ლევან ბრეგაძის სტატია

ფოტომოთხრობები

, , ,

ამ ფოტოებს მამაჩემი, ტყიბულელი გეოლოგი სოლომონ ბრეგაძე (1917-1974), გასული საუკუნის 40-იან წლებში იღებდა ფოტოაპარატით, რომელსაც `Фотокор-1~ ერქვა (ეს იყო საბჭოური წარმოების პირველი ფოტოაპარატი), მერე მათ თვითონვე ამჟღავნებდა და ბეჭდავდა. ნეგატივებს შავი ფერის მომცრო ყუთებში ინახავდა. სამასამდე ნეგატივი შემორჩა მამაჩემის არქივს. სულ მეგონა, რომ ეს იმ ფოტოსურათების ნეგატივები იყო, რომლებიც ჩვენს საოჯახო ალბომებში ინახებოდა. შარშანწინ, 2019-ის ზაფხულში, აღმოვაჩინე, რომ მათი უმეტესობა ბეჭდური სახით არ არსებობდა და პირველად მაშინ იხილეს დღის სინათლე, როდესაც ფოტოატელიე „ფუჯი კოლორისა“ და შემდეგ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომელთა თანადგომით ისინი გავაციფრულეთ და ნაწილი ამოვბეჭდეთ კიდევაც.

შვიდ ათეულ წელზე მეტი ხნის წინანდელი ყოფის ამსახველი ეპიზოდების გაცოცხლებამ რომ უძლიერესი ემოციური ზემოქმედება იქონია, რა გასაკვირია, მაგრამ ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ ხელოვნების ამ დარგის მცოდნე ხალხის შეფასებით, ისტორიულის გარდა მამაჩემის ამ ნამუშევრების ერთ ნაწილს უდავო მხატვრული ღირებულებაც აღმოაჩნდა, მეტადრე მათ, რომლებიც ე. წ. ჟანრული ფოტოგრაფიის სფეროს განეკუთვნება; მათ „დაუდგმელი“ ფოტოებიც შეიძლება ვუწოდოთ. ამ „დაუდგმელობის“ წყალობით ისინი ბუნებრიობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

გთავაზობთ მამაჩემის რამდენიმე ფოტონამუშევარს, ჩემი დიდწილად სუბიექტური კომენტარებითურთ.

N1

ამას „დუქნის სცენა“ ვუწოდე.

„პერედვიჟნიკების“ ნახატებს მაგონებს.

მარჯვნივ, წინა პლანზე, შექეიფიანებულ კლიენტს ასიგნაციები ჩაუბღუჯავს და, აშკარად, ანგარიშსწორებას აპირებს მის ხელებს მიჩერებულ, შინაურულად ხალათში გამოწყობილ და თეთრთავსაფარწაკრულ – როგორც ჩანს – დიასახლისსა და ამავდროულად მოლარესთან.

ცენტრში მდგარი აკორდეონისტი თითქოს დიასახლისის კეფას მიშტერებია, მაგრამ თვალებზე ეტყობა, სხვა რაღაცაზე ფიქრობს – სხვაგან ქრის მისი გონება. მობეზრებია აქაურობა (სავსებით ფხიზელი ჩანს!), მაგრამ ეს მისი სამსახურია და რა ქნას…

მარჯვნივ რომ კაცი დგას, კაპიუშონივით რაღაც რომ ახურავს, შესაძლოა, მსტოვარი იყოს – ისეთი სიფათი აქვს. მგონი, აინტერესებს, ის შეზარხოშებული, ფულს რომ იხდის, როცა დუქნიდან გავა, საით გასწევს…

მარცხენა ნაწილში აქეთ თავმობრუნებულ გოგოს თითქოს გარეთ ეპატიჟებიან, მას კი – სახის გამომეტყველებაზე ეტყობა – იქაურობა არ ეთმობა – ცოტა ხანს კიდევ დავრჩეთო, სთხოვს მის გვერდით ფეხზე მდგომ მამაკაცს…

70 წლის წინ დააფიქსირა მამაჩემის ფოტოობიექტივმა ეს ყოფითი სცენა და უკვდავყო წამი, რომელიც იმ ხანად არავის აინტერესებდა, დღეს კი ყურადღებას იმსახურებს, ვინაიდან სწორედ ყოფითი და სპონტანური სცენები ინახავენ ყველაზე უკეთ ე. წ. დროის სურნელს.

N2

კიდევ ერთი „დაუდგმელი“ ჯგუფური ფოტო. 1940-იანი წლების მიწურული. გადაღებული უნდა იყოს ტყიბულში. ეს ხალხი რაღაცის (ალბათ, ტრანსპორტის) მოლოდინშია (მაშინ ხალხი სატვირთო მანქანებით გადაჰყავდათ), და, მგონი, ქარით (ზამთრის ცივი ქარით – ხეს ფოთლები არ ასხია, დეკემბერი ან იანვარი უნდა იყოს) არიან შეწუხებულნი.

მარცხნივ მხოლოდ ქალები დგანან, მარჯვნივ – მხოლოდ კაცები. ისე არიან გამოპრანჭულნი, სამუშაოდ არ უნდა მიეშურებოდნენ. ეტყობა, კაი ამბავზე მიდიან, შესაძლოა, ქორწილში: მარჯვნიდან პირველს დოლი ჩაუხუტებია!

იმპრესიონისტების ნახატს ჰგავს (სხეულის მოძრაობების დაფიქსირებას ვგულისხმობ და არა ფერებს, ცხადია!).

რას უნდა აკეთებდეს მარჯვენა მხარეს, წინა პლანზე ერთმანეთის პირისპირ მდგარი ეს ორი კაცი? მე მგონი, კენჭის კენჭზე მოხვედრებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

N3

ამ ადგილს დღეს ვეღარავინ იცნობს, არადა ტყიბულის ახლანდელ ცენტრში ვიმყოფებით! ორიენტირად გამოგვადგება ფოტოს მარჯვენა მხარეს პარტიის რაიკომის (შემდგომ ქალაქკომის, ახლა მერიისა და საკრებულოს) მშენებარე შენობის დეტალი.

სურათის ფონზე რომ კლდესავით რაღაცა მოჩანს, ეს აღარ არის. მის ადგილას ახლა სასტუმროს შენობაა.

ესეც კიდევ ერთი „დაუდგმელი“ ფოტო მამაჩემის ნამუშევრებიდან.

დაუდგმელი ფოტოს ესთეტიკა განსხვავდება დადგმული ფოტოს ესთეტიკისაგან. დაუდგმელი ფოტო შთაბეჭდილებას ახდენს სინამდვილის შეულამაზებელი სურათის დაფიქსირებით, რასაც მისი სიძველე კიდევ უფრო აძლიერებს, თითქოს წარსულში გვამოგზაურებს, სადაც უცნაური და უჩვეულო ჩანს ყველაფერი.

ფოტოს დაუდგმელობის გამოსაცნობი ერთ-ერთი ნიშანი ობიექტივისკენ ზურგით მდგარი ადამიანებია. ფოტოზე გამოსახულთაგან ზოგიერთმა შესაძლოა იცოდეს კიდეც, რომ უღებენ (მაგალითად, ამ ფოტოზე ცენტრში მდგარმა ორმა გოგონამ იცის ეს), მაგრამ ფოტო მაინც დაუდგმელია, ანუ მისი კომპოზიცია ნატურალურია.

ფოტოზე გამოსახულია მომღერალთა გუნდის სამზადისი საპირველმაისო ან საშვიდნოემბრო დემონსტრაციაზე გამოსასვლელად. მარცხენა ნაწილში ჩვენკენ სანახევროდ ზურგით მობრუნებული კაცი უთუოდ ლოტბარია (მარჯვენა ხელის პლასტიკაზე ეტყობა ეს).

ეროვნულ სამოსში გამოწყობილ ახალგაზრდებს ინტერესით მისჩერებია დიდი თუ პატარა, რაც იმის ნიშანია, რომ ასეთი სანახაობა იშვიათი რამ არის მათთვის. თვითონ „გადაცმულთ“ კი გულგრილობა და მოწყენილობა აღბეჭდვიათ სახეზე _ ეტყობა, ერთი სული აქვთ, როდის მორჩება ეს ყოველივე და ჩვეულებრივ ყოფას დაუბრუნდებიან.

N4

თავის საუკეთესო ფოტონამუშევრებში მამა თანაბარ ყურადღებას უთმობდა ფოტოზე გამოსახულ პიროვნებასაც და იმ გარემოსაც, სადაც პიროვნება იმყოფებოდა, რაც ამდიდრებდა ფოტოს შინაარსს. (ფოტო და კინოხელოვნებაში ამას „საშუალო ხედს” უწოდებენ).

ამ ფოტოზე, რომელზედაც მე ვარ გამოსახული, როცა ორი წლისა ვიქნებოდი (1948-49 წელია), კარგად ჩანს გარემოს, ჩვენი ოჯახის თავდაპირველი საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიის უბადრუკობა; იგრძნობა სიდუხჭირე, რასაც მაინცდამაინც ცოტა ხნის წინ დამთავრებულ მე-2 მსოფლიო ომს ვერ დავაბრალებთ – მანამდე ხომ დიდი „წარმატებით“ სრულდებოდა ქვეყნის ინდუსტრიალიზაციისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხუთწლედები… ეს მიდამო კი, რასაც სურათზე ვხედავთ, ახალდაბომბილს ჰგავს, თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე ომი არ ყოფილა.

სტილი ამ ნამუშევრისა ნეორეალიზმია.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…