საბა მეტრეველი სტატია

„ფარდა – ცრემლები და ყვავილები“

, , ,

1953 წლის 17 ივნისს ოპერისა და ბალეტის თეატრში დიდი პრემიერა გაიმართა. ვახტანგ ჭაბუკიანმა დადგა დავით თორაძის 4-მოქმედებიანი ბალეტი „მშვიდობისათვის”, დირიჟორობდა ვახტანგ ფალიაშვილი. ეს იყო სოციალისტური რეალიზმის პრინციპების დაცვით შექმნილი მხატვრული ქმნილება. ბალეტის შინაარსიც სტალინიზმის ესთეტიკურ კრედოს აკმაყოფილებდა: შავი ზღვის ერთ-ერთ სანაპირო ქალაქში ისვენებს საბჭოთა ახალგაზრდობის  ჯგუფი. აქ არიან სპორტის ოსტატი სერგეი სოკოლოვი, სტუდენტი ქალები – ზოია რუხაძე და გალია  გონჩარენკო. ისინი დაუმეგობრდნენ სანატორიუმის დირექტორის ქალიშვილს, ნატაშა პეტროვას, რომელიც სერგეი სოკოლოვს უყვარს. თუმცა, მათი ბედნიერი  ცხოვრება დაარღვია ვერაგი ფაშისტების მუხანათურმა თავდასხმამ. ნაჩვენებია სამამულო ომის ისტორიის ფურცლები. მტერზე გამარჯვების შემდეგ, მოქმედება გადადის მშვიდობის დაცვის ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალზე.

სპექტაკლი დიდი ტრიუმფით აღინიშნა. ჯერ კიდევ 17 ივნისს, პრემიერის დღეს, გაზეთმა „კომუნისტმა“ გამოაქვეყნა ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის, დ. მჭედლიძის, წერილი „ახალი ბალეტი „მშვიდობისათვის“, რომელმაც მაყურებელს წინასწარ ამცნო ავტორების განზრახვა, ეჩვენებინათ „საბჭოთა ადამიანების მისწრაფება მშვიდობისადმი“ („კომუნისტი“, 1953, N141). პრემიერიდან  ერთ თვეში, 18 ივლისს, დაიბეჭდა მ. თოფურიას რეცენზია სახელწოდებით „მშვიდობისათვის“, რომელშიც სპექტაკლი შეფასდა დიდმნიშვნელოვან მოვლენად საბჭოთა საქართველოს თეატრალურ ცხოვრებაში. შეაქეს მხატვრების, ი. ასკურავას და ფ. ლაპიაშვილის, ნამუშევრები, რომ მათ მოფიქრებულად განახორციელეს სპექტაკლის საუცხოო მხატვრული გაფორმება და კოსტიუმებიო („კომუნისტი“, 1953, N168). სწორედ მხატვართა ჩანაფიქრი იყო, პრაღაში უცხოური ვალუტით შეძენილი რეკვიზიტის – აბრეშუმის ტიულმალინის მოქარგული ფარდის გამოყენება სპექტაკლში. როგორც ჩანს, მათ ტიულმალინის ფარდას იდეოლოგიური ფილტრის დატვირთვა მიანიჭეს, რათა მაყურებლის თვალში საბჭოთა სინამდვილე უფრო დახვეწილი, ელეგანტური და ხელშეუხებელი ყოფილიყო. ამ ხერხით კიდევ უფრო გაამძაფრეს ომის მიერ საბჭოთა იდილიის ხელყოფის ტრაგიზმი. ი. ასკურავა და ფ. ლაპიაშვილი, როგორც გამოცდილი სცენოგრაფები, ხვდებოდნენ, რომ ტიულზე ნაქარგი ფარდა სცენაზე განათებისას საოცარ ოპტიკურ ეფექტს შექმნიდა. ის ერთდროულად იქნებოდა ბარიერიც და გამჭვირვალე ფანჯარაც „საბჭოთა ედემში“. ეს სცენას მატებდა სიღრმესა და იმ პომპეზურობას, რომელიც აუცილებელი იყო სოციალისტური რეალიზმის ესთეტიკისათვის. რადგანაც სპექტაკლის დრამატურგია ეფუძნებოდა მკვეთრ დაპირისპირებას საბჭოთა ადამიანების ბედნიერ ცხოვრებასა და ომის საშინელებას შორის, ტიულმალინის ფარდა, თავისი გამჭვირვალობითა და ჰაეროვნებით, შექმნიდა იდეალიზებულ, თითქმის ზღაპრულ გარემოს. ის ვიზუალურად განასახიერებდა იმ „ნათელ, მშვიდობიან ცას“, რომლის შენარჩუნებაც სპექტაკლის მთავარი პათოსი იყო. მოქარგული აბრეშუმი ხაზგასმა იქნებოდა საბჭოთა ყოფიერების სილამაზესა და სიმდიდრეზე.

„მაშ: ფარდა ასწიეთ, / დავიწყოთ, დრო არის!“

გალაკტიონის შემოქმედებაში ფარდა არ არის მხოლოდ თეატრალური ატრიბუტი ან საყოფაცხოვრებო ნივთი. ის ტრანსფორმირდება სამგლოვიარო დოლბანდიდან (1915) მშვენიერ ხავერდად (1953). ფარდის ფუნქცია უფრო სხვაა და გვაგონებს ე.წ  ონტოლოგიურ ზღვარს, რომელიც მიჯნავს ორ სამყაროს: ხილულსა და უხილავს, სიცოცხლესა და სიკვდილს, ყოფიერებასა და მარადისობას. პოეტის შემოქმედების დასაწყისში ფარდა, ძირითადად, სასრულობის სიმბოლოა. ლექსში „მომაკვდავი“ (1909 წ.) გვხვდება „შავბნელი ფარდა“, რომელიც  მოგონებებსა და სიცოცხლის ბოლო გაელვებებს ეფარება:

„არ ასვენებენ მწვავე ფიქრები,

თითქო საგრძნობლად გულს რაღაც სწყდება

და მოგონებათ აღგზნებულ კონას

შავბნელი ფარდა ზედ ეფარება“.

ამავე პერიოდში შექმნილ ლექსში „ფიქრი“ (1909) ფარდა ბნელია:  „გადაიხადა ცამ ბნელი ფარდა“. თუმცა, ამავდროულად, სამყაროს საიდუმლოებათა საბურველი და ნათლის მოლოდინის განცდა ახლავს. ცის მიერ „ბნელი ფარდის“ გადახდა განთიადის, იმედისა და შემეცნების სიმბოლოდაც შეიძლება აღვიქვათ. დაახლოებით ამგვარივე დატვირთვა აქვს 1924 წელს დაწერილ ლექსში „ქარი ამწევი ფარდის“, რომელშიც მზის დამფარავი ფარდის აწევა სიმართლის თქმას, ჭეშმარიტების გაცხადებას მოასწავებს:

„სიკვდილის პირად ოდეს ვიქნები, –

მე ჩემს დემონებს

ვსთხოვ, რომ დახურონ ყველა წიგნები,

სადაც არა ერთს გავიხსენებ ნანგრევ შენობას.

მათ მხოლოდ ერთი ასწიონ ფარდა

მზის დამფარავი“.

„ორხიდეებში“ (1915 წ.) კი ეს მეტაფორა კიდევ უფრო მძიმდება და გარდაიქმნება „სამგლოვიარო დოლბანდებად“. პოეტი ხაზს უსვამს მის შეუქცევადობას, საბოლოო გათიშვას სამყაროსგან: „და არასდროს არ აიხდება ხელახლა ფარდა“. 

1915 წელს დაწერილ ლექსში „ფარულ ტკივილებით“ ფარდა სარკესა და მარტოობასთან ერთად ხდება „იდუმალი“: „ღამე – მარტოობის მტევნით დახურული, / ფარდა იდუმალი, სარკე – იშვიათი“.

მოგვიანებით, გალაკტიონის შემოქმედებაში ფარდა იძენს თავის პირდაპირ, თეატრალურ მნიშვნელობას, თუმცა მაინც ინარჩუნებს სიმბოლურ სიღრმეს. 1922 –23 წლების ჩანაწერებში ის უკვე აღარ არის ბნელი, ერთდროულად სიხარულის ცრემლებისა და ყვავილების ფონია.

1953 წლითაა დათარიღებული ერთი საინტერესო ფრაგმენტი, რომლის მიხედვითაც, პოეტი ტკბება „ხავერდის ფარდის“ დაშვებით, რაც მისთვის წესრიგის, გრაციოზულობის, მსახიობისა და მაყურებლის ურთიერთობის კულმინაციაა. საინტერესო ტრანსფორმაციას განიცდის ფარდა ციკლში „ეპოქა“, რომელშიც თითქოს მაყურებელს აღარ აშორებს სცენას და პოეტი მიანიშნებს, რომ ცხოვრება თავადაა თეატრი, რომ ზღვარი ხელოვნებასა და რეალობას შორის წაშლილია:

„სცენაზე მიდის

ადამიანთ შური და მტრობა;

ხან სიხარულის,

ხან ტირილის გულღვარძლი გრძნობა –

სანახაობა!

ყველაფერი, რუტინის გარდა.

არ გვაშორებს მას

მშვენიერი თეატრის ფარდა“.

„არ დაშვებულა ჯერ კიდევ ფარდა“

უჩვეულო იყო დაკრძალვა გალაკტიონ ტაბიძისა – საფლავი ვიწრო აღმოჩნდა; თვითმკვლელი გენიოსის ცხედარს ზემოდან ეფარა აბრეშუმის ტიულმალინის (ალბათ, ტიულის მსგავსი, თხელი, გამჭვირვალე, ჰაეროვანი ქსოვილ) მოქარგული ფარდა, „მშვენიერი თეატრის ფარდა“ (ოპერისა და ბალეტის თეატრის რეკვიზიტი), „ფარდა – იდუმალი“, „ფარდა – ცრემლები და ყვავილები“. შებინდებისას მთაწმინდამ გულში ჩაიკრა „საშვილიშვილო სამარე“. აცხადდა პოეტის სიტყვებიც: „წყნარად ეშვებოდა ფარდა და დედამიწას ეცემოდა ბინდი, ის ბინდი, რომლითაც სწუხდა ბარათაშვილი, ის ლანდი, რომლითაც იჩრდილებოდა ბესიკი, ის ფერადები, რომლითაც ხიბლავდა გრ. ორბელიანი. ბინდდებოდა, ნელდებოდა, იძირებოდა საქართველო, თითქო არა აქ, სადღაცა შორს, ძლიერ შორს, უბოლოო ქაოსებში, უმოძრავო ხვეულებში („ჩუმი საღამო“, 1930-იანი წლები).

2002 წელს „გალაკტიონოლოგიის“ პირველ ტომში (გალაკტიონოლოგია, 1, თბ., 2002, გვ. 290) გამოქვეყნდა ნუგზარ გოგიაშვილის მოგონება გალაკტიონის დაკრძალვის ერთი უცნაური და ტრაგიკული დეტალის შესახებ. კერძოდ, ავტორი ეყრდნობა საბავშვო პოეტის, კუკური გოგიაშვილის, ნაამბობს. ის მაშინ გალაკტიონ ტაბიძის გამოსვენებისა და დაკრძალვის ცერემონიის უშუალო მონაწილე იყო. მოგონების მიხედვით, მწერალთა სასახლიდან გალაკტიონის გამოსვენებამდე ცოტა ხნით ადრე მას შეუმჩნევია შემზარავი დეტალი: გენიოსს ძველი, ლანჩაგახვრეტილი ფეხსაცმელი ეცვა. სწორედ ამ დროს კუკური გოგიაშვილმა მოიძია შავი ხავერდის ნაჭერი და პოეტს ფეხებზე შემოახვია, რათა ეს ყოფითი სიმწარე ქართული სირცხვილი დაეფარა.

და    სწორედ ამ „უბოლოო  ქაოსებში“, ამ მეტაფიზიკურ ქაოსში, გალაკტიონის დაკრძალვიდან ორი კვირის თავზე მწერალთა კავშირმა მიიღო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორის მოადგილის, შ. ქუთათელაძის, წერილი – წყევლა თუ ბედისწერა! თეატრის ხელმძღვანელობა მოითხოვდა პრაღაში უცხოური ვალუტით შეძენილი რეკვიზიტის დაბრუნებას. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საქმეში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი („КГБ“) ჩაერია და დღის წესრიგში ლამის საფლავის გახსნისა და ფარდის ამოღების საკითხი დამდგარა.

1 აპრილი, 1959 წელი

საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯომარეს ამხ. ი. აბაშიძეს

ზ. ფალიაშვილის სახ. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრის დირექცია გაცნობებთ, რომ ა/წლის 16 მარტს, თანახმად მწერალთა კავშირის მომართვისა, ჩვენს მიერ იქნა თქვენთვის მოცემული აბრეშუმის ტიულმალინის მოქარგული ფარდა, რომელიც უნდა დაგებრუნებინათ 20 მარტს, მაგრამ, მიუხედავად ჩვენი არა ერთი მომართვისა ამხ. ქავჟარაძისადმი, ფარდა არ იქნა დაბრუნებული, რომელიც აუცილებლივ გვესაჭიროება 9 აპრილს გამსვლელ ბალეტ „მშვიდობისათვის“.

ჩვენი უკანასკნელ მომართვისას 31/III ამხ. ქავჟარაძემ გაგვიცხადა, რომ აღნიშნული ფარდა ჩაუყოლებიათ საფლავში, რაც ყოვლად შეუძლებელია, ვინაიდან ის არ ეფინა მიცვალებულს შიგნით, არამედ ეფარა კუბოს ზემოდან, ამიტომ დასაშვებია ფარდის აღმოჩენა.

ზემოაღნიშნულის გამო გთხოვთ მიიღოთ კონკრეტული ზომები, რათა ფარდა იქნას დაბრუნებული არა უგვიანეს 3 აპრილისა.

ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა

და ბალეტის სახ. თეატრის

დირექტორის მოადგილე    /შ. ქუთათელაძე/

რა უნდა ექნა მწერალთა კავშირსა და მის თავმჯდომარეს?! გალაკტიონი დასაფლავებული იყო და ყველამ იცოდა, რომ მას მოქარგული ფარდა ეფარა.  პოეტის სამარე ხელყოფას მხოლოდ მწერალთა კავშირის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი აბაშიძის, თავგამოდებით გადაურჩა. მან გამოიჩინა განსაკუთრებული დიპლომატიური ძალისხმევა, საქმეში რესპუბლიკის უმაღლესი ხელისუფალი – ვასილ მჟავანაძე – ჩართო და ამგვარად მოახერხა გალაკტიონის მუდმივი განსასვენებლის ხელშეუხებლობის დაცვა. ერთ კვირაში კი მწერალთა კავშირიდან ასეთი საპასუხო წერილი გაიგზავნა ლენინის ორდენოსანი ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოადგილის სახელზე:

8 აპრილი 1959 წ.

ზ. ფალიაშვილის სახ. თბილისის ოპერისა და ბალეტის ლენინის ორდენოსანი სახელმწიფო თეატრის დირექტორის მოადგილეს ამხ. შ. ქუთათელაძეს

თქვეს ა.წ. 1-ლ აპრილის მიმართვაზე გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოცემული აბრეშუმის ტიულმალინის  მოქარგული ფარდა ჩაატანეს გალაკტიონ ტაბიძის ცხედარს საფლავში.

სამწუხაროდ, მწერალთა კავშირის აპარატიდან ვერავინ მოახერხა მთაწმინდაზე ასვლა, რომ ეს ფარდა წამოეღოთ.

გიგზავნით ამ ფაქტის დამადასტურებელ აქტს.

დანართი აქტი 1 ფ.

გარდა ამისა, ირაკლი აბაშიძეს ეყო დიპლომატია და ძველი თარიღით (26 მარტი) შეადგენინა თანამშრომლებს აქტი. ამით ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფარდა, სამწუხაროდ, მიცვალებულს ჩააყოლეს საფლავში და რომ მწერალთა კავშირის აპარატიდან ვერავინ მოახერხა მთაწმინდაზე ასვლა და ფარდის წამოღება:

აქტი

1959 წლის 26 მარტი

ჩვენ, ქვემორე ამისა ხელისმომწერნი, ვადასტურებთ, რომ გალაკტიონ ტაბიძის ცხედარზე გადაფარებული ტიულმალინის მოქარგული ფარდა, რომელიც ეკუთვნოდა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, მიცვალებულს ჩააყოლეს საფლავში.

ხელს აწერენ მწერლები: კ. გოგიაშვილი, გ. შერაზადიშვილი, ჯ. ჩარკვიანი და ნ. ჩხეიძე.

რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ნ. ხორავა.

„მშვენიერი თეატრის ფარდა“

და ის ფარდა, „მშვენიერი თეატრის ფარდა“, 1953 წელს ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ დადგმული დ. თორაძის 4-მოქმედებიანი ბალეტის, „მშვიდობისათვის”, აბრეშუმის ტიულმალინის მოქარგული რეკვიზიტი შემთხვევითობისა თუ ბედისწერის წყალობით, გადააფარეს მწერალთა სახლში დასვენებულ გალაკტიონის ცხედარს და საფლავშიც ჩააყოლეს. თავისთავად, ამ შემზარავ ფაქტს გალაკტიონოლოგიის მეორე ტომში გამოეხმაურა კ. იოსებიძე სტატიით „დოკუმენტირებული აბსურდი“, რომელშიც გამოაქვეყნა მწერალთა კავშირის არქივში დაცული ამ დოკუმენტების – ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოადგილის წერილი და 1959 წლის 26 მარტით დათარიღებული მწერალთა კავშირის აქტი – ფოტოპირები (გვ. 377-379).

უპირველესად, დასაზუსტებელია, რა ეფარა პოეტის ცხედარს – შავი ხავერდის თუ აბრეშუმის ტიულმალინის მოქარგული ფარდა? ამის გასარკვევად გამოდგება ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცული გალაკტიონის დაკრძალვის ფოტოკადრები, რომლებზეც კარგად ჩანს, რომ პოეტს, მართლაც, შავი მოქარგული სუდარა აფარია (არამხოლოდ გაცვეთილი ფეხსაცმლის დასამალად). რადგან ამ ამბავს არ წერს თავად საბავშვო პოეტი კუკური გოგიაშვილი და მის ნაამბობს გვაცნობს სხვა – ნუგზარ გოგიაშვილი – ადვილი შესაძლებელია, რომ რეალური ფაქტი ზუსტი არ იყოს. ფოტოსურათის მიხედვით, ძნელია გაარკვიო, ეს ნაქარგი ქსოვილი აბრეშუმისაა თუ ხავერდისა, თუმცა ფაქტი ისაა, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილ სამივე დოკუმენტში არაერთგზისაა ხაზგასმული აბრეშუმის ტიულმალინის მოქარგული ფარდა.

გარდა აღნიშნულისა, ნ. გოგიაშვილის მემუარულ ჩანაწერებში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობა იკვეთება, რაც საარქივო მასალებთან შეჯერებისას დაზუსტებასა და კრიტიკულ გადააზრებას მოითხოვს:

  • მოგონების ავტორი ამტკიცებს, თითქოს მწერალთა სასახლიდან გამოსვენებისას, როდესაც დარბაზი ხალხისგან დაიცალა, პოეტმა კუკური გოგიაშვილმა შენიშნა გალაკტიონის ლანჩგახვრეტილი ფეხსაცმელი და, მისი დაფარვის მიზნით, ცხედარს „ხავერდის ნაჭერი“ გადააფარა. თუმცა, არსებული დოკუმენტური მოცემულობა ამ ვერსიას საფუძვლიანად აბათილებს: საქართველოს ეროვნულ საისტორიო არქივში დაცული გალაკტიონ ტაბიძის ფოტომასალა, რომელიც უშუალოდ დაკრძალვის დღესაა გადაღებული, ადასტურებს, რომ მწერალთა კავშირში დასვენებულ პოეტს ოპერისა და ბალეტის თეატრის ხსენებული რეკვიზიტი ჰქონდა გადაფარებული. ფოტოებზე ნათლად ჩანს როგორც საპატიო ყარაულში მდგომი პირები, ისე – ხალხით სავსე დარბაზი და ყვავილების სიმრავლე, რაც გამორიცხავს მოგონებაში აღწერილ „ყვავილების გატანისა და დაცარიელებული დარბაზის“ სცენას.
  • აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტორი: შესაძლოა, განსვენებულ პოეტს მართლაც ლანჩგახვრეტილი ფეხსაცმელი ეცვა, თუმცა რეალურად, მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, მას სუდარად გადაეფარა შალვა დადიანის დაკრძალვისას გამოყენებული მასშტაბური საბალეტო ფარდა. თავისი მოცულობით, სიგრძითა და სიგანით ეს ქსოვილი სრულად ფარავდა ცხედარს. საარქივო ფოტოებიც ადასტურებს, რომ განსვენებულ გალაკტიონს ფეხსაცმელი საერთოდ არ უჩანს, ვინაიდან საბალეტო სპექტაკლის ეს რეკვიზიტი საფარველი ბოლომდე სწვდება კუბოს. ამ ფონზე უსაფუძვლოა მემუარისტის მინიშნება „ხავერდის ნაჭერზე“, რომელიც კ. გოგიაშვილმა თითქოსდა ფეხებზე შემოახვია და გვერდებზე ჩაუკეცა. დოკუმენტები მოწმობს, რომ საქმე გვქონდა მონუმენტურ სცენურ ფარდასთან და არა – მცირე ზომის ქსოვილთან.

საერთო კანონზომიერებაა, რომ მემუარული ლიტერატურა ხშირად განიცდის სუბიექტურ ტრანსფორმაციას და ფაქტობრივი რეალობის მითოლოგიზაციას. როგორც ჩანს, მოცემულ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს არა რეალურ ფაქტთან, არამედ მოგვიანებით შეთხზულ ემოციურ ინტერპრეტაციასთან, არა მოგონებასთან, არამედ – გამოგონებასთან,  რომელსაც მეცნიერული ვალიდურობა არ გააჩნია.

ამავე მოგონების თანახმად, მწერალთა კავშირის მაშინდელ თავმჯდომარეს თეატრიდან დაურეკეს და ფარდის სასწრაფო დაბრუნება მოსთხოვეს. შესაძლოა, მართლაც, დარეკეს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ საქმეში დევს ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოადგილის ოფიციალური წერილი, რომელიც დათარიღებულია და რეგისტრირებულია 1959 წლის 1 აპრილს. აღნიშნული დოკუმენტი მოკლებულია ყოველგვარ ემოციურ თუ სასწრაფო კონტექსტს და ატარებს წმინდა ადმინისტრაციულ ხასიათს.

ფარდა, როგორც სუდარა

 კვლევის პროცესში გამოიკვეთა ერთი მეტად საგულისხმო და დრამატული დეტალი: რატომ დასჭირდა მწერალთა კავშირს 1959 წლის 16 მარტს – გალაკტიონ ტაბიძის ტრაგიკულ გარდაცვალებამდე სულ რაღაც ერთი დღით ადრე – ოპერისა და ბალეტის თეატრიდან აბრეშუმის ტიულმალინის მოქარგული ფარდის გატანა? ჩვენ მიერ დამოწმებულ ოპერისა და ბალეტის თეატრის მიერ მწერალთა კავშირისადმი 1 აპრილს გაგზავნილ ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ: „თეატრის დირექცია გაცნობებთ, რომ ა/წლის 16 მარტს, მწერალთა კავშირის მომართვის საფუძველზე, გადმოგეცათ აბრეშუმის ტიულმალინის მოქარგული ფარდა, რომელიც უნდა დაგებრუნებინათ 20 მარტს“ (საქართველოს ეროვნული საისტორიო არქივი, ფონდი N8, ანაწერი 1, საქმე N2028).

აღნიშნული ფაქტის პირდაპირი მოტივაცია დიდხანს ბუნდოვანი რჩებოდა, ვინაიდან არც მწერალთა კავშირისა და არც ოპერისა და ბალეტის თეატრის საარქივო ფონდებში არ არის დაცული ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ფარდის მოთხოვნის კონკრეტულ მიზანს დააზუსტებდა. თუმცა, რადგან მწერალთა კავშირის თავმჯდომარის სახელზე გამოგზავნილ საპასუხო წერილში მკაფიოდ არის მითითებული „თქვენი მომართვის საფუძველზეო“, ჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მოთხოვნა ოფიციალური განცხადების სახით არ გაფორმებულა და თავად „მომართვაც“ სატელეფონო შეთანხმებას გულისხმობდა.

სავსებით ლოგიკურია, რომ მწერალთა კავშირის მაშინდელ თავმჯდომარეს, ირაკლი აბაშიძეს, თეატრის ხელმძღვანელობასთან ზეპირი კომუნიკაციის გზით ეთხოვა შალვა დადიანის გამოსამშვიდობებელი ცერემონიალისთვის სტილიზებული გადასაფარებელი. ამ ვარაუდს განამტკიცებს ის გარემოებაც, რომ დრამატურგის დაკრძალვა სწორედ 20 მარტს იყო დაგეგმილი და თეატრის მიერ გაგზავნილ ოფიციალურ წერილშიც ფარდის დაბრუნების უკანასკნელ ვადად სწორედ 20 მარტია მითითებული.

 საარქივო მასალების ანალიზის შედეგად მაინც მოვახერხეთ მკაფიო სურათის გამოკვეთა: 1959 წლის 15 მარტს გარდაიცვალა შალვა დადიანი. მომდევნო დღეს, 16 მარტს, მწერალთა კავშირის სამდივნოს სხდომაზე, რომელსაც ირაკლი აბაშიძე, სერგი ჭილაია და ბესარიონ ჟღენტი ესწრებოდნენ, „მოისმინეს მწერალ შ. დადიანის გარდაცვალების შესახებ“ (ფონდი N8, ანაწერი 1, საქმე N2028, ოქმი N10). ოქმში ამ საკითხის ირგვლივ მხოლოდ ეს ერთი წინადადება წერია. როგორც ჩანს, მოითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ ქართული მწერლობის, დრამატურგიისა და თეატრის ამ გამორჩეული მოღვაწესთან [რომელიც იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1923 წ.), რეჟისორი; 1913 წ. მისი თაოსნობით ბათუმში დაარსდა ქართული დრამატული საზოგადოება; 1914 წ. მისივე ინიციატივით ჩატარდა სცენის მოღვაწეთა პირველი ყრილობა; იყო ქართველ მსახიობთა კავშირის პირველი თავმჯდომარე; საქართველოს ხელოვნების მთავარი სამმართველოს უფროსი (1928 წ.); თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე (1950–59 წწ.)] გამოსამშვიდობებლად განსაკუთრებული საფარველი გამოეყენებინათ. სწორედ შ. დადიანის არტისტული წარსულის ხაზგასასმელად იქნა ნათხოვარი თეატრის საბალეტო რეკვიზიტი ძვირფასი აბრეშუმის ტიულმალინის მოქარგული ფარდა.    

თუმცა, საბჭოთა ეპოქის ფასადურმა ლოგიკამ ამ ისტორიას მოულოდნელი და შემზარავი გაგრძელება უპოვა. დადგენილი წესისამებრ, მთაწმინდაზე დაკრძალვის წინ, ვიდრე მამადავითის მიწა შალვა დადიანის ნეშტს მიიბარებდა, კუბოდან თეატრის ფარდა ამოიღეს.

ბედისწერამ კი სხვაგვარად ინება: მწერალთა კავშირის სასახლეში უკვე მეორე, სრულიად მოულოდნელი ცხედარი უნდა მიესვენებინათ. ვახტანგ ჭაბუკიანის სპექტაკლისთვის განკუთვნილი რეკვიზიტი ახლა გალაკტიონ ტაბიძეს გადააფარეს.

პოეზიის მეფეც მამადავითზე დაკრძალეს, თუმცა თეატრალური ფარდის უკან დაბრუნება აღარავის გახსენებია. ასე გაჰყვა მდუმარების მხარესა და ცივ სამარეს წამებული პოეტის ნეშტი და მასთან ერთად თეატრალური ხელოვნების ეს სიმბოლური საბურველიც.

ვინ წარმოიდგენდა, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრის ერთი საბალეტო სპექტაკლის რეკვიზიტი ორ დიდ შემოქმედს – შალვა დადიანს, როგორც მსახიობსა და რეჟისორს, და გალაკტიონ ტაბიძეს, როგორც სარეჟისორო განათლების მქონე ერთადერთ პოეტს – უკანასკნელ სუდარად გადაეფარებოდა.

სიცოცხლის ფინალში რეალობა და სცენა ერთმანეთს შეერწყა: ფარდა, რომელიც ოდესღაც „მშვიდობისათვის“ ბრძოლას განასახიერებდა, საბოლოოდ, მარადიული მშვიდობისა და პოეტური მდუმარების სიმბოლოდ იქცა.

„წყნარად ეშვებოდა ფარდა“

 1959 წლის 21 მარტის გაზეთი „კომუნისტი“ მკითხველს აცნობდა: „საქართველოს მწერალთა სახლის დიდი დარბაზი. ჭაღებსა და ნათურებს შემოვლებული აქვს შავი კრეპი, წითელი და შავი ქსოვილები დაშვებულია სვეტების გასწვრივ. მაღალ კვარცხლბეკზე ცოცხალ ყვავილებში, გვირგვინებსა და მწვანეში დგას კუბო, რომელშიც ასვენია საქართველოს სახალხო პოეტის გალაკტიონ ტაბიძის ცხედარი.

დარბაზში ჟღერს შოპენის, ჩაიკოვსკის, ბეთჰოვენის, ფალიაშვილის სამგლოვიარო მელოდიები“ („კომუნისტი“ 1959, N66).

ამ აღწერაში მითითებული არაა, როგორი სუდარა აფარია პოეტს, თუმცა ფოტოდოკუმენტაცია ამას თვალნათლივ გვიდასტურებს.

გალაკტიონის უკანასკნელი ფოტომატიანე კიდევ ერთ, თითქმის მისტიკურ დეტალს ინახავს: ახლო ხედით გადაღებულ რამდენიმე კადრში, თუკი მათ ყურადღებით დავაკვირდებით, აშკარად შეიმჩნევა, რომ განსვენებულ პოეტს თვალები სანახევროდ გახელილი დარჩენია.  მართალია, არ იდგა ლურჯი თიბათვე, იყო მარტის მიწურული, მწერალთა სასახლეში – „ფარდა, ცრემლები და ყვავილები“; ყველა განიცდიდა უმზეო ყოფნას და ეს, მართლაც, მზე ქართული პოეზიისა „მიიცვალა ღია თვალებით!“, იმ საოცარი, უმწეო და იდუმალი გარდაცვალებით, რომელიც მან წლებით ადრე თავადვე იწინასწარმეტყველა.

და ეს თვალები კვლავაც ტანჯვითა და მოკრძალებით უსმენდნენ დარბაზში აჟღერებულ შოპენის, ჩაიკოვსკის, ბეთჰოვენისა და ფალიაშვილის სამგლოვიარო აკორდებს, სერაფიმთა ხმას…      

რეალობისა და სცენოგრაფიის ეს საბედისწერო გადაკვეთა ერთგვარ მეტაფორად იქცა: საკუთარი დაკრძალვის უფრო მრავლისმეტყველ, დრამატულ და სრულყოფილ რეჟისურას უდიდესი შემოქმედიც კი ძნელად თუ წარმოიდგენდა.

* * *

პოეტის სიკვდილმა რეკვიზიტი სიმბოლოდ აქცია.

რაღას იზამდა ოპერისა და ბალეტის თეატრი.

სპექტაკლი „მშვიდობისათვის“ 1959 წლის 9 აპრილს აბრეშუმის ტიულმალინის მოქარგული ფარდის გარეშე ითამაშეს.

ნამდვილი ფარდა, ის ერთადერთი და იდუმალი, სამუდამოდ დარჩა იქ, სადაც „უბოლოო ქაოსები“ და „უმოძრავო ხვეულები“ იწყება.

ასე დასრულდა გალაკტიონის „თეატრის“ უკანასკნელი მოქმედება.

რაოდენ სიმბოლურია, რომ პოეტს, რომლისთვისაც ცხოვრება ნიღბებით თამაში იყო, საფლავში საბალეტო სპექტაკლის ფარდა გაჰყვა.

„მძიმედ ეშვებოდა ფარდა“…

და იმ დღეს მთაწმინდაზე, მართლაც, დასრულდა ყველაზე დიდი სპექტაკლი, რომელსაც მეოცე საუკუნის ქართული პოეზია ერქვა.

დამოწმებანი:

გაზეთი „კომუნისტი“, 1953, N141.

გაზეთი „კომუნისტი“, 1953, N168.

გაზეთი „კომუნისტი“, 19539, N66.

გოგიაშვილი 2002: გოგიაშვილი ნ., მოგონება, გალაკტიონოლოგია, 1, თბილისი, 2002.

იოსებიძე 2003: იოსებიძე კ., დოკუმენტირებული აბსურდი, გალაკტიონოლოგია, N2, თბილისი, 2003.

საქართველოს ეროვნული საისტორიო არქივი, ფონდიN8, ანაწერი 1, საქმე N2020 და N2028.

საქართველოს ეროვნული საისტორიო არქივი, გალაკტიონ ტაბიძისა და შალვა დადიანის დაკრძალვის ფოტომატიანე.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…