საბა მეტრეველი - სტატია

 გალაკტიონ ტაბიძე და დრამატული თეატრი – II

, , ,

(საარქივო მასალების მიხედვით)

II ნაწილი

მიუხედავად იმისა, რომ პირველი როლი ყაჩაღისა წარმატებით ითამაშა და დრამატული თეატრიც განცდილი ჰქონდა, გალაკტიონმა მაინც სარეჟისორო განათლება აირჩია და არა – სამსახიობო. ჩემი აზრით, ამისი მიზეზი ის პირველი მარცხია, რომელიც განიცადა პროფესიულ სცენაზე გამოსვლისას და, რომელიც უკავშირდება ლექსის კითხვას. თავად ამ ფაქტს პოეტი ასე იგონებს [1914 წლის სექტემბერი]:

„არასდროს არ დამავიწყდება სალიტერატურო საღამო, რომელშიდაც პირველად გამოვდიოდი. ხუმრობა იყო? სცენაზე ლექსი უნდა წამეკითხა!

დილიდანვე რაღაც საშინელების გრძნობამ შემიპყროშიშმა სრულიად დამიმონა

ერთიც ვნახოთ, დამავიწყდა ლექსი! მაშინ?.. საზოგადოება დაინტერესებულიაახალგაზრდა [მგოსნებით] მგოსნით“, იგი გაფაციცებით თვალყურს გადევნებს, მაგრამ იგი სრულიადაც არ შესწუხდება, თუ შენ ლექსი დაგავიწყდა და შუა ადგილას გაყინდი.. რომელიმე დაურიდებელი პირი შემდეგ საყვედურით გეტყვის:

Публика страдала изза вас!

მე ძალზე გავიზეპირე ლექსი..

ამ დღეს სალიტერატურო საღამოში მონაწილეობას იღებდენ: აკაკი, პეტრე გელეიშვილი, . ცახელი, . რუხაძე, იასონ ნიკოლაიშვილი, ვარლამ რუხაძე. იყვნენ სხვებიც.. საღამო[ზე] გელეიშვილის ლექციით დაიწყო ლექციის შემდეგ აკაკიმ თავისი კლასიკური ლექსები წაიკითხა. აკაკის შემდეგ კი ჩემი რიგი იყო.

მე დავიწყე, მაგრამ ხმა მიკანკალებდა. უეცრად აკაკის დაჟინებული შემოხედვა ვიგრძენიაკაკი მიცქეროდა და...

ლექსი დამავიწყდა, უნდა გავჩერებულიყავი...

ცივმა ოფლმა დამასხა..

ბედათ იმ რითმაზე, რომელზედაც გავჩერდი, მომაგონდა სრულიად ახალი რითმა, ექსპრომტათ, ავადმყოფური თავგანწირულებით ვქმნიდი ახალ სიტყვებს, ახალ აზრებს, რომლებშიდაც საერთოდ არა იყო რა, მაგრამ მე მსურდა სიტყვების [მუსიკით] კორიანტელით ამეხვია თვალი მაყურებლებისთვის. ცდა საუკეთესოდ დაგვირგვინდა. არც ერთს დამსწრეს არ შეუტყვია და არ უგრძვნია ჩემი კრიტიკული მდგომარეობა.

საღამო გათავდა. მე დავიფიცე, რომ ამ დღიდან სალიტერატურო საღამოში არ გამოვალ.

რა სიბრიყვეა, უკითხო ხალხს ლექსები. თუ ასე ძალიანა სურთიკითხონ გაზეთებში…“ – ვფიქრობდი მე (გალაკტიონი 2013:).

რეჟისორ გალაკტიონ ტაბიძის პირველი და უკანასკნელი სპექტაკლი

სარეჟისორო კურსებზე სწავლა, რა თქმა უნდა, აუცილებლად მოითხოვდა სპექტაკლის დადგმას. ჩვენთვის უცნობია, თავად გალაკტიონმა შეარჩია პიესა თუ განაწილებით ერგო, მაგრამ მე-7 ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას დაუდგამს ა. ოსტროვსკის პიესა „ტყე“: ვამთავრებ სარეჟისსორო ინსტიტუტს საუკეთესო ატესტატით. ვდგამ ოსტროვსკის პიესასტყე“-ს“ (გალაკტიონი 2013:).  

არავინ იცის, როგორი იყო გალაკტიონისეული ექსპლიკაცია ოსტროვსკის „ტყისა“, დრამატურგიული პირველწყაროს მისეული ანალიზი, პიესის ზეამოცანისა და როლების გამჭოლ მოქმედებათა განსაზღვრა; ისიც უცნობია, როგორ დაყო პიესა სარეჟისორო მონაკვეთებად; როგორ განსაზღვრა მოვლენათა რიგი და მოქმედ პირთა ამოცანები. კიდევ უფრო მეტ ინტერესს აღძრავს მისი მუშაობა მსახიობებთან, სადადგმო კოლექტივთან, რანაირად წარმართა ჯერ სამაგიდო რეპეტიციები და მერე როგორ გადაინაცვლა სცენაზე…  რა თქმა უნდა, მთელი პიესის დადგმა მას არ მოეთხოვებოდა, მაგრამ არ ვიცით, რომელი მოქმედება შეარჩია, როგორ დასვა აქცენტები (თუნდაც აქსიუშასა და პეტრეს სიყვარულში ან როგორი იყო ურთიერთობა ღარიბი პროვინციელი მსახიობი გენადი ნესჩასტლიევისა და გაიძვერა გურმიჟსკაიასი), როგორ გამოკვეთა მთავარი კონცეფცია; როგორი იყო მისი სპექტაკლის სცენოგრაფია, გამოიყენა თუ არა მუსიკა და, კერძოდ, როგორი/რომელი? – სამწუხაროდ, არაფერზე პასუხი არა გვაქვს. არ არსებობს არც ფოტოსურათი და ჯერჯერობით – არც პოეტის ჩანაწერები (ან სხვისი) ამ მოვლენის შესახებ.

1871 წელს გამოქვეყნდა ა. ოსტროვსკის „ტყე“ (კომედია 5 მოქმედებად), რომელმაც მას ოფიციალური აღიარება მოუტანა. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ პიესით გალაკტიონის დაინტერესების მიზეზი: ალბათ, რუს მემამულეთა ცხოვრება უღრან ტყეში და ასეთ გარემოში ადამიანის ქცევის ფსიქოლოგია, ხასიათთა კონტრასტები, რომლებითაც ასე მდიდარია ეს კომედია. საარქივო მასალების მიხედვით, გალაკტიონი მხოლოდ ერთხელ, 1936 წ. 30/IV ახსენებს ოსტროვსკის: „დავამთავრე ნ. ოსტროვსკის წიგნი „Как закалялась сталь“. საჭირო წიგნია“ (გალაკტიონი 2013:).   

ჯერ კიდევ 1897 წლის 10 სექტემბრის „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა საინტერესო ინფორმაცია, რომ 8 სექტემბერს „ლოთობის წინააღმდეგ საზოგადოებამ ავჭალის ქუჩაზე უფასო სასადილოს სადგომში გამართა წარმოდგენა რუსულად დაბალი წოდების მცხოვრებლებისათვის. სცენის მოყვარულებმა წარმოადგინეს ოსტროვსკის კომედია „ტყე“, ხალხი ძალიან ბლომად დაესწრო და დიდად ნასიამოვნები დაიშალა, რადგან საყურებელი ფასი ძალიან იაფი იყო (5 კაპ.). მაყურებლები, მცირე რიცხვის გარდა, სულ ღარიბებიდამ და მუშებიდამ იყვნენ“ (ცნობის ფურცელი, 1897, გვ. 2). ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის ნაცნობი გახდა ოსტოვსკის პიესა. 1927 წ. გაზ. „კომუნისტი“ აქვეყნებს ინფორმაციას, რომ თბილისში საგასტროლოდ ჩამოვიდა მეიერჰოლდის თეატრი და 10 მაისს ითამაშეს გახმაურებული სპექტაკლი „ტყე“; 1945 წ. 1 ივლისის „გაზ. „კომუნისტი“ გვაცნობს, რომ ა. გრიბოედოვის თეატრში ა. სმირანინმა დადგა ოსტროვსკის „ტყე“. მაშინ არავის გახსენებია, რომ ეს იყო ის პიესა, რომელიც გ. ტაბიძის პირველ და უკანასკნელ რეჟისორულ ნამუშევრად დარჩა სამყაროში.

დაწყებამდე დასრულებული კარიერა

დაისმის შეკითხვა, რატომ შეწყვიტა გალაკტიონმა სარეჟისორო კარიერაზე ფიქრი, რატომ ერთხელ მაინც არსად გამოთქვა სურვილი დრამატულ თეატრში სპექტაკლის დადგმისა, რატომ მიივიწყა რეჟისორის მოწმობა?! მისი მდიდარი პირადი არქივი ამ ფაქტის შესახებ დუმს. მხოლოდ ერთგან, მე-19 ავტობიოგრაფიაში [დაწერილია 1931 წლის შემდეგ], გაიხსენა და დაასახელა მიზეზი, რატომ არ მიეცა სარეჟისორო ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა: „1916 წელს პოეტი მიემგზავრება მოსკოვში, სადაც [მას იტაცებს] ის ეწაფება სხვადასხვა მუზეუმებში, სამხატვრო გალერეებში მეცადინეობს, [განსაკუთრებით მას იტაცებს თეატრალური ხელოვნება] განსაკუთრებით ღრმად სწავლობს თეატრალურ ხელოვნებას, [ვინაიდან [იცის] [სარეჟისსორო ინსტიტუტიდან] იღებს საუკეთესო რეჟისსორის ატესტატს; [მაგრამ მეფის ჟანდარმერიის დევნა არ აძლევს საშუალებას [განაგრძოს] გამოიყენოს თავისი ცოდნა ამ დარგში და იგი იძულებულია დაბრუნდეს საქართველოში, სადაც ოცნებობს საკუთარი თეატრის შექმნაზე, მაგრამ პოეტს სჭირდებოდა არა ატტესტატი, არამედ ცოდნა – თეატრისა] და ოცნებობს თავისი საკუთარი თეატრის შექმნაზე. მაგრამ თეატრის შექმნის მაგიერ, საქართველოში დაბრუნებისას მას მიუსჯიან ორი თვის ციხეს გუბერნატორის პირადი [ფიზიკური] შეურაცხყოფისათვის. [გადის] ციხეში იგი არ ჯდება, იმალება (გალაკტიონი 2013:).   

როგორც ზემოთ დავიმოწმეთ, ხანდაზმული მგოსანი თურმე ტკბილად იგონებდა სარეჟისორო კურსებზე სწავლის პერიოდს და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა კურსების დამთავრების მოწმობას, მაგრამ  მის ცხოვრებაში ყველა გატაცებას, ყველა ოცნებასა თუ სურვილს პოეზია სძლევდა. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ გალაკტიონის სარეჟისორო გატაცებანი გატაცებადვე დარჩა.

ასე იყო სამგზის, როცა რომანის დაწერა მოინდომა: 1910 წ. დაიწყო რომანის წერა სათაურით „მომავლის შხამი“. შემდეგ ძველი სათაური გადახაზა და დააწერა – „ზვირთებში“.  სათაურის ქვეშ ეწერა ჯერ ორგვერდიანი შესავალი საქართველოში ქალის როლის საშინელი დაკნინების შესახებ. იქვე გაგვაცნო მომავალი რომანის მოქმედი პირების სია: ანდრო, მიტო, ბაბო, ტასიკო, მელანო, თედო“.

1912 წ. 12 მაისის შემდეგდაუწყია რომანის ლექსად წერა.  სათაურით „დალილა“ („იქ, სად მინდვრებს გადაწოლილს თვალიც კი ვერ გადასწვდება…“);

1927 წ. 30 აგვისტოსოლია ოკუჯავასთან ერთად ისვენებდა ბორჯომში. სწორედ აქ შეთანხმდნენ, რომ პირველი სექტემბრიდან დაიწყებდნენ რომანის წერას, მაგრამ აქედან რეალობად ვერცერთი ვერ იქცა.

სავარაუდოდ, ასეთივე ბედი ეწია მის პიესებსაც:

***

გ. ტაბიძის ერთი დაუმთავრებელი ჩანაწერის (დღიური N24, 1927 წ.) სათაურია „კინოსათვის“, ისე კი კინოსცენარს უფრო ჰგავს. პოეტი თხზავს პერსონაჟის, იოველის, ხასიათის სხვადასხვა თვისებას, კერძოდ:

„იოველმა დახუჭა თვალები, მის თვალწინ ოცნებაში გაირბინა მთელმა მისმა ცხოვრებამ.

1. ძაღლის ლეკვი ასე უწოდებდენ მას დაბადებისას.

2. ბატი უწოდებდენ ცხოვრებაში შესვლისას.

3. მუტრუკი უწოდებდენ უფროსები სამსახურში.

4. ვირი უწოდებდენ ნაცნობ-მეგობრები.

5. პირუტყვი! უწოდებდენ სოციალისტები.

6. წურბელა უწოდებდენ გლეხები სოფელში.

7. რქიანი კაცი უწოდებდენ ცოლის თხოვის შემდეგ.

გამოვიდა ბოლოს და ბოლოს ცხოვრებაში. წამოეზარდა მუცელი და გახდა…

8. იორკშირის ღორი.

1. ეხლა ის შედის… თავისსავე…“ (გალაკტიონი 2013:).  

რაოდენ საინტერესო პასაჟებია აქ ერთი ადამიანის ხასიათში თავმოყრილი!

პოეტის ასევე უაღრესად საინტერესო ჩანაწერია „ივანე ნაპოლეონად იქცა“, 1915 წლით დათარიღებული, რომელიც ჟანრობრივად ვოდევილს წარმოადგენს და დეტალებში გვიჩვენებს გალაკტიონის სურვილს, დრამატურგის სიზუსტით აღწეროს სცენა და შეგვიყვანოს პერსონაჟის სულიერ სამყაროში. სანიმუშდ ამ დაუმთავრებელი პიესის ეს პირველი სცენაც გამოდგება:

 „სცენა 1, ფარდა აიხდება, სცენის სიღრმეში ძველმოდურ ტახტზე ნიფხავ-პერანგ სამარა წამოწოლილა ივანე და ყალიონს აბოლებს, თან ხვნეშის და ხანდახან აფურთხებს. სცენა ნელ-ნელა ბნელდება. ბოლოს, ივანე გამოფერთხავს ყალიონს. სცენა ამ დროს სრულიად დაბნელდება. ისმის ივანეს ხვრინვა. სიბნელეში კარის ჭრიალი ისმის. შემოდის თებროლე და ხმამაღლა ამბობს:

კიდევაც დასძინებია. ღმერთო, ტკბილი სიზმრები ანახე ჩემს ივანეს! მე კი ეხლავე გავალ.

ისევ ისმის კარის ჭრიალი. ბოლოს სცენა თანდათან ნათდება. სიღრმეში ტახტიდან, რომელზედაც ივანე იწვა, დგება ნაპოლეონის სილუეტი, რომელიც შუა ოთახისკენ მიდის“ (გალაკტიონი 2013:).  

სცენა მთლიანადაა აგებული განათების კონტრასტზე და, რაც მთავარია, დასაწყისიდანვე, ყოველგვარი გაჭიანურებული ექსპოზიციის გარეშე, შემოდის მთავარი ინტრიგა ნაპოლეონის სილუეტი.

დრამატული კოლიზიებით იყო აღსავსე დიდი პოეტის ცხოვრება და, ბუნებრივია, ეს თავს იჩენდა მის შემოქმედებაშიც. უაღრესად საინტერესო შემთხვევად მიგვაჩნია საყოველთაოდ ცნობილი „მესაფლავეს“ დრამატული ვერსიაც. რატომ გაუჩნდა გალაკტიონს სურვილი, დრამატურგიულ ჩარჩოში მოექცია ის შინაგანი კონფლიქტები, რომლებიც ასე თვალშისაცემად გამოხატა „მესაფლავეში“?! (უფრო ვრცლად ამ საკითხის ირგვლივ იხ. კიკნაძე 1990: 77-80).

***

გალაკტიონს ჰქონდა ერთი დიდი ოცნებაც, ოცნება საკუთარი თეატრის შექმნისა: „მე მაქვს ატესტატი რეჟისსორისა. კარგი იქნება, ჩამოყალიბდეს ლირიკის თეატრი(გალაკტიონი 2013:). კონკრეტულად როგორი სახის სათეატრო ესთეტიკასა და პრინციპებს გულისხმობდა ლირიკის თეატრში ჩვენთვის უცნობია. ამის შესახებ მის პირადს არქივში არაფერია ნათქვამი. რაც შეეხება ვახტანგ ჯავახაძის შენიშვნას, რომ გალაკტიონს ლირიკის თეატრი ასე ჰქონია  ჩაფიქრებული: „ჯერ უბრალო დეკლამაცია. შემდეგ ლექსები შეიძლება დაიდგას, როგორც პიესა. საჭიროა დეკორაცია, შემოდგომის ბაღი, ძლიერი განათება, კარგი ტანსაცმელი, მუსიკა კითხვის დროს, კითხვა ცოცხალი სურათებით. არტისტი კონფერანსიე ხსნის თვითეულ გამოსვლას“ (გალაკტიონი 2013:)   დაზუსტებას ითხოვს. ეს არის 1921 წ. ჩანაწერი, დათარიღებული 19 აპრილით,  „ინტერნაციონალური საღამოს“ მოწყობის გეგმას წარმოადგენს და არა კონკრეტულად ლირიკის თეატრის მისეულ კონცეფციას. საღამოს ორგანიზების ასეთი მკაცრად განსაზღვრული რეჟისორული პარტიტურები მრავლადაა პოეტის პირადს არქივში.  

გალაკტიონის რეჟისორული ნიჭი და უნარი კარგად ჩანს იმ ჩანაწერებში, რომლებშიც საკუთარი საღამოების ორგანიზებაზე საუბრობს. საილუსტრაციოდ ეს დღიურიც (587) გამოდგება:

„პლანი  სალიტერატურო საღამოის

(6 მაისი, 1929)

1. საღამო უნდა დაიდგას ისე, როგორც პიესა.

2. საჭიროა სხვადასხვა დეკორაციები კარგი მხატვარისა.

3. საჭიროა მუსიკა[ლური] (რეაქციაკაპიტალისტური ომირევოლიუციაშრო¬მახე¬ლოვნება და სხვ.).

4. პანტომიმაან ბალეტის მომენტები.

5. შესაფერი ეფეკტებისინათლე და სხვ.

6. შესაფერი რეჟისსურა კითხვისთვის.

7. მაშასადამე: რეჟისსორიარტისტებიმხატვარი და სხვ.

და უბოლოოთ გაზრდილი რიცხვი.

კინო. Под ритм. ფიზკულტურა. სიმღერარომანსებიცეკვა.

ლექსები განაწილდება მსახიობთა შორის ადრიანად (საჭირო იქნება თუ არა სუფლიორი? კოსტიუმები?).

ჩვენს განკარგულებაშია [32], [27] 25 დღე. მოესწრება თუ არა?

სია მსახიობების. Подобрать.

შესავალი სიტყვა.

ორკესტრი განსაკ. ქართული მოტივებით.

ხორო განსაკ. ქართული მოტივებით.

დევიზი: „[საღამო] ხელოვნება ნაციონალური ფორმით და ინტერნაციონალური შინაარსით(გალაკტიონი 2013:).

ან

„მზა ატრიბუტების გამოყენება – იუბილესათვის. აფიშის გაკვრა (სექციები – მილოცვა). ჟურნალები – უკანასკნელ კვირას – გამოფენისათვის თვალსაჩინო ადგილებზე. ახალგაზრდა მხატვრები – პლაკატები: 1. გაუმარჯოს გალაკტიონ ტაბიძეს! 2. 15 წელი გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებისა უდრის 15 საუკუნეს – გაუმარჯოს ახალს გენიას საქართველოისას! 3. გალაკტიონ ტაბიძე სინიდისია ქართული ახალი პოეზიის. 4. გალაკტიონ ტაბიძე – ეპოქალური პოეტია და სხვ.

დიდი პლაკატი უნდა დაიწეროს – მოკლე დახასიათებისა არტისტიული თეატრის წინ ჩამოსაკიდებლად, აგრეთვე – პროფკავშირების წინ. არტისტების სტუდია – ლექსების წასაკითხავად“ (გალაკტიონი 2013:).

ამას გარდა, ვინ მოთვლის მის დღიურებში გაკეთებულ ჩანაწერებს, შენიშვნებს, დეტალებს საკუთარი პოეზიის საღამოს გასამართად; კომპოზიტორების, მომღერლების, რეჟისორების, დეკლამატორების, მთარგმნელებისა და მსახიობების გვარებს, რომლებიც დასჭირდება საღამოების მოსაწყობად და მისთ.

მელოდეკლამაცია

როცა გალაკტიონი ლირიკის თეატრის შექმნაზე ოცნებობდა, ბუნებრივად გულისხმობდა საკუთარი პოეზიის თეატრს, რომელიც აუცილებლად მოითხოვდა ლექსის კითხვის ხელოვნებას დაუფლებულ მსახიობებს. თავისი არსითა და ბუნებით დეკლამაცია არ არის სამსახიობო ხელოვნება, მაგრამ, როგორც ტრადიცია და მოცემულობა, მკითხველები უმთავრესად მაინც მსახიობები არიან. გალაკტიონ ტაბიძე სარეჟისორო კურსებზე ისმენდა გამომეტყველებითი კითხვისა და დიქციის ხელოვნებას, რომელსაც ცნობილი მსახიობი ო. რახმანინოვა ასწავლიდა. ამდენად, მას კითხვის ხელოვნების თეორიაც და პრაქტიკაც გავლილი ჰქონდა. ახლა ძნელია იმის თქმა, თავად პოეტს რამდენად დაეხმარა ეს სკოლა საკუთარი ლექსების კითხვაში. რევაზ ინანიშვილი იგონებდა: „გამოვიდა გალაკტიონი და წაიკითხა ლექსები… ერთდროულად დარბაზსაც მიმართავდა და ზეცასაც. როცა, ბოლოს, ირგვლივ შემოეხვივნენ, იგი, განათებული, ცრემლს ძლივს იკავებდა, ან უფრო ვეღარ იკავებდა“ (ინანიშვილი 2011: 156).

წაკითხვა უყვარდა, ოღონდ წინასწარ ემზადებოდა, თან მთელი სერიოზულობით. 1922 წლით დათარიღებულ დღიურში ვკითხულობთ:

„შაბათს სალიტერატურო საღამო. ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი უნდა გავატარო სახლში (არაა საჭირო საზოგადოების ნახვა: საჭიროა დასვენება). სამი დღის განმავლობაში საჭიროა მეტი კონიაკი, для поднятия настроения, გოგლი-მოგლი პარასკევსა და შაბათს ხმისთვის. მარილი ხმისთვის, კვერცხი ხმისთვის. ერთხელ და უკანასკნელად დარწმუნდებიან ყველანი, თუ რა დიდი ძალა ვარ მე“ (გალაკტიონი 2013:).

როგორც ჩანს, მოსკოვში მიღებულმა გამოცდილებამ გალაკტიონს ჩამოუყალიბა მხატვრული კითხვის ხელოვნების ერთგვარი კონცეფცია. მას უკვე აღარ მოსწონს ლექსის წამღერებით კითხვა ასე გავრცელებული და დამკვიდრებული არამხოლოდ ჩვენში. 1928 წ. საერთო რვეულში ჩაუწერია: „თანამედროვე ლექსების კითხვამ (შეიძლება მეც მიმიძღვის ამაში ბრალი) ფაკტის წინაშე დაგვაყენა: ლექსი იკითხება სიმღერითი ტონით. დამკვიდრებულია ყველგან ეს კითხვა“ (გალაკტიონი 2013:). ერთ ჩანაწერში ერთმანეთისგან განასხვავებს დეკლამაციასა და მელოდეკლამაციას: „დეკლამაცია ჩემივე ლექსების; და ჩემი გამოსვლა; მელოდეკლამაცია“(გალაკტიონი 2013:) ამაზე ზუსტად შეუძლებელია შეაფასო გალაკტიონის კითხვის მანერა. საილუსტრაციოდ „მთაწმინდის მთვარეც“ გამოდგება, როგორც მელოდეკლამაციის კლასიკური ნიმუში დაწყვეტილი ნერვით, აჩქარებით, სულმოუთქმელად, ერთი ამოსუნთქვით. კითხულობდა თითქოს მხოლოდ თავისთვის, თანაც ისეთი გზნებით, რომ ამ სამყაროს ვერ გრძნობდა, მოწყვეტილი იყო რეალობასა და მხოლოდ პოეზიის საუფლოდან აღავლენდა მთაწმინდის მთვარის სადიდებელს. უფრო მეტიც, ქართული ენის არმცოდნეს შეიძლება მუსიკალურ ნაწარმოებად აღექვა. მისი კითხვა, უფრო სწორედ, მელოდეკლამაცია ექვემდებარებოდა მკაცრად განსაზღვრულ პარტიტურას, რომელიც იწყებოდა მთრთოლარე შესავლით, შედარებით დინჯი და მშვიდი ინტონაციით. ამ „უვერტიურაში“ შემოდიოდა აღწერითი თხრობა, რომელიც გვამზადებდა რაღაც თავბრუდამხვევისთვის. შემდეგ („მთვარე თითქოს ზამბახია“…) იცვლებოდა კითხვის ტემპო-რიტმი და აღწერითი თხრობის ინტონაციები გაისმოდა; მომდევნო სტროფს („აქ ჩემს ახლოს აკაკის ლანდს“…) უკვე შევყავდით ახალ ემოციურ სინამდვილეში, ხოლო გაბმული მუსიკალური გამა იწყებოდა ტაეპით „და მეც მოვკვდე სიმღერებში….“. აქ უკვე ერთმანეთს ერწყმოდა აზრი და ემოცია, მღელვარება და დაძაბული რიტმი, რომელიც სრულდებოდა ფრაზით „რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი“ და ლექსის კითხვა მთავრდებოდა მოულოდნელი მთრთოლარე პაუზით, პოეტის მელოდიურ-ჰარმონიული საქცევით, კადანსით, რომელმაც უნდა დაამთავროს მუსიკალური ნაწარმოების ბოლო ფრაზა: „ჯერ არასდროს არ ყოფილა მთვარე ასე წყნარი“.

„1953 წლის 23 დეკემბრის ამ ჩანაწერს რომ უსმენ, აჩქარებული გულის ფეთქვა გესმის, გგონია, უკანასკნელად კითხულობს და ცდილობს როგორმე მოასწროს, შიშობს, ვაითუ სუნთქვა არ ეყოს ბოლომდე, – აკი ბოლო სტრიქონის წინ მოსალოდნელზე ხანგრძლივი პაუზა ჩამოვარდება… გეჩვენება, ვეღარ დაამთავრაო, მაგრამ ერთხელ კიდევ ამოისუნთქავს, ყოველ სიტყვას გამოყოფს, დაყოვნებით წარმოთქვამს უკანასკნელ სტრიქონს, და კულისებში გაიჭრება… წაკითხვის შემდეგ უტირია კიდეც“ (ჯავახაძე 2012: 249). მოგვიანებით გიგა ლორთქიფანიძე იტყვის: „მხოლოდ გენიოსს შეუძლია ისე წაიკითხოს ლექსი, როგორც ის „მთაწმინდის მთვარეს“ კითხულობდა. ისეთი ნერვიული დაძაბულობაა, რომ გეშინია არ გაწყდეს ნერვის ძაფი და არ შეეწიროს პოეტი ამ ლექსის კითხვას“ (ლორთქიფანიძე 2009: 143).

როგორც ჩანს, გ. ტაბიძის ე.წ. მელოდეკლამაცია, მისი კითხვის მანერა იყო ერთგვარი საორიენტაციო ეპოქის მსახიობთათვის. შემთხვევითი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ დიდი ქართველი მსახიობი აკაკი ვასაძე 1928 წ. თავის საესტრადო რეპერტუარში შეიტანს გალაკტიონის პოემა „ეპოქას“. პოეტი არაერთხელ დაესწრო მის გამოსვლას ოპერის თეატრში და მოეწონა კიდეც, კმაყოფილი დარჩა, მაგრამ თავად მსახიობი იყო უკმაყოფილო. ის ვერ ბედავდა ისეთი შედევრების საჯაროდ წაკითხვა,ს  როგორებიცაა: „მთაწმინდის მთვარე“, „ლურჯა ცხენები“ და „მერი“. აკაკი ვასაძის მიზანია, როგორმე კიდევ ერთხელ მოისმინოს თავად გალაკტიონის მიერ წაკითხულ „მთაწმინდის მთვარე“ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ლექსის ზუსტი ინტონაციის მიგნებას (ვასაძე 1973:  215).

უაღრესად საინტერესოდ გვეჩვენება გალაკტიონის მიერ 1946 წლის 7 დეკემბრის „ლიტერატურნაია გაზეტას“ პირველ გვერდზე შავი ფანქრით მინაწერი: „ძირითადი აზრით უნდა განასხვავო შეგნებული კითხვის ხერხები“. იქვე განსაზღვრავს დეკლამაციის ოთხ სახეობას:

  1. მოუთმენლად კითხვა (ჩქარა კითხვა სხვაა): უსარგებლოა, საზიანოა, თუთიყუშობაა. ეს სიზარმაცის ნიშანია, აზროვნების, ნებისყოფის საზიანოა, წიგნის უაზრო ფურცვლაა;
  2. ყურადღებით კითხვა: ვფიქრობ სხვაზე. მცირე ტექსტები ვიკითხოთ 4-5 წუთი;
  3. ნახტომებით კითხვა: არათანმიმდევრულად, გამოტოვებით, ზერელედ. წავიკითხოთ ცოტა, საფუძვლიანად. ასუსტებს ნებისყოფას;
  4. გაბმით კითხვა: დიაკვნისებური, შეუგნებელი. პასიურია. ჩქარა იღლები (გალაკტიონი 2013:).

საბედნიეროდ, გვაქვს იშვიათი შესაძლებლობა, გავეცნოთ პოეტის ვრცელ წერილს იმის შესახებ, თუ როგორ კითხულობდა მის ლექსებს რუსი მსახიობი ვასილ კაჩალოვი. ეს არის, ფაქტობრივად, რეცენზია მხატვრული კითხვის ხელოვნების შესახებ. გალაკტიონი აღფრთოვანებულია იმით, რომ მსახიობს შეუძლია გულში ჩასწვდეს მსმენელს, გააბრუოს  იშვიათი ლირიკულობით, დაარწმუნოს და გადაიყვანოს  მთლიან მუსიკალობაში (ზუსტად ისე, როგორც თავად ახერხებდა „მთაწმინდის მთვარეში“).ის მოხიბლულია კაჩალოვის არტისტული კითხვის მელოდიურობით, მისი უნარით, იგრძნოს მოახლოებული ფინალი ლექსისა, წარმოაჩინოს გრადაციები ხმაში და კითხვის დროს გამოავლინოს მთელი თავისი ინტელიგენტური სული:

„როგორ ჰკითხულობდა კაჩალოვი ჩემს ლექსებს

იშვიათი ლექსების მკითხველი იყო კაჩალოვი. უკვე დიდი მისი სახელის გამოცხადებისთანავე, თეატრის დარბაზს გამოცოცხლება დაეტყობოდა. თეატრში იგრძნობოდა მხატვრული შემოქმედებისადმი ის იშვიათი გრძნობა, რომელსაც ასეთი სასოებით ინახავს ყოველი კულტურული მსმენელის გული. გამოვიდა თუ არა სცენაზე ის, ვინც ასეთი სიყვარულით უყვარდათ, დარბაზი ხანგრძლივმა ტაშისცემამ დააყრუა, მალე ოვაციებად გადაიქცა და შეჰქმნა ის საყვარელზესაყვარელი ატმოსფერო, რომელიც [დიდხანს] ახლაც არ ავიწყდება ადამიანს. ოვაციებიც დასცხრაკაჩალოვი იწყებს კითხვას ჩემი ლექსისას: „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“. დარბაზმა სული განაბა.

ზოგს ჩაის ვარდი, ზოგს კინოვარი,

ზოგს ოქრომკედით მონაქსოვარი,

სურათი, რამე კარგზე მგლოვარი

ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

კაჩალოვი გულში სწვდება მსმენელს, იშვიათი ლირიულობით აბრუებს მას, გადაჰყავს რა მთლიან მუსიკალობაში, არწმუნებს რა მსმენელს, რომ ყველას ჩვენგანს აქვს რაიმე სახსოვარი, ზოგს ჩაის ვარდი წიგნში, ზოგს თვით წიგნი ომით მონაპოვარი, ზოგს უბრალო საფერფლე, დანატოვარი მამის, ზოგს სურათი, რომელიც აგონებს მის შემნახველს რაიმეს, სახსოვარი, ხსოვნახსოვნა იმათი, ვინც აღარ არის, ვინაც სთქვა რაღაცა ისეთი, რომელიც  დაუვიწყარია. და ყველაზე ძვირფასი კი სამშობლოა, მამული, რომელიც ყოველწამს ახსოვს მეომარს. და მეომარმა იცის, თუ რისთვის იბრძვის ის. და მგოსანმაც იცის, თუ რისთვის ჰქმნის, რისთვის აჟღერებს ჩანგს ამ სამამულო ომის ქარტეხილში.. მსმენელი, მთლიანად დაპყრობილი არტისტიული კითხვის მელოდიურობითჰგრძნობს, რომ ახლოვდება ფინალი, მთავრდება ლექსი. აქ კაჩალოვი იმაღლებს ხმას. მთელი მისი ინტელიგენტიური სული, ხმა, გარეგნობა, აწეული პათოსით ამთავრებს:

შენი, სამშობლოვ, მსასოოვარი,

ჰა, ჩემი ჩანგი სწორუპოვარი.

ჰა, გულიც, რადგან თანამგზოვარი

ყველას რაიმე აქვს სახსოვარი!“

ლექსის კითხვა დამთავრდა, მაგრამ მსახიობის  ტრიუმფი, ნამდვილი ტრიუმფი, სწორედ ეხლა იწყება. ზღვას, მღელვარე ზღვას დამსგავსებული აუდიტორია გრიალებს:

– [Bis,] კაჩალოვ, კაჩალოვ, ბის, ბის.

კაჩალოვიყვავილების კონებით, ხალხის მიერ გადასროლილ ვარდებით ივსება სცენა, რომელიც სწორედ ეხლაა სცენა!!! ბის, ბის. კაჩალოვი.

კაჩალოვი იწყებს ჩემი მეორე ლექსისფიცისკითხვას… (ეს ხდება 1944 ., სამამულო ომის დროს). [როდესაც] აქ კი, სწორედ განუმეორებელი იყო კაჩალოვი – „ფიციისმოდა, როგორც მოქნეული ხმლის  წკრიალი, დიდებულად წაიკითხა კაჩალოვმა, არ შეიძლება გადმოცემა იმ შთაბეჭდილებისა, რომელსაც იგი ახდენდა მსმენელებზე.

წარმოიდგინეთ, კაჩალოვს მე ვიცნობდი 1918 წლიდან, ბევრჯერ მინახავს სცენაზე, ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს, ბანკეტი, რომელიც ერთხელ მას გაუმართეს თბილისშიდაუვიწყარია მუდამ ჩემთვის. მე მუდამ მემახსოვრება კაჩალოვის კითხვა, უუდიდესი შემომქმედის კითხვა, მემახსოვრება, ვინაიდან, მართლაც, „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი (გალაკტიონი 2013:).

გაგრძელება: ნაწილი I | ნაწილი II | ნაწილი III

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…