ლევან ბრეგაძე - სტატია

ზღაპრების შემგროვებელი

, , ,

როცა გაიგონებენ: „წითელქუდა“, „ლურჯწვერა“, „ჩექმებიანი კატა“, უამრავ ადამიანს აგონდება შარლ პერო (1628-1703), ვინც ესენი, და მრავალი სხვა ხალხური ზღაპარი, გააცნო ჯერ ფრანგებს და მერე მთელ მსოფლიოს.

როცა გაიგონებენ: „კონკია“, „ბრემენელი მუსიკოსები“, „ფიფქია“, უამრავ ადამიანს აგონდება ძმები გრიმები (იაკობ გრიმი [1785-1863]; ვილჰელმ გრიმი [1786-1859]), რომლებმაც ესენი, და მრავალი სხვა ხალხური ზღაპარი გააცნეს ჯერ გერმანელებს და მერე მთელ მსოფლიოს.

მაგრამ როცა გაიგონებენ: „ნახევარქათამა“, „გაუცინარი ხელმწიფე“, „ხუთკუნჭულა“, „მიწა თავისას მოითხოვს“, ძალიან ცოტას, უფრო ფოლკლორის სპეციალისტებს, თუ გაახსენდებათ თედო რაზიკაშვილი (1869-1922), რომელმაც ეს ზღაპრები და ქართული ხალხური შემოქმედების კიდევ მრავალი არაჩვეულებრივი ნიმუში შემოგვინახა, ანუ, სწორედ ის სამუშაო გასწია, რითაც მისმა ზემოთ დასახელებულმა ევროპელმა კოლეგებმა გამოიჩინეს თავი.

ევროპაში შარლ პერო და გრიმები მათ მიერ მიკვლეულ-ჩაწერილ-მოთხრობილი ზღაპრების ავტორთა რანგში ჰყავთ აყვანილნი; ჩვენ კი თედო რაზიკაშვილისთვის, ანალოგიური დამსახურების მქონე შემოქმედისთვის, ანალოგიური პატივის მიგება გვიჭირს. არ ვიცი, რას უნდა დაჰბრალდეს ეს!

მწერლის ქალიშვილი იგონებს:

„მამაჩემი არ ზოგავდა არც დროს, არც ძალ-ღონეს; სადაც არ უნდა ყოფილიყო: ლხინსა თუ ტირილში, ქორწილსა თუ ნათლობაში, ხვნაში, მკაში, მინდორში, ბაღში, გზაში, სკოლასა თუ დუქანში, ყოველთვის თან ჰქონდა ქაღალდი და ფანქარი, იწერდა გაგონილ გონებამახვილურ სიტყვებს, ანდაზებს, გამოცანებს, თქმულებებს, ლექსებს, გადმოცემებს. კარგი მთქმელები სახლშიაც მოჰყავდა. ალაპარაკებდა, ეშაირებოდა, აშაირებდა მათაც, რომ რაც შეიძლება მეტი ეთქვათ, თვითონ კი ჩაეწერა“.

ხალხური შემოქმედებით ასეთი გატაცება და მისი პოპულარიზაციისთვის გაწეული ასეთი ამაგი გაცილებით მეტ პატივს იმსახურებს, ვიდრე ჩვენ ამგვარი მოღვაწეობისთვის ვიმეტებთ.

1909 წელს გამოცემული ორი კრებული „ქართული ხალხური ზღაპრები კახეთსა და ფშავში შეკრებილი თედო რაზიკაშვილის მიერ“ და „ქართული ხალხური ზღაპრები ქართლში შეკრებილი თედო რაზიკაშვილის მიერ“ ქართული ფოლკლორის საგანძურია.

განსაკუთრებული ხვედრი ხვდა წილად თედო რაზიკაშვილის მიერ ჩაწერილ ფილოსოფიურ ზღაპარს „მიწა თავისას მოითხოვს“ – უკვდავების მაძიებელი ჭაბუკის ამბავს, რომელიც ფესვებით გილგამეშის ეპოსს უკავშირდება. მასში ინტუიციურად არის ნაგრძნობი დროის ფარდობითობა. მრავალ ღირსებათა გამო ამ ზღაპარმა იმთავითვე მიიპყრო ყურადღება.

არა მარტო ქართული ფოლკლორისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ეს ტექსტი თედო რაზიკაშვილმა თავდაპირველად რუსულად გამოაქვეყნა სათაურით „Земля своё возьмёт“ (Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа, вып. X, 1890, с. 51-54). პუბლიკაციის ბოლოში ვკითხულობთ: „გორის მაზრის სოფ. ქიწნისში მცხოვრებ სოლომონ გულაშვილის მონათხრობი ჩაიწერა ამიერკავკასიის საოსტატო სემინარიის მე-3 კლასის მოსწავლემ თეოდორ რაზიკოვმა“ (თედო ამ დროს 20 წლის იყო და სემინარიას ამთავრებდა).

უნდა ვიფიქროთ, რომ თედო რაზიკაშვილის ეს პუბლიკაცია დაედო საფუძვლად ზღაპრის იმ ვერსიას, რომელიც გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნდა 1897 წელს (#98) სათაურით „მიწისა – მიწას“ („Земное – земле“. სათაურის ქვეშ მინაწერი: „ქართული ზღაპარი“), რომელსაც ვ. გატცუკი აწერს ხელს.

ვ. გატცუკის ტექსტი ფრანგულად თარგმნა ფრანგმა არქეოლოგმა და ეთნოგრაფმა, საქართველოსა და ქართული კულტურის დიდმა დამფასებელმა და პოპულარიზატორმა, ბარონმა დე ბაიმ და 1900 წელს წიგნად გამოსცა პარიზში სათაურით „მშვენიერება. ქართული ლეგენდა“.

დე ბაის ფრანგული თარგმანიდან ქართული ზღაპარი ინგლისურად აამეტყველა ბელ კოლბი კარინგტონმა და 1932 წელს წიგნად დასტამბა პარიზშივე.

1941 წელს ჟურნალ „მნათობის“ მე-3 ნომერში კონსტანტინე გამსახურდია აქვეყნებს ნოველას „მშვენიერება“, რომელსაც ბარონ დე ბაის ამავე სახელწოდების თარგმანი უდევს საფუძვლად.

ეს ყოველივე – ქართული ზღაპრის მოგზაურობა მსოფლიოში – თედო რაზიკაშვილის გარჯას მოჰყვა – აი, ასეთი „შთამომავლობა“ დატოვა 1890 წლის მისმა რუსულენოვანმა პუბლიკაციამ.

მაგრამ თედო რაზიკაშვილის პუბლიკაციას „წინაპარიც“ ჰყოლია. მე-20 საუკუნის დამდეგს გამოჩნდა პირველი სენსაციური ცნობები იმის თაობაზე, რომ ნეაპოლის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახებოდა იტალიელი მისიონერის ბერნარდე ნეაპოლელის მიერ მე-17 საუკუნის 70-იან წლებში ქართულ ენაზე ქართული შრიფტით (მხედრულით) ჩაწერილი თორმეტი ზღაპარი, რომელთა შორის უკვდავების მაძიებელი ჭაბუკის ამბავიც აღმოჩნდა. ეს უადრესი ვერსია, ყველა სხვა ვარიანტთან ერთად, მიხეილ ჩიქოვანმა გამოაქვეყნა 1964 წელს კრებულში „მრავალთავი“.

ამ აღმოჩენამ ფასი შემატა თედო რაზიკაშვილის ჩანაწერს – ერთი ხალხური ზღაპრის ორი ჩანაწერის ურთიერთშედარება, რომლებიც ერთმანეთისგან ორი საუკუნის ინტერვალით არის დაშორებული, მათ შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებათა ანალიზი, რასაც საფუძველი მიხეილ ჩიქოვანმა დაუდო, გაგრძელებას და გაღრმავებას ელის, ვინაიდან ამ ტექსტების არსებობა უნიკალურ შესაძლებლობას გვთავაზობს როგორც ფოლკლორული მოტივების, ასევე ლინგვისტური მოვლენების განვითარება-ცვლილებებზე დაკვირვებისთვის.

თედო რაზიკაშვილის, ვითარცა ფოლკლორისტის, განსაკუთრებული ღვაწლი განსაკუთრებულ დაფასებას მოითხოვს.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…