(პეტრე ოცხელის კვალდაკვალ)
I ნაწილი
1937 წლის სექტემბრის ბოლოს პეტრე ოცხელიც დაიჭირეს. სულ რაღაც 29 წლის იყო მაშინ; ორიოდ თვეში – 2 დეკემბერს – დახვრიტეს კიდეც და საბჭოთა საქართველოს კიდევ ერთი „კონტრრევოლუციონერი, ტროცკისტული, ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრი“ „მოაშორეს“.
მსხვერპლი დაჭერიდან 4 დღეში – 25 სექტემბერს – გახდა სულ რაღაც 30 წლის.
წინამდებარე წერილი სწორედ პეტრე ოცხელზეა – გამორჩეულზე, გამოჩენილზე, განსხვავებულზე. პირველად ქვეყნდება მხატვრის დის – ნინოს წერილი, ფილოლოგ თამარ ღვინიაშვილისა და ქორეოგრაფ დავით მაჭავარიანის მოგონებები ოცხელზე.
სიცოცხლეში პეტრე ოცხელის პერსონალური გამოფენა არ შემდგარა; ვერ მოასწრო. 1963 წლის 31 მარტს საქართველოს თეატრალური საზოგადოების, საქართველოს მხატვართა კავშირისა და საქართველოს სამხატვრო ფონდის თაოსნობით პეტრე ოცხელის პირველი პერსონალური გამოფენები გაიხსნა ჯერ თბილისის, შემდეგ კი ქუთაისის[1] სამხატვრო გალერეებში.
1963 წლის გამოფენაზე ექსპონირებული მასალის უმრავლესობა ნინო ოცხელმა (პეტრეს დამ) შემოინახა, ნაწილი კი კომპოზიტორმა თამარ ვახვახიშვილმა შეაგროვა.[2] სწორედ ამ გამოფენასთან დაკავშირებით გაუგზავნა წერილი 1962 წლის 17 აგვისტოს ნინო ოცხელმა თამარ ვახვახიშვილს – კოტე მარჯანიშვილის დადგმების პირველ ქართველ მოდერნისტ კომპოზიტორ ქალს.
ნინო ოცხელის წერილი რუსულ ენაზეა დაწერილი მოსწავლის ნაცრისფერი, ცალხაზიანი რვეულის 9 გვერდზე. პირველი ორი გვერდი ფანქრით ჩაუწერია; დანარჩენი – მელნით.[3] ჩემეულ თარგმანში ავტორისეული სტილიც შეძლებისდაგვარად შენარჩუნებულია.
***
17/VIII
საყვარელო თამარ!
როგორც იქნა თქვენი ძველი თხოვნა შევასრულე. გიგზავნით ყველაფერს, რაც ნაუცბადევად შევაკოწიწე – პეტიას [4] ბიოგრაფიის შესახებ.
მე ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. მარინა[5] აბარებდა მისაღებ გამოცდებს კონსერვატორიაში და ახლა უკვე პირველი კურსის სტუდენტად ითვლება. ეს ყველაფერი ხდებოდა +38–39°C სიცხის ფონზე (თავადაც ხვდებით, ალბათ). დამთავრდა თუ არა გამოცდები, მაშინვე მე და მარინა, გაყვითლებულები, როგორც ლიმონი, ჩამოვედით კისლოვოდსკში. აქ ვიმყოფებით სულ რაღაცა 15 დღე და უკვე უკან ვბრუნდებით, გამოვიძინეთ და დავისვენეთ.
მე პეტიას ყველა ნამუშევარი ხელწერილით ჩავაბარე თეატრალურ საზოგადოებაში. როგორც კი თბილისში ჩამოვალ, გავიგებ რა მდგომარეობაშია საქმე გამოფენის შესახებ. თქვენ, ალბათ, მოინახულეთ ვერიკო ანჯაფარიძე და გაიგეთ, რომ მარჯანიშვილის იუბილემაც[6] გადაიწია, ვინაიდან თეატრი უფრო გვიან ხსნის სეზონს, ვიდრე ვარაუდობდნენ. ვიმედოვნებ, თავს კარგად გრძნობთ, მოსკოვში ხომ ასე არ ცხელა. აუცილებლად მომწერეთ, როდის იქნებით თბილისში. გკოცნით ბევრს ნინო და მარინა.
* * *
1907 წლის 25 სექტემბერს სოვდაგარ გ.პ. ოცხელის შეძლებულ ოჯახში დიდი მოვლენის მოლოდინში იყვნენ – ელოდებოდნენ ოჯახის ახალი წევრის დაბადებას.
იმის გამო, რომ ოჯახს უკვე ჰყავდა ორი ქალიშვილი, ოჯახის უფროსს აუცილებლობად მიაჩნდა მემკვიდრის არსებობა, რათა ოცხელის გვარს გამგრძელებელი ჰყოლოდა. გარდა ამისა, მემკვიდრე აუცილებელი იყო ფირმის – „ოცხელი და ვაჟიშვილების“ ვაჭრობაში წარმატებების მისაღწევადაც.
პეტრე ოცხელის დაბადებას დიდი სიხარულით შეხვდნენ.
პატარა პეტრე მსხვილი პირისახის, შავთვალება, ხუჭუჭა, შავთმიანი ბიჭი გაჩნდა. ბავშვობაში მეტად ნერვიული იყო. ეს ნევროზულობა ხშირ ტირილში გამოიხატებოდა. როდესაც მას ეკითხებოდნენ – „რატომ ტირიო? პასუხობდა: „მე თვითონაც არ ვიცი; უბრალოდ, მეტირებაო“. პატარა პეტია-პეტუშოკი დიდ ოჯახში იზრდებოდა. ბავშვები ოთხნი ვიყავით: ქალიშვილები- ნატაშა, ნინა და ორი ბიჭუნა – პეტია და ლიოვა.
1913 წელს გრიგოლ პეტრეს ძეს, ჩემს მამას, რომელსაც ჰყავს ძალიან ახალგაზრდა მეუღლე – ელენე სემიონის ასული, მთელი ოჯახი მოსკოვში გადაჰყავს. მას მიზნად ჰქონდა დასახული მანუფაქტურით ვაჭრობის სანაცვლოდ ახალი კომერციული წარმოების შექმნა. მან გახსნა კავკასიური მაუდის ფაბრიკა (თუმცა, არ გააჩნდა სპეციალური განათლება. არც დედას და არც მამას საშუალო განათლებაც კი არ ჰქონდათ მიღებული).
მამა მეტად ნიჭიერი ადამიანი იყო. მოსკოვში იგი საუკეთესო საზოგადოებაში ტრიალებდა; იყო, აგრეთვე, მოსკოვის ქართული საზოგადოების წევრი.
მოსკოვში ყოფნისას მამამ შეძლო თავისი ოჯახისთვის შესანიშნავი პირობები შეექმნა. ბინა დიდი იყო. ვცხოვრობდით ქალაქის ცენტრში, ყოფილი ლიუბიანსკის გასასვლელში. გვქონდა სამი საბავშვო ოთახი: ორი საძინებელი და ერთი საკლასო ოთახი. ჩვენ გვემსახურებოდა გუვერნანტი ფრანგი ქალი. გოგონები სასწავლებლად მიგვაბარეს ფრანგულ, კათოლიკურ ეკლესიასთან არსებულ ფრანგულ გიმნაზიაში. იქვე იყო, ასევე, ვაჟთა ფრანგული სკოლაც, რომელშიც ერთი წლის შემდეგ პეტია მიაბარეს.
პირველი, რევოლუციამდელი წლები, არაფრით იყო გამორჩეული.
ხასიათით პეტია და ლიოვა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. თუ ლიოვა სიფრიფანა ბიჭი იყო, მოძრავი და ანცი, პეტია – პირიქით, არ ანცობდა. გამუდმებით ხატავდა, აწებებდა რაღაც თვითნაკეთ სათამაშოებს, რაც მას ყოველთვის ამხიარულებდა. იგი ოდნავ ჩლიფინებდა, სახის ფერი მუქი ჰქონდა, იყო დიდთვალება და ხუჭუჭთმიანი.
ძმები ბავშვობიდან მეტად მეგობრულად იყვნენ ერთმანეთისადმი განწყობილნი, ცხოვრობდნენ ერთ ოთახში და მათი დღის განრიგი ფრიად განსხვავდებოდა ჩვენი დღის განრიგისგან.
ჩვენ, ყველა, ვსწავლობდით ფორტეპიანოზე დაკვრას, მაგრამ ეს მეცადინეობები პეტიასთვის არც თუ ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა. ჩვენს სახლში ცხოვრობდა ფრანგი ქალი და ფრანგულად სრულიად თავისუფლად ვსაუბრობდით. ჩვენს ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ საკმაოდ დიდი რაოდენობით ქართველი ახალგაზრდები და მათ შორის იყო ლარისა ქუთათელაძე,[7] იმ დროს კონსერვატორიის სტუდენტი. იგი ხშირად უკრავდა როიალზე და ამიტომ ჩვენთვის ნაცნობი იყო კლასიკურ ლიტერატურაზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები.
ჩვენს ბავშვურ ცხოვრებაში ლარისა ქუთათელაძემ დიდი როლი შეასრულა, მას ჩვენ ძალიან ვუყვარდით, იგი მეცადინეობდა ჩვენთან ერთად, აწყობდა საკონცერტო საბავშვო საღამოებს. ვუკრავდით როიალზე (ამ საღამოებზე ყოველთვის ვპატიჟებდით ხოლმე ნაცნობებს). ჩვენი ლარისა დგამდა ხოლმე საბავშვო მუსიკალურ წარმოდგენებს და უნდა ითქვას, რომ მათში მხოლოდ ოთხნი ვმონაწილეობდით: მახსოვს, ვასრულებდით კრილოვის იგავ-არაკების მელოდეკლამაციებს ლარისას აკომპანემენტის თანხლებით. დეკორაციებს, კოსტიუმებს საკუთარი ძალებით ვქმნიდით. მახსოვს სპექტაკლები – „ღამე ტყეში“, „ბაჭიას საცოლე“ და სხვები.
ჩვენი მშობლები ძალიან ხშირად დადიოდნენ თეატრებში და ზამთრის სეზონებზე, სასკოლო არდადეგების დროს, ყველა ერთ გუნდად მივყავდით თეატრში. ლოჟაში ყველას ცალკე გვსვამდნენ და ჩვენ ვესწრებოდით როგორც საბავშვო სპექტაკლებს, ასევე ოპერებს. მახსოვს, დედა მიყვებოდა, რომ რუბინშტეინის ოპერის [8] – „დემონის“ მოსმენის დროს პეტიამ ამოიღო ჯიბიდან ფანქარი და თავისთვის რაღაცის ხატვა დაიწყო. როგორც ჩანდა, იგი ძლიერ დაინტერესდა ოპერის გაფორმებით.
იმავე წლებში, როგორც დედა გვიყვებოდა, პეტია ზოგჯერ არ გაუშვებდა დედას თეატრში. აიძულებდა ტანსაცმლის გამოცვლას. იქამდე ტიროდა, სანამ დედა სამოსს მისი სურვილის მიხედვით არ გამოიცვლიდა. უნდა აღინიშნოს, რომ დედასაც და მამასაც დახვეწილი გემოვნება ჰქონდათ, მოხდენილად იცვამდნენ; ბინაც ლამაზად გვქონდა მოწყობილი; ისინი ტრიალებდნენ იმ დროის საუკეთესო ქართულ საზოგადოებაში.
1917 წლიდან, რევოლუციის წლებში, ჩვენს ოჯახს ძალიან გაუჭირდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 1918 წელს ლიოვაც და პეტიაც საცხოვრებლად მოათავსეს ქალაქგარეთ, საბავშვო სახლის ინტერნატში,[9]სადაც ბავშვები სწავლობდნენ კიდეც. ხატვის მასწავლებელმა ქალმა პეტიას ნახატებს ყურადღება მიაქცია და მონდომებით ადევნებდა მას თვალყურს. ერთხელ მასწავლებელმა მოაწყო თვითშემოქმედების საღამო და პეტიამ ქაღალდისა და მუყაოსგან დახატა და თვითონ შექმნა სპექტაკლი „კონკია“. ქაღალდის ფიგურებს გადააადგილებდნენ მსახიობი ბავშვები დეკლამაციის თანხლებით (საქართველოს სათეატრო მუზეუმში დაცულია ჩემს მიერ შენახული ამ სპექტაკლის ერთ ერთი პერსონაჟი). [10]
1920 წელს დიდი გარჯის შედეგად მშობლებმა შეძლეს საქართველოში ჩამოსვლა. 1920 წლის სექტემბრის თვეში ჩვენი ოჯახი უკვე თბილისში იმყოფებოდა.
გადმოსვლის შემდეგ, მალევე, ჩვენი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და ჩვენ, ოთხივე, დავრჩით მეტად ხანში შესული მამის ანაბარად. 1923 წელს მამა საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდა, სადაც ჩვენ ჩვენს საკუთარ სახლში დავბინავდით. ქუთაისში ყოფნისას პეტია და ლიოვა ქართულ სკოლაში სწავლობდნენ და მალევე პეტიამ სწავლა დაიწყო სამხატვრო სკოლაში – პედაგოგ ჭეიშვილის ხელმძღვანელობით (პედაგოგ ჭეიშვილის მოგონებები ინახება საქართველოს სათეატრო მუზეუმში).[11]
აქ პირველად ხატვაში მეცადინეობებმა მიიღო სისტემატური ხასიათი. მეგობრებს ძალიან უყვარდათ პეტია და მეტად აფასებდნენ მასთან მეგობრობას. მისი ხასიათი, ასე თუ ისე, ჩამოყალიბდა და სკოლაში პეტრე იყო გულღია, მხიარული და ენამახვილი ბიჭუნა (მისი თანატოლები იყვნენ სერგო ჭელიძე,[12]გოგუცა კუპრაშვილი[13] და სხვ.).
სკოლის დამთავრების შემდეგ, 1925 წელს, მე და მამამ შესაძლებლად მივიჩნიეთ, პეტრე აკადემიაში გაგვეგზავნა მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად.
მამას დაჟინებით მან არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ უფრო მეტად იგი ფერწერით იყო დაკავებული. მას მეტად მომჭირნედ უწევდა ცხოვრება და ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობდით, რომ დავხმარებოდით. მე მეტად გაცხოველებული მიწერ-მოწერა მქონდა მასთან. მას მხოლოდ ჩემთვის, და სხვა არავისთვის, შეეძლო მოეწერა, თუ რა აწუხებდა ყველაზე მეტად (მამა ძალიან ხანდაზმული იყო, დედა კი მოსკოვში ცხოვრობდა). მე ზუსტად არ ვიცი, თუ როგორ მოხვდა პეტრე თეატრალურ საზოგადოებაში. მისი პირველი სპექტაკლი იყო ლუნაჩარსკის პიესა – „ცეცხლის გამჩაღებლები“, რომელიც დაიდგა მუშათა თეატრში (მარჯანიშვილის თეატრის შენობაში). ამ სპექტაკლში მონაწილეობდნენ მედეა ქორელი,[14] ვალიჩკა გვინჩიძე,[15] და ელენე დონაური.[16] ამ მიზეზის გამო წარმოდგენას კ. მარჯანიშვილი დაესწრო. როგორც ჩანს, კ.მარჯანიშვილს [17] სპექტაკლის გაფორმება იმდენად მოეწონა, რომ მან გამოიყვანა პეტრე სამხატვრო აკადემიიდან და დანიშნა იგი იმ თეატრის მთავარ მხატვრად, რომელიც ქუთაისში დაფუძნდა.[18]
მე-9 გვერდის უკან, თავისუფალ არეზე, ფრჩხილებში ფანქრით მიუწერია – „რაც შეეხება პეტიას პირველ დადგმას მუშათა თეატრში, ამის შესახებ ცალკე მოგწერთ თბილისიდან. ყველაფერს მედეასგან შევიტყობ“.
***
წერილებს ნინასადმი მუდამ თან გასდევს პეტრე ოცხელის საოცრად ფაქიზი სიყვარული დისადმი. ერთ-ერთი მათგანიც ასე სრულდება – „კიდევ ერთხელ ვამტკიცებ, რომ შენზე საძაგელი ადამიანი არ შემხვედრია თეატრშიც კი, ჩემო ძვირფასო ნინკა, ამას გახსენებ სხვათა შორის, რომ არ დაგავიწყდეს.
გკოცნი, პეტია“.
ეს წერილიც იმისთვისაა, სიკვდილის პირისპირ მარტო დარჩენილი 30 წლის ბიჭი რომ არასდროს დაგვავიწყდეს…
დასასრული შემდეგ ნომერში
[1]. კევლიშვილი, გამოფენა ქუთაისში, N 17, 1963.
[2] იქვე
[3] ოცხელი, წერილი, თეატრის მუზეუმი.1962, ფ-1, ს-436.
[4] პეტია – პეტრე ოცხელი.
[5] მარინა- ნინო ოცხელის ქალიშვილი.
[6] იგულისხმება 1962 წ. ოქტომბერში ჩატარებული კოტე მარჯანიშვილის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.
[7]. ლარისა ქუთათელაძე (1902-19 ? ) მუსიკოსი, პედაგოგი, 2015, გვ.49.
[8] რუბინშტეინი, ოპერა „დემონი“, 2024, URL.
[9] სკოლა-ინტერნატი – სახელმწიფოს ხარჯზე არსებული დახურული ტიპის სასწავლებელი, საერთო საცხოვრებლით.
[10] ოცხელი, კონკია. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი. დ-1582/36 .
[11] ჭეიშვილი, მოგონება-დახასიათება, თეატრის,მუსიკის,კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი. 1958, 2 გვ.
[12] სერგო ჭელიძე ( 1908 – 1977) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1968)
[13] ნინო (გოგუცა) კუპრაშვილი(1908- 1983) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1955). საქართველოს სახალხო არტისტი.
[14]. მედეა ქორელი (1906-1976) მსახიობი. 1946 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი.
[15]. ივანე გვინჩიძე (1909-1974) თეატრისა და კინოს მსახიობი. 1945 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
[16]. ელენე დონაური (ვაჩნაძე1890-1955) დრამატული თეატრის მსახიობი, რეჟისორ კ.მარჯანიშვილის მეუღლე.
[17] რუსთაველის თეატრიდან წამოსვლის შემდეგ კოტე მარჯანიშვილი 1926-1928წ. მუშაობას იწყებს ბაქოდან(БТР) გადმოსული თეატრის, ვლადიმერ შვეიცერის (პესიმისტის) დაარსებულ მუშათა თეატრში, რუსული სექტორის მიწვეულ რეჟისორად. (В.Ладогин, «Тифлисский рабочий театр»,1929). კოტე მარჯანიშვილთან ერთად რუსთაველის თეატრი დატოვეს მისმა თანამოაზრე ახალგაზრდა მსახიობთა გუნდმა, რომლებმაც შეავსეს მუშათა თეატრის( თმთ-იგივე წითელი თეატრი ) ქართული სექტორის დასი. მარჯანიშვილი ხშირად ესწრებოდა დასის რეპეტიციებს და შესაბამის რჩევებსაც აძლევდა ახალგაზრდებს. ხოლო 1928 წ. მთელი დასი მარჯანიშვილთან ერთად გადავიდა ქუთაისის II დრამატულ თეატრში. ქართული დასი დაიშალა. რუსულმა დასმა კი 1930 გააგრძელა არსებობა.
სრულად: II ნაწილი