„და ცხოვრება ბავშვური გართობაა, მხოლოდ ნამდვილი რეკვიზიტებით“…
სტანისლავ ეჟი ლეცი
პირველი რეკვიზიტი
იქნებ, იმ კაფანდარა გოგომაც მოიყვანა თავისი დაბადებით შერყეული მეოცე საუკუნე 1900 წლის 12 მაისს.
იქნებ, სწორედ ავსტრიის შუაგულიდან – ქალაქ ვენიდან დაიწყო სამყაროს კიდევ ერთი უცნაური ათვლა, რომელსაც გაორება დაჰყვა თან.
ებრაულ ოჯახებს ხშირად სჩვევიათ „ახალი სამყაროების“ დაბადება დედამიწისთვის.
არც ზიგფრიდ და ლეოპოლდინ პოლაკ ვაიგელების ოჯახი აღმოჩნდა გამონაკლისი – მათ მეორე შვილსაც – ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულ, კაფანდარა ჰელენსაც უნდა ეტვირთა, სხვებთან ერთად, მეოცე საუკუნე.
დაბადებისთანავე დაეწერა მეორეობაც თითქოს –
ოჯახის მეორე ქალიშვილობა.
პირველობაც იმ წამიდან „ჩამოერთვა“ – 6 წლის უფროსი და – სტელა „დახვდა“ ამ სამყაროში.
ალბათ, დიდხანს ვერც წარმოიდგინა, რა მძიმე ტვირთია, იყო მეორე…
ვერ გაიაზრა, თორემ, იქნებ, შესძულებოდა კიდეც თავის დაბადების რიცხვში უშნოდ ჩაჩრილი ის ორიანი – როგორც უდიდესი ცინიზმი.
ასე წამოიკიდა უსუსტეს მხრებზე 1900 წლის 12 მაისს პირველი ჯვარი პატარა ჰელლიმ – დაბადების ჯვარი და მეორეობის უსაშველო სევდა რომ ერქვა.
შინაგანადაც ორი იყო მუდამ; ორი ემოცია ტანჯავდა დღენიადაგ –
მამის პრაგმატულობა და დედის რომანტიზმი; პრაგმატულობა უფრო იყო მისი; დედისეული ემოციები აღიზიანებდა და გაურბოდა.
მთელი ცხოვრება რომანტიკოსს კლავდა საკუთარ თავში.
ებრძოდა.
თავიდან იშორებდა, როგორც ჭირს, მიუღებელს, არასაჭიროს.
მის „მეორეულ“ ცხოვრებაში არც იყო არასდროს რომანტიზმის ადგილი.
არასდროს ცხელოდა ცხოვრებას ამისთვის.
ყველაზე არარომანტიკული გზებით იარა.
ირბინა.
დაიქანცა.
გადაიქანცა, მაგრამ ბოლომდე პრაგმატიკოსად დარჩა.
ემოციები საკუთარი ხელით „მიახრჩო“ თითქოს. იქნებ, ქალსაც კლავდა თავის თავში; ვნებასაც. ლტოლვასაც.
ვერ მოიცალა და აღარც მოაცლევინეს არასდროს ამისთვის.
სამაგიეროდ, მუდამ თან დაჰქონდა კუთვნილი „რეკვიზიტები“, როგორც სიმშვიდე. სირბილე. სცენაზე პირველობისა და ყოველდღიურობაში მეორეულობის უტყუარი საბუთი თუ დასაბუთება…
დაბადებისთანავე უთუოდ გაჩნდებოდა მის ცხოვრებაში პირველი რეკვიზიტები – ალბათ, დედის კუთვნილი სათამაშოების მაღაზიის პერსონაჟები – ჰელლიზე ლამაზნი, ფახურათვალებიანნი. ჭრელკაბიანნი. იქნებ, პირველი რეკვიზიტები იქცნენ მის პირველ სცენურ გმირებადაც – დედოფლებად, მოღალატეებად, დედილო კურაჟებად, პელაგია ვლასოვებად… ნათელა აბაშვილებად…
ისინი იქნებოდნენ მისი პირველი მაყურებლებიც. შემფასებლებიც. დამფასებლებიც.
იმ შორეულ და მეხსიერებიდან გაბაცებულ ბავშვობაში დაიბადა უთუოდ დიდი „ჯადოქარი“ – ჰელენ ვაიგელი, რომელიც მხოლოდ სცენაზე იყო პირველი.
პირველიცა და – უპირველესიც…
მეორე რეკვიზიტი
მეორე „რეკვიზიტი“ ყველაზე მძიმე ჯვრად ექცა ჰელლის.
აუტანელ, მაგრამ სიცოცხლისათვის ჰაერივით საჭირო „რეკვიზიტად“.
თან ისიც ჰელლივით ჯიუტი იყო. აუტანელი. ქალისგან განსხვავებით, მარადიული მოღალატეც აღმოჩნდა. ღიად მოღალატე. მოთამაშეც; მაგრამ რომ ეცოცხლა, მაინცდამაინც ეს უცნაური, რთული გენიოსი სჭირდებოდა პატარა ჰელლის.
ბრეხტთან ცხოვრება ბედნიერებისა და უბედურების ზღვარზე გადიოდა მუდამ.
თუმცა ჰელლი მაინც ერთადერთი იყო, ვის „რეკვიზიტადაც“ იქცა ბერტოლდი.
აღიზიანებდა ეს, ცხადია; აცოფებდა კიდეც და, იქნებ, ამიტომაც სჯიდა დღენიადაგ ქალს.
სჯიდა, მაგრამ ახსოვდა, რომ ჰელლივით არავინ იცნობდა მას.
23 წლისამ გაიცნო თვალებმოჭუტული, თამბაქოსა და კონიაკის სუნით გაჟღენთილი 25 წლის ბერტოლდი; ბრეხტის პიესაზე – „დაფდაფები ღამეში“ მუშაობდა ახალგაზრდა ქალი იმ დროს.
რაღაც ისეთმა იფეთქა მათ შორის, ერთადერთი რომ აღმოჩნდა ცხოვრებაში; ან კი რამდენი ბრეხტი უნდა შეგხვდეს, რომ ეს განიცადო?
ვერ გაუძლო უცნაური „რეკვიზიტის“ ცდუნებას ჰელლიმ –
პირველი დღიდანვე მოიცვა რაღაც აუტანელმა, მტანჯველმა ვნებამ.
ყველაფერი დათმო – თავმოყვარეობაც. იმიჯიც.
ცოლიანი ბრეხტის საყვარლად იქცა დაუფიქრებლად.
ერთ მხარეს ეჭვიანობისგან კედლებს გლეჯდა ბერტოლდის ცოლი – საოპერო მომღერალი – მარიანა ცოფი; მეორე მხარეს ყველაფერს სახიფათო სიმშვიდით ითმენდა ფეხმძიმე ჰელლი.
იმთავითვე უცნაური როლი მოირგო ვაიგელმა – როლი ბრეხტის საყვარლის. მეგობრის. მენეჯერის. მმართველის.
მთელი ცხოვრებით მოირგო ეს როლი; მხოლოდ მეორე ცოლის იმიჯმა ჩაანაცვლა საყვარლობა მერე.
ისევ მეორე. ისევ მეორეულობა…
ცოფიმ წააგო.
ჰელიმ, ძნელი გასარკვევია, რა წააგო და რა მოიგო; ცხადი ერთია – ბრეხტი სწორედ მის ფეხებთან აღმოჩნდა; ორი შვილი – სტეფანე და ბარბარა მოჰყვა ამ გიჟურ ვნებას, რომლისგანაც ბოლოს უშნო ნაგლეჯებიღა შემორჩა.
ჰელლი ერთგული მორჩილებით ელოდა პირველივე დღიდან ბრეხტს.
არჩევანი არც ჰქონდა; ისეთად უნდა მიეღო ბერტოლდი, როგორიც იყო; პატიებამდეც არ უნდა მიეყვანა კაცის არც ერთი სასიყვარულო ისტორია; როგორც ჩანს, იმაზეც თავიდანვე შეთანხმდნენ, არაფერი დაემალათ ერთმანეთისთვის. თუმცა, ჰელენს არც არაფერი ჰქონდა მისაჩქმალი. არაფერი დაუტოვა კაცმა გადასამალი. ვაიგელს სტკიოდა; ისე სტკიოდა, კვდებოდა ტანჯვისგან, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ ყველაფერი იცოდა თავის აუტანელ, გაუსაძლის „რეკვიზიტზე“.
ბრეხტიც „პირობის კაცი“ იყო – არასდროს მალავდა არაფერს. ამით მართალიც იყო ქალთან და – გარეწარიც…
აცნობდა კიდეც პატარა ჰელლის თავის ახალ-ახალ საყვარლებს.
ისევ დუმდა და ისევ სცენაზე იკლავდა თავის მეორეობას ქალი.
იქნებ, შიგადაშიგ, როცა გაუსაძლისი იყო, ბერტოლდის ძველ წერილებში პოულობდა ნუგეშს; იმ წერილებში, ასე საგულდაგულოდ რომ ჰქონდა შემონახული ჰელლის…
ნაგლეჯ ფურცლებს, მინაწერებს ბარათებზე, ხელსახოცებზე დღემდე მოჰყვება ბრეხტის ვნებაცა და უვნებობაც…
წერილების პირველი ნაწილი მუდამ ოფიციალურია – საქმე, თეატრი, პიესები. მხოლოდ მეორე ნაწილში იხსნება საოცრად ფაქიზი სული –
„დეკემბრის მეორე ნახევარი:
ძლიერი მოწყენილობა
90% ნიკოტინი
10% გრამოფონი“ (1923 წლის დეკემბრის შუა/ბოლო დღეები);
„გკოცნი ყელზე, ნიკაპის ქვეშ“(1924 წლის მაის-ივნისი);
შიგა და შიგ ფარული ეჭვიანობაც შემოუტევდა კაცს – „მარტო ხარ?“ (1923 წლის დეკემბრის ბოლოს/1924 წლის იანვრის დასაწყისი) – კითხულობდა.
ეშინოდა, ფარულად ეშინოდა, რომ არ დაესრულებინა მის ერთგულ ჰელლის ეს გაუსაძლისი, ორპირი მარტოობა…
ეგოცენტრულობასაც ვერ ერეოდა…
მერე ცდილობდა, თავისი ყოფითაც შეებრალებინა თავი ქალისთვის; ფრთხილობდა, არ გაეწირათ – „ძვირფასო ჰელლი, ტყავის ხელთათმანები ჩავიცვი, ასანთი ავანთე, სიგარა მოვწიე, რაღაც ჩავიწერე, შოკოლადი შევჭამე, ცხვირი გავიწმინდე და ამ ყველაფრისგან დავიღალე“ (1924 წლის იანვრის ბოლოს/თებერვლის დასაწყისი).
ცხვირი რომ გაიწმინდა და მოწყენილობისგან კვდებოდა, არც ამას ტოვებდა უთქმელს…
არც მე ვარო, შენი რეკვიზიტი, შენგან სიშორით ბედნიერი…
ან კი როგორ უნდა ყოფილიყო ბედნიერი „რეკვიზიტი“ – მიტოვებული და გამოუყენებელი?
ამიტომაც ეძებდა მუდამ ჰელლის.
არ ტოვებდა.
ბოლომდე არ სწირავდა არა ქალს, არამედ საკუთარ თავს…
ორი „მე“ რომ მყოლოდა, ერთს აუცილებლად მოვკლავდიო, ესეც მიუწერია ზუსტად 101 წლის წინ – 1925 წლის ივნისის შუა რიცხვებში საყვარლისთვის…
ესე იგი, ბერტოლდმაც იცოდა, მეორე რომ იყო ჰელლი. ფარულად ამაზეც მიანიშნა… თუმცა, თვითონ ათიც რომ ყოფილიყო, არც ერთს გაიმეტებდა მოსაკლავად. არც ერთს შეელეოდა. მაგრამ ჰელლის მიანიშნა – მოკალიო მეორე შენში…
ჰელლიმ პირველიც მოკლა და მეორეც ბრეხტისთვის. გარბოდა და კვლავ უბრუნდებოდა.
ბერტოლდის სიცოცხლის ბოლო წლებშიც ერთად დასახლდნენ 1953 წელს ბერლინის ცენტრში – სხვადასხვა ოთახში. ვნება სადღა იყო? ან ბრეხტისგანაც რაღა იყო დარჩენილი? დაგრეხილ, კბილებჩაცვენილ ცვედნად იქცა.
ვაიგელიც გარეულ ფრინველს ემსგავსებოდა; უფრო და უფრო იჭმუჭნებოდა წლებისგან.
მაგრამ ქმრისგან განაწამებს სახლის კედლებზე მიმოფანტულად ჰქონდა მაინც გაკრული წერილები სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთიდან ბერტოლდზე…
ბოლომდე უყვარდა ის 25 წლის თვალებმოჭუტული, ხულიგანი ბიჭი, ვერასდროს რომ ვერ გაიმეტა „გადასაგდებად“.
ბერტოლდი „გადაუგდებელი“ რეკვიზიტი აღმოჩნდა.
ამიტომაც დაიდო პატარა ჰელლიმ დოროთეენშტადტის სასაფლაოზე სამარადისო სამარე ბრეხტის გვერდით 1971 წლის მაისის თვეში.
გაუძლო… 35 წელი გაუძლო ბერტოლდის ცოლობას და 15 წელი მის ქვრივად ყოფნას! არც ის 15 წელი „გადაუგდია“ და „გადაუმალავს“ თავისი უმთავრესი „რეკვიზიტი“ არსად…
ბოლომდე უერთგულა!
მესამე რეკვიზიტი
ჰელლი 1929 წლის 10 აპრილს დაქორწინდა ბრეხტზე.
6 წელი ფარულად ელოდა ამ დღეს, ალბათ.
მაგრამ სიმშვიდე არც ამ დღეს მოუტანია არასდროს მისთვის.
ან კი, სადაც ბერტოლდი იყო, იქ სიმშვიდეს რა უნდა?
ვაიგელი ჩუმად უძლებდა ყველაფერს – 1937 წელს გერმანიის მოქალაქეობაც ჩამოართვეს, შვილებთან ერთად, როგორც ებრაელს; ორი წლის მერე ჯერ შვედეთს შეაფარა, ოჯახთან ერთად თავი, მერე – ფინეთს და ბოლოს – ამერიკას. 1947 წლამდე უთეატროდაც იცხოვრა. ყველაზე რთული იქნებოდა ეს წლები, ალბათ. მხოლოდ „მეორეულად“ გადაიქცეოდა უსცენოდ, ცხადია.
მაგრამ დღე და ღამ ვარჯიშობდა სარკესთან. ხმასა და სხეულს ავარჯიშებდა დღენიადაგ. ისევ ემზადებოდა პირველობისთვის. იცოდა, ასე მუდამ არ გაგრძელდებოდა.
მხოლოდ დედობა და ცოლობა ვერ იქნებოდა მისი ტვირთი. ასე ვერ გაიწირებოდა. აკინძვაც ისწავლა იმ წლებში ფურცლების – ბრეხტის ნაწერებს ერთგულად აკოწიწებდა. აწყობდა. უკეთესი დროისთვის, უკეთესი გერმანიისა და მსოფლიოსთვის ამზადებდა.
მაგრამ შიგა და შინ იწყენდა კიდეც, ალბათ – სპილენძის ჯამებს, ცომის მოსაზელ გობებს, ხის დაფებს, დაჭყლეტილ საცრებსა და მოცვის მურაბების ხარშვას შორის სევდა შეჭამდა – სცენის სევდა.
ეტყობა ასეთი იყო იგი 1940 წელსაც – სადღაც ფინეთს შეფარებული – ოჯახიანად. ბრეხტს მუდამ უყვარდა თავისებურად თავისი ჰელლიცა და ჰელენიც; უყვარდა და მის ტკივილსაც გრძნობდა, ალბათ… იქნებ, განიცდიდა კიდეც. ვინ იცის, ამ განცდამ დააწერინა ეს ლექსიც – „ჰელენ ვაიგელის რეკვიზიტები“ – უცნაურად გამოფიტული, მაგრამ „დაჭედილი“ ლექსი.
უკვე პატარა ჰელლის აღარც ეძახის ცოლს; მხოლოდ ჰელენად ქცეულა ქალი. აღარც კოცნა ჩანს სადმე – ნიკაპის ქვემოთ – კისერში. ყველაფერი გადარეცხილია ყოველდღიურობით, მაგრამ –
„ყველაფერი თვალნათელია –
სიხარულსა და მწუხარებას,
თავისსა და თქვენსას – მართავს ის.
სიამაყის გარეშე ძვირფასი –
მსახიობი, დევნილი, მხევალი, ცოლი“…
ამ ლექსშიც თავისებურად, თავისი გადმოსახედიდან „მართალია“ ბრეხტი ჰელენთან, ალბათ. არ ტყუის; ზუსტად განსაზღვრავს ძვირფასი ქალის რეკვიზიტებს – მსახიობი, დევნილი, მხევალი და უკანასკნელ ალაგს – ცოლი.
ასეთია ბრეხტის სიმართლე; არადა, ვაიგელი ჯერ ცოლი იყო, მერე მხევალი, მერე მსახიობი და დევნილიც… მოწყენილი, ოდნავ სასოწარკვეთილი დევნილი, რომელმაც, თეატრს დანატრებულმა, კინოშიც სცადა თამაში შორეულ ამერიკაში; ჰელენს სიმწრით აღირსეს 1944 წელს ჰოლივუდში ერთი მუნჯი, მეორეხარისხოვანი როლი ფილმში, რომელიც ანა ზეგერსის გახმაურებული რომანის – „მეშვიდე ჯვრის“ მიხედვით იყო გადაღებული. კინოშიც „მეორეობა“ დაებედა.
ასე იქცა ჰელევ ვაიგელისთვის „მუნჯი“ „მეშვიდე ჯვარი“ ცხოვრების კიდევ ერთ მცირე, უხმო რეკვიზიტად, რომელიც სამახსოვროდაც კი არ „წამოუღია“ სამშობლოში და იქ „ჩატოვა“ – შორეულ ჰოლივუდში!
მეოთხე რეკვიზიტი
არადა, ვაიგელი ხმა იყო უპირველესად!
დაბალი, მაგრამ გასაოცარი მგრძნობელობის ხმა.
ყველაფერთან ერთად, ჰელენი გამორჩეული იყო სამსახიობო სტილითაც, სტილიზებული დიალოგებითაც და ჟესტების დახვეწილი კომბინაციითაც.
ბრეხტის „გაუცხოების ეფექტი“ უცნაურად მოირგო ქალმა და „უხმო კივილითაც“ დაიმკვიდრა პირველეულობა თეატრალურ სამყაროში.
ამბობენ, „დედა კურაჟში“ ვაიგელი შვილს რომ დასტიროდა, იყინებოდა დარბაზი.
მსგავსი ტრაგიზმი, „ეპიკური ტრაგიზმი“, არც მანამდე და არც მერე უნახავს მსოფლიო სცენას – მუნჯი კივილი. უხმო ტკივილი. შვილის სიკვდილით დაგლეჯილი დედის გვემა.
ვერ უძლებდა ბევრი.
თვალს ვერ უსწორებდნენ ქალის ტანჯვას.
ვაიგელის „უხმო კივილიც“ არასდროს იყო ერთნაირი.
წვრილმან დეტალებამდე აშიშვლებდა ტკივილს ქალი.
იცვლებოდა.
ილეწებოდა.
ყოველ ჯერზე ახალ ჯვარცმად იქცეოდა…
უდავოდ იყო ჰელენ ვაიგელი უპირველესი სცენაზე…
არადა, დრო იყო, მშობლებს დაუპირისპირდა სამსახიობო არჩევანის გამო.
უარი უთხრეს.
17 წლის ჰელლი კიდევ უფრო ჯიუტი იყო, საბედნიეროდ; ჯიუტი და თავდაჯერებულიც; ამიტომაც აღმოჩნდა შილდკრაუტის სტუდიაში 1917 წელს. 1919 წელს მაინის ფრანკფურტის თეატრის დრამატულ დასში იყო უკვე. 1922 წელს ბერლინში გადავიდა და ერთ წელიწადში ბრეხტსაც შეხვდა; აქედან დაიწყო „დაბადება“ სამყაროს უპირველესმა არტისტმა!
არც ბერტოლდი დარჩენია „ვალში“ ჰელლის.
ვაიგელსაც არაფერი წაუგია, როგორც არტისტს, ბრეხტთან შეხვედრით.
იქნებ, ღირდა კიდეც ყველა წამება სცენად?
იქნებ, იცოდა ეს ჰელენ ვაიგელმა და ამიტომაც ისწავლა ყველა ტკივილის გადატანა „უხმო კივილით“ ყოველდღიურობაშიც…
იცოდა, უთუოდ იცოდა, რომ ბრეხტის გარეშე ვერ იქცეოდა მსოფლიო თეატრის უდიდეს სახედ…
დათმო, რომ პირველობაც მიეღო.
დათმო, რომ არ წაეგო არც სცენაზე და არც შინ – ბრეხტის ქალების სუნამოების სურნელით აზელილ საძინებელში…
იქნებ, უღირდა საძინებლის დათმობა ამად?
მეხუთე რეკვიზიტი
ებრაელობა ჰელენ ვაიგელის ერთ-ერთი „რეკვიზიტი“ იყო.
„რეკვიზიტი“, რომელიც უარყო და 1928 წლის 26 სექტემბერს ოფიციალურად დატოვა ბერლინის ებრაული თემი.
რა იდგა ამ მიზეზის მიღმა, ზუსტად არავინ იცის… არც სახლში საუბრობდნენ ამ თემაზე არასდროს. ბარბარა ბრეხტიც ამას ამტკიცებდა წლების მერე.
არადა, სცენაზე მთელი სიცოცხლე თამაშობდა ჰელენ ვაიგელი ებრაელ ცოლს; თუმცა, ოჯახმა მაინც მძიმედ ზღო ებრაული წარმომავლობის გამო – თავადაც მძევლად იქცა, ათობით ნათესავი აუშვიცში ამოუხოცეს, მამა კი ლოძის გეტოში გადაუსახლეს 1941 წელს.
მაგრამ, თემიდან გამოსვლით მაინც რა შეიცვალა?
ვაიგელი ებრაელად დარჩა ბოლომდე; იმ ებრაელად, ფესვის უარყოფაც რომ მოსთხოვა გერმანიამ მსხვერპლად.
სიმბოლური რეკვიზიტი
სიცოცხლის ბოლო 15 წელი ყველაზე რთული იყო, ალბათ, წლებმორეული ჰელლისთვის –
მარტოდმარტო ბერლინის გულში. ახლოს მეუღლის საფლავთან. თითქოს არც წასულა სადმე ბრეხტი – იქვე იყო, ხელის გაწვდენაზე; სახლის ფანჯრიდანაც კი უყურებდა ბერტოლდის საფლავის კედელს; გეგონებოდა, იმ კედელთან მიახვრიტეს უცნაური ცხოვრებისთვის კაცი, როგორც თავისი ლექსის გმირი –
„ჩვენ ახლა კედელთან დაგაყენებთ.
მაგრამ ვითვალისწინებთ რა შენს დამსახურებებს და დადებით თვისებებს,
ჩვენ კარგ კედელთან დაგაყენებთ და დაგხვრეტთ
კარგი ტყვიებით კარგი იარაღიდან და დაგმარხავთ
კარგი ნიჩბით კარგ მიწაში.“
ბერტოლდი იყო კარგ კედელთან კარგი ნიჩბით კარგ მიწაში დამარხული კაცი სწორედ…
ამ კედელს, როგორც ბრეხტისგან დარჩენილ უმთავრეს რეკვიზიტს, გასცქეროდა ყოველ დილით ფანჯრიდან ჰელენ ვაიგელი.
თავის დახვრეტილ წარსულსაც გასცქეროდა, მაგრამ სიცოცხლეს აგრძელებდა მაინც.
ბოლომდე დარჩა გამოუსწორებელ კომუნისტად. გასაოცარი იუმორის პატრონად. დიპლომატად. „ბერლინერ ანსამბლის“ ბრწყინვალე მმართველად. ჩინური ჩაითა და გერმანული ნუგბარით ცნობილ მასპინძლად. ყველა გზასაცდენილისა და გაჭირვებულის იმედად. ბერტოლდის სახლისა და საფლავის კედლის ერთგულ მცველად…
ასეთად დარჩა ბოლომდე; მანამ, სანამ ნეკნები არ ჩაემტვრა სპექტაკლის მსვლელობისას პარიზში.
პელაგია ვლასოვას თამაშობდა ბრეხტის პიესაში – „დედა“, რომელიც გორკის რომანის მიხედვით იყო დაწერილი.
დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 1971 წლის 6 მაისს გარდაიცვალა ჰელენ ვაიგელი, ძვირფასი ჰელლი და შეუერთდა იმ კედელს, რომელიც ბრეხტისგან დატოვებული ბოლო რეკვიზიტი იყო…









