დავით ანდრიაძე ესე

ქართული მწერლობის „ტრაგედია უგმიროთ“

, , ,

„არავის უცხოვრია ისე, როგორც უნდოდა“
დემნა შენგელაია; „ ბათა ქექია“

ერთხელ კონსტანტინე გამსახურდიას მდივანს ლაღიძეებთან დაურეკავთ და – დიდოსტატს ბატონ რეზოსთან საუბარი სურსო.

დიდოსტატი! „ბედნიერება არის რამხელა“,  როცა მწერალი თავად გრძნობს საკუთარ სიდიადეს.

კონსტანტინე გამსახურდია და კონსტანტინე არსაკიძე – ორივენი ლიტერატურული გმირები არიან. ერთიმეორის სიმულაკრები.

დიდოსტატ კონსტანტინეს (არსაკიძის) მარჯვენა იგივე დიდოსტატ კონსტანტინეს (გამსახურდიას) მარჯვენაა.

ასე მოხდა ამ ორი გა-მოგონილი შემოქმედის კონტამინაცია. და ეს კონტამინაცია მწერლისავე ხელდასხმით შედგა.

ასე აქცია მწერალმა საკუთარი თავი „ლიტერატურულ გმირად“.

„ლიტერატურული გმირი“ – ეს ცნება რახანია მოძველდა.

არა, მოძველდა კი არა, გადაჯიშდა.

ლიტერატურული გმირი ახლა დე-გენერატია.

 XIX საუკუნეში გაჩნდა „იგი“. და კიდევ კაი ხანს გაძლო.

„გმირი“ იყო ბატონი ლუარსაბ თათქარიძე; გმირი იყო  ქალბატონი ოთარაანთ ქვრივი; გმირი იყო  აზნაური პლატონ სამანიშვილიც…

და კიდევ „რამდენი გმირი და რამდენი კიდევ ქართველი“.

„გმირები“ იყვნენ ბატონი თარაშ ემხვარიცა და  არსენა მარაბდელიც;  „ჯიბიდან გავარდნილი“ კვაჭი კვაჭანტირაძეც გმირი იყო და ყალთაბანდი  ბათა ქექიაც;  ფალსტაფისა და გარგანტუას, სანჩო პანსასა და კოლა ბრუნიონის  ეს  „სისხლით ნათესავი“.

და იონა ხელაშვილსაც როგორ ეხმიანება ბათა – „კალმასობის“ გმირს?!

ამხანაგი მექი ვაშაკიძე ხომ იყო და იყო… გმირი, „სოციალისტური შრომის გმირი“.

ისე, „გერტრუდა“ (იგი, სოციალისტური შრომის გმირი) იყო კონსტანტინე ლორთქიფანიძეც…

ეჰ, იყო და არა იყო რა…

 გვიან გაგვახსენდა ჰაკი აძბას „გმირობაც“… ალმასგირ კიბულანი ხომ  საერთოდ მიგვავიწყდა…

და ყალთაბანდი  გვადი ბიგვას „ გმირობა“?!

ეს ის გვადია,  ბუბა ყარალაშვილმა მოგვიანებით „რეაბილიტაციის კურსი“ რომ ჩაუტარა და ლამის დეკონსტრუირებულ ტექსტად წარმოგვიდგინა.

გავიდა ხანი; 70-ან წლებში გმირად (აღარ მოვაქცევ ბრჭყალებში) კიდევ ერთი აბრაგი მოგვევლინა – დათა თუთაშხია, ცხონებულმა გოგი გაჩეჩილაძემ  ლამის თომას მანის ადრიან ლევერკიუნსაც კი დაატოლა.

გმირად  იყო  ჩაფიქრებული დღეს უკვე მივიწყებული… ღმერთო, გამახსენე… გურამ ფანჯიკიძის გმირი, მეტალურგი…

სამაგიეროდ, ზურიკელა გვახსოვს, ვაშალომიძე; ილიკო გვახსოვს (გვარი?!); ილარიონიც (მაგის გვარს რა დაგვავიწყებს? – შევარდნაძე!).

აი, ოთარ ჭილაძის პერსონაჟებს  კი ასეთ  გმირებად  ქცევა გაუჭირდათ; ფარნავაზი, ვერც ოყაჯადო, ვერც ქაიხოსრო მაკაბელი,  ვერც გიორგა,  ვერც ცალხელა ალექსანდრე…

აბა, ცალხელა გმირი ვინ გაიგო? თუმცა, რატომ?! ბორის პოლევოის ერთ სოცრეალისტურ რომანში მფრინავი, ორივე ფეხი პროტეზირებული რომ აქვს, მაინც გმირია!

მაგრამ ავბედითი „რუსული“ გმირი!

ჯემალ ქარჩხაძისეულ ზებულონსაც უჭირს  „ გმირობს“,  არადა  როგორი  პერსონაჟია?!

ანდა, სადაური გმირია გივი მარგველაშვილისეული პასტიშურ-რიზომატული მუცალი?!

ერლომ ახვლედიანის სიამის ტყუპები – „ვანო და ნიკოც ხომ არ გამოვაღვიძოთ?!“

და ასეთი პერსონაჟებისთვის ხომ არ გაჩნდა ჩვენს კრიტიკაში რაღაც ყურით მოთრეული პალიატივი – „ანტიგმირი“?

აქედან ხომ არ დაიწყო ქართული მწერლობის „ტრაგედია უგმიროთ“?!

მოკლედ, გმირების ხანა დასრულდა. ლიტერატურული ომებიც დამთავრდა („მშვიდობის გეშინოდეთ“).

კრიტიკოსთა,  როგორც  ე.წ. რეფერენტული (თუ ეტალონური) საძმოს წევრებმა საკბილო დაკარგეს.

ქართლშიც ჩამოდგა პოსტმოდერნიზმი – პოსტმოდერნიზმი როგორც კომუნიზმი.

გმირობამ ფასი დაკარგა.

„საბჭოთა კავშირის გმირი“ – ამ სიტყვაზე რახანია გვეღიმება.

„სოციალისტური შრომის გმირი“- ესეც  როგორი სასაცილოა.

არადა, ვითარ ფასობდა ეს სანუკვარი ჩინი მწერალთა შორის!

1974 წელს კრემლმა 24 გრამი ოქრო ქართველ საბჭოთა მწერალთა ოჯახისთვისაც გამოყო…

გამსახურდიას  მივანიჭოთო გმირობა – გაიელვა მოსაზრებამ. დიდოსტატი კონსტანტინე ამ დროს უკვე სიკვდილს ელაციცება. მაგრამ დასაჯეს მომაკვდავიც. ვინ იცის, ეგებ, შვილის გამოც დასაჯეს მამა!

გმირის ვარსკვლავი კი პირველს  გრიგოლ აბაშიძეს  ერგო. თუმცა,  ვინ იცის, არყოფნისაკენ მიმავალ გზაზე როგორ ელანდებოდა პოეტს გმირობის „მიმქრალი შარავანდელი“.

მახლას, საბჭოთა კავშირის გმირების ეპოქაც ჩაბარდა წარსულს. სოციალისტური შრომის გმირებისაც …

ეგ კი არა, გმირი ქალაქებიც კი „გაანტიგმირდნენ“.

ვიღას ახსოვს  ვლადიმერ ლურსმანაშვილის ანდა  ქიონია სარსანიას გმირობაც….

აი, ციციშვილი, მგონი, დღესაც ახსოვთ. მისი გმირობაც ახსოვთ – თავისივე აღდგენილი ხიდის ქვეშ რომ იდგა გულაჩქარებული. მერე დედოფალმა ანამ უკვდავყო   თავის ლექსში – „ბარბაროსი დაულეწავს ციციშვილს“.

ბარბაროსი სად იყო, გაუგებარია; სამაგიეროდ სხვა ყველაფერია ლირიკულად ტრანსპარენტული და უებრო.

რუსებს დღემდე როგორ უყვართ გმირები და გმირობა?!

ახლაც ლაშქარშია უბედური რუსი.

ახლაც თავისი ახალთაობის „დაფხავებული“ გმირებით ცდილობს, მეტი და მეტი გადასანსლოს.

ლიტერატურაში მაინც „მაძღრად არიან“ დღემდე.

ჩვენ კი გავთავისუფლდით, მგონი, გმირომან(ტ)იისაგან.

რატომ, გაუგებარია…

ლიტერატურაშიც – „გავთავისუფლდით“.

რად გვინდა გმირი? ან რა თავში ვიხლით? ან მარჯვენი სადღაა იმ გმირის შემქმნელი?

მოკვდა „გმირის დამბადი დიდი საგანი“.

ახლა ტექსტის დამბადი დიდი საგნების დროა. ტექსტია მთავარი. ოღონდ „უგერგილოდ“, ცოტა უშნოდ დაწერილი ტექსტი.  აბა, „ლამაზად წერა“ ვისღა შეუძლია?

ასეთია ქართული ლიტერატურის დღევანდელი „ტრაგედია უგმიროთ“.

„გვშია“ ლიტერატურა, მაგრამ ერთი ლუკმაც არ დაგვიტოვა „მამამ“… გაგვწირა. თუმცა, „მაძღარი“ სტომაქის“ გამო არც სინდისს შეუწუხებია და, ფუი, ეშმაკს, არც თოკზე დაკიდებულა.

ამ „ მაძღარ სტომაქამდე“ ფრიად რთული გზა გაიარა „მამამ“ – არაერთი „ლიტერატურული გმირი“ შვა და გადასანსლა.

ბევრი „ახალშობილი გმირი“ იმდროინდელმა მადლიერმა მკითხველმა „ნამდვილ გმირში“ აურია. „Who is who”? (რუსულად ასეა – „ху из ху?“)

ასე, მაგალითად, როცა ვამბობთ „Ленин“ (თუმცა, ჩვენში ვინღა ახსენებს ამ დაუმარხავ მკვდარს?), ვგულისხმობთ არა პარტიას, არამედ მაიაკოვსკის იმავე სახელწოდების პოემის გმირს.

და როცა ვამბობთ „სტალინს“, ვგულისხმობთ არა „დიდ ბელადს“, არამედ გოგლა ლეონიძის (სხვათა შორის) რიგიანი სოცრეალისტური პოემის  გმირს.

ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვაკეთებ – 

პოემის გმირი „შემომეფიქრება“ უპირველესად.

არის ამაში რაღაც პოსტმოდერნისტული!

ისე, რა უმადურად დავივიწყეთ ბელადის „ბავშვობა და ყრმობა“. რას ვერჩით?

 გიორგი ლეონიძეს – ამ ნამდვილად დიდ (და არა, უბრალოდ, მაღალ) პოეტს, მართლაც ახსოვდა სტალინი… ბავშვი.

ერთხელ არაერთი გმირის გმირს – მაქსიმ გორკის უკითხავს სტალინზე – იყო კი ოდესმე ბიჭუნაო?!

და მართლაც, იყო კი იგი ოდესმე ბავშვი ან ყმაწვილი?  მგონი, სტალინად დაიბადა.

სამაგიეროდ, გალაკტიონს ახსოვდა „მთვარის ნაამბობით“ რუსთაველი ბავშვი.

მართლა ახსოვდა.

მართალია, ამას ავლიპ ზურაბაშვილი არასდროს დაიჯერებდა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიწამოთ რამენაირად.

ისე, ნიცშეანურ პარადიგმას თუ მოვიშველიებ, სტალინი ჯერ აქლემი იყო, მერე ლომად იქცა, ბავშვად კი 1953 წლის 1 მარტს მოევლინა ბერიასა და მალენკოვს, დამბლადაცემული,  თვალებგადმოკარკლული ხალიჩაზე რომ ეგდო და უმწეოდ ხროტინებდა.

მოცარტის 23-ე რე-მაჟორულ კონცერტს უსმენდა, თურმე, გრამოფონზე იმ საბედისწერო ღამით მრისხანე ბატონი;  თანაც, მარია იუდინას შესრულებით…

ისე, ჩვენში დარჩეს და დიდოსტატ კონსტანტინეს „ბელადიც“ დავივიწყეთ. ნაბან წყალს ბავშვიც ანუ ლიტერატურული გმირიც გადავაყოლეთ. მაგრამ იყო კი „გმირი“?

სამაგიეროდ, „კარდუს“ რასიული ნეომითოლოგემის შემოქმედის მიერ მახვილი ესეისტური მზერით დაჭერილი ლენინ-სტალინის პოლიტიკური ფიზიონომიები ამოვქექეთ.

მგონი, ისევ გადავუხვიე თემას.

თემა კი „ლიტერატურული გმირი“ იყო.

ყოველ შემთხვევაში,  კარგა ხანია ჩვენში შეთხზული ვერც ერთი ლიტერატურული პერსონაჟი ვერ იქცა გმირად.

ძალიანაც კარგი!

რომანსეროსი არ იყოს, რა დროს „გმირია“?

ახლა გმირები მწერლები არიან.

დიახაც, მოხდა ერთგვარი ელეგანტური ჩანაცვლება – მწერლებმა შეავიწროვეს თავიანთი ლიტერატურული პერსონაჟები და… თავად იქცნენ გმირებად.

რაც შეეხება თავად მწერლებს, ქართული მწერლობის სინამდვილეში დაკრისტალდა ორი პოლუსი – „ნამეტნავად“ ნაკითხნი და მარგინალი შოუმენები.

პირი ქვისკენ მიქნია და,   იმავე რუსეთში  მწერლის სამჰიპოსტასიანი ხატი ასე გამოიყურება:

 მარცხნივ,  ჭკუა-გონებაა,  მარჯვნივ,  წარმატება,  შუაში კი – სინდისი.

ჩვენთან, ეს „შუა“  ზედმეტია! ყოველ შემთხვევაში, „შუა“ შოუა – ელემენტარულად, თინეიჯერების თავშესაქცევი შოუ!

რუსულ მოდელში გონიერი ანდრეი ბიტოვის ნაცვლად შეიძლებოდა „ჩაგვესვა“ ღვთისნიერი ფაზილ ისკანდერი; ნამუსიანი ასტაფიევის ნავლად – კიდევ უფრო ნამუსიანი სოლჟენიცინი; წარმატებული ეროფეევის ნაცვლად კიდევ უფრო წარმატებული სოროკინი; თუნდაც – პელევინი.

საქართველოში კი, ყველას ნაცვლად, ერთი კაცი შეიძლებოდა „ჩაესვათ“ – ჭაბუა, უკაცრავად, ჯაბა იოსელიანი.

აი, „ნამდვილი გმირი“ – „სამოქალაქო ომის გმირი“, „სამამულო ომის გმირი“, ლამის „ლიტერატურული გმირი“ და „ლიტერატურული გმირის“ ლამის შემქმნელიც.

ასეთი ამბებიც ხდება „ლიმონათის ქვეყანაში“.

ასეა თუ ისე, შემთხვევითი არ არის, რომ დღეს ჩვენში ლიტერატურაზე უცნაურად საუბრობენ და უმეტესწილად საკონკურსო „შორტლისტებს“ განიხილავენ.

მსჯელობენ.

ნერვიულობენ.

არადა, ვერ გაითავისეს ქართველმა მწერლებმა, რომ ლაურეატები, როგორც წესი, გმირებად ვეღარ იქცევიან.

ფურშეტისა თუ ბანკეტის მეორე დღეს ისინი, ფაქტობრივად, აღარავის ახსოვს.

ახსოვთ მხოლოდ ისინი, ვინც, რაღაც მანქანებით, მანამდეც იყვნენ ცნობილნი.

ცხოვრება კი ამასობაში მიდის… ბელა ახმადულინასი არ იყოს, „Я там прочла, что жизнь прошла“.

ცხოვრება გადის და მწერლები ისევ ნაკლებად იბადებიან.

გვაკლია ის ხალხი, „დიდოსტატის მარჯვენა“ რომ აქვს;

მწერალივით წერაც რომ შეუძლია (მწერალივით ლაპარაკიც) და კითხვასაც ახერხებს.

ასეთი ბევრი არ გვყავს.

გვიჭირს.

გმირი კი არა, მწერალი გვიჭირს.

როგორ დავბადოთ მწერალი, მერე პერსონაჟი და საჭიროებისა და მოთხოვნის შემთხვევაში – გმირიც?

ვინ შობს დღევანდელ მწერალს?

თორემ ადრე კი ვიცით – პარტია იყო „დაკავებული“ ამ ამბით და კვოტების განაწილებით.

„წარმატებული“ მწერლის კარიერა ხომ  „ზემოთ“ იგეგმებოდა“.

და ასეთი მწერლის „სიმბოლური კაპიტალიც“  სადაც ჯერ არს,  იქ ნაწილდებოდა?!

ლიტერატურის ველიც „იქ“ იზომებოდა…

ერთხელ შევარდნაძეს დაუბარებია თავისთან – ცეკაში გრიგოლ აბაშიძე – მწერალთა კავშირის მაშინდელი თავმჯდომარე; უთქვამს – ერთი კვოტა გამოგვიყვეს ლენინური პრემიისთვის და ერთიც – სახელმწიფო პრემიისთვისო.

კანდიდატურები მოსთხოვა.

გრიგოლ აბაშიძე რისი გრიგოლ აბაშიძე იყო, აქედან „სუფთა“ არ გამომძვრალიყო – ლენინურ პრემიაზე ნოდარ დუმბაძე და სახელმწიფოზე – შოთა ნიშნიანიძე დაუსახელებია (მოსწონებია არჩევანი შევარდნაძეს – ჩვენც ასე ვფიქრობდითო).

ეს ის ნიშნიანიძეა, რომელმაც დუმბაძის სიკვდილის შემდეგ „დაიკავა“ მცირე ხნით მისი სკამი და რომელსაც არაერთი უცნაური ლექსი აქვს გმირებზეც; ასეც დაუწერია –

„ცოტნე გმირია,

დიდებული გმირი… ოღონდაც

თუ ბიჭები ვართ,

ნუ ვადიდებთ მარტოდენ ცოტნეს,

ვახსენოთ სახედაღრეჯილი ლომი მონღოლიც,

გმირობისა და ვაჟკაცობის უბადლო მცოდნე“.

ასე „გაუტოლდა“ ქართველი გმირი მონღოლ გმირს.

წესი იყო  საბჭოთა კავშირში – გმირობაც საზიარო უნდა ჰქონოდა ყველას – მოყვარესაც და მტერსაც.

ხო, მართლა! იმ ორი მწერლის ბედიც გაინტერესებთ, ალბათ – ორივემ  ჩამოიტანა მოსკოვიდან სანუკვარი ჯილდო;

ორივემ კარგი სახელი დატოვა. და კარგი მწერლობაც…

„გერტრუდობას“ ვერ მოესწრნენ, თორემ… ეს ურთულესი როლი იყო  საბჭოთა მწერლისთვის – სოციალისტური შრომის გმირის როლი.

ახლა „გერტრუდა“ მოდაში აღარ არის.

და საერთოდ,  ვინ ანაწილებს  „როლს  დამწყები მწერლისათვის“?!

                                                        ***

პეტერ სლოტერდაიკმა ჯერ კიდევ ამ ორმოციოდე წლის წინ სცადა იოზეფ ფონ ეიხენდორფისეული Taugenichts-ის შემოგდება ლიტერატურულ სცენაზე.

უქნარა ადამიანის რესტავრაცია  და დეკონსტრუქცია მოინდომა „ცინიკური გონების“ ამ უნიჭიერესმა კრიტიკოსმა…

უქნარა!

მართლა რა ძნელია, იყო უქნარა! უქნარა, როგორც ესკაპისტი და ჩვენი დეგრადირებული რეალობის ყველაზე მომხიბლავ პოტენციათა სიმბოლო…

უქნარა, როგორც ბურჟუაზიულ-სოციალისტური რევოლუციების დეზერტირი…

და უქნარა, როგორც გმირი…

P.S. ანტუან კომპანიონი თავის წიგნში – „თეორიის დემონი“ მორიგ თავს – „მკითხველი“- ამთავრებს  მონტენის ციტატით,  „რაიმუნდ საბურდელის აპოლოგიიდან“:

„დიდი სითამამეა – გარისკო საკუთარი თავი სხვისი განადგურებისათვის“.

მე ასე ვიტყოდი:

დიდი სითამამეა, გარისკო საკუთარი თავი „სხვისი“, როგორც გმირის განადგურებისათვის.

არადა, ღირს.

მართლა ღირს.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…