ნოდარ გურაბანიძის სტატია

მინიატურები. ეტიუდები. კურიოზები

,

აპოკალიფსის მრისხანე მხედრები

შავი ჭირის გამო (ჩვენში „სახადს“ რომ უწოდებდნენ) სასიკვდილო სარეცელზე მისვენებული დიდი ათენელის, პერიკლეს (თანამედროვენი „ოლიმპიელად“ მოიხსენიებდნენ) საწოლ ოთახში შეკრებილნი, გონიერებითა და სიქველით გამორჩეული სტრატეგოსები, რიტორები და ოჯახის მეგობრები ხმადაბლა საუბრობდნენ. იხსენებდნენ მისგან აღსრულებულ საქმეებს, ტრიუმფით დამთავრებულ ბრძოლებს, მის იშვიათ ნიჭიერებას სახელმწიფოს მართვისა და დიპლომატიის ასპარეზზე. ჭირისუფალთ ეგონათ, სული განუტევაო, დაკარგა ყველაფრის შეგრძნების უნარი და მათი ლაპარაკი აღარ ესმოდა, მაგრამ მოულოდნელად ჩაერია მათ საუბარში და გარკვევით წარმოთქვა – „მიკვირს ამდენს რომ მაქებთ და მოიხსენიებთ ჩემს იმ დამსახურებათ, რომელნიც, უბრალოდ, ბედთანაა წილნაყარი და უმალ მრავალ სხვა სტრატეგოსებსაც მიეკუთვნება, მაგრამ არაფერს ამბობთ უმშვენიერესსა და უდიდეს დამსახურებაზე, რომ ჩემი მიზეზით არც ერთი ათენელი შავ წამოსასხამში არ გახვეულა“. პერიკლეს ამგვარი ბრძნული სიტყვებით აღფრთოვანებული პლუტარქე თავის „პარალელურ ბიოგრაფიებში“ წერს, რომ ამას ამბობდა კაცი, „გამორჩეული ზომიერებით სიამაყეში და დიდსულოვნებით – ლმობიერებაში“.

ესოდენ ძლიერი ძალაუფლების მქონეს არასოდეს უზრუნია თავისი კეთილდღეობისთვის, არასოდეს ალაღებდა შურსა და რისხვას, ერთი დრაქმითაც კი არა, ერთი ობოლითაც (ფულის ყველაზე წვრილი ერთეული, დრაქმის მეექვსედი. ნ. გ.) არ გაუზრდია თავისი ქონება.

თუკიდიდე თავის „ისტორიაში“ (ეს არის პირველი ჩანაწერი შავი ჭირის შესახებ) შემაძრწუნებელი სიმართლით მოგვითხრობს ათენს თავდატეხილი უბედურებისა და ადამიანთა ტანჯვა–ვაების შესახებ. ბოლოსდაბოლოს, თუკიდიდეზე უკეთ ვის ეცოდინებოდა ამ სენის გამანადგურებელი შემოტევების ამბავი, რაკი მან საკუთარ თავზე გამოსცადა ეს საშინელება, მაგრამ გაუძლო და გადარჩა.

საბერძნეთის ქალაქ-პოლისებს შორის განგებამ სწორედ ყველაზე ხალხმრავალი, ყველაზე მდიდარი, ყველაზე დემოკრატიული და, ამავ დროს, ყველაზე ძლიერი არმიისა და ფლოტის მფლობელი – ათენი აირჩია.

პერიკლე მისთვის დამახასიათებელი შემართებით, მიზანდასახულობითა და იშვიათი სიმამაცით შეეცადა, შეეზღუდა შავი ჭირის გავრცელების საზღვრები, მაგრამ ამაოდ დაშვრა – ამ ბრძოლაში თვით დაავადდა. თუმცა, მას ჰქონდა გადარჩენის შანსი, მაგრამ სწორედ ამ დროს თავს დაატყდა მრავალი ძლიერი განსაცდელი: ჯერ იყო და პელეპონესის ომის შედეგად შექმნილმა ვითარებამ, ანუ ხალხის საყოველთაო უკმაყოფილებამ, ჯარისკაცთა და მეზღვაურთა შფოთმა მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მას. დემოსი ბრალს სდებდა პერიკლეს ომის დაწყებაში, ქურუმები ეპიდემიას  ღვთის რისხვად მიიჩნევდნენ და წყევლას აღავლენდნენ ალკემონელთა საგვარეულოს მიმართ. დიდი ხნის წინ ამ გვარის წარმომადგენლებმა დახოცეს თავიანთი მტრები, რომლებმაც ტაძარს შეაფარეს თავი, მაგრამ ზედ საკურთხეველს წააკლეს ისინი. პერიკლე ამ გვარს შორეულად ენათესავებოდა, მაგრამ აღარავის აინტერესებდა გენეალოგიის მანძილის კვლევა. პერიკლე გრძნობდა პელოპონესის ომის გარდაუვალობას და წინასწარ დიდი რაოდენობის ხორბალი შეიძინა ეგვიპტეში. სწორედ ამ ხორბალს ჩამოჰყვნენ დაავადების გადამდები ვირთხები…

პერიკლეს ლანძღვაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მისი ძველი მეგობრები – სტრატეგოსები და რიტორები (რომლებიც ადრე უსაზღვრო ქებას აღუვლენდნენ) და კომედიური ჟანრის მწერლები. სწორედ კომედიების მთხზველმა, ვინმე ჰერმიპემ, სასამართლოში აღძრა საქმე მისი საყვარელი მეუღლის (რომელიც ადრე ჰეტერა იყო) –  ასპასიას ბიწიერების გამო. პლუტარქე ამასთან დაკავშირებით იმოწმებს ესქინეს სიტყვებს: „(პერიკლემ) ბევრი ცრემლი დაღვარა ამ ქალის გულისთვის და მოსამართლენი მუდარით შესძრა, რომ ეს სარჩელი არ განეხილათ“.

ყოველივე ამას დაერთო ოჯახური ტრაგედია. პერიკლეს სამი ვაჟიშვილი ჰყავდა, ორი ღვიძლი და ერთი – უკანონო. უფროსი – ქსანთიპე, მფლანგველი, უსაქმური, მამის მოძულე იყო, რადგან პერიკლე ვერ ეგუებოდა მის ქარაფშუტობას და მკაცრად ჰკიცხავდა. ეს ყმაწვილი გარდაიცვალა შავი ჭირის შედეგად. სხვათაშორის, ამ ჭირს პერიკლეს მრავალი ნათესავიც შეეწირა (ოთხი წლის მანძილზე გარდაიცვალა 30 ათასი ათენელი, ანუ მთელი პოლისის მაცხოვრებელთა მეოთხედი). კვლავ პლუტარქეს მოვუხმობ: „ამ სენის გამო სხეულითა და სულით დაზაფრული მოქალაქენი უსაზღვრო წყრომით აღივსნენ პერიკლეს მიმართ. ვით ავადმყოფობისაგან გონდაკარგულნი უსამართლოდ შეურაცხყოფენ ხოლმე მკურნალ ექიმსა და მშობელ მამას, ისე დაიწყეს პერიკლეზე იერიშის მიტანა ათენელებმა“.

…მოდით, ახლა ანტიკური ათენიდან გადმოვინაცვლოთ თანამედროვე თბილისში და ძველი საუკუნის მეხუთე საუკუნიდან (პერიკლე გარდაიცვალა ძვ. წ. 429 წელს) ოცდამეერთე საუკუნის აპრილის თვეში, როცა ზოგიერთი ჩვენი ავადმყოფი უკიდურესი თავხედობით იქცეოდა და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა მკურნალ ექიმებს. ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი – ბ-ნი დავით გადელია წერდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში: „მთელი კლასტერი გამოჩნდა პაციენტების, რომლის არსებობას საქართველოში ვერც დავიჯერებდი. დაანგრიეს და გააოხრეს, რასაც შეეხნენ… ლანძღავდნენ პერსონალს… ყველაზე თავხედები ცდილობდნენ, შეექმნათ პერსონალისთვის დაავადების გადადების საფრთხე“.

…რა გაეწყობა, ყველა ეპოქაში მოიძებნებიან ასეთი უგვანოები და უმადურნი…

კვლავ ათენს მივუბრუნდეთ.

პლუტარქე წერს: „თავს დატეხილმა მრავალმა უბედურებამ იგი მაინც ვერ მოდრიკა და სულის მხნეობა მაინც ვერ დააკარგვინა. პერიკლე არავის უნახავს მგლოვიარე და მტირალი საფლავთან, ყველაზე ახლობელი პირის დაკრძალვის ჟამსაც, სანამ ერთადერთი დარჩენილი ღვიძლი შვილი – პარალე არ დაკარგა. მართალია, იგი ამ უბედურებამ გატეხა, მაინც ცდილობდა, შეენარჩუნებინა ხასიათის სიმტკიცე და სულის მხნეობა“.

მესამე, უკანონო ვაჟი (რომელიც შემდგომ ათენის სასამართლომ დაუკანონა), გამორჩეული ვაჟკაცი და შეუპოვარი მებრძოლი სტრატეგოსი იყო. პელოპენოსები დაამარცხა ანგინუსის კუნძულებთან გამართულ საზღვაო ბრძოლებში, მაგრამ ამ ძლევამოსილი გამარჯვების სანაცვლოდ სიკვდილი მოიმკო იმის გამო, რომ ათენელებმა ბრძოლაში დაღუპული თანამებრძოლები არ დაკრძალეს და დაზიანებულ ხომალდებზე მყოფ მეზღვაურებს დახმარება არ გაუწიეს.

გამარჯვებულნი ათენის სახელმწიფომ სიკვდილით დასაჯა.

აი, მაგალითი იმისა,  როგორ უნდა მოექცეს სახელმწიფო არაკაცებს!

ვეკითხები ამ ეტიუდის მკითხველს – რისი ღირსი იყო სააკაშვილის ხელისუფლება, რომელმაც ოსეთთან კონფლიქტის შედეგად დახოცილი ქართველი ჯარისკაცების გვამები ბრძოლის ველზე უპატრონოდ დატოვა და ამით სამუდამოდ შეირცხვინა თავი ერისა და სამშობლოს წინაშე?

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

… „მწუხარებისგან სასოწარკვეთილი პერიკლე შინ იწვა და გარეთ არ გამოდიოდა“ (პლუტარქე).

P.S. ცხადია, პერიკლეს მთელი სიდიადეს სრულად ვერ გადმოვცემ ამ ეტიუდში (მე კი არა, თვით სწორუპოვარმა პლუტარქემ ვერ შეძლო ეს), მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მაინც უნდა აღვნიშნო – სწორედ მისი სტრატეგოსობის დროს განსაცვიფრებლად აყვავდა ბერძნული ხელოვნება; განსაკუთრებით – არქიტექტურა, ქანდაკება და თეატრი… მან დააკანონა ე.წ. „თეორიკონი“, ანუ, დრამატულ შეჯიბრებაზე დასასწრებად გადასახდელი თანხა. ამფითეატრში შესასვლელად ყოველ თავისუფალ ათენელს ეძლეოდა ორი „ობოლი“. 

ჯოვანი ბოკაჩო და „შავი ჭირი“ ფლორენციაში

(ანუ დიდი იტალიელის შეგონებანი)

იტალიური პროტორენესანსის უდიდესი წარმომადგენელი – ჯოვანი ბოკაჩო (1313-1375), ფაქტობრივად, იტალიური რენესანსის ერთ-ერთი პირველი ფუძემდებელია (გენიალურ მხატვარ ჯოტოსთან ერთად) თვისი ნოველების კრებულით – „დეკამერონი“.

თხუთმეტი წლისა იყო, როცა საკუთარი თვალით იხილა ე.წ. „შავი ჭირის“ მთელი თავზარდამცემი საშინელებანი, რაც თავს დაატყდა მის სამშობლოს – ტოსკანას და განსაკუთრებული ძალით ამ მხარის მშვენებას – ფლორენციას.

ფლორენცია იტალიის ქალაქ-სახელმწიფოთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აყვავებული, კულტურულად და ეკონომიურად მთელს ევროპაში დაწინაურებული იყო, ვენეციასთან ერთად. „დეკამერონში“ გაერთიანებულ ნოველებში ფლორენცია – ეს მჩქეფარე და ყველასათვის მიმზიდველი ქალაქი, სავსე სიცოცხლის სიყვარულით, გამოირჩეოდა თავისი ერუდიტებით, გონებამახვილი და კეთილშობილი ადამიანებით (რომლებიც ყველაზე სახიფათო ვითარებიდან ღირსეულად იძვრენდნენ თავს), სახალისო თავგადასავლებით, სატრფიალო ფათერაკებით, ცრუპანტელებით, შულერებით, ტრიობებით  (ანუ „ბოზთ ტრფიალება დაუცხრომელი“). ამ მხრივ მხოლოდ ვენეცია უსწრებდა. თავის იტალიურ შთაბეჭდილებებში დანიელ დეფო აღიარებდა: „ვენეციელი ქალების შემოტევების მოგერიება ჩემს ძალებს აღემატებაო“.  

პროფესორ ბ. პურიშევის აზრით, „დევიზი – „სამყარო თეატრია“, რომელიც კარგად იყო ცნობილი შექსპირის დროსაც, უკვე „დეკამერონში“ იყო განსხეულებული“.

ყველაზე საოცარი ის არის, რომ ამ წარმტაც, ხალისიან ნოველებს წინ უძღვის ავტორის მიერ სულ სხვა ტონალობაში დაწერილი ვრცელი წინასიტყვაობა. ნოველების მსუბუქი, თვალწარმტაცი ფერები აქ შეცვლილია მძიმე, ტრაგიკული ინტონაციებით, მთელი გარემო თითქოს შავ, განუჭვრეტელ ფარდებშია გახვეული და საკმარისია ამ ფარდის ერთი კალთა ზეავწიოთ, რომ თავზარდამცემი, აპოკალიფსური სურათი ვიხილოთ – შავი ჭირისაგან გარდაცვლილი ადამიანების გაშეშებული სხეულების ზედახორა, ვაგლახად დაკრუნჩხული, შიშისმომგვრელი სახეები, კბილებდაკრეჭილი თავის ქალები, ხორცგაძარცვული მკლავებისა და ფეხების ძვლები, ნაგვისა და სიბინძურის გროვები ფეკალიათა გუბეებში. ამ სურათებს რომ გვიხატავს ასე თვალნათლად, თავად ბოკაჩოც შეშინებულია და წუხს – არ დამიჯერებს მკითხველიო და მრავალგზის იმეორებს, საკუთარი თვალით რომ არ მენახა ეს ჯოჯოხეთი, არ დავიჯერებდი მის არსებობას, ვისაც არ უნდა ეამბნაო.

სხვათაშორის, ასევე დაუჯერებელი ჩანს დანიელ დეფოს „შავი ჭირის ქალაქის დღიურებში“ აღწერილი თავზარდამცემი პანდემიის მოვლენები ლონდონში 1664-1665 წ.წ.; ხოლო აგერ, ჩვენი თანამედროვე პიტერ აკროიდი თავის მრავლისმომცველ, მონუმენტურ წიგნში – „ლონდონი“ (ბიოგრაფია) გვზაფრავს შემზარავი ამბების თხრობით.

„შესავლისაგან“ განსხვავებით, საკუთრივ ნოველებში ბოკაჩო არსად აღგვიწერს ამ საყოველთაო კატასტროფის ამბებს, მხოლოდ პირველი დღის პირველ ნოველაში არის გაკვრით  მოხსენებული – „…გვეწვია დამღუპველი შავი ჭირი. მართლაც დამღუპველი!“

1348 წლის იანვარში მთელ ტოსკანას თავსდამტყდარი ეს ენითუთქმელი უბედურება იმავე წლის აპრილში გამანადგურებელი ძალითა და მასშტაბით გადმოვიდა ფლორენციაში. აკადემიკოს ნ. ტომაშევსკის ცნობით, ეს სენი აღმოსავლეთიდან შემოვიდა. ერთი ვერსიით – სირიიდან, მეორე ვერსიით – ყირიმიდან (ქალაქი კაფა, დღევანდელი ფეოდოსია. ნ. გ.). ამ მეორე, უფრო სარწმუნო ვერსიის თანახმად, გენუელთა კუთვნილ ქალაქ (ანუ ფაქტორია) კაფას გარსშემორტყმულ თურქ მოლაშქრეთა შორის იჩინა პირველად თავი მომაკვდინებელმა სენმა. თურქებმა, ხანგრძლივი ალყის მიუხედავად, ვერ შეძლეს კარგად გამაგრებული ქალაქის აღება და სარდლობამ მიმართა საშინელ, არაადამიანურ ხერხს – კატაპულტების მეშვეობით ქალაქის კედლების მიღმა გადაყარეს შავი ჭირით გარდაცვლილთა გვამები. ალყიდან თავდახსნილებმა, უკვე დასნეულებულებმა, დიდი ვაი-ვაგლახით მოახერხეს იტალიაში მიმავალ ხომალდებზე მოხვედრა. ასე გავრცელდა შავი ჭირი ევროპაში.

…ცოტა გადავუხვევ თხრობას, რომ ევროპას მოდებული შავი ჭირის ეპიდემიის სურათი უფრო სრულად წარმოვადგინო.

პიტერ აკროიდის ცნობით, 1849 წელს გრაფმა შაფტსბერიმ ლონდონს „შავი ჭირის ქალაქი“ უწოდა. ხოლო ორუელი მას მოიხსენიებს როგორც „მკვდართა ქალაქს“.

პირველი „დიდი შავი ჭირი“ ლონდონში მძვინვარებდა 1592-1594 წლებში, ანუ შექსპირის ეპოქაში. 1593 წელს სიკვდილიანობამ პიკს მიაღწია. ლონდონი მოიცვა საყოველთაო პანიკამ და უკიდურესმა სასოწარკვეთამ.

„რით იყო დაკავებული შექსპირი ამ ხანგრძლივი, იძულებითი უმოქმედობის პერიოდში?“ – კითხულობს ინგლისელი შექსპიროლოგი ს. შენბაუმი. ავტორი წიგნისა – „Шекспир“ (Краткая документальная биография)“. ერთი გავრცელებული ვერსიის თანახმად, შექსპირი განერიდა ლონდონს და თავის დასთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ მორტლეიში, მდინარე ტემზის ნაპირას. ამავე ქალაქში ცხოვრობდა სახელგანთქმული სწავლული და მაგი – ჯონ დი, რომელსაც თვით უჭკვიანესი ელისაბედ დედოფალი ხშირად ეთათბირებოდა. შექსპირის თანამედროვენი დაბეჯითებით ამბობდნენ, რომ პროსპეროს პროტოტიპი (პიესა „ქარიშხალი“) სწორედ ეს ჯონ დი იყო. ამ გავრცელებულ ამბავს სარწმუნოდ არ მიიჩნევს პოეტი და ესეისტი უისტენ ოდენი თავის წიგნში „ლექციები შექსპირზე“. მეორე ვერსიის მიხედვით შექსპირი იტალიაში გაემგზავრა იქაური სახელგანთქმული ქალაქების დასათვალიერებლად.

ს. შენბაუმი, სხვადასხვა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ამტკიცებს ამ ორივე ვერსიის უსაფუძვლობას.

ჯერ ერთი, შავი ჭირის გაჩენამდე წმ. პავლეს ტაძრის წინამძღვარმა ამბიონიდან იქადაგა, რომ ამ სენის მიზეზები ცოდვაა, რაიც სხვადასხვა სანახაობების შედეგად წარმოიშვა; შესაბამისად, წარმოდგენები არის სათავე ყოველივე ამ უბედურებისა; ლონდონის ხელისუფლებამ, გარდაცვლილთა რაოდენობით ისედაც შეშფოთებულმა, 1593 წლის იანვრის თვიდან, ანუ პანდემიის უკიდურესი მძვინვარებისას, აკრძალა სპექტაკლებისა და სხვა ყოველგვარი სანახაობის გამართვა ლონდონიდან შვიდი მილის რადიუსით.

რაც შეეხება იტალიაში მოგზაურობას, ეს გამორიცხულია, რადგან შექსპირი თავის პიესებში ურევს ქალაქების გეოგრაფიულ მდებარეობას (მაგ. მილანი ზღვისპირა ქალაქი ჰგონია. პიესა „ქარიშხალი“).

საერთოდ, ამგვარი ანაქრონიზმები ხშირია შექსპირის შემოქმედებაში, უინსტენ ოდენის თქმით, „მან იცოდა იმდენი, რამდენიც სჭირდებოდა“.

შენბაუმი დაასკვნის: „იმის წარმოდგენა, რომ შექსპირი მოგზაურობდა იტალიაში მაშინ, როცა ლონდონში ზარები რეკდნენ გარდაცვლილთა სულთა საოხად, მიამიტური ფანტაზიის ნაყოფია“ (226-27).

შექსპირი დარჩა ინგლისში და შექმნა სონეტებისა და პოემების შედევრები; ისევე, როგორც, დავძენ ჩემი მხრივ, მისმა დიდმა წინამორბედმა – ბოკაჩომ – „დეკამერონი“.

შავი ჭირის მძვინვარება იტალიას დაატყდა ორგზის, ახალი წელთაღრიცხვით პირველსა და მესამე საუკუნეში. 180 წელს ამ ავადმყოფობით გარდაიცვალა იმპერატორი მარკუს ავრელიუსი –  დიდი მოაზროვნე და ფილოსოფოსი; 270 წელს კი – იმპერატორი კლავდიუსი.

მეექვსე საუკუნეში ბიზანტიას „ესტუმრა“  „შავი ჭირი“ და მოსრა იქაურობა. სახელწოდებაც სწორედ ბიზანტიის იმპერატორმა – იუსტიან პირველმა (მეფობდა 527-565 წ.წ.) „შეურჩია“, ხოლო ისტორიკოსმა პროკოფი კეისარიელმა დაწვრილებით აღწერა ეს აპოკალიფსური სურათები.

…მიუხედავად იმისა, რომ ასე რიგად განსხვავებულია „დეკამერონის“ „შესავალი“ და თავად ნოველები, გენიალურმა ავტორმა შეძლო ერთიანი, მონოლითური ნაწარმოების შექმნა, სადაც ადამიანთა ტრაგიკული და ბედნიერი დღეები ბუნებრივად ენაცვლება ერთმანეთს. ფლორენცია (უპირველესად) გადაქცეულია ადამიანური ვნებების, განცდების, მოქმედების ასპარეზად. მიუხედავად იმისა, რომ ნოველებში გამასხრებული და ხშირად გაბითურებულია კათოლიკე კლერიკალთა სიხარბე, მომხვეჭელობა თუ გონებაშეზღუდულობა, მაინც აშკარაა ავტორის ღრმა სიყვარული და სასოება ქრისტიანული კულტურისა და ჭეშმარიტი ღვთისმოსავობის მიმართ. შემთხვევითი არ არის, რომ იდეა შავი ჭირისგან დათრგუნული და უსიცოცხლო ფლორენციიდან განრიდებისა, ნოველების პერსონაჟებს წარმოეშვათ. სანტა მარია ნოველის ტაძარში, იმ დროს ფლორენციის მთავარ ტაძარში, შეიკრიბნენ „გონებაგახსნილი, კეთილშობილი, დამატყვევებელი სილამაზის, ჯანსაღი ახალგაზრდები“ (შვიდი ქალწული და სამი ჭაბუკი) და მას შემდეგ, რაც ცარიელ ტაძარში მოისმინეს „ღვთაებრივი ლიტურგია“, გადაწყვიტეს „ახალ არკადიაში“ დროებითი ცხოვრება, ანუ „ჯოჯოხეთიდან“ „სალხინებელში“ გადასვლა.

„დეკამერონის“ კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს, ახალგაზრდები, რიგრიგობით ფურცლავენ გრანდიოზულ ფოლიანტს და გვიკითხავენ წარმტაც, კვიმატ, ფანტასტიკურ თავგადასავლებს, რომელთა ცენტრში მოქცეულია მთელი ფლორენცია  თავისი განუმეორებელი არქიტექტურით, ქუჩებითა და მოედნებით, სადაც ცხოვრობს და იღწვის სხვადასხვა სოციალური ფენისა და წოდების ადამიანი: ვაჭრები (უპირველესად), სასულიერო პირნი, ფილოსოფოსები, გრამატიკოსები, მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის მოთავენი, ინკვიზიტორები (მაგალითად, მინო და სან კირიკო), პროფესიონალი მოარშიყენი, ქალწულები და სიძვის დიაცები, შულერები, ნოტარიუსები, ვექილები, მუცლითმეზღაპრენი და გონებამახვილი ფანტაზიორები. ბოკაჩო ხშირად მიმართავს დანტეს რემინისცენციებს, იყენებს მის ფრაზებს, აქვე კრთება გენიოს ხელოვანთა სახელები (ფერმწერი ჯოტო. პოეტები – პეტრარკა და გვიდო კავალკატი). ყველაფერს ამას დაუმატეთ უამრავი სახალისო ამბავი, სარისკო სატრფიალო ფათერაკები (ბოკაჩოს ერთი ნოველა – ანუ მესამე დღის მეცხრე ნოველა შექსპირმა გამოიყენა (როგორც სჩვეოდა) თავის ერთ-ერთ კომედიაში („ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება“); მოტყუებული ქმრები, თვალთმაქცი ცოლები, გაბითურებული ქმრები, გულუბრყვილო მშობლები; რაც მთავარია, ყველგან და ყოველთვის შესაგრძნობია თავისუფლების სულისკვეთება, რომელიც მსჭვალავს ყოველდღიურობას, აახლებს და ამრავალფეროვნებს ატმოსფეროს. ერთი მხრივ („შესავალი“), იავარქმნილი ფლორენცია, ქუჩაში მოხეტიალე სასოწარკვეთილი ადამიანები, მოლასლასე აჩრდილები, შიშისაგან აღძრული ბოდვითი იდეები, სიბინძურეში ჩაფლული ცხედრები ფეხის ყოველ ნაბიჯზე და მეორე მხრივ, მხიარული, ჯანსაღი, გონიერი, ლამაზი ახალგაზრდები, რომლებიც ხალისობენ, მღერიან, ცეკვავენ მზით განათებულ, უამრავი ყვავილნარითა და ბუჩქებით მოფენილ ხასხასა მდელოზე („ნოველები“).

კონტრასტი თვალისმომჭრელია და მრავლისმთქმელი. გასაგებია გენიალური ბოკაჩოს ბრძნული შეგონება: ვერავითარი „შავი ჭირი“ ვერ ჩაკლავს ადამიანში დიად ვნებებს, სიცოცხლის წყურვილსა და მისგან მინიჭებულ სიყვარულს.

აი, რა ფიქრები აღმიძრა „დეკამერონის“ კითხვამ კორონავირუსის გამო იზოლაციაში მყოფს.

ბოლოს,  მსურს მოვიხმო იტალიური ლიტერატურის სახელგანთქმული მკვლევარი – ფრანჩესკო დე სანკტისი: „ცხოვრების კომიკური და ვნებიანი მხარეების ბოკაჩოსეული ასახვა პროზა კი არ არის, არამედ პოეტური თხრობაა. მისი სამყარო ვნებიანი, პლებეური და, ამავე დროს, ნატიფი, კულტურული, ბურჟუაზიულია. აქ ყველაფერი შუასაუკუნეობრივი გაძევებულია ხელოვნების ტაძრიდან… პირველად რომ აიღებ ხელში „დეკამერონს“, მისი პირველსავე ნოველის წაკითხვისთანავე თავზარი დაგეცემა, თითქოს მოწმენდილი ციდან მეხი დაგეცაო და პეტრარკასთან ერთად წამოიყვირებ: რანაირად მოვხვდი მე აქ?

ეს ევოლუციური ცვლილებები კი არა, კატასტროფაა. რევოლუციაა! თითქოს შენ უცებ სხვა სამყაროში აღმოჩნდი. აქ შუასაუკუნეები არა მარტო უარყოფილია, არამედ აბუჩად არის აგდებული… თუ მოლიერის იარაღი სარკასტული ირონიაა, ბოკაჩოს იარაღი მხიარული კარიკატურაა. ასეთი ფორმები რომ შექმნა და მიზანს მიაღწიო, ვოლტერი უნდა იყო. ჯოვანი ბოკაჩო, გარკვეული აზრით, XIV საუკუნის ვოლტერი იყო“ (Франческо де Сактис. «История итальянской литературы». 1963. том. 1.გვ. 339-340. თარგმანი იტალიურიდან).

* * *

ფრანგ იმპრესიონისტ მხატვართა შორის ედგარ დეგა გამოირჩეოდა გონებამახვილობით, შეუპოვარი ხასიათით, კამათის სიყვარულითა და პირდაპირობით. სწორედ მასზეა ზედგამოჭრილი საყოველთაოდ ცნობილი ფრაზა – „ერთადერთი, რაც ფრანგებს აერთიანებთ, ის არის, რომ არასოდეს ეთანხმებიან ერთმანეთს“.

დეგა ერთხანს მეგობრობდა უთუოდ ნიჭიერ ამერიკელ მხატვართან – უისტლერთან, რომელიც მაინცდამაინც დიდი ჯენტლმენური ხასიათით არ გამოირჩეოდა; იყო პატივმოყვარე, სნობი, ტრაბახა. ერთ სალონში მისული უისტლერი არ ღალატობდა თავის მანერებს. დეგამ მიაძახა: „ძვირფასო უისტლერ, თქვენ ისე იქცევით, თითქოს უნიჭო იყოთ!“

„ვითარც ღამეში ქურდი, მოიპარებოდა სიკვდილი“

(ჯეფრი ჩოსერი)

ლონდონში, ვესტმისტერის სააბატოში, სამხრეთის ტრანსპეტში, დასვენებულია დიდი ინგლისელი მწერლის – ჯეფრი ჩოსერის ცხედარი. სწორედ იმ ადგილას, რომელსაც დღეს „პოეტების კუთხეს“ უწოდებენ. მაშინ კი ეს იყო ტაძრის ბნელი კუთხე, წმინდა ბენედიქტეს ეკვდერის შესასვლელი, სადაც ძირითადად მონასტერთა წინამძღვრებს ასაფლავებდნენ და სადაც ახლა ტურისტები დაჰყავთ (1958 წელს მეც მოვიხილე ეს ადგილები). 

ჩოსერი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის რეფორმატორი, ავტორი საყოველთაოდ ცნობილი „კენტერბერიული მოთხრობებისა“, სამეფო კარზე ფრიად დაწინაურებული, მეფეთა მიერ განებივრებული, დიდმოხელე და დიპლომატი, დაკრძალეს როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი, დაბალი რანგის კარისკაცი, ყოველგვარი მდიდრული ცერემონიალისა და შესაფერისი პატივის მიგების გარეშე. ეს მოხდა 1400 წლის 25 ოქტომბერს, როცა ლონდონში შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა. თვით დიადი ჩოსერი სწორედ ამ სენმა იმსხვერპლა სამოცი წლისა. ხოლო ეს ასაკი იმ დროს, როცა სიკვდილი დაუზოგავად ცელავდა ადამიანებს და ყოველ ნაბიჯზე შავი ჭირი იყო ჩასაფრებული, ფრიად სოლიდურად ითვლებოდა.

პიტერ აკროიდი, „ბიოგრაფიების“ ეს სწორუპოვარი ოსტატი, თავის წიგნში – „ჩოსერი“ (გამომცემლობა „Колибри“. მოსკოვი 2012), წერს: „იგი იყო არა მარტო ინგლისური პოეზიის ფუძემდებელი, არამედ უფრო მეტისა და დიადის განმასახიერებელი. ჩოსერი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მის არსებაში დავინახოთ ინგლისის, ხოლო გამომეტყველებაში – ალბიონის სახე. გავიხსენოთ, რომ ბოკაჩოს „დეკამერონი“, რომელმაც, შესაძლოა, გავლენა იქონია „კენტერბერიული მოთხრობების“ სიუჟეტურ აღნაგობაზე, იშვა ვითარცა კრებული ისტორიებისა, რომელიც მოწოდებული იყო, შეერბილებინა მშფოთვარე მოლოდინი და შავი ჭირის პირისპირ მდგარი საზოგადოების მღელვარება დაეცხრო“ (გვ. 31).

მაგრამ პარადოქსია სწორედ – შავმა ჭირმა „შეიწყალა“ ჩოსერი – გაღატაკებისა და უფრო ადრე გარდაცვალების ნაცლად, მისი ისედაც ძალზე მდიდარი ოჯახი (ოსკარ უაილდის თქმით, „ლონდონელ ვაჭართა თაიგული“) კიდევ უფრო გამდიდრდა, მას მემკვიდრეობით დარჩა ეპიდემიას შეწირული ნათესავების დიდი ქონება.

საერთოდ, ბედის ნებიერი იყო: ჯერ დიდად სწყალობდა მეფე ედუარდ მესამე და უშურველად აძლევდა ფულად ჯილდოებს, ასაჩუქრებდა მდიდრული ტანსაცმლით; მათ შორის იყო სამგლოვიარო სამოსელი; თითქოს მეფე წინასწარ გრძნობდა, რომ ჩოსერს მომავალში მოუწევდა მისი ჩაცმა მრავალრიცხოვან ნათესავთა გარდაცვალებასთნ დაკავშირებით. ედუარდ მესამეს არც რიჩრდ მეორე ჩამორჩა; პირიქით, დიდად გადააჭარბა გულუხვობით წინარე მონარქს. ჩოსერს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლანკაშირის ჰერცოგ ჯონ გონტთან (რომელიც ერთხანს ჩოსერის ცოლისდის საყვარელი იყო). როცა გონტის მეუღლე – ბლანშ ლანკასტერი გარდაიცვალა შავი ჭირისგან, ჩოსერმა მის ხსოვნას პოემა „ჰერცოგის წიგნი“ უძღვნა, სადაც ელეგანტურად განადიდა ამ ქალბატონის სათნოება და ზნეობრიობა. ამის შემდგომ მადლიერმა გონტმა პოეტს დაუნიშნა დიდი, მუდმივი ჯამაგირი; საგულისხმო მოწყალება გაიღო მის მიმართ მეფე ჰენრი მეოთხემაც, რომელმაც დაამხო პოეტის მფარველის – რიჩარდ მეორის ტახტი, ხელუხლებლად დაუტოვა მუდმივი პენსია, მაგრამ ეს მოხდა 1399 წელს; ანუ ერთი წლით ადრე ჩოსერის გარდაცვალებამდე, როცა პოეტი უცებ მოტყდა და დაბერდა. სიბერე კი შავ ჭირზე უფრო მეტ უბედურებად მიაჩნდა მას. აპოკრიფული მონათხრობების მიხედვით (რომელსაც მაინცდამაინც არ ენდობა აკროიდი), აგონიაში მყოფი პოეტი, თურმე, სასოწარკვეთილი მოთქვამდა: „ვაი, ჩემს თავს, ვაი, ჩემს თავს უბედურს“; ნანობდა თავის ნაწერებში გაბნეული უხამსი და უწმაწური გამონათქვამების გამო.

ეტიუდს დავამთავრებ ისე, როგორც ამთავრებს თავის წიგნს პიტერ აკროიდი: „გონიერება და თავშეკავება ჩოსერმა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შეინარჩუნა“.

P.S. „კენტერბერიული მოთხრობების“ ქართული თარგმანი ეკუთვნის გიორგი ნიშნიანიძეს, პოეტ შოთა ნიშნიანიძის ძმას.

„არა! ეს რომი აღარ არის“

„იულიუს კეისარი“ რობერტ სტურუას ყველაზე გროტესკულად პირქუში და სასტიკი სპექტაკლია. მთელ მის დიდ შემოქმედებაში იგი ერთადერთია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილზეა აგებული და არა სიყვარულზე, როგორც ეს ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა დაწერა.

აქ ყველას ერთმანეთი ძულს და ყველას ერთად ძულს სამშობლო. ეს ვნება წარმართავს სწორედ პერსონაჟთა მოქმედებას და არა სხვა რაიმე. ამდენად, ეს საზოგადოება და, ცხადია, მასთან ერთად ქვეყანა (რომი?) განწირულია, რადგან მას არ ამოძრავებს ამაღლებული იდეალები; ინტელექტუალურად მწირია და სულიერად გაღატაკებული.

აქ ყველა ერთნაირია, უძრავი სახეებით ერთმანეთს ტყუპისცალებივით გვანან, რადგან განძარცვულნი არიან ინდივიდუალური ნიშნებისაგან. მხოლოდ კეისარია ამათგან მკვეთრად განსხვავებული და დავით უფლისაშვილი ამ როლში გვანცვიფრებს შესრულების მრავალფეროვნებით. მის მიერ შექმნილი სახე უკიდურესად გროტესკულია. იგი უმალ მასხარაა სენატის არენაზე, ვიდრე – კეისარი. ყველა მისი მოძრაობა, ლაპარაკის მანერა თეატრალურად უტრირებულია – ხტის, ეცემა, მალაყებს გადადის კომედია დელ-არტეს კომიკური ნიღბების სტილში. როგოც ჩანს, რ. სტურუა იზიარებს შექსპიროლოგთა შორის გავრცელებულ შეხედულებას, რომ შექსპირის ყველაზე საინტერესო გმირები სულის სიღრმეში მსახიობები არიან. ისინი ისე სავსენი არიან ცხოვრებით, რომ სცენაზე გამოჩენისთანავე ქრება მათი მოქმედების გამართლების აუცილებლობა.

ხან შეურაცხყოფს ირგვლივმყოფთ, ხან ე.წ. კურტუაზურ გრიმასებს მიმართავს მათი გულების მოსაგებად, წამიერად გაუცნობიერებელი ეგზისტენციური ნაღველი იპყრობს.  მოკლედ, აქ მიმართავს ცინიზმისა და ბიწიერების პაროდიულ ზეიმს, რომელსაც ენაცვლება მოჩვენებითი ტანჯვის პათოსი. ერთი პირობა თავს მოიმკვდარუნებს (ისე, კეისარი, პლუტარქეს ცნობით, მართლა ბნედით იყო ავად. პიესაში კასკა ამბობს – „იქვე, მოედანზე წაიქცა, პირზე დუჟი მოადგა და ენა გადაეყლაპა“). თითქოს ეს ყველაფერი თამაშია და სასაცილოა, მაგრამ საშიშია, რადგან  იმპროვიზირებული გარდასახვანი შეიძლება მოულოდნელი, დიდი ბოროტებით შეიცვალოს და თავისი კლოუნადური ხუშტურები ტრაგედიით ჩაანაცვლოს. იგი არ არის ოპერეტული ბოროტმოქმედი, ინტუიციით გრძნობს, რომ არავის უყვარს; ამიტომაც ასე თვალთმაქცობს სენატორთა წინაშე. თვალთმაქცობა კი, პიტერ აკროიდის თქმით, არის „მეთოდი, რომელიც ამრავლებს პიროვნებას“. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთი (კეისარი) მრავალია, მოუხელთებელი, არავინ უწყის, როდის დაამთავრებს თავისი ცინიზმისა და ბიწიერების თარეშს, როდის გახდება გულმოწყალე ადამიანი და მმართველი. სპექტაკლის სამყაროში ქალის ხსენებაც არ არის. ბუნებრივია, ასეთი კეისარი ვერ იტყოდა საყოველთაოდ ცნობილ ფრაზას – „კეისრის ცოლი ეჭვგარეშეა უნდა იყოს“… სამაგიეროდ, მისმა შემხედვარემ, შეგვიძლია, ჩვენ ვთქვათ, „ამ კაცის ცოლი ეჭვგარეშე ბოზი უნდა იყოს“.

ეს საზოგადოება სხვანაირ კეისარს არ იმსახურებს. მათ აერთიანებთ მხოლოდ ერთი რამ – სიძულვილი, დაფარული მლიქვნელობა მორჩილების ნიღბით. თვით ბრუტოსიც კი, კაცი კეთილშობილი, გონიერი, გულწრფელი რესპუბლიკელი (შექსპირის მიხედვით), პოტენციურ მკვლელებთანაა შეკრული. ეს იცის უფლისაშვილის მოსულელო კეისარმა და, ბუნებრივია, სიკვდილის წინ მას სტურუა საყოველთაოდ ცნობილ ფრაზას: „შენც, ბრუტოს?“ – წარმოათქმევინებს. მრავალმნიშვნელოვანი ინტონაციებით აქ ერთდროულად ჟღერს საყვედურიც, აღტაცებაცა და გაოცებაც.

რ. სტურუას არ უყვარს პირდაპირი ანალოგიები თუ ღია ასოციაციები. მაგრამ ამ შემთხვევაში საცნაურია მისი იმპულსები: გავიხსენოთ ჩვენი უახლესი წარსული, გროტესკული, ქოსატყუილა პრეზიდენტი, თავისი უკიდურესად მლიქვნელური, მაგრამ ვერაგული გარემოცვით („არ იკისრებდა იგი მგლობას, რომ რომაელნი ცხვრები არ ვიყოთ“), დაბეჩავებული „ჩარეცხილი“ საზოგადოება და უმალ მიხვდებით, რომ რ. სტურუას აინტერესებდა პიესის მხოლოდ ის მონაკვეთი, რომელსაც პირობითად შეიძლება „კეისრის მკვლელობა“ ვუწოდოთ და არა ტრიუმვირატის (ოქტავიოს კეისარი, მარკოს ანტონოისი, ლეპიდოსი) შიდა ინტრიგები და შემდგომ მათ შორის ამტყდარი სამკვდრო-სასიცოცხლო ომი.

ამის გამო ჩვენმა შინაურმა „ტალანტებმა და თაყვანისმცემლებმა“ ერთი ამბავი ატეხეს: „სტურუამ შექსპირი დაჩეხაო“.

ცხადია, რ. სტურუამ შექსპირის ამ პიესის ნახევარში უფრო მეტი გროტესკულ-ტრაგიკული მოტივი დაინახა, ვიდრე ადრე და ეს „ნახევარი პიესა“ მთლიან, დასრულებულ, დრამატულ ნაწარმოებად აქცია. რეჟისორი არც აქ ღალატობს თავის მრავალნაცად პრინციპს – მაყურებლის წონასწორობიდან გამოყვანას. ხოლო „თუ სპექტაკლს არ გამოჰყავხარ წონასწორობიდან, მაშინ თვით წონასწორობა ჰკარგავს თეატრში გატარებულ ერთ საღამოს“ (პიტერ ბრუკი).

P.S. თუ რობერტი და დათო არ მიწყენენ, მაშინ ვიტყვი – სპექტაკლში ხანდახან გაკრთება ხოლმე ძვირფასი რამაზის აჩრდილი.

* * *

მას შემდეგ, რაც პიტერ ბრუკის ინტერნაციონალურმა დასმა უამრავი სპექტაკლი გამართა აფრიკის კონტინენტის მივარდნილ ადგილებში, რეჟისორმა უცნაური აზრი გამოთქვა: „რაც უფრო ახლოს არიან ადამიანები ბარბაროსობასთნ, მით უფრო აფასებენ ხელოვნებას“. თუმცა ესეც აქვს ნათქვამი – „ხელოვნების არც ერთ ნაწარმოებს ჯერ-ჯერობით ადამიანი უკეთესი არ გაუხდია“.

საერთოდ, ამ გენიალურ რეჟისორსა და ინგლისური თეატრალური ხელოვნების რეფორმატორს მრავალი ურთიერთგამომრიცხავი გამონათქვამი ეკუთვნის.

როგორც ჩანს, ეს, გამორჩეული, პარადოქსული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანების თვისებაა.

* * *

თანამედროვე თეატრში სულ უფრო მახინჯ და, ამდენად, შეუწყნარებელ ფორმებს იღებს კლასიკური დრამატურგიის ე.წ. „ინტერპრეტაციები“. ისინი შორდებიან არა მხოლოდ თვით პიესის სამყაროს, მის იდეებსა თუ პერსონაჟთა ბუნებას, არამედ ზნეობისა და გონიერების საზღვრებს.

ჟურნალმა „Театр“-მა, რომელიც გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და ერუდირებული, მრავლისმნახველი ავტორების სიმრავლით, ერთი ასეთი ფრაზა შემოგვთავაზა: „შარლატანი რეჟისორები შექსპირის თხუპნით თეატრს ღუპავენ“.

მართლაც, ავანგარდისტულმა რეჟისურამ სწორედ შექსპირი მიიჩნია თავისი ექსპერიმენტის სამიზნედ. ამ კოჰორტიდან უკვე კარგა ხანია, გამოირჩევა ამჟამად პეტერბურგში მოღვაწე რეჟისორი – ბუტუსოვი, რომლის ოპუსები თვალს გვჭრის ეკლექტიკური სიჭრელით, ჟანრების უმიზნო აღრევითა და, წარმოიდგინეთ, პლაგიატითაც. მის მიერ „ლენსოვეტში“ დადგმული „ჰამლეტი“ ასე იწყება – ცარიელ სცენაზე გამოდის ჰორაციუსი – ჰამლეტის მეგობარი და მესაიდუმლე. ჯდება ავანსცენის შუაგულში დადგმულ სკამზე, სახით მაყურებლისკენ. მცირე პაუზის შემდეგ პირიდან გადმოანთხევს საძაგელ, ყავისფერ  ბლანტ მასას, რომელიც მკერდზე გადაესხმება. ჰამლეტის როლს თამაშობს პატარა ტანის, სავსებით შეუხედავი გოგონა, ოფელიას როლში გამოდის უზარმაზარი ტანის ტიპური ტრანსგენდერი, ბოროტად მზირალი, რომლის სხეული ნერვიულ კრუნჩხვებს მოუცავს. აშკარად მძიმედაა დაავადებული. ამ სპექტაკლის ჰამლეტს ფინალში არ კლავენ. ეს იგივეა, რომ დოსტოევსკის მიხედვით დადგმულ „დანაშაულსა და სასჯელში“ რასკოლნიკოვმა არ მოკლას მოხუცი მევახშე ქალი.

იაფი პოპულარობის მაძიებელთა შორისაა რატომღაც „პოპულარული რეჟისორის“, ანდრი ჟოლდაკის სპექტაკლი „ფარდის მიღმა“ (ჩეხოვის პიესის „სამი დის“ მიხედვით). პიესის ერთ-ერთი პერსონაჟი – მასწავლებელი კულაგინი წამდაუწუმ აუპატიურებს საკუთარ მეუღლეს – მაშას, ანუ ერთ-ერთ დას. იმისთვის, რომ სცენური ეპიზოდი უფრო დამაჯერებელი იყოს, სქესობრივი აქტის დეტალები დიდი პლანით აისახება სცენაზე სპეციალურად ამისთვის დადგმულ ეკრანებზე. თვით ეს მაშა განხორციელებაა ე.წ. სუგესტური ტიპისა, ყმაწვილქალობისას ცხოვრობდა საკუთარ მამასთნ (ცხადია, ა. ჟოლდაკის მიხედვით), ახლა კი ურცხვი სქესობრივი კავშირი გაუბამს პოდპოლკოვნიკ ვერშინინთან. ამგვარად, ჟოლდაკის სპექტაკლში  ა. ჩეხოვის  კეთილშობილი და უკეთეს ცხოვრებაზე მეოცნებე ადამიანები განძარცვულნი არიან რომანტიკული აურისაგან და ცხოველურ ინსტინქტებს მისცემიან.

„ინტერპრეტატორი“ და „ექსპერიმენტატორი“ რეჟისორი აქ არ ჩერდება. პიესის ერთ-ერთი ცენტრალური ეპიზოდი – სალიონისა და ტუზენბახის დუელი (რომელიც ამ უკანასკნელის სიკვდილით მთავრდება), სპექტაკლის მიხედვით, გამართლებულია ამ ორი მამაკაცის უმძაფრესი ჰომოსექსუალური ეჭვიანობით.

აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენი, უკვე სახელმოხვეჭილი ფესტივალის („საჩუქარი“) „პრეზენტიც“  –  იმავე ა. ჟოლდაკის სპექტაკლი „მეფე ლირი“ (ანდრე ჟოლდაკის წარმოსახვა), სადაც მეფე ლირი ქალია.

ამგვარი უცნაური (რბილად ვამბობ!) რეჟისორული „გადაწყვეტების“ მთელი კასკადია განფენილი მოსკოვის „გოგოლ-ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის – კირილ სერებრიაკოვის, ამ „აპოკალიფსური ცისფერის“, სპექტაკლებში, მაგრამ ჩემ მიერ მოხმობილი თუნდაც ეს ორი მაგალითიც იკმარებს ამგვარი უხამსი ტენდენციების ნათელსაყოფად, თუმც ჟოლდაკის ინსინუაციები ბავშვური ანცობაა კ. სერებრიაკოვის ორგიებთან შედარებით.

მაგრამ „გულს მოეფინა და ეამა“ (როგორც ერთ ფუნაგორიაშია ნათქვამი), როცა „საჩუქრის“ მიერ გამოცემულ ბუკლეტში (რომელიც მსგავსად „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისა“, მთლად კარგი ქართულით არ გამოირჩევა) ამგვარი რამ ამოვიკითხე ა. ჟოლდაკზე: „პროტესტმა შემოქმედებაში, მაღალმა ესთეტიკურმა ხედვამ და ღრმა ინტელექტუალურმა ანალიზმა ორთოდოქსალური თეატრალური ფორმების მიღმა ახალი სახელოვნებო ენის გაჩენასა და დამკვიდრებას შეუწყო ხელი“ (გვ. 6).

ისე, საინტერესოა, ვინ არის ასეთი ექსტრაკლასის სისულელეების ავტორი.

მოდით, ეს ყველაფერი „გადავიტანოთ ერთ ჩაცინებაზე“, როგორც აკა მორჩილაძე იტყოდა.

სხვათაშორის, ინტერპრეტირების მსგავსი ტენდენციები უკვე კარგა ხანია თავს იჩენს კლასიკურ ბალეტშიც. შემთხვევით არ უთქვამს ქორეოგრაფ ბორის ეიფმანს (გ. ალექსიძის მოსწავლეს, კლასიკური და „თანამედროვე ცეკვის“ სინთეზის ერთ-ერთ გამოჩენილ ნოვატორს): „თუ ასე გაგრძელდა, „გედების ტბა“ შეიძლება გადაიქცეს „გედების ჭაობად“. თუ ახლებური ინტერპრეტაციების ექსპანსია ასეთი სიშმაგითა და მასშტაბით გავრცელდა, მაშინ მართლაც ახდება ბ. ეიფმანის პროგნოზი და ზემოხსენებული „გედების ჭაობის“ ცნება საყოველთაოდ გავრცელდება და მივიღებთ კლასიკური ბალეტის შებღალვის მძიმე სურათს… ერთობ პოპულარული ქორეოგრაფისა და რეჟისორის – მეტიუ ბორნის სპექტაკლში – „გედების ტბა“ გედების პარტიებს ცეკვავენ ბანჯგვლიანი, შიშველი მამაკაცები; მისსავე „კარმენში“ მოქმედება მიმდინარეობს ავტოსახელოსნოში. მატს ეკის ამავე სახელწოდების ბალეტში ტორეადორი განძარცვულია მამრობითი სქესის ნიშნებისაგან, ხოლო თავად კარმენში სჭარბობს მამაკაცური საწყისი. პერსონაჟთა ამგვარი ამბივალენტობა ხაზგასმული სიმკვეთრითაა გამოხატული, ხოლო ირჟი კალიანის ბალეტში – „Car-Men“ ხოზე მიხრწნილი მამაკაცია, კარმენი კი ამ დროს თავდავიწყებითაა შეყვარებული ბრწყინვალე მხატვრული ფორმის ლიმუზინზე; მისდამი დაუძლეველ სექსუალურ ლტოლვას განიცდის და ბოლოს ამ მანქანითვე ქრება… ამგვარი მაგალითების მოყვანა მრავლად შემიძლია ანჟელენ პრელჟოკაჟის, მერს კანინგემის, ტრიშნა ბრაუნის ოპუსებიდან. მაგრამ, ვგონებ, საკმარისია.

მაყურებლის ეპატირებას უფრო შთამბეჭდავად და ოსტატურად აღწევენ ე.წ. „Contemporary Dance“-ს შემოქმედნი. დაე, ამ სფეროში აკეთონ მათ თავიანთი საქმე; დაე, ბალეტმაისტერმა ფაბმა სცენაზე გამოიყვანოს მშვენიერი და ტანკერი ელექტრა, ბარძაყებს შუა მოქანავე მამაკაცის ასოს მულაჟით, ხოლო კლიტემნესტრმა (მეფე აგამემნონის მეუღლე, ელექტრასა და ორესტეას დედა), რომელიც კაცს უფრო ჰგავს, ვიდრე ქალს, გაიკეთოს მარია კალასის ნიღაბი (ფონოგრამიდან მოისმას ამ გენიალური მომღერლის ღვთაებრივი ხმა), ერთ ეპიზოდში აიწიოს კაბის კალთა და გამოაჩინოს არა მულაჟის, არამედ ნამდვილი, შთამბეჭდავი სიდიდის საოხრე. დაე, იცეკვონ ტალახში, სილაში, წყალში, მწვანე მდელოზე, ხეებს შორის (როგორც ეს მართლაც უნიჭიერესი პინა ბაუშის სპექტაკლებშია), ანდა მტვერსა და ჭუჭყში ამოგანგლულებმა ჯგუფურად იკოტრიალონ (როგორც ეს ხდებოდა „საჩუქრის“ მიერ შემოთავაზებულ მაგი მარენის სპექტაკლში – „May-B“). მოკლედ, სცენაზე გააცოცხლონ მარკიზ დე სადის პათოლოგიური სექსიზმისა და პეტრონიუსის სამყარო „სატირიკონის“ სტილში.

დავწერე ეს და მერე გამახსენდა ბალანჩინის შეგონება: „არ მოგწონს ბალეტი? დახუჭე თვალები!“

გენერალ პეტრე ბაგრატიონის „შვილი“

გავრცელებული გამოთქმაა, რომ თუ ერთხელ გადაყლაპე „სცენის მტვერი“, თეატრის მარადიული ტყვე ხარ. ამ გამოთქმას არც ვეთანხმები და არც უარვყოფ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე შევხვედრივარ ბევრ ხელმოცარულ რეჟისორსა თუ მსახიობს, განათლებულს, საინტერესო მოაზროვნეს, რომელთაც შეეძლოთ ბევრი სასარგებლო რამ გაეკეთებინათ თავისთვისაც და ქვეყნისთვისაც, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე თეატრში დარჩნენ „სცენის მტვრით“ დაოსებულნი. უფრო რეჟისორებისგან მიკვირდა და მიკვირს ეს ამბავი – არიან ღრმად განათლებულნი, მცოდნენი, განსაცვიფრებლად საინტერესო „ექსპლიკაციების“ დამწერნი, შესანიშნავად მოლაპარაკენი, მაგრამ სცენაზე ყოვლად მოსაწყენ სანახაობას გვთავაზობენ; ყველაფერი იციან და ვერაფერს ქმნიან.

მაგრამ, საბედნიეროდ თუ სავალალოდ, ზოგს ჰყოფნის იმის ნებისყოფა, რომ დატოვოს სცენა და სხვა სფეროში დიდ წარმატებას მიაღწიოს (ამ კორონავირუსის დღეებში მახსენდება ვახტანგ ბოჭორიშვილი, რომელიც ერთხანს მსახიობობდა, მაგრამ მერე დიდად ცნობილი ინფექციონისტი  გახდა).

სავალალოდ, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გრანდიოზული აფიორების ავტორებად მოგვევლინნენ;  სცენური სახის შექმნა ვერ შეძლეს, მაგრამ ცხოვრებაში „გარდასახვის“ ან „სხვად ქცევის“ შედევრები შექმნეს – გახდნენ „მრავალსახეობის“ ვირტუოზები.

ასეთი უნიკალური თვისებებით დაჯილდოვებულ ადამიანთა შორის გამოირჩეოდა რუსი ნიკოლაი მაკლაკოვი, რომელმაც თაღლითობა ჭეშმარიტ არტისტობამდე აიყვანა და ამით დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას იღებდა.

ნიკოლაი შეძლებულ, ცნობილ ოჯახში დაიბადა. მამამისი რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი იყო. წარმატებით დაამთავრა სამხედრო-იურიდიული აკადემია (თუ რა ძნელი იყო ამ აკადემიაში მოხვედრა, ეს კარგად ჩანს ლესკოვის ცნობილ რომანში „Поедипок“). აკადემიაში ნიკოლაიმ სრულყოფილად შეისწავლა რამდენიმე ენა, დაეუფლა დახვეწილ მანერებსა და ელეგანტურობას (ევროპული ცეკვები სავალდებულო საგანი იყო). მაგრამ ყმაწვილს უყვარდა ზეიმი, მხიარულება, არშიყი და გართობა. ხოლო იურისპოდენციას (თუმცა კარგად სწავლობდა) მისი დაუდგრომელი ბუნება ვერ ეგუებოდა და გადაწყვიტა, მსახიობი გამხდარიყო.

შემთხვევით გაიცნო ერთი გამოცდილი თეატრალური ანტრეპრენიორი, რომელიც მოიხიბლა ყმაწვილი ნიკოლაის მშვენიერი გარეგნობით, განათლებით, დახვეწილი ქცევებით; იფიქრა, ეს ახალგაზრდა ადვილად დაეუფლება აქტიორულ ხელოვნებას და ამპლუა „გმირი-შეყვარებულის“ როლებს მივცემო და მიიღო თავის მოგზაურთა დასში, მაგრამ სასტიკად მოტყუვდა: გაირკვა, რომ ნიკოლაის მხოლოდ ქეიფი და დროსტარება გამოსდიოდა კარგად და არა – მსახიობობა. ამასთანავე მდიდრულ მაღაზიებში ყიდულობდა ძვირფას ტანსაცმელს და მაღაზიიდან ანგარიში ანტერპრენიორს მისდიოდა. ცხადია, თეატრიდან დაითხოვეს, მაგრამ ნიკოლაი არ შემკრთალა; 1905 წელს იგი მიიღეს იმ დროს პოპულარულ თეატრში – „ფორსი“ და დიდი ხელფასიც დაუნიშნეს. მაგრამ ხელგაშლილი ცხოვრების მოყვარულს ეს არ აკმაყოფილებდა. მას სჭირდებოდა დიდი ფული, რომ საზოგადოებაში წარმატებული კაცის სახელი მოეხვეჭა და გადაწყვიტა, რაიმე აფიორა „გაემაქნისებინა“; შეიტყო, რომ გარდაიცვალა რუსეთის იმპერატორის ოჯახის მკურნალი ექიმი, მისი თანამოგვარე – ალექსეი მაკლაკოვი, მთელ ქვეყანაში ცნობილი ოფთალმოლოგი. თეატრთან ერთად მოგზაური ნიკოლაი ამ ექიმის შვილად ასაღებდა თავს და მდიდარი პროვინციალებისგან სესხულობდა ფულს, რასაც ისინი უშურველად აძლევდნენ.

ეს ყველაფერი თავად მან ერთობ წვრილმან აფიორად მიიჩნია, თან მეტი ფულის შოვნის წყურვილით შეპყრობილი უფრო ეფექტურ სვლებს ეძებდა.

1906 წელს მასშტაბიანი, სერიოზული საქმის გაჩარხვა მოიფიქრა – გამოაცხადა ხელმოწერა „თეატრალური ენციკლოპედიის“ გამოცემაზე, წინასწარ გაავრცელა ხმები, რომ მთელ რუსეთში ცნობილი ვაჭრის – ბახრუშინის ოჯახმა უკვე 200 000 მანეთი ჩამირიცხაო.

ბახრუშინების გვარი განთქმული იყო ქველმოქმედებით (მათ მიერ დაარსებული „თეატრალური მუზეუმი“ მოსკოვში დღეს მთელ მსოფლიოშია აღიარებული თავისი უმდიდრესი ფონდებით). იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ ბახრუშინებს, რომ უამრავმა ადამიანმა წინასწარ შეიტანა შესაწირი. ჩვენთან არიანო უცხოელი მეცენატები – ცრუობდა ნიკოლო. ახლა იგი ისე მოიქცა, როგორც ეს პროფესიონალ თაღლითს შეეფერება. არ აჩქარებულა, არ გაუტაცია ფული და არ მიმალულა; პირიქით, მოსკოვში იქირავა დიდებული ბინა, ძვირფასი ავეჯითა და სურათებით მორთო იგი. აიყვანა ცამეტი თანამშრომელი, რომლებიც ისე მოიხიბლნენ ამ მდიდრული გარემოთი და მომავალი ჰონორარის იმედით, რომ თავადაც გვარიანი თანხა დადეს. შენობის კარზე გამოიკრა დიდი აბრა – „რედაქცია“.

ძალიან დიდი თანხა შეგროვდა; აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ეს სურათები, სკულპტურები, ხალიჩები, ფარდაგები, „ფაბერჟეს“ ძვირფასეულობანი, ავეჯი კრედიტით იყო გამოტანილი და მერე ლომბარდში დაგირავებული; ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს ელეგანტური, არისტოკრატული მანერებით გამორჩეული მამაკაცი „დიდი კომბინატორი“ იყო (ტერმინი ვისესხე ილფისა და პეტროვისაგან. ნ. გ.).

გამდიდრებული ნ. მაკლაკოვი პარიზში გაიქცა.

ფრანგულის ბრწყინვალედ მცოდნე ახალგაზრდა ჯერ საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროში მიიღეს, შემდეგ – საგარეო საქმეთა სამინისტროში. აი, აქ მან შეძლო, მოეხელთებინა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟორჟ კლემანსოს სავიზიტო ბარათი, რომელიც ძალიან გამოადგა ახალ აფიორებში. აქვე გაიცნო ერთი რუსი თაღლითი, კორნეტი სავინი, რომელიც მარკიზ ტულუზ-ლოტრეკად ასაღებდა თავს. ერთად დიდმასშტაბიანი აფიორა წამოიწყეს, მაგრამ ჩავარდნენ და იძულებულნი გახდნენ, გადასულიყვნენ შვეიცარიაში, სადაც ასეთი დიდი აფერისტები სულ უბრალო საქმეზე ჩავარდნენ – 1909 წელს პარტნიორებმა სასტუმროს ფული არ გადაიხადეს და ნიკოლაის მოუწია, რამდენიმე თვის მანძილზე ეხეხა აქაური ციხის კედლები.

ნიკოლაი მაკლაკოვის მრავალ აფიორათაგან მხოლოდ ორს გამოვარჩევ (ვშიშობ, შორს არ შევტოპო) – იტალიაში ყოფნისას (იტალიურიც სრულყოფილად იცოდა) ფული შემოაკლდა. მაშინ იგი გაემართა რუსეთის საელჩოში, შეხვდა კონსულს – ალექსანდრე ფიტონგოფშელს და თავი ასე გააცნო: მე გახლავართ თავადი გიორგი ბაგრატიონ-მუხრანსკი, გენერალ პეტრე ბაგრატიონის შვილი. კონსულმა გულთბილად მიიღო თავადი, ანუ რუსეთის ლეგენდარული გენერლის „შვილი“ და მათ შორის გაიმართა საინტერესო საუბარი პოლიტიკურ საკითხებზე. ამ საუბარში ნიკოლაიმ სხვათაშორის თქვა, რომ სამწუხაროდ, კვირა დღეს იტალიაში ბანკები დაკეტილია და მე კი სასწრაფოდ მჭირდებაო 200 000 ლირი. კონსულს წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი მთხოვნელის გულწრფელობაში და მისცა 100 000 ლირი.

და მეორე – 1906 წელს პეტერბურგში საგასტროლოდ ჩამოვიდა ცნობილი იტალიელი მომღერალი – ლინა კავალიერი, შესანიშნავი გარეგნობის ქალი. პეტერბურგში მომღერალს თავს უამრავი თაყვანისმცემელი დასტრიალებდა, მაგრამ ნიკოლაიმ მოახერხა მასთან შეხვედრა და თავი წარუდგინა იტალიის პრემიერ-მინისტრის – სიდნეი სონინოს ღვიძლ ძმად. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა არ იყო ხანგრძლივი, ნიკოლაიმ მოაჯადოვა ეს ვარსკვლავი. გამომშვიდობებისას ნიკოლაიმ ამოიღო ჯიბიდან ძვირფასი ქაღალდი და ავტოგრაფი სთხოვა – „მე თქვენს ავტოგრაფს ჩარჩოში ჩავსვამ, როგორც ყველაზე ძვირფას საჩუქარს და კედელზე ჩამოვკიდებო.“

ორი დღის შემდეგ ლინამ მიიღო შეტყობინება მაღალი რანგის ჩინოვნიკისგან, რომ თქვენი თხოვნის შესასრულებლად სიამოვნებით მივეცი 10 000 რუბლი ბატონ სონინოსო (ანუ ნიკოლაის). თურმე, ლინა კავალერის ავტოგრაფის ზემოთ ნიკოლაის დაუწერია თხოვნა დახმარების შესახებ. ლინა იმდენად შეძრა ამ აფერისტობამ, რომ ამის შემდეგ არც ერთი ავტოგრაფი არ გაუცია.

ნიკოლაი სამჯერ იჯდა რუსეთის ციხეში. თავს პოლიტიკურ პატიმრად აცხადებდა. გულუბრყვილო მოქალაქეებს, განსაკუთრებით ქალებს, სჯეროდათ მისი და თანხებს არ იშურვებდნენ, ვითომდა, უდედმამო და ავადმყოფ ბავშვთა, ომის ინვალიდთა დასახმარებლად. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ წავიდა იტალიაში, სადაც გარდაიცვალა მარტოობასა და სიღატაკეში.

დაწერა მემუარები. 

მთელ ამ ამბავში განსაკუთრებულია ის, თუ როგორ შეძლო ნიკოლაიმ ამ მრავალნაცადი და მრავლისმნახველი ქალის – ლინა კავალიერის ასე რიგად მონუსხვა და „გაცურება“. ლინა მიეკუთვნებოდა „მშვენიერი ეპოქის“ კურტიზანთა“ ცნობილ დასს. მღეროდა და ცეკვავდა ევროპის სახელმოხვეჭილ კაბარეებში, კაფე-შანტანებში, მიუზიკ-ჰოლებში, ე.წ. „გასართობ ბაღებში“. მღეროდა იტალიურ (უპირატესად ნეოპოლიტანურ) სიმღერებს ფრანგულ ენაზე. დიდი ნიჭიერებით არ გამოირჩეოდა – უკეთ მღეროდა, ვიდრე ცეკვავდა, მაგრამ წარმოუდგენლად ლამაზი იყო, ძალიან პლასტიური და სექსოპილური. ურთიერთობაში (განსაკუთრებით მამაკაცებთან) – ლაღი და თამამი. XX საუკუნის პირველ ნახევარში მასზე პოპულარული ქალი ევროპაში იშვიათობა იყო; მეტიც, „მსოფლიოში ულამაზესი ქალი“ უწოდეს. ამ ღირსებებს ავსებდა მისი იგავმიუწვდომელი ფოტოგენიურობა. იმ დროისათვის წარმოუდგენლად დიდი ტირაჟით იბეჭდებოდა ე.წ. „ღია ბარათები“ მისი გამოსახულებით. მარტო პეტერბურგში, სადაც იგი ჩავიდა როგორც ოპერის მომღერალი, რამდენიმე დღეში მილიონი ასეთი ბარათი გაიყიდა. ვნებით აღძრული უამრავი მამაკაცი ეტრფოდა. სადაც კი ჩადიოდა, იქ უმალ ირჩევდა საყვარელს, რასაკვირველია, მდიდარსა და ლამაზს. პეტერბურგში გასტროლებისას ჰყვარობდა უმდიდრესსა და უსაჩინოეს გვარიშვილს – ალექსანდრ ბარიატინსკის (პოეტ ვ. ბარიატინსკის ძმას), იმპერატორის კარის ფავორიტს. ალექსანდრეს თავდავიწყებით შეუყვარდა ლინა და იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს სთხოვა – ქალზე ქორწინების უფლება მომეციო. მაგრამ იმპერატორის ვერდიქტი მკაცრი იყო – ასეთი წარჩინებული ოჯახიშვილს არ მივცემ უფლებას, იქორწინოს ყოფილ კურტიზან ქალზე, რომელსაც შვიდი წლის უკანონო შვილი ჰყავსო. ეს ამბავი ძალზე გახმაურდა და ახლა, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი თავხედი, გაბედული და დიდი არტისტული ნიჭით ყოფილა დაჯილდოებული ეს ცრუ ბაგრატიონი, რომ ასეთ სახელგანთქმულ, ყოვლისმნახველ, მრავალნაცად ქალს ამგვარი აფიორა მოუწყო.  

Nodar Gurabanidze

Miniatures. Sketches. Oddities 

The essay consists of four parts.

In the first chapter: “Wrathful Horsemen of the Apocalypse”- an author remembers political figure Pericles and his death. 

The second chapter is devoted to Giovanni Boccaccio and raging plague in Florence of those times; the tragedy that attacked the city with great power. However, not even the plague can suppress passions in humans, the desire to live, and the love that it can grant. 

The third chapter is about English prose writer Geoffrey Chaucer, who also died from the plague.

The author also recalled the play “Julius Cezar” by the famous Georgian director Robert Sturua.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…