რეზო კლდიაშვილის პიესა

პილონი

, , ,

ვარიაციები ჯონ სტეინბეკის მოთხრობის – „ტორტილა ფლეტის“ მიხედვით. დაიდგა  ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა (რეჟ. ი. გოგია; 2007 წ.) და სტუ-ის თეატრში  (რეჟ. ნ. ბუცხრიკიძე; 2011 წ.); ფოთის თეატრი „პილონით“ მიწვეული იყო თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე (2010 წ.); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპექტაკლი კი 2012 წელს ნაჩვენები იყო თურქეთში, ანტალიის ხელოვნების საერთაშორისო  ფესტივალზე.  წარმოდგენა აღინიშნა პრიზებითა და დიპლომებით. თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი მოხსენებით წარდგა ამერიკათმცოდნეობის XIII ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით – ამერიკულ-ქართული სინამდვილე (ჯონ სტეინბეკისა და რეზო კლდიაშვილის პერსონაჟთა იდენტობის საკითხისათვის 17-19 მაისი 2012 წ.). პიესა ითარგმნა ინგლისურ ენაზე. 2017 წელს „პილონი“ წაკითხულ იქნა ამერიკელი მსახიობების მიერ ნიუ-იორკში გამართულ ფესტივალის ფარგლებში – „თანამედროვე ქართული დრამატურგია“.  ერთი ამბავიც – რამდენიმე წლის წინ მობილურზე ზარია; ანტალიაში დასასვენებლად ჩასული ჩემი მეგობრები მირეკავდნენ და ტაშის ხმა მასმენინებდნენ. ერთმა ამიხსნა, შენი პიესა – „პილონი“ დასრულდა; სტუ-ის თეატრია ჩამოსული და გესმის ტაშის ხმა?

მესმოდა ტაშის ხმა! როგორ არ მესმოდა?

მოქმედი პირნი:

პილონი

ჟორჟი

სერჟანტი

დორა

მადლენი

პიხარიტო

სცენა წარმოადგენს ქალაქის განაპირა უბნის სასაფლაოს. პილონი იღვიძებს. კიდევ ერთხელ შეათვალიერებს იქაურობას; მძიმედ წამოდგება; არყის ბოთლით ხელში რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს.

პილონი – ჩემ აქ არ ყოფნაში, სულ რაღაც თერთმეტ წელიწადში, მთელ უბანს საცხოვრებელი ადგილი შეუცვლია და აქ გადმოსახლებულა (არყის ბოთლს ხელის კანკალით მოსვამს). იძინეთ! იძინეთ მშვიდად, უბნელებო (ტუჩებს შეიშრობს, რამდენიმე წვეთს საფლავებზედაც მოასხამს. თითქოს მეტი მოუვიდაო). გეყოფათ! გეყოფათ!   (ბოთლს გულის ჯიბეში შეინახავს). დენი, დენი, შენს საფლავს შუადღის შემდეგ დავეძებ; დამაღამდა კიდეც (აქვითინდება, თავში ხელს წაიშენს). დენი, მრცხვენია შენი, მეც ხომ ადამიანი ვარ? ცოტა ღირსება მეც ხომ შეიძლება გამაჩნდეს?   (მოულოდნელად სერჟანტის საფლავის წინ აღმოჩნდება. უკან დაიხევს. სერჟანტი ულმობელი სახით გამოიყურება). სერჟანტო, შენც აქა ხარ?! (სერჟანტი ოდნავ სახეს მოარიდებს. არ სიამოვნებს მისი დანახვა. პილონი რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს და დაუკვირდება. წირპლიან თვალებს მოისრესს). პილონი ვარ, პილონი! (პილონი ბიუსტს შემოუვლის)! დენის მეგობარი (პილონი ზურგზე ხელს დაარტყამს. სერჟანტი წარბს ასწევს). არ მითხრა, არ მახსოვხარო. აბა, გაიხსენე, მე და დენი რისთვის დაგვიჭირე (ჩასაფრებულ მზერას მიაპყრობს).

სერჟანტი – რატომ უნდა მახსოვდეს?

პილონი – ძალიან კარგად გახსოვს.

სერჟანტი – წადი, გამშორდი და რომ გამოგიძახებ, მაშინ მოდი!

პილონი – მოიცა, მოიცა. ის ხომ კარგად გახსოვს, მე და დენიმ მეზობლის   ქათმები რომ მოვიპარეთ?

სერჟანტი – მერედა, რატომ მოიპარეთ. ქურდობა ხომ ძალიან ცუდია?

პილონი – შეგვეცოდნენ და იმიტომ. მორჩილად მოთქვამდნენ თავიანთ გაუხარებელ ბედზე.

სერჟანტი(ირონიულად ჩაიხითხითებს) შ ე ე ც ო დ ა თ. . .

პილონი – ჰო, არ შეიძლება გაუთავებელი ქოთქოთი და წუწუნი. ზეცაში წმინდანებს ვაწუხებთ. ის ავადსახსენებელი სიკვდილი ამ დროს, თურმე, ჩასაფრებულია და დაუკითხავად მოგადგება. აი, ისე, მე და დენი რომ მივადექით მეზობლის ქათმებს. სამაგიეროდ, ჩვენს მშიერ მეგობრებს როგორ გავახარებდით.

სერჟანტი – ქურდობა ცოდვაა.

პილონი – მოიცა, მოიცა! ზუსტად ისე გავახარებდით მეგობრებს, როგორც შენი ცოლ-შვილი გაახარე იმ დღეს ჩვენი მოპარული ორი ქათმით.

(სერჟანტი მკაცრად უყურებს პილონს).

სერჟანტი – ვერ ვიხსენებ, რა ვარია, რის ვარია!

პილონი – ვარია კი არა, დედალი იყო! ორივეს ქარვასავით კურტუმო ჰქონდა. ვარია არა. . .

სერჟანტი – რას გადამეკიდე? მომასვენე!

პილონი – არ მითხრა, ქათმები პატრონს დავუბრუნეო. მიკვირს, ჩემი ცოდვით ლუკმა როგორ გადაგივიდა ყელში ან ქათმის ძვალი როგორ არ გაგეჩხირა (სერჟანტი აქვითინდება, სლოკინი აუტყდება. ორ ნაბიჯს გადმოდგამს და მარჯვენა ფეხს ურტყამს გვერდზე საფლავს. პილონი გაოცებული უყურებს).

პილონი – რას შვრები, სერჟანტო?

სერჟანტი – ამის ბრალია, სიცოცხლეს რომ გამოვემშვიდობე ასე ადრიანად. ამის მუცელი ვერ ამოვავსე; მთელი დედალი არ ჰყოფნიდა ერთ ჭამაზე. ერთ თავ ყველს ჭამდა ერთ დაჯდომაზე.

პილონი – ვინ გაგამწარა ასე?

სერჟანტი – ჩემმა სიდედრმა. ექვსი თვის თავზე ჩემს ბატკანივით ცოლს შავი კაბა შემოხია; შავმა ფერმა მიჩვევა იცისო.

პილონი – მეც გამიგია, ცრემლმა ცრემლი იცისო.

სერჟანტი – წელიწადი და შვიდი თვის შემდეგ აქ მოვათრიე. აქაც მამწარებს. სულ შია, არ მასვენებს.

პილონი – საკურთხს ითხოვს?

სერჟანტი – აქაურები გეცოდებოდეთ; ხალხს ისე უჭირს, მიცვალებულები დაივიწყეს. თუ ვინმეს საკურთხი მოუვიდა, მგლების ხროვასავით დავესევით და პატრონს ვინ აცდის, ზრდილობისათვის ერთი ლუკმა რომ შეხვდეს.

პილონი – გამოდის, ციხეში პერედაჩის მიღების დროს უფრო წესრიგი ყოფილა.

სერჟანტი – ბევრად. მანდ სამოთხეა. ჩემმა სიდედრმა ამ სამი წლის წინ ცხარე ცრემლით მატირა; ერთი ლუკმა არ გამიყო.

პილონი – უხერხულია, ესმის, ალბათ.

სერჟანტი – ყრუა, იღორა და აქაურებმა ისე სცემეს, ძვალ-რბილი გაუერთიანეს.

პილონი –სიცოცხლეში ეკლესიაში წირვაზე ხომ დადიოდით?

სერჟანტი – ვახერხებდი.

პილონი – თანაც წმინდანებს თვალს უსწორებდით.

სერჟანტი – მე, პირადად, რატომ არ უნდა გამესწორებინა?

პილონი – მე კიდევ არ დავდივარ, წმინდანებს არ ვაწუხებ და არც არაფერს ვთხოვ.

სერჟანტი – შენ ხომ ქურდი ხარ და ქურდობა ცუდია.

პილონი – ეგ ყველამ იცის, ქურდობა რომ ცუდია, მაგრამ მაინც ვქურდობთ. რაშია საქმე?

სერჟანტი – სანთელივით წმინდა ვიყავი, წესრიგის მოყვარული.

პილონი(დაასლოკინებს) საქმე იმაშია… ხვდებით ხომ, თევზი საიდან ჰყარს?

სერჟანტი – არ გამიგია და არც მინდა, ვიცოდე!

პილონი – პილონს ვინ გამაბედვინებს ქურდობას, ქალაქის თავი, პოლიციელი ან მოსამართლე ქურდები რომ არ იყვნენ.

სერჟანტი – მე არ გამიგია. ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს.

პილონი – ნუ გაფითრდი. მანდ მაინც რისი გეშინია? მონად იყავი დაბადებული და მანდაც მონურ ცხოვრებას განაგრძობ; არიან ადამიანები, მონებად რომ იბადებიან (პილონს დააცემინებს და მარჯვენა ხელს სამჯერ ზურგზე დაირტყამს).

სერჟანტიქურდებადაც იბადებიან…

პილონი – რაო, რაო? (ყურთან მიიტანს ხელს) ძალიან სცდები, სერჟანტო! ქურდებად არ იბადებიან. ხომ ხედავ მეორედ დაცემინება მინდა და ვერ ვახერხებ. ე.ი. ცხვირიც არ მიმოწმებს.

სერჟანტი – ღმერთი გწამს?

პილონი – არ მწამს.

სერჟანტი – მომეხმარე და ეს ჩემი სიდედრი შორს გადამასვენებინე. აქ მაინც ვიყო მშვიდად. ისე დავტოვე მანდაურობა, არ გამიხარია, ძაღლივით ვიცხოვრე. გადამასვენებინე, რა, შორს.

პილონი – ღმერთს ჩემი სიყვარულით, მართალია, არ ვაწუხებ, მაგრამ იმდენი კი ვიცი, მკვდარი საფლავში რომ არ უნდა შევაწუხო. ჩემს ცოდვებს მაგ ფერით ვერ გავამდიდრებ. ისიც გამიგია, საფლავს ხელს თუ ახლებ, აუცილებლად ოჯახიდან ვინმეს წაიყვანსო. რა მაგის პასუხია და    ერთი რამ თვალში საცემი გახდა დიდი ხანია, რაც აქედან გადავიკარგე – დღეს უბანში რომ ჩამოვიარე, უბნელებს ნაგაზები ჰყავთ აშვებული.

სერჟანტი – ჩემი ხელი აკლიათ.

პილონი – ეტყობა, ქურდობა და ძარცვა ისე მძვინვარებს, ადამიანებმა გამოსავალი მოძებნეს.

სერჟანტი – ძაღლების გამაოგნებელი ყეფა აქაც ძალიან ისმის.

პილონი – არადა, სულ რაღაც ამ თხუთმეტი წლის წინ ფანჯრებს, სახლის კარს ან ჭიშკარს ვინ კეტავდა? იყო, რასაკვირველია, წვრილმანი ქურდობები. როგორ არ იყო? მაგრამ… აი, ის იტალიელი პოლიციელი რომ იყო, ისიც შენსავით წუწკი და დაუნდობელი იყო. ერთხელ მე და დენიმ ქალაქში ფოსტის წინ ვიხულიგნეთ, ნასვამები ვიყავით და დაგვიჭირა, სამი დოლარი მომეცით და გაგიშვებთო. ჩვენც ბევრი ვევაჭრეთ და ერთ დოლარამდე ჩამოვიყვანეთ. მერე ორივემ მის თვალწინ ჯიბეები გადმოვიბრუნეთ. რომ დარწმუნდა, ცენტიც არ გაგვაჩნდა, იმ ახვარმა ოცდაათი დღით გვიკრა თავი ციხეში. საკანში პირი გვიშრებოდა, თითქოს შაბი ამოგვისვესო. დენიმ ოცნება დაიწყო, როგორც იცოდა – პილონ, ახლა ღვინის წვიმა რომ წამოვიდეს და მთელი დღე იწვიმოს, არ გინდა? თანაც დიდ ცისტერნებს ვავსებდეთო. გავუჯავრდი, რას ამბობ-მეთქი, გარეთ ღვინის წვიმა რომ წამოვიდეს და მე ამ ბნელ საკანში ვიყო, ხომ გამისკდა გული. არასოდეს მყვარებია უაზრო ოცნება, მაგრამ დენის ხათრს როგორ გავუტეხდი? ისე დავსველდით, სულ მთლად გავილუმპეთ. აი, რომ გამოიდარა, უფრო სწორად, დენი ოცნებისაგან რომ დაიღალა, გეფიცები (პირჯვარს გადაიწერს) გვეშველა, პირი ისე აღარ გვიშრებოდა. რომელი ერთი გავიხსენო (პილონი მაყურებელს მიმართავს).

პილონი – დენის წასვლით ამ ქვეყნიდან ჩვენი სამეგობროც დაიშალა. რა დაეტაკა ასეთი? ავადმყოფობამ როგორ უცებ მოაქცია თავის კლანჭებში. დილით ეზოში, სავარძელში ჩაძინებულს, მზის სხივი დასთამაშებდა სახეზე (პილონი თავს გააქნევს). სულ მეგონა, სამეგობროს ღერძი მე ვიყავი; თურმე, ვცდებოდი. ეჰ, დენი, დენი (აქვითინდება). გაგვთვალეს, გაგვთვალეს. თვალის ძალიან მჯერა. ბავშვობაში ბაბუაჩემმა მასწავლა, დილით პირველი ადამიანი როგორც კი შეგხვდება, ჩუმად, შენთვის, სამი თითის კომბინაცია გააკეთეო. აი, ასე, ბაბუას რჩევა ხშირად მახსენდებოდა. წარმოიდგინე, დენის არც ერთ მეგობარს თავშესაფარი არ გაგვაჩნდა. შეგვიკედლა. ერთ მშვენიერ დღეს მოულოდნელად ანდერძით მამისეული სახლის მეპატრონე გახდა. მამამისი მაგარი ახვარი იყო, სიცოცხლეში ფეხებზე ეკიდა დენი. საშინელება დაგვატყდა, ორივე სახლი სულ რაღაც წელიწად-ნახევარში ხანძარმა შთანთქა და ფერფლად იქცა. დენი გამორჩეული იყო. ქალებსაც როგორც მოსწონდათ. მე საცოდავი მთელი ცხოვრება მეძებარი ძაღლივით დავძრწოდი სასმელი და დასაყოლებელი რომ მეშოვა. დენი უყვარდათ უბანში. რა დიდებულად დაასაფლავეს ტორტილა ფლეტელებმა, რამდენი ცრემლი გაჰყვა. შენც ხომ გახსოვს, სერჟანტო? მე კიდევ, მე უბედურს, ტანსაცმელი არ მქონდა, ხალხში რომ გამოვჩენილიყავი და ბუჩქებიდან ვადევნებდი თვალს დენის დასაფლავების პროცესიას. ბოზებმაც როგორ დაიტირეს (პაუზა). ძალიან გამიჭირდა და ჩემს სამშობლოში დავბრუნდი. სიზმრებმა გამაგიჟეს, სულ აქაურობას ვხედავდი. სხეულში სულს ძლივს ვამაგრებდი. აი, ჩამოვედი. თითქოს ვინმე მელოდა. აქ კი დრო გაყინული მეჩვენა. ისევ ის დაბრეცილი მტვრიანი ქუჩები, აქა-იქ ბოძებზე შერჩენილი ჩამტვრეული ფარნები. ყველას და ყველაფერს გაჭირვებისაგან სახე ჩამოსტირის.   ამდენი უმუშევარი პაისანო ისევ ისე დაძრწის – იტალიელები, პორტუგალიელები, კავკასიელები და ვინ ოხერს ან რა რჯულის ადამიანს არ ნახავ, ბედის საძებნელად რომ ჩამოყრილან მონტერიეში ჩემსავით. კალიფორნია! კალიფორნია! (არტისტული ჟესტით წარმოთქვამს ხმამაღლა) მისი უძველესი ქალაქით – მონტერიე რომ ჰქვია. რა ლამაზად ჟღერს არა? (ჩაფიქრდება და ღიმილი გადაჰკრავს) ერთმა კავკასიელმა პაისანომ იცოდა – ხვიშტი (სამი თითის კომბინაციას გააკეთებს); რა ერქვა, აღარც კი მახსოვს (ჩაფიქრდება) ამ ბოლო დროს მეხსიერება მღალატობს და ცალ თვალზე ბინდიც კი მეფარება. უკაცრავად, მაგრამ მეფსმება (გვერდზე გაიწევა, თანაც სერჟანტთან საუბარს განაგრძობს). იმ იტალიელი სერჟანტის გვარიც   გავიხსენე – ტიტო რალფი, ტიტო რალფი… არც ისე ცუდად არის ჩემი მეხსიერების საქმე (შარვალს იბნევს და სერჟანტის საფლავს უახლოვდება).  მეხსიერება თუ დავკარგე, ჩემსა და შენს შორის რაღა განსხვავება იქნება? მიწის ზემოთ მკვდარი გაცილებით საცოდავია. საუბარი გამიგრძელდა; წავედი, წავედი. დამლაპარაკებელი მეც მენატრება. ერთფეროვანმა დღეებმა დამღალა. ხანდახან ისე მჭირდება ცხოვრებაზე ვინმეს აზრი გავუზიარო, მაგრამ (მხრებს იჩეჩს)… ოჰ, დენი, შენი ფასი არ მცოდნია. შინაურ მღვდელს ხომ შენდობა არა აქვს? ასეა, ასე. არც კი ვიცი, დიდი ჯო, პაბლო, მეკობრე და მისი ძაღლები, ხესუს მარია ცოცხლები არიან თუ – მკვდრები (არაყს გადაჰკრავს. ხელის ქნევით სერჟანტის საფლავს ემშვიდობება); საღამო ისე ახლოვდება, როგორც სიბერე ეპარება ბედნიერ ადამიანს (ფეხს წამოჰკრავს, წაიბორძიკებს. ქალის ბიუსტს თავს მიარტყამს. არყის ბოთლი ხელიდან გაუვარდება, დაეძებს, იპოვის. შუბლზე ხელს მიიდებს); ნეტა, ვის საფლავთან უნდა დამელია სული? (ბიუსტს ახედავს, წარწერის წაკითხვა უჭირს, თვალებს არ უჯერებს. გაოცებისაგან აღმოხდება) დორა?  (სინათლის სხივი ქალის ბიუსტს ეცემა, რომელიც თითებს უკვირდება და თავისთვის ჩურჩულებს). დ ო რ ა?! ნამდვილად დორაა, საროსკიპოს მეპატრონე – დორა უილიამსი (წარწერას ერთხელ კიდევ ხმამაღლა ამოიკითხავს).  დორა უილიამსია. აბა, ამოდენა ძუძუები სხვას ვის ექნებოდა   ტორტილა ფლეტში? (პილონი შარვალს დაიფერთხავს, თმაზე ხელს გადაისვამს, დორას მორცხვად ახედავს) დორა, ერთხელ ნამყოფიც ვარ შენთან – საროსკიპოში (მორცხვად ელოდება დორას რეაქციას. დორა არ აქცევს ყურადღებას და თითებს უკვირდება).

დორა – ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ. ვ უ ყ ვ ა რ ვ ა რ!  სხვათა შორის, ქალებს კაცები აბოზებენ და თავიანთ სისუსტეს ჩვენ გვაბრალებენ. არც ერთ ქალს არ უნდა, კახპა იყოს (პაუზა). ვიფიქრე, ვიპოვე მამაკაცი, რომელსაც ხელს არ გავუშვებ-მეთქი. დავბანე, ვაჭამე. სული რომ მოითქვა და კაცს დაემსგავსა თვე-ნახევარში, ჩემი საროსკიპოს მეძავთან მიღალატა. თან ვის? მე – დორა უილიამსს. ოჰ, უმადურობავ! . . .

პილონი – მივხვდი, ვისზეც ლაპარაკობ, კავკასიელ პაისანოზე…

დორა – სადღაც ჩაკვდა. მაგრამ გულიდან მაინც ვერ ამოვშანთე, ისე მყავდა ჩაკერებული. კაცი მე არ გამაკვირვებდა, მაგრამ ჟორჟი სხვა იყო. როგორ უყვარდა ჩემი ცხვირის ნესტოები. ნერვიულობისაგან ადამიანს ყველაფერი უბედურება შეიძლება გაგიჩნდეს. მაგრამ გული არ მწყდება. ცოტა ხნით, სულ რაღაც სამი კვირით ქალი ვიყავი. დანარჩენი ცხოვრება, 13 წლიდან, საფერფლე, ათასი რჯულის კაცის ხვაშიადის ჩამქრობი.

პილონი – ეგ ბიუსტი, ალბათ, ბოზებმა დაგიდგეს… ცოცხალივითა ხარ.

დორა – არ მეკუთვნოდა ან არ დავიმსახურე?!

პილონი – გეფიცები, მე უკვდავი მეგონე. მშვიდად იძინე! ნაშრომი ქალი   ხარ (არაყს გადაჰკრავს, ტუჩებს შეიშრობს და საფლავს გასცდება). დორას თუ რამე წააქცევდა, ვის შეეძლო, წარმოედგინა. დოლს არ მოხვედრია იმდენჯერ, რამდენჯერაც დორას, მაგრამ. . .

დორა – პ ი ლ ო ნ!!!     

(პილონი გაშეშდება. საბრალო სახით აღმოხდება)

პილონი – რად მიხმობ, დორა?   (უკანა სვლით, ზურგით, დორას ბიუსტს უახლოვდება. თითქოს რაღაც უხილავი ძალა ექაჩება. შემოტრიალდება); ეგრე გეთქვა. როგორ ვერ მოვისაზრე (არყის ბოთლის პირთან მიტანას დააპირებს და ჰაერში გაუშეშდება); დორა, რაშია საქმე?

დორა – დაასხი, შე, ღორო!

პილონი – ეს როგორ დამემართა (საფლავზე შეეცდება დაღვაროს სასმელი, მაგრამ წვეთი აღარ არის. წვალობს და შეშინებული ახედავს დორას. ბოთლს მოისვრის. ხელს ყურთან მიიტანს). ცოტა ხმამაღლა. არ მესმის, დორა. სანთელი დაგინთო? საიდან გავაჩინო. ო, დორა, დორა, გულთმისანი ხარ! (პილონი გულის ჯიბიდან უკმაყოფილო სახით სანთელს ამოიღებს) დენის საფლავზე მინდოდა, დამენთო, მაგრამ არა უშავს, არა უშავს (დაიჩოქებს და სანთელს აანთებს).

დორა – ხედავ როგორ იწვის სანთელი?

პილონი – ვხედავ, ვხედავ. ალს თავისი შუბი ზეცისკენ აქვს მიმართული. მხატვრები და მწერლები ასე იწვიან, უკვდავებას რომ ეზიარონ.

პილონი – არ ვიცოდი.

დორა კავკასიელი პაისანო პოეტი იყო, ლექსიც მომიძღვნა.

პილონი – პ ო ე ტ ი? ის კი მახსოვს, თავის ქვეყანას რომ მისტიროდა, უყვარდა ღელესთან მარტო ჩამოჯდომა და გულდათუთქული ლექსების კითხვა. გუბე ზღვასავით ეჩვენებოდა. მაშ, პოეტობდა, არა?   

დორა – ჟორჟ! ჟორჟ! ჩემო მკვლელო და დამფუფქველო.

პილონი – შენ რომ გამოაგდე, ერთი ორი ღამე დენის სახლშიც შევიფარეთ.

დორა – რას ამბობდა ჩემზე? მითხარი; არ დამიმალო.

პილონი – შენზე (პაუზა)… ამბობდა, დორა თუ არ შემირიგდება, დავიღუპებიო. ადამიანს თავის თავის უნდა ეშინოდეს. ვინ გიმტრობს ისე, შენ რომ უმტრობ საკუთარ თავს?  ახლა მე წავალ, დორა.

დორა – ჯერ იმღერებ!

პილონი – გეფიცები, დენიში გეშლები; ჩემს სიცოცხლეში არ მიმღერია; სამღერლად საქმე არასოდეს მქონია. მერედა, სასაფლაოზე სიმღერა ვის გაუგია?

დორა – იმღერებ!

პილონი – თავზარდაცემული ვარ, შენ მიწაში უნდა იწვე და მე ცოცხალი   ვიყო?

დორა – ეს განგების შეცდომაა, მაგრამ ამას არაფერი ეშველება. ჩემს თხოვნას, გნებავს, ბრძანებას შეასრულებ!

პილონი – მემღერება ახლა მე? გინდა, დორა, აქედან პირდაპირ წმინდა კარლოსის ტაძარში გავიქცე და ბევრი სანთელი დაგინთო?

დორა(დორა მკერდს მოიშიშვლებს) პილონ, მკვდარი რომ არ ვიყო, ამდენს ხომ არ მახვეწებდი?

პილონი – ბინდდება, დორა; თანაც შიშისაგან, შეიძლება, აქვე შევრცხვე.

დორა – ამოიღე!

პილონი – რა ამოვიღო, დორა, შიშისაგან ისეა დაპატარავებული, ამის მოძებნა არ გინდა? ფეხებიც აღარ მემორჩილება. შემიცოდე, დორა!

დორა – ამოიღე!

პილონი – მანდ მეზობლები არა გყავს, გული რომ გადააყოლო? თუნდაც სერჟანტი (დორა შეაფურთხებს, პილონი იწმენდს). არადა, სიცოცხლეში შეგეძლო, ნისიად მეც მიგეღე ერთხელ მაინც შენს საროსკიპოში.

დორა – უფულოდ?!

პილონი – დენის ხომ სწყალობდი?

დორა – დენი სხვა იყო.

პილონი – ვიცი, სხვა რომ იყო. მეკობრე ფულს აგროვებდა, მოვპარე და ერთხელ შენს საროსკიპოში კაცურად მეც შემოვედი (გაისმა ძაღლის ყეფა). რა ნაცნობი ხმაა (ყურთან ხელს მიიდებს, სახე გაუნათდება). ღინღლას ხმაა, მოიცა, მოიცა, არა, არა, ეს პიხარიტოა, მეკობრის ძაღლი. შეიძლება, მეკობრეც აქ იყოს ან მკვდარი, ან – ცოცხალი. თუ ცოცხალია, უსიკვდილოდ დენის საფლავთან იქნება. პიხარიტო, პიხარიტო, აქეთ, აქეთ, პილონი ვარ! რამდენი ამაგი მაქვს შენზე (ძაღლის ყეფა შეწყდება).   ამაგი ვის დაუფასებია, მე რომ დამიფასდეს? (დორას ბიუსტს გულმოული გახედავს) დორა, შენ აუკრძალე პიხარიტოს ჩემთან მოსვლა! არ არსებობს, ჩემი ხმა გაეგონა და აქ არ გაჩენილიყო. ლუკმას ვუყოფდი. ცუდად რომ იყო, ღამეებს ვუთენებდი და ჩემს კალთაში ეძინა. მართალია, ღარიბი ვარ, ზომაზე მეტად მიყვარს სმა, მაგრამ მეც გამაჩნია ღირსების გრძნობა. გტოვებ, იძინე მშვიდად. შენ ამის უფლება მოიპოვე. თუმცა, გაგიმეორებ, სიცოცხლეში შეგეძლო, ერთხელ მაინც ნისიად მეც მიმეღო სიამოვნება შენს საროსკიპოში (გაისმის შრიალის ხმა. პილონი შიშისაგან დორას ჩაეკვრება; დორა ხელს ჰკრავს, განდევნის. დაეცემა. თეთრ ზეწარშემოხვეული მადლენი ბალერინას სვლით პილონს უახლოვდება, მხარზე ხელს ნაზად დაადებს, პილონი უკვირდება). მ ა დ ლ ე ნ? (მადლენი ხელს გაუწვდის და წამოაყენებს. პილონი აქვითინდება. მადლენი თითებით ცრემლს შეუშრობს). მაპატიე, მადლენ, მაპატიე.         

მადლენი – გაპატიებ, პილონ, გაპატიებ, მაგრამ მე რომ არასდროს არავინ არაფერი მაპატია?

პილონი – იმ დღეს დორას საროსკიპოში შენი ვარდისფერი ლიფი მე მოვიპარე.           

მადლენი – ალბათ, მხოლოდ კეთილი განზრახვით.    

პილონი – რასაკვირველია, კეთილი განზრახვით. დენის მორიგი ქალისთვის საჩუქარი სჭირდებოდა; ფული არ ჰქონდა, ხელდამშვენებული რომ წასულიყო (პილონი თავში წაიშენს ხელს. მადლენი აქვითინდება).

მადლენი – ო, ჟორჟ, როგორ გაფრთხილებდი, სიყვარულს მალვა უნდა-მეთქი. არ დამიჯერე და დორამ ორივე დაგვსაჯა.          

პილონი – შრომობდი პატიოსნად, შენს სხეულს ყიდდი.

მადლენი – ოჯახს ვარჩენდი.

პილონი – ჩვენს დროში ოჯახის რჩენა დიდი საქმეა.

მადლენი – დედაჩემის ძროხას რძე რომ გაუშრებოდა, მშივრები ვეყარეთ. 

პილონი – მისის პოლოჩიკო ცოცხალია?

მადლენი – მაგას რა მოკლავს?

პილონი – ის ცოცხალია და შენ კიდევ… რა მაგის პასუხია და მისის პოლოჩეკო რძეში ძალიან ბევრ წყალს ურევდა. ეგეც ცოდვაა ერთგვარი.

მადლენი – დორამ საროსკიპოდან რომ გამომაგდო, დედაჩემმა სახლში აღარ შემიშვა.

პილონი – ინერვიულებდა, სამსახური რომ დაკარგე. შენ არ იდარდო… იმ ვარდისფერ ლიფს ვინმე მიცვალებულის ხელით აუცილებლად გამოგიგზავნი, ფულს რომ ვიშოვი.

მადლენი – კარგი იქნება.

პილონი – რომ იცოდე, სიტყვის კაცი ვარ. 

მადლენი – სანთელსაც დამინთებ?

პილონი – აუცილებლად დაგინთებ. ახალგაზრდობაში მღვდლობა მინდოდა; შენ წარმოიდგინე, მონტერიეს კალენდარში ერთი წმინდანი გაჩნდებოდა, მაგრამ არ ისურვეს (პილონი ზეცას გახედავს). კიპარესობამდე გამაცილებ? მადლენ, შენ ცახცახებ?

მადლენი – დორას ჟორჟთან რომ არ შევესწარი, დღესაც ცოცხალი ვიქნებოდი; მიზეზად კი ლიფის დაკარგვა გამოიყენა.

პილონი – დორა როგორი აფთარია, კარგად ვიცი, მაგრამ ამ შემთხვევაში მართალია; ჟორჟი დაბანა, ასვა, აჭამა, თან აკვდებოდა. კინწისკვრით გამოგყრიდათ, აბა, რას იზამდა? ღალატს ვინმეს შეარჩენდა?

მადლენი – ჟორჟი ჩემზე გიჟდებოდა.

პილონი – ჟორჟი ყველაზე გიჟდებოდა; აბა, დორას ჰკითხე. დენის ლიფის მოპარვის ამბავი რომ მოვუყევი, გამიბრაზდა, მაგრამ საჩუქრად მაინც წაიღო. ღმერთო, დიდი და პატარა ცოდვის გარჩევა უნდა შეგეძლოს. აბა, აქლემის და ნემსის ქურდი ორივე ქურდი როგორ არის? ნემსის ქურდს ცოტა შეღავათი არ ეკუთვნის? მადლენ, რატომ შეჩერდი? (მადლენი საფლავთან აქვითინდება და ცახცახებს)

პილონი – ვისი საფლავია, მადლენ? (მადლენი საფლავის ირგვლივ ცეკვას იწყებს) მადლენ, სასაფლაოზე ცეკვა ვის გაუგია?

მადლენი – ჟორჟ, განა შენ არ მასწავლე, „უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაჰქრის“?

ჟორჟი – იკითხე მგლის თავზე სახარება.

პილონი – მადლენს უყვარხარ.

ჟორჟი – მე ვუყვარდი და შენ ხმარობდი.

პილონი – მე მხოლოდ ერთხელ; ვიფიცებ, რაც კი გამაჩნია.

ჟორჟი – შენ ხომ არ გგონია, პირველად გავაგდე? სულ აქ არის ჩამომჯდარი; აქაც არ მაყენებს. წადი, მადლენ. ამ კაცთან საქმე მაქვს და როცა დაგიძახებ, მაშინ მოდი.

მადლენი – არ მატყუებ?

პილონი – წადი, მადლენ. აუცილებლად დაგიძახებს!  (მადლენი ცეკვაცეკვით გაქრება)

ჟორჟი – მიჭირს, ძმა; შენ უნდა მიშველო.

პილონი – მე როგორ გიშველო? მიცვალებულების შველა რომ შემეძლოს, წმინდა კარლოსის ტაძარში მეფესავით მაცხოვრებდნენ.

ჟორჟი – კაცური სიტყვა მომეცი და საქმეს მოგცემ. ძმაო, გინდა, განძი გაპოვნინო?

პილონი – განძი?

ჟორჟი – ძმა, მომხედე, ღამე უნდა გაათენო სასაფლაოზე. კარგად დაიმახსოვრე.

პილონი – ვიმახსოვრებ.

ჟორჟი – ამაღამ, ძმა, წმინდა ენდრიუსის დღესასწაული იწყება. ზეციდან სულები ჩამოდიან და თავიანთ დაფლულ განძს უთვალთვალებენ. ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი და ჩემი სული შენს ხელშია. გამდიდრება არ გინდა?

პილონი – მეც გაგონილი მაქვს, მტრები ამ ორასი წლის მანძილზე მონტერიეს რომ შემოესეოდნენ, ქალაქის მაცხოვრებლები, თურმე, ტყეში მალავდნენ განძს. ნუთუ ეს მართალია?

ჟორჟი – დორაია ბოზი ხომ გახსოვს? იმისაგან მაქვს გაგონილი. აზრს ნუ მაწყვეტინებ, დრო არა გვაქვს. ძმა, თუ გეშინია, ტყუილად ნუ „მაბაზრებ“.

პილონი – რა დროს შიშია? ნუ გეშინია, განძი თავგზას არ ამირევს. მერე რა, რომ მთელი ცხოვრება სიღარიბეში გავატარე.

ჟორჟი – არ გინდა ახლა „ტუფტა ბაზარი“. წერაქვს კარგად იყენებ?

პილონი – ჯარში საომრად რომ ჩავეწერე, იარაღის მაგიერ ბარი შემომაჩეჩეს.

ჟორჟი – ადექი!

პილონი – საით წავიდე?

ჟორჟი – მარჯვნივ გადადგი ხუთი ნაბიჯი და დორაია ბოზის უკან რომ საფლავია, მოფარებულში, იქ გაჩერდი.

(პილონი ასრულებს ჟორჟის დავალებას).

პილონი – რა მაგარი ხარ, ჟორჟ, ვიპოვე.

ჟორჟი – სულებმა არ დაგინახონ, ბორიალს რომ დაიწყებენ. დაბრუნდი და კარგად გადააფარე მადლენია ბოზმა რომ გესროლა, ის.

(პილონი ასრულებს ჟორჟის დავალებას).

ჟორჟი – მომხედე, ძმა, ახლა გამხმარი ხის ტოტისგან ჯვარი გააკეთე.

პილონი – ნახე, რა ლამაზია, როგორ ციმციმებს აქაურობა.

ჟორჟი – არ გინდა „ლიშნი ბაზარი“, ზოგიერთი სული უკვე დადის.

(პილონი გამხმარი ხის ტოტებისაგან ჯვარს გააკეთებს. გაისმის მუსიკის ხმა და სცენაზე ჩნდებიან ზეციდან ჩამოსულები. წყვილები, ზოგიც მარტოსულია, მიდიან თავიანთ საფლავებთან; დახედავენ, ლოცულობენ).

ჟორჟი – ნისლოვან სვეტს ხედავ?

პილონი – მქრქალად რომ ანათებს?

ჟორჟი – ჯვარი კარგად გიჭირავს?

პილონი – ხელიდან ვერავინ გამაგდებინებს!

ჟორჟი მეორე ხელში წერაქვი დაიჭირე!

პილონი – არის! (პილონი ნელი ნაბიჯით უახლოვდება სვეტს. სვეტი გაქრება. ფეხს ღრმულს დაადებს და ჩუმად წარმოთქვამს) ჟორჟ, ღრმული ვიპოვე.

ჟორჟი – წრე შემოხაზე!

(პილონი მიმოიხედავს და ხის ტოტს იპოვის. წრეს შემოხაზავს)

ჟორჟი – დაჯექი და სანამ მონტერიეს პირველი მამალი არ დაიყივლებს, ხელი არ უნდა გაანძრიო. წერაქვი მაშინ უნდა დაჰკრა, მამალი პირველად რომ დაყივლებს; გახსოვდეს, ყივილს არც უნდა დაასწრო და არც – დააგვიანო, ჩაგვეშლება.

პილონი – განძის პატრონი რომ დამადგეს, რა ვუთხრა? ხომ ხედავ, ზემოდან რამდენია ჩამოსული.

ჟორჟი – ხშირად გაიმეორე – უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო,  შემიწყალე მე ცოდვილი და მახარე. „მახარე“  არ დაგავიწყდება?

პილონი – არ დამავიწყდება, მაგრამ არ შეიძლება, რომ ჩამოვჯდე, სანამ მონტერიეს პირველი მამალი დაიყივლებს?

ჟორჟი – ჩამოჯექი! 

პილონი – პირი მიშრება, ჟორჟ. ერთი კითხვა მაქვს, რით დავიმსახურე ასეთი ნდობა? ამოდენა საიდუმლო რატომ გამანდვე? მეგობრობის ფასი ვიცი… ოჰ, დენი, დენი… შენ არ იცი, ჟორჟ, რა მეგობარი   დავკარგე. დენი და ჩემი სამეგობრო აქ დიდი განძი იყო ჩემთვის.   ერთი ტომარა განძი ვერ შეცვლის იმ სიყვარულს. ბევრჯერ გვიჩხუბია, წავკამათებულვართ, მაგრამ ერთ მუშტად ვიყავით შეკრულნი. დორამ რომ გამოგაგდო, ხომ გაგიმართეთ შენც ხელი? ლუკმას გიყოფდით. მერე დაგვეკარგე. მაინც სად არის შენი სამშობლო (პაუზა).

ჟორჟი – ორ ზღვას შუა.

პილონი – მიამბე შენზე!

ორჟი – იმ ნაბოზვარმა ჰიტლერმა ომი რომ დაიწყო, ომში გამიწვიეს. ბელორუსიაში წინა ხაზზე ვიბრძოდით. სოფელი გერმანელებმა აიღეს და ჩემი ფეხით ჩავბარდი ტყვედ.

პილონი – რომ დაეხვრიტეთ?

ჟორჟი – საქსონიის შვეიცარიაში ამოვყავი თავი. ცხვრებს ვუვლიდი. ერთხელ უფროსს „ჩაქაფული“ გავუკეთე ცხვრის ხორცისაგან – ჩვენებური, კავკასიური. გაგიჟდნენ  „ნემცები“ და დავერიეში“  შევედი.

პილონი – ცხვრის ხორცისაგან ჩვენც ვაკეთებთ კერძებს.

ჟორჟი – მოკლედ, ბრატ, გერმანელებთან ერთად დავიპყარი საფრანგეთი. ერთი  ფრანგი პატრიოტი ქალი გამეჩითა, მაგარი ნაშა“  და ამირია აწყობილი   ცხოვრება.

პილონი – გამიგია, ფრანგებს ლამაზი ქალები ჰყავთო; მე არც მინახავს და არც  გამისინჯავს.

ჟორჟი – თქვენ დორაიას და მადლენია ბოზის გარდა ვინ გინახავთ? „კაროჩე“,  პატრიოტმა ფრანგმა ქალმა „შემახვია“ და ჩაქაფულით დავწამლეთ შტაბის უფროსობა. სად მქონდა ჭკუა? საათივით მქონდა საქმე აწყობილი.

პილონი – რა გაბედული ხარ, ჟორჟ!

ჟორჟი – საფრანგეთში აღარ დამედგომებოდა და ამერიკაში, კალიფორნიაში ამოვყავი თავი. მონტერიე „დამევასა. საპორტო ქალაქია. ბევრი მიდი-მოდია. ბავშვობაში ზღვაზე ხშირად ვიყავი – დედულეთში – ფოთში. დედაჩემი ქუთაისში იყო გამოთხოვილი – საფიჩხიაზე.

პილონი – ჟორჟ, როდის დაიყივლებს მონტერიეს პირველი მამალი?

ჟორჟი – რაც ასაკი მომემატა, ოცი წელია აქ ვაგდივარ, სულ მეტირება.

პილონი – მე კიდევ ჩემს სამშობლოში, მექსიკაში წავედი და ვერ გავჩერდი. გული აქეთ მიწევდა, ვითომ ვინმე მელოდებოდა.

ჟორჟი – ბოზის შვილი ვიყო, საქართველოში რომ ვინმე გადამასვენებდეს, აქეთ თუ გამოვიხედო.. ძმა, განძს რომ იპოვი, ჩემს ძვლებს ყუთში ჩადებ და ჩემს სამშობლოში წაიღებ?

პილონი – არ მესმის…

ჟორჟი – არ გესმის კარგია; ამოდენა განძს გაძლევ, სიმონ; თავი არ მომაკვლევინო. მოგისევ მაგ სულებს, მანდ რომ დაბორიალობენ და გაგაქრობენ. არ მესმისო… ეს რა თქვა?

პილონი – ერთი რამ არ მესმის, სულ ერთი არ არის, მიწაში სად იქნები?

ჟორჟი – თავი არ მომაკვლევინო, ძმა!

პილონი – ნუ ნერვიულობ, აუცილებლად შეგისრულებ თხოვნას, მაგრამ შენს სამშობლოში როგორ უნდა მოვხვდე? 

ჟორჟი – თურქეთში ჩახვალ; იქიდან – ტრაპიზონში.

პილონი – თურქეთი და ტრაპიზონი არ გამიგია, მაგრამ მივაგნებ.

ჟორჟი – ტრაპიზონიდან ჩახვალ სარფში. იქიდან –  ქუთაისში და იკითხავ საფიჩხიის სასაფლაოს.

პილონი – ტვინი ამერია.

ჟორჟი – მე შენ მოგცემ ტვინის არევას! კალიფორნია, მონტერიე, ტორტილა ფლეტი გაგიგია?!

პილონი – როგორ არ გამიგია?

ჟორჟი – დაიმახსოვრე: საქართველო, ქუთაისი, საფიჩხია.

პილონი – გავიგე. საქართველოში ვინ შემიშვებს?

ჟორჟი – ქრთამი, ძმა, ჯოჯოხეთს ანათებს. ამოდენა განძის პატრონს ერთი ყუთის ჩატანა უნდა გაგიჭირდეს? საფიჩხიის სასაფლაოზე მესაფლავეს მოელაპარაკები; ეკლესიის წინ წყალწითელას ხეობას გადაჰყურებს დედაჩემის და მამაჩემის საფლავები – შიო და ანეტა ბოგვერაძეების; იქ დამმარხე.

პილონი – მაინც არ მესმის, რატომ წვალობ? აქ რა გაწუხებს?

ჟორჟი – ვერ გავთბი, მცივა და სულ წყალში ვარ (პილონი მხრებს იჩეჩს). მადლენას და ჩემი დონარას ცრემლებმა სულ დამალპო.

პილონი – დორას ცრემლმა?

ჟორჟი – დონარას, დონარას! ნაშა“ მყავდა, კვერცხს რომ გაფცქვნი, ისეთი. გიტარასავით ტანი ჰქონდა. ცოლად უნდა მეთხოვა.

პილონი – ისიც გარდაიცვალა?

ჟორჟი – აბა, ცას ხომ არ გამოეკერებოდა?

პილონი – გეთხოვა თუ უყვარდი; ოჯახი, შვილები მაინც დაგრჩებოდა. შენც ჩემი ბედის ყოფილხარ – მარტოსული.

ჟორჟი – დღე-დღეზე უნდა მომეყვანა ცოლად და იმ ნაბოზვარმა ჰიტლერმა ომი დაიწყო. დაგელოდებიო და ჩემს ძმაკაც გრიშაიას არ გაუჟიმავს?

პილონი – რა იცი?

ჟორჟი – დედაჩემმა მომწერა ფრონტზე – დონარა გაბოზდაო და მეც ამერია ტვინი და ქე ხედავ, სადაც ვარ.

პილონი – ადამიანები შეიძლება, შეცდნენ, მაგრამ პატიება უნდა შეგეძლოს; დორას ბრალი არ იყო.

ჟორჟი – დონარა, დონარა! დორაია ბოზს ადარებ?

პილონი – როგორც დედაშენმა მოგწერა, დონარა გაბოზდაო. რა განსხვავებაა ჩვენს უბნელ ფლეტელ ბოზსა და საფიჩხიელ ბოზს შორის, ვერ გამიგია.

ჟორჟი – ჩვენებური ბოზები უფრო კდემამოსილები არიან.

პილონი – არ მესმის!

ჟორჟი – რა არ გესმის?

პილონი – მადლენი ბოზია და დონარა – არა?

ჟორჟი – მადლენიას დონარას ადარებ?

(გაისმის სევდიანი სიმღერის ხმა)

ჟორჟი – დაიწყო…

პილონი – რა დაიწყო?

ჟორჟი – ჩემ გარდა არავის ესმის. საფიჩხიის სასაფლაოდან მეძახის დონარა. დამტირის. გაივსება ახლა საფლავი წყლით.

პილონი – ჟორჟ, ფხიზლად, მამლის ყივილი არ გამოგვრჩეს. რა დროს დონარას დატირებაა.

ჟორჟი – თუ დაიწყო, ვერ გააჩერებ. სიცოცხლეშიც სატირალში დაჰყავდათ, თურმე. გამხმარ ხესაც ისე იტირებდა და ატირებდა ხალხს, მდინარეები დიდდებოდაო.

პილონი – გავდევნოთ დონარა. სიფხიზლეს მოგვიდუნებს.

ჟორჟი – დონარა, მაინც არ გითხოვდი.

პილონი – რატომ? როგორ ჰყვარებიხარ.

ჟორჟი – გრიშაიას ნახმარ ქალს ვითხოვდი?

პილონი – აღარ ამთავრებს?

ჟორჟი – ახალი დაწყებული აქვს.

პილონი – სამხრეთელებმა იციან რაღაც ამგვარი; შენს ქვეყანაში აყენებენ ღვინოს?

ჟორჟი – ღვინოს? მამაჩემი ჭაჭაზე სახმარ ღვინოს დააყენებდა, ტუჩს ვერ მოაცილებდი.

პილონი – დაიყივლე, მამალო. მგონი, ბედი უნდა გამეხსნას. დონარა, წადი გრიშასთან, გემუდარები და ჩამოვალთ მე და ჟორჟი საფიჩხიაზე.

ჟორჟი – ამთავრებს, ამთავრებს. აღარ უხსენო გრიშაია.

პილონი – ჟორჟ, ერთი შემომხედე და კარგად დამაკვირდი!

ჟორჟი – რა იყო?

პილონი – არ მომატყუო!

ჟორჟი – რა გინდა, თქვი!

პილონი – ცოცხალი ვარ? არა, კი ვიცი, რომ მკვდარი არა ვარ, მაგრამ, იქნებ, ვცდები…

ჟორჟი – ძმა, სიმართლე გითხრა, დიდი განსხვავება არ არის ჩემსა და შენს შორის, მაგრამ ცოტა უპირატესობა გაქვს. შანსი მოგეცი და თუ გამოიყენებ,  ჯერჯერობით დარჩი მაქეთ.

პილონი – ჰო, ასე აჯობებს.

ჟორჟი – აქ კარი მუდამ ღიაა. გააჩნია, სად მოხვდები.

პილონი – მაშ, ჯერჯერობით ცოცხლებში ვწერივარ, არა?

ჟორჟი – ცოცხლების სიაში კი წერიხარ, მაგრამ ცალი ფეხი ჩვენკენ გაქვს გადმოდგმული.

პილონი – ჟორჟ, ეს ჩვენი მამალი რაღაც იგვიანებს და არ ყივის…

ჟორჟი – ოცი წელია არ შეშლია მამალს ყივილი და რაღა დღეს გაუწყრება   ღმერთი?

პილონი – ვღელავ! ნახე, ალიონი როგორ ებრძვის ღამეს…

ჟორჟი –   ნუ ითარსები!

პილონი – არ ვითარსები, არა, მაგრამ განძი რაში ჩავყარო?

ჟორჟი – ნუ ღელავ; მისის ტორტელის საფლავთან აგდია ტომარა.

პილონი – რა წინდახედული ხარ. რაღა მის საფლავთან გაქვს ტომარა დამალული? ერთხელ მისის ტორტელას მტვერსასრუტი მოვპარე. ჟორჟ, წრიდან რომ გამოვიდე, შეიძლება? (პაუზა) ჟორჟ! ჟორჟ! გაბრაზდი? რატომ დუმხარ?

ჟორჟი – რაღაცაშია საქმე…

პილონი – გავგიჟდები, იცოდე!  (პილონი ზეცას გახედავს და ჩურჩულით ლოცულობს); არ ესმით ზეცაში ჩემი ვედრება… გავგიჟდები!     (პილონი წრიდან გამოსვლას დააპირებს და ვერ ახერხებს. თავში წაიშენს ორივე ხელს).

პილონი – ჟორჟ, რატომ არ ყივის მამალი? რატომ? რატომ?! (წერაქვს ხელს წაავლებს, მოიმარჯვებს, მიწას უნდა, რომ დაჰკრას და ხელი ჰაერში უშეშდება) დაიყივლე, დაიყივლე, მამალო!  (პილონი აქვითინდება).  მიწა წერაქვსაც არ იღებს.

ჟორჟი – ხარბი ხარ!

პილონი – ვიცოდი, ვგრძნობდი, ბოლომდე რომ არ მენდობოდი.

ჟორჟი – არ გაგიგია – ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო?

პილონი – პირი მიტეხე, ჟორჟ?! მე ხომ ერთგულების მეტი არაფერი ვიცი.

ჟორჟი – შენ დენისთანაც მიქარული გაქვს, ვიცი.

პილონი – მართალი ხარ; დენი რომ გავიცანი, თავის ძველ სახლში ერთი ოთახი თხუთმეტ დოლარად მომაქირავა.

ჟორჟი – და ქირას რატომ არ უხდიდი?

პილონი – იმიტომ, რომ დენი არ მთხოვდა.

ჟორჟი – დენისთვის თხუთმეტი დოლარი ვერ გაიმეტე და მე ერთი ტომარა განძი უნდა განდო?

პილონი – ჟორჟ, შარზე ხარ. რამ გადაგიტრიალა ტვინი? დენი თვალში რომ ჩამვარდნოდა, ხელს არ ამოვისვამდი.

ჟორჟი – მაგნაირები დორაია ბოზს მოუყევი.

პილონი – შე უღმერთო ჟორჟ, ვერ ვახერხებდი თხუთმეტი დოლარის შეგროვებას. გაჭირვებავ, მე შენი… (პილონს შეაჟრჟოლებს. მოეჩვენება მამლის ყივილი და წრეში ხტუნვას დაიწყებს) მამალმა დაიყივლა, მამალმა დაიყივლა!

ჟორჟი – იყივლოს რამდენიც უნდა. ეგ ის მამალი არ არის.

პილონი – გონს მოდი, რა დროს ხუმრობაა. არ გენატრება სამშობლო, ქუთაისი, საფიჩხია, დედულეთი, ფოთი? (დორა და მადლენი იცინიან; სერჟანტი სასტვენს ჩაბერავს. სულები პილონის ირგვლივ დახტიან. უნდათ, წრიდან გამოათრიონძაღლის ყეფა გაისმის. პილონი სულებს იგერიებს; ყეფის ხმა ძლიერდება).

პილონი – არ მომეკაროთ! არ მომეკაროთ! გამშორდით! აქ განძია ჩაფლული; უნდა ამოვთხარო; ჟორჟმა დამავალა. გამშორდით! გამშორდით!  განძს ვიპოვი, ვიპოვი! (სცენაზე პიხარიტო ყეფაყეფით შემოიჭრება. ყურადღებას არავის აქცევს, რამდენიმე ადგილს დაყნოსავს. ერთერთს მონიშნავს. პილონთან მიიჭრება, თათებით წრის ნაწილს მოშლის). პ ი ხ ა რ ი ტ ო, პ ი ხ ა რ ი ტ ო! (პიხარიტო, პილონს ანიშნებს, რომ წრიდან თავისუფლად შეუძლია გამოსვლა და მონიშნულ ადგილზე მიიყვანს. პილონი წერაქვს მოიმარჯვებს. პიხარიტო დაუყეფს და ანიშნებს, ამოთხრა დაიწყოს).   ჯერ ხომ იმ მამალს არ დაუყივლია? (პიხარიტო გაუღიმებს); ჟორჟ! ჟორჟ!

ჟორჟი – მოვკლავ პიხარიტოს!

პილონი – არც იფიქრო! ძაღლები გუმანით გრძნობენ ადამიანებს.

პიხარიტო – მე ძაღლი არა ვარ! უბრალოდ, გაძაღლებული ვცხოვრობ.

პილონი – პირველად გავიგონე შენი ხმა. ლაპარაკიც იცი? თუმცა, რა მიკვირს? მეც შენსავით გაძაღლებულად არ ვცხოვრობ.

(პიხარიტო მიწის ამოთხრას დაიწყებს; პილონი წერაქვს მოიმარჯვებს და მიწას დასცემს).

პილონი – მიწამ წერაქვი მიიღო; პიხარიტო, განძი თუ ვიპოვე, მონტერიეს ბაზარში ხორცის ყველაზე დიდ ნაჭერს გიყიდი (პიხარიტო ენით ტუჩებს მოიწმენდს). შენც დიდი ხანია ხორცი არ გიჭამია, არა?

(პიხარიტო აგრძელებს მუშაობას და თავის ქნევით ანიშნებს, რომ დიდი ხანია ხორცი არც მას უჭამია. პილონი ოფლს იწმენდს). გამამხნევე, განძს ხომ აუცილებლად ვიპოვით? მონტერიეში ლუდის დიდ ბარს გავხსნი და დენის სახელს დავარქმევ. ბაბუაჩემი, მართალია, ბრმა იყო, მაგრამ ბრძნული სიტყვების თქმა იცოდა. თავის შვილებს შეუძახებდა – ნუ გეშინიათ გაჭირვების, სიბნელისო და დაუმატებდა – სიბნელე განთიადია ჯერ შობილიო (პილონი ოფლს მოიწმენდს და ზეცას გახედავს). აი, ისე, როგორც ეს ღამე ებრძვის ალიონს.

ჟორჟი – პიხარიტო, სატანას მოგზავნილო!

პილონი – ჟორჟ, შენ ღელავ?

ჟორჟი – საქმე ჩემი მოცემულია, ძმაო!

პილონი – მერე რატომ დააპირე ჩემი გადაგდება? რა გაიხსენე? დენის ქირას არ უხდიდიო.

პიხარიტო – ადამიანებს ნუ აჰყვები, ძაღლად მაქციეს. ბნელ ოთახში დამაბეს და მიბრძანეს, დილამდე მეყეფა; ეს არ იკმარეს, დღის განმავლობაში უმოწყალოდ მამუშავებდნენ და თან მთხოვდნენ, გამუდმებით მეყეფა. ასე მივეჩვიე ძაღლურ ცხოვრებას. ტყვეობიდან გამოვიპარე. გახსოვს დენის ჭიშკართან რომ მიპოვე სიცხისაგან გათანგული? მიპატრონე. ღმერთი შენ არ გწამს, მაგრამ იმ ღამეს ღმერთს შესთხოვდი, პიხარიტო გადამირჩინეო. შენი ზეცაში გაგზავნილი ლოცვის სიტყვები კეთილად მიბრუნდებოდა, ყველა წამალზე უებარი იყო.

პილონი – პიხარიტო, სიკეთე, მართალია, გათითოკაცებულია, მაგრამ მაინც   ხომ არსებობს?

პიხარიტო – ერთმა ბრძენმა იცი რა თქვა?

პილონი – მითხარი, მითხარი!

პიხარიტო – ადამიანი ბინძური მდინარეა და ზღვა უნდა იყო, რომ შეიერთო და არ წაიბილწოო.

პილონი – ეს რა უთქვამს! არ ჩაქოლეს?

პიხარიტო – მან თქვა და გაიარა.

(პილონი და პიხარიტო განაგრძობენ მიწასთან ბრძოლას. პილონი შეცბება).

პილონი – პიხარიტო, პიხარიტო! (პილონი წერაქვს მოისვრის და მიწაზე დაემხობა) ვიპოვე! ვიპოვე! (ყუთს ფრთხილად ამოიღებს. თავს ახდის, მუჭით სამკაულებს ამოიღებს. მერე მზერას პიხარიტოზე გადაიტანს. პიხარიტო უღიმის). პიხარიტო, განძთან ერთად დენის საფლავიც მაპოვნინე? (პიხარიტო თავს უქნევს. პილონი მიწას დაემხობა და ორივე ხელს მიწას ურტყამს) დენი! დენი! შენ ხომ ჩვენი სამეგობროს ნამდვილი განძი იყავი.

(ამ ამბის შემყურე დორა, სერჟანტი, ჟორჟი, ოთხფეხა ცხოველების მსგავსად ხოხვით პიხარიტოსაკენ მიემართებიან, შეჩერდებიან, მუხლებზე დაჩოქილები მიმიკით, ჟესტიკულაციებით ევედრებიან, მათაც აპოვნინოს განძი. პიხარიტო შეშინებული შეჰყურებს მათ, გაქცევა სურს, შეუყეფს. სულები ყეფას ყეფითვე უპასუხებენ. პიხარიტო თავს დააღწევს, გარბის, ისინიც დაედევნებიან. პილონი წამოიწევს, მუხლებზე დაჩოქილი მზერას გააშტერებს).

პილონი – თუ სიბნელე განთიადია ჯერ არ შობილი, მაშინ რატომ არ შეიძლება, ამ ნანგრევებზე აშენდეს ღმერთის ქალაქი…

( ა რ დ ა)

Rezo Kldiashvili  – Pilon

The play  “Pilon” by Rezo Kldiashvili is based on the story “Tortilla Flat“ by John Steinbeck. It was staged at the Poti Valerian Gunia State Dramatic Theatre (Director-I. Gogia; 2007) and at the Student Theatre of the Georgian State Polytechnical University (Director-N. Butskhrikidze). “Pilon” (Poti theatre production) was invited at the Tbilisi International Theatre Festival in 2010; ‘’Pilon” (State Polytechnical University Student Theatre staging) was invited in Turkey at the Antalia art international Festival. The play was rewarded with different diplomas and prizes. At the American Studies annual 13th conference at the Tbilisi State University art critic Lasha Chkhartishvili spoke on “American -Georgian reality” based on John Steinbeck’s and Rezo Kldiashvili”s personages’ comparative analysis (May 17,2019). Rezo Kldiashvili’s play “Pilon “was translated into English. “Pilon” was performed by American actors in New York at the festival “The Contemporary Georgian Dramatic Art”.

I’d like to add something more…

Several years ago quite unexpectedly my friends called me from Antalia and let me listen to the applause coming from somewhere. One of them explained that they were at the theatre watching my “Pilon” (Student Theatre staging); and it was the end of the play followed by applause. I did hear. I was ceased by unexpected joy.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…