საბა მეტრეველი - სტატია

გალაკტიონ ტაბიძე და დრამატული თეატრი – III

, , ,

(საარქივო მასალების მიხედვით)

I ნაწილი

„გრიმასები, რომ არ გიცნონ“

გალაკტიონ ტაბიძე ყველაზე უფრო არტისტული ნატურაა ქართულ პოეზიაში. მისი ცხოვრებაც და შემოქმედებაც რთული და ამოუცნობი ნიღაბია, „გამოუცნობი ქიმერაა“ – თამაშის ხელოვნებაში ჩართული დიდი შემოქმედის პოეტური ხილვებით, ფანტაზიებითა და წარმოსახვებით, „სიზმარიან ჩვენებით“ მოცული საინტერესო ბიოგრაფია. წერდა კიდეც:

„ჩემი როლი ნიღაბით იყო სული ნიღაბის,

ვარ უცნობი ყველასთვის ასეთ სულისკვეთებით“.

გალაკტიონის ათასგვარ ნიღაბთა შორის ერთი ყველაზე სერიოზული მისი შეცვლილი ხმა იყო. „გრიმასები, რომ არ გიცნონ“ – წერდა პოეტი. ძმის გარდაცვალების შემდეგ წვერი მოუშვა და უფრო სრულჰყო საკუთარი ნიღაბი. ნოდარ ტაბიძე იხსენებდა ერთ საინტერესო ფაქტს: „არასოდეს დამავიწყდება 1954 წლის დეკემბერი. გალაკტიონი და მე სასტუმრო „მოსკვაში“ ვბინადრობთ. კარზე მორიდებული კაკუნი ისმის. შემოდის მაღალი კაცი და გალაკტიონს გადაეხვევა. პოეტი დუმს.

– ნუთუ ვერ მიცანით, ვასილი ვარ, ოკუჯავა.

– ვასიოკ! – უცნაური ხმით ყვირის გალაკტიონი.

ნიღაბი სახიდან ჩამოცურდა და ნამსხვრევებად იქცა“.

რევაზ თვარაძე იგონებს ძველი ცენზორის ნაამბობს: ერთხელ გაცეცხლებულმა გალატიონმა კვლავ ძველებური ბოხი ხმით შემომიტია და ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის, უცბად კიდეც შევშინდიო (თვარაძე 2001: 267).

ელგუჯა მაღრაძე მოგვითხრობს: „1951 წლის მარტი იდგა. პლეხანოვზე რომ სარდაფი-სასაუზმეა, იქ დავლიეთ გალაკტიონთან ერთად მე და ოთარ ჭელიძემ. ზედმეტი მოგვივიდა და ჩავთვლიმეთ. მალე უცნაურმა ხმამ გამომაფხიზლა. გალაკტიონი სრულიად სხვა ხმაზე ლაპარაკობდა, უფრო სწორად – ღმერთს ელაპარაკებოდა თუ ესაყვედურებოდა. გაოცება რომ შემატყო, ძველი ხმა დაიბრუნა:

– თქვენ, როგორი ხმის ღირსიცა ხართ, იმ ხმაზე გელაპარაკებითო[1]“.

როგორც ამბობენ, ზოგჯერ მთვრალს თამაშობდა: არყიან ჭიქას ხელისგულზე დაიპირქვავებდა და წვერ-ულვაშზე შეისხურებდა. მაგრამ მაინც ყველაზე შემზარავი იყო გალაკტიონის მონაწილეობა „დიდ ეროვნულ ტრაგედიაში“, რომელშიც ბედისწერა  აიძულებდა, „დასთანხმებოდა კომიკოსის როლს“ (ჩხეიძე 2012: 280).

***

საერთოდ, გ. ტაბიძისა და დრამატული თეატრის შესახებ მის პირადს არქივზე დაყრდნობით ცოტა რამაა ცნობილი და, შესაბამისად, ინფორმაციაც სამეცნიერო ლიტერატურაში აშკარად დეფიციტურია.

ფაქტია ისიც, რომ გალაკტიონი იყო ერთადერთი ქართველი პოეტი, რომელმაც 1918 წ. 25 ივნისს დაამთავრა მოსკოვის სცენისმოყვარეთა ლიგის მიერ დაარსებული პირველი ხუთთვიანი სარეჟისორო (საინსტრუქტორო) კურსები და მიიღო მოწმობა №021373-2, დადასტურებული მასწავლებელთა ხელმოწერებითა და ლიგის გამგეობის ბეჭდით დამოწმებული.

პირველი როლი

1905 წ. გალაკტიონს დაუწერია პიესა რევოლუციის შესახებ და ტიციან ტაბიძესთან ერთად დაუდგამს კიდეც. თავად თამაშობდა ყაჩაღის როლს. უფრო დეტალურად ეს ამბავი მას ასე აქვს გადმოცემული 1925 წლით დათარიღებულ დღიურში: 1905 წ. ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი უფროს მოწაფეთა გამოსვლის გამო ერთი წლით დაიხურა. „მე მივდივარ სოფელში. ამავე წელს მე ვწერ უამრავ ლექსებს, მოთხრობებს და პიესას რევოლიუციის შესახებ. პიესას მისივე რეჟისორობით შემდეგ ვდგამდით სახლში და [ტიციანი] თვითონ მე ძალიან მოხდენილად ვთამაშობდი ყაჩაღის როლს“ (გალაკტიონი 2013:).  ერთი გვიანდელი ჩანაწერის მიხედვით, 1906 წ. თავისი ნათლიის – ანდრო წერეთლის სახლში, ქუთაისში, არქიელის გორაზე, დგამს პიესას „წითელიშვილის რაზმი“ (ქლმ, დ-659-11; ჩანაწერი, გ. ტაბიძე, სგ, წ. XIII, თბ., 2006, გვ. 281).

გალაკტიონს პოეზიასთან ერთად არ ასვენებდა დრამატული თეატრის სიყვარული და აგრძელებდა პიესების წერას. ნოდარ ტაბიძის ცნობით, „1907 წელს რამდენიმე პიესა დაწერა, რომელთაგან ყველაზე ღირებულია ორმოქმედებიანი „სურათები ცხოვრებიდან“. სხვათა შორის, სცენაზეც წარმოადგინეს. გალაკტიონს დღიურში ჩაუწერია: „გუშინ, 30 მარტს, ჩემმა ამხანაგებმა გ. მიხელიძემ, ა. დევდარიანმა, ვ. გოგოძემ, მ. ყიფშიძემ, პ. ჩარკვიანმა და სხვებმა წარმოადგინეს ჩემი „სურათები ჩვენი ხალხის ცხოვრებიდან“. სპექტაკლი საშუალო დონისა იყო, ძალიან კარგი იქნებოდა, ამხანაგებს რომ არ ეცინათ როლების შესრულებისას და ეთამაშათ გენადი მიხელიძის მსგავსად“ . ჩანს, სასწავლებელში გალაკტიონს მწერლად ცნობენ. მისი ნაწარმოებებით ინტერესდებიან, კითხულობენ, დგამენ… სურათები ცხოვრებიდან“ ურიგო შთაბეჭდილებას როდი ტოვებს. მდიდარი ვაჭრის – გაბრიელის სახე ნამდვილად დასამახსოვრებელია. ეს პერსონაჟი ინდივიდუალური ნიშან-თვისებების მატარებელია. როგორც ა. თაური მიგვანიშნებს, პიესაში თანამედროვე ცხოვრების სურათებია წარმოჩენილი, კერძოდ, რევოლუციის ეპოქაა ასახული. გაბრიელი არ თანაუგრძნობს სოციალ-დემოკრატებს. აღშფოთებულია მათი მოთხოვნით „ძირს თვითმპყრობელობაო“. „გაიძახიან ხელმწიფე არ გვინდა და ღმერთი არ გვინდაო. შეიგენით, შვილო, შეიგენით, რომ ხელმწიფე მიწიერი ღმერთია. აბა, მითხარით, რა იქნება უხელმწიფოდ, რა?!“ – ეუბნება გაბრიელი შვილებს: იასონსა და თამარს, რომლებიც აჯანყებულებს თანაუგრძნობენ. გაბრიელი ძველი ყაიდის კაცია. მისი აზროვნება და მსჯელობა ტიპურია“ (ტაბიძე 2000: 136).

1920–იან წლებში დაწერილ მე-14 ავტობიოგრაფიაში პოეტი გვიამბობს, რომ „1906 წ. საოჯახო საღამოებზე დგამდა „რევოლიუციონურ პიესებს“.

1916 წ. 23 დეკემბერს ქუთაისის თეატრში გაიმართა გალაკტიონის დიდი საღამო: „…საღამო დაიწყო ბ. ალ. წერეთელის ლექციით: „ნეორომანტიზმი ქართულ უახლეს ლიტერატურაში“… ლექციის შემდეგ დაიწყო ბ-ნ ტაბიძის ლექსების კითხვა. ფარდა აიხადა და სცენაზე გამოჩნდა სურათი: სამი ასული, თეთრ მოსასხამში, ჭიანურით ხელში. შემდეგ ცოცხალ სურათად დადგმული იყო ლექსი „მერი“. თარებს ქვეშ ჯვარის საწერად გამოწყობილი დგას ასული და თეთრ სვეტს მიყრდნობილი, ნაბადში გახვეული მოჩანს თვით მგოსანი. ჭიანური უკრავს და ლოჟიდან ლექსს „მერი“ კითხულობს პაოლო იაშვილი… შემდეგ ლ. ჯაფარიძემ და ვ. გაფრინდაშვილმა წაიკითხეს გ. ტაბიძის ლექსები: „მე და ღამე“, „ვერხვები“ და სხვ. უკანასკნელ განყოფილებაში თვითონ გალ. ტაბიძემ წაიკითხა თავისი ლექსები. საზოგადოება მხურვალე ტაშისცემით აჯილდოებდა მგოსანს. დებმა იშხნელებმა გიტარაზე იმღერეს გალ. ტაბიძის ლექსები. საერთოდ, საღამო ძლიერ საინტერესო იყო და მხოლოდ, სამწუხაროდ, ხალხი ცოტა დაესწრო შედარებით“ („ჩვენი მეგობარი“, N242, 1916). გაზეთის ამ შენიშვნას თავად გალაკტიონიც ადასტურებს ოლია ოკუჯავასთვის 1916 წლის 28 დეკემბერს გაგზავნილ წერილში:  „ოლია! ჩემი საღამო საცოდავად ჩატარდა. არავინ არ მოვიდა. მრცხვენია პირდაპირ“ . 

ამ ამბიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, 1935 წელს, დღიურში ჩაუწერია: „ერთხელ ოპერის თეატრში – „მერი“ ცოცხალ სურათად დასდგეს. მერის – ახორციელებდა მსახიობი ქალი ნინო დავითაშვილი. იგი იდგა პიედესტალზე. ანათებდა ბენგალის ცეცხლი. ქვევით ვიდექი მე და ვკითხულობდი მერის“ – ეს ჩანაწერი მცირე უზუსტობას შეიცავს. პოეტი „მერის“ ცოცხალ სურათებად დადგმას ქუთაისის თეატრის ნაცვლად  ოპერის თეატრს მიაწერს, სხვა ნიუანსებიც ერევა, მაგრამ ფაქტია, რომ თავადაც მონაწილეობდა ამ ცოცხლალ სურათებად დადგმულ წარმოდგენაში.

გალაკტიონი პიესების წერასთან ერთად ეტანება უცხოურ დრამატურგიას. როგორც ირკვევა, მას მიზანში ამოუღია ნორვეგიელი დრამატურგის, ნორვეგიული ნაციონალური თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ჰენრიკ იბსენის, ე.წ. იდეათა დრამა, 1866 წ. დაწერილი „ბრანდი“. 1910 წ. 18 აპრილს ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ სათეატრო ამბები აქვეყნებს ინფორმაციას, რომ გალაკტიონ ტაბიძე თარგმნის ჰენრიკ იბსენის პიესას „ბრანდი“ (ჟურნ. „თეატრი და ცხოვრება“, 1910,  №16). ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა, რატომ აირჩია მან იბსენის ეს „პირქუში“ პიესა. მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ის უნდა იყოს, რომ გალაკტიონი ჯერ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა (1900-1908 წწ.) და შემდეგ – თბილისის სასულიერო სემინარიაში (1908-1910 წწ.). ამდენად, მისთვის განსაკუთრებულად ნაცნობი და ამაღელვებელი იყო სასულიერო წოდება. ბუნებრივია, იბსენის „ბრანდის“ პერსონაჟები მისთვის ახლობელი გახდა და ასოციაციებსაც აღუძრავდა. თანაც, როცა პიესას თარგმნიდა, სემინარიის სტუდენტი იყო. ჰ. იბსენის ბრანდი თავისი ბუნებითა და მრწამსით მაქსიმალისტი მღვდელია, რომელსაც აქვს განსაკუთრებული რწმენა ადამიანების ნებისა და ცხოვრობს პრინციპით „ყველაფერი ან არაფერი“. შესაბამისად, მოუწოდებს თავის სამწყსოს, უარი თქვას სიცოცხლეზე, რათა სული იხსნას. ბრანდის მთავარი მიზანი სამყაროს ხსნაა, თუმცა მისი შეხედულებები მკაცრი და უსამართლოა. გალაკტიონი კონტრასტების მოყვარული ადამიანია და პიესაშიც სწორედ მოულოდნელი და მძაფრი ემოციების გამოვლენაა მისი სტიქია.

მჩედელოვის თეატრალური სტუდია

არსებობს რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის ერთი უაღრესად საინტერესო მოგონება, რომლის მიხედვითაც ერთხელ: „გალაკტიონს ანკეტა შეუვსია და კითხვაზე „თქვენი პროფესია“ დაუწერია: „რეჟისორი“. ამ პასუხმა გამაოცა, მაგრამ შესანიშნავმა პიროვნებამ საშა მიქელაძემ ამიხსნა, გალაკტიონი მოსკოვში მჩედელოვის თეატრალურ სტუდიაში სწავლობდაო“ (ლორთქიფანიძე 2009: 145). 

უნდა განვმარტოთ, რომ მჩედელოვი, იგივე ვახტანგ მჭედლიშვილი, რუსეთში მოღვაწე ქართველ რეჟისორთა შორის სრულიად გამორჩეული ფიგურა იყო. ის მოსკოვში ფილოლოგიის ფაკულტეტზე აპირებდა  სწავლის გაგრძელებას, მაგრამ თეატრის სიყვარულმა სძლია. მისი გატაცების შესახებ ინფორმირებული ყოფილა დავით კლდიაშვილი, რომელსაც სარეკომენდაციო წერილით გაუგზავნია ა. სუმბათაშვილთან: „ალექსანდრე ივანეს ძემ არაჩვეულებრივი გულთბილობა და ალერსიანობა გამოიჩინა და ყოველმხრივ მიწყობდა ხელს ჩემი მოსკოვური ცხოვრების დასაწყისში“, – წერს ვ. მჭედლიშვილი თავის დღიურში. ცოტა ხანში, ალ. სუმბათაშვილ-იუჟინის დახმარებით, მსახიობად მიიღეს მცირე თეატრში, უსიტყვო როლების შემსრულებლად. ამავე დროს ის მოსკოვის სამხატვრო თეატრთან არსებული სარეჟისორო კურსების მსმენელი გახდა და 1905 წლიდან, კურსების დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო სამხატვრო თეატრში ჯერ რეჟისორის თანაშემწედ, ხოლო შემდეგ, – რეჟისორად. 1907 წ. სამხატვრო თეატრის ახალგაზრდული ძალებით მან დადგა ა. ჩეხოვის „თოლიას“ პირველი მოქმედება, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. ვ. მჭედლიშვილი კ. სტანისლავსკის მოწაფე იყო და მისი სისტემით ასწავლიდა მსახიობის ოსტატობას დრამატული ხელოვნების სკოლებში. მან მრავალი თვალსაჩინო მსახიობი თუ რეჟისორი აღუზარდა რუსულ სცენას (ნ. ხმელიოვი, ა. ბატალოვი, ა. ტარასოვა, მ. კედროვი, მ. იანშინი, მ. პრუდკინი, ი. სუდაკოვი, ო. ანდროვსკაია, კ. ელანსკაია); მოსკოვში დააარსა სამი სტუდია, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი სამხატვრო თეატრის მეორე სტუდია იყო, რომელიც 1916 წ. გაფორმდა ზინაიდა გიპიუსის პიესით „მწვანე რგოლი“. ვახტანგ მჭედლიშვილის სახელთანაა დაკავშირებული, აგრეთვე, თეატრალური აღზრდის მეორე კერა – იმპროვიზაციის სტუდია 1921 წლის შემოდგომაზე, ხოლო მის მიერ დაარსებულმა ქართულმა დრამატულმა სტუდიამ მუშაობა 1923 წ. 8 ოქტომბერს დაიწყო. როცა ის თავის მესამე, უკვე ქართული სტუდიას აარსებდა, გამოცდები თბილისში ჩაატარა და მოსკოვში წასაყვანად შეარჩია: ელენე ციხისთავი, ნიკოლოზ გოძიაშვილი, გიორგი ჟურული, შალვა სოსლანი, გიორგი ბახტაძე, ალექსანდრე (საშა) მიქელაძე და გრიგოლ სულიაშვილი. სიაში შეტანილი იყვნენ თავისუფალი მსმენელები: ს. გოძიაშვილი, ვ. ანდროსოვა და ა. ჭუმბურიძე. შემდეგ მოსკოვში მათ შეუერთდნენ: შოთა აღსაბაძე, გიორგი ბახტაძე, იოსებ თუმანიშვილი, ტიტე შარაშიძე, მილიტა ზურმუხტაშვილი, თამარ თვალიაშვილი, მედეა ქორელი, გიორგი როსება, გიორგი ჯავაშვილი. დებულების მიხედვით, სტუდია ამზადებდა მსახიობებს, მომღერლებს, რეჟისორებს, მხატვრებსა და თეატრალურ პედაგოგებს (უფრო ვრცლად იხ.: ჯავაშვილი 1964: 33-37;  იაკაშვილი 1973:  82-87; ლაშხია 1974: 48-54).

ბუნებრივია, დაისმის შეკითხვა, ამ სამი სტუდიიდან რომელში სწავლობდა გალაკტიონი. პირი, რომელმაც გიგა ლორთქიფანიძეს ინფორმაცია მიაწოდა, გალაკტიონი მჩედელოვის სტუდიაში სწავლობდაო, იყო ზემოხსენებული საშა (ალექსანდრე) მიქელაძე, თავად ვ. მჭედლიშვილის მიერ შერჩეული მოსკოვის ქართული დრამატული სტუდიისათვის. ამიტომ, მისი ნათქვამი არ შეიძლება იყოს შემთხვევითი და არასანდო (საშა მიქელაძე ჯერ თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრს ხელმძღვანელობდა, შემდეგ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის რეჟისორი იყო, ბოლოს კი თეატრალური ინსტიტუტში ასწავლიდა მსახიობის ოსტატობას). როგორც ჩანს, მას ეს ინფორმაცია თავად მჭედლიშვილისგან ჰქონდა.

არანაირი დოკუმენტით არ დასტურდება, რომ, გალაკტიონმა მოსკოვის სცენისმოყვარეთა ხუთთვიანი სარეჟისორო კურსების გარდა (1918 წ.), უფრო ადრე ან შემდეგ კიდევ სადმე მიიღო სახელოვნებო განათლება. მხოლოდ ერთხელ გალაკტიონის 25-ტომიან პირადს არქივში, კერძოდ 23-ე ავტობიოგრაფიაში, გვხდება ჩანაწერი, რომ ის სწავლობდა „მოსკოვის დრამ. კურსებზე“ (გალაკტიონი 2013:).  ჩვენთვის ცნობილია ვ. მჭედლიშვილის ქართული დრამატული კურსების ყველა წარმომადგენელი. თანაც, არსებობს ამ სტუდიადამთავრებულთა მოგონებანიც და არსად არავინ არ აღნიშნავს, რომ გალაკტიონი ქართულ სტუდიაში სწავლობდა. თანაც, ეს სტუდია მალე დაიხურა თავად ვ. მჭედლიშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო 1924 წ. იმპროვიზაციის სტუდია 1921 წ. დაარსდა და მასში გალაკტიონი ვერ მიიღებდა მონაწილეობას თავისი სპეციფიკის გამო (მსახიობი თავად იყო დრამატურგი, რეჟისორი და შემსრულებელი. პიესა პირდაპირ სცენაზე იდგმებოდა და არ მეორდებოდა), თანაც ეს სტუდია რეჟისორებს არ ამზადებდა. რჩება ერთადერთი ვარიანტი: 1916 წ. დაარსებულ პირველ სტუდიასთან გალაკტიონის კავშირისა.

გალაკტიონი 1916 წ. პირველად ეწვია მოსკოვის სამხატვრო თეატრს და, როგორც ზემოთ ვნახეთ, მოხიბლული და სრულიად აღფრთოვანებული იყო იმ შემოქმედებითი ხარისხითა და მაღალი თეატრალური კულტურით, რომელიც მას აქ დახვდა. მხოლოდ ამის შემდეგ ჩნდება მის დღიურებში სურვილი სარეჟისორო განათლების მიღებისა, მანამდე მხოლოდ შანიავსკის უნივერსიტეტი ჰქონდა მიზანში ამოღებული. რადგან სწორედ ამავე პერიოდში, 1916 წ. ვ. მჭედლიშვილმა დააარსა თავისი სტუდია, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ გალაკტიონმა მოისურვა და დაესწრო მეცადინეობებს, თუმცა ეს მაინც ჩვენს ფრთხილ ვარაუდად რჩება, რადგან პოეტის დღიურებსა და ჩანაწერებში არსად არ მოიხსენიება მჩედელოვის სტუდია (ის მხოლოდ „დრამ. კურსებს“ ახსენებს), არც – ვახტანგ მჭედლიშვილს. ასევე, ვახტანგ მჭედლიშვილზე გამოქვეყნებულ წერილებსა და მოგონებში არსად ფიგურირებს გალაკტიონის სახელი, უფრო მეტიც, 1965 წ. გ. ჯავაშვილმა გამოსცა წიგნი „ვახტანგ მჭედლიშვილი“, რომელშიც გალაკტიონი ნახსენებიც კი არ არის. არადა, ის არ იყო ჩვეულებრივი მოკვდავი, რომ მისი ხსენება ვახტანგ მჭედლიშვილის სტუდენტისა თუ მსმენელის კონტექსტში სულერთი ყოფილიყო. შესაძლოა, ეს ინფორმაცია ზეპირი გზით ვრცელდებოდა, რადგან გალაკტიონი მხოლოდ მსმენელი იყო და ისიც მცირე ხნით. ასე რომ, საშა მიქელაძის ცნობას, გალაკტიონი მჭედელოვის თეატრალურ სტუდიაში სწავლობდაო ვერც უარვყოფთ და ვერც დავადასტურებთ. ფაქტი კი ერთია,  1918 წ., გალაკტიონმა ნამდვილად დაამთავრა მოსკოვის სცენისმოყვარეთა ლიგის ხუთთვიანი სარეჟისორო კურსები. სამწუხაროდ, სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში ეს თარიღი არასწორადაა მითითებული: „გალაკტიონ ტაბიძეს მოსკოვში ჰქონდა დამთავრებული სარეჟისორო კურსები (1928)“ (კიკნაძე 1990: 67). 1918 წლის ნაცვლად 1928 წლის მითითებას კორექტურად ჩავთვლიდით, მაგრამ ცნობილი თეატრმცოდნე იმავეს ინერციით იმეორებს ყველა გამოცემაში: 1973 წ. ჟურნ. „მნათობში“ გამოქვეყნებულ წერილში „გალაკტიონ ტაბიძის თეატრალური სამყარო“ (გვ. 172); წიგნში „რუსთაველიდან გალაკტიონამდე“, 1983, გვ. 258 და, სულ ბოლოს, 2020 წ. გამოსულ ქრესტომათიაში „რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა“ – გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის რეცეფცია ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში (1910-2010), წიგნი II, გვ. 153.

სასცენო ხელოვნების მოყვარულთა მოსკოვის ლიგა

რა ვიცით მოსკოვის სასცენო ხელოვნების მოყვარულთა ლიგის შესახებ: ასეთი სახელწოდების ლიგა 1915 წ. ჩამოყალიბებულა, რომელიც აერთიანებდა სამოყვარულო წრეებს მათი მხატვრული დონის ამაღლების მიზნით. ლიგას ჰქონდა სამწლიანი კურსები. უფრო ადრე, 1897 წლიდან არსებობდა „მოსკოვის საშემსრულებლო ხელოვნების მოყვარულთა წრე“, რომელიც გახდა მოსკოვის სასცენო ხელოვნების მოყვარულთა ლიგის ნაწილი.

სასცენო ხელოვნების მოყვარულთა მოსკოვის ლიგამ გააერთიანა სხვადასხვა სამოყვარულო წრეები, დაისახა მათი მხატვრული დონის ამაღლების ამოცანა და ამისათვის ჩამოაყალიბა კურსები, მათ შორის მოსკოვის პირველი სარეჟისორო (საინსტრუქტორო).

თეატრალური ხელოვნების მოყვარულთა წრის ხელმძღვანელობა ევალებოდა საბჭოს, რომლის თავმჯდომარე 1915-1917 წლებში  იყო ვ. ა. ფილიპოვი, რომელიც გალაკტიონს უკითხავდა თეატრის ისტორიას და, რომლის ხელმოწერაც ამშვენებს მოწმობას. გალაკტიონთან ერთად ამ კურსებს ამთავრებს ოლია ოკუჯავაც (ოკუჯავა 1987: 8).

ჯერ კიდევ 1916 წ. მოსკოვში ოლია ოკუჯავასთან ერთად სასწავლებლად ჩასული გალაკტიონი გატაცებულია სასცენო ხელოვნებით და შესაძლებლობას არ უშვებს ნახოს თეატრალური სამყაროს დიდი საოცრება – მოსკოვის სამხატვრო თეატრი (მოსკოვის სამხატვრო თეატრი (Московский Художественный академический театр, МХАТ) დაარსდა 1898 წ. კონსტანტინე სტანისლავსკისა და ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს მიერ. რუსეთის პირველი რევოლუციის წინა ტურბულენტურ პერიოდში დაბადებულმა ამ თეატრმა სწრაფად მოიპოვა დემოკრატიული წრეების სიყვარული. მისმა დამფუძნებლებმა, შემოქმედებითად გამოიყენეს თავიანთი ესთეტიკური და ეთიკური იდეები, ფაქტობრივად, დაიწყო რეჟისურის თეატრის აღმავლობა, გამოსახულების, სასცენო ანსამბლის, სპექტაკლის იდეოლოგიური და მხატვრული მთლიანობის ღრმა ფსიქოლოგიური გამჟღავნების ინოვაციური პრინციპების ხორცშესხმა.  გალაკტიონი სამხატვრო თეატრს ჩეხოვის თეატრსაც უწოდებს, რადგან ამ თეატრისთვის გადამწყვეტი გახდა ა. ჩეხოვის პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლები: თოლია, 1898; ძია ვანია, 1899; სამი და, 1901; ალუბლის ბაღი, 1904 წ.).

პოეტი ვერ ფარავს თავის აღფრთოვანებას და ძმას, აბესალომს, სწერს:  „ვიყავი სამხატვრო თეატრში (ჩეხოვის თეატრი)! ვნახე იქაური საუკეთესო მსახიობი ქალი კნიპერი (ჩეხოვის ცოლი). უკეთეს თეატრს ვერ ნახავს კაცი თვალი. არსად ისე მხატვრულად და მომხიბვლელად არ დგამენ პიესებს – როგორც აქ“ (ტაბიძე 2000: 423).

ეს იყო 1916 წელი. არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ მოსკოვის სამხატვრო თეატრში მიღებული დიდი შთაბეჭდილება გახდა მიზეზი // ბიძგი იმისა, რომ გალაკტიონს დაეწყო ფიქრი სარეჟისორო კარიერაზე.

უკვე 1917 წ. დეკემბერში მოსკოვში დაბრუნებული გადაწყვეტს, რომ სწავლა დაიწყოს მოსკოვის სასცენო ხელოვნების მოყვარულთა ლიგის მიერ დაარსებულ პირველ სარეჟისორო ხუთთვიანი კურსებზე[2]. აქ ის დაეწაფა რეჟისორის პროფესიას, გაეცნო სასცენო ხელოვნების სპეციფიკას. ამისათვის მას მოუწია სპეციალური საგნების მოსმენა, კერძოდ:

  • რეჟისურა – რეჟისორ ნიკოლოზ აკსაგორსკის კლასი;
  • სცენის მოწყობა და არქიტექტურა, ყოფისა და ჩაცმულობის სტილის ისტორია – მხატვარ ევგენი  კამზოლკინის კლასი;
  • გრიმის თეორია და პრაქტიკა – სახელმწიფო თეატრის მსახიობის დ. ვ. გარინ-ვინდინგის კლასი;
  • თეატრის ისტორია – ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ფილიპოვის კლასი;
  • გამომეტყველებითი კითხვისა და დიქციის ხელოვნება – მსახიობ ო. რახმანინოვას კლასი;
  • სახალხო თეატრების ორგანიზება – ვ. ი. ჩეტირკინის კლასი.

ნოდარ ტაბიძე ასეთ შეფასებას აძლევს ამ მოვლენას: „რაც მთავარია, სარეჟისორო კურსებზე ჩაირიცხა. გულმოდგინედაც მეცადინეობს. მართალია, აქ იკითხება დისციპლინები რეჟისურიდან დაწყებული გრიმის თეორიით და პრაქტიკით დამთავრებული, მაგრამ პროგრამები საკმაოდ შეკვეცილია. ერთსემესტრიანი კურსები, არსებითად, თეატრალური ხელოვნების მხოლოდ საფუძვლების ცოდნას აწვდის მსმენელებს. გალაკტიონი კმაყოფილია. ბოლოს და ბოლოს, რამდენადმე მაინც ისრულებს წადილს. ხანდაზმული მგოსანი ტკბილად იგონებდა ამ სასწავლებლის ამბებს და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა კურსების დამთავრების მოწმობას“ (ტაბიძე 2000: 435).

პოეტის არქივში დაცულია ერთი დაუთარიღებელი ჩანაწერი, რომელიც აშკარად მოსკოვის სცენისმოყვარეთა ლიგის პერიოდს ასახავს და, სავარაუდოდ, 1918 წლის ადრეულ გაზაფხულზე, მარტში, უნდა იყოს დაწერილი, რადგან მასში მოხსენიებულია „ჩვენი დიდი რევოლიუცია“, პატარა ლიგა, გაზაფხულის დადგომა მოსკოვში, მალაია ბრონნაიაზე, რომ აქ თავი მოუყრიათ მომავალ სახალხო რეჟისორებს, რომლებიც გაცხარებით იკვლევენ პრინციპებს მომავალი სახალხო თეატრისთვის; რომ ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი სახალხო სარეჟისორო კურსები; ნახსენებია „მოხუცი მსახიობი გარინი“, რომელიც გრიმის თეორიასა და პრაქტიკას ასწავლიდა გალაკტიონს.რა თქმა უნდა, ადვილი მისახვედრია, რომ პოეტი საუბრობს იმ სარეჟისორო კურსების შესახებ, რომელზეც თავად სწავლობს:

დღიური 626-33 უთარიღო

მგოსნები, მხატვრები

(წერილი რედაქციის მიმართ)

„ხელოვნებას ამ სფეროის კომპეტენტური წარმომადგენლების სიტყვით  რუსეთში აქვს ახალი და მსოფლიო ჩანასახი, რომლის სახელი არის ჩვენი დიდი რევოლიუცია. ამ საფუძველზე შეიქმნება მომავალი დიდი ხელოვნებაც. ჯერჯერობით არაფერი რამ მსგავსი არ არსებობს, და არც შეიძლება იყოს. მაგრამ რომ მთელი რუსეთი ახალი ხელოვნებით შეიმოსება, ეს ყოველ ეჭვს გარეშეა. ეხლანდელი დუმილი ხელოვნების სფეროში ნამდვილი ქარიშხლის მომასწავებელია. ქარიშხლის ამ სიტყვის ანბანური ჭეშმარიტებით. ეს იქნება მეორე რევოლიუცია თანაბრად მშვენიერი და დიდებული.

ამ სანატრელი და აუცილებლად მომავალი დროისთვის ემზადება დღეს ყოველი ხელოვანი.

ეს მზადება ხდება ჩუმად, ყოველ წამს, იდუმალად. პროცესსი დაწყებულია და ფინალის მოლოდინში მაინც და მაინც არც ისე მწვავედ [დაგიდევენ] გრძნობენ პოლიტიკურსა და ეკონომიურ [მწვავე] არევდარევას მგოსნები, მხატვრები, მსახიობები.

შესდგა, მაგალითად, რომელიმე პატარა ლიგა, წრე (უკანასკნელ ხანებში მოსკოვი თანდათან იფინება სახალხო სახელოვნო წრეებით). იგი თავდადებულად და თავგამეტებული სიყვარულით მუშაობს და ემზადება.

სადღაცა მგოსნები იკრიბებიან და მომავალ ხელოვნებაზე საუბრობენ.

სადღაც მხატვრები თავდადებით ეძებენ ახალ ფერებს თავიანთი სურათებისთვის.

მალაია ბრონნაიაზე ყველაზე მეტად საყურადღებო და სავსებით ახალი მუშაობაა გაჩაღებული: აქ რუსეთის სხვადასხვა კუთხიდან თავი მოუყრიათ მომავალ სახალხო რეჟისსორებს: ეს რამდენი ხანია გაცხარებით იკვლევენ ისინი პრინციპებს მომავალი სახალხო თეატრისთვის. მიდის ხალისიანი და [მუდმივი] გულმოდგინე მუშაობა ახალგაზრდა რეჟისსორების, რომელთაც [თვალცრემლიანი] მოხუცი მსახიობი გარინი თვალებზე ცრემლმომდგარი შესცქერის და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

[– ახალგაზრდებო! მომავალი თქვენია!].

მართლაც, რისთვის არ უნდა ექნეს მომავალი ამ ხალხს?

[იმათ ხომ ასე გატაცებით უყვართ ხელოვნება]. მთელ რუსეთში [გაზაფხული დგება] ჯერჯერობით ერთად ერთი სახალხო სარეჟისსორო კურსებია, [მაისში ყველა ეს ხალხი კურსებს დაასრ. ახალგაზრდობა ისევ ხალხს დაუბრუნდება]. მათ გატაცებით უყვართ ხელოვნება – და ამ სიყვარულს ისინი რეალურ სხეულს მისცემენ, როდესაც ხალხს დაუბრუნდებიან; ჩვენთვის აქ საყურადღებოა მხოლოდ ეს მუშაობა.

ასეთია თანდათანი სულიერი მუშაობა მომავალი ხელოვნებისთვის – მაგრამ აუცილებლად საჭიროა ცეცხლის შეკეთება“ (გალაკტიონი 2013:).  

შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ: 1918 წ. გალაკტიონმა სწავლა დაიწყო მოსკოვის სასცენო ხელოვნების მოყვარულთა ლიგის მიერ დაარსებულ პირველ სარეჟისორო ხუთთვიან კურსებზე და მიიღო ამავე კურსებზე დადგენილი საგნების მოსმენის მოწმობაც.

სარეჟისორო განათლების შესახებ საარქივო მასალებში (გალაკტიონის სამი ავტობიოგრაფიის მიხედვით) ასეთი  ინფორმაცია მოიპოვება:

ავტობიოგრაფია 7„ვამთავრებ სარეჟისსორო ინსტიტუტს საუკეთესო ატესტატით“

ავტობიოგრაფია 21 – „გალაკტიონი მოსკოვის რეჟისორებისაგან იღებს ატესტატს რეჟისორობისას“.

ავტობიოგრაფია 22 – ამავე დროს პოეტი გატაცებულია თეატრალური სამუშაოებით. ამთავრებს სარეჟისორო ინსტიტუტს, იღებს ატესტატს საუკეთესო რეჟისორისას.

ავტობიოგრაფია 23 – სწავლობდა ტობანიერის პირველდაწყებით სკოლაში, ქუთაისის სას. სასწავლებელში, თბ. სას. სემინარიაში და მოსკოვის შანიავსკის უნივერსიტეტში, აგრეთვე მოსკოვის დრამ. კურსებზე და სარეჟისორო ინსტიტუტში.

არადა, არ ყოფილა არც ინსტიტუტი და არც – ატესტატი (მით უმეტეს, დიპლომი ან ექვსთვიანი კურსები, როგორც ბოლო დროს წერენ საქმეში ჩაუხედავი მკვლევარები). იყო მხოლოდ მოსკოვის სცენისმოყვარეთა ლიგის  მიერ დაარსებული პირველი სარეჟისორო 5-თვიანი კურსები და მისი მოწმობა. როგორც ვხედავთ, გალაკტიონი 3 ავტობიოგრაფიაში სარეჟისორო ინსტიტუტს ახსენებს (სარეჟისორო ფაკულტეტი მოსკოვში 1924 წლამდე არ დაარსებულა, არაფერს ვამბობთ არარსებული სარეჟისორო ინსტიტუტის შესახებ). ეს ფაქტი შეგვიძლია მივიღოთ, როგორც დიდი პოეტის  გამონაგონი ან მისეული ვარიაცია მოსკოვის სცენისმოყვარეთა ლიგის მიერ დაარსებული პირველი სარეჟისორო ხუთთვიანი კურსების სახელწოდებისა.


[1] წვრილი პირველი ხმის პატრონი გალაკტიონი არ ყოფილა. საბუთად მისი ერთი უნიკალური ჩანაწერიც გამოდგება, რომლის მიხედვითაც ნიკო სულხანიშვილმა გუნდში მიიღო, ბანებში დააყენა და ცოტა ხანში ბარიტონად ჩამოყალიბება უწინასწარმეტყველა (დღიური 447 – უთარიღო): „ნ. სულხანიშვილი. 1910 წელი. ერთერთი სახლის დარბაზი საპიორების ქუჩაზე. დარბაზის ფანჯრები ღიაა, მოსჩანს გაზაფხულის ხე, ფანჯარასთან წინ ვაზა ყვავილებით. დარბაზში უხვად შემოდის მზის სხივი.დარბაზის ერთ კუთხეში სდგას როიალი. როიალთან ზის ნიკო სულხანიშვილი. მას ხელები კლავიშებზე უდევს. დიდი კომპოზიტორის სახე გამოხატავს შემოქმედებით ზეშთაგონებას. და მისი დიდი თვალები აღტაცებით მომჩერებია. კომპოზიტორი ამოწმებს ჩემს ხმას. მე კი ვდგევარ იქვე, როიალის ახლო. ჩემს იქით, გვერდზე და სიღრმეში სდგანან ჩემი ამხანაგები, სემინარიელები, გიმნაზიელები. ისინი დაინტერესებული და გონიერი [სახეებით] თვალებით იხედებიან. ისინი უცდიან, რა შედეგს მოიტანს გამოცდა.

– დავიწყოთ ხელახლა! – [ამბობს] მეუბნება ნიკო სულხანიშვილი, – აბა, აჰყევით.

ნიკო იღებს გამმას, სრულიად უბრალო გამმას. დო, რე, მი… მე ვყვები – ჯერ სრულიად უბრალოდ. შემდეგ გადადის ვარიაციებზე და ჩემი ხმა უმაღლესი ნოტიდან გადმოდის დაბალზე. დაბალიდან მაღალზე, და ასე შემდეგ, დიდხანს. კომპოზიტორი გულდასმით ამოწმებს ყოველივეს. უკანასკნელი აკორდი მისწყდა. გამოცდა დამთავრდა.

ყველა სულგანაბულია, მეც. ვუცდით სულხანიშვილის დასკვნას, უკანასკნელ განაჩენს. ის ცოტა ხანს სდუმს და შემდეგ დაჯერებით, [კატეგორიულად] აღტაცების იერით ხმაში, ამბობს:

– რა სუფთა ალტია, გასაოცრად ხავერდოვანი და [ძლიერი] წკრიალა ალტი! უნაზესი ლირიკაა! [ალტი, ჩვეულებრივად, შემდგომ, ბარიტონად იქცევა!] რამდენი წლისა ხართ?

– თხუთმეტის, ბატონო ნიკო.

– როდესაც ოცს წელს გადასცდებით, [ეს] თქვენი ალტიც ბარიტონად იქცევა. ჩვეულებრივად ასე ხდება. დარჩით ჩემს გუნდში, ვიმღეროთ ერთად, – ხალისიანად სთქვა მან და მხარზე ხელი დამკრა.

ასე გავხდი ნ. სულხანიშვილის მომღერალთა გუნდის წევრი, ეს იყო 1910 წელს“ (გალაკტიონი 2013:).

[2] გ. ტაბიძეს არ ჰქონია თეატრალური რეჟისორის დიპლომი (მოსკოვის სასცენო ხელოვნების მოყვარულთა ლიგის მიერ დაარსებული კურსები იძლეოდა მოწმობას)  და არც ის კურსები იყო ექვსთვიანი: „კიდეც ეგდო თავისთვის უქმად მაგიდის უჯრაში რეჟისორის დიპლომი, ღვთისგანაც და კაცისგანაც მივიწყებული… დიპლომი ეგდო მაგიდაზე, დიპლომი ეგდო (ჩხეიძე 2012: 5).

გაგრძელება: ნაწილი I | ნაწილი II | ნაწილი III

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…