ეკა თხილავა რეცენზია

სამოთხის ფეხსაცმელები

, , ,

„ის შეშინებული გარბის ცოლის ფეხსაცმლისაგან“.

ვ. მაიაკოვსკი

კონტაქტი დედამიწასთან

არაფერია მიტოვებულ ფეხსაცმელზე სევდიანი და საშიში, რადგან საკრალურია თავისი არსით – ის „ინახავს“ ჩვენს ისტორიებს – სად მივდივართ. სად ვიყავით და სად ვიქნებით… ანუ – „რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი ვიქნებით?“

ამ ყოფნა/არყოფნაში მთავარია, დავაგროვოთ ბევრი ფეხსაცმელი. ბევრი ემოცია. ბევრი ამბავი.

ბევრი კონტაქტი დედამიწასთან.

მნიშვნელობა არა აქვს, ფეხსაცმელი იქნება ყოველდღიური თუ კლასიკური, დაბალი თუ მაღალი, წელში გამოყვანილი თუ „ჩათქვირებული“.

ღირებულებასა და ხარისხს აქ  არა აქვს თანხვედრა.

მთავარია, ფეხსაცმელი იყოს „ჩვენიანი“ და ჩვენ – „მისიანი“….

თუმცა, ერთი რამეცაა –  მდიდრები ფეხებს უფრთხილდებიან; ღარიბები –  ფეხსაცმელებსო…

გამოდის, ღარიბების ფეხსაცმელებს უფრო გაუმართლათ!

ჩვენ, ყველანი, ჩვენი ფეხსაცმელებიდან მოვდივართ. არც პინა ბაუში აღმოჩნდა გამონაკლისი. მანაც  არაერთი უცნაური, უჩვეულო დაბალძირიანი და მაღალქუსლიანი  ფეხსაცმელი „გაცვითა“ ცხოვრების მანძილზე… ოფლში გაბჯნილი ფეხსაცმელების დიდი  კაპიტალი დააგროვა.

„ცეცხლოვანი მაზურკაც“  ერთ-ერთი აღმოჩნდა – ხმაურიანი. ლამაზი. სავსე იუმორით. სასიყვარულო სამკუთხედებით. ოკეანის სევდით. ფეხსაცმელებივით ადამიანებით – დაბლებით, მაღლებით, „წელში გამოყვანილებით“, ხორცსავსეებით…

Mazurka Fogo“-ს  მოცეკვავეები წარუშლელ ამბებს ჰყვებიან. წარმოუდგენელ ისტორიებს…

28 წელია  არაერთხელ იცეკვა „Mazurka Fogo“, პინას დასთან ერთად,  დანიამ თუ გერმანიამ, საფრანგეთმა თუ ინგლისმა…

28 წლის მერე თბილისამდეც ჩამოაღწია Tanztheater Wuppertal Pina Bausch-მა ბალეტის ფესტივალის ფარგლებში.

28 წლის მერე თბილისის საოპერო თეატრის სცენამაც აიტაცაMazurka Fogo“…

აქ გმირები ფეხშიშველები დაფრინავენ სცენის ერთი კუთხიდან მეორეში; ოღონდ ფეხსაცმელები ან სადღაც იქვე აქვთ მიწყობილი – ახლოს, ან ხელთ უპყრიათ, როგორც სიმბოლო, სიმდიდრე, კონტაქტის გზა დედამიწასთან…

ოსკარ დე ლა რენტა წერდა – „ისე იარეთ, თითქოს სამი მამაკაცი დაგყვებოდეთ უკანო“…

ასე „დადიან“Mazurka Fogo“-ს ქალებიც მუდამ – კაცებსა და ფეხსაცმელებს შორის განბნეულები. დაბნეულები. არეულები; სექსისგან დაღლილ-გამოფიტულები და უსექსობისგან დაზაფრულები. შეწუხებულები. აღელვებულები. ფრთაჩამოყრილები.

და ფეხსაცმელები, როგორც სიწმინდეები ამ ძებნა-პოვნის გზაზე, თან დააქვთ ხელით, იმედით… ნუგეშით და რწმენით იმისა, რომ მათი ფეხსაცმელების დროც უცილებლად მოვა. მათი კუთვნილი ისტორიებიც დაიწერება – ფეხსაცმელებისგან გაქცევის უამრავი უცნაური და ფერადი ამბავი შეითხზვება კიდევ!

ადრე თუ გვიან, მათ ქუჩაზეც აცეკვდება „Mazurka Fogo“.

შვიდი შარვალი და ერთი კაბა

კლდოვანი, უსახური სანაპირო.

თეთრი ჰაერი.

და მიწაც თეთრი.

ასე იწყება „Mazurka Fogo“…

ასეთია მინიმალისტურია სცენოგრაფია, სადაც ატლანტის ოკეანესავით უსასრულო და უთავბოლო ამბები ხდება; ამბები, რომელიც თავად მაყურებელმა უნდა აკინძოს, დაალაგოს, დააწყოს და „ააცეკვოს“, რადგან საერთოდ არ არსებობს სპექტაკლის ერთიანი ქარგა ან ხაზი.

რთული საქმეა! თან უყურო და თან გამოიგონო.

აქ ამბებს ჰყვებით თქვენ. ოღონდ შორეულ ამბებს; მეხსიერებაში მიჩქმალულებს. გადამალულებსა და გადანახულებს.

ამიტომ ზოგი ვერ ან არ „უძლებს“ – გადის, რადგან არ მოსწონს. არ უნდა გამოიგონოს. იღლება… ძალა არ ჰყოფნის. ეზარება.

ერთიცაა, ძნელია, უყურო ბოლომდე „Mazurka Fogo“-ს, თუ ის არასდროს გიცეკვია – ან ძალა არ გეყო არასდროს ამისთვის, ან – გამბედაობა, ან – დრო, ან – ფანტაზია.

პინა ბაუშს ძალაც აღმოაჩნდა და  – გამბედაობაც! ვნებაცა და ირონიაც!

ლისაბონის მსოფლიო გამოფენის (EXPO 98) ფარგლებში დადგა სპექტაკლი; განსაკუთრებული გუნდიც შემოიკრიბა ირგვლივ (სცენოგრაფი – პიტერ პაბსტი, კოსტიუმები – მარიონ ციტო, მუსიკალური გაფორმება -ანდრეას აიზენშნაიდერი და მათიას ბურკერტი).

და შეთხზა უსცენარო ზღაპარი ლისაბონზე – პორტუგალიის გულზე – ჭრელსა და ზღაპრულზე, სადაც ყველაფერი არამიწიერია – ცაც და მიწაც, ბაცი ოქროსფერი რომ დაჰკრავს.

ვისაც უნახავს პორტუგალია, მას თავისთავად უცეკვია „Mazurka Fogo“ – ცეცხლოვანი ამბები უნახავს თავისი თვალით. ჯერ დაბნეულა. ვერ გარკვეულა – რა კულტურაა, რა ხალხია, რანაირები და მერე, გონს მოსულს ბოლომდე შეუსისხლხორცებია აქაური ნესტით გაჯერებული, მწკლარტე ჰაერი, ფერადი ბილიკები, უცნაურად ხმაურიანი ხალხი, ბედნიერებისთვის რომ დაბადებულან მხოლოდ და მხოლოდ. აქ ყველგან ისმის ფადოს ხმა და ვალსი… აქ ყველგან ცეკვავენ ტანგოს „წელში ჩატეხით“; ნელ-ნელა. ტაატით; ერთმანეთზე ჩამოკიდებულებს სადღაც მიუყრიათ ფეხსაცმელები; თითქოს თავიდან მოუშორებიათ „მოწმეები“. მათ „თვალებს“ გაჰქცევიან.  

აქ „Mazurka Fogo“ ყველა ფეხსა და ფეხსაცმელს ახსოვს.

იმ შვიდი კაცის 14 ფეხსაც არასდროს დაავიწყდება ის ჭრელკაბიანი გოგო (თუ ქალი?), რომელიც განუწყვეტლივ ოხრავს. კვნესის. „ოჰ“ – ისმის ყველა კუთხიდან… ხაზგასმით ეძახის მამრს. უხმობს. ცეცხლს ვერ იქრობს ალავარდნილი სხეულიდან. იმ ერთადერთის ძებნაში ნახევარ ლისაბონსა და 14 ფეხსაც არაერთხელ „გადაუვლის“ და  მერეღა იპოვის  პატარა, მორცხვ, ხმაურიან ბიჭს – შინდისფერი ზედით. მოქნილსა და ლისაბონივით ეგზოტიკურს.

ბიჭმა იცის, რომ არ დაკარგოს, უნდა გაუშვას და რომ ვერ იპოვოს, უნდა „დაიჭიროს“. ჩაკეტოს. გამოკეტოს.

ამ ორომტრიალში ერთმანეთს შიგადაშიგ სცილდება სიყვარული და ორგაზმი.

Mazurka Fogo“-ეული ფილოსოფიით სამი ფაზა აქვს ორგაზმს –

დადებითი (დიახ!).

უარყოფითი (არა!).

მეტაფიზიკური…

და იცით, როგორ გამოიხატება მეტაფიზიკური ორგაზმი?

„ო, ღმერთო ჩემო“…

კათოლიკე პორტუგალიელები, როგორც „ფარული ხმები“ ამტკიცებენ, უფრო მეტაფიზიკური ორგაზმისკენ იხრებიან.

„იქაური“ ბრაზილიელები კი „დიახსა“ (დადებითსა) და „არას“ (უარყოფითს) შორის დაქანაობენ.

მათ უფრო იციან სექსის გემოც და ძალაც.

მათეულ „Mazurka Fogo“-ს სულ სხვა სურნელი ასდის.

ის გოგო-ქალი კი, მუდამ რომ ოხრავდა, უფრო ლისაბონელი იყო, ალბათ – მორცხვად დაღლილი ღმერთსა და კაცს შორის არჩევანით…

ამიტომ იყო მისი ხმაც მეტაფიზიკური და უფალზე ჩამოკიდებული – თან რომ სცოდავ და თან პატიებას ითხოვ…

რა რთულია იპოვო შვიდ შარვალს შორის მხოლოდ და მხოლოდ შენი „ზომა“.

უთუოდ საძნელო ცეკვაა  „Mazurka Fogo“!

განსაწმენდელი

„ფეხსაცმელი“ რაც არ უნდა მივმალოთ, მაინც გვამხელს – ლანჩზე ალაგ-ალაგ შერჩენილი სანაპიროს ოქროსფერი ქვიშა იმას გასცემს, რასაც სხეულიდან და ტანიდან სიმწრით ჩამოირეცხავს და დაიფარავს „ავი თვალისგან“ ადამიანი.

„ფეხსაცმელს“ არაფერი გამოეპარება.

ამიტომ განსაკუთრებული „ჩამოწმენდა“ სჭირდება „მომაკვდინებელ“ ცოდვას… განწმენდა. სხეულის განბანა დიდი სექსის შემდეგ.

Mazurka Fogo“-ს გმირები ერთად და უცნაურად „იწმინდებიან“ –

ცელოფნისგან აკეთებენ „ემბაზს“ – წყლით ავსებენ და ჯგუფურად წარიხოცავენ სხეულებიდან „დიახს“, „არასა“ და „ო, ღმერთო ჩემოს“.

კლაუდია „ინდივიდუალისტია“ განწმენდაშიც.

ის ჯგუფურს არაფერს ცნობს –

„უცხო თვალისგან“ მოფარვით „ამოირეცხავს“ გენიტალიებს და ასე ცდილობს წაშალოს ღმერთის თვალში კაცის კვალი.

კლაუდია ჭკვიანი და გულადი ქალია!

საცდური სამოთხის ვაშლიც მუდამ თან დააქვს, როგორც ცოდვასა და უცოდველობას შორის გადებული ხიდი.

დააქვს და გემრიელადაც „იღმურძლება“. ბოლომდე შეირგებს ნაყოფს, განსხვავებით მამაკაცისგან, რომელიც ვერაფრით ახერხებს ვაშლის მოხელთებას; მის ჩაკბეჩას; დედა და ბებია აგონდება მყისიერად რატომღაც…

ანუ, ყველა ვაშლჩაკბეჩილი „პირველევა“. 

რას იზამს? არა არს კაცი, ის ნაყოფი რომ ეგემა და შეერგო ბოლომდე.

ამიტომაც არის კლაუდია ბევრად წინ –

კაცის ბეჭებიდან გადაჰყურებს მუდამ სამყაროს და გვანიშნებს, რომ ქალი მამაკაცის მწვერვალია ყოველთვის. კაცი კი მისი პოსტამენტია მხოლოდ და მხოლოდ;

მაგრამ აუცილებელი პოსტამენტი!

ქალი სამოთხიდანვე ცოდვილია და ამ ცოდვებს სიხარულით, მშვიდად დაათრევს.

იცის, რომ „ცოდვა“ გარდაუვალი!

ადამიანი ასეა მოწყობილი!

ასეთია!

უნდა შესცოდოს, რომ მოინანიოს და მოინანიოს, რათა კვლავ შესცოდოს!

„შეუცნობელ არს გზანი უფლისანი!“

კლაუდიამ ესეც იცის და დამფრთხალი გვაფრთხილებს თითქოს:

სიბილწე დასრულდა!

სიწმინდის გეშინოდეთ!

კომფორტული ფეხსაცმელები

ბრეხტს ერთი ლექსი აქვს  – „სიამოვნებები“. ბერტოლდისეულად დაწრეტილი და გაშლილი ფრაზებით არის სავსე –

„ძველი მუსიკა.

კომფორტული ფეხსაცმელი.

გაგება.

ახალი მუსიკა.

წერა“.

ამ მარადიულ „სიამოვნებებში“ უპირობოდ არის მოხვედრილი კომფორტული ფეხსაცმელიც – როგორც სიმშვიდის, უსაფრთხო მოძრაობისა და მშვიდი უძრაობის გარანტი.

ბრეხტის ფეხსაცმელებს ყველაზე უკეთ ესმოდათ, როგორ უნდა მომსახურებოდნენ საუკეთესოდ პატრონს. როგორ ესწავლათ უცნაური კაცის ერთგულება.

არც პინა ბაუშისთვის „უღალატიათ“ ფეხსაცმელებს არასდროს.

მის ყველა ახირებას ემორჩილებოდნენ.

ყველა კაპრიზს.

ყველა მოძრაობას.

არც „Mazurka Fogo“-ს დადგმისას „მიატოვეს“.

ყველა მოძრაობა, ყველა ვალსი, ტანგო აქციეს ჯადოქრობად, ზღაპრად, ლისაბონის ვიწრო და ფერად ქუჩებში აცეკვებულ რიტმად.

აქ ვნება სიგიჟეა და მას მხოლოდ სიყვარული ახშობს.

აქ სომა სულაც არის გამაღიზიანებელი.

პირიქით, რაც უფრო მეტია ხორცი, მით მეტია ემოციაც.

Mazurka Fogo“-ში ყველაფერს ვნება და ცდუნება მართავს – ხეჭეჭურივით ქვაზე დათხლეშილ საზამთროებს, სიგარეტის კვამლში გახვეულ კაცებს; ქალს,  ბუშტებისგან „შეკემსილი“ კაბით რომ  იწონებს თავს…

ზოგადადაც მყიფეა პინა ბაუშის სამოთხის კარი, რომლის იქეთ და აქეთ 20-დან 60 წლამდე უცნაური ხალხი ცხოვრობს –

დიდმკერდიანნი და ხორცსავსენი, მაღალნი და დაბალნი ერთად სცოდავენ. უყვართ. ვნებებში ეხვევიან. სცილდებიან. და კვლავ ერთმანეთისკენ იკვლევენ გზებს. მატარებლები იტევენ სიყვარულისგან და სიყვარულისთვის შეწირულ, შეძრულ ქალებსა თუ კაცებს. ჟანგშეპარული ვაგონები აუტანელი ხმაურით დაახრიგინებენ მათ სხეულებს ერთმანეთთან კვლავ შესაყრელად.

კაცმა არ იცის, შედგება თუ არა ვნებათა თანხვედრა.

ან ღირს კი შეხვედრა? რას მოიტანს? წელში ჩატეხილ ტანგოს თუ ტანჯვას?

აბსურდამდე მიდის ყველაფერი. ტრიალებს.

სადღაც ალმადოვარიც გაიკვესებს, როგორც ყველა ვნების, ემოციის, კვნესის, დარდის პორტალი…

სცენიდან ქალის თავგანწირული ყვირილიც გაისმის – „por favor!“

ოღონდ არავინ იცის, რას ითხოვს იგი… რას ან რატომ?

იქნებ, სულაც, ყავა სურს მხოლოდ და მხოლოდ?

ყავაც ხომ ვნებაა ერთგვარი?

ყავისა და ქალის ვანილშეპარული სურნელითაა სავსე სცენაც თითქოს.

კაცი წვალობს – ტახტრევანს ჭედავს – სიყვარულის ტახტრევანს, რომელიც მერყევია. მაგრამ, იქნებ, არც სჭირდება ზედმეტი სიმყარე ცეცხლოვან მაზურკას? იქნებ, ასე სჯობს?

მერე ერთად ჭედავენ ვნებააშლილი ქალები და კაცები პატარა ქოხს თუ ბრაზილიურ ფაველას, ფიცრულს თუ ისლის სახლს, სადაც ერთადვე ცეკვავენ მაზურკას, ტანგოს.

ირგვლივ სიდუხჭირის ატმოსფეროა, მაგრამ არა – იაფფასიანი…

სადღაც სიღრმიდან მოისმის ფადოს ტკბილი ხმაც. „Mazurka Fogo“ გრძელდება. ფარდულიდან ალაგ-ალაგ ანათებს სახეები და ფეხსაცმელები – სხვადასხვა ფერის, სიმაღლის, ფორმის, შინაარსის.

არაფერს ისე არ უხდება ვნება, როგორც სიღარიბეს.

და ამ ვნებააშლილ გარემოში –

„ჩემი სისხლი შენსკენ იწევს, ჩემი სისხლი ჩქარი.

ისლის სახლი, ისლის სახლი!

ქარი!

ქარი!

ქარი“! (კ. გამსახურდია)

ასე მიიწევს ერთმანეთისკენ „Mazurka Fogo“-ს ფეხსაცმელები. უახლოვდებიან და შორდებიან ერთმანეთს. აშენებენ და ანგრევენ.

აქ, ამ ფარღალალა ქოხში ერთგულება მძიმე ტვირთია. ერთგვარი ჯვარიც და მისგან აუცილებლად უნდა გათავისუფლდე, რადგან გარეთ მზეა, ატლანტის ოკეანე, მობაჯბაჯე ზღვის ლომი და ბევრი ვნება… კლდოვან პლაჟზეც საცურაო კოსტიუმებიანი გოგონები წამოწოლილან და სხეულები გადაჰქანცვიათ მოლოდინით.

ამიტომ კართაგენივით, ისლის სახლიც უნდა დაეცეს!

დაეცეს, რათა აღდგეს!

კლდის უკან შავი უფსკრულიც ამიტომ იღება სპექტაკლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ; იღება, რათა გადარჩე! გადარჩე, რათა შესცოდო! შესცოდო, რათა განიწმინდო! განიწმინდო, რათა დაინგრე და დაინგრე, რათა აღდგე!

სამოთხის გვრიტები

გინახავთ სამოთხე დედამიწაზე?

აღმოგიჩენიათ?

პინა ბაუშმა იქ იპოვა – ატლანტის ოკეანის ოქროსფერ სანაპიროსთან; ლისაბონის შეფენილ ქუჩებში – თავისი ცოდვითა და მადლით.

ეს ქუჩები საოცრად მიაგავს ტომას ტრანსტრომერის იმ ერთგვარ სამოთხეს – ეს იყო რადიოანძების ერამდეო, რომ მიუწერია…

რადიოანძებამდე ბევრად უფრო ადვილი იყო სამოთხის პოვნა. პინასთვისაც დაუსწრიათ; ოღონდ ბალტიის ზღვებთან უპოვია ტრანსტრომერს იგი – „ტალღები მოიგრაგნებიან უცნობი წყლებიდან და ეხეთქებიან ლოდებს. მე ვსეირნობ სანაპიროზე. სანაპიროზე სეირნობა ის აღარაა, რაც იყო ადრე. ბევრ რამეს უნდა ითავსებდე, ერთდროულად წარმართავდე მრავალ საუბარს. ადამიანის კედლები მყიფეა“.

მყიფეა პინა ბაუშის სამოთხის სანაპიროც, სადაც ცეკვისგან, ვნებებისგან და ცოდვებისგან ქანცგაწყვეტილი სხეულები მიმოფანტულან ყვავილებსა და ტალღებს შორის. იქ ყველაფერი პირველქმნილია. იქ ყველა ცოდვა წარხოცილია და ყველაფერს სამოთხის ტკივილის სურნელი ასდის.

ადამიანი ცოდვილია.

მისი ადგილი არ არის სამოთხეში.

იქ მალე იღლება.

იღლება და გარბის; გარბის ოკეანის იდილიური ხმაურისგან, ყვავილთა ჩურჩულისგან.

სამოთხისა და ადამიანის სამყოფლის საერთო კედლებიც მყიფეა.

არასდროს იცი, როდის ჩამოინგრევა და სამოთხის დაღლილი გვრიტებივით მიმოფანტავს ადამიანთა ფაქიზ, ცოდვილ სხეულებს სანაპიროზე, რომელიც უკვე სულ სხვაგვარია…

28 წელმა და ინტერნეტის ეპოქამ კიდევ უფრო დააშორა ადამიანი იმ გზას…

ალბათ, ამიტომაც აღარ ესმის ბევრს პინა ბაუშის არც საქართველოში.

და იქნებ, არც მისი სამოთხის სჯერათ.

არადა, აქვეა მყიფე სანაპირო, ლისაბონთან, სადაც ბევრი მზეა, ფადო და უამრავი ბედნიერი ადამიანი!

სამოთხის ფეხსაცმელებიც აქვეა მიყრილი დედამიწასთან კონტაქტისთვის… მთავარია, არ შეგვეშალოს! ჩვენი „ზომა“ ვიპოვოთ; ვიპოვოთ და მოვირგოთ.

P.S. თურმე,კარგა ხანს არ სწყალობდნენ ვუპერტალში პინა ბაუშს. სპექტაკლებსაც ტოვებდნენ ხშირად. მერე და მერე გაიგეს მისი „სამოთხის“ გემო; გაიგეს და სულ სხვა თვალით შეხედეს მისეულ „სამოთხის  ფეხსაცმელებს“ – დაბლებსა და მაღლებს, წელში გამოყვანილებსა და „ჩათქვირებულებს“…

ასეა, ძნელია სამოთხის შეყვარება;

პოვნა – მით უფრო!

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…