გუბაზ მერელიძე სტატია

დამოკლეს მახვილი

, , ,

(მარჯანიშვილისა და რუსთავის თეატრების ურთიერთობის შესახებ)

1976 წელს მარჯანიშვილის თეატრში თაობათა შორის დიდი განხეთქილება მოხდა;  მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე, 27 მსახიობთან ერთად, ახალი თეატრის შესაქმნელად რუსთავში წავიდა. 

1973 წლის 1 დეკემბერს კულტურის სამინისტრომ გამოსცა ბრძანება ორ თეატრს შორის შემოქმედებითი კონტაქტის დამყარების შესახებ.  პირდაპირ არ იყო ნათქვამი, მაგრამ იგულისხმებოდა ორივე თეატრის გაერთიანების საკითხი.

შემოგვრჩა მარჯანიშვილის თეატრში ჩატარებული ორი კრების ოქმი, რომელიც საინტერესო იქნება როგორც სპეციალისტების, ასვე საზოგადოებისთვისაც.

საკითხმა მწვავე კამათი გამოიწვია და განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა.

შემდგომში თეატრი სპექტაკლებს რკინიგზელთა სახლშიც მართავდა.

1975 წელს რუსთავის თეატრის ნაწილი მარჯანიშვილში დაბრუნდა. სხდომებზე საუბარი იყო მარჯანიშვილის თეატრში ხუთი-ექვსი მსახიობის გადმოყვანაზე, თუმცა დაბრუნდა 14 მსახიობი – გ. ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით: ლ. ანთაძე, აკ. ვასაძე, გ. ბერიკაშვილი, გ. გაბუნია, მ. გორგასლიძე, ს. გოგიჩაიშვილი, კ. თოლორაია, ქ. კიკნაძე, თ. მაისურაძე, ნ. მგალობლიშვილი, ო. მეღვინეთუხუცესი, გ. სიხარულიძე, თ. სხირტლაძე.

ოქმებში საუბარია ადრეულ წლებში მუსკომედიისა და რუსთაველის თეატრებთან შეერთების მცდელობებზეც. მუსკომედიის თეატრში მხოლოდ რეპეტიციები ტარდებოდა, ხოლო თეატრიდან გიგა ლორთქიფანიძის წასვლის შემდეგ (1971-1973 წლებში გრიბოედოვის თეატრს ხელმძღვანელობდა) საკითხი უფრო სერიოზულად დადგა. თეატრის ხელმძღვანელი გახდა სერგო ზაქარიაძე, რომელიც მონდომებული იყო, კოლექტივი რუსთაველის თეატრის ფილიალი გამხდარიყო. ამის წინააღმდეგ წავიდნენ წამყვანი მსახიობები; მორიგი დაძაბული კრების შემდეგ კი სერგო ზაქარიაძე საავადმყოფოში აღმოჩნდა და მალევე გარდაიცვალა.

გთავაზობთ ამ საინტერესო ოქმების სტენოგრამებს.

                                                                         ოქმი №2

მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სარეჟისორო კოლეგიის სხდომისა; 24 თებერვალი, 1974 წელი.

სხდომას ესწრებოდნენ: თეატრის დირექტორი, სარეჟისორო კოლეგიის თავმჯდომარე რეზო თვარაძე, სარეჟისორო კოლეგიის წევრები: დიმიტრი ალექსიძე, გიგა ლორთქიფანიძე, მედეა კუჭუხიძე, თეატრის დირექტორ-განმკარგულებელი ვ. გოგეშვილი, დირექტორის მოადგილე – ნოდარ მახათელი, სხდომის მდივანი – ლილი ხუციშვილი.

განიხილეს: მარჯანიშვილის სახელობის თეატრისა და რუსთავის თეატრის შემოქმედებითი კონტაქტების საკითხი.

რეზო თვარაძე – მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სარეჟისორო კოლეგიის ერთ-ერთმა წევრმა – გიგა ლორთქიფანიძემ ითხოვა კოლეგიაზე განსახილველად გამოგვეტანა საკითხი მარჯანიშვილის სახელობის და რუსთავის თეატრების კონტაქტებისა. გიგა ლორთქიფანიძე ამ ურთიერთობათა ორ ვარიანტს გვთავაზობს. პირველი ვარიანტი ითვალისწინებს გაერთიანდეს ამ ორი თეატრის ხელმძღვანელობა და რუსთავის თეატრმა იმუშაოს მარჯანიშვილის სახელობის თეატრის ფილიალის ფორმით. ამით მარჯანიშვილის თეატრს საშუალება ექნება, ცალკეული როლების შემსრულებლებად გამოიყენოს რუსთავის თეატრის მსახიობები და პირიქით – მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები მონაწილეობას მიიღებენ რუსთავის თეატრის დადგმებში. იმ შემთხვევაში, თუ კოლეგია უარს იტყვის შემოთავაზებული პირველი ვარიანტის განხორციელებაზე, გიგა ლორთქიფანიძე ითხოვს, კვირაში ორი დღით (ერთი გამოსასვლელი დღე – ორშაბათი და მეორე დღე – სამშაბათი) დაეთმოს მარჯანიშვილის თეატრის შენობა რუსთავის თეატრს. სანაცვლოდ რუსთავის თეატრი უთმობს მოედანს მარჯანიშვილის თეატრს კვირაში ერთი დღით და აბონემენტების გავრცელების საშუალებით აძლევს სრული ანშლაგის გარანტიას.

      ამ საკითხზე პასუხის გაცემა მე შეგნებულად დავაგვიანე, რათა ყოველმხრივ შემესწავლა და ამეწონ-დამეწონა მდგომარეობა. თეატრის სარეჟისორო კოლეგიაზე განხილვამდე ეს საკითხი განიხილა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის პარტიულმა აქტივმა და უარყოფითი აზრი გამოთქვა. ჩემი პირადი აზრითაც არც ერთი ეს ვარიანტი მარჯანიშვილის თეატრისთვის არაა მისაღები. პირველი ვარიანტი მიუღებლად მიმაჩნია იმიტომ, რომ მე ფიზიკურად ვერ შევძლებ ერთდროულად ორი თეატრის ხელმძღვანელობას. ხოლო მეორე იმიტომ, რომ რუსთავის თეატრის მდგომარეობა, ვფიქრობ, ამით არ გაუმჯობესდება, ხოლო მარჯანიშვილის თეატრში ასეთი მდგომარეობა არევ-დარევას გამოიწვევს. კოლეგიის წევრებს ვთხოვ, გამოთქვან თავიანთი მოსაზრება ამ საკითხის ირგვლივ.

გიგა ლორთქიფანიძე – მე ვხსნი ამ საკითხს დღის წესრიგიდან, რადგან ვხედავ, რომ ვერ გარკვეულხართ ამ საკითხის მნიშვნელობაში.

დიმიტრი ალექსიძე – მე თავიდანვე შეცდომად მიმაჩნდა ის განხეთქილება, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში მოხდა. მე ვფიქრობდი, რომ საჭირო იყო ამ შეცდომის გამოსწორება, საჭირო იყო ამ ორი კოლექტივის ისევ შეერთება. ვფიქრობდი, შექმნილიყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის  რუსთავის ფილიალი. კულტურის სამინისტროს მიერ ამ ბოლო დროს თეატრში ჩატარებული ყოველი ღონისძიებაც იქითკენ იყო მიმართული, რომ ეს ორი თეატრი გაერთიანებულიყო, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ძნელია ამის განხორციელება. მომხდარი განხეთქილების შემდეგ გავიდა დრო. რუსთავში ჩამოყალიბდა გარკვეული მხატვრული სახის მქონე კოლექტივი. მე მიმაჩნია, რომ ახლა უკვე შეუძლებელია ამ ორი კოლექტივის ხელოვნურად გაერთიანება.

მედეა კუჭუხიძე – მე ბევრი ვიფიქრე ამ საკითხზე, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგინე, როგორ შეიძლება მოხდეს ეს გაერთიანება. მე მიჭირს ამის დანახვა, რადგან საკითხის ასეთნაირად დაყენება ცოტა არ იყოს ფორმალურად მიმაჩნია. რუსთავში ჩამოყალიბდა კოლექტივი – საინტერესო კოლექტივი. მაშ, რაღად უნდა დაირღვეს ეს დასი ისევ? რაღა საჭიროა, რომ ეს დასი სხვა კოლექტივს შეუერთდეს? ამავე დროს, უნდა მოგახსენოთ, რომ მე ასე სკეპტიკურად არა ვარ განწყობილი მარჯანიშვილის თეატრის მიმართ, როგორც ეს ზოგიერთებს მიაჩნიათ. განა, ჩვენ მთლიანად ამოვწურეთ ამ დასის შესაძლებლობანი? განა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მთელი სისრულით გამომჟღავნებულიყო ამ მსახიობთა ნიჭი? საკითხის ისე დაყენება, რომ ამ კოლექტივს თითქოს აღარაფრის შექმნა აღარ შეუძლია, რომ საჭიროა მისი შველა, ვფიქრობ, უხერხულია და შეურაცხყოფას მიაყენებს მარჯანიშვილის თეატრის დასს. ამ თეატრის დასში არიან ნიჭიერი მსახიობები და მათ თამამად შეუძლიათ, წაიყვანონ რეპერტუარი. მე კარგად მახსოვს, რა მდგომარეობა იყო თეატრში იმ განხეთქილების დროს, მახსოვს ის ცუდი, არაკეთილსინდისიერი ხერხები და ურთიერთობანი, რასაც მაშინ მიმართავდნენ ადამიანები. მე აღარ ვისურვებდი იმავეს განმეორებას. მე ვერ ავიღებ თავზე ამ საკითხის გადაწყვეტას, რადგან ვერ წარმომიდგენია, რომ ასეთი შეერთებით ისევ არ განმეორდებოდა ყველაფერი. მე ვიცი მათი განწყობილება. მათ სურთ გამარჯვებულების სახით, რევანშით დაბრუნდნენ, ისინი მოდიან ისეთი განწყობით, რომ უნდა იხსნან მარჯანიშვილის თეატრი დაღუპვისგან, „დალპობისგან“, როგორც ისინი ამბობენ. თვით გიგა ლორთქიფანიძე ხომ მოწმეა იმ ამბებისა, რაც მაშინ ხდებოდა თეატრში. საოცარია, მაშ, როგორღა წარმოუდგენია ეს შეერთება? მათი ასეთი „რევანშისტული“ განწყობილებით მოსვლა კვლავ დიდ უსიამოვნებებს შექმნის. მათ ხომ მხოლოდ მოედანი სჭირდებათ და მეტი არაფერი? ამისათვის კი საკითხის ასეთნაირად დასმაც კი უხერხულია. ეს შეურაცხყოფას აყენებს მარჯანიშვილის თეატრის დასს.

გიგა ლორთქიფანიძე – მიკვირს, რატომ გაუჩნდა მედეა კუჭუხიძეს აზრი, თითქოს რუსთავის თეატრის მსახიობები, როგორც გამარჯვებულები, ბრუნდებიან რევანშით. აქ საკითხი მათ რევანშით დაბრუნებას კი არა, მათ შველას ეხება. რა თქმა უნდა, რუსთავის თეატრს ურჩევნია, დამოუკიდებელ თეატრად დარჩეს, მაგრამ ამის შესაძლებლობა მას არა აქვს. ფიზიკურად შეუძლებელია თეატრის არსებობა რუსთავში. ეს შეერთება უნდა მოხდეს რუსთავის თეატრის გადარჩენის მიზნით, ორივე თეატრის სასარგებლოდ; რუსთავის თეატრში რომ ყველაფერი რიგზე იყოს, მაშინ რატომ ვთხოვდით თავშესაფარს მარჯანიშვილის თეატრს? იმის გამო, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო რამდენიმე მსახიობის გადმოყვანა. უნდა მოძებნილიყო ამ ორი თეატრის ურთიერთობის რაიმე ფორმა. მე მიმაჩნია, რომ ეს ორი დასი უფრო საინტერესოდ იმუშავებდა.

რეზო თვარაძე – გიგა ლორთქიფანიძე აქამდე ყოველი ტრიბუნიდან და კერძო, არაოფიციალურ საუბრებშიც კი მუდამ ამტკიცებდა, რომ მარჯანიშვილის თეატრი თითქმის დანგრეულია, რომ მას შველა სჭირდება. ახლა მან რატომღაც პოზიცია შეცვალა და ლაპარაკი დაიწყო რუსთავის თეატრის შველაზე, მის გადარჩენაზე.

     საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში და შემდეგ კულტურის სამინისტროშიც, როდესაც მარჯანიშვილისა და რუსთავის თეატრების საკითხი განიხილებოდა, საუბარი იყო რამდენიმე (კონკრეტულად ხუთი ან ექვსი) მსახიობის გადმოყვანაზე. აქ ლაპარაკია მარჯანიშვილის თეატრის დასის გაუმჯობესებაზე და არა მის შველაზე. თუ მარჯანიშვილის თეატრის დასს რამდენიმე ნიჭიერი მსახიობი შემოუერთდება (თუკი თეატრს ამის საშუალება ექნება), თეატრის ხელმძღვანელობას არაფერი აქვს ამის საწინააღმდეგო. ხოლო რაც შეეხება მთლიანად რუსთავის თეატრის დასის საკითხს, ჩვენ ვერ გადავწყვეტთ. რუსთავის თეატრის ბედი მე მაწუხებს ისევე, როგორც ყოველ ქართველ ინტელიგენტს, მაგრამ მე არ მაქვს უფლება  და არც შესაძლებლობა ამ საკითხის გადაჭრისა. ეს საკითხი ზემდგომი ორგანოების გადასაწყვეტი და მოსაგვარებელია. ამიტომ მე ვუყრი კენჭს შემდეგ წინადადებას: მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სარეჟისორო კოლეგია მხოლოდ მიესალმება იმ ფაქტს, თუკი თეატრში სამუშაოდ გადმოვა რამდენიმე ნიჭიერი მსახიობი რუსთავის თეატრიდან; რაც შეეხება გიგა ლორთქიფანიძის მიერ შემოთავაზებულ ორ ვარიანტს მარჯანიშვილის სახელობის და რუსთავის თეატრების ურთიერთობისა, ორივე ვარიანტი მიუღებელია.

კენჭის ყრის დროს ამ წინადადებას ხმა მისცეს: რ. თვარაძემ, დ. ალექსიძემ, მ. კუჭუხიძემ. წინააღმდეგ ხმა მისცა გ. ლორთქიფანიძემ.

სარეჟისორო კოლეგიის თავმჯდომარე:  რ. თვარაძე

სარეჟისორო კოლეგიის მდივანი: ლ. ხუციშვილი

                                                                         ოქმი №6

მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო საბჭოს გაფართოებული სხდომისა, თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის თანდასწრებით.

16 მაისი, 1974 წელი.

სხდომას ესწრებოდნენ სამხატვრო საბჭოს წევრები და თეატრის მთელი შემოქმედებითი კოლექტივი. სხდომის თავმჯდომარე – რ. თვარაძე, მდივანი – ლ. ღლონტი.

დღის წესრიგი: რუსთავის თეატრთან შემოქმედებითი კონტაქტის საკითხი.

რეზო თვარაძე – დღეს სამხატვრო საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე თეატრის მთელი შემოქმედებითი კოლექტივის თანდასწრებით სამსჯავროზე უნდა გამოვიტანოთ ერთი საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს 1973 წლის 1 დეკემბრის ბრძანების თანახმად, ჩვენს თეატრს დაევალა შემოქმედებითი კონტაქტი დაემყარებინა რუსთავის თეატრთან. ამ საკითხზე იმსჯელა ჩვენი თეატრის სარეჟისორო კოლეგიამ და ხმების უმრავლესობით დაადგინა, რომ მარჯანიშვილის თეატრისთვის მიუღებელია რუსთავის თეატრთან კონტაქტის შემოთავაზებული ვარიანტები, რომ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი თანახმა იქნება მხოლოდ ერთ წინადადებაზე: რუსთავის თეატრის რამდენიმე ნიჭიერი მსახიობი სამუშაოდ გადმოვიდეს ჩვენს თეატრში.

       როდესაც ამ დადგენილებას ვიღებდით, ჩვენ ვგულისხმობდით, რომ ამავე აზრისაა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მთელი შემოქმედებითი კოლექტივი. თეატრში მომხდარი რეორგანიზაციის შემდეგ პირველსავე კრებაზე მე შეგპირდით, რომ არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არ გადაწყდება თეატრის დასის, მთელი შემოქმედებითი კოლექტივის გვერდის ავლით. დღემდე ეს დაპირება არ დამირღვევია. ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია ხსენებულ საკითხზეც თეატრის მთელმა შემოქმედებითმა კოლექტივმა იმსჯელოს და საბოლოო დასკვნა გამოიტანოს.

გთხოვთ, გამოთქვათ თქვენი მოსაზრებანი ამ საკითხის ირგვლივ.

გრიგოლ კოსტავა – აქ ორი აზრი არ არსებობს. დასში ყველა წინააღმდეგია ყოველივე შეერთების და თანამშრომლობის რუსთავის თეატრთან. რუსთავის თეატრმა მოსინჯა ეს ურთიერთობა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან. მოსინჯა ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრთან და არაფერი გამოუვიდათ, გარდა იმის, რომ აღნიშნულ თეატრებში არევ-დარევა შეიტანეს. ახლა ლაპარაკია ჩვენს ურთიერთშეთანხმებაზე. ეს შეუძლებელია. ის ნაწილი ისეთი უსიამოვნებით გასცილდა თეატრს, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა.

გიორგი ტატიშვილი – არანორმალური უნდა იყო, ან უმეცარი, რომ დღეს კიდევ ეს საკითხი დააყენო. ძალზე მოხარული ვარ, რომ ამხ. რ. თვარაძემ მალე და სწორად აუღო ალღო ამ საქმეს და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მარჯანიშვილელები არასოდეს იმის წინააღმდეგნი არ ვყოფილვართ, რომ ჩვენ თეატრში მოვიდნენ მსახიობები. მოვიდნენ რუსთავის თეატრიდანაც და ამით არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. თუ კიდევ ვინმეს უნდა მოსვლა, მობრძანდნენ; ვინც ღირსია, სამხატვრო საბჭო მიიღებს მას. ის კი არა და, კაცი, რომლის გამო თეატრში განხეთქილება  მოხდა, ისიც კი მივიღეთ, ემუშავა. არა, მან თავისი საქმის გაკეთება მოინდომა.

       გვითხარით, რა სახელმწიფოებრივი პრინციპულობის საკითხი უდევს ამ მოთხოვნას საფუძვლად? რუსთავის თეატრი სახელმწიფო დაწესებულებაა, აქვს ყველაფერი, რაც ესაჭიროება. აკეთებს თავის საქმეს. ეს შეერთება ორივე დასში გამოიწვევს არევ-დარევას, უსიამოვნებას.

      შვიდი წელია ჩვენს თეატრს დამოკლეს მახვილივით კიდია ეს საკითხი. სულ გვწამლავენ, დაღუპულები ხართ, დანგრეულები, ეს თეატრი აღარ არისო, მაგრამ ასეა საქმე ვითომ? ამ ხნის განმავლობაში თეატრს რაღაც წარმატება ჰქონდა. გარკვეულმა წარმომადგენლებმა ჯილდოც კი დაიმსახურეს, გასტროლებზე არც თუ ცუდი აზრი გამოიკვეთა ჩვენი მისამართით. აქ კი, ადგილზე ლანძღვისა და  შეურაცხყოფის მეტი არაფერი გვესმის. ახლა მშველელად რუსთავის თეატრს გვთავაზობენ. ჩვენ უნდა ვუშველოთ ჩვენს თავს. რუსთავის თეატრის ხალხი აქ მუშაობდა, მეგობრები იყვნენ ჩვენი, მოხდა განხეთქილება. იმ ზომამდე მივედით, გავიყავით, წავიდნენ, მუშაობენ თავისთვის. პირზე კოცნით არ დავცილებივართ ერთმანეთს, დაგვლანძღეს და ისე წავიდნენ, ახლა მობრუნება უნდათ? არ გვინდა, ამოგვასუნთქეთ. ოდნავ როგორც დავწყნარდებით, ისე ნუ წამოჭრით ამ საკითხს, მოგვეცით ნორმალური არსებობის საშუალება.

        ზემდგომ ორგანოებში რომ წყვეტენ ამ საკითხს და მზა რეცეპტს გვიგზავნიან, ეს არ არის გამოსავალი, მათ ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ. ეს არის აკრძალული ილეთებით თამაში. საშუალება არ უნდა მივცეთ კერძო პირებს, ანგარიშის სასწორებლად თეატრს მოსვენება დაუკარგონ და ცხოვრება აურიონ.

იაკობ ტრიპოლსკი – ჩვენ, თურმე, ისეთ უბედურ დღეში ვართ, რუსთავის თეატრი ყოფილა ჩვენი ხსნა და მასთან შეერთება, რუსთავში შემოსავლით უზრუნველყოფილი წინადადებები უშველის, თურმე, ჩვენს საქმეს. ეს ჩვენი შეურაცხყოფაა.

ამხანაგო რევაზ! ჩვენ სავსებით გენდობით თქვენ. როგორც თქვენ გადაწყვიტეთ, ჩვენც თანახმა ვართ.

გოგი გელოვანი – მარჯანიშვილის თეატრში მომხდარი განხეთქილება, რამაც დასის ნაწილის წასვლა გამოიწვია, სამარცხვინო იყო. ჩატარდა სამარცხვინო კრება, რომელმაც იმსხვერპლა აკაკი კვანტალიანი. ყოველივე იმის შემდეგ, რაც მაშინ მოხდა და მას შემდეგაც სისტემატურად გრძელდება, შეუძლებლად მიმაჩნია ამ ორი თეატრის ერთად მუშაობა. ამბობენ, კარგი თეატრია, ნიჭიერი ხალხიაო; სასიამოვნოა! იყვნენ თავისთვის და აკეთონ თავიანთი საქმე, ჩვენ კი – ჩვენი.

ვერიკო ანჯაფარიძე – ეს ძველი ამბავია; უმაღლეს ინსტანციებში ყოფნის დროს ათასგვარად დავასაბუთეთ, ჩვენი კულტურის სამინისტროს უსაფუძვლო გამოლაშქრება ჩვენ წინააღმდეგ. ეგ ტენდენცია დიდი ხნის წინ დაიწყო და ახლაც გრძელდება. სულ ვფიქრობ, რა ჰგონიათ მათ თეატრი? რით ხელმძღვანელობდნენ, როდესაც ასეთი უსიამოვნებით გაგდებული კაცი დააბრუნეს თეატრში?

       როგორ შეიძლება მე, რომელმაც ვიცი ამ განხეთქილების და მისი მომდევნო ყველა წვრილმანი, ლანძღვა-გინება, თანახმა ვიყო ამ ამბისა? გ. ლორთქიფანიძე, თურმე, თავისი თეატრის მსახიობებს ჩვენს ადგილებს ჰპირდებოდა, ყოველივე ამის შემდეგ იგი თვითონ როგორ მოვიდა ამ თეატრში? რომელ ჭკუათმყოფელს შეუძლია შეერთებაზე ლაპარაკი? ეს არის თეატრის შემოქმედებითი ატმოსფერო? ძირითადში ამ ამბისთვის კულტურის სამინისტროს უნდა მოევლო. ვერ მოუარეს. ჩვენ ვთხოვთ თეატრის დირექტორს, უფრო კატეგორიული იყოს ამ საქმეში. მთელი დასი წინააღმდეგია შეერთებისა.

ანდრო კობალაძე –  სამინისტროს დადგენილებაში წერია რუსთავისა და მარჯანიშვილის თეატრებს შორის კონტაქტის დამყარების ამბავი. ჩვენ ვერავითარ ურთიერთობას ვერ დავამყარებთ რუსთავის თეატრთან. რას ემყარება სამინისტროს დადგენილება? ჯერ ორივე თეატრის დასისთვის უნდა ეკითხათ, უნდათ მათ თუ არა ეს ურთიერთშეთანხმება. იქნებ, არც იმ კოლექტივს სურს; მაშ, რაზეა ლაპარაკი? ასეთი კონფლიქტის შემდეგ შეერთება არავითარ სასურველ შედეგს არ გამოიღებს არც იმ კარგი, ნიჭიერი კოლექტივისთვის და არც ჩვენი თეატრისთვის. წინააღმდეგი ვარ.

რეზო თვარაძე – კიდევ ხომ არავინაა სიტყვის თქმის მსურველი? (ხმები ადგილიდან: „საკმარისია“, „ყველაფერი ნათელია“). მაშინ კენჭი ვუყაროთ ორ წინადადებას:

  1. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო საბჭოს გაფართოებული სხდომა თეატრის მთელი შემოქმედებითი კოლექტივის მონაწილეობით იწონებს თეატრის სარეჟისორო კოლეგიის დადგენილებას რუსთავის თეატრთან ურთიერთობის საკითხზე.
  2. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო საბჭოს გაფართოებული სხდომა თეატრის მთელი შემოქმედებითი კოლექტივის მონაწილეობით სთხოვს საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს, რომ გააუქმოს 1973 წლის 1 დეკემბრის ბრძანების ის პუნქტი, რომელიც მოითხოვს შემოქმედებითი კონტაქტის დამყარებას რუსთავის თეატრთან.

       ორივე ამ წინადადებას ცალ-ცალკე ეყარა კენჭი. მის სასარგებლოდ ხმა მისცა მთელმა კრებამ, ყველა მონაწილემ, წინააღმდეგი არავინ წასულა, თავი არავის შეუკავებია.     

             სარეჟისორო კოლეგიის თავმჯდომარე:  რ. თვარაძე

              მდივანი: ლ. ღლონტი

Gubaz Megrelidze – The Sword of Damocles (On the Relationship between the Marjanishvili and Rustaveli Theatres)

The author recounts that in 1976 a major split occurred within the Marjanishvili Theatre: its artistic director, Giga Lortkipanidze, along with 27 actors, left to establish a new theatre in Rustavi.

On December 1, 1973, the Ministry of Culture issued a decree establishing creative contact between the two theatres. Though not stated directly, it implied a possible merger.

Two meeting minutes from the Marjanishvili Theatre have been preserved, which, according to the author, will be of interest to both professionals and the general public.

The text includes excerpts from these records.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…