იყო ასეთი ძველი ბერძენი დრამატურგი – ფრინიქოსი. სიცილიაში ცხოვრობდა სადღაც 500 წლით ადრე ქრისტესშობამდე.
მტერსაც და მოყვარესაც მიავიწყდა უკვე მისი სახელი. არადა, დრო იყო, ქუხდა.
მისი თანამედროვე – „კომედიის მამად“ წოდებული არისტოფანე წერდა – „ფრინიქოსი ფუტკარია დამტკბარი სიმღერითო“…
ეტყობა, ისეთ პიესებს წერდა ის ცხონებული, დღეს რომ მელოდრამას ან „საპნის ოპერას“ ვეძახით. არისტოფანესავით ვერ ბედავდა, ალბათ, „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ ხმამაღალ და დაუნდობელ „გატრიზავებას“. ვერც გაამტყუნებ.
მაგრამ „ის“ სიტყვები მაინც მოხვდა გულზე, როგორც ჩანს.
გაწიწმატდა.
შეურაცხყოფილიც დარჩა და გამოიდო თავი – „მილეთის აღება“ დადგა 494 წელს. აჩეხინა სცენაზე დარიოს I-ს ბერძნები. ამოჟლიტა მთელი მილეთი… დაატრიალა ქარცეცხლი.
მოულოდნელობისგან გული ამოვარდნიათ ბერძენ მაყურებლებს. ატირდნენ, თურმე. გამწარდნენ, რა გვიქნა ეს ფრინიქოსმაო და გამოენთნენ. გაასამართლეს. 1000 დრაქმით დააჯარიმეს ის უბედური და რაც მთავარია, წერა აუკრძალეს.
ეს ამბავი დიდხანს ახსოვდათ. რომაელი კლავდიუს ელიანე სადღაც სამასი წლის მერეც ხალისობდა ამ ამბავზე – „ფრინიქოსი მამალივით იყო შეშინებულიო“…
რამ გამახსენა ახლა ეს ამბავი –
ბოლო დროს აქაურობასაც „ნამეტანი“ მოეძალა ფრინიქოსის კომპლექსის მწერალ- დრამატურგები…
რაღაც უცნაურად მეტს იღებენ თავიანთ თავზე.
ზოგიერთები სულ გადაირივნენ – ერთდროულად მწერლობაც მოინდომეს, რეჟისორობაც, დრამატურგობაც.
მოკლედ, ჩვენთანაც დატრიალდა „მილეთის“ ამბები…
ძველ ბერძნებს რა უჭირთ?
„დამნაშავე“ დაიჭირეს!
გაასამართლეს!
დააჯარიმეს!
წერა აუკრძალეს იმ უბედურს!
ასე იცის დემოკრატიამ –
აქ ვინაა ახლა ამათი დამჭერი?
გამსამართლებელი?
დამჯარიმებელი?
ან ვინ აუკრძალავს ჩვენში წერას „ფრინიქოსს“?
ვინ გაუბედავს?