ლევან ჭოტორლიშვილი - სტატია

ჰემინგუეის ქართველი ეპიგონები

, , ,

 (გურამ რჩეულიშვილი)

1950-1960-იან წლებში ჰემინგუეი საბჭოეთში საოცრად პოპულარული იყო. მზით გარუჯული სახე, ყელიანი სვიტერი, ალკოჰოლი და კუბური სიგარები,  თხრობის სპეციფიკური ლაკონიური სტილი – რეპორტიორად მუშაობის პერიოდში რომ ჩამოუყალიბდა. ყველაფერი ეს საბჭოთა ადამიანის აღფრთოვანების საგანი იყო. იდეოლოგიური მანქანა ასეთ პოპულარობაში საშიშს ვერაფერს ხედავდა.  მეოცე საუკუნის დიდი ავტორებისგან განსხვავებით (სელინი, პლატონივი, პრუსტი, ჯოისი, კამიუ), ჰემინგუეი დიდი ტირაჟებით გამოიცემოდა. მემარცხენე შეხედულებების მქონე კასტროს მეგობარი ამერიკელი მწერალი კაპიტალისტური სისტემის კრიტიკის ემბლემა გახდა. მაგრამ რა იყო მისი პოპულარობის მიზეზი ხალხში?

საბჭოთა იდეოლოგია კოლექტიურ ინტერესს ინდივიდუალურზე მაღლა აყენებდა. კოლექტიური იდეის მსახურება პიროვნულის ნიველირებას ახდენდა. ჰემინგუეი კი წერდა პიროვნებაზე, რომელიც აბსურდულ ბედს არასდროს ეგუება. საბჭოთა ადამიანი თავისებურად, დასავლელი მკითხველისაგან განსხვავებულად აღიქვამდა მის ტექსტებს. დასავლეთში ჰემინგუეი დაკარგული თაობისა და ეგზისტენციალურ კრიზისთან დაპირისპირებული მწერალი იყო. საბჭოთა ადამიანისთვის კი – ნეორომანტიკოსი.

ცხოვრებაში ზნეობისა და ღირსების დეფიციტმა ყალბი მაღალი სულიერება შვა; გეოლოგების, მთამსვლელების, მეზღვაურების რომანტიკა. ადამიანებს არ ჰყოფნიდათ გამბედაობა, სიმტკიცე იმისთვის, რომ ცხოვრებაში დაჰპირისპირებოდნენ სისტემის უსამართლობას. ამის გამო ქმნიდნენ პარალელურ სამყაროს, რომელშიც ეძებდნენ მორალურ კომპენსაციას. უნდა აიღო ზურგჩანთა, ჩაიცვა „ბათინკები“ და წახვიდე ლაშქრობაში. ახვიდე მთაზე და გადაცურო ზღვა. სიმამაცე უნდა გამოიჩინო იქ, რომ მერე აქ, ურბანულ გარემოში, უსინდისო სისტემასთან მშვიდად გააგრძელო თანაარსებობა. ლაშქრობების ნეორომანტიზმი რუსეთში გრაფომანულ ლიტერატურულ  ჟანრად დამკვიდრდა. თითქმის ყოველი ნეორომანტიკოსი გრაფომანი ჰემინგუეის ეპიგონი იყო. ძალიან მალე, 70-იანებში, ყველაფერი სრული აპათიითა და იმედგაცრუებით დამთავრდება.

ტურისტული ლაშქრობის ქართული ნეორომანტიზმის ლიტერატურას თუ გადავხედავთ, პირველი, ვისაც დავინახავთ, გურამ რჩეულიშვილია.

გურამ რჩეულიშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობის, ცალკეული მოთხრობების, ტექსტების განხილვას არ დავიწყებ. უფრო რელევანტურია მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის შეფასება მთლიანობაში. მგონი, ზედმეტად მკაცრი შეფასებაში არ უნდა ვიყოთ. უნდა გავითვალისწინოთ მწერლის ასაკი. პოეზიისაგან განსხვავებით, პროზაში ბედი ახალბედა ავტორებს ძალიან იშვიათად სწყალობთ. რასაკვირველია, რჩეულიშვილის ტექსტების ყმაწვილური უმწიფრობა აშკარაა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ნეორომანტიზმი და ფათერაკების მაძიებლობა გასული საუკუნის დასაწყისის მოდერნისტული ლიტერატურის შემდეგ, სტილისტური და ესთეტური თვალსაზრისით, ლიტერატურული ანაქრონიზმია, სრულიად აცდენილი თანამედროვე ვითარების ესთეტიკას. საბჭოთა ნეორომანტიზმმა არასწორად, ზედმეტად პათეტიკურად წაიკითხა ჰემინგუეი. ერთი შეხედვით პარადოქსია, მაგრამ თუ დავუკვირდებით, აშკარაა, რჩეულიშვილი სრულიად საბჭოთა მწერალია იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი ტიპის ლიტერატურა შეიძლება გაჩენილიყო მხოლოდ საბჭოთა სისტემის შიგნით.

ჰემინგუეი სინამდვილეში სხვა რამეზე წერდა. წერდა მოდერნის პროექტის კრიზისზე, ადამიანის მარტოობაზე, განწირულობაზე. გრძნობდა გონების რწმენის დასასრულს (გონების რწმენა მოდერნის პროექტის საფუძველი იყო დასაწყისში). მისი გმირები არ არიან დაბადებულნი იმისათვის, რომ იფიქრონ. მოსწონდა კორიდა, რადგან ხარის წინ დარჩენილ მატადორს რეფლექსიისათვის დრო არ რჩება. მხოლოდ თვითგადარჩენის ვიტალური ინსტინქტებია. ჰემინგუეის სამყაროში აღარ არსებობს საზრისი. არსებობს ფაქტები. ფაქტი თვითკმარი ტავტოლოგიაა. ფაქტები არ უკავშირდება ერთმანეთს და არ ქმნის ერთიანი სამყაროს სურათს. ამიტომ არის ჰემინგუეის ტექსტი ასე დანაწევრებული და დაჩეხილი. დანაწევრებული სამყარო უნდა მიიღო ისეთი, როგორიცაა. მოხუცივით უნდა შეცურო ნავით ღია ზღვაში და სდიო ბედს. ან უნდა დატოვო სამყარო მაშინ, როცა სხეულის უძლურებას იგრძნობ. მთავარია, სამყაროში არ ეძებო ის, რაც მასში არ არის, თორემ გახდები სასაცილო, როგორც პეპელა და ტანკი.

ჰემინგუეი მოდერნის მწერალია. იყო მოდერნის მწერალი, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს იმას, რომ მოდერნში იცხოვრო და შინაგანად გრძნობდე მოდერნის კრიზისს. არა მარტო ლიტერატურული ნიჭი, არამედ  ლიტერატურული სინამდვილე განასხვავებს ჰემინგუეის ქართული მოდერნიზმის (რობაქიძე, გამსახურდია, ცისფერყანწელები) პროვინციული, უშინაარსო გაპრანჭულობისგან და პათეტიკური ყმაწვილური ნეორომანტიზმისგან.

რა გინდა ალავერდის გუმბათზე რომ მიძვრები? რა დაგკარგვია. ეს ყველაფერი ხომ დიდი ხნის წინ იყო და ტყუილია უკვე. ასე ზრდასრული ადამიანები არ იქცევიან. თუ ჰემინგუეისთან სიბერისა და უძლურების შიშს ვხედავთ (ჰემინგუეი საკუთარი კონსტიტუციით არ იყო სიბერეში ცხოვრებისთვის მომზადებული), გურამ რჩეულიშვილთან ზრდასრულობის შიში და მარად ახალგაზრდად დარჩენის სურვილია. რით იყო განპირობებული ეს სურვილი? რით იყო მოტივირებული დროზე ადრე თეატრალიზებული წასვლა? იქნებ, თვითკრიტიკულობითა და შიშით, რომ ზრდასრულობაში მწერლის სახელს ვერ შეინარჩუნებ? იმას, რასაც ლიტერატურა და ისტორია 26 წლის დამწყებ ავტორს აპატიებს, ვერ აპატიებს გამოცდილ მწერალს. ამიტომ უნდა წახვიდე მანამ, სანამ გეპატიება; უნდა წახვიდე ადრე იმისთვის, რომ დარჩე დიდხანს.

ისტორიას „თუობითი“ ფორმა არა აქვს. ამიტომ დღეს ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ სპეკულაციური მსჯელობა იმის შესახებ, რა დააკლდა ქართულ მწერლობას გურამ რჩეულიშვილის ნაადრევი წასვლით. ან დააკლდა კი? იქნებ, შეემატა მითის სახით. მთავარია, ამ მითმა ლიტერატურულ პროცესს არ ავნოს გურამ რჩეულიშვილის ეპიგონების სიმრავლით.

რატომ ვერ წარმოუდგენია ქართულ საზოგადოებას დაბერებული გურამ რჩეულიშვილი? იქნებ, იმიტომ, რომ ტრაგიკული, პოეტური მითი ურჩევნია ლიტერატურული ტექსტის პროფესიონალურ სრულყოფილებას? ამიტომ ვერ იმჩნევს ნაივურობას. ამ მოსაზრების საპასუხოდ ჩვენ ვიტყვით, რომ, დიახაც, ქართულმა ლიტერატურამ დაკარგა შესაძლებლობა, ჰყოლოდა პროფესიონალი ავტორი.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…