(ილიას პირველი ბიოგრაფია)
როდესაც ილია ჭავჭავაძის სამტომეულის გამოცემა გადაწყდებოდა მიხეილ გედევანიშვილის თაოსნობით და სარედაქციო კომისიაც შეიქმნებოდა, შესავლად ილიას ბიოგრაფიულ ნარკვევს მოინდომებდნენ; და გრიგოლ ყიფშიძე წელიწადზე მეტი ხნის მუშაობის შემდეგ რომ წარუდგენდათ… დაუწუნებდნენ აკადემიურობის თვალსაზრისით:
არ არის დასაბუთებული ბიოგრაფია, დაწერილი მეცნიერული პრინციპების მიხედვითო.
და კიდეც გაუნაწყენდებოდნენ:
ჩვენ მიერ შეგროვებული მასალები საერთოდ არ გამოგიყენებიაო.
თავდაპირველად გრიგოლ ყიფშიძე არც უვარაუდიათ ბიოგრაფიული ნარკვევის ავტორად და:
არჩილ ჯორჯაძეზე შეჩერებულა მათი არჩევანი.
იმ არჩილ ჯორჯაძეზე, რომლის მიმართაც გულს ვერასოდეს მოიბრუნებდა ილია ჭავჭავაძე. თვით ნოე ჟორდანიასთანაც ეცდებოდა მოლაპარაკებას დიპლომატიური თვალსაზრისით, ეგებ როგორმე ეროვნული ინტერესებისაკენ გადმოებირებინა, და მზად გახლდათ „ივერიაც“ კი გადაეცა მისთვის, ოღონდაც მცდარად გაგებული კოსმოპოლიტიზმისათვის ჩამოეშორებინა.
სოციალ-დემოკრატის მოქცევა თუ ეიმედებოდა, სოციალ-ფედერალისტის მოქცევა ხომ უფრო ადვილი უნდა ყოფილიყო?
და, მაშ, არჩილ ჯორჯაძის გადმობირება რად არ მოენდომებინა?
მითუმეტეს – საერთო ახლობლები ჰყავდათ, ხალისით რომ ისურვებდნენ მათ შორის სრული თანხმობის ჩამოგდებას.
ჯერ მარტო გიორგი ლასხიშვილი ჩაერეოდა მთელი არსებით, ოღონდაც ილიასაგან რწმუნება ჰქონოდა.
მაგრამ არა და არა.
და ახლა სარედაქციო კომისია სწორედ იმ კაცს დაიგულებდა ილია ჭავჭავაძეზე საუკეთესო ბიოგრაფიის შესაქმნელად, მხოლოდ გარედან რომ ადევნებდა თვალს ილიას მოღვაწეობას და არამც თუ შინაურ გარემოში არ ენახა, არავითარი საქმიანი ურთიერთობა არა ჰქონოდა.
მაგრამ იცნობდნენ მის ნარკვევს ილიას პუბლიცისტიკაზე.
იცნობდნენ მის მიერ გააზრებულ პროცესს ჩვენი ინტელიგენციის ცხოვრებისა, მთელს XIX საუკუნეს რომ გამოსდევდა.
სწამდათ მისი მიუკერძოებლობა, თორემ ხედვის მასშტაბურობა და სიღრმე ხომ თავისთავად.
თუმც არჩილ ჯორჯაძე უკვე ისე ავადმყოფობდა, ამ ნარკვევს ვეღარ გასწვდებოდა და… აკი კიდეც გარდაიცვლებოდა, სარედაქციო კოლეგია მის სიცოცხლეშივე რომ აჩქარდებოდა და ახალ ავტორს შეიგულებდა:
იმ გრიგოლ ყიფშიძეს, ილიას თანამოსაგრე და თანამებრძოლი რომ გახლდათ, მის ახლობელთა წრის წარმომადგენელი, შინაურ გარემოშიც არაერთხელ რომ ენახა და ერთად ხომ თანამშრომლობდნენ და თანამშრომლობდნენ.
ჯერ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში;
და მერე უკვე „ივერიაში“.
ამასობაში გრიგოლ ყიფშიძე საზოგადოების თვალში გამოჩნდებოდა ილიას მარჯვენა ხელად, ამგვარ საერთო აღქმას თედო სახოკია რომ შემოგვინახავდა.
ილიას მარჯვენა ხელიო, აბა?!..
და ასეთ კაცს ნეტა რისთვის უნდა დასჭირვებოდა კომისიის მიერ შეგროვებული მასალები, დოკუმენტურ ცნობებსა და სხვათა ნაამბობებს პირადი დაკვირვებითა და მოგონებებითაც რომ ავსებდა?
ადვილად ვერ მორიგდებოდა ორი განსხვავებული კონცეფცია.
***
მერაბ ღაღანიძე, ვისი რედაქციით, განმარტებითა და თანდართული ნარკვევითაც უნდა განმეორებულიყო გრიგოლ ყიფშიძის „ილია ჭავჭავაძე (1837-1907)“ 2022 წელს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ეგიდით, კომისიის უკმაყოფილების მიზეზს ასე ახსნიდა:
ის მოელოდა მკაცრად დოკუმენტურ და ვრცელ ბიოგრაფიას, ხოლო გრიგოლ ყიფშიძეს თავისი ნარკვევი, როგორც ცხადად ჩანს, ჩაფიქრებული ჰქონდა კონცეფციურ შეჯამებად, სადაც ერთიანი ხედვით უნდა ყოფილიყო გააზრებული თუ განსჯილ-შეფასებული ილიას ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთი და სხვადასხვა განზომილება, თუნდაც სათანადო ყურადღებით ბიოგრაფიული ფაქტების მიმართ და მათი გათვალისწინებითო.
გამომცემლისა არ იყოს:
საბოლოოდ არაა ცნობილი, რამდენად გაითვალისწინებდა ავტორი კომისიის წევრთა შენიშვნებს და შეიტანდა თუ არა რაიმე ცვლილებებს უკვე გამზადებულ და წარდგენილ ტექსტში.
და რომ მოიხმობდა ამონარიდს მიხეილ გედევანიშვილის წინათქმიდან:
სარედაქციო საბჭოს მიერ შეგროვებული საინტერესო და დიდძალი მასალა დაედო საფუძვლად ილიას ბიოგრაფიასა… ეს არ არის ილიას სრული, სამეცნიერო ბიოგრაფია – ასეთი დაიწერება შემდეგში, როცა შესწავლილი იქნება ყველა მისი ნაწარმოები, ყველა ის მასალა, რომელიც მის ცხოვრებას შეეხება; ეს კი მხოლოდ პირველი ცდა არის დიდებული მოღვაწის ცხოვრების აღწერისაო.
და თავის მხრივ მოადევნებდა:
– ნათელია, რომ ამ სიტყვებს ორმაგი დანიშნულება ენიჭება: ერთი, მასალის მოპოვება და მოგროვება არ მიეწერება ყიფშიძეს; მეორე, ილიას ყიფშიძისეული ბიოგრაფია მაინც ნაკლულადაა მიჩნეული.
თვითონ ბიოგრაფოსს თავისი თხზულების არსი, რაობა და მიზანდასახულება როგორ წარმოედგინა და:
ილია ჭავჭავაძის სულის ფსიქოლოგიის ცხადყოფად, მის ზედმიწევნილ დახასიათებად და დაფასებად.
მთავარი სწორედ ეს გახლდათ:
თხრობის ფსიქოლოგიური სარჩული.
ამ მხრივ იგი აგრძელებდა იონა მეუნარგიას ბიოგრაფიულ სტილისტიკას, რაც ცხოვრების გარეგნულ რეალიებსა და დეტალებზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა სულიერი პორტრეტის გამოკვეთას.
ამასთან საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო ფონიც ხელშესახებად რომ უნდა წარმოჩენილიყო, ამასაც აღნიშნავდა მცირე წინასიტყვაობაში გრიგოლ ყიფშიძე:
გადაშლა მიუკერძოებლად, თავდაჭერითა და გულდამშვიდებით დიდი სურათისა ჩვენი ბედშაობისა და ქონდრისკაცობის, ჩვენი შავუკუღმა დატრიალებული ბედის ჩარხისა მთელი საუკუნის განმავლობაში.
საბოლოოდ კი:
თვალნათლივი გამხდარიყო დიდი სურათი იმ ტრაგედიისა, რომლის ერთი უმთავრესი გმირიც ჩვენი ხელით ასე უღვთოდ, ასე ვერაგულად განგვეგმირა – დიდება საქართველოსი, მისი დიდი მესაიდუმლე და დიდი გულთამხილავი.
თხრობას სადმე შესაძლოა აღელვება და გატაცება დასტყობოდა?
ამისათვის წინასწარვე ბოდიშობდა:
თუ შესაფერისი, მატიანისებური კილოსათვის ეღალატა და გადაელახა საზღვრები სიდინჯისა და გულდამშვიდებისა.
ცდილობდა არ შეტყობოდა განსაკუთრებული კრძალვა და მოწიწება ბიოგრაფიის გმირის წინაშე, რათა მკითხველს ოდნავადაც არ შეპარვოდა ეჭვი, რომ ილიას პიროვნება და ღვაწლი ღირსი გახლდათ მოწამეობის გვირგვინისა და წამებულის შარავანდისა.
გამომცემლის ნარკვევში სკრუპულოზურად უნდა დახასიათებულიყო თვითეული თავის ზოგადი შინაარსი, რათა გამოკვეთილიყო ბიოგრაფიული თხზულების წყობა, რეალური ცხოვრების ქრონოლოგიური ქარგის დაურღვევლად თვითეულ თავში როგორ ხდებოდა ილიას ცალკეულ თვისებათა თუ წახნაგთა გამორჩევა-გამოვლენა, რის შედეგადაც ბუნებრივად, რიგრიგობით იხატებოდა ილია ჭავჭავაძის მრავალგანზომილებიანი პორტრეტი.
ის, რაც ნაკლად მიიჩნეოდა თავის დროზე, ამ გადასახედიდან ღირსებად წარმოგვიდგება ილიას ცხოვრების ყიფშიძისეული ქრონიკისა – უპირველესად სულიერი პორტრეტის წარმოსახვა.
ხოლო მადლიანი ქართულისა და თხრობის დინამიზმის გარდა მერაბ ღაღანიძეს საგანგებო ყურადღება უნდა მიექცია ყოველი თავის დასაწყისში მოთავსებულ ქვესათაურთა ჩამონათვალისათვის, რაც ცხადად მეტყველებდა ავტორის უთუო ოსტატობასა და სისხარტეზე, სიტყვის მოქნილობასა და მხატვრული გამოხატვის შესამჩნევ უნარზე.
რომ არა მიზანი ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნისა, გრიგოლ ყიფშიძე მოერიდებოდა ილიას დუელების ხსენებასაც კი, არამცთუ ზოგიერთი ეპიზოდი კიდეც მოეთხრო.
ანდა საგანგებოდ არ ჩაუღრმავდებოდა ილიას სურვილს მარტოობისა, განდეგილობისა, ბერმონაზნობისა.
ყმაწვილის დაობლებას მიუმატებდა მის ბუნებით და მემკვიდრეობით თანდაყოლილ მიდრეკილებას მარტოობისა, ფიქრიანობისა, და უარყოფას ტოლ-ამხანაგთა შორის თამაშობით გართობისა. ივარაუდებდა საღვთო წერილის კითხვის სიყვარულსაც, ბავშვობიდანვე ჩანერგილს მის ბუნებაში, აგრეთვე გავლენას ქვრივი მამიდისა, დიდი სათნოებითა და ღვთისმოსაობის გრძნობით შემკული ადამიანის, და დიდად აღარ ეუცხოებოდა ბერმონაზვნობის სურვილის გაჩენა წუთისოფლისაგან ძლიერ გამწარებული ახალგაზრდის გულში.
გარშემო ცხოვრებაშიც და თვით ილიას ბუნებაშიც რომ აღმოჩნდებოდა არა ერთი და ორი სხვაგვარი, უფრო ცხოველი ძალა და წადილი, რომელიც დაჩაგრავდა ამ მიდრეკილებას სიმარტოვისაკენ?
გრიგოლ ყიფშიძე თავისას მიჰკვალავდა:
მაგრამ სამუდამოდ კი ვერ აღმოფხვრიდა მის გულიდან სიყვარულს დუმილისა, მარტოდმარტო ყოფნისა, ბერობა-განდეგილობისა, იდეალური ღვთისმსახურისა და საღვთო კაცისა, რაც ბოლოს ისე მკაფიოდ უნდა გამოცხადებულიყო ხანშიშესვლის დროს.
საბუთად რას მოიმარჯვებდა ამგვარი მტკიცებისა და:
ჯერ „გლახის ნაამბობის“ დაწერას, სრულად 1870 წელს რომ დაიბეჭდებოდა, მერე გეორგ ებერსის იმ ისტორიული რომანის თარგმნას – „რამეთუ კაცი ვარ“, რომლის შინაარსიც პირველ ქრისტიან ბერ-მონაზონთა ცხოვრების აღწერას შეიცავდა, და ბოლოს „განდეგილის“ საოცარი სურათისა და ტრაგედიის შექმნას.
ბიოგრაფოსის ფიქრით:
ძნელი გახლდათ, თუ სრულიად შეუძლებელი არა, განდეგილის დასურათება ისეთი ხელოვნებით, როგორც ეს ილიას მოეხერხებინა:
– მარტოოდენ შემოქმედობის საიდუმლოებათა შემწეობით, მარტოოდენ პოეტურის ინტუიციით, უიმისოდ, რომ თვითონაც თვისის გულის სიღრმეში არ ეგრძნოს ძლიერი სურვილი მარტოობისა, დიდი ქარტეხილი სულიერი მღელვარებისა, რელიგიური ექსტაზით გამოწვეული.
რელიგიური ექსტაზითო, აბა?!..
საამაყოდ დაურჩებოდა გრიგოლ ყიფშიძეს, რომ:
„განდეგილის“ თითქმის შობაც ენახა და ნათლობასაც დასწრებოდა.
დილით ივანე მაჩაბელთან ერთად მისულიყო ილიასთან შინ საქმეების გამო, მასპინძელს ეს რომ ეთქვა იმ საქმეების გათავების შემდგომ:
– დავიწყე ერთი პოემა და არ ვიცი, როგორი გამოვა.
და წაეკითხა პირველი ხანა, მეტი რომ ჯერ არ დაეწერა, დიდებული სურათი თოვლიან-ყინულიანი მთებისა და იქ გამოკვეთილი ბეთლემის მონასტრისა თვალწინ წარმოუდგებოდა მომავალ ბიოგრაფოსს და თითქოს თავბრუ დაესხმოდა, გამოყეყეჩდებოდა, თითქმის ვეღარას გაიგებდა, რასაც უამბობდა მასპინძელი სტუმრებს იმ თემისა და შინაარსისა, რაც უნდა განვითარებულიყო და დაწერილიყო შემდეგ პოემის მოსათავებლად.
დასრულებულ „განდეგილს“ ილია რომ წაიკითხავდა დავით სარაჯიშვილის სახლში, მაშინდელი ინტელიგენცია, მოყვარულნი მწერლობისა თითქმის სულ იქ შეიყრიდნენ თავს.
ავტორი კითხვას დაასრულებდა და აქეთ-იქით მიმოიხედავდა, თითქოს ეკითხებოდა შეკრებილთ, რას ბრძანებთო?..
წამოდგებოდა იონა მეუნარგია, ცნობილი მოყვარული ქართული მწერლობისა, და იტყოდა აღტაცებით:
– მშვენიერია, ილია, მშვენიერი, მხოლოდ პოემაში სურათს ვერ ვხედავ, თვით განდეგილის სურათს, მისი გარეგნობის აღწერას, მის პორტრეტს.
მერე უნდა გამართულიყო საუბარი, კამათი…
და როდესაც 1883 წლის თებერვლის „ივერიაში“ გამოქვეყნდებოდა პოემა, მეხუთე ხანად გაჩნდებოდა აღწერა განდეგილის პორტრეტისა:
არ იყო ხნიერ, მაგრამ ვით წმინდანს სულის სიმაღლე ზედ დასჩნეოდა; ზედ ეტყობოდა, რომ სული მისი სულ სხვა მსოფლიოს შეჰხიზნებოდაო…
გრიგოლ ყიფშიძეს ეჭვიც არ ეპარებოდა:
ილიას, შეგნებულად თუ ქვეშეცნეულად, განდეგილად გასიმბოლოვებული თავისი პორტრეტული შტრიხები გამოეკვეთა.
ვით წმინდანის სულის სიმაღლე ხომ მასაც ზედ დასჩნეოდა.
და ისიც ხომ ეტყობოდა, სული მისი სულ სხვა მსოფლიოს რომ შეხიზნებოდა.
დაუჯერებდა ილია ჭავჭავაძე იონა მეუნარგიას და მოთავებულ პოემას ჩაუმატებდა აგრერიგად აუცილებელ სტრიქონებს.
და გრიგოლ ყიფშიძეც ხომ იონა მეუნარგიას დაუჯერებდა, ფსიქოლოგიური კვლევა-ჩაძიების კვალს რომ გაჰყვებოდა და გარეგნულ ეპიზოდებზე მეტად სულიერ პორტრეტს გამოჰკვეთდა თავისი გმირისა, თუნდ სარედაქციო საბჭოს დაეწუნებინა მისი ნაშრომ-ნადაგი და ბიოგრაფიული დეტალების უხვად ჩართვა მოეთხოვა.
მატიანისებური თხრობა ნიშანდობლივია ბიოგრაფიული ქრონიკისათვის, მოთხრობა იქნება თავისი მოცულობით თუ რომანი, მაგრამ აუცილებელია მატიანის ჩარჩოში არ მოექცეს თავით ბოლომდე და ფსიქოლოგიური ძიებანიც გამოჰყვეს; და თუ შემოქმედის ბიოგრაფიაა, მხატვრულ ქმნილებათა ანალიტიკური განსჯაც შემოერიოს თხრობას, იმხანად ჯერ მაინც რომ ვერ წარმოედგინათ, ერთ მთლიანობად როგორ შეიძლებოდა შერწყმულიყო და ჰარმონიულადაც ჩამონაკვთულიყო ბიოგრაფიული ქრონიკა და კრიტიკულ-ესთეტიკური განსჯა და…
სარედაქციო კომისია ორ ავტორს ამიტომაც შეარჩევდა და ორ ნარკვევს ამიტომაც დაუკვეთავდა:
ცალკე – ცხოვრების ქარგას და ცალკე – შემოქმედების მოკლე მიმოხილვას.
***
მერაბ ღაღანიძე თავისი ნარკვევის დასასრულს გაიხსენებდა, რომ:
გრიგოლ ყიფშიძის ამ ქრონიკის გამოქვეყნებას თექვსმეტი წლით უსწრებდა მიხეილ ნასიძის ნარკვევი:
„თ. ილია ჭავჭავაძე: ბიოგრაფიული და კრიტიკული ეტიუდი:“ –
გამზადებული ილიას საიუბილეო დღეებისათვის, რომლის გამართვაც ჩაიშლებოდა სოციალ-დემოკრატთა ენერგიული ჩარევით, ნარკვევში ბიოგრაფიული ფაქტების მიმოხილვას თანდათანობით რომ ერწყმოდა მისი შემოქმედების განხილვა.
ბიოგრაფიის თხრობა ცხადია წყდებოდა, რაკიღა წიგნაკის გამოცემისას მთავარი გმირის ცხოვრება კვლავაც გრძელდებოდა.
გრიგოლ ყიფშიძისეული ბიოგრაფიის შემდგომ საეტაპო მნიშვნელობისად მიიჩნევდა:
პავლე ინგოროყვას ვრცელ მონოგრაფიას „ილია ჭავჭავაძე“ –
ლამის კანონიკურად რომ დადგინდებოდა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.
საგანგებოდაა აღნიშნული:
სამივე ბიოგრაფოსს სხვადასხვა ჩანაფიქრი და მისწრაფება რომ ჰქონდა, მაგრამ გრიგოლ ყიფშიძე მათ შორის გახლდათ ერთადერთი, რომელიც ათწლეულთა განმავლობაში ილიას გვერდით იმყოფებოდა და მის ცხოვრებას – საქმიანობისას თუ მოსვენებისას – ყურადღებით აკვირდებოდა.
და როგორ არ დაეთანხმები, რომ:
ყიფშიძისეულ ბიოგრაფიას განსაკუთრებული, გამორჩეული, შეუცვლელი მნიშვნელობა ენიჭება, რის გამოც ეს ნაშრომი ყოველთვისაც დაუძველებელი დარჩება.
მის მიბინარებას ისიც შეუწყობდა ხელს, 1914 წლის შემდგომ რომ აღარ განმეორებულიყო სრული სახითა და შესაფერისი წარმოჩენით, მერაბ ღაღანიძის გამოცემამ საბოლოოდ რომ უნდა მიუჩინოს გრიგოლ ყიფშიძის ბიოგრაფიულ ქმნილებას შესაფერისი ადგილი არამცთუ ქართული მწერლობის ისტორიაში, არამედ ჩვენს საზოგადოებრივ ცნობიერებასა და სამეცნიერო-ლიტერატურულ მიმოქცევაში.
დამაგვირგვინებელი აკორდი გამომცემლის ნარკვევისა კი იმ არეალის მონიშვნაა, სამივე ბიოგრაფიული ნარკვევი ქართული ინტელექტუალური ისტორიის უთუო შემადგენელი ნაწილი რომ არის; და სამივე მათგანის ერთმანეთთან შედარება და მათი ფაქტობრივი თუ იდეური საფუძვლების გამორკვევა ნამდვილად საჭირო ამოცანად რომ წარმოდგება ქართული ჰუმანიტარული კვლევებისათვის.
Rostom Chkheidze – The Biographer’s Beliefs of Grigol Kipshidze (Ilia’s First Biography)
The author reviews the academic edition of Grigol Kipshidze’s book – “Ilia Chavchavadze”; this is, in fact, the first biography of the great Georgian writer and educator, narrated by his own contemporary.