I ნაწილი
1963 წელს მიშელ ფუკო გაუძღვა ხუთ რადიოგადაცემას შეშლილობის ენის შესახებ. გადაცემები კვირაში ერთხელ გავიდა შემდეგი თანმიმდევრობით: „შეშლილობა კარნავალში“ (7 იანვარი), „შეშლილთა დუმილი“ (14 იანვარი), „დევნა“ (21 იანვარი), „სხეულები და მათი ორეულები“ (28 იანვარი), „ენა შეშლილობაში“ (4 თებერვალი)
„ერტეეფ ფრანს III ნასიონალი“ წარმოგიდგენთ: ენის გამოყენება. დღეს, „შეშლილობის ენა“, მეორე გადაცემა, მიშელ ფუკოსგან.
ჟან დოა. მიშელ ფუკო, თქვენ უძღვებით გადაცემათა სერიას შეშლილობის ენის შესახებ, „ენის გამოყენების“ ფარგლებში; იმედი მაქვს, დამიდასტურებთ ამას. პირველი გადაცემა, რომელსაც გასულ კვირას უძღვებოდით, წარიმართა სათაურით „შეშლილობა და კარნავალი“. მეორე გადაცემის თემა რა იქნება?
მიშელ ფუკო. კი ბატონო, მეორე გადაცემის თემად მე ვისურვებდი პირველის საპირისპიროს, კარნავალის მეორე მხარეს, რასაც შეგვიძლია „შეშლილთა დუმილი“ დავარქვათ. მაგრამ მგონია, თქვენ არ დამეთანხმებით და ვისურვებდი, დისკუსია მქონოდა ამ საკითხზე თქვენთან, ჟან დოა, როგორც თეატრის კაცთან და ამ გადაცემის ავტორთან. ვფიქრობ, შემეწინააღმდეგებით იმ როლთან დაკავშირებით, რაც კარნავალსა და თეატრს შეშლილობასთან მიმართებით მივანიჭე. მგონია, რომ თეატრი ზურგს აქცევს კარნავალს, ზურგს აქცევს შეშლილობას, ის ცდილობს მათში დააცხროს ძალაუფლება, დაიმორჩილოს ძალა და ძალმომრეობა, ყოველივე დამანგრეველი და ამის ნაცვლად გვთავაზობს კარგ სანახაობას. თეატრი საფუძველშივე ხლეჩს მონაწილეებს, კარნავალში ჩართულთ, ერთ მხარეს მსახიობებად, მეორე მხარეს კი – მაყურებლებად. კარნავალის ნიღაბს, რომელიც კომუნიკაციის ნიღაბია, ნახატი თაბაშირი, ანაცვლებს რაღაც უფრო ფაქიზით, მაგრამ ამით რაღაცას მალავს და ანაწევრებს.
ჟ. დ. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი, პირადი მოსაზრება. მრავალ ადამიანთან ერთად, და განსაკუთრებით დიდ მაესტრო ალენთან ერთად, მეც იმ აზრზე ვარ, რომ თეატრი წარმოშვა საჭიროებამ – საზოგადოებამ საკუთარ თავს შეხედოს. თანდათან, განვითარებასთან ერთად, საზოგადოების ნაწილი პროფესიონალ ავტორად, მსახიობად, დეკორატორად და ყველა იმ ხელობის ადამიანად იქცა, ვინც სპექტაკლის შექმნას სჭირდება, მეორე მხარეს კი მაყურებლები აღმოჩნდნენ. მაგრამ ვფიქრობ, და აქაც ალენს დავიხმარ, რადგან ისიც იმავე აზრზეა, – ვიცი, რამდენად გიყვართ ის, – ვფიქრობ, ალენს არ გამორჩება სპექტაკლის კარნავალური და ცერემონიული მომენტი. ჩემის მხრივ, მგონია, რომ თეატრი არსადაა ისე კარგი, როგორც გარეთ, თეატრს მიღმა. გაიხსენეთ ფესტივალები, წარმოდგენები ბუნებაში, კათედრალების კარიბჭესთან. საბოლოოდ, მე მგონია, რომ ყოველთვის უნდა ვეძებოთ წონასწორობის წერტილი აპოლონურ და დიონისურ ძალთა შორის.
მ. ფ. და თქვენ ფიქრობთ, რომ თეატრი უფრო დიონისურის მხარესაა მაშინ, როცა მე მგონია, ის უფრო აპოლონურს ეკუთვნის.
ჟ. დ. სინამდვილეში, გაცილებით მარტივად ვფიქრობ, თეატრი ისევე, როგორც მთლიანად ხელოვნება, მაგრამ უპირატესად თეატრი, ჩემი აზრით, მცდელობაა, გადალახოს ადამიანი; ის შეიცნობს თავის თავს პერსონაჟში, რომელიც სცენაზე თავის თავს გადალახავს.
მ. ფ. კარგი, რას იტყვით, ექსპერიმენტი რომ ჩავატაროთ? მოვისმინოთ მეფე ლირიდან სცენა, მეფე ლირის შეშლილობის გრძელი სცენა, უდაბურ ველზე. შემდეგ, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაყურებლები კი ჩვენი დისკუსიის მსაჯულად ვაქციოთ.[1]
მეფე ლირი, აქტი III, სცენა 2.
ლირი: უბერეთ, ქარნო, და გაიხეთქეთ ლოყები! გაცოფდით! უბერეთ!
თქვენ, ღვარცოფებო და ქარბორბალებო, იბორგეთ,
ვიდრე არ გალუმპავთ ჩვენს სამრეკლოებს და დაძირავთ [მათ] მამლებს!
თქვენ გოგირდოვანო და ფიქრზე უცებნო ცეცხლნო,
მუხის გამპობ ელვათა მახარ-მაცნენო,
შეტრუსეთ ჩემი თეთრი თავიც! და შენ, ყოვლის-შემძვრელო მეხო,
გააბრტყელე, ო, სამყაროს სქელი სიმრგვალე!
დაამსხვრიე ბუნების ყალიბები, მყის მიმოფანტე ყველა თესლი,
რომ ქმნის უმადურ ადამიანს!
მასხარა: ო ძიავ, ეზოს ნაკურთხი წყალი მშრალ სახლში, ჯობია ამ წვიმის წყალს ეზოს გარეთ. კეთილო ძიავ, შევიდეთ, და შენს ქალიშვილებს თხოვე შეგიწყალონ: ეს ღამე არც ბრძენს და არც გიჟს არ იბრალებს.
ლირი: იბორგე შენს სავსე ფაშვში! ითუხთუხე, იგიზგიზე! იღვარე, იწვიმე!
არც წვიმა, არც ქარი, არც ელვა, არც ცეცხლი ჩემი ქალიშვილები არ არიან;
გულგრილობისთვის ვერ გაგკიცხავთ თქვენ, სტიქიებო;
მე არასოდეს მიმიცია თქვენთვის სამეფო, არც „შვილები“ დამიძახია,
ჩემს ვალში არ ხართ: მაშ, აფრქვიეთ
თქვენი ღვარძლი და ისიამოვნეთ: აქა ვდგავარ, თქვენი მონა,
საცოდავი, სუსტი, უძლური, მოძულებული მოხუცი:
და მაინც, ჩემთვის „მონა-მინისტრები“ ხართ,
რადგან ორი მომაკვდინებელი ქალიშვილი შეუერთდა
თქვენს გააფთრებულ ბრძოლას
ჩემი ბებერი, ჭაღარა თავის წინააღმდეგ.
ო! ო! რა უსამართლოა!
მასხარა: ვისაც აქვს სახლი და სახურავი, იმას აქვს კარგი თავსაბურავი.
თუკი შარვლის ასოს ჩასადები მანამდე იპოვის ბინას,
ვიდრე თავი მიაგნებს მას,
მაშინ ორივეს თავი წაუგია,
რადგან მკბენარები იქორწინებენ მათზე მრავალჯერ!
ვინც ფეხის თითით სჩადის
გულის საქმეს
კოჟრი ცრემლს ადენს
და ძილი არ ეღირსება.
რადგან ჯერ არ შობილა იმდენად ლამაზი ქალი,
ვისაც სარკეში არ დაეწუნოს თავი.
შემოდის კენტი.
ლირი: არა, სანიმუშოდ მომთმენი ვიქნები;
არაფერს ვიტყვი.
კენტი: ვინ არის აქ?
მასხარა: წმინდაო მარიამ, აქ არის მისი უდიდებულესობა და შარვლის ასოს ჩასადები, ანუ ბრძენი და სულელი.
კენტი: ვაიმე, ბატონო, აქ თქვენა ხართ? იმათ, რომლებსაც ღამე უყვართ,
ასეთი ღამეები არ უყვართ; მრისხანე ცანი
აძრწუნებენ თვით წყვდიადში მოხეტიალეთ,
აიძულებენ თავიანთ ქვაბულებში შეიძურწონ: რაც კაცი მქვია,
ასეთი ცეცხლი, საშინელი ელვა და ტკაცი,
ასეთი გრგვინვა და გრიალი ქარის და წვიმის,
არ მაგონდება, რომ გამეგოს: ადამიანის ბუნება ვერ იტანს
ვერც ტკივილს, ვერც შიშს.
ლირი: დაე, დიდებულმა ღმერთებმა, თავს რომ საშინელი რისხვა დაგვატეხეს,
თავიანთ მტრებს მიაგნონ. ძრწოდეთ, არამზადებო,
ვის ქედზეც დევს დაუსჯელი დანაშაული,
სამართლიანობით დაუსუსხავი: ხელსისხლიანო, დაიმალე!
შენც, ცრუმოწმევ; შენც, ვითომ ქველო,
სინამდვილეში სისხლის აღმრევო;
გამცემელო, ძრწოდე, პატიოსნის ნიღბით რომ
ადამიანის სიცოცხლეს ერჩი; ბრალით სავსენო,
გაამხილეთ თქვენი ცოდვანი და
იგოდეთ საშინელ მსაჯულთა მოწყალებისთვის!
მე ნაცოდვი უფრო ვარ, ვიდრე მცოდე.
კენტი: ვაიმე! თავშიშველო!
მოწყალე ბატონო, აქ სულ ახლოს ერთი ქოხია;
ის გიმეგობრებთ ქარიშხლის წინააღმდეგ:
იქ დაისვენებთ, მე კი ამასობაში სახლს მივაშურებ,
ქვების რომაა და ქვაზე მაგრები რომ ცხოვრობენ,
როცა გეძებდით, არც კი შემიშვეს შიგნით, მაგრამ ამჯერად
უკეთეს მასპინძლობას ვაიძულებ.
ლირი: გონება მიბნელდება.
მოდი აქ, ჩემო ბიჭო: როგორ ხარ შენ? ხომ არ გაცივდი?
მე გავცივდი. სად არის ქოხი, თანამგზავრო?
ჩვენს საჭიროებათა ბუნება უცნაურია,
ამაო საგნებს ძვირფასად აქცევს.
შენს ქოხს მივაშუროთ.
საბრალო სულელო მასხარა,
ჩემი გულის ერთ ნაწილს ებრალები.
ჟან დოა, მეჩვენება, რომ ჩვენ მიერ მოსმენილი სცენა ორივეს გვაძლევს ალიბის და ეს გასაკვირი არცაა, რამდენადაც მეფე ლირი, უდავოდ, იშვიათ, გამორჩეულ, სრულ და მთლიან სურათს გვთავაზობს შეშლილობის ტრაგიკული გამოცდილებისა. არ არსებობს მეორე მსგავსი შემთხვევა იმგვარ კულტურაში, როგორიც ჩვენია, ვინაიდან ჩვენი კულტურა უპირატესად იმას ცდილობს, რომ შორს დაიჭიროს თავი შეშლილობისგან, შორიდან შეხედოს მას; ხშირად, მაგრამ მუდამ გარკვეული თვითკმაყოფილებით, შეშლილობა მასში გამართლებულია კომიკურის მეშვეობით.
მაგრამ ახლა იმ მცირე ნაპრალში ჩავიხედოთ, რასაც სერვანტესის ენა მოწმობს.
დონ კიხოტის ტრაგიკულობა მდგომარეობს იმაში, რომ შეშლილობა არ არის საკუთრივი პერსონაჟისთვის, ის არ არის მისი ენის უღრმესი მამოძრავებელი. დონ კიხოტის ტრაგიკულობა ეფუძნება მცირე სიცარიელეს, იმ დისტანციას, ზოგჯერ შეუმჩნეველს, რომელიც არა მხოლოდ მკითხველთ, არამედ პერსონაჟებს – სანჩოს, დონ კიხოტს, შეშლილობის ცნობიერებას ძენს.
მაშ, ეს ციმციმი, არამყარი და არამკვეთრი, რომელიც დონ კიხოტის თვალწინ აბრწყინებს შეშლილობას, მაგრამ შემდეგ ართმევს ამ ნათელს, ძალზედ განსხვავდება მეფე ლირის ტანჯვისგან, ფსკერისკენ რომ მიაქანებს მას და იცის, მის ვარდნას მხოლოდ სიკვდილი შეაჩერებს. დონ კიხოტს, პირიქით, მუდამ შეუძლია მობრუნდეს თავისი სიგიჟისგან.
ამგვარად, ის იკრებს გონებას, მაგრამ შემდეგ კვლავ უბნელდება, შემდეგ კი დგება წუთი, როცა კვლავ მობრუნდება, მაგრამ შეშლილობის ტრაგიკული კანონის კარნახით; ის გამოდის შეშლილობიდან, როგორც სიცხიდან, შემდეგ კი მიექანება სიკვდილისკენ, სიკვდილის უეჭველი გარდუვალობისკენ.[2]
იმ წყენისაგან იყო, რაც მას დამარცხებამ დამართა,[3] თუ ზეცის მიუწვდომელი დადგენილების მიზეზით, იგი მომქანცველმა ციებამ შეიპყრო და ექვს დღეს ლოგინიდან არ ამდგარა. ამ ხანში მეგობრები: მღვდელი, ბაკალავრი და დალაქი დღეში რამდენჯერმე მოდიოდნენ სანახავად, ხოლო სანჩო პანსა, მისი კეთილი საჭურველთმტვირთველი, თითქმის მოუშორებლად სასთუმალთან უჯდა. […] ადექით, ადექით, ეუბნებოდა ბაკალავრი, – რომ ჩვენი მწყემსური ცხოვრება ჩქარა დავიწყოთ; ამისათვის ეკლოგა უკვე დავწერე, ისეთია, სანაძაროს ყველა ეკლოგას დაჩრდილავსო; ერთი კუნტარელი მწყემსისგან ჩვენი მომავალი ფარის სადარაჯოდ ორი ჩინებული ძაღლიც ვიყიდეთ, ერთს ბარსინო ჰქვია, მეორეს კი ბუტრონიო. მაგრამ ყველაფერმა ამან დონ კიხოტს სევდა ვერ განუქარვა. […]
დონ კიხოტმა ძილი მოინდომა და სთხოვა მარტო დაეტოვებინათ. ყველანი გავიდნენ და დონ კიხოტს, როგორც იტყვიან, გამოუფხიზლებლად ექვს საათზე მეტი ეძინა, ისე, რომ დიასახლისსა და დისწულს ეგონათ, ძილში ხომ არ გარდაიცვალაო. ბოლოს გაიღვიძა და ხმამაღლა დაიძახა:
- იყოსმცა კურთხეულ ყოვლადშემძლებელი ღმერთი, რომელმაც ამ წამს თავისი მადლი მომფინა! […] ახლა ვგრძნობ, ჩემს გონებას ნათელი ეფინება და იმ სქელი ნისლიდან გამოდის, რომლითაც საზიზღარმა სარაინდო წიგნების შავსვიანმა და დაუცხრომელმა კითხვამ დამიბნელა გონება. მათი უშვერობა და სიცრუე ახლა შევიგენ… […] ვგრძნობ, ჩემო დისწულო, ჩემი უკანასკნელი წამები ახლოვდება, და სააქაოდან წარმავალს მინდა ისე მოვკვდე – ყველამ გაიგოს, რომ ჩემი სიცოცხლე ისე ცუდი არ იყო, რომ ჭკუიდან შემცდარის სახელი შემრჩეს. უგუნური ვიყავი, მაგრამ არ მინდა, ჩემი სიკვდილი ამის დამამტკიცებელი იყოს. […]
დონ კიხოტის ამ სიტყვებით გაოცებულმა მეგობრებმა ერთმანეთს გადახედეს. სიკვდილის მოახლოება უეჭვო იყო; ამაში მისმა გონების დაბრუნებამ დაარწმუნა ისინი.[4] […]
დასასრულ, დონ კიხოტის უკანასკნელმა საათმა დაჰკრა – იგი გარდაიცვალა, ხოლო სიკვდილის წინ ქრისტიანული წესი შეასრულა: ზიარება მიიღო და სარაინდო წიგნებს შეჩვენება და ზიზღი შეუთვალა. იქვე მყოფმა ნოტარიუსმა შენიშნა, ჯერ მე არც ერთ რაინდულ წიგნში არ წამიკითხავს, რომ რომელიმე მოგზაური რაინდი დონ კიხოტივით თავის ლოგინში დამშვიდებით და ქრისტიანულად მომკვდარიყოსო; მან კი ყველა დამსწრეთა ურვა წუხილსა და ცრემლთა ფრქვევა-ქვითინში განუტევა სული, ესე იგი მოკვდა. […]
ასეთი იყო მახვილგონიერი ლამანჩელი იდალგოს ბოლო და აღსასრული. […] ჩვენ აქ დონ კიხოტის დიასახლისის, დისწულისა და სანჩოს ცრემლებს არ მოვიხსენიებთ; არც მისი საფლავისთვის დაწერილ ეპიტაფიებზე ვიტყვით რამეს. […]
აქ არის განთქმულ იდალგოს ბინა,
ვინც იყო გმირი შეუსადარი,
ვინც ბოროტებას აღუდგა წინა,
ვინც თვით სიკვდილმა ვერ შეაშინა,
ოდეს გაუღო სამარის კარი.
დასთმო ქვეყანა ხმაურიანი,
ეხეტებოდა ვით სიცხიანი,
რითაც გაართო ყველა მნახველი,
სამარადისო ჰპოვა სახელი,
და მოკვდა გიჟი, როგორც ჭკვიანი.[5]
ეს ეპიტაფია და დონ კიხოტის მთელი ფინალი ამტკიცებს ერთ რამეს: ამჯერად, შეშლილობა და შეშლილობის ცნობიერება სიცოცხლე და სიკვდილივითაა. ერთი კლავს მეორეს. გონებას შეუძლია ილაპარაკოს შეშლილობაზე, მაგრამ ის მასზე საუბრობს, როგორც გვამზე. სიგიჟე გონიერების წინაშე მუნჯია, ის საგანივითაა, რომელსაც გონება ხალისით შეჰყურებს. და კლასიკური ეპოქის განმავლობაში, გიჟები სოციალური პეიზაჟის ნაწილები არიან, იმ თვალწარმტაცი სოციალური პეიზაჟისა, რომელიც დიდწილად ხელახლა აცოცხლებს დაურწმუნებლობას: ყველაფერთან ერთად, შესაძლოა მე გიჟი ვიყო, მაგრამ არაფერი მეცოდინება ამის შესახებ, რადგან სიგიჟე არაცნობიერია და ყველა რომც გაგიჟდეს, მე მაინც ვერ შევიტყობ ამით, შევიშალე თუ არა.
მაგრამ ეს ყოველივე გონების სავარჯიშოებია, ხან ნატიფი, ხანაც ჩახლართული. რაც კლასიკურ ეპოქაში მაინტერესებს, ის მასიური, ისტორიული სიმძიმეა, რომელიც დიდხანს რჩებოდა სიჩუმეში. შესაძლოა, ისტორიკოსებისთვის ეს არც ისე მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი აზრით, კულტურის მკვლევრებისთვის დიდი წონა აქვს. აი, მაგალითად, ეს ფაქტი: 1657 წლის აპრილის ერთ დღეს, პარიზში დააკავეს ექვსი ათასამდე ადამიანი. XVII საუკუნის პარიზისთვის ექვსი ათასი მთელი მოსახლეობის, დაახლოებით, ერთი პროცენტია. აქტუალობის თვალსაზრისით, თუკი დღევანდელობას შევადარებთ, ეს რიცხვი ორმოცი ათასს უტოლდება. ეს იმდენად დიდი რიცხვია, აუცილებლად გამოიწვევდა დისკუსიას.
ეს ხალხი გადაიყვანეს მთავარ ჰოსპიტალში. რატომ? იმიტომ, რომ უსაქმურები, მათხოვრები, უსარგებლო ადამიანები იყვნენ, გარყვნილები, ექსცენტრულები, ჰომოსექსუალები, შეშლილები, გონებანაკლულნი. და ისინი გადაიყვანეს ჰოსპიტალში ისე, რომ მათთვის არც ერთხელ იურიდიულად ბრალი არ წაუყენებიათ. პოლიციის მხრიდან პრევენციული ღონისძიება იყო, ან მეფის ბრძანების შესაბამისად მოხდა, ან კიდევ, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უბრალოდ ოჯახის მიმართვის საფუძველზე, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მთელი ეს ბომონდი ჰოსპიტალში განეწესებინათ, ჰოსპიტალში საცხოვრებლად. ამ ჰოსპიტალს არაფერი ჰოსპიტლური არ ჰქონდა, უფრო მეტად ეს იყო რაღაც, გრანდიოზული ციხის მსგავსი, სადაც ადამიანებს თვალს განარიდებდნენ, და ხშირად განარიდებდნენ სიცოცხლესაც.
მსგავსი პრაქტიკა საუკუნე და ნახევარი გრძელდებოდა, და ეს გარიცხვის გრანდიოზული რიტუალი, რომელსაც ძალიან იშვიათად ახსენებენ, მხოლოდ რამდენიმე მტვრიანი ჩანაწერიდან შემორჩა, არსენალის ბიბლიოთეკაში. რას ვპოულობთ ჩანაწერებში? აქ არის დაკავების მოტივთა გრძელი რაფსოდია.
ვფიქრობ, ღირს მოვისმინოთ გონების – სახელმწიფო გონებას რომ წარმოადგენს, საბოლოო ჯამში პოლიციელთა გონებამდე რომ დადის, და საზოგადოდ, საზოგადოების, ხალხის გონებამდე, – დეკრეტები სხვათა შეშლილობაზე.
აი, მაგალითად, 1735 წლის იანვრის დაკავების მოტივები:
1735 წლის 3 იანვარი, ბარ კატრინი, საჯარო მეძავი, თავის უბანში ბევრი შფოთის და აურზაურის მიზეზი.
6 იანვარი, ფორესტიე ჟან-პიერი, ხშირად სჩვევია გახელება, რის გამოც რუანში მიესაჯა პატიმრობა.
10 იანვარი, გოსტიე ეტიენი, გარყვნილი, თავის ცოლს აწამებს და ყოველ ღონეს ხმარობს, სიცოცხლე მოუსწრაფოს.
17 იანვარი, მალბერი, დიდი ხანია, რაც თავისი შფოთიანი და საშიში ქცევით იცნობენ, მისი ერთადერთი პროფესია ცუდ ადგილებში სტუმრობაა. ბოლოს, ერთ-ერთ ასეთ ადგილას ცხოვრობდა ლაბომის სახელით ცნობილ ქალთან, რომლის ქმრის მოკვლაც რამდენჯერმე სცადა.
19 იანვარი, ტაბლეკური, გონებაჩლუნგი ქალი.
19 იანვარი, ფრანსუა ანტუანი, მის სახლში იპოვეს სხვადასხვა საქონელი, რაც როგორც თავად აღიარა, ვაჭრებს მოჰპარა.
24 იანვარი, ლატურ დჲუპონ ჟოზეფი, მძვინვარე და სრულიად გიჟი, მიესაჯა ძვლებში დამტვრევა ჩადენილი მკვლელობისათვის.
25 იანვარი, გიჲოტინ მიშელი, მოძალადე, სასტიკად უსწორდებოდა საკუთარ ცოლს, დაუმტვრია ავეჯი, შეურაცხყო მისი მეზობლები, შეურაცხყო მისი მამა და დედა და ისინი დიდ ძაღლს დააკბენინა.
31 იანვარი, ლაპორტ შარლოტი, კონვულსიური.
31 იანვარი, რუსო მარი-ჟანი, უიმედოდ გიჟი.
31 იანვარი, დჲუვალი, სულელი.
31 იანვარი, მინერონ ანი, სიერ ბუკეს მსახური, მისგან ორსულადაა.
31 იანვარი, დუბო ჟან-ფრანსუა, გამუდმებით ადანაშაულებს ცოლს იმაში, რომ დაამხო და დააქცია, და რომ ის და მისი შვილი სწორედ მან გააღატაკა. ყველანაირ გარყვნილებას ეწევა.
[1] ფუკო ციტირებს პიერ ლეირისისა და ელიზაბეტ ჰოლანდის თარგმანს (William Shakespeare, Oeuvres Complètes, t. 2, Paris, Gallimard (coll. `Bibliotèque de la Pléiade`), 1959). მე ვეყრდნობი ორიგინალი, ინგლისური ტექსტის ჩემეული თარგმანის მცდელობას. თარგმნისას ვცდილობ სიტყვა-სიტყვით გადმოვცე და მინიმალური ინტერპრეტაციის ფარგლებში ჩავეტიო.
[2] ფუკო ციტირებს დონ კიხოტეს ცეზარ უდინისა და ფრანსუა როსეს თარგმანს: L’Ingénieux Hidalgo don Quichotte de la Manche, `Comment don Quichotte tomba malade, du testament qu’il fit, et de sa mort`, II, LXXIV, trad. de César Oudin et François Rosset, revue, corrigée et annotée par Jean Cassou, Gallimard (coll. `Bibliothèque de la Pléiade`), 1956 [1949]. მე მოვიხმობ შესაბამის პასაჟებს ქართულად, ნიკო ავალიშვილის თარგმანიდან: დონ კიხოტი, III, თავი LXXIV, თბილისი, „ქართული“, 2018. სადაც მნიშვნელოვანი განსხვავებაა ქართულსა და ფრანგულ თარგმანებს შორის, ცალკე გამოვყოფ და სქოლიოში ვუთითებ ფრანგულ თარგმანში როგორც არის.
[3] ფრანგულ თარგმანში: „არ ვიცი, იმ მელანქოლიისაგან დაემართა, დამარცხების მოგონებამ რომ მოჰგვარა […]“.
[4] ფრანგული თარგმანი: „მათ ერთმანეთს გადახედეს, დონ კიხოტის სრულ გონებაზე ყოფნით გაკვირვებულებმა, ამის მათ ჯერ კიდევ სრულად არ ეჯერათ. მაგრამ ერთ-ერთი ნიშანი, რაც მათ ამაში არწმუნებდა, იყო ის, რომ სასიკვდილო სარეცელზე ყოფნამ მისი სიგიჟე გონებად იოლად გარდაქმნა.“
[5] ფრანგული თარგმანი: „გამვლელო, ამ საფლავის ქვეშ განისვენებს გამორჩეული ადამიანი, / მამაცი დონ კიხოტე; ის იმდენად მამაცი იყო, / რომ ღირსეულ და სარაინდო საქმეთა წყალობით უძლეველი ცხოვრება იზეიმა. / იმდენად თავზარდამცემი იყო მისი სიამაყე, / რომ უდიდესი გიგანტები ბეღურებადაც არ მიაჩნდა, / მან თავისი სიკვდილითაც კი ახალი სასწაულები ჩაიდინა: / იცხოვრა გიჟმა, ხოლო მოკვდა გონიერი.“
სრულად: II ნაწილი