უჩვეულო, ერთი შეხედვით, თეატრალური ხელოვნების კანონებიდან ამოვარდნილი სტრუქტურის პიესაა ირლანდიელი მწერლის, პროზაიკოსისა და დრამატურგის – ბრაიან ფრილის (1929-2015) „ბრმა მხედველი“ (იგივე, „მოლი სუინი“). ტრადიციული დიალოგებისა და სცენაზე გასათამაშებელი ამბის ნაცვლად აქ სამი ადამიანის, სამი მოქმედი პირის მონოლოგებს ვისმენთ. ისინი მოგვითხრობენ თავიანთ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. თითქოსდა, ფორმიდან გამომდინარე, აბსოლუტურად არასცენიური პიესაა. თუმცა, მთელს მსოფლიოში არაერთხელაა დადგმული. თავიდან ბრაიან ფრილი პროვინციაში მუშაობდა მასწავლებლად. 1950-ანი წლებიდან ჟურნალისათვის შეუდგა მოთხრობების წერას. ამას მალე რადიოპიესებიც მოჰყვა. პირველი აღიარება მოუტანა 1963 წელს დაწერილმა პიესამ – „ფილადელფია, მე შენთან მოვდივარ!..“; ირლანდიის გარდა, ის დაიდგა ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
1990 წელს ბრაიან ფრილიმ გამოაქვეყნა პიესა – „ცეკვა ლუნასაზე“, რომელმაც ლეგენდადქცეული ინგლისელი მსახიობის, ლოურენს ოლივიეს სახელობის პრემია დაიმსახურა. 1992 წელს კი დრამატურგს ნიუ-იორკში პრემია „ტონი“ მიენიჭა. 1999 წელს განხორციელდა ამ პიესის ეკრანიზაცია. ბ. ფრილი ავტორია მოთხრობების სამი კრებულის; ინგლისურ ენაზე ნათარგმნი აქვს ცნობილი რუსი მწერლების – ანტონ ჩეხოვისა და ივან ტურგენევის ნაწარმოებები. მის მიერ დაწერილი პიესებიდან, გარდა ზემოთ უკვე დასახელებულებისა, აღსანიშნავია: „საყვარლები: გამარჯვებულნი და დამარცხებულნი“ (1967 წ.), „ნაზი კუნძული“ (1971 წ.), „მოხალისეები“ (1975 წ.), „არისტოკრატები“ (1979 წ.), „მოლი სუინი“ (1994 წ.), „სპექტაკლის შემდეგ“ (2002 წ.).
პირველი აღიარების შემდეგ ბ. ფრილი წერდა მელოდრამებს (პიესები). 1973 წელს შექმნა თავისი პირველი პოლიტიკური დრამატული თხზულება – „საპატიო მოქალაქენი“. ამას მოჰყვა პიესა – „თარგმანები“ (1980 წ.), რომელიც XXI საუკუნეში, „ბრმა მხედველის“ შემდეგ, სტუდენტების მონაწილეობით დადგა თ. ჩხეიძემ. საგულისხმოა, რომ ბ. ფრილმა, მსახიობ სტივენ რისთან ერთად, შექმნა თეატრალური დასი – „Field Day Theatre“, რომელიც „თარგმანების“ დადგმით გაიხსნა. ზემოაღნიშნული თეატრალური კოლექტივის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი გახლდათ პოეტი შიმას დინი. უნდა აღინიშნოს, რომ დრამატურგის პოლიტიკური სულისკვეთების მქონე ნაწარმოებებში იკითხება ანექსირებული ერის ტრაგედია.
2010 წლის 19 ოქტომბერს ბრაიან ფრილის „მოლი სუინის“ პრემიერა შედგა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სხვენში, მცირე სცენაზე. თემურ ჩხეიძემ მას სახელწოდება შეუცვალა. პიესის ქართულ ენაზე მთარგმნელმა, ამ რეჟისორისათვის არაერთი ინსცენირებისა თუ თარგმანის ავტორმა, თამაზ გოდერძიშვილმა ნაწარმოებს „ბრმა მხედველი“ უწოდა. სცენოგრაფია და კოსტიუმები მხატვარ გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილს ეკუთვნოდა; მუსიკა – გია ყანჩელს; ქორეოგრაფი გია მარღანია იყო.
მკითხველი, ალბათ, იფიქრებს, თითქმის 16 წლის წინ დადგმული წარმოდგენა, რომელსაც უკვე კარგა ხანია აღარ თამაშობენ, რით უნდა იქცეს დღეს საინტერესოდ, მიმზიდველად. თავის დროზე, სპექტაკლი ორჯერ ვნახე; უბის წიგნაკში გარკვეული ჩანაწერებიც გავაკეთე; რეცენზიის დაწერას ვაპირებდი… მერე, როგორც ხდება ხოლმე, სამომავლოდ გადავდე… და, რა თქმა უნდა, აღარ მივუბრუნდი… ახლახან შემთხვევით წავაწყდი… სულ სხვა რაღაცას ვეძებდი… გადავიკითხე… ცალკეული სცენები გამახსენდა. ჩემდაუნებურად, სპექტაკლზე ფიქრი ამეკვიატა.
ალბათ, მაშინ ბოლომდე ვერ გავაცნობიერე, რატომ შეაჩერა მაინცდამაინც ამ პიესაზე საკუთარი არჩევანი თ. ჩხეიძემ. ახლა შევეცდები გავერკვე, რისი თქმა სურდა რეჟისორს „ბრმა მხედველით“. სცენური სივრცე სამად იყო გაყოფილი – დამდგმელს (მხატვართან ერთად) სულ იოლად, ზედმეტი სირთულისა და დროის დაკარგვის გარეშე გადავყავდით ხან ექიმის კაბინეტში, ხან ცოლ-ქმრის საძინებელში, ხან ფსიქიატრიული კლინიკის პალატაში…
რეჟისორი, გარკვეულ მომენტებში, სამივე მოქმედ პირს ჩვენ თვალწინ, ავანსცენაზე, პიუპიტრების წინ სვამდა. სამივე მათგანი, თითქოს, გამადიდებელი შუშის ქვეშ იყო, როგორც შესასწავლ-გამოსაკვლევი ობიექტი… ისინი რაღაცით ორკესტრანტებსაც ჩამოჰგავდნენ. თითქოს თითოეულ მათგანს საკუთარი სოლო ნომერი ჰქონდა შესასრულებელი; სანოტო პიუპიტრების წინ მსხდომნი უშუალოდ მაყურებელს მიმართავდნენ ვრცელი მონოლოგებით, რის მეშვეობითაც თავიანთ ფიქრებს, განცდებს უზიარებდნენ დარბაზს. რეჟისორი ამ ხერხით კამერულ, ინტიმურ განწყობას ქმნიდა. მოქმედი პირები გულწრფელად, დამაჯერებლად, აბსოლუტურად იხსნებოდნენ მაყურებლის წინაშე.
მსახიობ ნანი ჩიქვინიძის განსახიერებული მოლი სუინი შუახნის უსინათლო ქალბატონი იყო. ის ვერაფერს ხედავდა (მხოლოდ ბუნდოვნად არჩევდა სინათლეს სიბნელისგან). თუმცა, მიუხედავად ფიზიკური ნაკლისა, ის სულაც არ გახლდათ დაჩაგრული. ჯერ ერთი, გვერდით ჰყავდა მეუღლე და მეორეც – საკმაოდ აქტიურად ცხოვრობდა – აწყობდა ხალხმრავალ წვეულებებს, სეირნობდა ველოსიპედით, ცეკვავდა, ცურავდა, მღეროდა… ნ. ჩიქვინიძე წარმოგვიდგენდა თავშეკავებულ, ინტელიგენტ ქალს, რომელსაც სახეზე მუდამ დასთამაშებდა ოდნავ გამაოგნებელი, დამნაშავის ღიმილი. სახის ეს გრიმასა მაყურებელს უჩვენებდა, როგორ უხერხულად გრძნობდა თავს მოლი სუინი თანდაყოლილი ფიზიკური ნაკლის გამო. პიესისგან განსხვავებით, ის უფრო უწყინარი, თვინიერი, ჩუმი, დამყოლი, პასიურიც კი იყო.
მოლის სრული ანტიპოდი გახლდათ მეუღლე, ფრენკ სუინი, მსახიობ ალექსანდრე (ალეკო) მახარობლიშვილის განსახიერებით; სიცოცხლისმოყვარული, მუდამ ოპტიმისტურად განწყობილი, მხიარული; გარშემო მყოფებზე უდავოდ დადებით შთაბეჭდილებას რომ ახდენდა. იყო მასში ერთგვარი წინდაუხედაობა, დაუდევრობა, სულსწრაფობა… რაღაც მომენტში, გულღია, კეთილგანწყობილი ღიმილი, რომელსაც დღენიადაგ ვხედავდით ფრენკის სახეზე, გაყინულ ნიღბად იქცეოდა ხოლმე. თუმცა, ამას ძალიან გვიან ვამჩნევდით, ისევე როგორც ამ ადამიანის მუდმივ, გაუთავებელ მარცხსა და უიღბლობას ყველა საქმიან წამოწყებაში. არადა, იდეები არ ელეოდა ამ ხელმოცარულ კაცს. თითქოს, ყოველი ცისმარე დღე მხოლოდ იმიტომ თენდებოდა, რომ ფრენკ სუინის მორიგი ახალი საქმე წამოეწყო, რომელიც სულ მალე, რა თქმა უნდა, სრული კრახით დასრულდებოდა.
და, იყო სპექტაკლში კიდევ ერთი მოქმედი პირი, საქვეყნოდ ცნობილი ქირურგი-ოფთალმოლოგი, ექიმი რაისი. ამ როლს თავდაპირველად მსახიობი გიორგი (გოგა) პიპინაშვილი განასახიერებდა. მოგვიანებით, ის გიორგი (გია) ბურჯანაძემ შეცვალა. ვინაიდან, მე პირველი შემსრულებელი მყავს ნანახი, სწორედ მასზე ვისაუბრებ. თავიდან ფეხებამდე ნამდვილი ფრანტივით გახლდათ გამოწყობილი. მოდური კოსტიუმი ჩინებულად ადგა ტანზე; ჟილეტი, თეთრი პერანგი, ჰალსტუხი, საგანგებოდ გაპრიალებული ფეხსაცმელი… ექიმს ძალიან მოსწონდა საკუთარი თავი; პატივმოყვარე იყო, თავის გენიალურობაში დარწმუნებული; თვალი მუდამ ეჭირა ახალ-ახალი მწვერვალებისკენ, რომელთა დაპყრობასაც მეტი სახელი, დიდება და მატერიალური უზრუნველყოფა უნდა მოეტანა.
სცენაზე ვხედავდით დახვეწილ, გემოვნებით მოწყობილ გარემოს, რომელიც აქ ბინადარი ადამიანების სულიერებაზე, ინტელიგენტურ მრწამსზე მეტყველებდა. სანოტო პიუპიტრები, რომლებიც მხოლოდ კლასიკური მუსიკის შესასრულებლად იყო განკუთვნილი; გარკვეული არისტოკრატიზმით გახლდათ დაღდასმული ვენური სკამები… ზომიერების გრძნობა იკითხებოდა კედელზე დაფიქსირებულ სარკეებში, რომლებიც სცენაზე მყოფთა მეტყველ სახეებს სხვადასხვა რაკურსით ირეკლავდა… რკინის ძველებური საწოლი რატომღაც მარტოსულობის, მიუსაფრობის მძაფრ განცდას ბადებდა…
მაინც რა სურდა რეჟისორს?!.. ზემოაღნიშნულ გარემოში რა ისეთი ამბავი უნდა გათამაშებულიყო, რომელიც წამით მაინც ჩაგვაფიქრებდა… მაინც რაზე?!.. არ დავმალავ, მაშინ თ. ჩხეიძის სპექტაკლი ძალზე ერთფეროვნად, მოსაწყენად მეჩვენა. რა თქმა უნდა, უდავოდ იყო კარგი დრამატურგია; ვირტუოზული, დახვეწილი, ფილიგრანული რეჟისურა; სამსახიობო ანსამბლი, რომელსაც თავიდან ბოლომდე გააზრებული ჰქონდა, რას თამაშობდა… მაგრამ, მაინც, თითქოს რაღაც აკლდა წარმოდგენას. შეიძლება, რიტმი, დინამიკურობა, რომელსაც ასე შევეჩვიეთ ჩვენ, XXI საუკუნეში მცხოვრები ადამიანები… ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა ისეთი?!.. განა, დიდ ხელოვანს ყოველთვის ერთნაირი წარმატებით გამოსდის ყველაფერი?!..
თითქმის 16 წელი გავიდა… დღეს რატომ დავიწყე ფიქრი ისევ ძველ სპექტაკლზე?.. ა. მახარობლიშვილის მიერ განსახიერებული ქმარი მთელი არსებით იყო შეპყრობილი ერთი ახალი წამოწყებით; მას სურდა, ექიმი რაისის „ჯადოსნური ხელების“ წყალობით მხედველობა დაებრუნებინა ცოლისთვის. თანდათან ეს კეთილშობილური განზრახვა ერთგვარ სპორტულ აზარტში, ჟინში გადაეზარდა. საბოლოოდ კი ფრენკ სუინისა და ექიმი რაისისათვის ნამდვილ თვითმიზნად იქცა. ნ. ჩიქვინიძის მოლი თავდაპირველად დიდი ენთუზიაზმით აჰყვა მეუღლეს. მართლაც, ბავშვობიდან უსინათლოსათვის ეს ზღაპრული, საოცნებო შანსი გახლდათ. ფრენკი (ა. მახარობლიშვილი) დარწმუნებული იყო, რომ მისი საყვარელი ცოლი ამ ოპერაციის შემდეგ ახლებურად, მთელი თავისი მომხიბვლელობით, სილამაზითა და მრავალფეროვნებით აღიქვამდა სიცოცხლეს, გარემოს.
გ. პიპინაშვილის მიერ განსახიერებული ექიმი ჭოჭმანობდა, ყოყმანობდა. მსახიობი გვიჩვენებდა, როგორ უჭირდა რაისს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, არჩევანის გაკეთება პროფესიულ მოვალეობასა და ეთიკურ ვალდებულებას შორის; თუმცა, ოპერაციის დადებით შედეგში თითქმის ბოლომდე იყო დარწმუნებული. ეს ფაქტი მის რეპუტაციას კიდევ უფრო გაზრდიდა; დიდ აღიარებას მოუტანდა, მაგრამ… როგორი იქნებოდა იმ ადამიანის სიცოცხლე თვალის ჩინის დაბრუნების შემდეგ? როგორ გადაიტანდა მოლი სუინი კარდინალურ ცვლილებებს?..
მართლაც, მხედველობადაბრუნებულმა ქალმა ვერ მიიღო რეალობა. ადრე არსებული სამყარო ულმობლად დაიმსხვრა. ნ. ჩიქვინიძე გვიჩვენებდა ამ ტრაგიკულ კატასტროფას. ირგვლივ არსებული არათუ საგნები, პეიზაჟი, ბინა, არამედ ადამიანებიც შეიცვალნენ; ადრინდელი სახე დაკარგეს (მათ შორის საყვარელმა მეუღლემაც კი); გაუფერულდნენ… თითქოს, პარადოქსია, მაგრამ ბრმის წარმოსახვაში ისინი უფრო საინტერესოდ, მიმზიდველად გამოიყურებოდნენ… ირგვლივ ყველაფერმა დაკარგა პირველქმნილი სილამაზე, იდუმალება, მიმზიდველობა… ყველა და ყველაფერი ჩვეულებრივი, ყოფითად ერთფეროვანი, გულისგამაწვრილებლად მოსაწყენი, აუტანელი გახდა…
ერთი შეხედვით, ეჭვსაც ვერავინ შეიტანდა ქმრისა და ექიმის კეთილშობილურ განზრახვაში – დაებრუნებინათ უსინათლოსთვის თვალისჩინი… მაგრამ, არც ერთი მათგანი არ დაფიქრდა შედეგზე!.. არადა, მაღალი სულიერებით გამორჩეული, დახვეწილი ინტელიგენტები იყვნენ!.. ბოლოს და ბოლოს, რასთან გვქონდა საქმე?!.. სულსწრაფობასთან, უბრალოდ, დაუდევრობასთან, წინდაუხედაობასთან თუ სხვისი ბედის იოლად განკარგვის მცდელობასთან?!.. ასეთ დროს საკუთარი ეგოისტური ზრახვა, სურვილი ყველაფერს ჩრდილავს; აღარ ფიქრობ, მას ამით რა მოუვა, რა დაემართება; მთავარია, შენ უკვე მიიღე საბოლოო გადაწყვეტილება… ირგვლივ მყოფი საზოგადოებაც აღფრთოვანებულია მეუღლის კეთილშობილური განზრახვითა და დასტაქრის ვირტუოზობით… და, მოულოდნელად, ისე რომ ამას არავინ მოელოდა, ჩნდება უნებლიე დანაშაულის კვალი…
ალბათ, მაშინ სწორედ ამის თქმა სურდა თ. ჩხეიძეს ჩვენთვის.
სპექტაკლის დაწყებისას ძირითადი ამბავი უკვე მომხდარი იყო. მოქმედი პირნი, ჩვენი თანდასწრებით, წარსულს იხსენებდნენ. ცდილობდნენ, ყველაფერში გარკვეულიყვნენ, კითხვებზე პასუხები გაეცათ. მაყურებელი თითოეული მათგანის ვერსიას ეცნობოდა და საშუალება ჰქონდა, თავად განესაჯა ტყუილ-მართალი, დანაშაული და შეცდომა… მოლის ოპერაციის წინა დღეების განცდები ამოუტივტივდებოდა მეხსიერებაში. თვალისჩინის დაბრუნების დაუოკებელ სურვილთან ერთად, მასში უცნაური ავი წინათგრძნობა იღვიძებდა. ის ხომ ასე იყო შეჩვეული თავის მდგომარეობას. ამასთან, სულაც არ გრძნობდა თავს ამის გამო დაჩაგრულად… ნ. ჩიქვინიძის სცენური გმირი ამ მომენტში აცნობიერებდა, რომ გარდაუვალი გახლდათ კატასტროფა, რომელიც მას უბედურებას მოუტანდა… მაგრამ ამჩნევდა და გრძნობდა რა მეუღლის ენითაღუწერელ ენთუზიაზმს, ამჯობინებდა, საკუთარ თავს მორეოდა, წინათგრძნობისათვის ყურადღება არ მიექცია…
წარმატებული ოპერაცია ცოლ-ქმრისათვის სრული ფიასკოთი მთავრდებოდა. თვალახელილი მოლი თავს სულაც აღარ გრძნობდა ბედნიერად; მეტიც, თანდათან ყოველი წვრილმანი ნერვებს უშლიდა; ნელ-ნელა დაგროვილი პრობლემები კი საბოლოოდ იფეთქებდა და სულიერ აშლილობაში იჩენდა თავს… ქალი ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტი ხდებოდა. ალბათ, მაყურებელი იმასაც კარგად ამჩნევდა, რომ სამივე მოქმედი პირი უნუგეშოდ მარტოსული გახლდათ. პარადოქსია, მაგრამ ერთი შეხედვით ჰარმონიული, ბედნიერი წყვილი (მოლი და ფრენკი) რეალურად აბსოლუტურად შორს იყო ერთმანეთისაგან. მათი ურთიერთობა მოკლებული გახლდათ სიღრმისეულობას. ისინი არ იყვნენ სულით მონათესავე ადამიანები. მხოლოდ გარეგნული, ცივილური ეტიკეტი, ქცევის, თავის დაჭერის ნასწავლ-შეთვისებული მანერები განსაზღვრავდა მათ ერთად ყოფნას.
უნებლიედ, კიდევ ერთ დასკვნამდე მივდიოდით – არც თუ იშვიათად, რეალურ ყოფას შეთხზული, გამოგონილი სჯობს. იქნებ, ასე გაცილებით უკეთ, უფრო ბედნიერად გრძნობს თავს ადამიანი?.. ვინ იცის?!.. ყოველ შემთხვევაში, ერთფეროვან, გულისგამაწვრილებელ ყოველდღიურობას ხომ მართლაც სჯობს ლამაზი ტყუილი, ჩვენს წარმოსახვაში რომ იღებს სათავეს და ნაცრისფერ, ერთმანეთის მსგავს დღეებს აფერადებს… ვიღაც იტყვის, კი მაგრამ, ეს ხომ თავის მოტყუებააო და მართალიც იქნება. მაგრამ, რა ვქნათ მაშინ, როცა ილუზია რეალობაზე ათასგზის უფრო მრავალფეროვანი, მიმზიდველი და საინტერესოა?!..
მაყურებელი სამი მოქმედი პირის აღსარებისეულ მონოლოგს უსმენდა. რეჟისორი, ერთგვარი კინემატოგრაფიული ხერხის გამოყენებით, ე.წ. ახლო ხედებით, დაუვიწყარ პორტრეტებს გვიჩვენებდა. „ბრმა მხედველში“, ლამის, სიჩუმეც კი შემაძრწუნებლად, სისხლისგამყინავად ყვიროდა. აქ არ იყვნენ ტრადიციული, კლასიკური გაგებით დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები; ცუდები და კარგები; წმინდანები და ზნედაცემულნი; შავები და თეთრები… თ. ჩხეიძის მიერ დადგმული სპექტაკლი გვაიძულებდა, გვეფიქრა იმ უხილავ ზღვარზე, რომელიც სიკეთეს, კეთილ ზრახვას უნებლიედ, უცაბედად, მოულოდნელად აქცევდა დანაშაულად ან შეცდომად… და გვაჩვენებდა პასუხისმგებლობის იმ უმძიმეს ტვირთს, რომელიც ჩვენ, ადამიანებს ერთმანეთის მიმართ გვაკისრია.









