დავით ანდრიაძე - მთავარი რედაქტორი

რედაქტორისგან

, , , ,

თავის დროზე ჟურნალ „Театр“-ში დაიბეჭდა უცნაური სათაურის მოწინავე სტატია – „Гамлет“ после XX съезда“.

ატყდა, მაგრამ რა ატყდა.

ლამის მთელი რედაქცია „გააციმბირეს“ – „ჰამლეტი“ და ყრილობა ერთად რა სახსენებელი იყო და ან – ცალ-ცალკეო.

არადა, კი იდგა „ჰამლეტის ეპოქა“ ცოტა ხნით ადრე საბჭოთა კავშირში – სტალინის, როგორც მამის აჩრდილი იწვა ირგვლივ.

თუმცა, თავად ბელადს პირადად არ უყვარდა „ჰამლეტი“ – პარალელების ეშინოდა, ეტყობა.

ამიტომაც გააქრო, სავარაუდოდ, საბჭოთა თეატრიდან – აუკრძალა არსებობა.

ეტყობა, ჟურნალი „Театр“, ძალმიცემული სტალინის სიკვდილითა და XX ყრილობაზე პიროვნების კულტის დაგმობით, გათამამდა; იფიქრა, იქნება, ვუშველოთ „ჰამლეტს“ და „დავაბრუნოთო“…

შეცდნენ…

მამის აჩრდილის მხოლოდ სტალინს არ ეშინოდა საბჭოთა კავშირში –

ბევრი იყო „დამფრთხალი“… ამიტომ აუმბოხდნენ  „Театр“-საც.

თითქმის 30 წელი იყო ტაბუირებული „ჰამლეტი“ (თუ აკიმოვის სპექტაკლს არ ჩავთვლით);

მერე ნელ-ნელა შემოიხსნეს ფობიები.

ჯერ პანსომ, მერე ლუბიმოვმა, მერე ტარკოვსკიმაც მოახდინეს მისი რეაბილიტაცია.

სხვათა შორის, ტარკოვსკის „ჰამლეტი“ ჩვენმა ჩუბჩიკამ გააფორმა.

ასე „შემოაპარეს“ ფრთხილად „ჰამლეტი“ საბჭოთა კავშირში.

მეტიც, პასტერნაკსაც ასეც ეძახდნენ – „Гамлет XX века“.

მერე დრო გავიდა.

დიადი საბჭოეთიც ჩაბარდა წარსულს და იმატა „ჰამლეტებმაც“ ჩვენში.

მოზღვავდა.

აუშვა აფრები.

უკიდურესობაშიც გადავეშვით –

„უჰამლეტო“ რეჟისორის პოვნა გაგიჭირდებათ დღეს.

ეტყობა, აღარ გვაწუხებს მამების კომპლექსი.

გავთავისუფლდით.

იქნება, ახლა შვილების კომპლექსი უფროა მოდაში.

რას გაუგებ?

პარტიის მეოცე ყრილობის მერე იმდენი რამე შეიცვალა, „ჰამლეტს“ რა დაუდგებოდა წინ?

ახლა „აჩრდილი ჰამლეტის მამისა“ ისევ ითხოვს თავის სამსხვერპლოს…

მთავარია, ძალა ეყოთ ქართველ რეჟისორებს, თორემ მარტო ამბიცია რა ბედენაა?

ისე, ამდენი „ჰამლეტი“ კარგს არაფერს უნდა გვიქადდეს…

რა ვიცით, რას მოითხოვს ნაწყენი „მამა“?



სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…