წერილი მეცხრე
(დასაწყისი 2022 №4; 2023 №2, №3; 2025 №1, №2, №4, №6; 2026 №1; №2)
აკაკი ვასაძის ცნობილი განცხადების ნამდვილი არსის გარკვევისთვის
ეპილოგი
„მართალი საქმე, სწორად გადმოცემული, არ დაიღუპება“.
პლუტარქე
XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისიდან ყალიბდება ტოტალიტარული რეჟიმისა და სახელმწიფოს მბრძანებლურ-ადმინისტრაციული მეთოდებით მართვის ხანა. ამ პერიოდში განადგურდნენ ბოლშევიკური პარტიის როგორც პარტიულ-პოლიტიკური, ასევე იდეოლოგიური მოწინააღმდეგენი. ბრძოლის მთავარი მიმართულება ნაციონალიზმის წინააღმდეგ წარიმართა. პოლიტიკაში იგი გამოვლინდა ნაციონალ-უკლონიზმის მხილებით, ხოლო იდეოლოგიაში ინტელიგენციის ასალაგმად მთავარი დარტყმა მწერალთა კავშირისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ წარიმართა. პარალელურად შემოქმედთა იდეოლოგიური შებოჭვაც მიმდინარეობდა. ამას საფუძველი ჩაუყარა ს.კ.კ.(ბ) ცკ-ის 1932 წლის 23 აპრილის დადგენილებამ „სამხატვრო-სალიტერატურო ორგანიზაციათა გარდაქმნის შესახებ“. მომზადდა პირობები შემოქმედებითი ინტელიგენციის ერთ ორგანიზაციაში გაერთიანებისთვის, რაც 1934 წელს საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის შექმნით დამთავრდა.
საქართველოს კომპარტიის საზრუნავი გახდა რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებს შორის წლების განმავლობაში არსებული კონფლიქტური სიტუაციის მოგვარება. დაპირისპირებაზე ისაუბრეს თბილისის პარტორგანიზაციის 1932 წლის XIV კონფერენციაზეც. თბილისის კომიტეტის პირველი მდივანი – პ. მელაძე თავის მოხსენებაში აღნიშნავდა: „ამ ფრონტზე დიდი მიღწევები გვაქვს, მაგრამ არის არაჯანსაღი მოვლენებიც. ცნობილია მტრობა ჩვენს ორ დრამატულ თეატრს შორის. მტრობა, რომელსაც ბერავენ და აღრმავებენ ობივატელები, მეშჩანები და ის ხალხი, რომელიც მზად არის აქედან „პოლიტიკური საკითხი“ შექმნას და ამის გამო ერთხელ კიდევ შეუკურთხოს საბჭოთა ხელისუფლებას. სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში ჩაბმულ იქნენ პარტიის ის წევრებიც და კომკავშირელებიც, რომელნიც ამ თეატრებში მუშაობენ. ძირფესვიანად უნდა მოისპოს ეს ერთხელ და სამუდამოდ. ბოლო უნდა მოეღოს ამ ერთმანეთის კბენას. ჩვენ თეატრებს შორის უნდა დამყარდეს სოციალისტური შეჯიბრებიდან გამომდინარე დამოკიდებულება. ჩვენი თეატრები პირისპირ უნდა მიუდგნენ სოციალისტური მშენებლობისა და მუშათა კლასის კულტურული მოთხოვნების საუკეთესოდ დაკმაყოფილების საკითხს. თეატრების მუშაობა ისე უნდა მოვაგვაროთ, რომ ისინი სავსებით და მთლიანად ემსახურებოდნენ პროლეტარიატს, თეატრალური ფრონტიდან განდევნილ უნდა იქნას უცხო იდეოლოგია. მხოლოდ ამ საფუძველზე შევძლებთ წინსვლას“ (გაზ. „კომუნისტი“, 1932 წ. 17 იანვარი, №15).
პოლიტიკურ-იდეოლოგიური ბერკეტების ხელში ჩაგდებით ბოლშევიკური პარტიის „ლენინურ-სტალინური“ კურსი საბოლოოდ განმტკიცდა. ჩამოყალიბდა თვინიერი „საბჭოთა ინტელიგენცია“. ამ ჩარჩოებში კი სანდრო ახმეტელი პიროვნულად და შემოქმედებითად აღარ თავსდებოდა. იგი, ალბათ, ხვდებოდა, რომ ჰეროიკის პერიოდმა განვლო, ხოლო წინ ნიველირების დრო დგებოდა – ნოვატორი საჭირო აღარ იყო. დგებოდა ბელადების ხოტბის ეპოქა, რასაც რეჟისორი ვერ აიტანდა.
ლ. ბერია საქართველოს კომპარტიის (ბ) 1934 წელს გამართულ IX ყრილობაზე ამბობდა: „მხოლოდ სოციალისტური რეალიზმის საფუძველზე შეიძლება გაიზარდოს და აყვავდეს საბჭოთა სოციალისტური ხელოვნება“.
რა თქმა უნდა, ს. ახმეტელი თავის შემოქმედებას ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის იდეოლოგიით არ წარმართავდა. ვითარება უკიდურესად გამწვავდა მათი პიროვნული დაპირისპირების გამოც. უდავოა, რომ თეატრის შიგნით არსებული კონფლიქტი ლ. ბერიამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებით გამოწვეულმა კატაკლიზმებმა, ს. ახმეტელის კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტსა და მწერლობასთან დაპირისპირებამ, აგრეთვე, თავად თეატრში არსებულმა დაძაბულობამ ერთიანად ამოხეთქა. ამას დაერთო ბაქოს ინციდენტიც. მოვლენათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ რუსთაველის თეატრში „აფეთქება“ ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა და ამის მიზეზი ს. ახმეტელშიც უნდა ვეძებოთ.
აკ. ხორავასა და აკ. ვასაძეს რაიმე შეგნებული ინტრიგები არ დაუგეგმავთ. პირიქით, თეატრის იუბილეს შემდეგ აკ. ხორავამ ს. ახმეტელს გაუგზავნა მადლობის წერილი, რომელშიც რეჟისორი თავის მასწავლებლად და სულიერ მამად აღიარა. მადლობა გადაუხადა თავისი წარმატებული სამსახიობო კარიერის გამო (წერილი იხ. თ. წულუკიძის მოგონებებში, გვ. 262-263). რაც შეეხება აკაკი ვასაძეს, იგი ს. ახმეტელის სპექტაკლების თანაავტორი და თანამოაზრე იყო. სამივემ ერთად რუსთაველის თეატრის მაღალმხატვრული შემოქმედებითი სახე ჩამოაყალიბა, რომელსაც უდიდესი წარმატება და აღიარება ხვდა წილად. ამიტომ ეს კონფლიქტი არავის ხელს არ აძლევდა.
აკ. ვასაძეს ვერ დავადანაშაულებთ იმაში, რომ იგი ს. ახმეტელის ადგილზე დაინიშნა. დიდი რეჟისორი რეპრესიულმა აპარატმა იმსხვერპლა, ხოლო მის საქმეს აკ. ვასაძეზე უკეთ ვერავინ გააგრძელებდა. ამის დამადასტურებელია ისიც, რომ ს. ახმეტელის სარეჟისორო პორტფელში არსებული პიესები (ა. კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი“, ს. კლდიაშვილის „შემოდგომის აზნაურები“ და ს. შანშიაშვილის „არსენა“) აკ. ვასაძის ხელმძღვანელობისას დაიდგა.
თ. წულუკიძე ნამდვილად მართალია, როდესაც მოგონებებსა და ფილმში თეატრის კონფლიქტის ორგანიზატორად ლ. ბერიას ასახელებს.
საკუთარი პოზიცია თ. წულუკიძეს ობიექტურად აქვს ჩამოყალიბებული სსრკ სამხედრო პროკურორისადმი 1954 წლის 27 მარტის საჩივარში: „ბერია პირადად იყო დაინტერესებული თეატრით და ხშირად სტუმრობდა მას, თუმცა თეატრის დირექტორთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ა. ვ. ახმეტელი გამოირჩეოდა თავისი პრინციპულობითა და ხასიათის მკვეთრი პირდაპირობით და თავს არ ხრიდა იმ შეუზღუდავი დიქტატორის წინაშე, როგორც ბერია იქცეოდა. ეს ჩემი უსაფუძვლო განცხადება არ არის: თეატრში ყველამ იცოდა და თბილისში საუბრობდნენ ამის შესახებ“.
ქალბატონ თამარს თანმიმდევრულად აქვს გადმოცემული მოვლენები, რომელთა მიხედვით ს. ახმეტელის თეატრიდან გათავისუფლების ინიციატორი არის ლ. ბერია.
აღსანიშნავია, რომ თ. წულუკიძეს პირადი განაწყენების საფუძველიც ჰქონდა. აკ. ხორავას მოგონებით: „წულუკიძეს ჩვენ ვძულდით კიდეც იმიტომ, რომ, როდესაც გავიგეთ სანდრო მასზე ჯვრის დაწერას აპირებს, კოლექტივის უფროსმა ამხანაგებმა, ყოფილმა კორპორანტებმა, კატეგორიულად მოვთხოვეთ, თავი დაენებებინა. საშას გული წაუვიდა. რომ მოსულიერდა, გვითხრა – „ამხანაგებო, ნუთუ მე ისეთად მიცნობთ, რომ ქალზე გაგცვალოთ? მაჩუქეთ მე ეს ქალი“,- თქვა საშამ და ჩვენც „ვაჩუქეთ“. დავიჯერეთ მისი სიტყვები. წულუკიძემ ეს იცოდა. რასაკვირველია, ყველაფერს აკეთებდა, რომ ყოფილ კორპორანტებს, განსაკუთრებით ჩემსა და საშას შორის არსებული მეგობრობა ჩაეფუშა“.
რეალურად თეატრის შიგნით არსებული პრობლემების მიზეზები სხვა იყო; თუმცა, ყველაფერი დაგვყავს ორი მსახიობის დადანაშაულებამდე, რაც არასწორია.
საერთოდ, ძალიან რთულია და გამოუცნობია რეჟისორებსა და მსახიობებს შორის დამოკიდებულების გარკვევა; თავად კოტე მარჯანიშვილი მოწაფეებმა გააგდეს ორჯერ თეატრიდან, ხოლო რუსთაველის თეატრიდან, წლების განმავლობაში, მთავარ რეჟისორებს კონფლიქტების შედეგად აძევებდნენ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ასეთ მძიმე შედეგს არავინ ელოდა და ბერიას გარდა ვერც ვერავინ წარმოიდგენდა. პოლიტსამმართველოს დოკუმენტაციიდან ნათლად ჩანს, რომ ლ. ბერიას მთელი დასი განწირული ჰყავდა. თითოეულ მსახიობზე შედგენილი „საქმის“ მიხედვით მათი რეპრესირება ყოველ წუთს შეიძლებოდა. ლ. ბერიამ ყველაფერი გამოიყენა – მსახიობთა ბიოგრაფიული და შემოქმედებითი წარსული, მათი პირადი გამონათქვამები, თეატრში არსებული დაჯგუფებები და ინტრიგები გააერთიანა და ანტისაბჭოთა მიმართულება მისცა.
ლავრენტი ბერიამ 1935 წლის 13 სექტემბრის ცკ-ის ბიუროს სხდომაზე სარეჟისორო კოლეგიის მისამართით პირდაპირ განაცხადა: „მთავარია, რომ ეს ადამიანები ახმეტელს განუდგნენ… მათ მაგრად უნდა დავუჭიროთ მხარი, ისინი შემოქმედებით სასწორზე გარკვეულ ძალას წარმოადგენენ… ახმეტელი უნდა მოვაცილოთ იქიდან და მისი მოქმედება პოლიტიკურად შეფასდეს, რათა საზოგადოებამ, ხალხმა იცოდეს მისი თეატრიდან წასვლის მიზეზი. თუ ეს ჩვენ არ გავაკეთეთ, მაშინ რეპეტიციაზე მყოფ საშინელი სახის კლოუნებს დავემსგავსებით“. აშკარაა, რომ ლ. ბერია თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა და საკუთარი ძალის დემონსტრირებას ცდილობდა. იგი, ცხადია, ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ ს. ახმეტელი პარტიასა და ხელისუფლებას არ ემორჩილებოდა; ამიტომ ამბობდა – ასეთ ადამიანებს მკაცრად უნდა ურტყაო. პირველი მდივანი იმასაც აღნიშნავდა, რომ აკ. ხორავამ და აკ. ვასაძემ ბაქოში გამგზავრების წინ ახმეტელს თეატრის მდგომარეობაზე საუბარიც შესთავაზეს, რაც რეჟისორს არ მოსწონებია. ლ. ბერიას ისიც შეუთავაზებია, თუ აღდგენის შემდეგ ორივე მსახიობი ხელს შეუშლიდა, „ძალიან დაეხმარებოდა“.
ბიუროს სხდომაზე ს. ახმეტელს მხოლოდ აკაკი ხორავამ დაუჭირა მხარი, რის გამოც ბიუროს ყველა წევრის წყრომა დაიმსახურა.
ლ. ბერიამ მოითხოვა ს. ახმეტელის შეცვლა; სჯეროდა, რომ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში თეატრი მუშაობას შეძლებდა „ვიღაც გენიოსის“ გარეშეც.
ლავრენტი ბერიამ ს. ახმეტელის რეპრესირება საქართველოს კომპარტიის X ყრილობაზე ასე შეაჯამა (გაზ. „კომუნისტი“, 1937 წ. 23 მაისი, №116, გვ. 2): „ცნობილია, რომ რუსთაველის სახელობის თეატრი, მთელი რიგი თავისი უდავოდ წარმატებული დადგმებით („ანზორი“, „ინ-ტირანოსი“, „რღვევა“) გამოვიდა მოწინავე თეატრების რიგში. მაგრამ ამ თეატრის შემოქმედებაში იმთავითვე დაისახა საწინააღმდეგო ტენდენციები, რომლებმაც გამოიწვია ღრმა იდეურ-მხატვრული ჩავარდნები („თეთნულდი“, „ლამარა“, „შლეგი“) და თეატრი აღმოჩნდა მწვავე იდეოლოგიური და მხატვრული კრიზისის წინაშე.
თეატრს სათავეში ედგა ახმეტელი, რომელიც აღმოჩნდა ფაშისტი და მავნებელი, იგი იკრებდა თავის გარშემო ანტი-საბჭოურად განწყობილ ელემენტებს. თეატრში გაბატონებული იყო შეუწყნარებელი ატმოსფერო: თვითკრიტიკის ჩახშობა, შიშველი ადმინისტრირება, კორპორაციული კარჩაკეტილობა, ახალგაზრდობისაგან მოწყვეტა და სხვა.
საქართველოს კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, როგორც ახმეტელი, ისე მისი ჯგუფიც მოიხსნა და თეატრის ხელმძღვანელობა განმტკიცებულ იქნა.
ხელმძღვანელობის გამოცვლის შემდეგ თეატრის დიდი მიღწევა იყო დადგმები: „არსენა“, „ალკაზარი“, „შემოდგომის აზნაურები“.
როგორც თქვენ იცით, თეატრი დაჯილდოვებულია ლენინის ორდენით, ორდენებით დაჯილდოვებულია ამ თეატრის 10 არტისტი და ამხ. ხორავასა და ვასაძეს მიენიჭათ სსრ კავშირის სახალხო არტისტის წოდება“.
მოხსენება ლ. ბერიამ, ფაქტობრივად, ახმეტელის განაჩენით დაასრულა: „დაე, იცოდნენ მტრებმა, რომ ყველა, ვინც შეეცდება ხელი აღმართოს ჩვენი დიადი პარტიისა და ხალხის ნებისყოფის წინააღმდეგ, ამხანაგ სტალინის ნებისყოფის წინააღმდეგ – დაუნდობლად იქნება გასრესილი და მოსპობილი (მქუხარე ტაში. ყველანი ფეხზე დგებიან)“.
ასე გაანადგურა ლავრენტი ბერიამ სანდრო ახმეტელი და მისი მომხრე მსახიობთა ჯგუფი.
უნდა გვახსოვდეს, რომ რეპრესირებულნიც და გადარჩენილებიც ტოტალიტარული და კაცთმოძულე რეჟიმის მსხვერპლად იქცნენ.









