ანუ XXI საუკუნის Deus ex machina
ნაწილი პირველი
ეპიდავროსი ღმერთების წასვლის შემდეგ
ყველა ფესტივალი საკუთარ ეპოქას ჰგავს. ზოგი თავის დროს მხოლოდ ასახავს, ზოგი კი ცდილობს, მას წინ გაუსწროს – შექმნას სივრცე იმ იდეებისთვის, გამოცდილებებისა და მხატვრული ფორმებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ აწმყო არ გამხდარა.
2026 წელს საბერძნეთმა საერთაშორისო პროფესიული საზოგადოებისთვის სრულიად ახალი კარი გააღო. საბერძნეთის კულტურის მინისტრმა – ლინა მენდონიმ ათენისა და ეპიდავროსის საერთაშორისო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელად მიხაილ მარმარინოსი დანიშნა. მომდევნო წლების მანძილზე ფესტივალი, რომელიც კონტინენტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ ინსტიტუტად მიიჩნევა, ევროპის გავლენიანი თანამედროვე ბერძენი რეჟისორის, დრამატურგის, პედაგოგისა და თეატრის მოაზროვნის ხელმძღვანელობით გაიმართება.
ჩვენთვის ამ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – მიხაილ მარმარინოსი მიხეილ თუმანიშვილის ფესტივალის – „საჩუქარი“ საერთაშორისო დირექტორიცაა და რეგიონში ქართული თეატრის პოზიციონირების სერიოზული მხარდამჭერიც არის.
გასული ათწლეულების მანძილზე ქართველ მაყურებელს უნიკალური შანსი მიეცა ცოცხლად ენახა თუმანიშვილის თეატრის სცენაზე მარმარინოსის ოთხი ბრწყინვალე ნაწარმოები: „აგამემნონი“ (1998), „მედეა მასალა“ (2000), „ეროვნული ჰიმნი“ (2001) და „R+J; ბედისწერა დაბნეულია; რომეო და ჯულიეტა; მესამე მეხსიერება“ (2012). მარმარინოსის თეატრალური სტილი თანამედროვე ევროპული სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და რთულად განსასაზღვრი მოვლენაა. მისი უნიკალურობა მხოლოდ ფორმალურ ძიებებში არ მდგომარეობს – იგი ერთდროულად ცვლის წარმოდგენას ტექსტზე, მსახიობზე, მაყურებელსა და თავად თეატრის ფუნქციაზეც კი. მისი თეატრი, როგორც წარსულის არქეოლოგია და მომავლის ლაბორატორია, არ აღიარებს თეატრალური ტექსტის დასრულებულ ლიტერატურულ კონსტრუქციას და არც მის ავტორს წარმოგვიდგენს ერთადერთ შემოქმედებით ავტორიტეტად. მარმარინოსის თეატრი კლასიკურ ტექსტთან ხშირად აერთიანებს თანამედროვე პოლიტიკურ რეალობას, ფილოსოფიურ კვლევას და ყოველდღიურ გამოცდილებას, რომელიც თეატრს მაღალ ხელოვნებასთან შეხვედრის ადგილად აქცევს.
შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ ათენისა და ეპიდავროსის საერთაშორისო ფესტივალის პირველივე გამოშვება, მიხაილის ხელმძღვანელობით, ეპიდავროსის ფესტივალს შეუქმნიდა არა მხოლოდ წარმატებულ სეზონს, არამედ ახალი მხატვრული ეპოქის დასაწყისს, როგორც deus ex machina ანტიკურ ბერძნულ თეატრში, დარგის პროფესიონალებისთვის აშკარა იყო.
„ისტორია მშენებლობის პროცესშია, ისევე როგორც ურთიერთობები, და თუ ეს გვაღელვებს -ჩვენ ვმოქმედებთ“ („History is under construction. So are relations… If we care, we act“).
მიხაილ მარმარინოსის პირველი გზავნილი მაყურებელთან, როგორც ათენისა და ეპიდავროსის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელისა, ძალიან სიმბოლურია: იგი ეპიდავროსის ფესტივალს არ განიხილავს როგორც დასრულებულ ინსტიტუციას, რომელსაც მხოლოდ საერთაშორისო პროგრამის შექმნა სჭირდება. მისი ხედვით, ნებისმიერი დიდი კულტურული ორგანიზაცია მუდმივად უნდა ეკითხებოდეს საკუთარ თავს: სად ვართ დღეს? და რა მდგომარეობაშია საზოგადოება ახალი ომების, პოლიტიკური პოლარიზაციის, ეკოლოგიური კრიზისის და გაუცხოების ეპოქაში.
„არსებობს ადგილი, სადაც მოვლენები ვითარდება,- ხაზი გაუსვა მიხაილ მარმარინოსმა,- ადგილი, სადაც ჰორიზონტალური დრო ხვდება ვერტიკალურ დროს.“ და დაამატა: „ადგილი წმინდა დუმილისა, გაურკვეველი სიმშვიდის, სადაც სიჩუმე და სიბნელე განკურნების ძალას იძენს. ადგილი, სადაც ხდება გადასვლა – ძველი საკუთარი თავიდან სხვა საკუთარ თავში.“
ფესტივალის სამხატვრო ხედვა მარმარინოსმა სამი მიმართულებით გაშალა: Psyche – Machina – Systema. ეს არ არის, უბრალოდ, ფორმულა ან სამი ცალკეული ცნება. ეს არის ფესტივალის მოდელი, სადაც Psyche (სული) ფესტივალის არსია. ის ადგილი, სადაც ადამიანები მხოლოდ სპექტაკლის სანახავად არ იკრიბებიან, არამედ საერთო გამოცდილებას ქმნიან. სწორედ ამ შეხვედრაში იბადება ის, რასაც მარმარინოსი ფესტივალის ნამდვილ დანიშნულებად მიიჩნევს. Machina (მანქანა) – ფესტივალის მოქმედების მექანიზმია – მისი მხატვრული, კულტურული, კონცეპტუალური და პოლიტიკური შინაარსი და მათი ერთიანობა. და მესამე ცნება Systema – სისტემა, რომელიც მიხაილისთვის არ ნიშნავს ადმინისტრაციულ სტრუქტურას, არამედ ურთიერთობების ქსელს, რომელიც ინსტიტუციურ თანამშრომლობებს ეფუძნება.
ამ თვალსაზრისით, ის ცდილობს ფესტივალის „სახსრების გაძლიერებას“ – საგანგებო ყურადღებით ახალი აუდიტორიის მოზიდვას, განსაკუთრებული აქცენტით ახალგაზრდა რეჟისორებზე, რომლებმაც ახლახან დაამთავრეს თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის თეატრის დეპარტამენტი; საბერძნეთის ეროვნული თეატრის სარეჟისორო სკოლა და ა. შ.
სწორედ ამიტომ ეპიდავროსი არ არის მხოლოდ ისტორიული მემკვიდრეობა – ის არის ცოცხალი სივრცე: ადგილი, სადაც 2500 წლის წინ ადამიანები ღმერთებს უხმობდნენ სცენაზე, აღარ ელის ზებუნებრივ ჩარევას, არამედ ადამიანური წარმოსახვის ძალას ენდობა და ხელოვანი კაცის პასუხისმგებლობას მომავლის წინაშე. თეატრი ახლა სხვა სასწაულს ეძებს და ჩვენი ეპოქის სიმძიმისა და დაუცველობის გამო, თავად ემსგავსება თანამედროვე DEUS EX MACHINA-ს, რომ ის პირობები შექმნას, სადაც მომავალი დაიბადება. თეატრი ხომ ყოველ ეპოქაში თავიდან იბადება?
მარმარინოსის შექმნილი ფორმულა Psyche–Machina–Systema კი ძალიან ახლოს დგას თანამედროვე ფესტივალების თეორიასთან: ფესტივალი აღარ არის მხოლოდ პროგრამა (content), არამედ ცოცხალი სისტემაა, სადაც შინაარსი, ადამიანები, ინსტიტუციები და საზოგადოება მომავალს ქმნიან.
ნაწილი მეორე
Systema
2026 წელს საბერძნეთმა საერთაშორისო პროფესიული საზოგადოებისთვის სრულიად ახალი კარი გააღო. საერთაშორისო პარტნიორების, პროფესიული ქსელებისა და ახალი თაობის ხელოვანების მხარდაჭერით, ეპიდავროსის ისტორიული მემკვიდრეობა მომავლის კულტურულ სტრატეგიად გარდაქმნა და თანამშრომლობის ახალი მოდელი შესთავაზა.
SYSTEMA ეს არის ბერძნული საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო ეკოსისტემის მთავარი პლატფორმა, სადაც ერთიანდება სამი წამყვანი ინსტიტუცია: ათენისა და ეპიდავროსის ფესტივალი, საბერძნეთის ეროვნული თეატრი და კალამატას საერთაშორისო ცეკვის ფესტივალი, რათა თანამედროვე ბერძნული თეატრი და ცეკვა მსოფლიოს პროფესიულ ქსელებთან დააკავშიროს. მისი მთავარი იდეა არის არა მხოლოდ ნამუშევრების ჩვენება (სულ SYSTEMA-ზე წარმოდგენილი იყო 19 წარმოდგენა), არამედ ურთიერთობების, დიალოგისა და მომავალი თანამშრომლობების შექმნა. სწორედ აქ სვამს SYSTEMA თავის ყველაზე არსებით კითხვას: ვინ ქმნის თანამედროვე ხელოვნებას? მხოლოდ სცენაზე მყოფი ხელოვანი, თუ ის პროფესიული ეკოსისტემაც, რომელიც ამ შეხვედრას შესაძლებელს ხდის? ფესტივალის გუნდი, კურატორი, კრიტიკოსი, პროდიუსერი – ჩვენ ყველა ერთ სისტემაში ვართ ჩართული და არა როგორც დამკვირვებელი ან შუამავალი, არამედ საერთო შემოქმედებითი პროცესის მონაწილე და თანაავტორი.
SYSTEMA ბერძნულ ხელოვნებას განიხილავს როგორც ცოცხალ პროცესს – სივრცეს, სადაც დამოუკიდებელი სცენა, ახალი თაობის არტისტები და საერთაშორისო პარტნიორები ერთმანეთს ხვდებიან. და თუ ტრადიციული ფესტივალი არის ადგილი, სადაც მაყურებელი მოდის სპექტაკლის სანახავად, SYSTEMA არის მოძრაობის მექანიზმი, რომლის მიზანია, შექმნას სივრცე, სადაც თანამედროვე ბერძნული საშემსრულებლო ხელოვნება არა მხოლოდ წარმოდგენილია, არამედ აგრძელებს ცხოვრებას საერთაშორისო დიალოგში.
ყველასთვის ცნობილია, რომ ბერძნულ მითოლოგიაში მომავლის შექმნა ყოველთვის იწყებოდა ძალების გაერთიანებით. გავიხსენოთ დასაწყისის დასაწყისი: ტიტანომაქია – ათწლიანი ბრძოლა ძველ და ახალ ძალებს შორის. ზევსი და მისი და-ძმები ერთიანდებიან ტიტანების წინააღმდეგ, რათა შეიქმნას ახალი კოსმოსური წესრიგი. ანდაც, ქართული მეხსიერებისთვის ყველაზე შინაური არგო – რომელიც ჯერ კიდევ გზაშია – სივრცე, სადაც მომავალი არ არის წინასწარ დაწერილი, არამედ იქმნება ადამიანთა შეხვედრისას. რადგან როგორც არგონავტები იკრიბებოდნენ ერთ გემზე სხვადასხვა უნარითა და გამოცდილებით, XXI საუკუნის ფესტივალიც იქცევა თანამედროვე არგოდ – სივრცედ, სადაც ხელოვანები, ინსტიტუციები და კულტურები ერთობლივი მოგზაურობისთვის ხვდებიან. XXI საუკუნის საერთაშორისო ფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგია, შესაძლოა, არც ხელოვნური ინტელექტი იყოს და არც ციფრული პლატფორმები. მისი მთავარი ტექნოლოგია ადამიანური კავშირების ორგანიზების ხელოვნებაა. სწორედ ამ თვალსაზრისით ხდება პროფესიონალთა სისტემური თანამშრომლობა, თანამედროვე კულტურული განვითარების ერთგვარი „advanced technology“ – ანუ „კულტურული განვითარების მოწინავე ტექნოლოგია“ – რომელიც საერთო ცოდნის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების მართვის ყველაზე დახვეწილი მექანიზმია.
მოკლედ, SYSTEMA საქართველოში უკვე დიდი ხნის დამკვიდრებული თანამედროვე სცენის დათვალიერება ანუ შოუქეისი არ არის. ეს არის სტრატეგიული პლატფორმა, რომელიც ნათლად აჩვენებს, რა ამბიციით წარადგენს საბერძნეთი საკუთარ თანამედროვე ხელოვნებას მსოფლიო კულტურულ რუკაზე. ასეთი პლატფორმის განსაკუთრებული ღირებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ აქ ხელოვნება ხვდება საკუთარ თავს ყოველგვარი დამხმარე კონტექსტის გარეშე. არ არსებობს საერთო წარსული, ნაცნობობა, ეროვნული სოლიდარობა ან წინასწარ შექმნილი მოლოდინი, რომელიც ნაწარმოებს დამატებით უპირატესობას ანიჭებს. ნამუშევარი დგას დამოუკიდებლად – საკუთარი მხატვრული ხარისხით, იდეით, ფორმითა და ემოციური ძალით. სწორედ ამიტომ საერთაშორისო დიალოგი რთული, მაგრამ აუცილებელი გამოცდაა ხელოვანებისთვის. ის აიძულებს არტისტს, გავიდეს საკუთარი კულტურული საზღვრებიდან და აღმოაჩინოს, რამდენად უნივერსალურია მისი სათქმელი.
ასეთი პლატფორმები იმის შესაძლებლობას იძლევა, უშუალოდ დააკვირდე, როგორ ფუნქციონირებს სხვა ქვეყნის კულტურული სისტემა, როგორ ყალიბდება ინსტიტუციური გადაწყვეტილებები, რა პრინციპებით ხდება პროგრამირება და პარტნიორების შერჩევა, რა პროფესიულ სტანდარტებს ეფუძნება საერთაშორისო თანამშრომლობა და როგორ იქმნება კრიტიკული დიალოგის კულტურა. სწორედ ამ პროცესებში მონაწილეობა წარმოადგენს თანამედროვე კულტურული მენეჯმენტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორმას, რადგან საერთაშორისო გამოცდილება აქ აღარ არის თეორიული ცოდნა – ის ყოველდღიურ პროფესიულ პრაქტიკად იქცევა.
ნაწილი მესამე
EXODOS – მომავლის უძველესი სცენარი
ღმერთების წასვლის შემდეგ სცენა ადამიანს დარჩა. სწორედ ამიტომ, XXI საუკუნის ბერძნულ თეატრზე საუბრისას, ცხრამეტ წარმოდგენას შორის ჩემი არჩევანი ჰენრიკ იბსენის „თოჯინების სახლზე“ შეჩერდა. ეს თითქოს მოულოდნელი არჩევანია – უძველესი ბერძნული თეატრის სივრცეში, თანამედროვე ბერძნული სცენის მრავალფეროვან პროგრამაში, სადაც წარმოდგენილნი იყვნენ არაჩვეულებრივი მარია ჰასაბი, ზოი ევტათიოუ, მარილენა კატრანიდუ, კორნელიუს სელამსისი (რომლის ბრწყინვალე თანამედროვე ოპერის პრემიერას დავესწარი („1961“) და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი მხატვრული ძიება, სწორედ იბსენის „თოჯინების სახლი“ გამოვარჩიე.
მარია პანურგიას დადგმა „თოჯინა“, რომელიც საბერძნეთის ეროვნულმა თეატრმა წარმოადგინა, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო გახდა, რადგან გასული სეზონის განმავლობაში არაერთხელ მომიხდა იბსენის დრამატურგიასთან კავშირი: ეს იყო ჩემი მოგზაურობა ნორვეგიაში, ჰენრიკ იბსენის სახლში ოსლოში, მის მუზეუმსა და ბიბლიოთეკაში. ინსტიტუციურად – ნორვეგიის ხელოვნების ფონდთან რიგი პროექტების განხილვა; ასევე თეოდოროს ტერზოპულოსის სპექტაკლის – „Nora. The Big Exit“ („ნორა. დიდი გასვლა“) დამუშავება საფესტივალოდ და ანდრი ჟოლდაკის წარმოდგენის – „სახლი“ („Дім“) შესწავლა, რომლის პრემიერაცლესია უკრაინკას სახელობის ეროვნულ დრამატულ თეატრში 2025 წლის შემოდგომაზე შედგა, რეჟისორის უკრაინაში დაბრუნების ნიშნად, ოცწლიანი პაუზის შემდეგ.
„იბსენის „თოჯინების სახლი“ საუკუნეზე მეტია თანამედროვე თეატრის მგრძნობიარე სეისმოგრაფად იქცა – ტექსტად, რომელიც არა მხოლოდ ასახავს საზოგადოების ცვლილებებს, არამედ აფიქსირებს იმ უხილავ ბიძგებს, საიდანაც ახალი ეპოქები იბადება.“ ეს ტექსტი სპექტაკლის ანოტაციის ბარათზე ამოვიკითხე და საბერძნეთის ეროვნულ თეატრს კიდევ ერთხელ შევუქე სალიტერატურო ნაწილი. თანამედროვე ბერძნული კრიტიკა, რომლის „დედინაცვალს“ პერიოდულად მესამე ენაზე ვკითხულობ Elculture გამოცემაში, მხიბლავს სიღრმისეული ანალიზით, წერის კულტურითა და მოქნილი კალმით. ამიტომ მარია პანურგიას „თოჯინას“ კითხვას სუბტიტრების დაფაზე სპექტაკლი კინაღამ გადავაყოლე. რადგან ვიცი, ამ ქვეყანაში ტექსტი არ არის წარსულის დოკუმენტი. ის არის ღია სტრუქტურა, რომელიც ყოველ ეპოქას აიძულებს, საკუთარი თავი დაინახოს მასში.
პანურგიასთვის ნორას ისტორია აღარ არის მხოლოდ ქალის ემანსიპაციის ისტორია. ეს არის ცხოვრების ანატომია, სადაც სიყვარული ეკონომიკურ დამოკიდებულებად, ოჯახი – ძალაუფლების სისტემად, ხოლო თავისუფლება – მტკივნეულ პასუხისმგებლობად იქცევა. სპექტაკლის ბოლოს ნორა, უბრალოდ, სახლს არ ტოვებს – ის ანგრევს იმ სამყაროს, რომელმაც ის „თოჯინად“ აქცია, თუმცა საკმაოდ მოულოდნელად, ეშმაკით შეპყრობილი ქალის აგონიით, რასაც, წესით, გაცილებით მეტი ემოცია უნდა მოეტანა, ვიდრე კარის გაჯახუნებას XIX საუკუნის ევროპაში.
1879 წელს იბსენის „თოჯინების სახლი“ საზოგადოებისთვის, პირველ რიგში, იყო შოკი – ქალი, რომელმაც საკუთარი ხმა იპოვა. მაგრამ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ნორას ისტორია მხოლოდ ემანსიპაციის სიმბოლო აღარ არის. თანამედროვე რეჟისორები მასში კითხულობენ უფრო ღრმა კრიზისს: სად მთავრდება საზოგადოების მიერ შექმნილი ქალის როლი და რა ფასად გვიჯდება საკუთარი თავის დაბრუნება. ანუ იმ ადამიანთან შეხვედრა, რომელიც კარის მეორე მხარეს იბადება. ეს ხომ მომავლის უძველესი სცენარია? ერთგვარი თანამედროვე ექსოდოსი. თუ ძველ ბერძნულ ტრაგედიაში Exodos იყო უკანასკნელი გასვლა, რომელიც მაყურებელს არა მხოლოდ სიუჟეტის დასრულებას, არამედ მორალურ და ფილოსოფიურ გააზრებასაც უტოვებდა, იბსენთან ექსოდოსი იწყება ნორას მიხურულ კართან, რომელიც დასასრული კი არაა, იმ ადამიანის დაბადებაა, რომელიც პირველად იწყებს საკუთარ ცხოვრებას.
სპექტაკლის პროგრამული ტექსტი საბერძნეთის ეროვნული თეატრის ვებგვერდზე როლან ბარტის ციტატით სრულდება: „ბუნრაკუში – იაპონური თოჯინების თეატრის ერთ-ერთ სახეობაში – შესაძლებელია თოჯინას სახე წამებში დემონის სახედ გარდაიქმნას.“ ეს ციტატა პანურგიას დადგმის ერთგვარი გასაღებია, აქ „დემონი“ ბოროტების სახე კი არ არის, ნორას გარდასახვა სხვის მიერ შექმნილი ნიღბის უარყოფაა, რომელიც მას საზოგადოებამ დააკისრა.
პანურგიას „თოჯინაში“ შემოტანილი ზებუნებრივი ელემენტი გარკვეულწილად გვახსენებს ანდრი ჟოლდაკის თეატრალურ ენას და მის ნორას, რომელზეც არაერთხელ უსაუბრია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ ფორმატში გამართულ მასტერკლასსა თუ პირად საუბრებში. ზებუნებრივი განზომილება, რომელსაც მისი ქალი გმირები იძენენ, გასაგებია, რადგან რეალისტური ენა ვეღარ იტევს ქალის შინაგან ამბოხს. ამის მაგალითია მადამ ბოვარი, ჟოლდაკის შემოქმედების საპრემიერო წარმოდგენაში, რომელიც ფესტივალის 2015 წლის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
2025 წლის ჰენრიკ იბსენის „თოჯინების სახლის“ ვერსიაში კი ჟოლდაკს ნაკლებად აინტერესებს ნორას საბოლოო გადაწყვეტილება და უხილავი ძალები, რადგან უკრაინელები, რომლებმაც ცხოვრება საზღვარგარეთ ისწავლეს და წარმატებასაც მიაღწიეს, ბრუნდებიან ომისგან ნამსხვრევებად ქცეულ სახლში.
რეჟისორმა თანამედროვე მსოფლიოს ამ დადგმით ჰკითხა: შეიძლება თუ არა აღადგინო სახლი მას შემდეგ, რაც სიმართლემ, ისტორიამ და ტრავმამ ის დაამსხვრია? მაგრამ რა შუაშია აქ ჰენრიკ იბსენის პიესა? იქნებ, სწორედ ეს არის იბსენის მიერ გახსნილი კარის გავლით შესვლა XXI საუკუნეში: ადამიანის მოთხოვნილება, ჰქონდეს ადგილი, სადაც ის ნამდვილად არსებობს. რა არის სახლი, თუ მასში მცხოვრებ ადამიანს არ შეუძლია იყოს საკუთარი მე? იქნებ, სწორედ აქ ხვდება ჟოლდაკი იბსენს? რა ემართება ადამიანს, როცა ის სახლი, რომელსაც ტოვებს ან კარგავს, აღარ არსებობს? გასაგებია, რომ ეს კითხვა სულ სხვა ისტორიულ მომენტში გაჩნდა. მაგრამ დიდი დრამატურგები არ წერენ მხოლოდ თავიანთი დროისთვის და არც დიდი რეჟისორები ქმნიან კონკრეტული დროისთვის სპექტაკლებს.
მაგალითად, თეოდოროს ტერზოპულოსის „Nora. The Big Exit“ („ნორა. დიდი გასვლა“) ძალიან მნიშვნელოვანი მესამე პოლუსია იბსენის თანამედროვე წაკითხვებს შორის. მისთვის, ბერძნული თეატრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურისთვის, პიესა სოციალური აჯანყება აღარ არის. მის დადგმაში „დიდი გასვლა“ თითქმის ანტიკური ტრაგედიის exodos-ს მოგვაგონებს – ბოლო მოძრაობას, როდესაც გმირი აღარ ბრუნდება ძველ სამყაროში.
„ეგზისტენციალური რევოლუცია – სადაც ადამიანი ცდილობს საკუთარი არსებობის პირველწყაროსთან დაბრუნებას – ტერზოპულოსის ნამუშევარში სტრუქტურირებული, შეშინებული იდ-ისა და ნამდვილ მეს შორის ბრძოლაა… და იმ მომენტში, როდესაც „მე“ პირველად სუნთქვას იღებს, ის სიცარიელეს ხვდება. ეს არის ფასი, რომელიც ადამიანმა საკუთარი თავის შეცნობისთვის უნდა გადაიხადოს“,- წერს თეოდოროს ტერზოპულოსის ბიოგრაფი და მკვლევარი პენელოპე ჩატძიდიმიტრიუ,რომელიც 2022 წლის ფესტივალზე – „საჩუქარი“ ჩამობრძანდა და საინტერესო ვორკშოფში გამართა. „ეს არის ერთგვარი თვითმკვლელობა, რომელსაც შეუძლია, შექმნას პირობები ავთენტური მე-ს დაბადებისთვის და ეს პირდაპირ უკავშირდება ტერზოპულოსის „დედა-მექანიზმს“, რომელიც დავამტკიცებ, რომ ისეთ შთამბეჭდავ წარმოდგენებს ამოძრავებს, როგორებიცაა „ბაკქი ქალები“, „ანტიგონე“, „მედეამატერიალი“, „როკაბი“ და „იოკასტე“.
სწორედ ამიტომ ეწოდება ტერზეპოლუსის „თოჯინების სახლს“ „The Big Exit“ („დიდი გასვლა“). ეს არ არის მხოლოდ სახლიდან გასვლა. ეს არის ეგზისტენციალური გასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში. ანუ EXODOS, სადაც იწყება მომავალი უძველესი სცენარით, რომელიც ჯერ კიდევ ძველი ბერძნული ტრაგედიის დროიდან გვახსენებს, რომ ღმერთების წასვლის შემდეგ ადამიანი რჩება სცენაზე და თავად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარი ისტორიის შექმნაზე. ამიტომ XXI საუკუნის ფესტივალი არის არა მხოლოდ კარიბჭე მსოფლიოსთვის. ის არის თანამედროვე ექსოდოსი – ადგილი, სადაც ადამიანი დარბაზიდან გადის არა დასრულებული პასუხით, არამედ ახალი კითხვებით; ადგილი, სადაც მსოფლიო დროებით იკრიბება, რომ ერთად წარმოიდგინოს მომავალი.








