ქეთევან კინწურაშვილი სტატია

„აფეტი:“ პოეტისა და მხატვრის პირველი წიგნი

, , ,

(ილიაზდი და პიკასო)

„ჩემო ძვირფასო ილია ზდანევიჩ, აქ არის წიგნის
ის სასწაული, რომელსაც მე ვერ ვკითხულობ და რომელიც მისი
დანახვისთანავე შთაგონებული კითხვის სიამოვნებას მანიჭებს.
ჩვენ არ ვიცით, რისგან არიან გაკეთებულნი ვარსკვლავები. შენი
წიგნი ვარსკვლავურია. მე ავიღებ რუსულ ლექსიკონს, ან თუ შენ
გსურს, ტელესკოპს, რათა უკეთ გავეცნო მას.“ *
მთელი ჩემი გულით, ჟან კოკტო (1)

ამ სიტყვებს ჟან კოკტო ილია ზდანევიჩს  1924 წლის 2 იანვარს სწერს. საახალწლოდ ილიამ მას თავისი ახლადგამოცემული წიგნი – „ლიდანტიუ ფარამ“ (იგულისხმება „ლე დანტიუ – შუქურა“) გაუგზავნა   – თავისი ბოლო „დრა“ (საკუთარი ტერმინი მისი ფუტურისტულ-დადაისტური პიესებისთვის). 16 წლის შემდეგ, 1940 წელს, ილიამ  თავისი 21 წიგნიდან პირველი გამოსცა; თითოეულ მათგანს შეგვიძლია ვუწოდოთ „ვარსკვლავური“, რადგან ისინი წიგნის ხელოვნების ნამდვილი შედევრებია. პირველი წიგნი – „აფეტი“ (და კიდევ 8), რომელსაც ეძღვნება ჩვენი სტატია, ილიამ პაბლო პიკასოსთან თანამშრომლობით შექმნა. პოეტი და მხატვარი 1922 წელს დამეგობრდნენ. იმ წელს პარიზმა ილია ზდანევიჩი გაიცნო, როგორც ილიაზდი.

თავისი გამოცემებისთვის ილია ილუსტრაციების შესასრულებლად, პიკასოს გარდა, იწვევდა ისეთ ცნობილ  მხატვრებსა და მოქანდაკეებს, როგორებიც იყვნენ მაქს ერნსტი და ალბერტო ჯაკომეტი, ანრი მატისი და ჯოან მირო, ჰანს არპი და ჟორჯ ბრაკი, მარკ შაგალი და ბევრი სხვა. ილიას ძმის – კირილეს ფრაზას თუ მივმართავთ, სწორედ ისინი, მეტწილად ემიგრანტები, „პარიზის კულტურის ბორბალს“ ატრიალებდნენ (2). რადგან კირილე ვახსენეთ, აქვე შევნიშნავთ, რომ ძმები ზდანევიჩები საქართველოში დაიბადნენ. დედა ქართველი ჰყავდათ, მამა – პოლონელი, რომლის წინაპარი, ოჯახით, რუსეთის წინააღმდეგ 1831 წლის აჯანყების გამო გადმოასახლეს საქართველოში.

***

ილია 1937 წელს მაზარინის ქუჩის 35 ნომერში დასახლდა, პარიზის მე-6 არონდისმანში. ერთი წლით ადრე პიკასომ გრანდ-ოგიუსტენის ქუჩის  7 ნომერში მე-17 საუკუნის ისტორიული შენობა შეისყიდა. აბრა გვამცნობს, რომ 1936-1955 წლებში აქ ცხოვრობდა პიკასო და მან 1937 წელს აქ დახატა „გერნიკა“. როგორც აბრიდან ირკვევა, ამავე შენობაში ვითარდებოდა ონორე დე ბალზაკის ცნობილი მოთხრობის – „უცნობი შედევრის“ (1831) სიუჟეტიც.   

პიკასომ ეს შენობა შეიძინა სწორედ ამ მოთხრობის შთაგონებით, რომლისთვის 1931 წელს ილუსტრაციებიც შექმნა.

ილია,  შიდა ეზოებისა და სადარბაზოების გავლით, ხუთ-ათ წუთს ანდომებდა საკუთარი სახლიდან პიკასოსთან მისვლას; „გერნიკას“ ხატვის პერიოდშიც ხშირად სტუმრობდა  მხატვარს. ბალზაკის მოთხრობა შთაგონების წყარო იყო, ასევე, მატისისა და სეზანისთვის (ეს უკანასკნელი საკუთარ თავს მოთხრობის მთავარ გმირთანაც აიგივებდა). სამწუხაროდ, სტატიაში ამ დეტალებზე ვერ განვაგრძობთ საუბარს, მაგრამ ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ილიამაც იცოდა ამ მოთხრობის შესახებ. ისიც შეიძლება დავუშვათ, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი წიგნის – „უცნობი სიტყვების პოეზია“ (1948) – სახელწოდება ბალზაკის ამ პატარა შედევრის გავლენით დაიბადა.

ყველაფერი, რასაც ილია ჩაიფიქრებდა და ქმნიდა, უამრავ მომიჯნავე საკითხს მოიცავდა; ამიტომ შეუძლებელია, საუბრის მთავარი საგანი გამოვყოთ. იქნებ, სულაც სიყვარულია სტატიის ძირეული თემა (სიყვარული და ხელოვნებაა ბალზაკის მოთხრობის შინაარსის საფუძველიც). ამიტომ პიკასოსა და ილიას თავგადასავლების გახსენებაც მოგვიწევს.

ორივეს უამრავი სასიყვარულო კავშირი ჰქონდა; ეს დეტალები კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს  ჩვენ მიერ შერჩეული წიგნის ღირსებების დასანახად.

მთავარ თემას თავად წიგნის იდუმალი სათაური გამოკვეთს  – „აფეტი“ ან „აფატი“ (განსხვავებულად იკითხება არაბულად და თურქულად), რაც ლამაზ ქალს ნიშნავს. ამ სიტყვას, ასევე, განმარტავენ, როგორც უიღბლო სიყვარულს.

„აფეტი“ სიგანეში წაგრძელებული ფორმის წიგნია, ზომით 20.5 × 30.5 სმ.   გამოცემულია 68 ეგზემპლარად. შეიცავს 48 გვერდს. მოყვითალო პერგამენტით შემოკრული გარეკანი ორივე მხრიდან სადაა. როგორც წინა, ისე ბოლო გვერდებზე მასზე პიკასოს მიერ აქვატინტის ტექნიკით, კუფური შრიფტით შესრულებული წარწერებია განთავსებული: წინა მხარეს – „აფეტი,“ უკანა მხარეს -„მეჯუსიე“ – ჯადოქარი ქალი. ეს ორიენტალისტური წარწერები, რომლებსაც მკითხველთა უმრავლესობა ვერ კითხულობს, მინიმალისტური გარეგნობის წიგნის სადა ორნამენტულ მორთულობად აღიქმება. თუმცა, შეხედვისთანავე ცხადია, რომ ეს ასოებია და სიტყვებად უნდა იკითხებოდეს. 

ილიაზდის სხვა წიგნების მსგავსად,  „აფეტი“ დაისტამბა  პარიზში, როჟე ლაკურიერის ცნობილ ატელიეში (დღესაც არსებობს მონმარტრზე, საკრე-კერის ეკლესიასთან და ატარებს ლაკურიერ – ფრელოს სახელს). დაიბეჭდა  Canson Montval-ის აკვარელის ისტორიულ ქაღალდზე. წიგნის ყოველი ეგზემპლარი ფანქრით ხელმოწერილია ილიაზდისა და პიკასოს მიერ.

„აფეტში“ შესული 76 სონეტი ილიამ 1938-1939 წლებში დაწერა.  წიგნის შიგთავსს ამშვენებს პიკასოს ოთხი გრავიურა (სამი მათგანი სპილენძის ფირფიტაზე საჭრეთლით არის შესრულებული. ერთი დასრულებულია ოფორტის ტექნიკით). გრავიურები პიკასომ შეასრულა 1938 წლის 28 მაისსა და 19 ივნისს შორის.

მითითებული წლები თავისთავად გვიჩვენებს, რომ წიგნი შეიქმნა ესპანეთის ომისა და პარიზის ოკუპაციის პირობებში. ორივე – ილიაზდიც და პიკასოც, ამ დროს პარიზში იმყოფებოდა.

ილიაზდის პირველ წიგნს, როგორც 20 მომდევნოს, რომლებიც მან 1940-1974 წლებში შექმნა, ჩვეულებრივ  მიაკუთვნებენ იმ სახის წიგნებს, რომლებსაც ზოგადად მოიხსენიებენ ტერმინით – Livre d’Artiste (მხატვრის წიგნი), მაგრამ უფრო გამართლებული იქნება, თუ ილიაზდის ბრწყინვალე გამოცემებს „პოეტისა და მხატვრის“ ან ზოგ შემთხვევაში, „პოეტებისა და მხატვრების“ წიგნებს ვუწოდებთ.

მით უფრო, რომ ილიამ პიკასოსთან ერთად შექმნილ თავის მეორე წიგნს – „წერილი“ (1948) სატიტულო ფურცლებზე (ესპანურ და რუსულ ენებზე) წააწერა: „პოეტისა და მხატვრის მეორე წიგნი.“

სონეტებს წერისას ილიაზდი შეყვარებული იყო პარიზში მცხოვრებ ინგლისელ მოდელსა და მხატვარზე – მარგარეტ ჯოან სპენსერზე. ამ დროს ურთიერთობა დაძაბული ჰქონდა მეუღლესთან – აქსელ ბროკართან, რომელსაც 1938 წელს ოფიციალურად გაეყარა. „აფეტში“ შესული სონეტების ძირითადი ნაწილი სწორედ მარგარეტს ეძღვნება. ილია დღიურებივით წერდა მათ და დაწერის თარიღსაც უთითებდა. სონეტები შექმნილია ხუთხაზიანი იამბიკოს პოეტური ფორმით.

რაც შეეხება პიკასოს, მისი საყვარელი და მუზა 1927-1940 წლებში მარი ტერეზ ვალტერი იყო. 1935 წლიდან დორა მაარი იკავებს მნიშვნელოვან ადგილს მის ცხოვრებაში, თუმცა რომანი მარი ტერეზთან არ წყდება. წიგნის სამ კომპოზიციაში მარი ტერეზის ამოცნობაა შესაძლებელი, ხოლო ერთში, რომელიც განსხვავებული ტექნიკით (ოფორტის მიხმარებით) არის შესრულებული, დორა მაარია გამოსახული.

„აფეტის“ თითო გვერდზე ორი სონეტია განთავსებული. ისინი ტრადიციული ფორმით არის დაწერილი. 1940 წელს, „აფეტის“ სარეკლამო განცხადებაში, ილია წერდა, ვინ წარმოიდგენდა, რომ „ზაუმნიკი“ (ის ხომ ახალგაზრდობაში ფუტურიზმის აპოლოგეტი და „გონებისმიღმა“ (რუსულად заумная) პოეზიის წარმომადგენელი იყო) ილია ზდანევიჩი კლასიკოს ილიაზდად მოგვევლინებოდაო (3).

1964 წელს ილია ერთი კრიტიკოსისადმი მიწერილ წერილში  ასე მოიხსენიებს თავის ლექსებს: „ლექსები – ცუდი“ (4). თუმცა, ლიტერატურის კრიტიკოსები მაღალ შეფასებას აძლევდნენ ტრადიციული სტილით დაწერილ ილიაზდისეულ სონეტებს (5). 

პარიზში ილია თავის წიგნებს გამოსცემდა 1918 წელს ტფილისში დაარსებული არტისტული გაერთიანების – „41°“ – ის სახელით  და ასე შეუნარჩუნა მან უცხოეთში ამ გაერთიანებას სიცოცხლე.

აღნიშნული დასახელების მნიშვნელობას სხვადასხვაგვარად ხსნიან, მაგრამ მთავარია, რომ ეს თბილისის განედის აღმნიშვნელი კოორდინატია. „41°“-სს, როგორც ავანგარდულ წამოწყებას, საბჭოთა საქართველოში სიცოცხლე არ ეწერა; პარიზში კი ილიას გარდაცვალებამდეც იცოცხლა და დღემდეც ცოცხლობს.

 „აფეტში“ ილუსტრაციებად ჩართული პიკასოს შავ-თეთრი ნამუშევრები სიყვარულისადმი მიძღვნილი მხატვრული ოდაა. ყოველი ხაზი დიდი შინაგანი ენერგიის მატარებელია. ილია ერთ-ერთ სონეტში წერდა: „სპილენძის სივრცეებს დასერავს პაბლო თავისი გაბედული და ელვარე ხაზებით“ (19 ივნისი).

ილიას ლექსები იმ დროს იქმნებოდა, როცა პიკასოც კლასიკური თემებისკენ იხრებოდა; საერთოდ, 1930-იან წლებში დასავლეთის ხელოვნებაში კლასიცისტური ტენდენციები  სჭარბობს (კუბიზმისა და სხვა ავანგარდული მიმდინარეობების სანაცვლოდ); გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ილიას ლიტერატურულ საქმიანობაშიც იჩინა თავი იმავე მიმართულებამ.  

პიკასოს ნამუშევრები, ფიგურების ცალკეული ნაწილების ერთდროულად სხვადასხვა წერტილიდან ჩვენება, ადასტურებს, რომ კუბისტური გამოცდილება ამ დროსაც ცოცხლობდა მასში, მაგრამ მთლიანობაში ეს ნათლად აღქმადი სურათებია – შემოქმედისა და მუზის პოეტური ურთიერთობის ამსახველი.

1930-იან წლებში, პიკასო, როგორც გრაფიკოსი (არაფერს ვამბობთ მის ფერწერულ ქმნილებებსა და ქანდაკებაზე),  ქმნის უამრავ, დაახლოებით 20 000 შედევრს, უმეტესად ოფორტის ტექნიკაში. ის ასრულებს ილუსტრაციებს წიგნებისთვის, რომლებსაც უმეტესად უკვეთს ცნობილი ხელოვნების დილერი – ამბრუაზ ვოლარი. კარგად არის ცნობილი პიკასოს „ვოლარის სიუიტა“ – 100 ოფორტი – შექმნილი 1930-1937 წლებში. ამ პერიოდში პიკასოს გრაფიკულ ნამუშევრებში საოცარი ძალით აისახება ფიზიკური სიყვარულის სიძლიერე, ეროტიკული გრძნობები, რაც მის სხვა სახის ნამუშევრებშიც ვლინდება. „ვოლარის სიუიტა“ სწორედ ნეოკლასიცისტურ ხასიათის არის და სტილისტურად მასთან ახლოს დგას „აფეტისთვის“ შესრულებული კომპოზიციები.

„ვოლარის სიუიტის“ შექმნის პერიოდში პიკასო მარი-ტერეზიზე იყო შეყვარებული (რომანი დაიწყო 1927 წელს). ამავე დროს მის ცოლად რჩებოდა ოლგა ხოხლოვა, რომელიც არაფრით თანხმდებოდა გაყრაზე. შედეგად, გრაფიკულ სერიაში აისახა პიკასოს მტკივნეული, მძიმე სასიყვარულო განცდები. ამას ემატება  ევროპის უმძიმესი პოლიტიკური მდგომარეობა იმ წლებში, რასაც მხატვარი არაერთ ნამუშევარში გამოეხმაურა და  რაც განსაკუთრებული სიძლიერით აისახა მის შედევრში – „გერნიკა“ (1937). „ვოლარის სიუიტის“ დასაწყისში კომპოზიციები მზით სავსე არკადიას უკავშირდება (პასტორალიზმი და ჰარმონია ცოცხალ, შეურყვნელ ბუნებაში), თუმცა ფაშიზმის გავრცელებასთან და სამოქალაქო ომის დაწყებასთან ერთად განწყობა იცვლება და სასიყვარულო გრძნობებს სიბნელე მოიცავს. 

სიუიტა იწყება მოქანდაკის სტუდიოს ჩვენებით. ამ დროს მარი ტერეზი – პიკასოს საყვარელი და მოდელი, წვერებიანი მოქანდაკის ხელებშია ნაჩვენები (დაახლოებით იგივე მეორდება „აფეტის“ ერთ-ერთ კომპოზიციაში, სადაც მარი-ტერეზი ნახევრად ქალისა და ნახევრად ჩიტის სახით არის გამოსახული). ორივე შემთხვევაში ასახულია ძლიერი ეროტიკული განცდები, ვაკხანალიური ემოციები. სიუიტაში მინოტავრი ნაზი საყვარლიდან გარდაიქმნება მძვინვარე, გაშმაგებულ საყვარლად,  შემდეგ კი ბრმავდება და იმპოტენტი ხდება. ის  დასეირნობს ღამით და მეგზურობას უწევს პატარ გოგონა, რომელშიც კვლავ მარი-ტერეზის ამოვიცნობთ. წიგნი სრულდება ვოლარის სამი პორტრეტით.

„ვოლარის სიუიტის“ შექმნის პროცესში პიკასო  ოფორტის სხვადასხვა ტექნიკას დაეუფლა – შედარებით მარტივი ცივი ჭრით დაწყებული, მშრალი ნემსის, აკვატინტას და შაქრის აკვატინტას ჩათვლით. ყოველივე ეს როჟე ლაკურიერის სახელოსნოში ისწავლა, სადაც დაიბეჭდა ვოლარისა და მანამდე ალბერ სკირას მიერ დაკვეთილი (ოვიდიუსის „მეტამორფოზები,“ 1928)  წიგნები.

ამგვარად, როდესაც ილიაზდის სასიყვარულო სონეტების კრებულისთვის – „აფეტისთვის“ – ქმნიდა ილუსტრაციებს, პარალელურად უამრავ გრაფიკულ ნამუშევარსა და  იმავე ხასიათის ნეოკლასიკურ სტილში შესრულებულ კომპოზიციებსაც ასრულებდა.

ნათელია, რომ მხატვარი ამ გრძნობებით ცხოვრობდა იმ პერიოდში, რაც მის შესანიშნავ, სიყვარულის უძლიერესი გრძნობით გამსჭვალულ გრაფიკულ ნამუშევრებში გამოიხატა. ერთი შეხედვით, ეს ეროტიკული ნამუშევრებია და ის საოცარი სინაზეც იკითხება მათში, რომლის გარეშე არ არსებობს ძლიერი გრძნობა. პიკასოს ჩვენ აქ ვხედავთ მასკულინურად ძლიერ, მოუხეშავ და უაღრესად ფაქიზ მამაკაცს იმის მიმართ, ვინც მასში ზღვარგადასული, ვაკხანალური გრძნობები აღძრა.  

როგორც აღვნიშნეთ, „აფეტში“ 76 სონეტია შესული. მაგრამ ერთ-ერთ ეგზემპლარში, რომელიც ილიამ პირადად კოკო შანელს აჩუქა, არის 77-ე სონეტი, რომელსაც ის სწორედ შანელს უძღვნის. ეს უნიკალური ეგზემპლარი კოკო შანელის ფონდში ინახება.

„ერთმანეთის სიახლოვე

ერთად ვერ გვკრავს;

გვაცალკევებს.

მერამდენე წელი არის

ერთ საღამოს შეპირებულს

ერთად ვერა, ვერ ვატარებთ,

თუ იხილავს რომის ნაპირს

პილიგრიმი სუსტი გულით“.

თავის მხრივ, ერთ-ერთ წერილში, შანელიც საყვედურობს ილიაზდს, ჩემთვის დრო ვეღარ მოძებნე, იქნებ მესტუმროო, ელი (6). ასე მიმართავდა. (გავიხსენოთ ილიას ადრეული ფსევდონიმი – ელი ეგანბიური).

ილიაზდი, არტისტული წიგნების სხვა დამკვეთებისა და გამომცემლებისგან განსხვავებით, ხშირად თავად იყო ტექსტების ავტორი, ზოგჯერ კი საკუთარი სურვილით არჩევდა ავტორებს, მაგრამ რაც მთავარია, ის თავად ასრულებდა წიგნის გრაფიკულ დიზაინს, სადაც ყოველი დეტალი მის მიერ იყო  გათვალისწინებული; ცხადია, შრიფტისა და ქაღალდის ხარისხის ჩათვლით. ილია თავად უგზავნიდა მხატვრებს სპილენძის ფირფიტებს, რათა მათ შესაბამისი ზომის გრაფიკული კომპოზიციები შეექმნათ. პიკასოსთან ყოველდღიურად შესული მრავალრიცხოვანი კონვერტებიდან ადვილად რომ გამოერჩიათ მისი გზავნილები, ილია მათ წითელი და ყვითელი ზოლებით – ესპანეთის დროშის ფერებით ამკობდა; ესპანეთის, რომელიც ზდანევიჩსაც ძალიან უყვარდა, რომლის ბედი უაღრესად აღელვებდა, სადაც ხშირად ჩადიოდა და იმასაც ხაზს უსვამდა, რომ მადრიდიც 41°- ზე მდებარეობს.

ილიაზდი 1928 წლიდან თანამშრომლობდა კოკო შანელთან, როგორც პარიზის გარეუბანში, მარეში, მდებარე მისი ქარხნის – „შანელის ქსოვილები“ – დირექტორი. თავად აქვე ცხოვრობდა კიდეც. ის ესკიზებს ქმნიდა შანელის ქსოვილებისთვის (ზოგ შემთხვევაში მის მიერ 1916 წელს თაყაიშვილის ექსპედიციაში აზომილი შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ელემენტების გამოყენებით). ასევე, „ბრიტანული შანელის“ დასაარსებლად ის რამდენჯერმე იყო მივლინებული ლონდონში. ილიაზდმა შანელისთვის შექმნა საქსოვი დაზგა, რომელიც დააპატენტეს და მასზე ცნობილი ჯერსეს ქსოვილი იქსოვებოდა შანელის ქარხნებში. მათ  ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდათ და კოკო ილიაზდის ქალიშვილის – მიშელის, ნათლიაც იყო.

ასტრონომია ერთ-ერთი დარგი იყო, რომელიც საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი ილიაზდს. „აფეტში“ ხშირად ფიგურირებდა ციური სხეულები და განსაკუთრებით – მთვარე, როგორც სევდის გამომხატველი. წიგნში კოსმოსურ სივრცეს, ვარსკვლავებს, კომეტებს, მთვარეს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირათ; ციური სხეულები სულ უფრო ფართო როლს თამაშობდნენ ილიაზდის შემდგომ პოეზიასა და შემოქმედებაშიც. მეტიც, ილიაზდი ციურ სხეულებთან მოსაუბრე პოეტი იყო.  ერთ-ერთ სონეტში პიკასოსთან მკლავგაყრილი მოაბიჯებდა პოეტი  ქუჩაში და როგორც თავად წარმოისახავდა- „ის ფეხშიშველი ვარსკვლავებზე დააბიჯებს“ (30 ივნისი).  

„აფეტის“ მთავარი გმირი – ღვთაებრივი სილამაზის ქალი, რომელსაც აღწერს, რომელსაც ელის და ესაუბრება პოეტი, მუდამ ოცნებასავით ქრება ილიას სონეტებში, არასოდეს მოდის დანიშნულ პაემანზე, რის გამოც სევდითა და მელანქოლიით არის განმსჭვალული მისი სონეტები. 

„თქვენს სამოსს აქ ვერსად ვხედავ;

ვერც ღვთაებრივს თქვენსას სილამაზეს

მასკარადული ბრბოს შუაგულში

ქალთევზა ჩემი მოაბიჯებს.“ (30 ივნისი)

ჩვენს სტატიას, ალბათ, დაამშვენებს კიდევ ერთი გახსენება კოკო შანელზე. 1932 წლის 1 ნოემბერს შანელის სახლში გაიმართა მისი ბრილიანტების კოლექციის  ჩვენება. სავარაუდოდ,  სტუმარი ილიაზდიც უნდა ყოფილიყო (პაბლო პიკასო და ჟან კოკტო დანამდვილებით ესწრებოდნენ გახსნას ფობურ სენტ-ონორეს 29 ნომერში). შანელმა  ბროშებად, სამაჯურებად, ბეჭდებად, თმების მოსართავებად, ყელსაბამებად აქცია ვარსკვლავები, კომეტები, თანავარსკვლავედები, რომლებსაც ბავშვობაში ობოლთა სახლში ყოფნის დროს უკვირდებოდა მონასტრის მოზაიკებზე, ფრესკებსა და ვიტრაჟებზე. მისი სურვილი იყო, ვარსკვლავთა გალაქტიკას ებრწყინა ქალთა გარეგნობაში. და ამავე დროს კოკო იყო „ქალი, რომელიც კითხულობს.“ ასეთი სათაური ჰქონდა შანელის ფონდის  გამოფენას ვენეციაში (2016-17), რომელზეც კოკოს ვრცელი არქივი იყო წარმოდგენილი მისი კამბონის ქუჩაზე მდებარე პარიზული აპარტამენტიდან.

ყველა ეს ფაქტი ერთ მთლიანობად კრავს სტატიის გმირთა სახელებს და იმ ციურ სამყაროსთან აკავშირებს, საიდანაც შთაგონებას იღებდნენ და რომელსაც შეუერთდნენ. ილიაზდის არქივში დღესაც ინახება შავი რვეული  ჩანაწერებითა და ჩანახატებით ასტროლოგიისა და ასტრონომიის თემაზე.

„დახატე პორტრეტი, სანამ ჩაფერფლილა, ლოთ მოხუცად გადაცმული სიყვარულის“  – ასე მთავრდება ილიაზდის ერთ-ერთი სონეტი (30 ივნისი). და ეს მოხუცი, ცხადია, თავად არის. ხოლო პიკასოა, ალბათ, ის, ვინც ეს პორტრეტი უნდა დახატოს. იქნებ, ფიროსმანის პორტრეტის შექმნით (1972) აუსრულებს სიცოცხლის ბოლოს ამ სურვილს მეგობარი მეგობარს (1973 წელს გარდაიცვალა პიკასო, 1975 წელს ილიაზდი).

მითითებული ლიტერატურა:

1.Culture Chanel: La Donna Che Legge. 17 Settembre 2016 – 8 Gennaio 2017.

Fondazione Musei Civici Di Venezia. Ca’Pesario – Galleria Internazionale D’Arte Moderna. Culture-Chanel. Com.: 57.

2.კირილე ზდანევიჩი 1892-1969: ფურცლები არქივიდან. შემდგენელი ნანა შერვაშიძე. თბილისი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, 2021: 101.

3. Iliazd &  Picasso: Pages of Art and Life. Catalogue. Compiler Boris Fridman. Malaga: Picasso House-Museum, 2019: 67.

4.Ильязд: ХХ Век Ильи Зданевича (Материалы Международной научной конференции по творческому наследию Ильи Зданевича). Составитель Борис Фридман. Москва: Государственный  музей изобразительного искусства имени А. С. Пушкина, 2018: 272.

5.Режис Гейро. Предисловие к изданию: Ильязд. Поэтические книги. 1940 – 1971. Москва: Гилея, 2014 https://www.karavansaraj.rs/ильязд ნანახია: 20 სექტემბერი, 2025.

 

6.Culture Chanel: La Donna Che Legge…: 57.

*ტექსტები რუსულიდან და ინგლისურიდან თარგმნილია ქეთევან კინწურაშვილის მიერ.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…