I
ქართველ მსახიობთა, რეჟისორთა საკრებულოში – საქართველოს თეატრალურ საზოგადოებაში – ე.წ. „სამეფო კარის თამაშების“ მეოხებით აღმოვჩნდი: 1967 წ. დამდეგს გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორად დაინიშნა ცნობილი კრიტიკოსი რევაზ თვარაძე. ამბობდნენ, რომ იგი დიდებული ქართველი პოეტის, იმ დროს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის – ირაკლი აბაშიძის ახლო ნათესავიაო; მაშინდელ საქართველოში კი ბატონ ირაკლის განუსაზღვრელი გავლენა ჰქონდა; მისთვის ერთობ იოლი გახლდათ ახლადდანიშნული რედაქტორისთვის სასურველი პირობების შექმნა და გაზეთის რედაქციის ახლებურ დაკომპლექტებაში ხელშეწყობა. მანამდე კი აუცილებელი იყო იმ თანამშრომლების სხვადასხვა ადგილებზე გადანაწილება, რომლებიც რ. თვარაძეს დახვდა. ივნისში გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორის მოადგილემ – ბ-მა ერემია ქარელიშვილმა შემომთავაზა ამავე გაზეთის კრიტიკის განყოფილების ლიტმუშაკს, მასთან ერთად გადავსულიყავი საქართველოს თეატრალური საზოგადოების სარედაქციო-საგამომცემლო განყოფილების რედაქტორად; თავად მას ამ განყოფილების ხელმძღვანელად ამწესებდნენ; გავყევი კიდეც, თუმცა, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ თეატრალური ჟურნალის ერთ-ერთი მესვეურთაგანი გავხდებოდი და ჩემს წვლილს შევიტანდი ქართულ თეატრალურ ცხოვრებაში.
ბატონი ერემო იმ ქართველ მწერალთა თაობას ეკუთვნოდა, რომელიც თეატრალურ ხელოვნებასაც ემსახურებოდა (40-60-იან წლებში ქართულ პრესაში ხშირად იბეჭდებოდა მისი რეცენზიები სპექტაკლებზე) და ავტორი გახლდათ რეჟისორებზე, მსახიობებზე დაწერილი პორტრეტების წიგნებისა. ერთობ მშვიდი, უხმაურო კაცი გახლდათ; იქნებ, მოკრძალებულიც კი: 80-იან წლებში დიდი ქართველი პოეტის – ლადო ასათიანის ქმნილებათა სრული კრებული გამოვიდა. მასში პოეტის მიმოწერაც იყო შეტანილი. ლადო ასათიანის მიერ ბატონი ერემოსადმი მიწერილ რამდენიმე ბარათსაც წავაწყდი. ტექსტშიცა და ქვეტექსტშიც მეგობრული ურთიერთობა იკითხებოდა. ვუთხარი, თუ ლადო ასათიანთან ასეთი მეგობრობა გაკავშირებდათ, რატომ არაფერი გითქვამთ-მეთქი. გაიღიმა. ეს იყო და ეს! ბატონმა ერემომ ბევრი რამ მასწავლა – უწინარესად კი – მოთმინება და შემწყნარებლობა.
მან ცურვის უცოდინარი კაცი ზღვაში გადამაგდო: „თეატრალური მოამბის“ რედაქტორად გახდომიდან რამდენიმე წელიწადში რედაქციაში კვირაში ერთხელ თუ მოვიდოდა, არ მცალიაო, შეუძლოდ ვარო. სტამბაში თითქმის არ ყოფილა – 1967 წლიდან 1983 წლამდე – 16 წლის განმავლობაში ორ-სამჯერ თუ იყო სტამბაში. „მთავლიტზე“ ხომ ლაპარაკიც ზედმეტია – არ გაჰკარებია!
„მთავლიტი“ რა არის? დღეს ეს თითებზე ჩამოსათვლელმა ადამიანმა თუ იცის (კიდევ ერთი დასტური ცხოვრების რადიკალური შეცვლისა!). ცენზურას „მთავლიტი“ ერქვა: სტამბაში აწყობილი ტექსტები ჟურნალის დამაკეტებულ გვერდებზე რომ ამოიბეჭდებოდა, ნებართვის მისაღებად „მთავლიტში“ უნდა წაგვეღო. თუ ანაბეჭდებზე ბეჭედს არ დაარტყამდნენ, ჟურნალი არც გამოვიდოდა. დამამცირებელი იყო, რომ ვიღაცას უფლება ჰქონდა ეთქვა, ეს ფრაზა ამოიღეთ, ეს სტატია არ დაბეჭდოთო, მაგრამ იძულებული ვიყავი, მომეთმინა. თუ გავჯიუტდებოდი და კამათს დავიწყებდი, ჟურნალის დაბეჭდვის უფლებას არ მოგვცემდნენ; უკეთეს შემთხვევაში, დაგვიგვიანებდნენ; მე კი ვცდილობდი, ჟურნალის გამოსვლის გრაფიკი დამეცვა. ამიტომ იქვე ვჯდებოდი და მათთვის საეჭვო ფრაზას „ვასწორებდი“ – რამდენიმე სიტყვას ისე შევცვლიდი, ფრაზის არსი იგივე დარჩენილიყო. ინტუიციით ვგრძნობდი: ცენზორთა უმეტეს ნაწილში მწერლობაზე, პოეტობაზე, ფილოლოგიურ მეცნიერებაზე მეოცნებე ადამიანთა გაღიზიანება თვლემდა. ჩასწორებით მათ პატივმოყვარეობასა და ახირებას ვაკმაყოფილებდი – „თეატრალური მოამბე“ არ გახლდათ პოლიტიკური ხასიათის ჟურნალი, ათასში ერთხელ მენშევიკური ხანის თეატრის ყოფაზე თუ ითქმოდა რაიმე ან საბჭოების მიერ შერისხული შემოქმედის გვარი თუ გაიჭაჭანებდა – უმეტესწილად, რუსული თეატრისა. ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩებოდა, ცენზორები არა იმდენად საეჭვო ხასიათის მოსაზრებებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რამდენადაც თავიანთი ძალაუფლების დემონსტრირების სურვილი ამოძრავებდათ.
ჟურნალის დაბეჭდვის შემდეგაც „მთავლიტის“ კარზე უნდა დაგვეკაკუნებინა: ამჯერად გავრცელების ნებართვას იძლეოდნენ. იქნებ, რაიმე ჩაამატე – დაბეჭდვის წინ რაიმე ანტისახელმწიფოებრივი ჩაწერე შიგ?
ზღვაში გადაგდებულმა ცურვა ამგვარად ვისწავლე.
ბოლო წლებში ბატონი ერემო ავადმყოფობამ, ასაკმა მართლა დაჯაბნა. ამ მხნე, ჭარმაგ ჭაბუკს ადრინდელი ძალა აღარ მოსდევდა. ერთ დღეს მოვიდა, შლაპა საკიდარზე ჩამოსდო და მყის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარესთან, ბატონ დოდო ალექსიძესთან ჩავიდა. კარგა ხანს იყო იქ; ამობრუნდა და მითხრა:
– დოდოს ვუთხარი, რომ რედაქტორობა აღარ შემიძლია, განცხადებაც დავწერე,-ეს თქვა და საკიდრისაკენ გაემართა, შლაპა ჩამოიღო. სახტად დავრჩი.
– ბატონო ერემო, ასეთი რა მოხდა… რატომ…რისთვის…
– აბა, კარგად!
– ჟურნალის ახალი ნომრის მასალები რომ სტამბაში უნდა გავგზავნოთ?
მობრუნდა. გაიღიმა; ერთობ თბილი ღიმილი ჰქონდა.
– მერე რა მოხდა? სტამბის გზა არ იცი?- წავიდა.
კიბის თავამდე მივაცილე; მოვბრუნდი და დავიწყე იმაზე ფიქრი, რატომ, რისთვის უნდა გადაეწყვიტა რედაქტორობიდან წასვლა. კი, თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის შემადგენლობაში აღარ შეიყვანეს; ადრე ხშირად ეძახდნენ, ახლა თითქმის არ უხმობენ; სხვა თაობა მოდის, ყველაფერი იცვლება. თუმცაღა, იმასაც ვხედავდი, რომ ჯანმრთელობა ღალატობდა – ღვიძლს სენი შეჰპაროდა. ეს დროდადრო სახეზეც ეტყობოდა.
მეორე დღეს თავის სახლში აღარ იყო – მარტოკაცს ავადმყოფობასთან გამკლავება უჭირდა და დასთან გადასულა – ჩიქოვანის ქუჩაზე – მწერალთა სახლში. აქ თავისი ოთახი ჰქონდა. მწოლიარესთან ხშირად მისაუბრია; ახლაც ჩვეულებრივ ვიგრძენი თავი.
– რატომ უნდა წახვიდეთ, ბატონო ერემო, რისთვის?
– არ შემიძლია, ბიჭო!
– არ შეგიძლიათ და ნურც მოხვალთ, მასალებს სახლში მოგიტანთ, იქ წაიკითხეთ!
განსაკუთრებით დამამახსოვრდა მისი, პატიოსანი კაცის, პასუხი. დარწმუნებული ვარ, ასეთ პასუხს მრავალთაგან ორიოდ კაცი თუ მომცემდა:
– ამას ისედაც დიდი ხანია აკეთებ, ასე არ შეიძლება, სირცხვილია!
კარგა ხანს ვისაუბრეთ, მომეჩვენა, რომ შევთანხმდით. შინ დაიმედებული წავედი.
ჟურნალის მორიგი ნომრის მაკეტის მომზადების წინ დავურეკე, გამოვალ-მეთქი; არაო, საავადმყოფოში მივყავარ, ვერ ვარ კარგადო. მეორე თუ მესამე დღეს მაკეტი გავაკეთე და საავადმყოფოში წავედი. ძალიან ცუდი ფერი ჰქონდა.
რამდენიმე დღეში დამონტაჟებული ჟურნალი წესისამებრ სამ ეგზემპლარად ამოვაბეჭდვინე -ორი „მთავლიტისათვის“, ერთი რედაქტორისათვის. რედაქტორი უკვე სახლში იწვა. ჟურნალი მოგიტანეთ-მეთქი რომ ვუთხარი, საყვედურით გადმომხედა. ვიგრძენი რისი თქმაც ეწადა: „ახლა მაგის თავი მაქვს?!“ უხერხულობა დამეუფლა. ბატონი ერემო არ იყო ენაჭიკჭიკა კაცი, ჟესტით, მზერით ბევრ რამეს მიგახვედრებდა. ანაბეჭდები მაინც აიღო; უხმოდ, აუჩქარებლად ათვალიერებდა; გვიან თქვა, კარგიაო. ცოტა ხანს კიდევ ვისაუბრეთ.
– ჟურნალს შენ მოაწერ ხელს ,,რედაქტორის მაგიერ“- მეუბნება.
– რატომ, თქვენ მასალები წაკითხული გაქვთ, ახლაც ხომ გადახედეთ?
ისევ საყვედურით შემომხედა; ვიგრძენი, საუბარი არ შეეძლო.
ქ-მა ლუსიამ გამომაცილა – ბ-ნი ერემოს დამ:
– ვერ არის კარგად, ვერა! – ჩაილაპარაკა.
ბ-ნ დოდო ალექსიძეს ყველაფერი ვუამბე; როგორ მოვიქცეთ-მეთქი.
– კარგია, კარგი, მაგისი გვარი მოაწერე! как будто нечего не случилось!
ჟურნალის მორიგი ნომერი დაიბეჭდა, ბ-ნ ერემოსთან მივიტანე; გადაფურცლა, გადახედა, გადაშალა სატიტულე გვერდიც, სადაც რედაქტორის გვარი ეწერა; ირიბულად გადმომხედა; არაფერი უთქვამს. ეს კარგად მენიშნა. მსახიობის სახლში რომ მოვბრუნდი, ბ-ნ დოდოს ვუთხარი, არაფერი უთქვამს, არ გაბრაზებულა-მეთქი.
– Ну, прекрасно!
***
ბ-ნ დოდო ალექსიძეს ასე რატომ უხაროდა, რედაქტორის გვარი რომ არ შევცვალეთ? თურმე, ორი-სამი კაცი უკვე რედაქტორის ჩოხას ირგებდა და აწუხებდნენ.
-Я же знаю их, бездельники, только разговоривать умеют!-ამბობდა; ბატონმა ერემომ თავისი მაინც არ დაიშალა; პრეზიდიუმის სხდომაზე ერთ-ერთ წევრს განუცხადებია: „თეატრალური მოამბის“ რედაქტორად გურამ ბათიაშვილი უნდა დაინიშნოსო; ამის მერე რედაქტორობის მსურველები უფრო გააქტიურდნენ. საქართველოს თეატრალური საზოგადოების პირველმა მოადგილემ ოთარ ეგაძემ კი განაცხადა:
– ბათიაშვილის რედაქტორად დანიშვნა არ შეიძლება; დრამატურგია, მწერალია; მაგის მოცდენა შეცდომა იქნება!
სინამდვილეში კი ის აწუხებდა, რომ თეატრალური საზოგადოების ახალგაზრდა თანამშრომლებმა ერთ-ერთი კონფლიქტისას მას არ დავუჭირეთ მხარი. არც დაუმალავს: მე ბრძოლა არა ჩუმ-ჩუმად, გაცხადებული ვიციო და დაბეჯითებით ამტკიცებდა – ბათიაშვილის რედაქტორობა არ შეიძლებაო. წელიწადზე მეტი „რედაქტორის მაგიერი“ ვიყავი. ამდენი გაჭიანურებაც არ იქნებოდა და საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმს რედაქტორად უნდა დავემტკიცებინე; ეს საკითხი ერთი ადამიანის ნება-სურვილზე არ იყო დამოკიდებული – პრეზიდიუმი წყვეტდა. სხდომის დაწყების წინ ბ-ნ დოდო ალექსიძეს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კულტურის განყოფილებიდან დაურეკეს:
– თქვენი პირველი მოადგილეა მოსული; ცდილობს, ჩაგვრიოს რედაქტორის დანიშვნის საქმეში; გვარწმუნებს, რომ რომ ბათიაშვილის რედაქტორობა არ შეიძლება; განიხილეთ საკითხი და თქვენი შეხედულებისამებრ გადაწყვიტეთ!
ასეც მოხდა. ჩემს კანდიდატურას პრეზიდიუმის, ვგონებ, ყოველმა წევრმა დაუჭირა მხარი. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ეთერი გუგუშვილის, ვასილ კიკნაძის, ნოდარ გურაბანიძის, თემურ ჩხეიძის, იამზე გვათუას, ბადრი კობახიძის სიტყვები.
კიდევ ორიოდ საკითხიც განიხილეს და ამასობაში პარტიის ცეკადან ოთარ ეგაძეც მობრუნდა. ხელჩანთა დარდიმანდულად დააგდო მაგიდაზე და ამაყად განაცხადა:
– პარტიის ცეკადან მოვდივარ; იქ შევთანხმდით, რომ „თეატრალური მოამბის“ რედაქტორად სხვა კანდიდატურა უნდა შევარჩიოთ.
ეს ცნობა ბ-ნ დოდოს ძალიან „ეწყინა.“
– რატომ დააგვიანე, შე კაცო? ეგ რომ გვცოდნოდა, ამ საკითხს ხომ არ განვიხილავდით; ბათიაშვილი უკვე დავამტკიცეთ რედაქტორად!
პირველი მოადგილე გაცხარდა – ეგ როგორაო, რატომაო, მე ცეკაში ვიყავიო. ეთერი გუგუშვილი ამ განცხადებამ ააღელვა:
– როცა ჩვენ პრეზიდიუმის სხდომა გვაქვს დანიშნული, თქვენ ცეკაში რა გინდათ, პირველი მოადგილე ხართ და აქ უნდა იყოთ და საერთოდ, „თეატრალური მოამბის“ რედაქტორის საკითხი ცეკას არ ეხება, ეს მხოლოდ ჩვენი – პრეზიდიუმის გადასაწყვეტია და გადავწყვიტეთ კიდეც; დროს ნუ გვაკარგვინებთ!
ბ-ნი ოთარი თავისას მაინც არ იშლიდა; ვასო კიკნაძეს, ბადრი კობახიძეს, ნოდარ გურაბანიძეს, თემურ ჩხეიძეს ისევ მოუწიათ თავ-თავიანთი არგუმენტების გამეორება. პირველი მოადგილე დადუმდა.
1984 წლის ზაფხულის ის დღე თემურ ჩხეიძის ერთმა ფრაზამ სამუდამოდ დამამახსოვრა: შინ ერთად წამოვედით. ჟურნალის მომავალზე ვსაუბრობდით. თემური ამბობს:
– გურამ, იცი, როდის იქნები კარგი რედაქტორი? თუ ყოველ ნომერს იმ სულისკვეთებით გააკეთებ, რომ ახლის გაკეთების საშუალება აღარ გექნება. აი, ეს არის შენი ბოლო ნომერი, ახლა უნდა თქვა შენი სათქმელი.
თუ როგორ შევასრულე თემურის ნათქვამი, ეს სხვათა განსასჯელი უფროა; საბჭოთა იდეოლოგიის მარწუხები მოშვებული კი იყო, მაგრამ სახაროვი გადასახლებული გახლდათ, სოლჟენიცინი – ქვეყნიდან გაძევებული, შჩარანსკი და ბევრი სხვა – ციხეში ან საგიჟეთში ჰყავდათ გამომწყვდეულნი და თემურ ჩხეიძე მართლაც ისე მუშაობდა, ყოველ სპექტაკლს ისე დგამდა, რომ ხვალ სპექტაკლის დადგმის საშუალება თუ აღარ ექნებოდა, რაღაც დარჩენოდა ნათქვამი.
***
მწარედ დამამახსოვრდა ერთი ასეთი ადრინდელი შემთხვევა: რედაქციაში მოიტანეს რეცენზია კიტა ბუაჩიძის ახლადგამოსული პიესების კრებულზე. ავტორი, თუ არ ვცდები, მიხ. გიჟიმყრელი, დადებითად აფასებდა კიტა ბუაჩიძის დრამატურგიას. რეცენზია დასაბეჭდად მოვამზადეთ და სტამბაში გავგზავნეთ. ერთ მშვენიერ დღეს „მსახიობის სახლის“ დერეფანში მხვდება ბ-ნი კიტა. წინდაუხედავად მოვიქეცი – მეგონა, ამ ხნოვან კაცს ვასიამოვნებდი – ვუთხარი, ამა და ამ ავტორმა თქვენი პიესების წიგნზე მშვენიერი რეცენზია მოიტანა-მეთქი.
– მერე?-რატომღაც ცალყბად მკითხა ბ-მა კიტამ.
– უკვე სტამბაში გავგზავნეთ.
ბ-ნ კიტას სიწითლე მოერია, აღელდა, ლამის აკანკალდა და შესძახა:
– არა, არ მინდა, კატეგორიულად, წინააღმდეგი ვარ!
ლამის ცუდად გახდა. დამშვიდება ვცადე; ამაოდ. კიდევ უფრო მეტად ყვიროდა. ვხედავდი, ძლიერ შეაწუხა, აღაშფოთა კიდეც ამ ცნობამ.
ბ-ნი ერემოს მოსვლამდე იმაზე ვფიქრობდი, რედაქტორისათვის როგორ მეთქვა ეს ამბავი. უთქმელობაც არ იქნებოდა და ყველაფერი წვრილად ვუამბე. მეგონა, გამიბრაზდებოდა, დამტუქსავდა; მან კი მშვიდად, ისე რომ მასალის კითხვაც არ შეუწყვეტია, მომიგო:
– არ უნდა და ნუ უნდა; ამოიღე ნომრიდან!
რამდენიმე თვის შემდეგ ქალაქში კიტა ბუაჩიძის ერთ-ერთი „შავი წიგნი“ გავრცელდა. ამტკიცებდა, რედაქციები მებრძვიან, ჩემზე არაფერს წერენ, თუ ვინმე დადებითს დაწერს, არ ბეჭდავენო.
ბ-ნი ერემოს მშვიდი პასუხი გასაგები გახდა.
***
„თეატრალურ მოამბეს“ უკვე ჰყავდა ავტორთა წრე – ჩინებული ქართველი თეატრმცოდნეები, კრიტიკოსები. მაგრამ იყვნენ ავტორებიც, რომლებსაც წელიწადში სამჯერ – ლენინის დაბადების დღის წინა თვეში, პირველი მაისისა და შვიდი ნოემბრისათვის, უსათუოდ მოჰქონდათ ასეთი ხასიათის სტატიები: „ლენინი და ხელოვნება“, „ოქტომბრის რევოლუცია და კულტურა“, „ქართული თეატრი უდღეური მენშევიკების ეპოქაში“ და ა.შ. შარშან, სამი თუ შვიდი წლის წინ დაწერილ სტატიებში თითო-ოროლა აბზაცს შეცვლიდნენ – ჩაუმატებდნენ კომპარტიის ამასწინანდელ ყრილობაზე ბრეჟნევის მიერ ნათქვამ ორიოდ წინადადებას და სტატიაც მზად ჰქონდათ. ბოლო გვერდებისათვის კი სისტემატურად მოჰქონდათ უნიჭოდ დაწერილი იუმორი ან სკეტჩები. მტანჯველი იყო მათი კითხვა. დარწმუნებული ვარ, არც არავინ კითხულობდა.
რედაქტორად რომ დავინიშნე, ბ-ნ კიტასთან დაკავშირებული შემთხვევა თან მდევდა და ავტორებთან სიფრთხილეს ვიჩენდი. სუსტი, უინტერესო მასალის დაბეჭდვაზე უარს არავის ვეუბნებოდი; მხოლოდ მოვუბოდიშებდი, ოთხი-ხუთი ნომერი გაჭედილი გვაქვს, ჯერჯერობით ვერ დავბეჭდავთ და გვაპატიეთ-მეთქი. ეს ოთხი-ხუთი ნომერი კი ერთი წლის ლოდინს ნიშნავდა. ვფიქრობდი, არ დაიცდიან, მასალას სხვაგან წაიღებენ-მეთქი. არადა, იცდიდნენ, ელოდნენ. წელიწადიც გადიოდა და ჯიუტად მომადგებოდნენ; ხომ მოვიდა ჩემი მასალის დაბეჭდვის დროო.
თამაზ ჭილაძეს შევჩივლე, ასე და ასეა საქმე და რა მეშველება-მეთქი; ადრე „საბჭოთა ხელოვნების“ რედაქტორი იყო და ვვარაუდობდი, ამგვარ ავტორებთან ურთიერთობის გამოცდილებაც ექნება-მეთქი.
– თუ ასეთ ავტორებს თავიდანვე არ ეტყვი უარს და არ მოიშორებ, მერე ვეღარ მოახერხებ; ერთბაშად უნდა მოჭრა, თორემ შეგჭამენ!
რჩევა გონივრული გამოდგა. მივდიე კიდეც. ბარე ორი გამიბრაზდა, ამიმხედრდა, მაგრამ საქმე გაკეთდა.
***
1983 წლის (მაშინ ჯერ კიდევ „რედაქტორის მაგიერი“ ვიყავი) რამდენიმე ნომერში დაბეჭდილია პასუხები საზოგადოებრიობის წარმომადგენლებისა რედაქციის მიერ დასმულ შეკითხვებზე. ეს გამოკითხვა კარგად დამამახსოვრა ამ წლის მესამე ნომერმა. აქ დაბეჭდილია აკაკი ბაქრაძის, რისმაგ გორდეზიანის, გურამ პეტრიაშვილისა და იური ბიბილეიშვილის პასუხები.
ეს ამბავი ასე დაიწყო: ანაბეჭდები „მთავლიტში“ რომ მივიტანე, ჩვენს ჟურნალზე მომაგრებული ქალბატონი ოთახში არ დამიხვდა. ახალგაზრდა კაცმა, ასევე ცენზორმა, ანაბეჭდები აიღო, გადაათვალიერა. შევამჩნიე, რომ ერთი გვერდი გადაკეცა. ამასობაში ქალბატონიც შემობრუნდა; ახალგაზრდა ცენზორმა ჟურნალი გაუწოდა და ჩაკეცილ გვერდზე მიანიშნა – ყურადღება მიაქციეო. ქალბატონმა 2-3 დღეში დაგვირეკეთო. წამოვედი. სულ იმაზე ვფიქრობდი, რა მასალა გახდა საეჭვო ახალგაზრდა ცენზორისათვის. ველოდი, რომ რომელიღაც მასალის დაბეჭდვის უფლებას არ მოგვცემდნენ ან ჩასწორებას მოგვთხოვდნენ, მაგრამ „მთავლიტში“ არა-რა შენიშვნა არ მოუციათ; ბეჭედიც დაარტყეს. ჟურნალი ფურცელ-ფურცელ ვათვალიერე. ახალგაზრდა ცენზორის მიერ ჩაკეცილი გვერდი – აკაკი ბაქრაძის პასუხები – ისევ ჩაკეცილი გახლდათ. კი მაგრამ… ჟურნალი არც გადაუშლიათ?
ჟურნალი დაიბეჭდა, გავრცელდა, ჯიხურებში გაიყიდა.
ივლისის ერთ დილას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. მოსკოვიდან გვიან ღამით ჩამოვფრინდი და ძილი გამგრძელებოდა. ცეკას კულტურის განყოფილებაში მობრძანდითო,-მითხრა ქალბატონმა. მივედი. იმდროინდელი ცეკას კულტურის განყოფილება რადიკალურად განსხვავდებოდა ცენტრალური კომიტეტისაგან, რომლის თაობაზეც საშინელებანი გვსმენია და წაგვიკითხავს. იქ ერთობ გულისხმიერი ადამიანები მუშაობდნენ – განათლებულნი და თავაზიანნი: განყოფილების გამგე – ნოდარ ჯანბერიძე, მისი მოადგილე – ვალერი ასათიანი, ინსტრუქტორები – თემურ შენგელია, რეზო ეგაძე და ნიკო ანდრონიკაშვილი. ჯანბერიძის მისაღებში შევიხედე. მიბრძანდით; გელოდებათო,-მითხრა მდივანმა. შევედი. ბ-ნი ნოდარი მუდამ თავაზიანად მიღებდა. ახლა კი თავი გადააქნია და ცივად მითხრა:
– ვალერისთან შედით, გურამ, ვალერი გეტყვით!
მივხვდი, რომ ფარსაგი ამბავი ხდებოდა.
ვალერი, თითქოს, სხვათა შორის, ღიმილით მეუბნება:
– ძალიან შეგვაწუხეს კაკო ბაქრაძის მოსაზრებების გამო.
და წინ დამიდო ჟურნალი. აკაკი ბაქრაძის პასუხი ჩვენს გამოკითხვაზე აჭრელებული იყო მინაწერებითა და წითელი მელნით გასმული ხაზებით. პირველივე ფრაზა: „80-იანი წლების მესამე წელიწადი მიმდინარეობს და ქართული თეატრის ცხოვრება უფერულია“ – სამჯერ იყო ხაზგასმული.
წითელი მელანი ორიოდე ადგილას რისმაგ გორდეზიანის პასუხებშიც იყო მოშველიებული; გურამ პეტრიაშვილის პასუხები კი ლამის გადაწითლებული გახლდათ.
უხერხულად ვიგრძენი თავი, ჩემ გამო ნ. ჯანბერიძე და ვ. ასათიანი ასე რომ შეაწუხეს. ბ-ნ ნოდარს, ასე თუ ისე, ვიცნობდი; ვალერის – უკეთ და მჯერა, ისინი ძალიან შეაწუხეს, თორემ არ დამიბარებდნენ.
მთავარი ის არის, ვინ შეაწუხა ეს ხალხი? ისევ თეატრალური სამყაროდან თუ ზემოდან? წითელ მელანს ვინ იყენებდა?
კაკო ბაქრაძეს ბევრი საბჭოური მენტალიტეტის თეატრმცოდნე არ ეთანხმება, მაგრამ ისინი ცეკაში არ დასვამდნენ ამ საკითხს; ან თუ დასვამდნენ, ბ-ნი ნოდარიც, ბ-ნი ვალერიც ეტყოდნენ, დისკუსიაა, თეატრალურ საზოგადოებაში იკამათეთ და გაარკვიეთ ეს საკითხიო. ე.ი. განგაში ზემოდან მოდის. პარტიულ იერარქიაში აკაკი ბაქრაძის სახელი ბევრს აღიზიანებს.
ეს აზრი ვალერი ასათიანის შეკითხვამაც გამიძლიერა.
– რა ვქნათ, გურამ, როგორ ვუშველოთ ამ საქმეს?
თავს უხერხულად ვგრძნობ, ადამიანებს საზრუნავი გავუჩინე. მაგრამ ისეთი რა დაწერა ჩვენმა ძვირფასმა აკაკიმ? არაფერი-მეთქი, ავლაპარაკდი; გონიერი კაცია, ჩინებული ანალიტიკოსი, იცის თეატრალური ხელოვნება და აქვს თავისი მოსაზრება. ახლა ხომ პლურალიზმის დროა!
ვალერი ასათიანი ერთხანს მშვიდად მისმენდა, ღიმილი ერეოდა.
– იცი, რა? მოდი, ასე ვქნათ – შენვე მოიფიქრე, ვინ, რომელმა თეატრმცოდნემ უპასუხოს კაკოს; შეეკამათოს.
მე, რასაკვირველია, არც არაფერი მომიფიქრებია: მოხდეს, რაც მოსახდენია-მეთქი.
ერთ კვირაში გაზეთ „კომუნისტში“ დაიბეჭდა ცნობილი თეატრმცოდნის – ეთერ გუგუშვილის სტატია, რომელიც ქართული საბჭოთა თეატრის მიღწევებზე ამახვილებდა ყურადღებას და ამით „ატრიზავებდა“ აკაკი ბაქრაძის „სუბიექტივიზმს“. „თეატრალურ მოამბეს “ კი მეტი სიფხიზლისაკენ მოუწოდებდა…









