„დორიან გრეის პორტრეტის“ შესავალში ოსკარ უაილდი წერდა – ხელოვნება ცხოვრების სარკე არ არის; ის მხოლოდ მაყურებელს აირეკლავსო…
და თუ თეატრი ხელოვნებაა და რადგან თეატრი ხელოვნებაა და რადგან თეატრს მიიჩნევენ ხელოვნებად, ის ადამიანთა უსტრუქტურო ერთობას ემსახურება, ფაქტობრივად…
არაფერია არც ცარიელ თეატრზე შემზარავი და არც გაუგებარ აპლოდისმენტებზე შემაძრწუნებელი…
ცარიელ დარბაზში ხელოვნება აღარაა, რადგან მას აღარ ჰყავს მაყურებელი..
სავსე დარბაზი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ აზრს, რომ კულტურის დეფიციტის პროდუქტია ბრბო…
და ეს დეფიციტი დღეს, როგორც არასდროს, ისე აწუხებს კაცობრიობას.
იყო დრო, „ეძვირებოდა“ ტაში ქართველ მაყურებელს…
ამიტომ ეშინოდათ მისი. უსმენდნენ. პატივს სცემდნენ…
ყველა სულმოუთქმელად ელოდა სპექტაკლის მერე სიჩუმეს… პაუზას… ტაშამდე გაჩენილ ბზარს…
ახლა ტაშიც გაუფასურდა… გაუფასურდა, რადგან ინფლაცია განიცადა… განიცადა, რადგან უკრავენ ტაშსაც და კვერსაც უკვე ყველაფერს. მოსწონთ. გულმოდგინედ უხმობენ „ბისზე“ არტისტებსა და რეჟისორებს… ოღონდ ეს „ბისიც“ ინფლაციას განიცდის… ეს „ტაშიც“ დადგმულია… იქნებ, გაუცნობიერებლად, მაგრამ – დადგმული…
მართალი იყო ის ცხონებული – არ არის ხელოვნება ცხოვრების სარკე… მაყურებლის სარკეა… მაყურებლის ანარეკლი… რაც მაყურებელია, ისაა სპექტაკლი და რაც სპექტაკლია, ისაა მაყურებელი…
რას ვერჩით თეატრს… ან რეჟისორს… ან მსახიობს… ან რას მოველით? ასეთია მაყურებლის ანარეკლი…
თუმცა, ყველა პროცესს თავისი ლოგიკა აქვს…
დორიან გრეის შეფასებიდან დორიან კიტიას დროინდელი რუსთაველის თეატრის ტაშის მენეჯმენტამდე, შემდეგ კი „კავკასიურის“ ტაშიდან „პრომეთეს“ ტაშამდე არაერთხელ გაიცვალა როლი მაყურებელსა და თეატრს შორის…
მას მერეც იცვლება და იცვლება თეატრისა და ტაშის მენეჯმენტი დროსთან და მაყურებელთან ერთად…
იყო შემთხვევა, მაყურებელმა ისიც არ იცოდა, რა ექნა ტაშისთვის – დაეკრა თუ არა…
„როცა ასეთი სიყვარულია“ გაუჭირდა „გადასახარშად“ განსაკუთრებით.
ეტყობა, თუმანიშვილმა გვერდი აუარა მაყურებელს. გაბედა და მიიღო შედეგიც…
ასე იყო. არის და იქნება – შეიცვლება ტაში ყველგან – ყველა თეატრში – ეროვნულიდან სახალხომდე. „ტაში შინ და ტაში გარეთ“ არასდროს მოგვაკლდება…
თუმცა, კაცმა არ იცის, როდის გადავა კულტურის ტაშის ინფლაცია დეფლაციაში.
როდის დაბრუნდება წონასწორობა.
ან რას გაუგებ ბუნების (კულტურის) კანონებს?
ლაო ძის არ იყოს, „რასაც მუხლუხო უწოდებს დასასრულს, კაცობრიობა ეძახის პეპელას“…
ვინ იცის, რა პეპლებს მოაფრენს კულტურის ახალი დეფლაცია?