროვნას გაკვეთილებივით სრული ანშლაგით გადიოდა თეატრ „ვერიკოს“ სცენაზე…
იქნებ, ვინმესთვის უცნაურიცაა, რომ 60 წლის მერეც ასე გვახსოვს ჩვენი მასწავლებელი. გვიყვარს. ვბაძავთ; დღემდე ვცდილობ, ჩემი ლექციები ლამარა ალექსანდროვნას გაკვეთილებივით მონოსპექტაკლებად ვაქციო. წავიტრაბახებ – ჩემი მასწავლებელივით მეც მიმიღია მხურვალე აპლოდისმენტები თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ქიმიის დიდ აუდიტორიაში გაერთიანებული ლექციისას. სამწუხაროდ, ლექციის თემა არ მახსოვს. გამეღიმა და სტუდენტებს გავძახე – თუ პატივს მცემთ, ლექციებს რომ მორჩებით, ვაკეში – გურამიშვილის ძეგლთან გადაიღეთ სურათი-მეთქი. ასეც მოიქცნენ.
სკოლის დამთავრების შემდეგ მრავალი წელი გავიდა. ქუთაისში მარჯანიშვილის თეატრში დადგმული ჩემი პიესა ჩავიტანეთ – „საპოვნელა“. ოთხი დღე სრული ანშლაგი. ერთ საღამოს თეატრის თანამშრომელმა მითხრა, რომ უცნობ ქალბატონს სურდა ჩემი ნახვა. ზანტად წავედი და რა დავინახე – ჩემი ლამარა ბოკერია – ჩემი რუსულის მასწავლებელი მორცხვად იდგა და ბოდიშობდა – ბილეთი ვერ ვიშოვე და უნდა შეგაწუხოო.
გავვარდი. ოტია იოსელიანის კაბინეტიდან გამოვიტანე სკამი. მეოთხე რიგში ჩაუდგეს.
სპექტაკლის მერე ტაშით დაინგრა დარბაზი. სცენაზე მიმიწვიეს. შევნიშნე, ლამარა ალექსანდროვნა თვალცრემლიანი მიკრავდა ტაშს. თან ცრემლებს იმშრალებდა. ადგილს მოვწყდი. მივუახლოვდი და ჩავიხუტე; ვუთხარი – ლამარა ალექსანდროვნა, რაც აქ ხდება, თქვენი გაკვეთილების გამოძახილია-მეთქი… ვიღაცამ მაშინვე იცნო. დარბაზს ჩურჩულმა გადაუარა – მასწავლებელია… დრამატურგის მასწავლებელია… ტაშის ხმა არ წყდებოდა…
მე და ჩემს კლასელებს (და, ალბათ, ყველა მის მოსწავლეს) მუდამ გვჯეროდა, რომ ჩვენი რუსულის მასწავლებელი ყველაზე ლამაზი ქალბატონი იყო. იმ დღეს ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში მართლაც ყველაზე ლამაზი იყო ჩემი ლამარა ალექსანდროვნა… წლებისგან ოდნავ მოტეხილი ჩემი მონოსპექტაკლების ჯადოქარი… ჩემი მასწავლებელი…
ეს თაიგული ჩემს თანაკლასელს – მანანა კვიმსაძეს
ამას წინ ფბ-ზე ჩემმა თანაკლასელმა – მანანა კვიმსაძემ მომწერა –
ჩემო რეზო, როდესაც შენი „საფიჩხიელი პაგანინი“ წავიკითხე, რა თქმა უნდა, სიხარულითა და სიამაყით აღვივსე. წიგნის ავტორი ხომ ჩემი ბავშვობისა და სიყრმის მეგობარი – ჩვენი რეზოა, რომელიც სკოლაში სწავლის პერიოდში მრავლად გვჩუქნიდა მხიარულსა და ლამაზ დღეებს. მეც წარსულში დამაბრუნე და იცი, რა გამახსენდა? ყოველ დილით, სწავლის დაწყებამდე, ფანჯრის რაფებზე შემომსხდარი შენი კლასელები როგორ გავცქეროდით გზას და გელოდებოდით; შენ გამოჩენას მხიარული შეძახილებითა და ტაშით ვეგებებოდით.
იყო შემთხვევები, აგვიანებდი.
ასე მგონია, ამას გააზრებულად აკეთებდი, რადგან სკოლის ეზოში შემოსული პირველად ჩვენი საკლასო ოთახის ფანჯრებს ამოხედავდი; გვამოწმებდი, როგორ გელოდით. შემდეგ კი, როცა სიყვარულითა და ტაშით შეგებებული შენი „ერთგული მსმენელების“ – თანაკლასელების სიხარულით სავსე სახეებს უცქერდი, თავადაც სიყვარულით გვპასუხობდი და კმაყოფილი იყავი.
ასეა, ჩემო რეზო, შენი ნიჭითა და შრომისუნარიანობით, დიდი ძალისხმევით მიაღწიე მიზანს და კარგი შედეგიც დადე შენი ცხოვრების გზაზე. წარმატებული ყოფილიყავი მუდამ. ჩვენ კი – ძველებურად გახარებული შენი მიღწევებით.
ჩიტოლია
ჩიტოლია ჩხეიძე ბებიაჩემის ბავშვობის მეგობარი იყო – წარმოშობით სოფელ ოფჩადან. ახლო ნათესავებიც იყვნენ; ჩემს ბავშვობაში ხშირად ჩამოდიოდა ჩიტოლია სტუმრად ჩვენთან, ქუთაისში და იყო ამბების გახსენება, სიმღერა, სიცილ-კისკისი.
ჩიტოლია ძმასთან, გოგიასთანაც იყო საფრანგეთში 60-იან წლებში წასული და პირდაპირ ქუთაისში ჩამოქაქანდა პარიზიდან; „ფრანციცულ“ ამბებს გვიყვებოდა. თანაც, გოგიას ბებიასთვის საჩუქრად ყელსაბამიც გამოუგზნია. რასაკვირველია, ჩიტოლიას სიმღერებს ჩვენი მეზობლის – ჭეიშვილების გრძელ აივანზე შეკრებილი მეზობლები შუაღამედე ისმენდნენ და ერთს გვთხოვდნენ, ფანჯრები ფართოდ გაგვეღო, რომ მისი რომანსები უფრო „გემრიელად“ მოესმინათ. მეორე დღეს მორიდებით მოადგებოდნენ ღობეს:
– ელიჩკა, ბოშო, ამ თქვენს ჩიტოლიას რა ბარხატივით ხმა ამოსდის!
მეცნიერთა კლუბში ჩემი პრეზიდენტობის დროს ჩიტოლია ჩხეიძეს საღამო გავუმართეთ ახალგაზრდა მეცნიერებმა.
არაჩვეულებრივი საღამო გამოგვივიდა.
საქულა
მეოთხე კლასში ვიყავი, პირველად „ბაში-აჩუკი“ რომ ვნახე. ქუთაისში იყო ასეთი კინოთეატრი – „დამკვრელი“. ის ემოცია ახლაც მახსოვს.
წამოვიზარდეთ. სკოლაში გავდიოდით პროგრამით აკაკის ამ ნაწარმოებს. მასწავლებელმა თვალები გადმოაბრიალა და გამჭოლი მზერა ჩემს კლასელ საქულას დაასვა:
-საკანდელიძე!
გაგვიკვირდა, რადგან, როგორც წესი, მას საერთოდ არ აწუხებდნენ გამოძახებით. გვარი და სახელიც კი დავიწყებული გვქონდა მისი; „საქულა“ იყო და მორჩა.
საქულამ წაუყრუა. ვითომ ვერ გაიგონა. მასწავლებელმა ბრაზმორეულმა გაიმეორა:
-საკანდელიძე, დაიწყე „ბაში-აჩუკი“!
საქულა რიხიანად წამოდგა. გაგვიკვირდა. არ ველოდით. ზოგადად, გამოძახებისას თუ ადგებოდა; ისიც – ზანტად. და საქულამაც დაიწყო:
– დუმპა, დუმპა, დუმპა, დუმპა. რა მადლიანად ანათებს…
საქულა უბერავს; მასწავლებელი კივის:
– საქულა, მამაშენი ხვალ სკოლაში!!!
-წელი აქვს გაშეშებული. კითხე ქათამაძეს!
საქულამ გვანიშნა, ამყევითო. ჩვენც არ დავაყოვნეთ და მთელმა კლასმა დაიწყო ბაში-აჩუკის სიმღერა.
მხოლოდ ქათამაძეს არ ემღერებოდა. მასწავლებელი კიდევ ფატიმა რომ გაგიჟდება ფილმში ბოლოს, ისე დარბოდა მერხებს შორის.
ჰემინგუეის დატირება საფიჩხიაზე
1899 წლის 21 ივლისს დაიბადა ნობელიანტი მწერალი ერნესტ ჰემინგუეი – ჩემი „მამაცი გმირი“.
ამ დილით I არხის რადიოში მქონდა ჩართვა და გავიხსენე, როგორ დაიტირა საფიჩხიაზე ჩვენმა სიმონეთელმა ნათესავმა ქალმა ორი კვირის გარდაცვლილი ჩემი გიორგი ბაბუა.
***
ბებია, ტრადიციულად, მისაღებ ოთახში შეუძღვა სიმონეთიდან ჩამოსულ სტუმარს:
– ჩემო ელიჩკა, რადიკულიტმა დამარტყა და ვერ ვინძრეოდი. არ გაგიკვირდა, რომ არ გამოვჩნდი?!
ქალმა მიიხედ-მოიხედა, აზლუქუნდა და წიგნების თაროს კი არ მიუახლოვდა, მიეპარა:
– გიორგი, შენ მიწაში უნდა იყო და მე უნდა გტიროდე? – მოთქვამდა…
– ეგ, ნადია, გენაცვალე, ჰემინგუეი გახლავს,-შეაპარა ბებიამ.
პ ა უ ზ ა:
– ვინ არის, ელიჩკა?
– ჰემინგუეი!
– მერე, არ გაცივებულა კაცი ჯერ და „ზალაში“ ვინცხა კაცის სურათი გაქვთ გამოდებული, საპატივცემულო ადგილზე? გადასარევი თუ არ იყოს, ელიჩკა ჩემო!- თვალები აუვიდა ნადიას შუბლზე და კიდევ უფრო შეეცოდა ბაბუა, რომლის შედარებით პატარა სურათი მოკრძალებით იდო შესაფერის ადგილზე.
თამარ ფარჯიანი
ერთხელ პოეტმა ენვერ ნიჟარაძემ მითხრა – მთელი ბავშვობა არ მიყვარდიო.
შევწუხდი და ვკითხე:
– რატომ?
– რატომ და დედაჩემს უყვარდი ძალიანო.
თამარ ფარჯიანი… ენვერის დედა, ჩემი პირველი კლასის მასწავლებელი.
კლასელებს გვეგონა, რომ ეს ბედნიერება მხოლოდ ჩვენ გვარგუნა ბედმა.
თამარ ფარჯიანის თანშობილი სილამაზე დღემდე ერთადერთია. გესაუბრებით სამოცდასამი წლის წინ განცდილზე, რომელიც მთელი ცხოვრება მდევს თან. მხატვარი რომ ვყოფილიყავი, ჩემი პირველი კლასის მასწავლებლის – ქალბატონ თამარ ფარჯიანის სახეს ტაძრის კედელზე ფრესკად გადავიტანდი…
ჩემები
წარმოიდგინეთ სადარბაზოს კიბეებზე ჩამომჯდარი აბეღა და მორდეხა. სტუდენტობისას ქუთაისში რომ გავჩნდებოდი გაქანებული სწავლის დროს, აბეღა მეტყოდა:
- ჩამოხვედი ოჯახის დასაწიოკებლად ხომ?
ნისიად მაძლევდა „მარლბოროს“ ბლოკს. „ჩემებს“ ვეძახდი ქუთაისელ ებრაელებს შაუმიანის ქუჩიდან. თბილისში ჩასვლას დამაცდიდნენ და მერე მიადგებოდნენ ჩვენი ეზოს ჭიშკარს მორიგეობით ხან აბეღა და ხან – მორდეხა. ვალს გასტუმრება უნდა; აბა, როგორ?
ბებიას აღმოხდებოდა:
- რეზიკო!,რეზიკო! კიდევ კარგი, გიორგი რომ არ მოესწრო!
ერთხელაც ებრაელების უბანში მისულს აბეღამ ხმა დამადევნა:
აბეღა – გავიგეთ, ცოლს თხოულობ, ე ქ ი მ ი ა?!
რეზო – ა რ ა, „ინგლისურზე“ სწავლობს!
აბეღა – ანგელოზივით ხარ, დაგენაცვლე, ამოდენა თბილისში ერთი ექიმი ქალი რა გაწყდა?
რეზო – მამა ჰყავს ექიმი, თავს და ტვინს „აპაჩინკებს“!
აბეღა – ბებიაშენმა იცის ექიმი რომ არ არის? საცოდავი ელიჩკა!
რეზო – იცის, მაგრამ არ იმჩნევს !
აბეღამ მორდეხას ახედა:
აბეღა – მართალი ყოფილა, ექიმი არ ყოფილა!
მორდეხა – შებერტყილია რეზოაია, მიხედავს მაგი თავის საქმეს!
მატარებელში
გამცილებელი შეუსვენებლად გაიძახდა – მოემზადეთ, რიონში შევდივართ!
გამცილებელს შევუკურთხე და ირინაც გავაღვიძე. დილის შვიდი საათია; როგორია?
მიქრის მატარებელი და პეიზაჟები იცვლება. ეს ჩემი იმერეთის ფერებია. აჯამეთის ტყეებიც გამოჩნდა.
რეზო – ირინა, ნახე, ეს აჯამეთის ტყეებია; ბებიაჩემი ხშირად მიჩიჩინებდა, რომ აქაურობა ბაბუაჩემის – გიორგის მამის -ალექსანდრესა და მისი ძმის – ილია კლდიაშვილების საკუთრება ყოფილა!
ირინა – მერე შენ რა?
რეზო – მიჩუქებია შენთვის. რა იცი, რა ხდება. ბებია რაჭველი ქალია, ქვისგან წყალს ადენს. თუმცა, რაჭა თვალით არ უნახავს. ხომ არ წავივარჯიშოთ?
ირინა – დაიწყე!
რეზო -აბა, ირინა, სადაური ხარ?
ირინა – თბილისელი!
რეზო – მაიცა რა, არავინ გართმევს თბილისსა და კიკეთს. წარმოშობით საიდან არიან შენი წინაპრები, წარმოშობით, ესაა მნიშვნელოვანი!
ირინა – გურული!
რეზო – აბა, გამოცოცხლდი. ზემო იმერელი ხარ შენ!
ირინა – რატომ?
რეზო – საქმეს სჭირდება ასე! ვერ ვანერვიულებ ბებიას, ასაკშია!
ირინა – ტყუილი ვთქვა?
რეზო – აბა, ახლა ნუ გაჭედე!
ირინა -ხომ არ გავიწყდება, კახური სისხლიც რომ მაქვს?
რეზო – მღუპავ?!
ირინა – ლაზურიც!
რეზო – ეჰ, ბებია სწორს მეუბნებოდა – ჩვენებური ითხოვე, ზემო იმერელიო; ამ არეული სისხლის ქალს რა მოთოკავს!
ირინა (მიმიხვდა) – დაგეჯერებინა ბებიისთვის!
რეზო – რატომ არ მიწევ ანგარიშს, კირი გეხარჯება თუ სილა?
გამცილებელი – გაემზადეთ, ქუთაისში ვართ!
მოკლედ… დაძაბულმა შევაღე ოჯახის კარი!
როცა ასეთი სიყვარულია…
ჩემი გიორგუნა და დეიდა ტატულია (ლამარა მარგველაშვილი) დიდი მეგობრები იყვნენ. იმ დღესაც მათ სურათს დავცქეროდი; გავიფიქრე – როგორი ბედნიერი სახე აქვს ორივეს; სრული ნირვანა. ღმერთმა მათი სულები გაანათლოს.მოგეხსენებათ, 53-ე სკოლის დირექტორი გახლდათ დეიდა ტატულია და მიგვიწვია, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა მეცნიერები; მე ქიმიას ვასწავლიდი. ერთ დღესაც სტუმრიანობა გვქონდა და დილით ჩამეძინა. არადა, პირველი გაკვეთილი მქონდა. 9.05-ზე ტელეფონის ხმა გაისმა; ყურმილი გიორგიმ აიღო:
– ვააა, ტატუ, სიხარულო!
ვატყობ, გიორგუნას სახე ეცვლება. აქედან მე ვემუდარები:
– უთხარი, სახლში არაა-თქო და საბანს ვიფარებ; ვითომ რამეს მიშველის. გიორგუნა იბნევა და ასე უპასუხებს – რეზომ თქვა, სახლში არა ვარო! ისეთი ხმა მომესმა ტელეფონიდან, ათ-თხუთმეტ წუთში საკლასო ოთახში აღმოვჩნდი…
მამუკა კიკალეიშვილი
უკეთილშობილესი მამუკა კიკალეიშვილი ზუსტად ისეთი იყო, კლიპში რომ თვითირონიით მღეროდა – „მე ისეთი კარგი ვარ“…
გადაღებაზე მიდიოდა ესპანეთში; გაიგო, ჩემი გიორგისთვის გვჭირდებოდა წამალი, რომელიც არათუ მაშინდელ საბჭოთა კავშირში, ევროპაშიც ძნელად იშოვებოდა. გიორგისთან მეგობრობდა; დრო როცა ჰქონდა, შემოირბენდა და ეთამაშებოდა.
გამომშვიდობებისას გიორგის თვალებში ჩახედა და უთხრა:
– გიორგუნა, შენ წამალი გექნება! – ხელი გაუწოდა და თვალცრემლიანმა დაგვტოვა. ისე აგიხდეთ თქვენ ყველაფერი, როგორც მამუკამ შეასრულა პირობა. ესპანეთიდან დაბრუნებულმა სიამაყით შემოაღო ჩვენი სახლის კარი; მისაღებ ოთახში წამლით ხელში, მისებური მიხვრა-მოხვრით „გვემარიაჟებოდა“.
სიტყვები არ მყოფნის, ჩემო მამუკა, შენ მართლაც ისეთი კარგი ხარ!
მე და ჯერი
მძიმე დროა: არა – სინათლე, არა – გაზი, არა – ტრანსპორტი, ბენზინზე რიგები და, საერთოდ…
ჩემი ჯერი სისხამ დილით გავიყვანე გასასეირნებლად. გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მხარეს, ხელგაწვდილი ქალი იჯდა მოწყალების მოლოდინში. ჩავუარეთ; ვიცოდი, ფული არ მქონდა; კარგა მანძილი რომ გავიარეთ, ჯერი გაჩერდა და აღარ გამომყვა. თან უკმაყოფილო სახით მიყურებდა. რატომღაც ჯიბეები მოვიქექე და აღმომაჩნდა ფული; მივბრუნდით უკან; ქალს ქაღალდის ფული გადავეცით და გზა გავაგრძელე. იმ ქალის ლოცვას ხერხემალში ვგრძნობდი. ასე მეგონა, ლოცვა ადიოდა და ჩამოდიოდა სხეულში. სახლში დავბრუნდით; ოჯახს ეძინა. ჯერის საუზმე გავუმზადე და ზარის ხმაც გაისმა. კარში დიდი ხნის უნახავი ჩემი ბავშვობის მეგობარი იდგა მოსკოვიდან; მაგარი „დაზმანული“. ვისაუბრეთ. როგორღაც ყავაც „გავშანსე“. გასვლისას წიგნების თაროზე კონვერტი დადო.
რა არის მეთქი? – ვკითხე.
-შენ რომ გაგიხარდება!- გამიღიმა და გავიდა.
კონვერტში 500 ამერიკული დოლარი დამხვდა.
გესმით?
დღემდე მგონია, რომ ეს დოლარები იმ ხელგაწვდილმა ქალმა მაჩუქა.
ჯერის გავხედე დაბერილი ნესტოებით; ისიც კუნტრუშით გამცილდა.
ქეთევანი – ბუნების დამცველი
ჩემი შვილიშვილი – ქეთევანი ახლა დიდი გოგოა.
თუმცა მისი ბავშვობიდან რამდენიმე ეპიზოდი დაუვიწყარია ჩვენთვის.
ერთ ზაფხულს ძალიან ცხელოდა და ხეები სულს ღაფავდნენ. დილასა და საღამოს წყალს კი ვუსხამდით, მაგრამ მაინც უხასიათოდ იყვნენ. ქეთევანი წუხდა მათ გამო. ვურჩიე:
– მოდი, ბაბუ, ვუმღეროთ და სიტყვითაც მოვეფეროთ, იქნებ, ეშველოთ რამე.
დამიჯერა.
საოცრება…. ხეებმა გამოცოცხლება დაიწყო და ბედნიერები ვიყავით.
წყალი რომ ჩემპიონი ნივთიერებაა, განხილვას არ ექვემდებარება, მაგრამ ამასთან მას აქვს ერთ-ერთი უნიკალური თვისებაც – ზედაპირული დაჭიმულობის უნარი და შეუძლია, ნიადაგიდან ხის კენწერომდე მიაღწიოს; გამოკვებოს ის.
წყალს გააჩნია მეორე უნიკალური ანომალიური თვისებაც – ის ინფორმაციას იღებს; ამიტომაც ვურჩიე ქეთევანს, გვემღერა და მოვფერებოდით ხეებს მორწყვისას.
მოკლედ, მოფერება და თბილი სიტყვა ყველასა და ყველაფერს სჭირდება და აცოცხლებს.
ხეებიც ხომ ადამიანებივით არიან და ბევრად უფრო კეთილები…
გუგულიკა
ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ პიესებსაც, ადამიანებივით, საკუთარი ბედი დაჰყვებათ. ჩემი მეორე პიესა – „იადონას თეატრი“ – დავწერე თუ არა, მელანი არ ჰქონდა ფურცელს შემშრალი და „მარჯანიშვილში“ დაიდგა; პირველი პიესაც – „საპოვნელა“ – ანშლაგით მიდიოდა ამავე თეატრის სცენაზე.
იადონას როლს სოფიკო ჭიაურელი თამაშობდა; ვანიჩკას კი – გივი ბერიკაშვილი, რომელიც მაყურებელს მონატრებული ჰყავდა; როგორია გუშინწინ გამომცხვარი დრამატურგისთვის საკუთარ პიესაში თეატრისა და კინოს ვარსკვლავების თამაში? მითუმეტეს, რომ ორი მსახიობისათვის დაწერილი პიესებით ქართული დრამატურგია არ იყო განებივრებული.
მინდა, გიამბოთ, როგორ შემოვიდა იადონასა და ვანიჩკას ამბავი ჩემს ცხოვრებაში. ქიმიის ასპირანტი ვიყავი, როცა პირველად დაიბეჭდა ჩემი მოთხრობები ჟურნალ „ცისკარში“; სიხარულისგან ისე ავხტი, ჭერს მივარტყი ხელი. ცოლშვილიანი ვიყავი უკვე; ამ დროს მისაღებ ოთახში შემოვიდა ირინას, ჩემი მეუღლის ბებიის, ცნობილი ქალბატონის, თეატრალური ინსტიტუტის პროფესორის – მალიკო მრევლიშვილის დეიდა – გუგულიკა; დეიდა და დისშვილი თითქმის ტოლები იყვნენ.
რაჭველი იყო გუგულიკა, ლობჟანიძის ქალი.
„მომთაბარე“ ცხოვრებას ეწეოდა გუგულიკა – „სახელოვან ნათესავებს“ – ხან ერთს, ხან – მეორეს – ორი-სამი დღით ჩამოუვლიდა და თავის მადლიან ხელს არავის აკლებდა.
ზოგს უთო ეზარებოდა, ზოგს – სამზარეულოში ტრიალი, ზოგს ბავშვების გაზრდაში ეხმარებოდა. თუ ვინმე მოკვდებოდა, ჩამორეკავდა – დაეწყვეთ და დააფასეთ თქვენი სისხლი და ხორციო. ხანდახან თავის ვაჟს, ბუჭას, შეეხმიანებოდა – წამიყვანეო და „შვებულებით“ საკუთარ სახლშიც ჩაუშვებდა ღუზას, რასაკვირველია, ცოტა ხნით. აქვე გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ გუგულიკას განსაკუთრებით ვუყვარდი; მართალია, რაჭველი არ ვიყავი, მაგრამ იმერლობაც მშველოდა და არც მთლად მახინჯი გახლდით. ერთი სიტყვით, მწყალობდა.
– რეზიკო, რეზიკო!
– გისმენთ!
– ლობიო ამოლესილი გაგიკეთო თუ ნიგვზიანი?!
– ნიგვზიანი! გუგულიკა, ნახეთ, ჩემი მოთხრობები დაიბეჭდა „ცისკარში“!
– გამისინჯე, თუ გიყვარდე, მარილი ხომ არ აკლია?
– ცოტა მოაყარე!
– შენ იცი, მე რომ ვარტისტობდი ონში?
– ვააა, რა საინტერესოა!
– დეზდემონა მაქვს ნათამაშები!
ავხედე ლობიოს ამოლესვით გართულ გუგულიკას და არავითარი მონაცემი, დეზდემონა რომ ეთამაშა – არც ტან-ფეხი უწყობდა ხელს; სახეს არა უშავდა – ცოტა გრძელი, კაუჭიანი ცხვირი კი ჰქონდა.
– ოტელოს ვინ თამაშობდა?
– პროფესორი რომ არის თეატრალურში – დაბალ-დაბალი, არ გაგიგონია? დიმიტრი ჯანელიძე!
– ოტელო – დიმიტრი ჯანელიძე – თეატრმცოდნე?!
– ჰო, ეს ჩია კაცი რომ დამეძგერებოდა, ერთი-ორჯერ კინაღამ დამახრჩო; ხუტუნიკამ გადამარჩინა!
– ხუტუნიკა სცენაზე ამოვარდა?
– ჩემი ძმის კბილა იყო, უფროსი ძმის, ქერჩში რომ ჩაკლეს!
გუგულიკას ნათქვამი ფრაზა – „დეზდემონა მაქვს ნათამაშები“ – მთელი სიცოცხლე დამდევდა თან და 20 წლის თავზე პიესაც დავწერე – „იადონას თეატრი“. თითქმის არ დარჩენილა საქართველოში თეატრი, იადონა რომ არ დაედგათ და სპექტაკლში თეატრების რჩეულ ვარსკვლავებს არ ეთამაშათ.
რასაკვირველია, მადლობა გუგულიკას იადონასთვის! აბა?
ჯოხის „კრაოტები“
კოტე მახარაძისა და სოფიკო ჭიაურელის „განაჩენით“, „მარტოობის ბინადრის“ რეჟისორად ნანა მჭედლიძის მოწვევა გადაწყდა.
სადილიც გაიმართა ფიქრის გორაზე კინორეჟისორის პატივსაცემად.
ლექცია მქონდა და დამაგვიანდა.
ის იყო მობოდიშება დავაპირე, ქალბატონმა ნანამ წამოიძახა:
- ამის პიესას არ დავდგამ!
მიცვალებულის ფერი დამედო. ვერ მივხვდი, რატომ მსჯიდა ქალბატონი ნანა.
რეჟისორი კოტესა და სოფიკოს მიუბრუნდა:
- თეატრალურში სწავლისას ერთხელ სოლოლაკში ავედი ჩემს მეგობრებთან, სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებთან. დაოსებულები დამხვდნენ.
ჯერ მოვინდომე, ბიჭი დამეტუქსა. ვერაფერი რომ ვერ მოვუხერხეთ, გასასეირნებლად წავიყვანეთ; მაგრამ უარესი დაგვმართა; პუშკინის ქუჩის კუთხეში, მაღაზიის დიდ ვიტრინაში, მაიმუნის უზარმაზარი ფიტული დაინახა და გადაირია; ფეხები „გააფიჩინა“ მიყიდეთო და გაწვა ასფალტზე. ოთხ სტუდენტ გოგოს სული არ გვედგა სიგამხდრისგან; ვეჭიდავებით და ძვრას ვერ ვუშვრებით. თანაც ფართხალებს. ამ მაიმუნის ფული საიდან, რომც გაეყიდათ? ერთი სიტყვით სიკვდილი მოგვანატრა.
უხერხული სიტუაცია ბატონმა კოტემ „განმუხტა“ – ქალბატონო ნანა, იმ გადარეული ბიჭის პიესებს დღეს მარჯანიშვილის თეატრი დგამს ზედიზედ. არც რუსთაველის თეატრია გამონაკლისი და ახლა ერთი მსახიობის თეატრსაც მოადგა. დაერია ჩემს ცოლებს; ამ ვაჟბატონის პიესებში იქით მედიკო თამაშობს და აქეთ სოფიკოო.
1999 წლის ჩემი საავტორო საღამო არ გამოგრჩეთ-მეთქი – ფრთხილად შევახსენე ბატონ კოტეს…
ქალბატონმა ნანამ გამიღიმა და ხელი გამომიწოდა. ამოვისუნთქე. მივხვდი, რომ გადავრჩი.
სპექტაკლზე მუშაობის პროცესი რაღაც სხვა განზომილებაში მოხვედრას ჰგავდა. რეპეტიციების მერე ბატონი კოტეც გვიერთდებოდა მორიდებით. ფინჯან ჩაისთან გვათენდებოდა. უცნაური ბედი დაჰყვა მონოპიესას – მუდმივი ანშლაგი… სოფიკომ ნუცა ჩხეიძის პრემიაც მიიღო ეკას როლისთვის. ნიკუშა შენგელაიას მხატვრობა და ია საკანდელიძის მუსიკალური გაფორმება დღემდე ახსოვთ.
„მარტოობის ბინადრის“ პრემიერის მერე ყველა ჩემს სტუდენტს ვეუბნები – იოცნებეთ! იოცნებეთ! ოცნებები სრულდება…
მთავარია, სწორად ვიოცნებოთ…
მთავარია, მივხვდეთ, რა გვინდა…
მთავარი სტუმარი
სტუდენტობისას, ფილოსოფიას რომ ვაბარებდი, დედამ მთხოვა – არ შემარცხვინო, ბაბუს მეგობარია და კარგად მოემზადეო. აი, ფილოსოფოსს და თანაც საკმაოდ წონიანს, ერთხელ შევხვდი, ისიც სადილად ვიყავი მიწვეული მეგობრების – მედეა და ელეონორა აბაშიძეების ოჯახში – მეუღლესთან ერთად. ეს იყო ბედნიერი სამოცდაათიანი წლების მიწურული; ბედნიერი იმიტომ, რომ ახალგაზრდები ვიყავით. აბაშიძეებს შესანიშნავი უცხოენოვანი ბიბლიოთეკა ჰქონდათ; ირინა წიგნებმა გაიტაცა; მე კიდევ მოშორებით, სავარძელში მოკალათებული ვათვალიერებდი ჟურნალს. ირინას მიუახლოვდა ასაკოვანი მამაკაცი ყალიონითა და დიდი სათვალეებით, რაღაც ინგლისური წიგნი გადმოიღო და გატაცებით დაუწყო საუბარი. ირინა გაწითლდა, ჩემკენ გამოიხედა და მე ვანიშნე – დაიკიდე! მასპინძელმა, მედეა აბაშიძემ, ჩამოგვიქროლა და სუფრასთან მიგვიწვია. სტუმარმა ირინას სუფრისკენ მიანიშნა, როგორც გალანტურ მამაკაცს ეკადრებოდა და გზა დაუთმო. ამ დროს მედეამ წუხილით თქვა, როგორ არ გაგაცანით ერთმანეთიო. სტუმარმა მასპინძელს ღიმილითა და დამაჯერებლად უთხრა – ჩვენ უკვე გავიცანით ერთმანეთი! – და ირინას თავის გვერდით სკამი გამოუწია.
- არა, არა, ირინა და რეზო აქ დასხდებიან; თქვენ კი – მამას გვერდით, აი, აქ დაბრძანდით!
მასპინძლებს ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ და მთავარი სტუმარი მშობლებთან დასვეს.
რასაკვირველია, ასეთ ფინალს არ ელოდა აბაშიძეების მთავარი სტუმარი, რომელმაც მხოლოდ ჩემი „ამერიკული ღიმილი“ დაიმსახურა – ირინა, რეზო, ხომ იცნობთ მერაბ მამარდაშვილს?!
ტუტუცური სურვილი
მათემატიკას ასაკოვანი კაცი გვასწავლიდა; იქნებ, მისი „ასაკოვნება“ მეჩვენებოდა კიდეც; ხომ არსებობენ ადრე ჩამობერებული ქალები და კაცები, მუდამ შეწუხებული სახეები რომ აქვთ. მი მასწავლებლის გარეგანი და შინაგანი შფოთვა და წუხილი მაშინ უნდა გენახათ, გაკვეთილზე გაუფრთხილებლად რომ შემოგვიღებდა კარს უმკაცრესი დამსწრე მათემატიკის საქალაქო მეთოდური კაბინეტიდან – გვარად გოგელია. მისი სახელი კარგა ხანს ვერ მოვიგონე და ახლობლებთან მივრეკ-მოვრეკე. შემომიწყრნენ ქუთაისიდან – ალიოშას სახელი რამ დაგავიწყაო.
ჩემდა ჭირად, ბოლო მერხზე ვიჯექი და დამსწრე ალიოშაც მუდამ ჩემ გვერდით ჯდებოდა. მკაცრი კაცი კი ჩანდა, მაგრამ იმდენად ხშირად გვესწრებოდა, რომ რაღაც ტიპის ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ტრადიციულად რვეულს გამომართმევდა და გადახედავდა. ერთხელ ჩუმად შემომაპარა – ვისთან ემზადებიო? ჩავუკაკლე ყველაფერი. ბებიაჩემი, როგორც თვითონ იტყოდა, ტვინის გასალესად ან კიდევ უფრო რომ დავაზუსტოთ, „для профилактики“, საუკეთესო რეპეტიტორებს „მიშანსავდა“. ჩემმა რეპეტიტორმაც გაიგო მერე ალიოშასა და ჩემი გულახდილი დიალოგის ამბავი და მოსაბრუნებელი გამიხდა.
იმ დღესაც საქმიანად შემოაღო კარი გოგელიამ და როგორც ყოველთვის, პირდაპირ ჩემკენ გამოეშურა. გამალებით წერდა რაღაცას თავისთვის. მასწავლებელიც გაქაფული ხსნიდა. კიდევ უფრო მონდომებული იყო გოგელიას ხათრითა თუ შიშით.
წინა მერხზე მათემატიკაზე შემომწყრალი ერთი ჩემი კლასელი გოგო იჯდა (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ); გამალებით წევდა ხელს; ყველას ეგონა, რომ გაძახებას ითხოვდა. ჩვენმა მასწავლებელმა ჯერ „Не вижу“ გაუკეთა და მერე თვალებიც დაუბრიალა, მაგრამ გოგო მაინც ვერ შეაჩერა – ფეხზე უნებართვოდ წამოხტა და თავგანწირვით აყვირდა – კლდიაშვილმა შემარჭოო!
ბრინჯივით დაიბნა მასწავლებელი; ნერვიულობისგან შეცდომით დაწერილი ფორმულების წაშლა დაიწყო დაფიდან. გოგელიამაც შეწყვიტა წერა – დაინტერესდა, როგორც ჩანს, ვინ ვის შეარჭო და, საერთოდ, რა ხდებოდა ირგვლივ. კლასელები ემუდარებოდნენ გოგოს – დაჯექი, რამ გადაგრიაო, მაგრამ არაფრის გაგონება არ სურდა მათემატიკაზე შემომწყრალ ჩემს კლასელს; უფრო „კაპასობდა“ – თუ შემარჭო, არ ვთქვაო“? გაგულისებული და გამწარებული დაასკდა მერხს.
არადა, არც ტყუოდა; ტუტუცი რომ ვიყავი, კალმისტარს ვარჭობდი და ეტყობა, „ძაან“ მომივიდა; სიმწრისგან წამოვარდა ფეხზე ეს უთქმელი გოგო.
ახლაც „ტუტუცურად მინდა“, მისი გვარი გავამხილო; უფრო გამილამაზებდა სათქმელს, მაგრამ ენას კბილს ვაჭერ, არ შეიძლება. ან რაღა დროს ჩემი ტუტუცობაა? უკვე „გავიზარდეთ“…
გაგრძელება: I ნაწილი | II ნაწილი | III ნაწილი | IV ნაწილი