მამია მალაზონიას სტატია

მამია მალაზონიას ამბავნი

, , ,

საიდან იწყება ადამიანი?

დაბადებიდან?

თუ, იქნებ, სახელ-გვარიდან?

ან – ორივე ერთად ხომ არ ქმნის ადამიანის ისტორიის საწყისს?

ჩვენი პროტაგონისტის ისტორია ზუსტად  90 წლის წინ დაიწყო – 1936 წლის 19 მარტს!

ნესტიან, კიპარისიან, მიხვეულ-მოხვეულ, გემოვნებიანად მოხატულ გურიაში.

ასეთადაც დაიბადა ზუსტად  – გემოვნებიანი!

გამორჩეული სახელ-გვარიც დაჰყვა – მამია მალაზონია –

დიდი მხატვარი ურყევი რეპუტაციით!

სადღაც, მიღმისეული ფერადოვნებითა და ხელწერით, არავის რომ არ ჰგავს –

სიზმრისეული!

ახალი ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთი მთავარი სათავე!

მსოფლიო ლიტერატურის დიდი მარგალიტებით „მოთამაშე“!

უბადლო გრაფიკოსი!

ასეა დღემდეც –

ისევ უბადლოა;

ამბების ვირტუოზი მხატვარ-მთხრობელი;

დიდი მეიგავე და დიდი კულტურის კაციც.

თავისი მხატვრობასავით გაუხუნარი;

დიდი კაცი, დიდი ისტორიითა და წარსულით.

სახალხო მხატვრის წოდებას კი ატარებს კარგა ხანია, მაგრამ ყველაზე უფრო „არახალხურია“  და ევროპულად ელიტარული.

საკუთარი სცენოგრაფიით „მამია მალაზონიას თეატრი“ გვაჩუქა; ილუსტრაციებით კი – „მამია მალაზონიას წიგნი“!

გურამ ბათიაშვილი იგონებდა ამას წინ – უცხოეთში მკითხეს ერთხელ – რობერტ სტურუასა და მამია მალაზონიას თუ იცნობთო.

შეშურებიათ, დასტური რომ მიიღეს.

ვის არ შეშურდება?

90 წლისა ისევ ძველებურად დახვეწილი, ელეგანტური, პრეზენტაბელური, ინტელიგენტური და უსასრულოდ ენერგიული…

დიდხანს არ მოაკლდეს მის ფერთა გემო და გემოვნება ჩვენს კულტურას, ჩვენს ყოველდღიურობას!

დიდხანს იაროს მამია მალაზონიამ დედამიწაზე!

დიდხანს გაგრძელდეს ამბავნი მისი!

The Stories of Mamia Malazonias

The journal extends its congratulations to the People’s Artist of Georgia and laureate of the Rustaveli Prize, Mamia Malazonia, on the occasion of his ninetieth birthday jubilee.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…