ეკა თხილავას ესე

საუზმე ეშმაკთან

, , ,

„სპექტაკლი სრულდება.
თეატრის დუნე ნაწლავები ნელ-ნელა იცლება.
…მშვენიერი სილამაზე წაბილწული სცენით იცვლება“.
ბერტოლდ ბრეხტი
(„სპექტაკლი სრულდება“)

„ვისაც ეშმაკთან საუზმე სურს, გრძელი კოვზი უნდა მოიძიოს“ – იცოდა ეს ბრეხტმა და სათუთად უფრთხილდებოდა საკუთარი ხელებით გამოჩორკნილ „გრძელ კოვზს“, რათა თვალიც გაესწორებინა ეშმასთვის და არც ზედმეტადაც დაეხარა მისთვის მოსაგლეჯად გამზადებული თავი. ხომ შეიძლებოდა, ლუციფერი შეცდომაში შეეყვანა ბერტოლდის, ერთი შეხედვით, უსუსურ კისერს და მის კერძად ქცეულიყო?

რა უჭირთ ჯირკივით კისრიანებს? ხმლის ერთი მოქნევით არ წასძვრებათ თავი; ორი მცდელობა მაინცაა საჭირო.

ბრეხტი მთელი ცხოვრება იბრძოდა საკუთარი კისრისთვის;  სხვა გზა არც ჰქონდა! თუ თეატრში ხარ, ისედაც ან ეშმაკთან საუზმობ, ან მოწამებრივ გზას გადიხარ ღმერთიდან ეშმაკამდე და -ეშმაკიდან ღმერთამდე.

ბრეხტს მხოლოდ ერთი  გზა უყვარდა – ეშმაკიდან ეშმაკამდე.

სხვა გზას არ ცნობდა!

კაცმა არ იცის, საერთოდ, ადამიანი უყვარდა თუ სძულდა.

სძულდა, თუ დასცინოდა.

დასცინოდა თუ ებრალებოდა.

ის კი იცოდა, ვისთან ერთად უნდა შექცეოდა საუზმეს; თან ისეთ კოვზს იყენებდა, ეშმაკს კიდევ უფრო რომ დაჰგრძელებოდა კისერი და იქეთ შეშინებოდა ამ წვრილთვალება „ქრისტეს ფეხის მკვნეტელის“.

ზოგადად, უყვარს ეშმაკს თეატრი; მაგრამ – მამაკაცების „თეატრი!“

კარგა ხანს არ ცნობდა ქალების „თეატრს“. ვერ ეგუებოდა. აძევებდა. კაცებს „აბუნტებდა“ მათ წინააღმდეგ, მაგრამ მაინც „გამასტყვრნენ“ ასეთები – ისეთი „გრძელკოვზიანი“ ქალები, კისერს რომ ვერაფრით წააწყვეტდი.

მარკესიც სინანულით აღიარებდა, რომ „თავის სიფაქიზეზე ძლიერია ქალი“.

გასული საუკუნის 30-ან წლებში, მეორე მსოფლიო ომის ზღვარზე, არაერთი ასეთი მეამბოხე „თეატრის ქალი“ „მოეფინა“ მსოფლიოს.

ფრანგი რეჟისორი – არიანა მნუშკინი ერთ-ერთი აღმოჩნდა – ებრაული გამჭრიახობა, ეშმაკის საცდური რუსული „დამპყრობლური“ ბუნება, ბრიტანული თავდაჭერილობა და ევროპული ჰუმანიზმი – ასეთად დაიბადა გოგო გამჭვირვალე თვალებითა და ჯაგარა, უხეში თმებით; გოგო, რომელსაც ღმერთის ხმა დაჰყვა ამ სამყაროში!

მანამდე კი, 500 წლით ადრე, საფრანგეთში,  გლეხის ოჯახში დაიბადა კიდევ ერთი  გოგო, სახელად ჟანა, რომელსაც უფლის ხმა ჩაესმოდა დღენიადაგ და საფრანგეთის გადარჩენისკენ მოუხმობდა.

მერე ეშმაკთან საუზმობა „დააბრალეს“ კაცებმა და რუანის ძველი ბაზრის მოედანზე დაწვეს საჯაროდ.

ცეცხლმოკიდებული ორლეანელი ქალწული ბოლო წამამდე იესოს უხმობდა, თურმე, ხმის ჩახლეჩამდე.  ბრიტანელი ჯალათი იგონებდა, როგორ ამოფრინდა კოცონიდან თეთრი მტრედი. იმ ღამეს ლოცვაში გაუთენებია შეშინებულს; ვერც იმას დაივიწყებდა, ტომრით რომ გადააგდეს გოგოს დაუფერფლავი გული სენის ტალღებში.

იმ დღეს   ღმერთის ხმა დასრულდა დედამიწაზე რამდენიმე საუკუნით. მერე შიგა და შიგ ისევ გამოჩნდნენ ისინი – ჟანა დარკელები – „საყვარელი“ სამყაროს გადასარჩენად…

არიანა მნუშკინიც საფრანგეთში დაიბადა 1939 წელს – 3 მარტს და მასაც ცალყბად და ცალი თვალით უყურებდნენ დიდხანს, ძალიან დიდხანს მეოცე საუკუნელი „ძლიერი“ კაცები. არ „ცნობდნენ“ მის რეჟისორობას. უწყრებოდნენ.

არც არიანა ნებდებოდა!

მერე აღიარეს – „მნუშკინი ევროპული თეატრის ჟანა დარკიაო“.

შეწირული.

თავგანწირული.

ჟანა დარკივით „საყვარელი საფრანგეთისთვის“ თავგადადებული.

ორლეანელი ქალწულივით იმ დროს „მოვიდა“, შეწირვის გზით რომ შეიძლებოდა ხმისა და თავის გატანა ქალებისთვის მხოლოდ.

რას ვიზამთ?

ეშმაკსა და კაცს თანაბრად ეშინიათ დღემდე ღმერთის ენის მცოდნე ქალების.

მეტიც, ეშმაკს საერთოდ არ უყვარს თეატრის ქალებთან საუზმობა.

ტანში ცრის. სექსისტია!

არიანამ მაინც „მოუძებნა“ გასაღები – მაინც აიძულა, მასთანაც ჩამომჯდარიყო საუზმეზე და ყველა ჟანა დარკის სახელითაც ეძია შური მასზე.

ძნელია ცხოვრება  „კაცების სამყაროში“. ძალიან ძნელი.

თუმცა, არიანა მნუშკინის ცხოვრებაში მაინც იყო ერთი კაცი – ალექსანდრ მნუშკინი – ცნობილი კინოპროდიუსერი, რომელიც აღმერთებდა შვილს. 85 წელი იცოცხლა მამამ; მანამ, სანამ  ეშმაკისა და ყველა კაცისგან არ დაიცვა თავისი „გიჟი გოგო“; გადაეფარა.  არიანა იღიმებოდა მერე – „ჩემი ცხოვრების ყველა მომენტში მხოლოდ იმაში ვიყავი აბსოლუტურად დარწმუნებული,  რომ მამას ვუყვარდიო“.

დედაში  – ცნობილ ინგლისელ მსახიობში – ჯეინ ჰანენში დარწმუნება უჭირდა… უჭირდა, რადგან ყველაზე კრიტიკულ ეტაპზე, 13 წლის ასაკში დაინგრა მისი მშობლების ოჯახი. არიანა თითქმის არასდროს საუბრობს დედაზე ან ცდილობს, თავი აარიდოს მასზე ლაპარაკს. ეტყობა, მაინც ვერ აპატიებს ბოლომდე დღემდე. უჭირს. შვილის სამზერიდან ვერ აცნობიერებს კარგი მამისგან დედის წასვლის არსს.

მხოლოდ ალექსანდრ მნუშკინი დარჩა არიანას უპირობო სიყვარულად;

ეს სიყვარული ისე ეყო, ვეღარ დაანაკუწა, ვეღარ გადაუნაწილა დანარჩენ სამყაროს – მამა დაიტოვა უმთავრეს ნათელ კაცად მთელ სამყაროში.

არადა, ალექსანდრ მნუშკინის გზა სულაც არ იყო მუდამ ნათელი –

პეტერბურგში ცნობილ ნიკოლაევსკის ქუჩაზე ცხოვრობდა; 30 ნომერში. ტიპურ ებრაულ ოჯახში იზრდებოდა.  მდიდარსა და საინტერესო გარემოში გადიოდა ყოველდღიურობა; მამა რუსულ-ფრანგულ, რუსულ-იტალიურსა და რუსულ-იაპონურ სავაჭრო პალატებში მუშაობდა; შვილიც საყოველთაოდ სახელგანთქმულ პეტრიშულეს სკოლაში ჰყავდა მიბარებული.

17 წლისა იყო ალექსანდრ მნუშკინი, რევოლუციურ ქარტეხილებს რომ გამოექცა რუსეთიდან მშობლებიანად  და პარიზს შეაფარა თავი.

ჰერაკლიტე წერდა – „ხასიათი განსაზღვრავს ბედისწერასო“.

ალექსანდრ მნუშკინიც საკუთარმა ხასიათმა იხსნა, ალბათ, მეორე მსოფლიო ომის დროს. მშობლები ოსვენციმში დაეღუპა.

მაინც დადგა ფეხზე.

მაინც გააგრძელა თავისი დაუშრეტელი ენერგიით (რომლითაც ასე ჰგავს არიანაც) მსოფლიო კინოს ვნებებში სრბოლა.

მაკიაველის თუ დავუჯერებთ, ქალია ბედისწერა.

პირველი ოჯახის დანგრევამ თავადაც დაანგრია, მაგრამ ვერ მოერია ოსვენციმგამოვლილ კაცს.

40 წლის „ხეტიალის“ მერე თითქოს მოსესავით შევიდა „აღთქმულ მიწაზე“ ალექსანდრ მნუშკინი და მეორე ცოლად ცნობილი  ფრანგი მსახიობი – სიმონე რენანი მოიყვანა.

სიმონემ დიდხანს იცოცხლა. 93 წლისა მიიცვალა ალცჰაიმერით; აღარც ის ახსოვდა, ვინ იყო თავად და ვერც მნუშკინები შემოინახა დაავადებისგან გახუნებულმა მისმა გონებამ.

ალექსანდრ მნუშკინი   ბოლომდე უღალატოდ და ერთგულად მაინც  ორ ქალიშვილს ემსახურა მხოლოდ; არიანა და ჟოელ მნუშკინები მამას მერეც  ერთად მოდიან. ერთად ინახავენ ყველა მოგონებას მშობელზეც, რომელსაც არიანას ყოველი სპექტაკლის წინ ლამის ისტერიული შეტევა ეწყებოდა. ჟოელ მნუშკინი სიცილით იგონებს, როგორ ეძახდა მამა გიჟს არიანას და როგორ ირწმუნებოდა, რომ დედამიწის ზურგზე არავინ დაჯდებოდა 7 საათი სპექტაკლის საყურებლად.  

არადა, მოდიოდნენ და მოდიან.

ისხდნენ და სხედან.

ბოლო წუთამდე არავინ (ან ვერავინ) გადიოდა და გადის theatre du soleil-ის დარბაზიდან;

დასასრულსაც ყველა აღფრთოვანებული ტოვებდა და ტოვებს თეატრს, სადაც ისეთ შოკისმომგვრელ სილამაზეს ემშვიდობებოდნენ და ემშვიდობებიან, ერთხელ რომ უნახავთ მხოლოდ და ისიც – ძილში!

მამა ბორგავდა მუდამ სიხარულისგან. მთელი ღამე შეუსვენებლად ურეკავდა პრემიერის მერე ნაცნობებს, რათა მოეყოლა არიანას უცნაური სპექტაკლების უცნაური ამბები.

არ ჰბეზრდებოდა.

ყველაფერი მოსწონდა – მსახიობები. ულამაზესი გარემო. ეგზოტიკური შეგრძნებები. სილაღე. დაჩაგრულთა მხარდაჭერა. ბრძოლა ყოველდღიურობასთან. ცრემლები. ფორმები. მუსიკა. ქორეოგრაფია. მხატვრობა. ყველაფერი ერთმანეთში იხლართებოდა. ერწყმებოდა და მერე ლოგიკურად ლაგდებოდა.

არადა, არიანა დღესაც ეჭვნარევი ხმით ამბობს – „მამას, ვფიქრობ, უყვარდა ჩემი სპექტაკლებიო“.

უყვარდა! წარმოდგენების დეტალებიც ხიბლავდა და შვილის ახირებაც – ანტრაქტებისას   მსახიობების ხელით მომზადებული კერძებით სტუმრების (მაყურებლების) გამასპინძლება.

თან როგორ გემრიელად ისწავლეს მომზადება არიანას მსახიობმა გოგო-ბიჭებმა რეპეტიციებზე, სპექტაკლებზე, გასტროლებისას… ერთმანეთის დაბადების დღეებზე. ყოველდღიურობაში. 

სპექტაკლისგან მიღებული შოკისგან და ფსიქოლოგიური წნეხისგან აღგზნებული მაყურებელი კიდევ უფრო მადიანად ეტანებოდა და ეტანება მსახიობების ნახელავთ. კიდევ უფრო უახლოვდებოდა და უახლოვდება სცენას. არტისტს. რეჟისორს, რომელიც ხან ღმერთივით ღიმილით გამოანათებდა და გამოანათებს რომელიმე სივრციდან და ხან ეშმას ცბიერი მზერით გამოკრთებოდა და გამოკრთება კულისებიდან.

არც ერთ მაყურებელს არ ესმის იმ წუთში, ალბათ, რომ სპექტაკლის დასრულებამდე ეშმაკთან საუზმობენ; მერე ან ღმერთს ირჩევენ ლანჩზე მისაწვევად, ან – ლუციფერს… გემოვნებას გააჩნია!

გემოვნებას – სიკეთესა და ბოროტებას შორის!

დიახ! ესეც ერთგვარი გემოვნებაა და მუდამ უგემოვნობის ოქროს შუალედზე გადის.

არიანა მნუშკინი ყოველთვის ვირტუოზი აკრობატის სალტოებით გადის ამ შუალედს. არასდროს ტოვებს ადგილს უგემოვნობისა და უგემოვნოებისთვის!

***

ქართულ წარმართობაში მზის სიმბოლო თვალია!

ის თვალი, ასე უხვად რომ მომადლებია თავად არიანას!

ამ თვალმა შექმნა სწორედ  „მზის  თეატრი“ პარიზში 1964 წელს; საბრძოლო იარაღის ყოფილ ქარხანაში დაიდო ბინა თეატრმა დედაქალაქის აღმოსავლეთით. ესეც სიმბოლურია. მზის მეტი ვერაფერი გაათბობდა იმ აურას; არიანა მნუკნინმა, ფილიფ ლეოტარმა და თეატრის საერთაშორისო სკოლის რამდენიმე თანაკურსელებმა ახალი „იარაღი“ შექმნეს – „მზის იარაღი“!

10-მა პარიზელმა სტუდენტმა „კოოპერატიული, სამუშაო, საწარმოო საზოგადოება“ ჩამოაყალიბა. თითოეულმა 900 ფრანკი შეიტანა საერთო სალაროში.

ასე დაიწყო 9 000 ფრანკით დაბადება theatre du soleil-მა, „მზის თეატრმა“ – სიცივეში, უფულობაში, უპერსპექტივობაში.

ლიდერი თავიდანვე ის იყო – გამორჩეული არიანა მნუშკინი – სორბონის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებული! დაბადებული ლიდერად! მეამბოხე ლიდერად! ისეთ ქალად, ეშმაკს იქეთ რომ დააჭერინებს საუზმობისას გრძელ კოვზს ხელში!

ეს ყოველთვის შეეძლო არიანა მნუშკინს!

თან ყოველმხრივ ძლიერი მამა ედგა გვერდით!

თეატრალური და კინო წრეები თავიდანვე „გარღვეული“ იყო! ფინანსურადაც ალექსანდ მნუშკინზე იყვნენ მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულნი დიდხანს.

თუმცა, გაჯიუტებაც იცოდა მამამ – მიუხედავად შვილისადმი დიდი სიყვარულისა, ფულის გაცემა მაინც უჭირდა; უჭირდა, რადგან აშინებდა არიანას ხედვები. შიგა და შიგ არ სჯეროდა. შიში ჰქონდა, რომ დაკარგავდა თანხას. არადა, არ უყვარდა ფულის დაკარგვა.

არიანას შეეძლო, მოეთმინა. გაჯიუტებულიყო. დაერწმუნებინა მამა. ახერხებდა კიდეც და უკანაც მუდამ უბრუნებდა ვალებს.

საერთოდაც, „მზის თეატრი“ არასდროს რჩებოდა არავის  ვალში.

თავიდანვე ეს იყო ბალაგანის ესთეტიკის თეატრი, რომელიც არასდროს ცნობდა ჩარჩოებს, სტანდარტებს, დაწესებულ ნორმებს.

მერე წერდა არიანა მნუშკინი – „ჩემი თეატრი უნდა იყოს პოლიტიკურიც, ისტორიულიც, საკრალურიც, თანამედროვეც. მაგრამ მათ საზღვრებს შორის პროპორციები სპექტაკლიდან სპექტაკლამდე იცვლება.“

ასე იცვლებოდა და იცვლება დღემდე არიანას „სიწმინდეები“, ფორმები, შტრიხები.

არასდროს არავინ იცის, სადამდე მივა მისი, როგორც რეჟისორისა და სცენარისტის ფანტაზია!

არავინ იცის წინასწარ, როგორ დასრულდება სპექტაკლი.

არავინ იცის, ვინ რას ითამაშებს.

თავდაპირველად  ყველა როლს უსინჯავენ მსახიობები კბილს.

ყველა ფიქრობს.

მსჯელობს.

აზროვნებს.

მნუშკინის მსახიობები სხვებს არ ჰგვანან.

აქვს ამას თავისი ახსნაც არიანასგან – „ვფიქრობ, არავინ უნდა იყოს არც მსახიობი და არც – რეჟისორი. აჯობებს,  ყოველ ჯერზე რაღაც ახალი გავხსნათ საკუთარ თავში.“

მნუშკინის დასი ყოველ დღე ამ ძიებაშია;

არც ვარსკვლავებს ცნობენ იქ არასდროს.

არც არსებობს „მზის თეატრში“ გამორჩეული მსახიობი.

ყველა თანაბრად იღებს ანაზღაურებს. ჰონორარს. სხვათა შორის, როცა არიანამ იბსენის პრემია  მიიღო – 300 000 ევრო – თანაბრად გაყო და გაანაწილა თავისი დასის ყველა წევრზე – მხატვრიდან გამნათებლამდე… გამნათებლიდან მსახიობამდე.

ეს არიანა მნუშკინია – ქალი, რომელსაც თვალი არასდროს რჩება თავის ქონებაზეც, რადგან არ არის ჩვეულებრივი ადამიანი! მზის თვალია!

არიანას თეატრში არ არსებობს სპექტაკლში დაუსაქმებელი მსახიობიც.

ვინც ვერ ხვდება წარმოდგენაში, კულისებში მუშაობს ანტრაქტებისთვის.

ერთი დიდი, ორგანიზებული ოჯახია „theatre du soleil“ და როგორც ყველა ოჯახს, მასაც ჰყავს „დედა“ – არიანა მნუშკინი!

მზრუნველი.

უანგარო.

„შვილებზე“ გადაგებული.

პრინციპული, მაგრამ არა – დიქტატორი მშობელი.

არიანას სძულს სიტყვა – „წარმოება“; მისეული სპექტაკლები უფრო ცერემონიაა, რიტუალი; იმაზე გათვლილი, რომ „თეატრიდან გამოსული ბევრად უფრო ადამიანური იყო, ვიდრე შესვლისას“.

ამიტომ „მზის თეატრში“ შედიხარ სხვა და გამოდიხარ სრულიად სხვა!

ეს არის ერთგვარი ხანგრძლივი ვიზიტი ტალანტ „ფსიქოთერაპევტთან“, რომელიც მანამ გაწვალებს, სანამ მზეს არ დაგანახებს.

უოლტ უიტმენს თუ დავუჯერებთ, „მზეს უნდა ვუყუროთ, რომ ჩრდილი უკან დარჩეს“!

ეს არის მნუშკინის თეატრის რეფრენიც – ვუყუროთ მზეს! უკან მოვიტოვოთ ჩრდილი…

ამიტომ უნდა მივუბრუნდეთ ხშირად არიანას. არ მოვეშვათ და არც თავად მივცეთ მოშვების „საშუალება“! არ მოვასვენოთ, რომ ისევ და ისევ, კვლავ და კვლავ აგვახედოს მზისკენ თავისი „ცხელი თვალით“, თორემ თუ თავი დავხარეთ, იმ თავსაც წაგვაწყვეტს ეშმაკი და ჭუჭყადაც აქცევს ირგვლივ ყოველივეს, რადგან გოეთესი არ იყოს, „ჭუჭყი მანამ ბრწყინავს, სანამ მზე ანათებს“…

არადა, მნუშკინის თეატრის კედლების გარეთ პარიზი ბრწყინავს და ათასი ჯურის ხალხის ოფლის სუნს ზელს თავის ქუჩებში.

***

არიანა მნუშკინს არაერთხელ უსაუზმია მსუყედ ეშმაკთან. მეტიც, ერთადერთი ქალია დღემდე, ვინც იბსენის პრემიაც „წაცანცლა“ ხელიდან. ლამის „ოსკარიც“ აიღო  სცენარისათვის – „კაცი რიოდან“.  უამრავი პრემიაც მიითვალა.

არაერთხელ აახმაურა პარიზისა და მსოფლიოს თეატრების სცენები მისმა  შექსპირული ციკლის წარმოდგენებმა; სპექტაკლებმა  – „1789“, „1793“, „ინდიანა“, „და უცებ ღამე გახდა უძილო“, „ტარტიუფი“ თუ „ოქროს ხანა“; არაერთხელ გააოცა თავისი სცენარებითა და კინოფილმებით – „მოლიერი“, „1789“…

იმ დღიდან, როცა პარიზის ლამის შუაგულში, სიცივისგან აძაგძაგებულ სცენაზე ამოძრავდა „მზის თეატრი“, 61-ჯერ  ჩაიარა წყალმა.

დღეს არიანა მნუშკინი უკვე 86 წლისაა. ამოუწურავი მზის ენერგიაც დაჰყვა თან.

ისევ იცვლება თავადაც და  მისი თვალიც წლიდან წლამდე.

ისევ უკან ტოვებს ჩრდილსაც და ჭუჭყსაც…           

„თეატრის დუნე ნაწლავებიც“ დაცალა ნელ-ნელა“, მაგრამ არასდროს წაუბილწავს არც სილამაზე   და არც – სცენა.

ამბავი არიანა მნუშკინისა ისევ მზეგრძელია!

P.S. როცა პარიზში მოხვდებით, აუცილებლად ეწვიეთ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს, რათა „Le Théâtre du Soleil“-ში ნახოთ, როგორ ვახშმობს ანტრაქტისას ეშმაკი გრძელი კოვზით…

Eka Tkhilava – Breakfast with the devil

The text represents an essayistic portrait of the outstanding French director – Ariane Mnouchkine . It is noted that the director’s special “eye” created the “Theater of the Sun” in Paris in 1964; the theater was housed in a former munitions factory in the east of the capital. This is also symbolic. Nothing could warm that aura other than the sun; Ariane Mnouchkine , Philippe Leotard and several classmates from the International Theater School created a new “weapon” – the “Sun Weapon”!

10 Parisian students formed a “cooperative, working, productive society”. Each of them contributed 900 francs to the common treasury.

Thus began the birth of the theatre du soleil, the “Theater of the Sun” – in the cold, in poverty, in hopelessness.

The leader from the very beginning was her – the outstanding Ariane Mnouchkine – a successful graduate of the Sorbonne’s Faculty of Psychology! Born to be a leader! A rebellious leader! The kind of woman who would make the devil hold a long spoon in his hand at breakfast!

Ariane Mnouchkine could always do so!

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…