ფრიდრიხ შილერი თარგმანი

ტრაგედიაში ქოროს გამოყენების თაობაზე

, , , ,

წინასიტყვაობა ტრაგედიისათვის ქოროთი „მესინელი პატარძალი“

პოეტური ნაწარმოების გამართლება თვით მასშივე უნდა მყოფობდეს. სადაც თავად საქმის ვითარება არ ლაპარაკობს, იქ სიტყვასაც ნაკლები ძალა აქვს. ამიტომაც შეიძლებოდა თვითონ ქოროსთვის მიგვეცა საშუალება დაეცვა თავი (თუკი მას შესაფერისად გამოიყენებდნენ), მაგრამ პოეტი-ტრაგიკოსის ქმნილება დაგვირგვინებას მხოლოდ თეატრალურ წარმოდგენაში პოვებს. პოეტი ოდენ მესიტყვეა; სიტყვისათვის სიცოცხლის მისანიჭებლად კი აუცილებელია ცეკვაც და მუსიკაც; და ვიდრე ქოროს ამგვარი მძლავრად-გრძნობადი თანხლება აკლია, მანამ ტრაგიკულ წარმოდგენაში იგი გარეშე საგნად, უცხო სხეულად დარჩება, – მოქმედებას რომ წყვეტს, ილუზიას გვირღვევს და გულგრილს გვტოვებს. ამიტომ ქოროს  მისთვის შესაფერი რომ   მივაგოთ, საჭიროა იგი ნამდვილიდან შესაძლებელ სცენაზე გადავიტანოთ; (თუმცა ეს აუცილებელია ყველგან, სადაც რაღაც უმაღლესის მიღწევას ესწრაფვიან). ხელოვნებამ უნდა შეიძინოს ის, რაც მას აკლია. საშუალებათა შემთხვევითმა სიმწირემ არ უნდა შეზღუდოს პოეტის შემოქმედებითი წარმოსახვა. მას ურჩეულესი დაუსახავს მიზნად და იდეალს ესწრაფვის; პირობებზე მორგება კი – საშემსრულებლო ხელოვნების საქმეა.

არ არის სწორი მოარული მტკიცება, თითქოს პუბლიკა ამდაბლებს ხელოვნების დონეს. პუბლიკის დონეს ხელოვანი ამდაბლებს; ხელოვნება ყველა დროში ხელოვანთა მიზეზით ეცემოდა. პუბლიკას არაფერი ესაჭიროება გრძნობადი აღქმის უნარის გარდა და ეს მას აქვს კიდეც. ის ფარდასთან მოდის გაურკვეველი სურვილით, მრავალგვარი შესაძლებლობით და თან მოაქვს უნარი უმაღლესისა. პუბლიკა აღფრთოვანებულია გონიერებითა და სამართლიანობით და თუნდაც თავიდან უხამსსა და უხარისხოს დასჯერდეს, მაინც დაასრულებს იმით, რომ საუკეთესოს მოითხოვს (თუკი ასეთს აჩვენებენ მას).

კარგი, იტყვიან, ოღონდ პოეტმა  შექმნას ტრაგედია იდეის მიხედვით და დამფასებელმაც იდეათა თანახმად განსაჯოს, პირობითობით შემოსაზღვრული საშემსრულებლო ხელოვნება კი ცხოვრებისეულ საჭიროებებს ეფუძნება; ანტერპრენიორი საშოვარს ეშურება, მსახიობს – თავის გამოჩენა სურს, მაყურებელი კი გართობას და ღელვათ ესწრაფვის. ის სიამოვნებას ეძიებს და უკმაყოფილო რჩება, როცა ძალისხმევას სთხოვენ იქ, სადაც თამაშსა და დასვენებას მოელის.

თუმცა, ხშირად თეატრთან უფრო სიღრმისეული დამოკიდებულების შემთხვევაში, მაყურებლის სიამოვნების აღკვეთას კი არ ესწრაფვიან, არამედ მის გაკეთილშობილებას ცდილობენ. დაე, იყოს თამაში, ოღონდ – პოეტური. ყოველგვარი ხელოვნება სიხარულს უნდა მიეძღვნას და არ არსებობს უფრო მაღალი და სერიოზული ამოცანა, ვიდრე ადამიანის გაბედნიერება. ჭეშმარიტი ხელოვნება ისაა, რომელიც უმაღლეს ტკბობას გვანიჭებს. უმაღლესი ტკბობა კი სულის თავისუფლებაა – ყველა მისეული ძალა ცოცხლად ათამაშებული.

ისიც მართალია, რომ ყოველი კაცი წარმოსახვით ხელოვნებათაგან სინამდვილის ხუნდებიდან ერთგვარ გათავისუფლებას მოელის. მას სურს, შესაძლოთი გაერთოს და ფანტაზია ნებაზე მიუშვას. ისიც კი, ვინც ხელოვნებათაგან რაიმე განსაკუთრებულს არ მოითხოვს, ისწრაფვის გადაივიწყოს თავისი საქმეები, ყოველდღიური ცხოვრება თუ საკუთარი პერსონა; სურს თავი უჩვეულო მდგომარეობაში იგრძნოს და შემთხვევათა მოულოდნელი დამთხვევით ისიამოვნოს. უფრო ღრმა ნატურა კი ესწრაფვის სცენაზე იხილოს სწორედ ის ზნეობრივ-სამყაროული წესრიგი, რასაც ცხოვრებისეულ სინამდვილეში ვერსად ხვდება. ესაა ოღონდ,  ასეთმა ადამიანმა კარგად უწყის, რომ მხოლოდ არაფრისმთქმელი თამაშით დაკავებულა, რომ სრული მნიშვნელობით ოცნებებს ელაციცება და თეატრიდან გამობრუნებულს სინამდვილე კვლავაც თავის არჩივად აქცევს, – ხელში ჩაიგდებს რა მთელი თავისი ადრინდელი დამთრგუნავი იწროობით; რამეთუ სინამდვილე დაშთა იმად, რაც იყო და მასში არაფერი შეცვლილა. მაშასადამე, არც არაფერი გამოვიდა    წამიერი სასიამოვნო ჩვენების გარდა, გამოღვიძების უმალ რომ განქარდება.

და იმის გამოისობით, რომ აქ მიზნად წარმავალი ილუზია დაუსახავთ, საკმარისი ხდება სიმართლის ოდენ მოჩვენება, ანდა სასიამოვნო მიმსგავსება მასთან. ხშირად სწორედ ამგვარი მოჩვენებითა და მიმსგავსებით შესაშური მონდომებით ჩაანაცვლებენ ხოლმე სიმართლეს.

ეს მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი ხელოვნების ამოცანა მხოლოდ გართობა როდია. მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ადამიანი არა მხოლოდ მოხიბლოს თავისუფლების წამიერი ზმანებით, არამედ უთუმცაოდ და ნამდვილად ქმნას იგი თავისუფალი, რასაც აღწევს კიდეც იმით, რომ ადამიანში აღვიძებს, ავარჯიშებს და ავითარებს გრძნობადი სამყაროს ობიექტურ სიშორეში გადატანის უნარს – იმ სამყაროსი, რომელიც ჩვეულებრივ თავს გვახვევია, როგორც უხეში, დამთრგუნავი მატერია და ბრმა ძალა. [ჭეშმარიტი ხელოვნება] იდეის მეშვეობით სწორედ ამ სამყაროს აქცევს ჩვენი სულის თავისუფალ ქმნილებად და ყოველივე მატერიალურის მბრძანებლად.

სწორედ იმ მიზეზით, რომ ჭეშმარიტი ხელოვნება ესწრაფვის რაღაც რეალურსა და ობიექტურს, მას არ შეუძლია დასჯერდეს ოდენ მოჩვენებით სიმართლეს. იგი თავად ამ სიმართლეზე – ბუნების წარუვალ და ღრმა საფუძველზე აღმართავს ხოლმე თავის იდეალურ შენობას.

მაგრამ რანაირად ძალუძს (და მოვალეც არის) ხელოვნებას, იყოს სრულიად იდეალური და იმავდროულად უღრმესი აზრით რეალურიც? როგორ შეუძლია მას, სავსებით მიატოვოს სინამდვილე და თან სრული სიზუსტით მოვიდეს თანხმობაში ბუნებასთან? – ეს ცოტა ვინმეს თუ ესმის და სწორედ ეს გარემოება  ძალზე შესამჩნევად ამრუდებს დამოკიდებულებას პოეტურ და პლასტიკურ ქმნილებებთან, რადგანაც საყოველთაოდ აღიარებული თვალსაზრისის მიხედვით, ორივე ეს მოვლენა თითქოსდა უბრალოდ გამორიცხავს ერთმანეთს.

ჩვეულებრივ ისე ხდება, რომ ესწრაფვიან ერთს და მისთვის სწირავენ მეორეს; და სწორედ ამის გამო ვერ აღწევენ ვერცერთს. იგი, ვისაც ბუნება მახვილი თვალითა და შეგრძნების სიღრმით აჯილდოებს, ხოლო შემოქმედებით წარმოსახვაზე უარს ეუბნება,  კარგად დაიჭერს შემთხვევით მოვლენებს, მაგრამ ვერაფრით – ბუნების სულს. იგი ჩვენს წინაშე წარმოაჩენს სამყაროულ მატერიას, მაგრამ სწორედ ამიტომ ეს უკანასკნელი არ იქნება ჩვენი ქმნილება; ვერ იქნება ჩვენივე შემოქმედებითი სულის თავისუფალი ნაქმნარი და შესაბამისად, ვერ შეძლებს იმგვარი კეთილისმყოფელი გავლენის მოხდენას, რომელიც ხელოვნებას ახასიათებს და თავისუფლებაში გამოიხატება. სულის სერიოზული, მაგრამ არა სასიხარულო განწყობით ვემშვიდობებით ამგვარ ხელოვანსა და პოეტს; თანაც ვგრძნობთ, რომ სწორედ იმ ხელოვნებას, რომელსაც უნდა გავეთავისუფლებინეთ, ჩვენდა სამწუხაროდ, სინამდვილის უხამს იწროობაში გადავყავართ; ხოლო ვინც პირიქით, ცოცხალი წარმოსახვის პატრონია,მაგრამ გულისხმიერება და ხასიათი აკლია, არად დაგიდევთ ჭეშმარიტებაზე ზრუნვას, იგი მხოლოდ თამაშობს სიუჟეტებით, მათი ფანტასტიკური, თანაც ახირებული კომბინაციებით და ამით ჩვენს გაოცებას ცდილობს. რადგან ყველა მისი ქმნილება ოდენ ქაფი და მოჩვენებაა, ის წამიერად ჩაითრევს ჩვენს სულს, თუმცა ვერ აღამაღლებს და ვერაფრით განამტკიცებს. მისეულ თამაშში (ისე, როგორც პირველის სერიოზულობაში), არაფერია პოეტური. ფანტასტიკური სახეების ნებისმიერი აკინძვა იდეალურის სამფლობელოში ამაღლებას როდი ნიშნავს; არც სინამდვილის ბაძვითი კვლავწარმოქმნა ნიშნავს ბუნების გამოსახვას. ორივე ეს მოთხოვნა ისე მცირედ უპირისპირდება ერთმანეთს, რომ უფრო ერთსა და იმავეს გვიჩვენებს; კერძოდ იმას, რომ ხელოვნება მხოლოდ მაშინ აღწევს სიმართლეს, როცა სრულად წყდება სინამდვილეს და წმინდად იდეალური ხდება. თავად ბუნება ოდენ ჩვენი სულის იდეაა და მას გრძნობებით ვერასოდეს აღვიქვამთ. იგი მოვლენათა საბურველს ქვეშ ძევს და მათში არასოდეს ჩნდება. მხოლოდ იდეალის გამომსახველ ხელოვნებას ეძლევა, უფრო ზუსტად კი – ენიჭება ამ სულში ჩაწვდომისა და მისი ხელშესახები ფორმით დამაგრების [ნება]. თავად ხელოვნებასაც როდი შესწევს უნარი იდეალი წარადგინოს გრძნობიერად, თუმცა შეუძლია საკუთარი შემოქმედებითი ძალით იგი წარმოსახვას მიაწოდოს და ამგვარად წარმოჩნდეს ვითარცა ყოველგვარ სინამდვილეზე მართალი და ნებისმიერ ცდაზე რეალური. აქედან კი გამომდინარეობს, რომ ხელოვანი ვერ შეძლებს სინამდვილის რომელიმე ელემენტით სარგებლობას იმ სახით, როგორადაც იგი მას პოულობს, რადგან თუ მის ქმნილებას, როგორც მთელს, უნდა ჰქონდეს რეალობა და ბუნებასთან  თანხმობაში მოვიდეს, მაშინ ყველა მის შემადგენელ ნაწილში იგი იდეალური უნდა იყოს.

რაც მართებულია პოეზიისა და ზოგადად ხელოვნებისათვის, იგივე ვრცელდება ყველა მის გვარობაზე და ზემოხსენებული შეიძლება იოლად მივუყენოთ ტრაგედიასაც. აქაც დიდი ხნის განმავლობაში გვიხდებოდა (და ახლაც ასეა) ბრძოლა ბუნებრიობაზე უხამს წარმოდგენასთან, რომელმაც ერთი შეხედვით, პოეტურობა და მხატვრულობა თითქოს სრულად უნდა გაანადგუროს. გამომსახველობით ხელოვნებებში –  უფრო პირობითად, ვიდრე შინაგანი აუცილებლობით, – კიდევ ეგუებიან გარკვეულ იდეალურობას; აი პოეზიისაგან კი (და განსაკუთრებით დრამატული პოეზიისგან), მოითხოვენ [ბუნებრიობის] ილუზიას, რომელიც მიღწევადიც რომ იყოს, წარმოგვიდგებოდა როგორც უბადრუკი, ბალაგანური სიყალბე. დრამატულ წარმოდგენაში ყველაფერი გარეგნული ამგვარი ცნების საწინააღმდეგოა. აქ ყოველივე ოდენ სიმბოლოა სინამდვილისა. სცენაზე თვით დღეც კი ხელოვნურია, არქიტექტურა კი მარტოოდენ სიმბოლური; თავად პოეტური ენა ხომ იდეალურია, აი მოქმედება კი თურმე უცილობლად რეალური უნდა იყოს და ამდენად, ნაწილმა უნდა დაარღვიოს მთელი. ფრანგებმა იმთავითვე მცდარად გაიგეს რა ბუნების სული, სწორედ ამგვარი უხეში ემპირიზმით დაამკვიდრეს სცენაზე ადგილისა და დროის ერთიანობა, თითქოსდა სცენაზე იყოს სხვა ადგილი იდეალური სივრცის თვინიერ და სხვა დრო მოქმედების უწყვეტი თანამიმდევრობის გარდა.

თუმცა პოეტური ენის შემოტანა უკვე დიდი ნაბიჯი იყო პოეტური ტრაგედიისაკენ გადადგმული. ცალკეული ამგვარი ცდაც სცენაზე წარმატებით დამკვიდრდა და პოეზიამ, საკუთარი მაცოცხლებელი ძალით სხვადასხვა კერძო შემთხვევაში გაბატონებულ ცრურწმენაზე არაერთი გამარჯვება მოიპოვა. ოღონდ ცალკეული შემთხვევა – ძალზე მცირე შენაძენია (დაბნეულობა ხომ არ ჩამოშლილა) და სრულებითაც არაა საკმარისი, რომ ოდენ მოსათმენი იყოს ის, რაც თვით პოეზიის არსს ატარებს. სწორედ ქოროს შემოყვანა უნდა გამხდარიყო ბოლო გაბედული ნაბიჯი, და თუნდაც მას ნატურალიზმისათვის ოდენ წრფელი და გადამწყვეტი ომის გამოცხადება შესძლებოდა, – ჩვენთვის ქორო იმ ცოცხალ კედლად უნდა ქცეულიყო, ტრაგედიის იდეალურ საფუძველსა და პოეტურ თავისუფლებას სინამდვილის სამყაროსგან რომ იფარავს.

როგორც ცნობილია, ბერძნული ტრაგედია ქოროდან იშვა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად, დროთა განმავლობაში, ტრაგედია მას დაშორდა, შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ პოეტურად და სულიერად იგი ქოროსგან წარმოდგება და რომ ამ მუდმივი მოწმისა და მოქმედების მტარებლის გარეშე ტრაგედია სრულიად განსხვავებულ პოეტურ ქმნილებად წარმოდგებოდა. ამიტომაც, ქოროს ჩამოცილება და ამ ძალუმად შთამბეჭდავი ორგანოს დაყვანა ოდენ მოსაწყენი, უფერული და აბეზარი გულითადი მეგობრის ფიგურამდე არც ისეთი სრულყოფაა ტრაგედიისა, როგორც ამას ფრანგები და მათი თაყვანისმცემლები წარმოსახავდნენ.

ძველი ტრაგედია თავდაპირველად მხოლოდ ღმერთებით, გმირებითა და მეფეებით იყო დაკავებული, ქოროს კი აუცილებელ თანმხლებად იყენებდა. იგი მას ბუნებაში ხვდებოდა და ამიტომაც იყენებდა. გმირების, აგრეთვე მეფეთა მოქმედებები და ბედი თავისთავად ატარებენ საზოგადოებრივ ხასიათს და პირველყოფილი სამყაროს სიმარტივეში [თეატრალური] წარმოდგენა მათ კიდევ უფრო მკვეთრად აღბეჭდავდა. ამიტომაც ქორო ძველ ტრაგედიაში უფრო ბუნებრივი ორგანო იყო, ვითარცა ცხოვრებისეული სინამდვილის პოეტური ხატი. ახალ ტრაგედიაში კი ის მხატვრულ ორგანოდ იქცევა და პოეზიის შექმნას უწყობს ხელს. ახალი დროის პოეტი ბუნებაში უკვე ვეღარ ხვდება ქოროს. მან ქორო პოეტურად უნდა შექმნას და შემოიყვანოს [სცენაზე]. თანაც შერჩეული ფაბულის დამუშავებისას იგი პირველშობილ დროსა და ცხოვრების მარტივ ფორმებში უნდა გადაიტანოს.

ამიტომაც ქორო ახალ პოეტს გაცილებით უფრო მნიშვნელოვან სამსახურს უწევს, ვიდრე ძველს, სწორედ იმით, რომ თანამედროვე ყოველდღიურობას ძველებური პოეტურობის სამყაროდ მოაქცევს. ეს კი პოეტს ყოველივე საწინააღმდეგოს უარყოფას აიძულებს და ამ უარყოფას იგი ყველაზე მარტივ პირველად და ნაივურ მოტივებთან მიჰყავს. სამეფო პალატები ახლა დაკეტილია, სასამართლო ქალაქის ბჭეთა მიღმიდან სახლებში ჩაკეტილა; ცოცხალი სიტყვა ნაწერმა ჩაანაცვლა; თვით ხალხი – ეს ხილვადი ცოცხალი მასსა, თუკი არ მოქმედებს ვით უხეში ძალა, სახელმწიფოდ, ანუ განყენებულ ცნებად შეიქნა, ღმერთებმა კი კვლავაც ადამიანთა გულებში დაივანეს. პოეტმა ხელახლა უნდა განახვნას დარბაზები, სამსჯავრონი ისევ ცის ქვეშ დააბრუნოს, აღადგინოს ღმერთები და გააცოცხლოს ხელოვნური ცხოვრებისეული სინამდვილით აღმოფხვრილი უშუალობა; ვითარცა სკულპტორმა, რომელიც განაგდებს თანამედროვე სამოსს თუ ყოველგვარ ხელოვნურ ჯღანს თვით კაცში და ადამიანის გარშემოც (მის გარემოცვაში), მხოლოდ იმის დასატოვებლად, რაც გამოაჩენს ფორმათა შორის უმაღლესს – კაცობრივს.

თუმცა, მსგავსად იმისა, როგორც ფერმწერი თავის ფიგურებს მდიდრული ტანსაცმლის ნაკეცებით მოსავს, რათა სურათის სივრცე ნატიფად შეავსოს და მყარად გააერთიანოს მისი განმხოლოებული ნაწილები დაყურსულ მასებად, მთელი სივრცითი ველი კი თვალთა მომნუსხველ და დამატკბობ ფერთა თამაშს დაუთმოს, თანაც ოსტატურად დაფაროს და იმავდროულად გახსნას ადამიანური ფორმები; სწორედ ასევე ტრაგიკული პოეტი თავის მკაცრად გამოზომილ მოქმედებებს და ტრაგედიის გმირების გამოკვეთილ სახეებს დიდებული ლირიკული ქსოვილით მოსავს; აქ ისინი წარმოჩნდებიან ვითარცა თავისუფალნი და კეთილშობილნი, მდიდრულად ნაკეცი ძოწის მანტიით მოსილნი, მაღალი ღირსებითა და დიადი სიმშვიდით.

უმაღლეს ორგანიზმში მატერია, ანუ სტიქიური საწყისი აღარ უნდა ჩანდეს. ქიმიური საღებავი სათუთ, სიცოცხლისმიერ პირისფერში ქრება. ოღონდ მატერიასაც თავისი მიმზიდველობა გააჩნია და მისი, როგორც ასეთის, მხატვრულ მთელში შეყვანა სავსებით დასაშვებია. თუმცა ამ შემთხვევაში მატერიამ თავისი ცხოველმყოფელობით, სისავსითა და ჰარმონიულობით ეს ადგილი უნდა დაიმსახუროს და მისით გარშემოწერილი ფორმები იმგვარად წარმოაჩინოს, რომ საკუთარი მძიმე მოუქნელობით არ დათრგუნოს ისინი.

გამომსახველობით ხელოვნებებში ეს ნებისმიერისთვის იოლად გასაგებია; თუმცა იგივე ხდება პოეზიაში და ტრაგიკულ პოეზიაშიც, რაზეც აქ გვაქვს საუბარი. ყველაფერი, რასაც განსჯა გვამცნობს, აგრეთვე ყოველგვარი გარეგრძნობისმიერი, პოეტურ ნაწარმოებში ოდენ მატერიაა, უხეში ელემენტია და იგი უეჭველად დაანგრევს პოეტურს იქ, სადაც უპირობოდ მძლავრობს,რადგანაც პოეზია სწორედაც რომ იდეალურისა და გრძნობადის წონასწორობაა. თანაც ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ კერძოდან ზოგადზე გადასვლა მას გამუდმებით იზიდავს. ამიტომაც რეფლექსიამ თავისი ადგილი ტრაგედიაშიც უნდა პოვოს. ოღონდ ეს ადგილი რომ დაიმსახუროს, მან გამომსახველობითად უნდა აინაზღაუროს ის, რასაც გრძნობად ცხოველმყოფელობაში ისაკლისებს. ვინაიდან თუკი პოეზიის ორი შემადგენელი ელემენტი სიღრმისეული შინაგანი ურთიერთქმედებისას ერთმანეთთან არ თანამშრომლობს, მათ გვერდიგვერდ მაინც უნდა იმოქმედონ, – სხვაგვარად პოეზია ვერ გვექნება. თუკი სასწორი წონასწორობაში არ არის, წონასწორობა პინათა რხევით უნდა დამყარდეს.

სწორედ ამას ასრულებს ტრაგედიაში ქორო. თვითონ იგი ინდივიდი კი არ არის, არამედ ზოგადი ცნებაა. ოღონდ ამ ცნებას წარმომადგენლად გრძნობითად-მძლავრი მასსა ჰყავს, ჩვენს გრძნობებს რომ ყოვლის განმსჭვალავი თანამყოფობით იტაცებს. ქორო მიატოვებს ხოლმე მოქმედებათა ვიწრო არეს, რათა განსაჯოს ნამყო და მყოფადი, შორეული დროება და ხალხები, რათა საბოლოოდ შეაჯამოს სიცოცხლისმიერი ყოვლადობა და სიბრძნის გაკვეთილები შეგვახსენოს. თანაც იგი ამას აკეთებს ფანტაზიის დიდი გაქანებით და გაბედული ლირიკული თავისუფლებით; თითქოსდა ღმერთთა ტერფებით ადამიანური საქმეების მწვერვალებზე დააბიჯებდეს, რისთვისაც რიტმის, მუსიკის ჰანგთა და მოძრაობების მთელ გრძნობად სიმძლავრეს ამოქმედებს.

აი, ამგვარად წმენდს ქორო ტრაგიკულ ნაწარმოებს, აცალკევებს რა რეფლექსიას მოქმედებისაგან და სწორედ ამ განყოფით აღჭურავს მას პოეტური ძალით – ზუსტად ისევე, როგორც პლასტიკოსი-მხატვარი მდიდრული დრაპირებით ყოველდღიური ტანსაცმლის ტარების საჭიროებას სინატიფედ და სილამაზედ აქცევს.

ამასთან, როგორც ფერმწერი არის იძულებული სხეულის შემბურავ ქსოვილთა მძლავრი შთამბეჭდაობის გასაწონასწორებლად გააძლიეროს ტანის ფერადოვანი ტონი, ასევე ქოროს ლირიკული მეტყველება ავალდებულებს პოეტს მიმართოს მაღალ ენას და ამ გზით გაზარდოს გამოხატვის საერთო გრძნობადი ძალა. მხოლოდ ქორო აძლევს ტრაგიკოს პოეტს ტონის ამგვარი ამაღლების უფლებას, მთლად რომ აღავსებს სმენას, აზრს რომ ძაბავს და სულს რომ სრულად განავრცობს. სწორედ ქოროს ამგვარი გოლიათური სახე აიძულებს პოეტს ყველა სხვა ფიგურაც შემოდგას კოთურნებზე და ამ გზით თავის სურათს ტრაგიკული სიდიადე შთაჰბეროს. ჩამოაშორეთ ქორო და ტრაგედიის ენაც უნდა დამდაბლდეს; სხვაგვარად ის, რაც ძლიერი და დიადია ნაძალადევად და მაღალფარდოვნად მოგეჩვენებათ. ფრანგულ ტრაგედიაში შემოყვანილი ძველი ქორო დაგვანახებდა წარმოდგენის მთელ სიმწირეს და სრულიად გაანადგურებდა მას. თუმცა იგივე ქორო შექსპირის ტრაგედიაში ცხადყოფდა ოდენ ნამდვილ მნიშვნელობას წარმოდგენისა.

ქორო სიტყვას სიცოცხლეს შთაჰბერავს, მოქმედებას კი მშვენიერსა და ამაღლებულ სიმშვიდეს, რაც უნდა იყოს კიდეც კეთილშობილი მხატვრული ქმნილების ნიშანი. უმძაფრეს ვნებათა მოზღვავების დროსაც კი, მაყურებლის სულმა თავისუფლება უნდა შეინარჩუნოს; იგი შთაბეჭდილებათა არჩივად კი არ უნდა იქცეს, არამედ მუდამ ნათელი და მხიარული განწყობით დაემშვიდობოს ადრეულ ღელვათ. რასაც მოარული აზრი ქოროს საყვედურობს, თითქოსდა იგი არღვევს ილუზიას და ეფექტების მიმძლავრებას ანადგურებს, არის უძლიერესი დასკვნა მის სასარგებლოდ; ვინაიდან ეფექტების სწორედ ამგვარ ბრმა ძალდატანებას განერიდება ხელოვანი და გაურბის მსგავსი ილუზიების აღძვრას. ის დარტყმები, რითაც ტრაგედია შეგვიძრავს ხოლმე გულს, გამუდმებით რომ სდევდნენ ერთმანეთს, – ტანჯვა მოერეოდა სინამდვილეს. ჩვენ შევერწყმოდით საგანს და ვერ ავმაღლდებოდით მასზე. ჩადგება რა მხარეებს შორის, ქორო ვნებებს მამშვიდებელი ფიქრებით ანაწევრებს და გვიბრუნებს თავისუფლებას, რომელიც სხვაგვარად ვნებათა ქარიშხალში დაიღუპებოდა. ამგვარი შეყოვნება თავად ტრაგედიის გმირებსაც ესაჭიროებათ, – აკი გონს მოსასვლელად ამოსუნთქვაა საჭირო. ისინი ხომ არ არიან ნამდვილი არსებანი, ხანიერების მორჩილი ინდივიდნი, არამედ იდეალური პერსონაჟები, თავისი გვარეობის წარმომადგენელნი, რომლებიც ადამიანური ბუნების მთელ სიღრმეს გამოხატავენ. ქოროს თანყოფნით (რომელიც მათ ეხმიანება ვითარცა განმსჯელი მოწმე და ზომიერს ხდის მათეულ ვნებათა პირველ ამოფრქვევათ), მოტივირდება პერსონაჟთა განსჯა და ღირსეული სიტყვანი. გარკვეული აზრით ისინი იმთავითვე დგანან ნამდვილ თეატრში, რადგან მაყურებლის წინაშე ლაპარაკობენ და მოქმედებენ. სწორედ ეს ხდის მათ უფრო შესაფერთ მხატვრული თეატრისა და პუბლიკის წინაშე წარსადგომად.

აი, რა მაძლევს ტრაგიკულ სცენაზე ქოროს დაბრუნების უფლებას. ცნობილია ახალი დროის ტრაგედიის გუნდიც, თუმცა ბერძნული ტრაგედიის ქორო (ისე, როგორც მე აქ მას ვიყენებ), ქორო – ვითარცა ერთიანი იდეალური სახე, რომელსაც უჭირავს მოქმედება და იმავდროულად თან ახლავს მას, – ამგვარი ქორო არსობრივად სხვაობს ოპერის მსგავსი ამ [ახალი დროის] გუნდებიდან. როდესაც ჩამესმის ხოლმე ხმები არა ერთიანი ქოროს, არამედ გუნდების შესახებ, მაშინვე მიჩნდება ეჭვი, რომ აქ ვერ მიმხვდარან, თუ რას ეხება საუბარი. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ბერძნული ტრაგედიის ქორო გაუჩინარების შემდგომ სცენაზე აღარ გამოჩენილა.

მართალია, ქორო ორ ნაწილად გავყავი და ისინი ერთმანეთს მტრად მოვკიდე, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ქორო პერსონაჟი და დაბრმავებული ბრბოა და ამგვარად იღებს მონაწილეობას წარმოდგენაში; ხოლო როგორც ქორო და იდეალური სახე, ის ყოველთვის შინაგანი ერთიანობით არის შეკრული. ჩემთან მოქმედების არეალი იცვლება ხოლმე და ქოროც არაერთგზის არის [ამ] არეალს მოცილებული; თუმცა ტრაგედიის მამამთავარი ესქილეც და ამ ხელოვნების უდიდესი ოსტატი  სოფოკლეც აძლევდნენ თავს ამ თვითნებობის უფლებას.

სავარაუდოდ, უფრო რთული მეორე თვითნებობის გამართლება იქნება (რისი უფლებაც საკუთარ თავს მივეცი). მე დავუშვი ქრისტიანობის შერევა [ძველ] ბერძნულ რელიგიასთან და თვით მავრიტანული ცრურწმენაც გავიხსენე; მაგრამ მოქმედების ადგილი არის მესინა, სადაც სამივე ეს რელიგია ნაწილობრივ ცოცხლად, ნაწილობრივ კი ძეგლების მეშვეობით აგრძელებდნენ მოქმედებას და გრძნობებისთვის მისაწვდომი იყვნენ. ამასთან, მიმაჩნია რომ პოეზიას აქვს უფლება წარმოსახვას წარუდგინოს სხვადასხვა რელიგია, როგორც ერთგვარი კრებსითი მთელი, სადაც ყოველივე, რაც თავისებურებებით აღბეჭდილა და ყველა განსაკუთრებული გრძნობაც საკუთარ ადგილს პოვებს. ყველა ამ რელიგიის საფარქვეშ თავად რელიგია ძევს, ღვთაებრივი იდეა; პოეტს კი უნდა მიეცეს ნება, გამოთქვას იგი იმ ფორმით, რასაც ის ამა თუ იმ  შემთხვევაში გამართლებულად და შთამაგონებლად მიიჩნევს.თარგმანი – ნიკოლოზ სანებლიძე

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…