ზურაბ ხალვაში სტატია

ადგილი, სადაც ტკივილი ქრება

, , , ,

(უკანასკნელი ინტერვიუ რეჟისორ მედეა კუჭუხიძესთან)

ბავშვობა

1937 წელს დავიბადე. მეორე მსოფლიო ომი დაიწყო მალე. ჩემი ბავშვობის მოგონებებიც ომის აჩრდილებითაა მოცული. მართალია, თბილისი ომისგან შორს იყო, მაგრამ ბავშვური სიხარული არ მქონია. არც ფერადი ფანქრები, არც – სათამაშოები. მხოლოდ სიბნელე. მაგრამ ფანტაზია გვქონდა უზღვავი. დღეს ყველაფერი ვიზუალურია, ფანტაზია კი დაიკარგა. 

თეატრალური ინსტიტუტი

ქალთა პირველი სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა; თუმცა გული სარეჟისოროსკენ მიმიწევდა. ამიტომაც პირველი კურსის დახურვის შემდეგ თეატრალურში გადავედი. ჩვენი ჯგუფი უსამართლოდ მივიწყებულმა გენიალურმა რეჟისორმა, ვასო ყუშიტაშვილმა აიყვანა (სამწუხაროდ, მისი სახელი დღესაც ცოტას ახსოვს). შემდეგში ჩემი მასწავლებელი მიხეილ თუმანიშვილი იყო. კურსზე სულ ხუთნი ვიყავით. ჩემს ჯგუფში სწავლობდა რეჟისორი რობერტ სტურუაც.

პირველი ნაბიჯები

ჩემი პირველი საკურსო სპექტაკლი  სერვანტესის „სალამანკის გამოქვაბული“ იყო.

სადიპლომო და წინა სადიპლომო სპექტაკლები სანკულტურის თეატრის სცენაზე დავდგი.

სანკულტურის თეატრის დირექტორი მაშინ ვახტანგ ჯახუტაშვილი იყო; სწორედ მან სთხოვა ჩემს პედაგოგს – მიხეილ თუმანიშვილს იმ პერიოდში სპექტაკლის დადგმა. ბატონმა მიშამ უარი თქვა დროის არქონის გამო და მე გამიწია რეკომენდაცია. ასე აღმოვჩნდი სანკულტურის თეატრში.

გზა

 სანკულტურის თეატრის შემდეგ, ბედის ირონიით, სოხუმში აღმოვჩნდი. კულტურის მაშინდელმა მინისტრმა ერთხელ უცნაური კითხვით მომმართა: „ქალბატონო მედეა, საქართველო გიყვართ?“ „რა თქმა უნდა-მეთქი“ – ვუპასუხე.  ჰოდა, სოხუმში წადიო.

სოხუმში ოთხი სპექტაკლი დავდგი, თუმცა ხრუშჩოვის რეჟიმმა თეატრი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. უსახსრობამ და უჭმელობამ ჯანმრთელობა შემირყია. საბედნიეროდ, ერთი ადამიანის დახმარებით, თეატრალურ ინსტიტუტში დავბრუნდი.

მერე მარჯანიშვილის თეატრში აღმოვჩნდი. ვერიკო ანჯაფარიძემ დაინახა ჩემში ჩაპეკის „დედის“ რეჟისორი. მტაცა ხელი და ხმამაღლა თქვა: „ვიპოვე რეჟისორი, ვინც ჩაპეკის დედას დადგამსო!“

თეატრის „გული“

ვასო ყუშიტაშვილი  მეუბნებოდა ხშირად: „თეატრის გული მსახიობია. ათი გენიალური რეჟისორი, მხატვარი და კომპოზიტორი ვერ შექმნის თეატრს, თუ არ არსებობს ერთი ნამდვილი მსახიობი. სწორედ მსახიობია თეატრის სული.“

მახსოვს, როგორ ვდგამდი ლუი შარლ ალფრედ მიუსეს პიესას – „სიყვარული სახუმარო არ არის“. იზა გიგოშვილი, საოცარი მსახიობი, სპექტაკლის ვარსკვლავი იყო, მაგრამ ფეხმძიმობის გამო, პრემიერის შემდეგ, თამაში ვეღარ გააგრძელა.  არადა, შაბათ-კვირის ბილეთები უკვე გაყიდული იყო, ამიტომ სხვა გზა აღარ დარჩა – ჩავანაცვლე იზა. ასე აღმოვჩნდი დიდ სცენაზე და, მგონი, ცუდად არ მითამაშია. მერე ტელევიზიამაც მიმიწვია სპექტაკლში სათამაშოდ და იქაც კარგი მოგონებები დამიგროვდა.

გემოვნება

გეტყვით, რომ ძველმოდური გემოვნება მაქვს. არ მესმის, როგორ შეიძლება, თვალის ნაცვლად ცხვირი დავხატოთ, ცხვირის ნაცვლად კი – ყური.  თანამედროვე ხელოვნების აღქმა ჩემთვის რთულია.

კომპიუტერი

ერთხელ თეატრალურ ინსტიტუტში  კომპიუტერის უნარების ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი მომთხოვეს. მე კი წარვადგინე იმ გენიალური რეჟისორების სია, რომელნიც საერთოდ არ ცხოვრობდნენ კომპიუტერულ ეპოქაში; ამიტომ არც იცნობდნენ და არც ფლობდნენ ამ უნარებს. შედეგი „ლოგიკური“ იყო – ინსტიტუტიდან გამათავისუფლეს.

ადგილი, სადაც ტკივილი ქრება

 ბავშვობიდან თავის ტკივილი მაწუხებდა, მაგრამ არსებობდა სამი ადგილი, სადაც ტკივილი მავიწყდებოდა: ცაში – თვითმფრინავით მგზავრობისას, ზღვაში – ცურვისას და თეატრში – რეპეტიციისას. 

„ვეფხისტყაოსანი“

სკოლაში არაჩვეულებრივი მასწავლებლები მყავდა. მათ შორის იყო ქართულის პედაგოგი – შალვა კიკაშვილი. მან დამანახა სულ სხვანაირად „ვეფხისტყაოსანიც“. პოემა ჩემთვის მუდმივი შთაგონების წყაროდ იქცა; დღემდე მომყვება ერთი ფრაზა პოემიდან: „რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა“. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც სიცრუე ყოველდღიურობის ნაწილი გახდა…

მიღწევა

ჩემი კარიერის უმნიშვნელოვანესი მიღწევა იაპონიაში მოგზაურობა და ლალი როსებას პიესის – „პროვინციული ამბის“ დადგმა იყო. სხვათა შორის, პრემიერაზე ილია მეორე გვესტუმრა მოულოდნელად. სპექტაკლის შემდეგ კულისებში შემოვიდა და გვითხრა: „ეს სპექტაკლი არ არის, ეს აღსარებააო.“ 

მაყურებელი

დიდი ხნის წინ, როცა ჯერ კიდევ შემეძლო გარეთ გასვლა, ადამიანები მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ, რატომ აღარ ვდგამდი სპექტაკლებს. მუდამ ვგრძნობდი მათ სიყვარულსა და მხარდაჭერას…

გენაცვალე

იაპონია და მისი კულტურა ყოველთვის მაინტერესებდა. და როცა იაპონური პიესების რუსულენოვანი კრებული გამოიცა მოსკოვში, ბაჩანა ბრეგაძეს ვთხოვე თარგმნა. მან ჯემალ აჯიაშვილთან გადამამისამართა; ასე დაიწყო ქართულ ენაზე, ჩემი რეჟისორობით, მარჯანიშვილის თეატრში ჩიკამიცუს პიესამ –  „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“ – „გაცოცხლება“.

მალე იაპონიიდან ინფორმაციამ მოაღწია მოსკოვამდე – იაპონურ მხარეს სურდა, რომ სპექტაკლი ამომავალი მზის ქვეყანაშიც გვეთამაშა.

ასეც მოხდა!

პირველს მე ჩამომივიდა იაპონიის მთავრობისგან მოწვევა.

სხვათა შორის, იაპონელებს აქვთ ერთი სიტყვა, რომელიც ძალიან ჩამოჰგავს ქართულ „გენაცვალეს“, მაგრამ მისი მნიშვნელობა გაცილებით ღრმაა – „ჩემი სიცოცხლე შენ გეკუთვნის“.

გასაოცარი ხალხი ცხოვრობს იაპონიაში. მხოლოდ სიკეთე აქვთ გულში. კაბუკის თეატრში მოგზაურობამ ჩემი ცხოვრებაც შეცვალა.

მერე ისევ მიგვიწვიეს იაპონიაში; მე ვითხოვე, თემურ ჩხეიძის „ჯაყოს ხიზნებიც“ ჩაერთოთ საგასტროლო რეპერტუარში. ასეც მოხდა.

ეს იყო საოცარი წარმატება; სასწაული, რომელიც არასდროს დამავიწყდება.

წლების მერე ტოკიოს უნივერსიტეტის ერთმა პროფესორმა მოინდომა ჩემი ნახვა. მარჯანიშვილის თეატრში მისულა. უთხრეს, რომ არ იცოდნენ, სად ვცხოვრობ; არადა, თეატრის გვერდითაა ჩემი სახლი და ეს ყველამ იცის. 

ჩვენი შეხვედრა მაინც შედგა. გაირკვა, რომ როცა იაპონური პიესა დავდგი, ის ბავშვი იყო, მაგრამ სპექტაკლი იაპონელებს გადაღებული ჰქონიათ და დღემდე გადაიცემა ტელევიზიებით…

ასეთი სიყვარული და ერთგულება იაპონელებს შეუძლიათ მხოლოდ!

ხმა

არტისტი ხმაა, პირველ რიგში.

ქართულ თეატრს ახსოვს ასეთი არაერთი ბრწყინვალე „ხმა“.

ეს ქალბატონ მალიკო მრევლიშვილის დამსახურება იყო.

გენიოსების სამჭედლოდ იქცა მაშინდელი მეტყველების კათედრა.

ქალბატონი მალიკო სასწაულებს ახდენდა.

ერთ-ერთი ასეთი „სასწაული“ კახი კავსაძეც გახლდათ – ჩემი მეზობელი. მის ხმას თავიდან ვერც კი ვარჩევდით.

მერე ყველაფერი შეიცვალა – მალიკო მრევლიშვილმა მოახერხა ეს.

ყოველ დილით, მეხუთე სართულიდან ჩამოსვლისას, მესმოდა, როგორ წარმოთქვამდა კახი ქალბატონი მალიკოს სავარჯიშოებს.

შედეგიც დადგა!

კახის „ხმა“ დარჩა ქართულ თეატრში…

ქალბატონი მალიკო მრევლიშვილი (რომელმაც დააარსა თეატრალურ ინსტიტუტში მეტყველების კათედრა), სამწუხაროდ, დიდი ხანია აღარაა; მისი მოწაფეებიც „მიილია“ და, შესაბამისად, დღეს უკვე „ხმების“ რაოდენობაც მცირდება ქართულ თეატრში.

სამშობლო

 „არ გავცლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!“…

მასალა ჩაიწერა ზურაბ ხალვაშმა

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…